ავტორი:
ამბროსი ნეკრესელი
თემა:
კეთილი საქმეები
და აქ არის ორი საქმე საჭიროდ დადებული ღვთისაგანაცა და ყოველთ წმიდათაგანაცა, და მერმე მართლმადიდებელთ
და აქ არის ორი საქმე საჭიროდ დადებული ღვთისაგანაცა და ყოველთ წმიდათაგანაცა, და მერმე მართლმადიდებელთ ეკლესიისაგანაცა კაცის საცხოვნებლათა. ჯერ პირველად მართლის სარწმუნოების ქონება ღვთისაი მიმართ, რომ სწორედ სწამდეს სიტყვიერს კაცსა და გონიერებით ღვთის ხატებასა და მსგავსებასა ერთი ღმერთი სამებით აღსარებული და ქადაგებული. და რომ მარტო სარწმუნოება უკეთილსაქმოდ ვერ აცხოვნებს კაცსა. ამიტომ არის ახალს მადლში პირველის ეპისკოპოსისაანა თქმული, რომელიც რომ თვით ძემ ღვთისაიმ იერუსალიმის ეპისკოპოსად ხელი დაასხა თავისს ძმას იაკობს: "ძმანო, სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკვდარ არს". და რომ გამოვიკითხოთ გონებიანის გზითა, რატომ უნდა იყოს მართალი სარწმუნოება, ღვთისა მიმართ ქონებული, მკვდარი? ისევ მოციქული გვაძლევს პასუხსა: "ძმანო ჩემნო საყვარელნო, უკეთუ ძმა, გინა დაი შიშველ იყვნენ და ნაკლულევან მდღევარისა საზრდელისა, რა რქვას ვინმე მათ თქვენგანმან, წარვედ მშვიდობით, განძეღით და განტფით, და არარა სცეთ სახმარი ხორცთა, რა სარგებელ არს მათდა? ეგრეთცა სარწმუნოება, უკეთუ არა აქვნდეს საქმენი, მკვდარ არიან მისნი". არამედ თქვას თუ ვინმე, შენ სარწმუნოება გაქვს და მე საქმენი მქონან. მაჩვენე მე სარწმუნოება შენი საქმეთაგან შენთა და მე გიჩვენო შენ საქმეთაგან ჩემთა სარწმუნოება ჩემი. შენ გრწამს, ერთ არს ღმერთი. კეთილად იქმ. და ეშმაკთაცა ჰსწამთ და ძრწიან მისგან.
|