წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე) - სრულყოფილება
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

თემა: სრულყოფილება

უმთავრესი განსხვავება კაცისა პირუტყვთაგან ის არის, რომ პირუტყვნი დასაბამიდგან აქამომდე ერთ მდგომარეობაში არიან. თუმცა, პირუტყვსა აქვს ცოტაოდენი გაგება, მიხთომა, მაგრამ მათი ჭკუა და მიხთომა არ იზრდება, ერთნაირად არის. თუმც, ამათაც აქვს რამე ზნე, მაგრამ მათი ზნე ერთ საზღვარშია, ვერ გაუმჯობესდება, წინ ვერ წავა. კაცი სულ სხვანაირად შჰქმნა ღმერთმა. კაცი მარადის წინ მიდის ჭკუით, გონებით, ზნეობით, ყოფა–ქცევით; ერთი სიტყვით, კაცს აქვს დაუსრულებელი მისწრაფება უმჯობესისადმი. გარნა, უზრუნველი, დაუდევნელი კაცი სცხოვრობს მხოლოდ დღევანდელი დღისათვის, მომავალი მისთვის არ არსებობს, იგი დაკმაყოფილებულია დღევანდელი დღის მცირე რამე ლხინით და სიხრულით. რა საჭიროა მისთვის მაინცდამაინც გაამდიდროს თვისი ჭკუა და გონება მეცნიერებით და გონების ამაღლებით? მისი ბენდიერება მდგომარეობს დღევანდელს რამე მცირე ნუგეშში, მცირესა რამე კმაყოფილებასა. შინა. მაცხოვარმა გვიბრძანა: „იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეცირი“. აი, რა დაუსრულებელი და ამაღლებული მიზანი გვიჩვენა ჩვენ მაცხოვარმან. ათასი წელიწადი რომ იცხოვრო ქვეყანაზე და დღე და ღამე რომ ეცადო, მაშინაც ვერ მიაღწევ ამ მიზანს; და დაუდევნელი კაცი არ ჰფიქრობს, რომ მოკლეა ცხოვრება ჩვენი, ხოლო დიდ არს და საშინელ და მძიმე მიზანი იგი, რომლისა მიმართ მიმდინარეობს ყოველი გონიერი კაცი წუთსა ამას ცხოვრებასა შინა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები