ავტორი:
ამბროსი ნეკრესელი
თემა:
საქართველო
არავინა ვართ დღეს საქართველოში მყოფნი, რომ არ ვიცოდეთ საქართევლოს დასჯა. და არც ასეთი ვინმე ვართ,
არავინა ვართ დღეს საქართველოში მყოფნი, რომ არ ვიცოდეთ საქართევლოს დასჯა. და არც ასეთი ვინმე ვართ, რომ ცოდვიდამ ხელს ვიღებდეთ. ღვთის სიმართლისაგან დასჯილნი, წმინდათ წერილისაგან მხილებული და სვინიდისისაგან შეჭმული ყველანი ყველას ვამყტუნებთ და თვითონ კი უფრო მცოდველნი ვართ. და ვაი სიბრმესა და დაბნელებასა ულხინებელსა, რომ ყველანი მცოდველნი ვართ და ცოდვიდამ ხელს არ ვიღებთ. ნისლისავით შესქალებული ცოდვა ყველას თვალთ წინ გვიდგა, სიმაღლით ღვთის წინ აღმავალი და ჩვენი აღოხრების შემასმენელი და გულის ხმად არავინ მომავალთ ცოდვისაგან დამბრმალნი. ვერც ნიადაგმან ქვეყნის დასჯამ მოგვაგო შეგნებასა, ვერც ანასდმა წარმტაცებელმა სიკვდილმა გაგვაცნო ღვთის გულისწყრომა... და რად ვემსგავსებით უგულისხმო ფარისეველთა და უღვთოთ ურიათ მწიგნობართა, რომელთაც რომ იცოდეს ღმერთი და უარყოფდეს ნებსით გამდგარნი და ღვთის მგმობელობით გაუღთოებულნი? არავინა ვართ, რომ მოვეგნეთ გონებასა და განა არაც ჩვენს სიკვდილში გვაქვს ახილვა. და თურმე მართალი ყოფილა სულით წინასწარვე თქმული: "არა არს ახილვა სიკუდილსა შინა მათსა. ყოველთავე ერთბამად მიაქციეს. არავინ არს გულისხმისმყოფელ, არავინ არს მიერთამდე გამომაძიებელ ღვთისა". სიკვდილი სყვარელთა, აღოხრება მეცნიერთა და მეგობართა, საშინელი ქარიშხალი, ნაყოფთა აღმაოხრებელი, წამტყვევნა თემთა და საოფლებისა არღარად შეგვჭირან. და რატომა? ცოდვამ დაგვაბნელა, უღმრთოებამა და უსჯულოებამ დაგვაბრმო, საძაგლებამ და გარყვნილებამ მიგვიღო გონებაცა და ცნობაცა და აღარავინა ვართ, რომ მოვეგნეთ გულისხმასა, ერთმანეთის შურით შეჭმალნი და აღარ კეთილობის მცნობელნი. მოაკლდა წმინდა, შემცირდეს ჭეშმარიტებანი ძეთა კაცთაგან. მეუდაბნოენო, ანგარებით შეჭმალი, რომელნიც რომ მთელთ თემებს ხელიდამ იტაცებენ, უღვთონი და უსვინდისონი, მმარხველად სახელდებულნი, გარყვნილნი და ანგარებით განკაფულნი, ყოვლის თემის დაპყრობას ჰლამიანფიცნი ცოფნი და უსჯულონი. და სამღვდელოში რომ მივიხედოთ, დაჰყმიათ ენა და შეჰკერიათ პირი შეშინებულთა და გაფაციცებულთა. მთავართა და დიდთა აღარ მოეხსენებისთ შიში ღვთისა, გოგო-ბიჭები და დედამძუძენი ქვეყანას არიგებენ, მთავრობენ და იდიდებიან უცებნი და ცუდნი. გაირყვნა სიმართლე, გაცუდდა ჭეშმარიტება. აღოხრდა სამართალი. და ვაი უუკანასკნელსა ამას დასჯასა! შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო, გარდამატებულითა შენითა სიტკბოებითა და მოგვეც გუოლისხმა შეცოდებათა შინა ჩვენთა. და ნუ დამსჯი ჩვენ სამართლად ღირსთა გულისწყრომისა შენისათა. ამინ.
|