წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
რომ შეგეძლოს, ძმაო, განხილვა გულისა და სულისა შენისა, რაოდენსა ცოდვასა, რა გვარსა უწმინდურებასა და რავდენ მყრალას ტალახსა ნახავ შენ შორის. არა თუ გაამტყუნებ, არმედ კიდეც მოიძულებ თავსა შენსა, თუ შეგეძლოს ერთის მხრით გაშინჯვა შენთა ცუდთა თვისებათა და მიდრეკილებათა და მეორეს მხრით წარმოდგენა იმ სიწმინდისა და სათნოებისა, რომელსა ღმერთი ითხოვს შენგან.
ქრისტიანე, მსურველი შემდგომად ქრისტეს სვლისა, ისე ფიცხელად და უწყალოდ უნდა ეპყრობოდეს თავის თავს, როგორც მტერი ეპყრობა მტერსა. მტერი რომ დაიწყებს თავის მტრის მოქმედების განხილვასა, არა თუ დამალავს მისსა ცოდვასა და ნაკლულევანებასა, არამედ ცდილობს, რომ დაუმატოს და გაადიდოს იგი. სწორეთ ამ სახით ექცევა ჭეშმარიტი ქრისტიანე სულსა თვისსა. თუ კეთილი და სათნო რაიმე ჰქმნა, ეს მან აღასრულა ღვთის მადლითა და შეწევნითა და არა თვისითა ძალითა. თავის ძალით მას არაფერი კეთილი არ შეუძლია; თავის გულში იგი არაფერს არ ხედავს, თვინიერ ცოდვისა და უღირსებისა
ქრისტიანულსა თავის დაწუნებას და თავის უარიყოფას დიდი განსხვავება აქვს ხორციელისა ანუ სოფლიურის თავის უარის ყოფისაგან. შეიძლება და ხშირად მოხდება, რომ სოფლის საქმეში, ამ ქვეყნის ცხოვრებაში კაცმა თავი გამოიმეტოს მხოლოდ სოფლიური ანგარიშისათვის, მოგებისათვის; მაგალითებრ, ვაჭარი კაცი არ ზოგავს თავის თავს სიმდიდრისა და მოგებისათვის. გარნა ქრისტიანე არა სოფლიური ანგარიშით იქმნება თავის თავის უარის მყოფელი.
უმაღლესი ხარისხი უგუნურებისა ის არის, როდესაც კაცს არა თუ მხოლოდ ის მოსწონს, რაც მის შორის არის კარგი და მოსაწონი (გონიერი კაცი ამასაც არ იქმს), არამედ ისიც მოსწონს, რაც არის მის შორის ცუდი, მავნებელი და სასირცხო. ძნელად დაიჯერებს ამას კაცი, გარნა გამოცდილება ამტკიცებს, რომელ ზოგიერთ კაცს სწორედ თვისი უგუნურება მოსწონს.
აბა დააკვირდი უგუნურის კაცის თვისებას: უგუნური კაცი სწორეთ მით არის უგუნური, რომელ მას თავის თავი მოსწონს, იგი ძლიერ კმაყოფილი არის თავის თავისა, მას თავი თვისი უყვარს, მას თავი თვისი ერთ დიდ რამედ მიაჩნია; მისი უგუნური თავის მოყვარება მას მარადის აცთუნებს, უმალავს თვისსა სიცუდესა და არ უმხელს თვისსა სიბოროტესა.
გონიერ და ჭკვიან კაცს ის თვისება აქვს, რომ იგი თითქმის არასოდეს არ არის კმაყოფილი თავის თავისა, არამედ თვითონვე თავის თავს მარადის ამტყუნებს, აფრთხილებს, აღვიძებს; თუ გინდ რომელიმე საქმე კარგად გააკეთოს, მაინც არ დაკმაყოფილდება, არამედ ცდილობს, რომ მერმე უკეთესად გააკეთოს. ხოლო, ვინც კმაყოფილია თავის ხასიათისა, ვისაც მოსწონს თვისი ყოფაქცევა, იგი მალე დაიძინებს; მას აღარ ექნება საშუალება, რომ წინ წავიდეს, უმჯობესი შეიქმნეს
თავის უარყოფა, თავის გამტყუნება და თავის დაწუნება არის საჭირო კაცისათვის, არათუ მხოლოდ ქრისტეს სჯულის აღსრულებასა შინა, არამედ თვით ყოველთა ამ სოფლის საქმეთა და შრომათა წარმატებისათვის. მას ზედ არის დაფუძნებული წინწასვლა, გაუმჯობესობა ყოველს საქმეში, ყოველს შრომაში, არა თუ მხოლოდ კერძო პირისა, არამედ მრთელის საზოგადოებისა, და მრთელისა ქვეყანისა. ყოველმა ჭკვიანმა და გამოცდილმა კაცმა იცის, რომელ უკეთუ ზოგიერთთა კაცთა და ზოგიერთთა საზოგადოებათა აქვთ წარმატება მათთა შრომათა და საქმეთა შინა, ეს მისთვის, რომელ იგინი მარადის თავის თავს ამტყუნებენ და აწუხებენ.