ვიდრე საშინელი სამსჯავროს არსზე ვისაუბრებდე, მინდა მოგახსენოთ, რომ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ,

ვიდრე საშინელი სამსჯავროს არსზე ვისაუბრებდე, მინდა მოგახსენოთ, რომ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, სულთა საიქიოში მდგომარეობის შესახებ, ქრისტიანულ დოგმატიკაში ჩამოყალიბებული აზრის გარდა, თანაარსებობს რამდენიმე, არსებითად უმნიშვნელოდ განსხვავებული შეხედულებაც.
    აღმოსავლეთის პატრიარქთა ერთ-ერთი ეპისტოლეს მიხედვით, მიცვალებულთა სულები ან ნეტარებაში არიან, ან იტანჯებიან თავიანთი საქმეების შესატყვისად. ხორციდან განსვლისთანავე სულები განიცდიან ან ნეტარებას, ან მწუხარებას და ტანჯვას, მაგრამ ისინი არ იმყოფებიან არც სრულ ნეტარებაში და არც სრულ ტანჯვაში. რამეთუ სრული ნეტარება, ან სრული სატანჯველი ყოველ მათგანს მიეცემა საყოველთაო საშინელი სამსჯავროს დადგომის ჟამს, როცა სული შეუერთდება ხორცს, რომელშიც იგი ან სიკეთით, ან უკეთურებით ცხოვრობდა. ამრიგად, გარდაცვალებიდან მეორედ მოსვლამდე, საშინელ სამსჯავრომდე, მიცვალებულთა სულები იმყოფებიან საბოლოო განკითხვის მოლოდინის მდგომარეობაში. აქვე მინდა შევნიშნო, რომ განკითხვის ჟამს, როცა მიცვალებულნი აღდგებიან, მათი სულები კვლავ შეურთდებიან ხორცს. ამ საკითხზე საუბრის წინ სასურველი იქნება გავიხსენოთ პავლე მოციქულის ეპისტოლე კორინთელთა მიმართ. პავლე მოციქული სვამს კითხვას, თუ როგორ აღდგებიან მკვდრები, ან რომელი სხეულით მოვლენ ისინი და იქვე პასუხობს: "უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა. და როცა თესავ, მომავალ სხეულს კი არ თესავ, არამედ შიშველ მარცვალს... მაგრამ ღმერთი აძლევს მას სხეულს... თითოეულ თესლს - თავის სხეულს. ყოველი ხორცი ერთიდა იგივე ხორცი როდია; არამედ სხვაა ხორცი კაცთა, სხვაა - პირუტყვთა ხორცი, სხვა - თევზებისა, სხვა - ფრინველების. არიან სხეულნი ზეციერნი და სხეულნი მიწიერნი, მაგრამ სხვაა ზეციერთა დიდება და სხვა - მიწიერთა. სხვაა დიდება მთვარისა, სხვაა - ვარსკვლავების; და ვარსკვლავი ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით. ასევეა მკვდართა აღდგომისასაც: ითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში; ითესება დამცირებაში, აღდგება დიდებაში; ითესება უძლურებაში, აღდგება ძლიერებაში; ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი. არის სხეული მშვინვიერი, და არის სხეული სულიერი... მაგრამ პირველად არა სულიერი, არამედ მშვინვიერი; შემდეგ კი სულიერი. პირველი კაცი - მიწისაგან, მიწიერი; მეორე კაცი - ზეციერი... და როგორც ვატარეთ მიწიერის ხატი, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატსაც. მაგრამ გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელებას. აჰა, დაიმკვიდრებს უხრწნელებას. აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით; ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როდესაც დაიგრგვინებს უკანასკნელი საყვირი; რადგანაც დაიგრგვინებს, და მკვდარნი აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით. რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელება, და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება. ხოლო როდესაც ეს ხრწნადი შეიმოსავს უკვდავებას, მაშინ აღსრულდება სიტყვა დაწერილი: დაინთქა სიკვდილი ძლევით". (1 კორ. 15, 35-54)
 
0