არა არს სოფელსა ამას განსვენება, არცა კეთილი რამე მოუწყინარი, არცაღა გეხსოვნების, გუშინ რა კეთილი

არა არს სოფელსა ამას განსვენება, არცა კეთილი რამე მოუწყინარი, არცაღა გეხსოვნების, გუშინ რა კეთილი იხილე, ანუ ძოღან რა ბოროტი მოგეცა, და არცაღა იცი, ხვალე გინა მწუხრი რა ყოფად არს შენ ზედა. ვითარცა სიზმრისა წუხანდელისა ხსენება, ესრე არს სილანდელი საქმე შუადღე.
    ვინაითგან ესრეთ არს სოფელი ესე, საქმენი მისნი წარმავალ და ცუდ, რაისათვის დაემონები სოფელსა ამას და მოიძულებ სასუფეველსა? რა სარგებელ არს, უკეთუ პირველად სოფელმან ამან კეთილი გიყოს, მას საუკუნესა დასასჯელად სარგებელ არს, უკეთუ ყოველივე სოფელი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს? ანუ რა მისცეს კაცმან სახსრად სულისა თვისისათვის? რა სარგებელ არს, უკეთუ სოფელმან ამან ყოველივე საშვებელი მოგცეს და სასუფეველსა განგაშოროს და მწარითა სატანჯველითა იტანჯებოდე? არა სარგებელ არს სოფელი ესე მცირე ჟამ დღეყოველ ლხინთა გიმზადებდეს, და სმა-ჭამათა და სამოვაგეთა გიმრავლებდესდა მას საზარელსა ჯოჯოხეთსა შინა ენასა წყურვილით გიხმობდეს, პირს ვაებითა, ხახასა კვნესითა, კბილთა ღრჭენითა და მუცელსა შიმშილითა აღვივსებდეს? რა სარგებელ არს ესე წარმავალი სოფელი თვალთა სიხარულითა, ყურთა ქებათა, გულთა მლევანებითა, ცხვირთა სუნნელებითა და წარუვალსა საუკუნესა თვალთა სისხლისა ცრემლთა, ყურთა ეშმაკთა ყვედრებითა, ცხვირთა ძნელისა სიმყრალითა და გულთა შიშითა უთმინოითა აღგივსებდეს? რა სარგებელ არს აქა, თუ გვამნი სტვირითა მოსილნი, წელნი ზოსტერითა მორტყმულნი, ყელნი მანიაკითა, ხელნი ბეჭდითა პატიოსნითა, ფერხნი ოქროისა მოთვალულითა შეგიკვნეს და მას ძნელსა უფსკრულსა ჯოჯოხეთსა შინა სული ცეცხლითა შემწველითა, ხორც უძილისა მატლითა, წელნი ვეშაპითა მეხვეულნი, ყელნი ცეცხლ-გველებითა, ძუძუნი ასპიტ ჩამოკიდებულნი, ხელნი მხურვალე ჯაჭვითა, ფერხნი დაუხსნელის ხუნდითა, ძვალნი ტკივილითა საუკუნომდე გქონდეს? აქა სარკითა და მარმარილოითა ნაშენებთა სახლთა დაგსმიდეს და მუნ ტარტაროზთა შინა მარადის გტანჯვიდეს, აქა აბანოთა ვარდის წყლისაითა გაბანებდეს და მუნ კუპრთა მდუღარეთა და წუმწუბათა აღნთებულთა შინა დაინთქმოდე.
 
თემატური კითხვები
3