ჩემი დიდი ხნის ოცნებაა, სკოლაში იყოს ანალიტიკური აზროვნების კურსი, რათა მოზარდი თაობა ადრეული ასაკიდანვე მიეჩვიოს განსჯისა და სწორი ნაბიჯების გადადგმას.
ადამიანი ხედავს მხოლოდ სახეს კაცისას, ხოლო ღმერთი - გულს და სწორედ გულის სიმართლითა და სიწრფოებით განსჯის ყველას. შეიძლება კაცი, ერთი შეხედვით, კეთილ საქმეთ იქმოდეს, მაგრამ ამას ანგარება ედოს საფუძვლად, ხდება ისეც, რომ ზოგიერთის მიუღებელი ან გაუგებარი ქმედება სინამდვილეში უანგარო თავდადებიდან მომდინარეობს. ამიტომაც ჩვენს შეფასებებში შეიძლება შევცდეთ.
ადამიანი, რომელიც ადვილად არჩევს დახვავებულ, ფუჭ იდეებს ჭეშმარიტისაგან, სერიოზულს - არასერიოზულისაგან, რეალურს - არარეალურისაგან, უკვე ღრმა აზროვნების გზაზეა დამდგარი.
გაფაქიზებული მზერა ადვილად ამჩნევს საკუთარ ნაკლოვანებას
განმკითხველნი უფრო ხშირად ისინი არიან, რომელნიც შურის ტყვეობაში იმყოფებიან, ანდა საკუთარ თავს არ იცნობენ. თითოეული ჩვენგანი ხომ მონაა ცოდვისა. გაფაქიზებული მზერა ადვილად ამჩნევს საკუთარი შინაგანი სამყაროს ნაკლოვანებას და ეს ათავისუფლებს მას სხვათა განსჯისაგან.
უპირველეს ამოცანად ასევე მიგვაჩნია, როგორც საშუალო, ისე უმაღლესი სასწავლებლებისთვის ღრმა აზროვნების კურსის შედგენა. გულის კარნახს, რომელიც ჩვენს ხალხში ხშირად ბატონობს გონების განსჯაზე, ხშირად მივყავართ გაუთვალისწინებელ და მძიმე შედეგებამდე.
უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის გარედან შეხედვა, ჩვენი ქმედებების სხვისი თვალით შეფასება და ობიექტური განსჯა. ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენი სწორი სულიერი ხედვისთვის.