ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ქორწინება
770. რას ნიშნავს წმ. პავლე მოციქულის სიტყვები, ქორწინების შესახებ: „საიდუმლო ესე დიდი არს“ (ეფეს. 5.32)?
რატომ არის საიდუმლო ესე დიდი? იმიტომ, რომ ქალწული, რომელიც სულ სახლში ზის და არასოდეს უნახავს საქმრო, პირველი დღიდან ისე ეჩვევა და უყვარდება იგი, როგორც საკუთარი სხეული. ასევე ქმარსაც, რომელსაც მანამდე არც უნახავს და არც დალაპარაკებია თავის საცოლეს, ის ურჩევნია ყველას – მეგობრებს, ნათესავებსა და თვით მშობლებსაც კი. მშობლებიც, თუ რაიმე სხვა შემთხვევისათვის ართმევენ ფულს, დრტვინავენ, შფოთავენ, ჩივიან და სასამართლოს გადასცემენ დამნაშავეს. ახლა კი კაცს, ხშირად ისეთს, ადრე რომ თვალითაც არ უნახავთ, აბარებენ თავიანთ ქალიშვილსაც და მდიდრულ მზითევსაც ატანენ, თანაც ამას სიხარულით სჩადიან და არც დაზარალებულად გრძნობენ თავს. საყვარელი ქალიშვილი და მასთან ერთად დიდი სიმდიდრე სახლიდან მიდის, ისინი კი არც დრტვინავენ, არც იტანჯებიან, პირიქით, მადლობელნიც არიან ბედის. პავლე გვიჩვენებს ყოველივე ამას – ანუ, თუ როგორ ტოვებს ორივე თავის მშობლებს... და ეს ახალი კავშირი ძველ ჩვევაზე უფრო მყარია და რომ კაცმა კი არა, თვით ღმერთმა ჩაგვიდო ასეთი სიყვარული და ისე განაგო, რომ ამას სიხარულით იქმან მშობლებიცა და შვილებიც. და ამიტომაც ამბობს: „საიდუმლო ესე დიდ არს“.