თემა: იესოს ლოცვა

ძმა ვინმე იოანე, ზღვისპირა ქვეყნიდან, სიწმიდით გამორჩეულ ერთ-ერთ დიდ მამასთან, ფილიმონთან მივიდა, ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა: "რა ვიღონო, მამაო, რომ ვცხონდე? ჩემი გონება ერთობა და აქეთ-იქით უმიზნოდ დაეხეტება." მცირედი დუმილის შემდეგ წმიდა მამამ უთხრა: "ეს სენი გარეგნულად მოღვაწეთა ხვედრია და შენშიც იმიტომაა, რომ ღვთის სრული სიყვარული არ გაქვს და ჯერ არ გიპოვია მისი შეცნობის და სიყვარულის სითბო. მიზეზი კი გარეგნულობაა." ძმამ ჰკითხა: "რა ვიღონო?" "წადი და გულში ფარული მოქმედება იქონიე. მას ძალუძს გაწმიდოს შენი გონება". ძმამ ვერ გაიგო ნათქვამი და კვლავ ჰკითხა: "რა არის ფარული მოქმედება?". "წადი, უპასუხა მან, ფხიზლად იდექი გულში გონებით, შიშით და თრთოლვით იმეორე: უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე! ამას ურჩევს დამწყებებს ნეტარი დიადოხოსი." წავიდა ძმა მისგან და ღვთის შეწევნითა და ბერის ლოცვით მდუმარებას შეუდგა და იგემა ასეთი ქმედების სიტკბოება; მაგრამ ეს მცირე ხანს გაგრძელდა, როგორც კი გზიდან გადაუხვია და ვეღარ შეძლო მისი ფხიზელი აღსრულება და ლოცვა, ისევ მივიდა ბერთან და უამბო, რაც შეემთხვა, მან კი უთხრა: "შენ მდუმარებისა და შინაგანი ქმედების გზით შეიტყვე და იგემე ლოცვის სიტკბოება. ასე რომ, დაიმახსოვრე: წამ თუ სვამ, ვინმესთან საუბრობ თუ სენაკის გარეთ ხარ ან გზაში, არ დაივიწყო, ფხიზელი აზრით და მოკრებილი გონებით აღავლინე ეს ლოცვა, იგალობე, ლოცულობდე და ფსალმუნებდე. აუცილებელი საჭიროების დროსაც კი შენი გონება ნუ იქნება უქმად, არამედ ფარულად იმოქმედოს და ილოცოს. ყოველთვის, ძილად მისვლის დროს, ასევე გაღვიძებისას, საკვების მიღების და სმის დორს, ან ვინმესთან საუბრისას, - გულში შეინარჩუნე ფარული და გონიერი ფსალმუნება და ლოცვა: უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე!"
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები