ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მამაო ჩვენო
„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა“ – ვის უწოდებთ ჩვენ, ძმანო, მამად ამ სიტყვებში? უწოდებთ ღმერთსა, რომელი არს ცათა შინა და ყოველსა ქვეყანასა ზედა. რისთვის უწოდებთ ჩვენ ღმერთსა მამად? ვინ მოგვცა ჩვენ ისრედი კადნიერება, რომ მამად უწოდოთ ღმერთსა? ღმერთი არის ყოვლად შემძლებელი და ყოველთა უმაღლესი, კაცი არის მიწა და ნაცარი; მაშასადამე, ვინ მოგვცა ესრედი ღირსება, რომ ღმერთს უწოდებთ მამად? ეს ღირსება მოგვცა ჩვენ ძემან ღვთისამან, უფალმა იესო ქრისტემან. რა სახით? ესრედ, რომელ იგი იყო ძე ღვთისა და მერმედ იშვა კაცად, მიიღო ჩვენი სისხლი და ხორცი, და კაცის ბუნება შეუერთა ღვთის ბუნებასა. ვინც მოინათლება, იგი შეიქმნება იესო ქრისტეს ძმად და მას მიეცემა უფლება, რომ ღმერთს უწოდოს თავის მამა. აჰა, ძმანო, რა დიდი წყალობა და ღირსება მოგვცა ჩვენ უფალმან იესო ქრისტემან. მან გაგვხადა ჩვენ ძედ ღვთისად.