წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: აღსარება

საკმაო არ არის, რომ კაცმა მარტო თვითონ თავისი სულიერი მდგომარეობა გამოიკვლიოს, არამედ ისიც საჭიროა,

საკმაო არ არის, რომ კაცმა მარტო თვითონ თავისი სულიერი მდგომარეობა გამოიკვლიოს, არამედ ისიც საჭიროა, რომ მან სხვას ვისმეს აღუაროს თავისი ცოდვა; „იტყოდე შენ ცოდვათა შენთა პირველად, რათა განმართლდე“ (ისაია 43, 26). რაც გინდა გონიერი იყოს კაცი და პირუთვნელი, თვითონ სიმართლით ვერ ასწონის თვისსა სიცოდვესა და უღირსებას. ყოველი კაცი თავის მოყვარეა, თავის თავს ეფერება და ადვილად შეუნდობს თვისთა ცოდვათა. ამისთვის საჭირო არის, რომ მან ვინმე მასზედ უფრო გამოცდილი და პირუთვნელი კაცი მოიხმაროს ამ საქმეში. გარდა ამისა, ცოდვის აღსარებას აქვს ის განსხვავებული მოქმედება, რომ მით კაცი თავის ცოდვას შიგნიდგან გარე გამოიყვანს და მით თავის სულიერს მდგომარეობას დაინახავს, ვითარცა სარკეში. ცოდვა ემზგავსება ეკალს, რომელიც შეერჭო კაცს ხორცში. სანამ ეკალს ხორციდან არ გამოიღებს, მისი წყლული არ მორჩება; მზგავსადვე, თუ კაცმა არ წარმოსთქვა აღსარებაში ცოდვა და მით იგი, ესრედ ვსთქვათ, არ გამოაგდო, არ უარჰყო, მაშასადამე, იგი მის გულში დარჩება სავნებელად მისდა. უბრალო ერის კაცსაც რომ აღუარო შენი ცოდვა და რჩევა ითხოვო, მაშინაც მიიღებ რამე სარგებლობას; კიდეც გვირჩევს წმინდა მოციქული, რომ აღუარებდეთ ერთმანეთს ცოდვებსა ჩვენსა. პირველ საუკუნეებში კიდეც იყო ჩვეულება, რომ ქრისტიანენი თვით ეკლესიაში ხმამაღლა აღიარებდნენ თავიანთ ცოდვათა წინაშე შეკრებილთა ქრისტიანეთა, და ითხოვდნენ შენდობასა.
 
თემატური კითხვები
0