წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
როგორ ვიცხოვროთ ქვეყანაზე, მეტყვის ვინმე, თუკი არაფერი ქვეყნიური არ მიყვარს და არაფერზე ვზრუნავ? არა, ძმაო, ღმერთმა არ აგვიკრძალა ზრუნვა და შეძენა ყოვლისა, რაიცა არს შენთვის სახმარი. ქვეყანა ღმერთმა შენთვის შექმნა. ყოველივე, რასაც ხედავ, შენია, გარნა შენ კი ქრისტესი ხარ. ვითარცა იტყვის მოციქული: „ყოველივე თქვენი არს, ხოლო თქვენ ქრისტესნი და ქრისტე ღვთისა“ (I კორინ. 3.22); ყოველივე იხმარე, ყოვლითავე ინუგეშე, გარნა სიყვარული ღვთისათვის შეინახე
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი. საუნჯედ გულისა შენისა ის ამოირჩიე, ძმაო, რაც შენზე უმჯობესი და უდიდესია, და არა ის, რაც არის შენი სწორი, ანუ შენზე უარესი. კაცის გული და ღირსება ეგოდენი არის, რომელ მხოლოდ ყოველთა უზენარესი არსება ღვთისა უნდა იყოს მისი საუნჯე. მხოლოდ ღმერთს შეუძლია დააკმაყოფილოს შენი გული და გაგაბედნიეროს. როგორ უნდა დაუმორჩილო გული ვერცხლსა, ანუ პატივსა, ანუ სხვასა ქვეყნის ამაოებასა? ესენი არიან უღირსნი შენისა გულისა; ამათი სიყვარუილ დაამდაბლებს და წაახდენს შენსა ღირსებასა.
ყოველ კაცს უნდა უყვარდეს თვისი ნათესავი, მეუღლე, დედ–მამა, შვილნი, და იმ ზომად უნდა უყვარდეს, რომ ამაში იყოს მისი ნუგეში. თვით ღმერთი გვაცნობებს ჩვენ, რათა გვიყვარდეს მოყვასნი და მონათესავენი ჩვენნი. გარნა შეიძლება, ძმაო, რომ აქაც ზომაზე გადვიდეს კაცი. მართალია, უნდა გვიყვარდეს მახლობელნი ნათესავნი ჩვენნი, გარნა ღმერთი მათზე უმეტესად უნდა გვიყვარდეს. კაცის სიყვარულმან ღვთის სიყვარული არ უნდა დაამციროს ჩვენ გულში. აჰა, მიზეზი, რომლისათვისაც თვით მაცხოვარი გვეტყვის ჩვენ: “რომელსა უყვარდეს მამა ანუ დედა ანუ ცოლი უმეტეს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს“. სხვაგან მაცხოვარი კიდევ გვეტყვის ამაზე უსაკვირველესსა სიტყვასა: რომელმან არა მოიძულა დედა, მამა, ძენი და მერმეცა თავი თვისი და არა შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს. დედ–მამისა, ანუ თავისა თვისისა მოძულება როგორ შეიძლება, მაგრამ აქედგან ის ისწავლე, ძმაო ჩემო, რომელ საუნჯე ჩვენი არავინ არ უნდა იყოს თვინიერ ღვთისა. ხორციელი არავინ არ უნდა გახადო შენდა საუნჯედ. თუ ისრეთი დრო და გარემოება შეგემთხვია, რომელ დედ–მამის, ანუ ცოლის, ანუ შვილის, ანუ სხვისა ვისიმე სიტყვარული გაგაშორებს შენ ღვთისაგან და წარგწყმედს, მაშინ გირჩევნია დაივიწყო იგინი და განეშორო მათგან და შეუდგე მხოლოდ ღვთის სიყვარულსა.
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი: ოდეს კაცი რაიმეს ანუ ვისმე ისე შეიყვარებს, რომელ მისგან შეყვარებლი საგანი გადაიქცევა საუნჯედ მისდა, მაშინ კაცი იგი ყოველსა თვისსა გულსა, ღონესა და გრძნობასა დასდებს ამ საგნისათვის. ავხსნათ ეს რომლითამე მაგალითითა. ანგაარის მოყვარის კაცის საუნჯე არის ვერცხლი, ანუ სიმდიდრე და იგი ყოველს თვისსა გულსა და ღონესა ხმარობს სიმდიდრის შეძინებისათვის, დღე და ღამე ყოველთვის იმას ფიქრობს და ზრუნავს, რომ ფული შეიძინოს; სხვა საქმისათვის, ანუ სხვა საგნისათვის იგი არ ხმარობს იმის მესამედსა ღონესა და მეცადინეობასა; ფული არის მისი საგანი; მხოლოდ ფულს შეუძლა აღძვრა მისისა გულისა და მიტაცება გონებისა.
თითქმის ყოველ კაცს ერთი მაინც საუნჯე აქვს და მიაჩნია. საუნჯე შენი ის არის, ძმაო, რაც ანუ ვინც მიგაჩნია ანუ გიყვარს უმეტესად ყოვლისა, რასაცა ემონები, რასაც ემსახურები, რაზედაც სასოება გაქვს, რასაც შესწირე ღონე და ძალი შენი: მაშასადამე ყოველ კაცსა აქვს, ანუ ჰყავს, თავისი საკუთარი საუნჯე. ცოდვილიანი კაცის საუნჯე არის ცოდვა, რომელსა იგი ემონება, რომელი უფლებს მას ზედა და ამასთანავე თითოეულსა ცოდვილსა თავისი საკუთარი და განსხვავებული საუნჯე აქვს. მართალთა კაცთათვის კი ერთი არს საზოგადო საუნჯე, ცათა შინა ღმერთი და სასუფეველი მისი.
თვითოეულს ცოდვასა აქვს თვისი წყარო და ფესვი გულსა შინა ჩვენსა; ყოველნი ცოდვანი წარმოსდგებიან და გამოჩნდებიან რომელთამე ცუდთა თვისებათა და ბოროტთა მიდრეკილებათაგან ჩვენთა; თითოეულსა კაცსა, ძმანო ჩემნო, აქვს თვისნი საკუთარნი ჩვეულებანი და მიდრეკილებანი, რომელნი შეადგენენ მისსა ხასიათსა, მაგალითებრ, ერთი არის გულ-ფიცხელი და ეს გულ-ფიცხელობა მისი შეიქმნება წყაროდ მრავალთა მისთა ცოდვათა; მეორე არის ამპარტავანი ანუ თავხედი, და ამისათვის შთავარდება მრავალთა შეცოდებათა შინა; ზოგი არის ანგარი და ამისათვის იქმს მრავალთა ცოდვათა; სხვა არის მოშურნე და ხარბი, კვალად სხვა არის ზარმაცი, ანუ ცილის-მწამებელი.
თემა: ცოდვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
შენც, ძმაო ჩემო, როდესაც ემზადები აღსარების თქმასა, ეცადე და შეიტყვე, რა ნაკლულევანება გაქვს შენ და რა ვნება გჭირს, რომლისაგან წარმოსდგებიან თვითეულნი შენნი ცოდვანი. ვგონებ, ან თითონ შენ გინახავს, ან გაგიგონია, რომელ ოდესცა მიწის მუშაკი სწმენდს თვისსა ყანობირსა ცუდთა და მავნებელთა ბალახთაგან, მაშინ იგი ცდილობს, რომ ფესვიანად ამოგლიჯოს იგინი მიწისაგან, და თუ მხოლოდ ზეითგან მოსჭრა იგინი და ფესვები კი მიწაში დასტოვა, კვალადვე აღმოცენდებიან იგინი და გააფუჭებენ თესლსა. შენც ესრეთ მოიქეცი, ძმაო ჩემო; უკეთუ გსურს კეთილად განსწმინდო გული შენი, ეცადე, რომ ფესვიანათ ამოგლიჯო მისგან ყოველნი ცოდვანი შენნი.
თემა: აღსარებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი