წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
საღმრთო წერილი გვეუბნება, რომ ღმრთის უპიველესი სახელი სიყვარულია და ვისაც სიყვარული არა აქვს, ის ღმერთს ვერ შეიცნობს. საღმრთო სჯული ღმრთის სიყვარულისკენ იმიტომ მოგვიწოდებს, რომ ეს ჩვენთვისაა სასარგებლო, რადგან ღმერთს ჩვენი სიყვარულით არაფერი შეემატება. თუ ღმერთზე ფიქრი ადამიანის გულში მუდმივად სუფევს, მაშინ იგი ცდილობს ღმრთის სიყვარულის ღირსი გახდეს. ეს ფიქრი და ზრუნვა მას განსწმენდს, განამდიდრებს, აღამაღლებს.
მტრის სიყვარული ქრისტიანული ცხოვრების ბოლო საფეხურია. თუ ქრისტიანი სარწმუნოების მაღალ საფეხურზე არ დგას, ამ მცნებას ვერ აღასრულებს. ვინმე იკითხავს, როგორ შეიძლება შეყვარება ბოროტი, უსამართლო და უსჯულო კაცისა? კაცი უნდა შეიყვარო, ღმრთის ქმნილება, შენი ძმა, ხოლო ბოროტება და უსამართლობა, რომელიც მის გულშია, უნდა გძულდეს. უდიდესი ნაწილი ჩვენი უბედურებისა, მტრობისა და სიძულვილისაგან მომდინარეობს. თუ მტრობასა და სიძულვილს სიყვარულით მოვსპობთ, ჩვენს შორის მშვიდობა, ერთობა, სიწმინდე და ბედნიერება დაისადგურებს.
სინდისი უხილავი მსაჯულია, რომელიც ყოველი კაცის გულში ზის და მას ან აქებს, ან აძაგებს რომელიმე საქციელის გამო. ვისაც სურს უფრო ცხადად წარმოიდგინოს რა არის სინდისი, უნდა გაიხსენოს რა გამოუთქმელ სიტკბოებასა და სიხარულს გრძნობდა რომელიმე კეთილი საქმის აღსრულების შემდეგ და როგორი სირცხვილის გრძნობა წვავდა შემდგომად ბოროტი საქმის ჩადენისა.
მშვიდნი და გულით მდაბალნი იყვნენ პირველი საუკუნეების ქრისტიანები. უსჯულოთაგან დევნილებსა და წამებულებს არც სადგომი ჰქონდათ და არც საზრდო. მაგრამ, შევხედოთ, ვინ დაიმკვიდრა ქვეყანა, სად არიან მათი მდევნელები. მაშინ როცა, რაც ქვეყნად განათლება, ძლიერება თუ წარმატებაა, ყოველი ქრისტიანობის ხელშია. აი, კიდევ ერთი მაგალითი ღმრთის სიტყვის აღსრულებისა (I, 524-525).