ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მამაო ჩვენო
რას ნიშნავს, ძმანო ჩემნო საყვარელნო ეს სიტყვა: „მოვედინ სუფევა შენი?“ სუფევა ღვთისა არის ორგვარი: ერთი ხილული, მეორე უხილავი. ხილული სუფევა ღვთისა არის ყოველი ბუნება, ცა და ქვეყანა. ღმერთმან შექმნა ყოველი, რასაც აწ ჩვენ ვხედავთ და ღმერთი მართავს ყოველსა. უხილავი სუფევა ღვთისა მდგომარეობს კაცის აზრში, გრძნობაში, გულისთქმაში და ყოფა–ქცევაში. სუფევა ღვთისა მოვა და იქმნება ჩვენ შორის მაშინ, ოდესცა ჩვენ ვსცხოვრობთ სიწმიდით, მყუდროებით და სიყვარულით. მაშასადამე, როდესაც ჩვენ ვამბობთ: მოვედინ სუფევა შენი, ამით ჩვენ გამოვითხოვთ ღვთისაგან, რათა განმართოს და განსწმინდოს ცხოვრება ჩვენი, ესრედ რომელ, ვინც შეხედავს ჩვენს კეთილს ცხოვრებასა, სთქვას: სწორედ მათ შორის ღმერთი არის, სწორედ ღმერთი სუფევს იმათ გულში.