ავტორი:
დეკანოზი პ. ხელიძე
თემა:
მოთმინება
ქრისტეს მიერ საყვარელნო დანო და ძმანო, მოთმინებას რომ ზნეობრივ ჩვენს ცხოვრებაში, განსაკუთრებით ჭირთა
ქრისტეს მიერ საყვარელნო დანო და ძმანო, მოთმინებას რომ ზნეობრივ ჩვენს ცხოვრებაში, განსაკუთრებით ჭირთა შინა ყოფნის დროს, დიადი მნიშვნელობა აქვს, ამაზე ჩვენ მიერ დღეს მოსმენილი სამოციქულო მეტყველებს, რომელიც ამბობს: ვიქადითცა ჭირთა შინა, უწყით, რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს, მოთმინება გამოცდილებასა, გამოცდილება სასოებასა: სასოება კი უფლისა არა შეარცხვინეს, როგორც ღვთის სიყვარულის გულთა შინა ჩვენთა სული წმიდითა მოფენა, რომელი იგი მოცემულ არს ჩვენდა (რომ. 5, 3-5).
ცოდვებთან ბრძოლაში და ჭირთა გადატანაში რომ ქრისტეანს მოთმინება ესაჭიროება, ეს ცხადია, მაგრამ ის რა გამოცდილებაა, რომელიც მოთმინებით მოიპოვება? ჰოი, ეს ისეთი დიდი გამოცდილებაა, ურომლისოდაც შეუძლებელია ზნეობრივი წარმატება. ა) ავიღოთ, მაგალითად, ჯერ ზნეობრივი ჩვევა: ჩვენ რომ თავისთავადი დაბრკოლებასთან ბრძოლას შევაჩვიოთ, ეს ჩვენთვის ერთბაშად მეტად სამძიმო და აუტანელია. ამიტომ გვიხდება მალე ხელის აშვება და საქმის მიტოვება. ამის გამო მოუთმენელი კაცი შრომას იწყებს, მაგარამ ვერ ამთავრებს. აქიდან, რა თქმა უნდა, ის ვერ5 ასწრებს ვერც დაწყებული შრომის გაცნობას, ვერც საკუთარი ძალის გამოცდას, და ვერც იმ დიდ სულიერ დატკბობას, რომელსაც ჩვენი სულიერი შინა “მე” განიცდის, როდესაც დაბრკოლებათა გადალახვის ბრძოლაში გამაგრდება. რაც შეეხება ზნეობრივ წარმატებას ჩვენი სულიერი ძალების განვითარებაში, ყოველივე ეს მოუთმენლისათვის სრულიად მიუწვდომელია. მაგალითად ბრძოლა სხვადასხვა საცთურის წინააღმდეგ? მოუთმენელი ადამიანი, თუ მას საცთური წარმოუდგება, რომელიც მისგან მოითხოვს მცნებათა აღსრულებიდან გადახვევას, სახელდობრ, ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე სიარულიდან არიდებას, დათმენას, უბიწოებას, სიმშვიდეს, სითავმდაბლეს, იგი მოთმინებას მიუჩვეველი, ადვილად ეთმობა მსგავს განცდებს, სუსტდება და სულიერად ეცემა. მას ვერ გადააქვს გასაჭირი, სივიწროვე, ხელმოკლეობა, იგი სასოწარკვეთილებას ეძლევა, ივიწყებს განგებულების ღმერთს, და თავის თავს დაღუპულად თვლის. ამასობაში, ქრისტეანი, მოთმინებაში გამოცდილ-გამობრძმედილი, მით უფრო მხნევდება ღვაწლმოსილებაში, რამდენადაც მეტი დაბრკოლება და საშიშროება იყრის თავს მის წინაშე. ის ამბობს მოციქულ პავლესთან ერთად: ყოველივეს ვძლევ ჩემი გამამაგრებელი იესო ქრისტესით.
|