ავტორი:
ამბროსი ნეკრესელი
თემა:
ქრისტიანობა
ვიტყვით, ქრისტიანენი ვართო და, აბა, ჩვენში რამდენმა ვიცით, თუ როგორ უნდა თქმა, რომ ქრისტე არის
ვიტყვით, ქრისტიანენი ვართო და, აბა, ჩვენში რამდენმა ვიცით, თუ როგორ უნდა თქმა, რომ ქრისტე არის ღმერთი სრული და კაცი სრული. ღმერთი - არა შიშველი და კაცი - არა ლიტონი. და რომ აღვიარებთ: ქრისტე არს უფალი ღმერთი ჩემი, ჩემის ცხოვრებისათვის განკაცებული, ჩემის განღმრთობისათვის ჯვარცმული და ჩემის ღმერთყოფისატვის აღდგომილი და დიდებით ზეცად ამაღლებული, რომელიც რომ ყოველს ჩემს ცოდვას მითმობს, უღირსებასა და უღირსად ნაქმარს უსჯულოებას აღმიხოცავს, ჟამიერად მაცოცხლებს და საუკუნოდ თავისთან ყოფნას მპირდება მარტოდ ამ ხმის თქმისათვის, რომ "ქრისტეანი ვარო!" და სარწმუნოდ მიიღევით, თუ ქრისტეანეს კაცს გულითა სწამს და პირით აღიარებს მთელს თავის სიცოცხლეში და ამ აღსარებით სიკუდილიც ეღირსა, ჭეშმარიტად ცხოვნებული არის, თუმცაღა ბევრიც რამ სიკეთე და სათნოებაც აკლდეს, ამ ხმის ჭეშმარიტებითა: "ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა". და ვისაც ქრისტე აღიარებს თავის მოსახელედ, უეჩველად ცხვნდების როგორც ანგელოზი ღვთისა, წმიდა და უცოდველი, ამისთვინ, რომ ღმერთს ტყუილის თქმა არასდროს არ შეუძლიან. და ასეც იტყვის კაცი გულითადი ღმრთისა დავით: "არა ცოდვათა ჩვენთაებრ მიყო ჩვენ, არცა უსჯულოებათაებრ ჩვენთა მომაგო ჩვენ." და მერმე ზეცით გამოჩენილი დიდი ბასილი გვაჯერებს: "კაცნო, - გვიბრძანებს, - როგორც ერთი დიდი კოდი ფინთი ზღვას ვერ ააყროლებს, ისე ეგ შენი ცოდვები ღმერთს ვერ გაამწარებსო და არცა განარისხებსო. ოღონდ გულით გწამდესო ღმერთი და პირით აღიაროო, რომ ღმერთი შემწე შენდა არისო და უფალი შემწყნარებელ სულისა შენისა". და ამაში დიდი ღმრთისმეტყველი გრიგოლი გვამტკიცებს: "კაცო, ბევრს ხომ არასა გთხოვსო ღმერთი შენა. ოღონდ სულით ღმერთი გწამდესო, პირით ტყუვილს დაერიდეო და ხორციელად სიწმინდე შეიტკბეო და კმარაო შენთვის საცხოვნებლათა." და ამათს უწინ ღმერთი ეტყოდა დიდსა მღვდელსა ეზრას: ჩემი ერი ყრმანი არიანო და მე, მამამ, აბა რა ვუყოვო შეწყალების გარდა." და ჩვენ ამ ღვთის სიტყვის მინდობითა გვრწამს და უთუოდ გვჯერა, რომ ღმერთი ყველას აცხოვნებს, როგორც რომ დღეს ქრისტემ დაგვარწმუნა: "ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა. და რომელმან უარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უარვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა". და თუმცაღა ყოველი კეთილობა მოეგოს ვისმე სრულებითა და ქრისტეს კი არ აღიარებდეს პირითა და არცა სწამდეს გულითა, იმისი ცხოვნება არ იქნება, როგორც კაცის მკვლელის სატანისა, ღვთის მუხანათისა და ორგულისა. ამიტომ რომ, თუ ხარი კი იცნობს თავის მომგებელსა და ვირი თვისის მეპატრონის ბაგას მიადგება, კაცმა როგორ არ უნდა იცოდეს თავისის დამბადებელის ყოფნა და ის არა სწამდეს გულითა და პირით არ აღიარებდეს, რომ ღმერთი გვყავს დამბადებელი და შემოქმედი კაცთა და ქვეყანისა. კაცისა სიტყვიერებითა და გონიერებით მომრთმეველი და აღმამკობელი სიბრძნითა და მეცნიერებითა. და ყოველი სიტყვიერი მოკუდავი ნათელღებული მართლმადიდებელი ძნელად გასამეტებელი არის ღვთისაგან წასაწყმენდლათა.
|