ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები


საშობაო ეპისტოლე - 2000

კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

საქართველოს ღვთივკურთხეულთა ძეთა და ასულთა და ყოველთა ჩვენთა თანამემამულეთა:


თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელნო, წმიდა სინოდის წევრებო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ძმანო და დანო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ქართველნო!
უფალი გვეუბნება: "ნისლივით წარვხოცავ შენს დანაშაულს და ჯანღივით – შენს ცოდვას; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე" (ის. 44,22).
დიდება და მადლობა შენდა, უფალო ღმერთო – მამაო საბაოთ, ყოვლისა მპყრობელო, შემოქმედო და განმგებელო ცათა და ქვეყანისაო;
დიდება შენდა, ძეო ღვთისაო, მაცხოვარო ჩვენო, ჩვენი ხსნისათვის განკაცებულო, ჯვარცმულო, აღდგომილო და ამაღლებულო;
დიდება შენდა, სულო წმიდაო, ცხოველსმყოფელო, მადლისა მომცემელო, უძლურთა მკურნალო და ნაკლულევანთა აღმავსებელო.
გაქებთ, გაკურთხებთ და თაყვანსა გცემთ შენ, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო და განუყოფელო, რწმენაო, სასოებაო და სიყვარულო ჩვენო, მიზეზო ყოვლისაო, დასაბამო და დასასრულო, მიუწვდომელო სიმაღლეო და სიმდაბლეო, დიდება და მადლობა შენდა ყოვლისათვის.
მუხლმოდრეკილნი ვდგავართ ღმერთო, წინაშე შენსა და ჩვენი წინაპრებისა და ჩვენი ერის სახელით შეგთხოვთ, შეგვინდე და გვაპატიე ყოველნი ცოდვანი და უსჯულოებანი ჩვენნი, ურწმუნოება შესცვალე ჭეშმარიტი სარწმუნოებით, ცოდვა აღხოცე და მოგვანიჭე მადლი, სიძულვილის წილ მოგვეც სიყვარული, ამპარტავნების წილ – თავმდაბლობა; განგვწმიდე ყოველნი და სულითა წმიდითა შენითა აღგვავსე, ამინ!
ქრისტესმიერ საყვარელნო ძენო ივერიისანო და ყოველნო მკვიდრნო საქართველოისანო, იხარებდით და იშვებდით, რამეთუ "დღეს მეუფე იშვების ვითარცა ჩვილი დედისაგან ქალწულისა" (სადღესასწაულო). "საიდუმლო უცხო და დიდებული ვიხილოთ, ქვაბი ცათა ემსგავსა, ქალწული – ქერუბიმთა, ხოლო ბაგა სახე იქმნა სამყაროსა, რამეთუ დაიტია დღეს ქრისტე ღმერთი – დაუტევნელი, რომელსა ვადიდებთ" (შობის ძლისპირი).
დიდება ჭეშმარიტი ღვთისა უკვე ორიათასი წელია აღევლინება ჩვენი კურთხეული მიწიდან. ოცსაუკუნოვანი ისტორია ქრისტიანობისა არის საიდუმლო ჩვენი გადარჩენისა და ჩვენი ღვთაებრივი აღმშენებლობისა. ეს არის საიდუმლო ჩვენი ცხოვრებისა ქრისტეში და მისი მუდმივი მეფობისა ჩვენში და დასტურია იმ დიადი ჭეშმარიტებისა, რაც ბრძანა უფალმა: "აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მთ. 28,20).
თუ არა ღვთის დიდი მოწყალება და მისი შეწევნა, საქართველო ვერ გაუძლებდა იმ ურიცხვ ქარტეხილს, რაც მას თავს დაატყდა. უზარმაზარი იმპერიები აღიგავა პირისაგან მიწისა, გაქრნენ ერები და მათი კულტურები, ჩვენ კი, პატარა ქვეყნის შვილები, ათასწლეულებია მოვუყვებით კაცობრიობის ისტორიის მდინარეს.
წარსულს თუ გადავხედავთ, უნებურად ჩნდება კითხვა: ამ ხნის განმავლობაში ვაკეთეთ კი ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა, დავუახლოვდით ღმერთს თუ დავშორდით მას, ვართ ჩვენ ცისანი თუ – ამქვეყნისანი?
და თითქოს გვესმის სიტყვები უფლისა:
"აჰა ესერა, ეშმაკმან გამოგითხოვნა თქვენ აღცრად ვითარცა იფქლი. ხოლო ევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რათა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაი შენი" (ლუკ. 22,31-32).
დიახ, ოცსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე დროის სული ჩვენ ყოველთვის თანა გვდევდა და ეკლესიას მუდმივად უხდებოდა მასთან ბრძოლა. ყველგან და ყოველთვის მიწიერება ცდილობდა შეეღწია ჩვენში, სატანა ათასნაირ ხერხს მიმართავდა, რათა ხორბალივით განებნია ქრისტიანენი და თითოეული მათგანის სული დაესაკუთრებინა:
"მაგრამ მე ვლოცულობდი შენთვის", - გვეუბნება მაცხოვარი. სწორედ უფლის ლოცვამ გადაგვარჩინა და მოგვიყვანა აქამდე. ამ ლოცვაზე იდგა და დგას ქრისტეს მთელი ეკლესია, ამ ლოცვაზე დგას ჩვენი ერი.
თუ ცოტა უფრო ღრმად გავაანალიზებთ მოვლენებს, დავინახავთ, რომ მას შემდეგ, რაც იესო ქრისტეს განკაცებით სათავე დაედო საოცარი გარდატეხის პროცესს კაცობრიობის ისტორიაში და ადამის მოდგმისათვის გაიხსნა ზეცის კარები, ბოროტმაც ახალი მეთოდებით დაიწყო ადამიანთა სულების მონადირება: წარმოიშვა ჭეშმარიტების პრეტენზიის მქონე რელიგიები. თვით ქრისტეს ეკლესიას არაერთი ნაწილი ჩამოსცილდა და ახალ მიმართულებებს დაედო სათავე: იყო ამა თუ იმ მიზეზის გამო გაჩაღებული ომები, საზოგადოების სხვადასხვა ფენათა უდიდესი დაპირისპირებანი... რამაც მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა და შეიწირა, მაგრამ იმას, რაც განვლილ ორ საუკუნეში მოხდა, თავისი მასშტაბებითა და სულიერი დამანგრეველი ძალით ვერაფერი შეედრება; - ვგულისხმობ უღმერთობის ხანის დადგომას.
ბოლო 70 წლის მანძილზე ტოტალიტარული ათეისტური სახელმწიფოს არსებობა და მისი იდეოლოგია არ იყო მხოლოდ ლოკალურად გარკვეულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა ხვედრი. ათეიზმმა სულ სხვა გზებითა და მეთოდებით ასევე მძლავრად მოიკიდა ფეხი მთელს მსოფლიოში, რამაც წარმოშვა საყოველთაო ნიჰილიზმი და ინდიფერნტიზმი.
ამ პროცესების გაღრმავებას ხელი შეუწყო მეცნიერებისა და ტექნიკის უსწრაფესმა განვითარებამ. საზოგადოების სულიერი წინსვლა დიდად ჩამორჩა ტექნიკურ პროგრესს, ეს კი გახდა მიზეზი ღრმა უფსკრულის გაჩენისა საზოგადოებრივი ცხოვრების ამ ორ სფეროს შორის, რამაც კაცობრიობა თითქმის კატასტროფამდე მიიყვანა. და თუ დღეს მაინც მშვიდობით ვხვდებით შობა-ახალწელს, ისევ და ისევ ღვთის დიდი წყალობით.
"... მე ვლოცულობდი შენთვის..."
ჩვენმა ქვეყანამაც იგემა ბოროტის მიერ აღძრული ყველა ძალის შემოტევა და როგორც სხვაგან, აქაც განსაკუთრებულად რთული პროცესები ბოლშევიკური რეჟიმის პერიოდში განვითარდა. საბჭოთა წყობილების პერიოდი, მისთვის დამახასიათებელი ცნობილი მოვლენების გარდა, იმითაც იყო საშიში, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა აზროვნების განვითარებას, რადგან ახალი იდეების წარმოშობა საფრთხეს უქმნიდა მის არსებობას.
ეს რეჟიმი ადამიანებს სთავაზობდა მზამზარეულ, ხშირად მკვდრადშობილ იდეებს და მათ ცხოვრებაში განხორციელებას აიძულებდა. არავინ იყო დაინტერესებული მოაზროვნეთა ფენის წინ წამოწევით, სჭირდებოდათ მხოლოდ დავალების სიტყვის შეუბრუნებლად შემსრულებელნი.
"ბოლშევიკების გზა, - წერდა პლეხანოვი, - როგორიც არ უნდა იყოს იგი, - მოკლე თუ გრძელი – აუცილებლად გამორჩეული იქნება ისტორიის ფალსიფიკაციით, სიცრუით, დანაშაულობებით, დემაგოგიითა და საერთოდ, უღირსი საქციელით. ტერორი, რაზეც ისინი იმედს ამყარებენ, ხიშტების ძალაა, მაგრამ, როგორც ცნობილია, ხიშტებზე ჯდომა დიდხანს შეუძლებელია, ამიტომაც ბოლშევიკთა კრახი გარდაუვალია" (პოლიტიკური ანდერძი).
ეს ასეც მოხდა.
მადლობა ღმერთს, დღეს ჩვენ უკვე სხვა ცხოვრებით ვცხოვრობთ. ეს კია, რომ ერთი წყობილების მეორეთი შეცვლა იმპერიის რღვევის პერიოდს დაემთხვა, ამას თან დაერთო ომები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რამაც ჩვენი ყოფა მეტად დაამძიმა, რადგან რამდენიმე მოვლენის გადატანა ერთად მოგვიხდა.
საერთოდ, საზოგადოებრივი ურთიერთობის ერთი ფორმიდან მეორეში გადასვლისას ქვეყნის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როდესაც ხალხი ბავშვს ემსგავსება. ამის მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა თავიდან ვერ ერკვევა სიტუაციაში, ალღოს ნაკლებად უღებს მოვლენებს და ყრმასავით უსუსური და მიმნდობი ხდება მათ მიმართ, ვინც წინამძღოლის ფუნქციებს სთავაზობს.
დროის ამ ეტაპით ხშირად სარგებლობენ სხვადასხვა ძალები და ცდილობენ არსებული სიტუაცია თავიანთი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენონ.
ესაა მიზეზი მაგალითად იმისა, რომ დღეს ასე თარეშობენ სხვადასხვა სექტის წარმომადგენლები. საქმე ისაა, რომ ათეისტური ზეწოლისაგან განთავისუფლებული ხალხი მზად არის გულის კარი გაუღოს უფალს, მაგრამ, ვინაიდან ვერ არჩევს, თუ სად არის ჭეშმარიტება ადვილად ექცევა ცრუ მოძღვართა გავლენის ქვეშ და გადარჩენის ნაცვლად სულს მარადიული სიკვდილისათვის წირავს.
როგორც ეკლესიის, ისე სახელმწიფოს, და საერთოდ, ნებისმიერი მოქალაქის ვალია, წინ აღუდგეს ხალხის ამ მეთოდებით დაპყრობასა და დამონებას და საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ სულიერ აგრესიას.
დღევანდელი ჩვენი ყოფა სხვა მრავალი ასეთი მეტად მტკივნეული პრობლემებისადმი საზოგადოებისაგან სწორი პოზიციის შემუშავებასა და მის გონივრულ გადაწყვეტას ითხოვს.
ამჯერად ყურადღებას ერთ საკითხზე გავამახვილებთ. რადგან იგი უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია.
საქმე ეხება ამ ბოლო დროს კოსმოპოლიტური იდეების ქადაგებას და ეროვნული გრძნობისადმი ზოგიერთთაგან გულგრილ, ზოგჯერ კი დამცინავ დამოკიდებულებას. დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული ასეთი ადამიანებისათვის რატომღაც ეროვნულობა და პატრიოტიზმი კარჩაკეტილობას ნიშნავს და როგორც საზოგადოებას, ისე ეკლესიას მისგან განთავისუფლებისაკენ მოუწოდებენ.
თავიდანვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქრისტიანობა და თავის თავში ჩაკეტილობა ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია. ქრისტიანისათვის ყოველი ადამიანი, რა ეროვნებისა და სარწმუნოებისაც არ უნდა იყოს იგი, მოყვასია და ღვთის წინაშე ვალდებულია უყვარდეს ის. მოწყალე სამარიტელის იგავი ამის ნათელი დადასტურებაა.
ამიტომაც, ერთი შეხედვით სადაო არაფერი უნდა გვქონდეს მათთან, რომელნიც უარყოფენ ნაციონალურ-სახელმწიფოებრივი განსხვავების აუცილებლობას და მსოფლიო ერთიანი ოჯახისა და მსოფლიო მოქალაქის ცნებების დამკვიდრებას ცდილობენ.
იდეები მეგობრობის, სიყვარულისა და ურთიერთდახმარების შესახებ მათ ქრისტიანობიდან აიღეს და ისინი მართლაც ღირებულნი არიან, მაგრამ ეს ყველაფერი შემდეგ განსხვავებული მიმართულებით განავითარეს და შემდეგ სამეუფო გზიდან შორს გადაუხვიეს.
ისინი დაუსრულებლად ლაპარაკობენ კაცობრიობის სიყვარულზე, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ გვერდზე მყოფს. მოყვასის სიყვარული კი სწორედაც რომ ყველას სიყვარულს გულისხმობს.
მაცხოვარმა ჩვენ მოყვასის სიყვარულისკენ მოგვიწოდა და არა მსოფლიოსადმი ზოგადი გრძნობების გამოვლენისაკენ. მოყვასი კი მოიცავს ყველას, ვისთანაც კი რაიმე შეხება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს.
ბავშვისთვის მოყვასი მისი ოჯახის წევრებსა და ახლობელთა ვიწრო წრეს ნიშნავს. მოზრდილი ადამიანისთვის – "მოყვასის" სივრცეს მისი ქვეყანა და ხალხი ავსებს. მასთანაა იგი დაკავშირებული სახელმწიფოებრივი თუ პოლიტიკურ-მოქალაქეობრივი ვალდებულებებით. საკუთარი ხალხის კულტურა, ცხოვრების წესი, თუ ტრადიცია არის მისთვის მშობლიური და საყვარელი.
უკვე სრულად განვითარებული, მაღალი ზნეობის პიროვნებებისათვის კი ნებისმიერი ადამიანი მოყვასია.
უნდა ითქვას ისიც, რომ მესამე ასაკობრივი საფეხური გულისხმობს პირველი და მეორე საფეხურის აუცილებელ არსებობას ისევე, როგორც მეორე საფეხური გულისხმობს პირველი საფეხურის არსებობას.
აი, აქა აქვთ დაშვებული შეცდომა კოსმოპოლიტებს. ისინი მესამე საფეხურს მეორეს გარეშე მოიაზრებენ და ადამიანებს არაჯანსაღი, უშინაარსო უსულო საზოგადოების შექმნისაკენ უბიძგებენ.
შევნიშნავთ იმასაც, რომ ქრისტიანული პატრიოტიზმი და ეროვნულობის გრძნობა სრულიად განსხვავდება შოვინიზმისა და ვიწრო ნაციონალიზმისაგან, რომელთაც საფუძვლად ნაციონალური ამპარტავნება უდევთ; ქრისტიანული ცნობიერებისათვის კი ამპარტავნება მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება.
ეროვნულობა ქრისტიანობაში ნიშნავს ზრუნვას შენი ხალხის იმ ნაკლულევანებათა გამოსწორებისთვის, რაც მის ცხოვრებას თან სდევს; ნიშნავს ზრუნვას მისი სულიერი და ზნეობრივი განვითარებისათვის, ნიშნავს იმ ტრადიციებისა და ზნე-ჩვეულებების დაცვას, რაც მის თავისთავადობას, მეობას განაპირობებს. ყოველივე ეს, ამავე დროს, სხვა ხალხებისა და ქვეყნებისადმი პატივისცემასა და კეთილგანწყობას გულისხმობს.
აი, რას ამბობს ვაჟა-ფშაველა პატრიოტიზმის შესახებ: "... რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავისი სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობრებს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას... ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალ-ღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და რამდენადაც გონივრული იქნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოდგება მისი მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქნება მთელი კაცობრიობისათვის" (კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი").
ეროვნულობის დაცვის საუკეთესო მაგალითს თვითონ ბიბლია იძლევა. მთელი ძველი აღთქმა ამ სულისკვეთებითაა სავსე. ახალი აღთქმიდანაც არაერთი მაგალითის დამოწმება შეიძლება. გავიხსენოთ თუნდაც მოციქულის სიტყვები:
"დიდია ჩემი მწუხარება და დაუცხრომელია ტკივილი ჩემი გულისა... ვისურვებდი თავად ვყოფილყავ შეჩვენებული ქრისტემიერ ჩემი ძმების, ჩემი სისხლის და ხორცის გამო, რომლებიც არიან ისრაიტელნი" (რომ. 9,2-4).
ანდა: "თუ ქვრივს შვილები ან შვილიშვილები ჰყავს, დაე მათ თავდაპირველად ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და სანაცვლო მიაგონ მშობლებს, რადგან ეს ეამება ღმერთს" (I ტიმ.V,4).
"ხოლო, თუ ვინმე თავისიანთა და მით უმეტეს, სახლეულთათვის არ ზრუნავს, რწმენის უარმყოფელთა და ურწმუნოზედაც უარესია" (I ტიმ. 5,4,8).
ასე რომ, ოჯახი, ახლობელთა წრე, სამშობლო, მოყვასი, სამყარო, ის კიბეა, რომლის თითოეული საფეხური მომდევნოს საყრდენია და მის გარეშე და რწმენის გარეშე წარმოუდგენელია პიროვნების შინაგანი მთლიანობის შექმნა. ამიტომაც, თუ გვსურს ვიყოთ თავისთავადნი და არა უფორმო, უსახო, საზოგადო მასის წარმომადგენელნი, უნდა ვიყოთ ეროვნული სულის ღირსეული მატარებელნი. ასე აღზრდილი ადამიანი ყოველთვის პატივს მიაგებს სხვა ეროვნების წარმომადგენელთ, სათანადოდ აფასებს როგორც საკუთარს, ისე სხვათა ღირსებასა და თავისთავადობას. ასეთი ადამიანი პიროვნებაა, რადგან მას თავისი მეობა აქვს. იგივე ითქმის ერზეც. ასეთი ადამიანებისაგან შემდგარი ერი პიროვნული სახის მატარებელია, თავისთავადია და ამით არის სწორედ დასაფასებელი.
ღვთივკურთხეულნო ივერნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისანო!
ქრისტიანული სამყარო განსაკუთრებულად ემზადება 2000 წლის საზეიმო შეხვედრისათვის. ეს წელი მთლიანად საიუბილეო წელია და მას განსხვავებული გრძნობით ხვდება მთელი კაცობრიობა. 7 იანვარს, ბეთლემში, წმიდა მიწაზე, თავი მოიყარეს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებმა და სახელმწიფო ხელმძღვანელებმა, რათა გამოეხატათ თავიანთი კეთილი ნება ერთიანობის, ურთიერთპატივისცემისა და თანადგომის შესახებ და ელოცათ მსოფლიო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. ეს იყო დიდი და ამასთან კანონზომიერი მოვლენა, რომელმაც საყოველთაო ყურადღება მიიპყრო.
ათასწლეულთა შესაყართან კიდევ უფრო მძაფრდება წარსულის განცდა და სურვილი ღმერთთან სიახლოვისა. ადამიანური განზომილებით ეს დრო ხანგრძლივია და მრავლისმომცველი. უფლის წინაშე კი "ათასი წელი, ვითარცა ერთი დღე". ასე რომ, ღვთის ათვლით, მეორე დღე მთავრდება მაცხოვრის განკაცებიდან და იგი განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს.
განსაკუთრებულობა უნდა გამოვლინდეს სულიერებაში. თითოეულმა ოჯახმა, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იგრძნოს, რომ იგი ღირსი გახდა შეხვედროდა ამ დიდებულ თარიღს და ვალდებულია, სათანადოდ მოემზადოს ამისთვის, ვალდებულია, იმ მოგვების მსგავსად, რომელთაც თაყვანი სცეს და საუკეთესო ძღვენი მიართვეს ბეთლემის ბაგაში მწოლ ახლადშობილ მაცხოვარს, თავისი შესაწირი გაიღოს მის სადიდებლად. ეს შესაწირი უწინარესად უნდა იყოს გულმხურვალე ლოცვა, ჩვენი ქრისტიანული ეკლესიური ცხოვრება, ჩვენი შრომა, ჩვენი ნამუშაკევი, ჩვენი კეთილი საქმეები.
ამ თარიღის შესახვედრად საქართველოს დიდი მომზადება ჰმართებს, რადგან ღვთისგან ბევრი მოგვეცა და ბევრიც მოგვეთხოვება. თქვენ იცით, უფლის განგებით, ჩვენთან იქნა მობრძანებული კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ღვთისმშობლის პერანგი; იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრია და მისი განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფება, რომ ჩვენი ეკლესია დაფუძნებულია მაცხოვრის მოციქულების: ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელის, მატათას, თადეოზის, ბართლომეს მიერ და განმტკიცებულია წმ. ნინოს, წმ. გიორგის, წმ. ნიკოლოზის და სხვათა ჩვენთა დიდთა წმინდანთა ლოცვით და ღვაწლით.
ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ათას ქარტეხილგამოვლილი საქართველო დღეს კვლავ ცოცხლობს და აღორძინების გზას ადგას და რომ ძალისაებრ ჩვენისა ვემსახურებით მის სიწმინდეს.
ძმანო და დანო, თავი მოვიდრიკოთ და მუხლი მოვიყაროთ ყოვლადწმიდა სამების წინაშე და წრფელი გულით შევთხოვოთ მამასა და ძესა და სულსა წმიდას, დაგვლოცოს, განგვწმინდოს და განგვინათლოს გული და გონება, რათა დღე ყოველ მართლად ვიდოდეთ და ურცხვენელად წარვდგეთ წინაშე მისსა, რათა თანაზიარ ვექმნეთ მარადიულ ცხოვრებას მისას და უფალთან ვიყოფოდეთ განუშორებლად. ამინ!

ქრისტეს შობა
1999-2000 წ. კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი< =>საქართველოს


სააღდგომო ეპისტოლე - 2018

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

„დაინთქა სიკვდილი ძლევითა!“ (ფს. 25.8)

ქრისტე აღდგა!

მენელსაცხებლე დედებთან და მაცხოვრის მოწაფეებთან ერთად საფლავის ლოდსა ზედა მჯდომარე ანგელოზი ჩვენც გვამცნობს, რომ ჯვარცმული ღმერთი საფლავში აღარ არის, რომ

ქრისტე აღდგა!

აღდგა ღმერთი, უძლურთა ძლიერება, მდაბალთა აღმაღლება, მოკვდავთა უკვდავებაჲ.
„სად არიან დამბეჭდველნი საფლავისანი? სად არის დასი პილატესი და მხედარნი, რომელნიც სცვიდენ აკლდამასა?“
„სადა არის, სიკვდილო, საწერტელი შენი, სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?“
მოვედით, ერნო, ვადიდებდეთ სამებასა ყოვლადწმიდასა და ვმადლობდეთ აღდგომილსა მხოლოდშობილსა ძესა და სიტყვასა.
„ქება შენდა ქრისტე, ქება შენდა და დიდებაჲ მოსვლასა შენსა, დიდებაჲ ჯვარცმასა შენსა, დაფვლასა და აღდგომასა“.
დღეს ტარიგი უფლისა საზეპურო სუფრაზე გვიხმობს და არა აქვს გარჩევა მდიდრისა და გლახაკისა, უბირისა და განსწავლულისა, ყრმისა და ხანდაზმულისა; ტრაპეზი გაშლილია და ლხინი განმზადებული.
მიწვეულია ყველა, ვინც გააცნობიერა ამქვეყნიური ცხოვრების აზრი, ვინც მადლიერებით მიიღო იესოს გამომხსნელობითი ღვაწლი და ნათლობით ქრისტესთან შეერთებულს სურს, მასთან ერთად აღდგომა;
მათ კი, რომელთაც ჯერ არ გაუაზრებიათ მომხდარის სიღრმე და თავისი ამქვეყნიური მისია, მოკლედ შევახსენებთ შემდეგს:
ბიბლია გვასწავლის, რომ დედამიწაც და მთელი სამყაროც უფლის დიდების გამოვლინებაა. ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნენ ჩვენი პირველმშობლები და ხილული ქვეყნის პატრონად და განმგებელად დადგინდნენ; მათი სრულქმნა დღე-ყოველ წარემართებოდა და სულიერ კიბეზე ზესვლა ხორციელდებოდა.
ამასთან, ადამსა და ევას მიეცათ კურთხევა, რომ გამრავლებულიყვნენ და მოეცვათ ქვეყანა. ამით დაეკისრათ პასუხისმგებლობა, შთამომავალნიც აღეზარდათ ღვთისადმი რწმენით და იმ სულისკვეთებით, რომ ზედმიწევნით აღესრულებინათ უფლისგან მიცემული აკრძალვა (არ ეგემათ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი), რათა სრული ჰარმონია ყოფილიყო შემოქმედსა და ქმნილებას შორის.
ღმერთი სიყვარულია და სამყაროშიც ეს გრძნობა სუფევდა. ამიტომაც, დაცემამდელი ადამიანების მდგომარეობა იყო სიყვარულით, სიხარულით, ღვთისა და ერთმანეთისადმი მსახურებით აღსავსე სიცოცხლე.
მაგრამ ეს ნეტარებითი ცხოვრება დასრულდა. დასრულდა იგი მას შემდეგ, როცა ადამმა და ევამ აღარ შეასრულეს მიცემული მცნება, ერწმუნნენ შურით აღძრულ ბოროტ ძალას და მისი რჩევისამებრ მოიქცნენ.
ასეთმა ქმედებამ ისინი ღვთის მადლს განაშორა, გამოიწვია მათი ხორციელი და სულიერი სიკვდილი და ეს მდგომარეობა შთამომავლებსაც მემკვიდრეობით გადაეცათ.
დაცემა მოხდა იმიტომ, რომ ადამმა და ევამ, გველის შეგონებით, მოინდომეს, ღვთის გარეშე გამხდარიყვნენ უფრო დამოუკიდებელნი და შემოქმედს გატოლებოდნენ. არადა, ბოროტმა შესაქმის გვირგვინს სიცრუითა და მზაკვრობით სწორედ თავისუფლება წაართვა და ცოდვას დაამონა. ამის გამო განეძარცვათ მათ ცხოველსმყოფელი მადლი ღმერთშემოსილობისა, საღვთო სიკეთეთა სულიერი ხედვის უნარი, სულიერი უმანკოება და უვნებობა ეგოისტური ზრახვებითა და ვნებებით შეეცვალათ და მწუხარება და განსაცდელი თანამგზავრად ექცათ.
ღვთისგან გაუცხოებულმა ცხოვრების წესმა სხვადასხვა ეპოქასა და სივრცეში სხვადასხვა გამოვლინება ჰპოვა. ჩვენს დროში კი განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა.
ყველგან თვალშისაცემია ტრადიციულ ღირებულებათა მოსპობის, პატრიოტული სულისკვეთების დაკნინების, ეროვნული მეობის გაქრობის ტენდენცია. დიდია მცდელობა ზოგიერთი მძიმე ცოდვის ბუნებრივ მდგომარეობად გამოცხადებისა, მასმედიითაც, ნებსით თუ უნებლიედ, ხშირად ხელი ეწყობა აგრესიიისა და უზნეობის, ნარკომანიისა და აზარტული თამაშების პროპაგანდას; ბილწსიტყვაობა, ტყუილი, ცინიზმი, საჯარო შეურაცყოფა... ჩვეულებრივ მოვლენად იქცა;
გაჩნდა გრძნობა დაუცველობისა და ხვალინდელი დღის შიშისა, სულიერი სიცარიელის ფონზე ახალგაზრდებში გახშირდა თვითმკვლელობა, რისი ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მოქმედებენ გარკვეული ჯგუფები, რომელნიც მოზარდებს სხვადასხვა სახით აიძულებენ, სიცოცხლე ამ სახით დაამთავრონ. დაეცა განათლების დონე, მოზარდი თაობა ინტერნეტს მიეჯაჭვა და წიგნი დაივიწყა. დაიკარგა უფროსის პატივისცემა, ებრძვიან ავტორიტეტებს, ქმიან ახალი „ღირებულებების“ შესაბამის პერსონებს და მათ წარმოაჩენენ მისაბაძად.
ამ მოვლენებს მეტ-ნაკლებად საქართველოშიც აქვს ადგილი. ჩვენთან დიდია უმუშევართა, სოციალურად დაუცველთა და უცხოეთში სამუშაოდ წასულთა რიცხვი; იცლება სოფლები და რაიონები; დამაფიქრებელია ხალხის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც, რასაც ხშირ შემთხვევაში სტრესული მდგომარეობა და მდარე პროდუქტებით კვება იწვევს.
შემოტევაა ეკლესიაზე და მრავალწლიანი მცდელობა, შეურყიონ ხალხს მისდამი სიყვარული. მავანნი შეურაცხყოფენ სიწმინდეებს, რელიგიურ გრძნობებს და განუკითხაობით ხარობენ.
ყურადღება მინდა, შევაჩერო დემოგრაფიულ საკითხზე.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, მოკლე დროში ნავარაუდევია მოსახლეობის 28% -ით კლება, რაც ისედაც მცირერიცხოვანი ჩვენი ერისთვის უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება.
ამ საგანგაშო მდგომარეობის ნაწილობრივ მაინც გამოსწორებისათვის, ჩვენი აზრით, აუცილებელია აბორტის, როგორც უმძიმესი ცოდვის, საწინააღმდეგო განწყობის შექმნა და პირველ ეტაპზე მრავალშვილიანი ოჯახების გარკვეული ნაწილისთვის ცალკე კანონის შემუშავება, რათა მათ დასახმარებლად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.
უნდა შევნიშნოთ, რომ როდესაც ჩვენს ხალხზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მსგავს, და ზოგ შემთხვევაში, უარეს მდგომარეობაში მყოფი, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეები. ვგულისმობ, მაგალითად, აფხაზებს, უდინებს, ქისტებს, ჩერქეზებს, ოსებს, ასირიელებს, ლეკებს, ეზიდებს და სხვათ.
კარგი იქნება, ქვეყანამ განსაკუთრებული პირობები შეუქმნას როგორც ქართველ, ისე ამ ეთნიკური წარმომავლობის იმ ოჯახებს, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ და გაუწიოს მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარება, რაც უნდა მატულობდეს შვილთა რაოდენობის ზრდის მიხედვით. ოჯახებმა უნდა იგრძნონ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე და მადლიერია მათი თავდადებისა.
ხოლო როდესაც საქართველო ეკონომიურად გაძლიერდება, შეღავათები უნდა გავრცელდეს საერთოდ ყველა მრავალშვილიანზე.
ზემოთქმულზე, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებში მომუშავეთ, მასმედიასა და ეკლესიას, განსაკუთრებით კი, - კანონმდებელთ.
მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს გაუტეხელ, ქრისტესმოყვარე ერს: არ შეუშინდეთ დროის გამოწვევებს, თავს დატეხილ განსაცდელთ, პრობლემათა სიმრავლეს.
ჩვენ მაცხოვრის ეკლესიის წევრნი ვართ და ისეთი ბედნიერება გვაქვს მონიჭებული, რომ ვერავითარი გარემოპირობები ამ სიხარულს ვერ დაჩრდილავს.
რა სიხარულია ეს?
ეს არის სიხარული, უპირველეს ყოვლისა იმისა, რომ ჩვენ გამოხსნილნი ვართ! მოხდა სასწაული, რომელსაც ათასობით წლის მანძილზე ელოდებოდა ადამის მოდგმა და ეს სწორედ დღევანდელ დღეს განხორციელდა.
სიხარული გვაქვს იმისა, რომ ვინც ქრისტეს სახელით ჭეშმარიტ ეკლესიაში ინათლება, ღვთისგან, როგორც საბოძვარს იღებს სულიწმინდის მადლს, უფალთან ერთობას და ისეთ სულიერ მდგომარეობას, რომელშიც აღმოფხვრილია ადამისეული ცოდვის ის ფესვი, მთელი თაობები სიკვდილს რომ დაუქვემდებარა.
სიხარული გვაქვს იმისა რომ ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა ღვთის შემწეობით და ჩვენი ძალისხმევით მოვიპოვოთ ის მდგომარეობა, რისთვისაც სამოთხეში მყოფ ჩვენს პირველმშობლებს უნდა მიეღწიათ.
იესომ ახალ ერს, ბოროტების ძირისაგან თავისუფალ ახალ კაცობრიობას დაუდო სათავე და ამიტომაც იწოდება მეორე ადამად; პირველი ადამისგან სიკვდილი შემოვიდა, მეორესგან კი, - სიცოცხლე. „და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა“ (I კორ.15,22)
მაგრამ ჩვენი ცხონებისთვის, - ფიზიკური და სულიერი სიკვდილისაგან გათავისუფლებისათვის, - ქრისტიანად გახდომა არ არის საკმარისი, რადგან მაცხოვარმა ზოგადადამიანური ბუნება გამოიხსნა და, როგორც სამოთხეში, ახლაც კვლავ თავისუფალი არჩევანი შემოგვთავაზა.
ჩვენი გადასაწყვეტია, რას მოვინდომებთ, - ისევ ცოდვებს დამონებულ ყოფას, თუ ცხოვრების იმ წესს, რომლის მაგალითიც ამ ქვეყნად ღმერთმა მოგვცა.
„სოფელი ბოროტსა ზედა დგას“ და, ბუნებრივია, ადვილად არ დათმობს ადამიანებს. ამიტომაც მორწმუნეთ სერიოზული წინააღმდეგობების დაძლევა უხდებათ და ყოველდღიური ბრძოლა საბოლოო გამარჯვებისთვის;
არსებული ყოფა არის ასპარეზი ჩვენი პიროვნების წარმოსაჩენად და რამდენადაც ეს გარემო დაშორებული იქნება ქრისტიანულ ღირებულებებს, იმდენად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება მიზნის მისაღწევად, თუმცა საზღაური, შესაბამისივე იქნება ცათა შინა.
ჩვენს ყოველ მოქმედებას უდიდესი დატვირთვა აქვს, რადგან იმქვეყნად კარგიც და ცუდი საქმეებიც სხვა მასშტაბით გამოვლინდება და ჩვენს იქაურ შესაძლებლობებს განაპირობებს.
მორწმუნე გაჭირვების ჟამს ხშირად სთხოვს დახმარებას წმინდანებს, ანგელოზებს, ღვთისმშობელს...
გავიხსენოთ, მაგალითად, წმინდა გიორგი და წმინდა ნიკოლოზი; ერთმა დიდმოწამეობით დაამოწმა ქრისტეს სიყვარული და მისი მცნებების ერთგულება, მეორემ კი, - საკვირველი ღვთისსათნო ცხოვრებით; ისინი კონკრეტულ ადგილას და კონკრეტულ დროში მოღვაწეობდნენ, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ ყველა გულმხურვალე მლოცველის შემწე და მფარველნი გახდნენ ყველა ეპოქაში.
აღარაფერს ვამბობთ მოციქულებზე და ღვთისმშობელზე.
ასეთი საოცარი პოტენციალია ჩადებული თითოეულ ჩვენგანში!
და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ხარისხობრივად რა მდგომარეობას განვიკუთვნებთ ზეცაში ან ქვესკნელში.
როგორია ჩვენი გული და გონება? როგორ ნიადაგს დაახვედრებს იგი ღვთის სიტყვას? ნარ-ეკლიანს? სადაც ვერაფერი გაიხარებს, კლდოვანს? სადაც აღმოცენებული ნერგი მალე გახმება, თუ ნოყიერ მიწას, დიდი ხეც რომ ადვილად ფესვს გაიდგამს?
უფლის სამეფო არის ჭეშმარიტი რწმენითა და სიყვარულით გაერთიანებულ პიროვნებათა კრებული, რომელიც ცხოვრობს ურთიერთსიყვარულითა და ურთიერთმსახურებით, იმ წესით, დაცემამდელ ადამიანებს რომ ჰქონდათ და შემდეგ ჯვარცმულმა იესომ აღგვიდგინა.
უფლის სამეფო არის იქ, სადაც მორწმუნენი სათნოებებით არიან შემოსილნი, ღვთის დიდებასა და მასთან ერთობას ესწრაფვიან და შთამომავლობასაც ამ პრინციპით ზრდიან.
უფლის სამეფო არის იქ, სადაც, თუნდაც დიდი შეცდომების მიუხედავად, დიდი სინანულია, სადაც მუდმივი ხსოვნაა ზეციური სასუფევლისა.
უფლის სამეფო დედამიწაზე ქრისტეს ეკლესიაა და აქ უხმობს იგი გადარჩენის ყველა მსურველს.
ამ წიაღის განუყოფელ ნაწილად გახდომა უნდა იყოს ჩვენი უმთავრესი მიზანი და ამოცანა.
გავიხსენოთ როგორ გვარიგებს ძე ღვთისა: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართელესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“ (მათე 6, 33)
მისგან ნასწავლებ ლოცვაშიც, ვამბობთ: „მოვედინ სუფევა შენი (ანუ შენი მეუფება), იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“.
ვამბობთ ამას იმიტომ, რომ ჩვენი მოვალეობაა, ზეციური მეუფების ცხოვრების წესის დამკვიდრება ჩვენშიც და ჩვენს გარემოშიც და არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორ სახელმწიფო წყობასა და რომელ ეპოქაში მოგვიწევს არსებობა. ჩვენთვის მისაღები უნდა იყოს საზოგადოების მოწყობის ისეთი წესები, რაც ცათა სასუფეველთან არ დაგვაპირისპირებს.
თუ ჩვენ მკვეთრ წინააღმდეგობაში მოვდივართ შემოთავაზებულ ურთიერთობებთან და კანონებთან, ჩვენი პროტესტი უნდა იყოს მკაფიო, მაგრამ ღირსეული, რომ არ დავაზარალოთ იდეა, რასაც ვიცავთ, არ დავაზიანოთ სხვისი და საკუთარი სული.
სიყვარულია, - რისი აღსრულებაც ამქვეყნად გვევალება. ქმედითი, ცოცხალი, ნამდვილი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა.
როგორ შეიძლება ეს გამოვლინდეს?
- ქრისტეს სახელით მოყვასისადმი მსახურებაში.
ამიტომაც ბრძანებს იგი: „მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა“ (მათე 25, 35-36).
სიყვარული არის საკუთარი ინტერესების ნებაყოფლობითი დათმობა, თავის უარყოფა იმისთვის, ვინც გვიყვარს.
მაგალითად, მშობელი ყველაფერს აკეთებს შვილისათვის და ეს მას სიხარულს ანიჭებს, რადგან უყვარს, ვისთვისაც იღვწის და შვილსაც უყვარს რა მშობელი, მთელი გულით ცდილობს, ასიამოვნოს მას.
უფრო მეტი სიძლიერით უნდა გვიყვარდეს უფალი, რომ მისი ღირსეული შვილები ვიყოთ.
ქრისტიანობა არის ერთადერთი რელიგია, სადაც მხოლოდ ადამიანები კი არ ემსახურებიან ღმერთს, არამედ თავად ღმერთი გვიჩვენებს კაცთათვის მსახურების, სიყვარულისა და თავგანწირვის საოცარ მაგალითს და ჩვენს წინაშე წარმოსდგება, როგორც მეფე-მსახური. (შდრ.: „ძე კაცისაი ... მოვიდა ... მსახურებად და მიცემად სული თვისი“ მათე 20,20; და ახლად ნათელღებულთა პასუხი: „მრწამს იგი, - ქრისტე, - ვითარცა მეუფე და ღმერთი“).
ქრისტე, - მეფე-მსახური უნდა იყოს ნიშან-სვეტი ყოველი ქრისტიანისთვის!
სერთოდ არა აქვს მნიშვნელობა თანამდებობრივად ან ქონებრივად, თუნდაც გავლენით, რას წარმოვადგენთ. ყოველ ჩვენგანს, ნებისმიერი სოციალური მდგომარეობის მქონეს, უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ მაცხოვრის მსგავსად, თვითონაც იყოს მეფე-მსახური.
შენ ხარ მეფე იმდენად, რამდენადაც გაქვს უფლება, რომ შენი ცხოვრება თავისუფალი ნებით წარმართო და ღვთისგანვე შენთვის ბოძებული ყველა სხვა ნიჭი და უნარი ამ არჩევანის მიხედვით გამოიყენო.
ამიტომაც, მეფე შეიძლება იყოს ბევრი, მაგრამ მეფე-მსახური, - მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანი.
თუ არ ვცხოვრობთ მცნებებით, არა ვართ სათნოებებით შემოსილნი და სხვისი მსახურება თუ არ არის ჩვენი სურვილი, მეფე-მსახურნი, ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანნი, ვერ ვიქნებით, თუნდაც რომ მაღალი სასულიერო წოდება გვქონდეს;
სამწუხაროდ, ადამიანთა დიდი ნაწილი ესწრაფვის, მას მოემსახურონ და მზრუნველობა მასზე გასწიონ, რომ ეგოისტური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილონ. სხვისთვის მსახურება მათთვის ტვირთია ან ღიმილისმომგვრელი მდგომარეობა და, რადგან თავისი ცხოვრების წესის გამო სულიერი სიხარული არ იციან რა არის, ბედნიერებას მხოლოდ წარმავალ, მიწიერ კეთილდღეობაში ეძებენ; ამ ძებნაში კი ცოდვებს ცოდვებზე ამატებენ და ბოროტისაგან სულ უფრო დამონებულნი ხდებიან.
ეკლესიის მისია, რა თქმა უნდა, არის საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ჩართულობა, მაგრამ უმთავრესია, სიმართლის გზა დაანახოს ხალხს და, ვისაც აქვს სურვილი, მოამზადოს გოლგოთის გავლით ცათა სამეფოს წევრობისათვის.
ამიტომაც განსაცდელების არ უნდა გვეშინოდეს და უნდა ვიცოდეთ: თუ ჭეშმარიტ მორწმუნეთა საზოგადოებად ჩამოვყალიბდებით, ვერავინ დაგვამარცხებს, თუნდაც რომ დიდ ძალას დავუპირისპირდეთ, რადგან ჩვენ კი არა, ჩვენს გვერდით ჩვენს გადასარჩენად მებრძოლი უფალი იქნება უძლეველი და გამარჯვებული.
ფაქტია, ყველას გვინდა ძლიერი, განვითარებული ქვეყანა გვქონდეს. ამის მიღწევა კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ საზოგადოებაში სწორი ღირებულებათა სისტემა იარსებებს და ამ საფუძველზე მოხდება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების მოგვარება. დეზორიენტირებული საზოგადოება კი ქაოსში ჩაიძირება და სახელმწიფოს დიდად დააზარალებს.
მიგვაჩნია, რომ, მართალია, ეკლესია და სახელმწიფო ინსტიტუციონალურად ერთმანეთისაგან გამიჯნული უნდა იყოს და არის კიდეც, მაგრამ ქვეყნის შენების საქმეში აუცილებლად უნდა თანამშრომლობდნენ და ეს ურთიერთობა შეიძლება შეედაროს ადამიანის სულისა და სხეულის კავშირს.
ღვთის მადლით, ჩვენ გადაკვეთის არაერთი სფერო გვაქვს, მაგრამ მინდა გამოვყო აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა-რესტავრაცია, რომელიც ძირითადად სახელმწიფოს ძალისხმევით მიმდინარეობს. ეს ის ეკლესიაა, სადაც პირველი საუკუნიდან დაბრძანებული იყო წმ. ანდრია პირველწოდებულისათვის ყოვლადწმინდა მარიამის მიერ გადაცემული მისი ხელთუქმნელი ხატი ყრმა იესოსთან ერთად.
დღეს, როცა ეს ტაძარი იწყებს განმზადებას ზეციური დედოფლის ხატის დასაბრძანებლად, ახალ სიცოცხლეს იძენს დედა ღვთისას ეს სიტყვებიც, წმ. მოციქულს რომ დააბარა: „შვილო ანდრია, წააბრძანე სახე ჩემი და სახე ძისა ჩემისა, ქვეყანასა ჩემდა წილხვდომილისა, რათა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღვუპყრა და შევეწიო და არავინ სძლოს მათ“ (ქართლის ცხოვრება).
„შენ, ზეცისა წვიმისა საწმისო, მარიამ, მხევალო და დედაო და ქალწულო, ცაო ცათაო, მხოლოო ხიდო ღმრთისაო კაცთა მომართ მოსვლისა, ნუ დასცხრები ხსნად სულთა ჩვენთაცა, ამინ!“
ყოველნო ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, ებრაელებო, აზერბაიჯანელებო, სომეხნო, უდინნო, იეზიდნო, ასირიელნო, ქურთნო, ინგუშებო, ჩერქეზებო, ჩეჩნებო, ლეკნო ... ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

ქრისტე აღდგა!

ინებოს ღმერთმა, საქართველოც აღდგეს!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი,
აღდგომა ქრისტესი,
8.04.2018 ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო

image
image თემა: აღდგომა
ავტორი: ილია II

სააღდგომო ეპისტოლე - 2011

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!

ქრისტე აღდგა!

გუგუნებენ ეკლესიათა ზარები და მსოფლიოს ამცნობენ, რომ დადგა დღე დღესასწაულთა დღესასწაულისა.
"დაემხო ძალი, პირველ სისხლითა მთრვალი", შეიმუსრა ჯოჯოხეთი, განქარდა ბნელეთის ძლიერება და კაცობრიობა გათავისუფლდა ეშმაკის ტყვეობისაგან. "სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი? სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი?!"

ქრისტე აღდგა!

ეს საოცარი სიტყვები ანგელოზის მიერ პირველად მენელსაცხებლე დედებს ეხარათ, დედებმა მსწრაფლ აუწყეს მოციქულებს, მოციქულებმა - თავიანთ სამწყსოებს და, აი, უკვე მრავალი საუკუნეა, მილიონობით ადამიანი ხმობს: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
მაინც რას ნიშნავს უდიდესი საიდუმლოებით მოცული ეს სასწაული, ანუ რა არის მიზეზი ჩვენი ასეთი ბედნიერებისა?
სამყაროს აქვს მხოლოდ ერთი საწყისი - ყოვლადძლიერი, ყოვლადკეთილი, ყოვლადბრძენი, ყოვლისშემოქმედი ღმერთი - ყოვლადწმიდა სამება, რომელიც ყველგან არის და ყოველივეს აღავსებს მადლითა თვისითა. იგი თავისი მარადიული ნეტარების წიაღისაკენ იზიდავს მთელ სამყაროს და ყოველივე ქმნულს, რომელიც, თავის მხრივ, მიისწრაფვის მისკენ და ადიდებს მას.
ფსალმუნში ვკითხულობთ "აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა; აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი; აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ვარსკულავნი და ნათელნი; აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი... აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი; ცეცხლი, სეტყუაი, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისაჲ, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა; მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი; მხეცნი და ყოველნი პირუტყვნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი"(ფს. 148, 1-4,7-11).
ამ ღავთაებრივ ჰარმონიას ურჩობისა და ამპარტავნების გამო თავისი ნებით განეშორა პირველქმნილი ადამიანი; თუმცა შემოქმედს მასზე ზრუნვა არ მიუტოვებია. ეს მდგომარეობა ბასილი დიდმა ასე გამოხატა: "შენ მარადის მწყალობ და მე განგარისხებ, შენ სინანულად მომიწოდებ და მე ურჩ გექმნები, შენ მხადი და მე გელტვი, ესრეთ ყოვლითურთ წინააღმდგომ შენდა არს ცხოვრებაი ჩემი".
და აი, თითქმის 2000 წლის წინ მოხდა ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა: ყოვლადდაუტევნელმა განკაცება ინება და კაცობრივი ბუნებით სიკვდილს დაექვემდებარა, ჯოჯოხეთში შთავიდა, რათა მართალთა სულნი ეხსნა და კაცობრიობისათვის დახშული ზეციური კარიბჭენი აღეხვნა. რა შეედრება იმ განძს, რაც მან ამ წუთისოფელში დროებით მყოფ თითოეულ ჩვენგანს გვიბოძა?! როგორ გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება ამ გამაოგნებელი თავგანწირვის, სიყვარულისა და მოწყალებისადმი?!
უფალი ჩვენგან არაფერს ითხოვს, ოღონდ ჩვენივე გადარჩენისთვის გვთავაზობს, ჩავჭიდოთ ხელი მის მხსნელ მარჯვენას და ჩვენი გული და სული მისკენ მივმართოთ, რათა ღვთის მადლით ცოდვის ჭაობს განვეშოროთ და შიგ არ დავინთქათ. ამ სასწაულთა სასწაულს ვზეიმობთ ახლა. ამიტომაც სიხარულითაა მოცული დედამიწა; ჩვენს გამო ხარობს ყოვლადწმიდა სამება და ანგელოზთა დასი, რადგან ხორციელი სიკვდილი აღარ არის მხოლოდ ჯოჯოხეთის კარიბჭე, არამედ იგი მორწმუნეთათვის წარუვალ ნეტარებაში აღმყვანებელ საშუალებად იქცა. ამიერიდან ესა თუ ის პიროვნება ან ეშმაკის და მისი ანგელოზების ხვედრი შეიქმნება და მარადიული ტანჯვისათვის გაიწირება, როგორც ეს ადრეც იყო, ანდა უფლისა და ანგელოზთა წიაღში დამკვიდრდება. სხვა არჩევანი არ არსებობს.
ბუნებრივია, ყველას სამოთხეში დამკვიდრება სურს, მაგრამ ეს უშრომლად არ მიიღწევა; მთავარია, ჩვენი ცხოვრების მიზნად სხვისთვის მსახურება დავისახოთ, რომ ქრისტეს მიმბაძველნი გავხდეთ.
პაისი ათონელი წერს: "თუ ადამიანი არ ფიქრობს მეორე ადამიანზე, არ გამოდის თავისი "მე"-დან და გამუდმებით თავისი თავის გარშემო ტრიალებს,... ის იმ ღერძს მიღმაა, რომელიც ქრისტეა".
წმიდა მამები იმასაც გვასწავლიან, რომ აბსოლუტურად ბოროტი და ცოდვილი კაცი არ არსებობს და რომ ყველაზე უარეს მათგანშიც კი არის რაღაც ნაწილი სიკეთისა. მაგ., თუ მას გულწრფელად უყვარს შვილები, მშობლები ან ოჯახის სხვა წევრები, უყვარს თუნდაც ცხოველები ან ბუნება, ე.ი. მასში არის ის ღვთაებრივი ნაპერწკალი, რომელიც ათბობს და ანათებს მის დაბნელებულ სულს; ყველას ვალია, ეს ნაპერწკალი საკუთარ თავში გააღვივოს და ღვთაებრივ ცეცხლად აქციოს.
საერთოდ, ქრისტიანის ცხოვრება საკუთარ თავთან ბრძოლაა, გულის სიწმინდისათვის ზრუნვაა; ეს არის სინანული და მცდელობა იმისა, რომ ღმერთი მოვიძიოთ და ჩვენს გულებში გავამეფოთ. გული არის სულის სავანე, სული კი ­- ერთგვარი ჭურჭელი, რომელშიც ღვთის მადლი იღვრება. მადლის სიდიდე ჩვენს პიროვნულ ღვაწლზე და ძალისხმევაზეა დამოკიდებული. ბოროტისაგან ჩვენი გულისა და სულის მთავარი დამცველი ჩვენი სინდისია. სინდისი არის ღვთის ხმა და იგი ყოველთვის გვიბიძგებს სწორი ქმედებებისაკენ. მთავარია, ყური დავუგდოთ მას. მაგრამ ადამიანთა ნაწილი სწორედაც რომ საპირისპიროდ იქცევა, - ცდილობს ჩაახშოს იგი; სხვის დასანახად ვითომ ემსახურება უფალს, გული კი განშორებული აქვს ღვთისაგან. მაცხოვარი ბრძანებს: "არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა. მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაისწარმეტყველებდითა?.... და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმენით? მას ჟამსა ვრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნით თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი (მათე 7,20-23). ღმერთმა გვიხსნას ამ მდგომარეობისაგან.
და მაინც როგორ მივხვდეთ, ჩვენს გულში ვის უდგას ტახტი? ამის პასუხს სახარება იძლევა: გულში, სადაც ცოდვა და ეგოიზმი ბატონობს, ბობოქრობს ღვარძლი, ავსიტყვაობა, შური, შუღლი, ამპარტავნება და სხვა ვნებანი, იქ უფლის მადლი არ მკვიდრობს. მაგრამ არის გული სიყვარულითა და სიკეთით სავსე, მიმტევებელი, სამართლიანი, მოწყალების გამცემი, სხვაზე მზრუნველი...".
ასე რომ, ძნელი არ არის გავერკვეთ, ვისი მსახურნი ვართ და, ვიდრე ჯერ კიდევ დრო გვაქვს, გადავდგათ გადამრჩენელი ნაბიჯები. საერთოდ, უფალი ადამიანებს სხვადასხვა ნიჭს და, აქედან გამომდინარე, სხვადასხვაგვარ პასუხისმგებლობებს აკისრებს. ზოგს ერთ ტალანტს აძლევს, ზოგს - ორს, ზოგს - ხუთს ან ათს; პასუხისმგებლობაც შესაბამისია: ვისაც ერთი ტალანტი ებოძა, მას ათი ტალანტისა არ მოეთხოვება; მსუბუქია მისი ჯვარი და უფლის წინაშე მისი ვალდებულებაც, ხოლო ვისაც მეტი მიეცა, მას მეტიც მოეთხოვება. მაგალითად, ზოგიერთს მხოლოდ ოჯახზე ზრუნვა მართებს, ესაა მისი პასუხისმგებლობა, ნაწილს, - ადამიანთა გარკვეული ჯგუფის, სოფლის ან ქალაქის ხელმძღვანელობა; სხვებს კი მთელი ქვეყნის ტვირთი აწევთ და ამ დონის მსახურება ევალებათ.
იერარქიის არსი ქრისტიანობაში, სხვებთან შედარებით, აბსოლუტურად განსხვავებულია და იგი ქვემდგომებისადმი უანგარო სიყვარულსა და მათთვის ზრუნვას გულისხმობს.
უფალი ბრძანებს: ვინც თქვენს შორის მოისურვებს უფროსობას, ის იქნება თქვენი მსახური, ხოლო ვინც მოინდომებს პირველობას, - ყველას მონა"; და ამის უდიდესი და უთვალსაჩინოესი მაგალითი, პირველ რიგში, თვითონ მოგვცა. ასეთი დამოკიდებულება მოეთხოვება ყველას, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევს. მსოფლიოში დღეს საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების და დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი პიროვნებათა თანასწორობისა და ღირსების დაცვისა სწორედ ქრისტიანულ სწავლებას ეყრდნობა, მაგრამ ზოგიერთთათვის ეს ცნებები უკვე განსხვავებულ შინაარსს ატარებს.
რა თქმა უნდა, არსებობს არაქრისტიანული იერარქიული ურთიერთობაც, რასაც წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ტირანიას უწოდებს და რაც ზემდგომთა ბატონობასა და ძალადობაზე და ქვეშევრდომთა მონურ ყოფაზეა დამყარებული. ჩვენ გარშემო, სამწუხაროდ, ურთიერთმიმართების არაქრისტიანული წესი სჭარბობს.
მაგალითად, ავიღოთ ქრისტიანული ოჯახი; ეს არის მცირე ეკლესია, რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს, პირველ რიგში, ღვთისადმი და შემდეგ ერთმანეთისადმი გამოვლენილ ჭეშმარიტ სიყვარულსა და პატივისცემაზე, ხოლო, თუ მათ ეს საფუძველი გამოეცალათ, თავს იჩენს ტირანია, რაც ხშირი კონფლიქტის საფუძველი ხდება. ნაცვლად იმისა, რომ თანამედროვე საზოგადოებას ეზრუნა ოჯახში ქრისტიანული ღირებულების დასამკვიდრებლად, დაიწყეს უკვე დანგრეული ურთიერთობების ხელოვნურად მოგვარება, რაც შედეგს ვერ გამოიღებს და ცოლის და ქმრის ურთიერთობას კიდევ უფრო არასწორი გზით წარმართავს.
ოჯახის სიმტკიცისთვის ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს თუნდაც ელემენტარული სოციალური პირობებისა და ზნეობრივი გარემოს შექმნას. პირველ ფაქტორს ძირითადად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა განსაზღვრავს. ვფიქრობთ, სახელმწიფოსთვისაც და ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვისაც სასარგებლო იქნება სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ზრუნვა. მე ადრეც მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ, ყოვლადაუცილებელია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება, ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნება და, რა თქმა უნდა, მიწისადმი ხალხისათვის ინტერესის დაბრუნება. კარგი იქნება, თუ ამ პროცესს მთავრობა მხარს დაუჭერს და დოტაციური და მრავალწლიანი შეღავათიანი კრედიტებით გაამაგრებს, რაც დასავლეთის ქვეყნებში (მიუხედავად განვითარებისა) დღესაც ხორციელდება. რაც შეეხება ზნეობრივ გარემოს, ეს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე, მის ორიენტაციაზეა დამოკიდებული.
სავსებით ნათელია, რომ ძალადობრივი, ნიჰილისტური და უხამსი ფილმებითა და გადაცემებით აღზრდილი თაობა ჯანსაღ ატმოსფეროს ვერ შექმნის და ოჯახსაც მნიშვნელოვნად დააზიანებს. არადა, როგორი მონდომებაა, რომ უძლიერესი ფსიქოლოგიური საშუალებით - მასმედიით ბოროტება და ცოდვითი ცხოვრება აღზევდეს, ვულგარიზებული, ტექნოლოგიური საზოგადოება ჩამოყალიბდეს და მის ბატონ-პატრონად ფული იქცეს, რომ ადამიანებმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა, სწორი ორიენტირები დაკარგონ და ქრისტეს მცნებები წარსულის გადმონაშთად მიიჩნიონ. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე მოქმედებს ხალხზე, დღეს უკვე ადამიანებს გაცილებით უადვილდებათ ოჯახის დანგრევა, თავისუფალი ურთიერთობების დამყარება, მამათმავლობის ჩვეულებრივ მდგომარეობად წარმოჩენა, ოჯახური ანომალიების გახმაურება... არავინ ასწავლის თუნდაც იმას, რომ აბორტის გაკეთება და საკუთარი შვილის სიცოცხლის ხელყოფა ან ე.წ. "სუროგატი დედების" ინსტიტუტის შექმნა" უმძიმესი დანაშაულია, რომლის გამოსყიდვა ადვილი არ არის.
ძალიან სამწუხაროა, რომ ხდება ეგოისტური აზროვნების წახალისება. ასეთი ადამიანები მოყვასს მოიაზრებენ მხოლოდ თავისი მიზნების განხორციელების საშუალებად, რაც მადლიერების გრძნობასაც გამორიცხავს და, ამასთან, აყალიბებს ისეთ დამოკიდებულებას, როცა სხვისი გამეტება და სიცოცხლის ხელყოფა ეადვილებათ. თუმცა ცოდვითი ცხოვრების მიმდევართა და პროპაგანდისტთა შორისაც ვხედავ ბევრს ისეთს, რომელნიც, უფლის წყალობით, შეცვლიან თავის ცხოვრების წესს და ჭეშმარიტი სიკეთის მთესველნი გახდებიან. ასეთი ზეწოლის მიუხედავად, ჩვენი საზოგადოებისა და ახალგაზრდების დიდი ნაწილი, მათ სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ მაინც ინარჩუნებს ტრადიციულ ღირებულებებს და ქართული იდეის მატარებელნი არიან. საერთოდ, ყველა ერს თავისი იდეა აქვს.
რა არის ჩვენი იდეა და რაში ვლინდება იგი?
ეს შეიძლება გამოვთქვათ ერთი ყოვლისმომცველი სიტყვით - ჭეშმარიტების მსახურება, რაც, პირველ რიგში, გამოიხატა უფლისადმი ჩვენს უდიდეს სიყვარულში, მისდამი ერთგულებასა და თავგანწირვაში.
დიახ, უზენაესი ჭეშმარიტებისადმი თავდადება არის ქართული იდეა, ამიტომაც გვიანდერძა წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალმა: "ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსა!" და მართლაც, ჩვენი ერი ჯვარს ეცვა ჯვარცმული ღვთისთვის. პეტრიწონის (ბულგარეთი) ქართული მონასტრის წარწერაც ამაზე მიგვანიშნებს: "ქართველნი ვართ ნათესავნი მხნენი და მარადის ჭირვეულსა ცხოვრებასა ჩვეულნი".
ქართული იდეის განვრცობის არეალი გიორგი მერჩულემ ასე განსაზღვრა: ქართლად ფრიადი ქუეყანა აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების", ხოლო, ენასა ამას შინა "ყოველი საიდუმლო დამარხულ არს" (იოანე-ზოსიმე). აქ, არ იგულისხმება ენა, როგორც მხოლოდ მეტყველების საშუალება, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ერის მსოფლმხედველობის გამოვლინება, რომელიც თავისი მრავალფეროვნების მიუხედავად, არის ერთი და ერთიანი. ქართველისათვის პატრიოტიზმიც ღვთისმსახურებაა. იგი სამშობლოს პატრონობს და საკუთარი სისხლის ფასად იცავს, რადგან ამაში ხედავს ღვთის მიერ დაკისრებულ პასუხისმგებლობას. მას სხვისი არაფერი უნდა, მაგრამ დროებით დაკარგულ თავის ტერიტორიებსა და ხალხს კი ყოველთვის თავისად მიიჩნევს. ჩვენი სულისკვეთება კარგად ჩანს ამ სიტყვებში: "სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება". დიახ, ქართული იდეისთვის უცხოა ექსპანსია და აგრესია. ამიტომაცაა მთელი ჩვენი ისტორია უანგარობის, გულწრფელობის, ვაჟკაცობისა და ზნეობრიობის გამოხატულება.
ქართულ იდეაში ასევე სრული სისავსით არის განხორციელებული ქრისტიანული მცნება მოყვასის სიყვარულისა. ჩვენ სისხლში გვაქვს გამჯდარი ეს დამოკიდებულება: "ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული - გზად და ხიდად" (რუსთაველი), რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჭეშმარიტებისა და სიკეთის მსახურებას გულისხმობს. ბოროტ საქმეში მეგობრობა და ერთგულება კი ეშმაკთან თანაზიარებაა. ქართულმა იდეამ საუკუნეთა მანძილზე ჩამოაყალიბა ჩვენი ხასიათი, ჩვენი კულტურა და ყოფა.
ქართული იდეა არის იმ ჭეშმარიტი ღვთისმსახურების გაგრძელება, რომელიც უფალმა დაუდგინა ადამს, ნოეს, აბრაამს, მოსეს... ოღონდ ეს არის ახალ ისრაელად სახელდებული ერის მსახურება (ცხოვრების წესი) ზეციური იერუსალიმის დასამკვიდრებლად. ასეთია ჩვენი წინაპრების მიერ არჩეული გზა; გზა ძნელი, მაგრამ საამაყო, ვიწრო, მაგრამ გადამრჩენელი, დროებითი ტკივილით დამძიმებული, მაგრამ ქრისტესმიერი მარადიული სიხარულით სავსე. სწორედ ამ სულისკვეთების მქონე პიროვნებები ქმნიან ღვთისმშობლის წილხვედრ ქართველ ერს, ხოლო ის ქართველები, რომლნიც ასეთი წესით არ ცხოვრობდნენ და არ ცხოვრობენ, თავისთავად განეშორებიან ან უპირისპირდებიან მის წიაღს და ქართული იდეის ნაწილად ვერ მიიჩნევიან. ისინი არიან ვაზის ნასხლავნი, რომელთა შორის სიცოცხლე არ არის. ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ქართული იდეისათვის მარტო გენეტიკურ ნიშანს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. გავიხსენოთ მეფე ლუარსაბ დიდის ერთ-ერთი შვილი დავითი და მეფე თეიმურაზ I. ეგოისტური და ანგარებიანი ინტერესებიდან გამომდინარე, დავითი ღვიძლ ძმასაც დაუპირისპირდა და საქართველოსაც, სარწმუნოებაც შეიცვალა და დაუდ-ხანად ქცეული მტრის ინტერესების დამცველი და მათი იდეის განმხორციელებელი გახდა. მაშინ, როდესაც თეიმურაზ I რწმენისა და მამულის დაცვას დედაც და შვილებიც შესწირა და თავისი ცხოვრებაც მუდმივ ბრძოლასა და ტანჯვა-წამებაში გაატარა, ბოლოს კი ბერობაში აღესრულა; მისი ცხოვრება ხალხისთვის მისაბაძ მაგალითად იქცა.
ასე რომ, ქართული სამყარო, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ერის წიაღი, მხოლოდ გენეტიკური ნიშნით არ შემოიფარგლება. სწორედ ეს აზრია ჩადებული ფარისევლებისადმი თქმულ მაცხოვრის ამ სიტყვებში: "უწყი, რამეთუ ნათესავნი აბრაჰამისნი ხართ..., სიტყუაი ჩემი ვერ დაეტევის თქუენ შორის..., უკეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთაცა აბრაჰამისთა იქმოდეთ..., თქვენ მამისა ეშმაკისანი ხართ და გულისთქმათა მამისა თქუენისათა გნებავს ყოფად; რომელი ღმრთისაგან არს, სიტყუათა ღმრთისათა ისმენს. ამისთვის არა ისმენთ თქუენ, რამეთუ არა ხართ ღმრთისაგან" (იოანე 8, 37,39,44,47). აღვნიშნავთ იმასაც, რომ ქართული იდეის შემოქმედნი იყვნენ არაქართველნიც. მაგალითად, სპარსი რაჟდენ პირველმოწამე და ევსტათი მცხეთელი, ტომით სომეხი დიდებულის ასული შუშანიკ დედოფალი, არაბი აბო, ასურელი წმიდა მამები და სხვანი.
სწორედ ქართული იდეიდან მომდინარეობს ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტობაც, რაც იყო საფუძველი აქ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მხრიდან ჩვენი ჭირ-ვარამის გაზიარებისა და საქართველოსთვის მსახურებისა. საუკუნეთა განმავლობაში სხვებთან ერთად, ქართული იდეის და ქართული სახელმწიფოს თანაშემოქმედნი იყვნენ აფხაზები. ქართული სამყაროს შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი ყოველთვის იყო აფხაზეთი. ამაზე მეტყველებს აქ არსებული უძველესი ქრისტიანული ტაძრები და წარწერები, ქართველ მეფეთა ტიტულატურა. ამაზე მეტყველებს აფხაზეთში, ბედიის მონასტერში დაკრძალული ერთიანი საქართველოს პირველი მონარქის, - ბაგრატ III-ის საფლავი. ამაზე მეტყველებს ჩვენს შორის არსებული სისხლისმიერი ნათესაობა და ნათელ-მირონობა...
ჩვენ ერთი ღმერთის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და საერთო წმინდანების მიმართ ვლოცულობთ. მათი შეწევნით, ვიმედოვნებთ, მტერი ვერ გაგვთიშავს. აფხაზეთის მიტროპოლიტად კათოლიკოს-პატრიარქის დადგინებაც ჩვენი გაყოფის მოსურნეთა საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯი იყო. მე განსაკუთრებით ვლოცულობ თქვენთვის და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულსაც განსაკუთრებით ვულოცავ ჩემს უშუალო სამწყსოს - ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას, საქართველოს ყველა კუთხის შვილს, ვულოცავ ჩვენს მართლმადიდებელ სამწყსოს: ოსებს, ბერძნებს, ასირიელებს, აფხაზებს, რუსებს, სომხებს, იეზიდებს, აზერბაიჯანელებს, მცირერიცხოვან, მაგრამ უძველესი ისტორიის მქონე უდებს... უცხოეთში დროებით მყოფ თანამემამულეთ, აგრეთვე ტაო-კლარჯეთის, ლაზეთის, ფერეიდანის, მაზანდარანის, ჰერეთის მკვიდრთ და უფალს თქვენთან ერთად შევღაღადებ: "აღდგომასა შენსა ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა და ჩუენცა ღირს მყვენ ქუეყანასა ზედა წმიდით გულით დიდებად შენდა!"

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!


სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
აღდგომა ქრისტესი
თბილისი, 2011 წელი ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო

image
image თემა: აღდგომა
ავტორი: ილია II

სააღდგომო ეპისტოლე - 2003

იმედი – შიშისა და სასოწარკვეთილების ნაცვლად

ღვთისმშობლის წილხვედრი კურთხეული ივერიის ღვთისმოყვარე, მშვიდობისმოყვარე სამწყსოს:

"თუკი ღმერთი ჩვენს მხარესაა, მაშ ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ" (რომ.8,31).
ყოვლადუსამღვდელოესო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ყოველნო ღვთივდაცულნო შვილნო ივერიისა, საქართველოს მკვიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ დროებით მცხოვრებნო თანამემამულენო, ისმინეთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სიტყვები და ღრმად აღიბეჭდეთ გულში: "ამას იტყვის წმიდაი იგი და ჭეშმარიტი, რომელსა აქუს კლიტე დავითისი, რომელი-იგი განაღებს, და არავინ დაჰხშას, გარნა განმღებელმან მან, და არავინ განაღოს დახშული იგი. ვიცნი საქმენი შენნი. აჰა ესერა მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დახშვად ვერვინ შემძლებელ არს" (გამც. 3,7-8).
აი, ჩვენს წინაშეა გახსნილი კარი ცათა სასუფევლისა. ამ უნაპირო წყალობით მაცხოვარმა დაგვაჯილდვა.
ქრისტე აღდგა!
აღდგა ღმერთი, "რომელიც მიცემულ იქნა ჩვენი ცოდვების გამო, და აღდგა ჩვენს განსამართლებლად" (რომ. 4,25). გიხაროდეთ!
აღდგა სიკვდილის დამთრგუნველი უფალი, წყარო სიცოცხლისა, მომნიჭებელი საყოველთაო აღდგომისა. გიხაროდეთ!
სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, - აი, მთავარი არსი და მიზეზი პასექის ზეიმისა. მაშ, ფართოდ გაუხსენით მას გული და აღივსენით არამიწიერი სითბოთი და სიყვარულით, რომელიც ასე უხვად ეფინება დღეს თითოეულ ჩვენგანს.
ქრისტე აღდგა!
ისინი კი, ვინც უფლისმიერი სიხარულის ამ განცდას და სულიწმიდის მადლს განშორებულნი არიან, უნდა ეცადონ, ეკლესიური ცხოვრებით როგორმე მოიპოვონ იგი; როგორც წერს წმ. ირინეოს ლიონელი, "სადაც ეკლესიაა, იქ სულიწმინდაცაა და სრული სისავსე მადლმოსილებისა. ეკლესიის და სულიწმიდის გარეშე კი ნებისმიერი ადამიანი დაუცველია და დაღუპვისათვის განწირული", რადგან, ცხოვრების მღვრიე ტალღებს შეჯახებული, სასოწარკვეთილებაში ადვილად ვარდება და ბოროტის გავლენისაგან თავის დაღწევას დიდი ძალისხმევითღა თუ შეძლებს. სამწუხაროდ, ბევრნი თვითმკვლელობით ამთავრებენ სიცოცხლეს, რაც სულიწმიდის გმობაა და არ ეპატიება ამის ჩამდენთ არც ამქვეყნად, არც იმქვეყნად.
ცხოვრება ფართო არჩევანს გვთავაზობს და ეშმაკი ყოველნაირად ცდილობს ცოდვებში ჩაგვითრიოს, რათა ღვთიურ მადლს განგვაშოროს და ამქვეყნიურ საცდურთა საშუალებით მარადიული სასუფეველი დაგვაკარგვინოს; ან უნდა დავამარცხოთ ჩვენი თავი და ჩვენზე გაბატონებული მიწიერი ვნებანი, ანდა უნდა ბიწიერებისა და ბოროტების მთესველად ვიქცეთ.
დიახ, თუ ჩვენ ჩვენს თავს ვერ მოვერევით, ვერ ვძლევთ ჩვენს სიამაყეს, ჩვენს მრისხანებას, შურს, დიდებისმოყვარებას, ხორციელ ვნებებს, მომხვეჭველობას, სიძულვილს, განკითხვას და სხვა მანკიერ თვისებებს, აუცილებლად ცოდვის ჭაობში დავინთქმებით. თუმცა, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ჩვენი მდგომარეობა, უნდა გვახსოვდეს, რომ დაცემას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეგუოთ. ახალი ცხოვრების დაწყება არასოდეს არ არის გვიან, ყველა სხვა ქვენა გრძნობასა და ინსტინქტს გადარჩენის წყურვილმა უნდა სძლიოს.
თითოეულ ჩვენგანს მძიმე, მაგრამ განმწმენდელი გზა გვაქვს გასავლელი. ეგვიპტიდან აღთქმული მიწისკენ მიმავალ ებრაელთა მსგავსად ჩვენ "სულიერი იერუსალიმისაკენ" უნდა ვისწრაფოთ. ასე რომ, "სინას უდაბნოს" დაძლევა მოგვიწევს და გარკვეული ხნით ფარაონიც მოინდომებს ჩვენ დევნას, მაგრამ თუ უფალი იქნა მწე ჩვენდა და მფარველ ჩვენდა, ვისა გვეშინოდეს?! (ფს.). მაშ, დავით მეფის სიტყვებით შევთხოვოთ ღმერთს: "შთამაცუ მე ძალი ბრძოლასა, შეაბრკოლენ ყოველნი, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჩემ ქუეშე" (ფს. 17,39).
მაგრამ ამას რომ მივაღწიოთ, უნდა ვიყოთ უფალთან, ანუ უნდა ვიყოთ წევრნი ჩვენი წმიდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელმაც ოცი საუკუნის მანძილზე შეურყვნელად დაიცვა ქრისტეს ჭეშმარიტი სწავლება და შეგვანარჩუნებინა თვითმყოფადობა, ჩვენი სული, ჩვენი მამული, ჩვენი საოცარი კულტურა.
წმიდა მამები ხშირად შეგვახსენებენ ეკლესიის მნიშვნელობას მორწმუნის ცხოვრებაში. როგორც ვთქვით, ადამიანი უპირველეს ყოვლისა, მასში მოიპოვებს სულიწმიდის მადლსა და ნამდვილ თავისუფლებას, ადვილად სძლევს სიძულვილის, უნდობლობისა და გაუტანლობის ატმოსფეროს, სიმარტოვის მძიმე განცდასა და ყველანაირ მძიმე შიშს.
მოციქული პავლე ჩამოთვლის სულიწმიდის ნიჭთ, რომელთაც ადამიანი ეკლესიის მეოხებით ეზიარება: "სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება" (გალ. 5,22-23). აი, ამ საფუძველზე უნდა გახდეს თანაზიარი ცათა სასუფევლისა.
რა თქმა უნდა, ყველას სურს მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება, მაგრამ პრობლემებს ვერავინ გაექცევა, რადგან ჩვენი დაცემული ბუნება თვითონ შობს მათ.
არც ეკლესიის წიაღში ყოფნა ნიშნავს უზრუნველ ყოფას; პირიქით, სწორედ ესაა ის არეალი, სადაც ბოროტება დაუცხრომელად ებრძვის სიკეთეს; ოღონდ აქ აუცილებლად გამარჯვებას მიაღწევს ყველა, ვინც უფლისმიერი, ვიწრო, ეკლიანი, მაგრამ ერთადერთი და გადამრჩენელი გზით ივლის.
სწორედ ბოროტთან ხილული თუ უხილავი ბრძოლით და მასზე გამარჯვებით მოვიპოვებთ სულიწმიდის მადლს, რომელიც შინაგანი სიმშვიდით, არამიწიერი სიყვარულითა და სიხარულით აღავსებს თქვენს შინაგან სამყაროს. ასე რომ, ნუ შეგაშინებთ პრობლემები; საცდური და განსაცდელი თვით უფალსაც ჰქონდა უდაბნოში ყოფნის დროს და უწინარესად იქ განცხადდა მისი ძალა, სიბრძნე და მადლმოსილება.
ესეც იცოდეთ, თუ მიუკერძოებლად ჩაუღრმავდებით განვლილ ცხოვრებას, აღმოაჩენთ, რომ ჩვენზე მოწევნული მწუხარებისა და განსაცდელის მთავარი მიზეზი ჩვენშივეა და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ჩვენეული აღქმა ჩვენი შინაგანი და გარეგანი სამყაროსი, როგორია ჩვენი დამოკიდებულება ღმრთისა და მარადიული ღირებულებებისადმი. ამავე დროს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გულისა და გონების სისუფთავეს. ამიტომაც ცდილობდნენ ღირსი მამები ლოცვას, მარხვასა და სულიერ ღვაწლთან ერთად განეწმინდათ გონება, რათა უბიწო ყოფილიყო მათი ფიქრი, ხოლო აზროვნება – ღრმა (რაც უფლის შიშიდან მომდინარეობს და არა განსწავლულობიდან, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია).
ყოველივე ზემოთქმულის შესახებ საოცრად მსჯელობს იმპერატორი ნერონის თანამედროვე, რომში I საუკუნეში მცხოვრები დიდი მოაზროვნე და ფილოსოფოსი ეპიქტეტე (60-138 წწ.), რომელიც სოციალური მდგომარეობით მონა იყო, მაგრამ ყველას თავისუფალ პიროვნებად მიაჩნდა. მან მშვენივრად უწყოდა და სხვათაც უხსნიდა, თუ ბატონს როგორ აქცევს მონად მისი მიწიერი ვნებანი და, პირიქით, თვით ყველაზე მძიმე მონობისა და ტყვეობისაგან როგორ ათავისუფლებს ადამიანს შინაგანი კავშირი ღმერთთან.
იგი ამბობდა: საგნები და მოვლენები კი არ ანიჭებენ კაცს ბედნიერებას, არამედ ჩვენი დამოკიდებულება მათდამი, ამიტომაც ბედნიერება ჩვენს ხელშიაო. "იყავი მართალი, და შენ იქნები თავისუფალი და ბედნიერიც. ყველას, ვისაც სურს მოიპოვოს თავისუფლება, შეუძლია ეზიაროს მას, ოღონდ ამისთვის აუცილებელია განთავისუფლდეს ცოდვისა და ყოველგვარი სიბილწისაგან".
"გაბატონდი შენს ვნებებზე, თორემ ისინი დაგიმორჩილებენ შენ; თუ ცუდი აზრი მოგივა, ეცადე შეაჩერო და თავიდანვე გაანალიზო ყველა ის შედეგი, რაც მას მოჰყვება. ამასთან, მოუხმე მის საწინააღმდეგო კეთილ ფიქრებს, შეაჯერე ისინი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღე გადაწყვეტილება. იცოდე ესეც, თუ გსურს იყო მართალი, კარგად უნდა დარწმუნდე, რომ შინაგანად დაცემული ხარ".
თითქოს საუკუნეებს გადასძახისო ეს დიადი მონა, როცა ამბობს: "მიჩვენეთ თუნდაც ერთი მაგალითი, ერთი საშუალება გამდიდრებისა ისეთი, რომელიც არ წაბილწავს სულს და მეც მივბაძავ თქვენს რჩევას".
მეტად საინტერესოა ბრძენი ლაო-ძის დარიგებაც: "ძლიერია, ვინც სიყვარულითაა სავსე; გულუხვია, ვინც ზომიერად გასცემს; მეფობს, ვისაც მორჩილება შეუძლია.
ვინც ძლიერია და არა აქვს სიყვარული, - გაუბედურდება, ვინც გულუხვია, მაგრამ არ იცავს ზომიერებას, - გაღატაკდება, ვინც ბატონობს, მაგრამ არ იცის მორჩილება, - დაიღუპება".
ღმერთს ყველაზე მეტად ამპარტავანი არ მოსწონს და ყველაზე მეტად თავმდაბლობას აფასებს. ამიტომაც, შინაგანი თვითკმაყოფილების გაჩენისთანავე (რაც ამპარტავნების უპირველესი ნიშანია) მსწრაფლ წვრთნის მას, ვინც უყვარს.
უდაბნოში ერთი ბერი მოღვაწეობდა და დაუცხრომელ ლოცვასა და მარხვაში იყო. ამპარტავნების ბოროტმა სულმა ნელ-ნელა იწყო მისი სულის დაპყრობა და თანდათან უნერგავდა აზრს მისი განსაკუთრებულობის შესახებ. როცა ასეთმა ფიქრებმა სერიოზულად შეაწუხეს, მას ეყო სიბრძნე, მიატოვა უდაბნო, მონასტერში დაბრუნდა და თავისი მდგომარეობის შესახებ წინამძღვარს უამბო. მან მაშინვე იგრძნო საფრთხე და უბრძანა, ჯოხი აეღო და ღორები ემწყემსა. ბერმა დაუჯერა. მისი საქციელი ბევრს გაუკვირდა და დაცინვა დაუწყო, მაგრამ მეუდაბნოემ მათ კეთილგანწყობას მორჩილება ამჯობინა. საკუთარი თავის ასეთი დამცირებით იგი გადარჩა და ცნობილი მამა გახდა.
დღეს, როგორც არასდროს, ჩვენში დაჩლუნგებულია სულიერი ხედვის უნარი; იშვიათად თუ ვინმეს აქვს სურვილი, საწყის ეტაპზევე გააცნობიეროს ის საფრთხე, რომელსაც მასში თვითკმაყოფილება უკაფავს გზას და ეს დამღუპველი გრძნობა დროზე ალაგმოს. ამიტომაცაა ყველაზე მეტად ფესვგადგმული უდიდესი ცოდვა – ამპარტავნება.
ამპარტავნებას სხვადასხვა სახის გამოვლინება აქვს. მისი ერთ-ერთი მძიმე ფორმაა სიმდაბლით ამპარტავნება. როგორც ამბობენ, ეს "თავმდაბლობა" უარესია ამპარტავნებაზე. ვინც ამ ცოდვაშია თავის თავს ხშირად ამცირებს სიტყვით და აღიარებს, რომ სუსტია და მრავალი მანკიერი თვისება აქვს, მაგრამ საკმარისია ვინმესგან შენიშვნა მიიღოს, მსწრაფლ განრისხდება, განაწყენდება და უჭირს პატიება. თუ ასეთ ადამიანებს მართლაც სურთ თავმდაბლობის მოპოვება, უნდა მიეჩვიონ წყენის უდრტვინველად გადატანას; ეს აუცილებელი პირობაა.
ამპარტავნებიდანვე მომდინარეობს სხვათა განსჯის სურვილი და ვერ დანახვა საკუთარ უძლურებათა.
ერთხელ ერთმა ბერმა რაღაც ცოდვა ჩაიდინა, რის გამოც სულიერმა ძმებმა განკითხვა დაუწყეს. მას არ უცდია თავის გამართლება, ლოცულობდა, ტიროდა და ჩადენილს მწარედ ნანობდა. მონასტრის წევრებმა გადაწყვიტეს, სასჯელი დაედოთ მისთვის და ამ მიზნით მოიწვიეს მეუდაბნოე ცნობილი სულიერი მოძღვარი. იგი თავდაპირველად კრებაზე არ მოვიდა, მერე კი გამოცხადდა ზურგზე ძველი დიდი ტომრით, საიდანაც სილა იყრებოდა. ბერებმა ჰკითხეს, თუ რას ნიშნავდა ეს. მოძღვარმა კი უპასუხა: "სილა – ეს ჩემი ცოდვებია, მაგრამ მე მოვედი ჩემი ძმის დასასჯელადო". ამით მან მიანიშნა, რომ ისინი, ვინც დამნაშავის განსჯას მოითხოვდნენ, თვითონაც ცოდვილნი იყვნენ და ამდენად არ ჰქონდათ მორალური უფლება სხვისი დამცირებისა. მონასტრის ძმებმა გულისხმაყვეს, რომ არასწორად მოიქცნენ, შეინანეს დანაშაული და შეცდომილი ბერი სიყვარულით შეიწყნარეს.
ეს მაგალითები, მართალია, სასულიერო პირთა ცხოვრებიდანაა, მაგრამ იგივე და უფრო მძიმე სიტუაციაა ერში. ერისკაცთ უფრო უჭირთ გააცნობიერონ, რომ თვითონ სხვაზე არანაკლებად დაცემულნი არიან, რომ განკითხვა აბინძურებს სულს და მათ ისედაც ცოდვით სავსე ცხოვრებას ახალ სიმძიმეს ჰმატებს და რომ ყველამ გამოსწორება სხვისგან კი არა, საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს.
მინდა შევჩერდე თანამედროვე ყოფისათვის დამახასიათებელ ერთ მოვლენაზეც: მეტად სასიხარულოა, რომ მიუხედავად საყოველთაო გაჭირვებისა, მთელ საქართველოში შენდება ეკლესია-მონასტრები. ალბათ, ასე მოკლე დროში ჩვენთან ამდენი ტაძარი არც არასდროს აგებულა. ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მოსწყურდა 70-წლიანი ათეისტური რეჟიმით დათრგუნულ ხალხს ღმერთი და როგორ ილტვიან მისკენ მდიდარნიც და ღარიბნიც, მართალნიც და ცოდვილნიც, ასაკოვანნიც და უასაკონიც, მეცნიერნიც და უბირნიც.
ახალი ტაძრების მშენებლობა ღვთისთვის მართლაც სათნოა, მაგრამ ხშირად ავიწყდებათ, რომ კიდევ უფრო დიდი მადლია დაზიანებული ეკლესიების რესტავრაცია, ძველი ტაძრებისა და მათი ნანგრევების აღდგენა. ვინც ამას აკეთებს, უფლის წინაშე დიდად კეთილ საქმეს იქმს: ამასთან, ეს ნაბიჯი უფრო მოკრძალებულია და ამბიციურობისაგან თავისუფალი, ხოლო უფლისმიერი შეწევნა – გაცილებით დიდი, რადგან ასეთ ადამიანს და მის ოჯახს არ მოაკლდება მეოხება იმ სასულიერო და საერო პირთა, რომელნიც ამ ტაძრებსა და მონასტრებში ლოცულობდნენ და მოღვაწეობდნენ. მათი აღდგენა-განახლება წინაპართა პატივისცემისა და სამშობლოს სიყვარულის უფრო დიდი გამოვლინებაა.
საერთოდ, ძნელია გამოთქმა იმ გრძნობისა, რომელიც სამშობლოსთან გვაკავშირებს. თუ ვიტყვით, რომ იგი გვიყვარს, - ეს არაფრისმთქმელი ფრაზაა. არც დედამიწის ულამაზეს გარკვეულ გეოგრაფიულ სივრცედ მისი აღიარება ნიშნავს რამეს. ჩვენ სისხლხორცეული ნაწილი ვართ ჩვენი მამულისა, იგი საუნჯეა ჩვენი. ჭირს გარჩევა, ჩვენ ვცხოვრობთ მასში, თუ ის მკვიდრობს ჩვენს გულებში. სამშობლო, ესაა ენა ქართული, ესაა სული ჩვენი დიდებული წინაპრებისა, ათასობით წმინდა მოწამისა, მეფეთა, კათოლიკოს-პატრიარქთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა და დედათა, ესაა ჩვენი უთვალავი ტაძარი და მონასტერი, ჩვენი სიწმინდენი, ხელოვნება, არქიტექტურა, მწერლობა, ესაა ჩვენი ხასიათი და აზროვნების წესი; ესაა ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი. სამშობლო ჩვენი დიდი იმედია. მისდამი გრძნობა ისევე ამაღლებული და სათუთია, როგორც სიყვარული ღვთისადმი. ამიტომაც ამბობს ქართველი:
"როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა".
მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მომივლია და მამულის ასეთი მტკივნეული განცდა სხვაგან არსად მინახავს. ეს გრძნობა განსაკუთრებით უნდა შეინარჩუნონ უცხოეთში მყოფმა ჩვენმა თანამემამულეებმა და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ, რადგან დიდხანს ფესვებს მოწყვეტილი ადამიანი ეროვნულ თვითშეგნებას კარგავს.
მახარებს, რომ საქართველოში მცხოვრები სხვა ერის შვილებიც დიდი სიყვარულით არიან განმსჭვალულნი ჩვენი მიწა-წყლისა და ხალხისადმი, თუმცა ქვეყნისადმი დამოკიდებულება ყველამ საქმით უნდა აჩვენოს. ეს უწინარესად ეხებათ პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს, რადგან მათ ქვეყნის მართვის სადავეები უპყრიათ.
ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალი, ჰუმანური და დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის პერიოდში. ერთი რამ ცხადია, თუ მართლაც თავისუფალ სახელმწიფოს ვაშენებთ, ეს პროცესი არ მიგვიყვანს ფსევდოთავისუფლებამდე, ქაოსსა და ნგრევამდე, რადგან ჭეშმარიტი თავისუფლებით ნაკარნახევი ჩვენი აზრები და ქმედებანი არ დაარღვევს ზნეობისა და ეთიკის ნორმებს. ეს განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს ახლა, როცა გვიახლოვდება საპარლამენტო არჩევნები.
არჩევნებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო პოლიტიკურ მოღვაწეთაც და სასულიერო პირებსაც, რომ ეკლესია არის ერთადერთი ძალა, რომელმაც უნდა გააერთიანოს ერი და, ამდენად, მისი გამოყენება ვიწრო პარტიული ინტერესებისათვის ყოვლად დაუშვებელია. სასულიერო პირებს, წმ. სინოდის დადგენილებით, აკრძალული აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უშუალოდ მიღება (იგულისხმება საქმიანობა და არა ხმის მიცემა) და ამა თუ იმ პოლიტიკური ბლოკის, პარტიისა თუ ცალკეული პიროვნებისადმი საჯაროდ მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს ისეთ პიროვნულსა თუ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის უმთავრეს საკითხებში ჩვენს ჩაურევლობას, როგორიცაა, მაგ. ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა, ეროვნული ეკონომიკის აღორძინება, სოციალური პრობლემები და სხვ.
ეკლესია სულის საკურნებელი ადგილია და იგი ყველა მორწმუნეს თანაბრად ეკუთვნის; ტაძარი სახლია უფლისა, ხოლო "მიკერძოება უცხოა ღმრთისათვის" (რომ. 2,11). როგორც ჩანს დღესაც ხშირად უნდა გავიხსენოთ პავლე მოციქული, რომელიც მორწმუნეებს დიდ შეცდომად უთვლიდა ასეთ დამოკიდებულებას: "მე პავლესი ვარ, მე აპოლოსი, მე კეფასი, მე კიდევ ქრისტესი. ნუთუ გაიყო ქრისტე?" (კორ.1,12-13).
არ შემიძლია არ აღვნიშნო ისიც, რომ ხშირად ჩვენს ირგვლივ არსებულ სიტუაციას შედარებით უფრო მკვეთრად უარყოფითად აღიქვამენ, ვიდრე ეს სინამდვილეშია. მართალია, მუდმივად გვაქვს დენის და გაზის პრობლემა, დაბალია საპენსიო და სახელფასო ანაზღაურება, მცირეა სამუშაო ადგილები, მაგრამ ეს მაინც არ არის გამოუვალი მდგომარეობა. სხვადასხვა სახის პრობლემა ყოველთვის იყო; ამაზე მძიმე დროც გვქონია, მაგრამ დღეს სიტუაციას ამძაფრებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მოვლენათა დრამატიზება და ამასთან ზნეობრივი თავაშვებულობის პროპაგანდა; ასევე ჩვენი დიდი ნაკლია დაყოფა და ურთიერთდაპირისპირება, რაც დრომაც მოიტანა.
მიუხედავად ყველაფრისა, მდგომარეობა გამოსწორებადია. მშვენივრად წერს ბრძენი: "ო, უბედურებავ, შენ ხარ სათავე ბედნიერებისა; ო, ბედნიერებავ, შენ ხარ ძირი უბედურებისა". ამიტომაც მჯერა, ადრე თუ გვიან, ხალხი ალღოს აუღებს შემოთავაზებულ სიახლეებს, შეძლებს ავისა და კარგის გარჩევას, მოიკრებს ძალას მანკიერ თვისებათა დასაძლევად, ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწორებლად და ერთობისაკენ ჩვენი სწრაფვაც რეალობად იქცევა.
ამ ეპისტოლეს მინდა ვუწოდო "იმედი – შიშისა და სასოწარკვეთილების ნაცვლად" და პავლე მოციქულის სიტყვებით დაგლოცოთ: "დაე, მოგეცეთ იმის ნიჭი, რომ ერთმანეთის თანამოაზრენი იყოთ ქრისტე იესოს მიერ, რათა ერთსულოვნად ადიდებდეთ ღმერთს... შეიწყნარეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ შეგიწყნარათ თქვენ" (რომ. 15,5-7).
მაშ, მიენდეთ უფალს და მისი შეწევნით ისწავლეთ პრობლემების დაძლევა.
ცხადია, თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს მომავალ თაობას და ზოგადად ჩვენს ქვეყანას რთული გზა აქვს გასავლელი. გეოპოლიტიკური მდებარეობა საქართველოსთვის დიდმნიშვნელოვანი ფაქტორია. აქ კვეთს ერთმანეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზები. აქ გადიოდა და კვლავაც იწყებს ფუნქციონირებას დიდი აბრეშუმის გზა. ამ მიწასთან არის დაკავშირებული მრავალი დიდი და პატარა ქვეყნის ინტერესი. ამიტომაც მუდმივად ვიდექით არჩევნის წინაშე და გადარჩენისა და განვითარებისთვის ვეძებდით საშუალებებს. ჩვენი კულტურა ევროპისა და აზიის კულტურული მემკვიდრეობის ჩვენეული აღქმაა და არა მექანიკურად გამეორება სხვათა ნააზრევისა. ამიტომაცაა იგი ძვირფასი. ამიტომაც შევიტანეთ ჩვენი ღირსეული წვლილი მსოფლიოს კულტურულ საგანძურში. მრავალფეროვნება ჩვენს თვისებად იქცა; ცალმხრივობა არც დღეს გამოგვადგება. ჩვენთვის ახლობელი უნდა იყოს ყველა; ზომიერება ჩვენი არსებობის აუცილებელი პირობაა, - ასეთია ღვთის განგებულება.
ეპისტოლე თანამედროვე ათონელი დიდი მოძღვრის, მამა გიორგის სიტყვებით მინდა დავამთავრო: " რწმენა თეორია კი არ არის, არამედ ცოცხალი განცდაა მისი. ღვთისმოყვარე გული ისე აირეკლავს უფალს, როგორც წყალი – მზეს. ჩვენ ძენი ვართ აღდგომისა. აღდგომის სიხარულის გარეშე შეუძლებელია სიცოცხლე, შეუძლებელია გადარჩენა".
მაშ, სიხარულითა დიდითა განიხარეთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებნო ძმანო და დანო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფნო თანამემამულენო, რამეთუ "სიკვდილითა სიკვდილისა შემუსვრასა ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა ვუგალობთ" (VII საგალობელი) და სასოებით ვიმეორებთ მარადიული სიხარულის გამომხატველ სიტყვებს:
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!
პასექი ქრისტესი,
თბილისი, 2003 წ. იმედი – შიშისა და სასოწარკვეთილების ნაცვლად<


საშობაო ეპისტოლე - 2005

ჭეშმარიტი თავისუფლება ცოდვათაგან გათავისუფლებით მიიღწევა.

"ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების" (II კორ.12, 9).

ქრისტესმიერ საყვარელნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, დიდად პატივცემულო ხელისუფალნო, მართლმორწმუნენო, მკვიდრნო საქართველოისა და სამშობლოს ფარგლებს გარეთ დროებით მცხოვრებნო თანამემამულენო, სიყვარული და სიხარული განგმრავლებოდეთ და რწმენა და იმედი განგმტკიცებოდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
"იხარებდ ბეთლემო, მეუფეო მთავართა იუდასთაო, რამეთუ მწყემსი ისრაელისა, ქერუბიმთა ზედა მჯდომარე, შენგან გამოგვიბრწყინდა ქრისტე, რომელმან აღამაღლა რქა ჩუენი" (შობის სძლისპირი).
იმ იდუმალ ღამეს ანგელოზთა დასი, მარადჟამს მადიდებელი ღვთისა, საოცარი მოკრძალებითა და გაოცებით უმზერდა დედამიწაზე აღსრულებულ უდიდეს სასწაულს – კაცობრიობის მხსნელის დაბადებას დავითის ქალაქში; მაგრამ ღვთის განკაცება მოხდა არა დიდებითა და ბრწყინვალებით, არამედ გამაოგნებელი სიმდაბლითა და უბრალოებით. ამქვეყნად ერთი სახლიც კი არ მოიძებნა, რომელიც შეიფარებდა და უმასპინძლებდა ღვთისმშობელ დედასა და მართალ იოსებს. მხოლოდ პირუტყვთა თავშესაფარში აღმოჩნდა მათთვის ადგილი. გამოქვაბულში, ბაგასა შინა მწოლი წარუდგა პირველად სოფელს ღვთაებრივი ყრმა – იესო ქრისტე და ამით სიმბოლურად მიანიშნა, რომ იგი, უპირველეს ყოვლისა, არის მათთან, რომელნიც, საზოგადოებისაგან უსამართლოდ გარიყულნი, უპოვარნი და მარტოსულნი არიან. ასეთი იყო ხვედრი წმინდა ოჯახისა და კაცთა ხსნისათვის მოვლენილი ჩვილი მაცხოვარისა. თითქოს ამ ცოდვის გამოსყიდვის მიზნით ზოგიერთ ქვეყანაში ტრადიციად აქვთ შობის ღამეს ფანჯარასთან ანთებული სანთლის დადგმა, რათა თავისთან მიიწვიონ ღამით თავშესაფრის საძებნელად სადმე ახლოს მიმავალი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მართალი იოსები.
შობის ღამეს ფანჯარასთან ანთებული სანთელი მიპატიჟებაა, ნიშანია იმისა, რომ ჩვენი სახლის და გულის კარი ღიაა, რათა იქ მესია დაიბადოს.
იქნებ საქართველოშიც დავამკვიდროთ ეს წესი, ოღონდ შინაგანადაც უნდა მოვემზადოთ საოცარი სტუმრების მისაღებად – გული უნდა განვიწმინდოთ ყოველგვარი ბიწისაგან, რათა მის უბრალოებასა და სისუფთავეში არა მარტო იშვას, არამედ დაემკვიდროს კიდეც უფალი ჩვენი იესო ქრისტე. თუმცა განსაცდელისა და საცდურის სიმრავლის გამო ჩვენს დროში ამის მიღწევა ადვილი არ არის.
მაცხოვრის მოწაფეები ჯერ კიდევ I საუკუნეში ხედავდნენ ბოლო ჟამის მთელ სიმძიმეს; ამიტომაც გვაფრთხილებს წმ. პავლე მოციქული: "საზარელი ჟამი დადგება... ადამიანები იქნებიან თავისმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადლონი, უღირსნი, უმადურნი, უწმინდურნი, უსიყვარულონი, უწირავნი (ულოცველნი), დამსმენნი, მოუთმენელნი, სასტიკნი, მშფოთვარენი, სიმშვიდის არმქონენი, კეთილის მოძულენი, მოღალატენი, თავხედნი, აღზუავებულნი, გულისთქმათა მოყვარენი" (II ტიმ. 3, 1-5).
და თუ ადამიანი ამ ცოდვათაგან არ გათავისუფლდა, ჭეშმარიტ თავისუფლებას ვერასდროს ეზიარება. არასწორად გაგებული თავისუფლება კი მრავალი უბედურების სათავეა.
თავისუფლებას სხვადასხვა ეპოქასა და ცივილიზაციაში სხვადასხვა გაგება ჰქონდა. თავისუფლების ფილოსოფიური გააზრებაც განსხვავებულია. მაგ: თუ დავსვამთ კითხვებს: თავისუფლება – მაგრამ რისგან? ანუ თავისუფლების მისაღწევად რისგან გათავისუფლებაა აუცილებელი? ანდა: თავისუფლება – მაგრამ რისთვის? ანუ, რას მაძლევს მე თავისუფლება, რატომაა იგი საჭირო? განსხვავებული მსოფლაღქმის ადამიანებს მათზე სხვადასხვა პასუხი ექნებათ.
ყველაზე სრულყოფილი სწავლება კი ქრისტიანობაშია: "ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თქვენს თავს მისცემთ მორჩილებისათვის, მისი მონები ხართ. როცა ცოდვის მონები იყავით, მაშინ თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან, გათავისუფლდით რა ცოდვისაგან, სიმართლის მონები გახდით... ახლა კი, როცა თავისუფლები ხართ ცოდვისაგან და ღვთის მონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმინდეა, ხოლო ბოლო – მარადიული სიცოცხლე. ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი – მარადიული სიცოცხლე" (რომ. 6, 16-23).
ჭეშმარიტ თავისუფლებას ზეცად აჰყავს ადამიანი, ანიჭებს რა მას მშვიდობას, სიხარულსა და ბედნიერებას; მაგრამ თავისუფლების მოპოვებისათვის ბრძოლაა საჭირო, ბრძოლა უწინარესად საკუთარ თავთან და მასში ფესვგადგმულ მანკიერებებთან. ეს რთული პროცესია და იგი სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. "შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება განგათავისუფლებს თქვენ", - გვარიგებს მაცხოვარი (ინ. 8,32).
განსხვავებულია არაეკლესიურთა დამოკიდებულება თავისუფლებისადმი:
ღვთისაგან გაუცხოებული ადამიანების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ თავისუფლება არის ის, რის უფლებასაც აძლევს მათ ხელისუფლება, ან ესა თუ ის იდეოლოგია. მაგალითად, ყოფილ საბჭოთა კავშირში ანდა ფაშისტურ გერმანიაში აცხადებდნენ, რომ იქ ცხოვრობდნენ მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი ადამიანები. სინამდვილეში კი ეს "თავისუფლება" ეფუძნებოდა საკონცენტრაციო ბანაკებსა და მასობრივ დახვრეტებს. ასეთია ტოტალიტარული სახელმწიფოს "თავისუფლება".
მეორე ნაწილს კი ჰგონია, რომ თავისუფლება ყველაფრის უფლებაა, ყოველგვარი აკრძალვის უარყოფაა. მათი აზრით, თავისუფლების ცნებაში შედის ბილწსიტყვაობაც, ცილისწამებაც, უზნეო ცხოვრების წესის პროპაგანდაც; მათთვის "თავისუფალი სიყვარული", ჩვეულებრივი ურთიერთობების გარდა, გულისხმობს აღვირახსნილ და გაუკუღმართებულ სქესობრივ კავშირებსაც, ხოლო აღმსარებლობის თავისუფლება – ნებისმიერი ტოტალიტარული ფსევდორელიგიური დაჯგუფების ტრადიციულ რელიგიებთან გათანაბრებას. ასეთი "თავისუფლების" შედეგი კი არის: პიროვნების დეგრადაცია, სასოწარკვეთა, თვითმკვლელობები, შიდსი, ნარკომანია და სხვა უმძიმესი გამოვლინებანი.
საერთოდ, მას შემდეგ, რაც ეშმაკმა ბრძოლა დაუწყო კაცთა მოდგმას, იგი ცდილობს, ჩვენთვის ყველაზე ამაღლებული ღირებულებების – სიყვარულის, თავისუფლების, ჭეშმარიტების, მშვიდობის, განათლების... – აღმნიშვნელი სიტყვების შინაარსობრივი დატვირთვა შეცვალოს და ისინი სრულიად საწინააღმდეგო შინაარსის შემცველ ცნებებად წარმოადგინოს, რათა ამით ადამიანებს ცოდვის ჩადენა გაუადვილოს.
ჭეშმარიტ თავისუფლებას, რომელიც ზნეობრიობის საფუძველია, უაღრესად დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც აქვს, რადგან ნებისმიერი სახელმწიფო ამა თუ იმ მორალის მქონე საზოგადოებას ემყარება. როგორც ძველი სიბრძნე ამბობს, სახელმწიფოსათვის უმჯობესია, მის მოქალაქეებს ჰქონდეთ მაღალი ზნეობა, ვიდრე კარგი კანონები. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასაშვებია, კანონები იყოს სუსტი ან ცუდი, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ მაღალზნეობრივი საზოგადოება ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოს საწინდარია. დასავლეთის განვითარებული ქვეყნებიც სწორედ ამის გათვალისწინებით ქმნიან თავიანთ კანონმდებლობას და საზოგადოებრივი ცხოვრების წესს.
ის, რომ მსოფლიოს ტრადიციული რელიგიებიდან ყველაზე უნიკალური ქრისტიანული სწავლებაა, იმითაც დასტურდება, რომ დღეს მთელ მსოფლიოში აღიარებული ადამიანთა უფლებების დეკლარაცია სწორედ ქრისტიანულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. ქრისტიანული ღირებულებები კი ყველაზე სრულყოფილი სახით მართლმადიდებელ ეკლესიაშია დაცული, რადგან იგი სამოციქულო ეკლესიის სწავლებას ინახავს. მისი უნივერსალურობა ვლინდება იმაში, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას საუკუნეთა მანძილზე უცვალებელი მრწამსი და სწავლება აქვს, რომელიც ეფუძნება წმინდა წერილს, საღვთო გადმოცემას, მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კრებების დადგენილებებსა და წმიდა მამათა მოძღვრებას. ეს მის საყოველთაობას და უცდომელობას განაპირობებს.
ამასთან, მართალია, ეკლესია იერარქიის პრინციპს ემყარება, მაგრამ იგი არ ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას. ეკლესიის წევრი შეიძლება გახდეს და, ამავე დროს, საეკლესიო იერარქიის ნებისმიერ საფეხურზე დადგინდეს ესა თუ ის პიროვნება, განურჩევლად მისი სოციალური, ეთნიკური და რასობრივი წარმომავლობისა; აღსანიშნავია ისიც, რომ ეკლესიაში იერარქიულ კიბეზე ასვლის საშუალება ეძლევათ იმ ადამიანებსაც, რომელთაც წარსულში გარკვეული სახის დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, მაგრამ სინანულითა და სულიერი ფერისცვალებით ახალი ცხოვრება დაიწყეს.
პიროვნებისადმი ამგვარი დამოკიდებულება ეკლესიაში პირველი საუკუნეებიდანვე იღებს სათავეს, ანუ იმ დროიდან, როდესაც მთელ მსოფლიოში ბატონობდა ტირანია, აბსოლუტიზმი და იმპერატივიზმი.
ეს არის ღვთივბოძებული წესი ცხოვრებისა, რომელიც უფლისმიერი მადლმოსილების გამო ჟამთა სვლას არ ექვემდებარება, მარად ახალია და "სრულყოფის" მიზნით რაიმე ცვლილებების შეტანას არ საჭიროებს. სამწუხაროდ, ჩვენს დღევანდელ ყოფაშიც გამოჩნდნენ ე.წ. რეფორმატორული სულით შეპყრობილი ადამიანები; როგორც ფსევდოლიბერალები, ისე ფსევდოკონსერვატორები.
ფსევდოლიბერალური მოძრაობა პოსტსაბჭოთა სივრცეში თავდაპირველად ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ მიმართული ერთგვარი რეაქცია იყო, რომელმაც შემდეგ კონტრრექაციის სახით ფსევდოკონსერვატიზმი წარმოშვა. ბოლო წლებში კი ორივე ეს მიმართულება საქართველოში გაძლიერდა და თავის სამიზნედ ეკლესია გაიხადა. მიმდინარეობდა და მიმდინარეობს საეკლესიო საკითხებზე არაკორექტული, ხშირ შემთხვევაში კი შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური მსჯელობები. ყველაფერ ამას ერთგვარი ორგანიზებული მოძრაობის სახე აქვს და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ეკლესიის წევრნი, ისე მის გარეთ მყოფი პირები.
ჩვენთვის სრულიად გაუგებარია აღნიშნულ პროცესებში იმ ადამიანთა მონაწილეობა, რომელთაც ეკლესიასთან კავშირი არ აქვთ. ვინაიდან ამისთვის მათ არც შესაფერისი ცოდნა და არც მორალური და იურიდიული უფლებები აქვთ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახეზე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაული). ხოლო ისინი, რომელნიც ეკლესიის წევრად მიიჩნევენ თავს, მაგრამ ეკლესიასა და მის იერარქიას საჯაროდ განიკითხავენ, არღვევენ უძველეს საეკლესიო წესსა და ტრადიციას, რომლის უგულებელყოფაც, ნებისმიერი მოტივით, სრულიად გაუმართლებელია. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: "ცხოვარნი ნუ ასწავლით მწყემსთ. ნურც თქვენთვის განკუთვნილ საზომს გარდახვალთ; საკმარისია თქვენთვის, თუკი კეთილად დაიმწყსებით. ნუ განიკითხავთ სჯულისმდებელთ, რადგან არ არის ღმერთი შფოთისა და უწესობისა, არამედ მშვიდობისა და წესიერების".
პრობლემები ყველა საზოგადოებასა და ყველა დროში იყო, არის და იქნება, ისევე როგორც ეკლესიაშიც, ოღონდ მათდამი მიდგომა და შესაბამისი ქმედებაა ორგვარი. ერთის საფუძველია სიძულვილი, მიზანი კი – ზიანის მოტანა, მეორისა – სიყვარული და გამოსწორების სურვილი. ორივე დამოკიდებულება ადვილად იცნობა. ეკლესიასთან დაკავშირებით დღეს მიმდინარე პროცესებიც ნათლად ავლენს, თუ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე.
სიყვარულით მივმართავ წმ. სინოდის წევრებს, მოძღვრებს, დიაკვნებს, მღვდელ-მონოზვნებს, იყავით ყურადღებიანნი და საკუთარი თავისადმი მომთხოვნი. ეცადეთ, შეცდომებს განერიდოთ და ღვთისმოშიშებით აღასრულოთ თქვენი მოვალეობა. იცოდეთ, ჩვენი ეკლესია არაკეთილისმოსურნეთა სამიზნედაა ქცეული, რომელნიც ცდილობენ მისი ავტორიტეტის შელახვას და სხვადასხვა საშუალებით ეკლესიისაგან ხალხის ჩამოშორებას. "დაყავი და იბატონე" – ეს მზაკვრული ხერხი ხშირად გამოუყენებიათ საქართველოში და, სამწუხაროდ, მისი შედეგიც არაერთხელ გვინახავს. ყველაზე გულსატკენი სწორედ ესაა, რომ მტერი მუდამ პოულობდა მოღალატეს ჩვენში და ჩვენი ხელით ახორციელებდა თავის შავბნელ გეგმებს.
"სად არის თქვენი სარწმუნოება?" – ეკითხება უფალი მოწაფეებს. "სად არის თქვენი სარწმუნოება?" – ეს კითხვა ისმის დღესაც.
წამოყენებულ ბრალდებებს ემატება ისიც, რომ გარკვეული პირები ჩვენი ეკლესიის საქმიანობას ხშირად რუსეთიდან მართულ პროცესებთან აკავშირებენ, რაც პოლიტიკური პროვოკაციის სახეს ატარებს და მიზნად, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით, საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციას ისახავს. ამგვარი ცილისწამება არაერთხელ გახმიანდა საეკლესიო კალენდრის გამოც.
ოპონენტებს ავიწყდებათ, რომ, რუსეთის გარდა, ძველ სტილზე იმყოფება იერუსალიმისა და სერბეთის ეკლესიები, ათონისა და სინას მთა, ასევე კონსტანტინეპოლის, ელადის, ჩეხეთის და სლოვაკეთის მართლმადიდებელ სამრევლოთა ნაწილი.
დღეისათვის არ არსებობს ახალ კალენდართან დაკავშირებით მსოფლიო ეკლესიის საერთო-საყოველთაო შეთანხმება და მისი სათანადო დასაბუთება. ამიტომაც ამგვარი ნოვაცია დამღუპველ ზიანს მოუტანს ჩვენი ეკლესიის ერთობას (რისი მაგალითებიც სხვაგან არაერთი გვაქვს), რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ I მსოფლიო საეკლესიო კრების განჩინებით, აღდგომა იდღესასწაულება გაზაფხულის ბუნიობის და იუდეველთა პასექის შემდეგ. ძველი სტილი მტკიცედ იცავს ამ დადგენილებას, მაშინ, როდესაც გრიგორიანული კალენდრით ეს დღესასწაული ზოგჯერ იუდეველთა პასექს ემთხვევა, ან წინ უსწრებს მას, რაც დაუშვებელია და მსოფლიო კრების გადაწყვეტილების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
საერთოდ, კალენდრის საკითხი ადვილად განსასჯელი არ არის. კარგად წერს ნეტარი ავგუსტინე: "მე ვიცი, რა არის დრო, როდესაც ამის შესახებ არ მეკითხებიან, რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო მიძნელდება ზუსტი პასუხის გაცემა".
რა თქმა უნდა, დამცველები მრავლად ეყოლება როგორც ახალი, ისე ძველი სტილის მიმდევართ და ისინი შეეცდებიან, დაამტკიცონ საკუთარი პოზიციის მართებულობა, მაგრამ არის რამდენიმე ისეთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რაც, ვფიქრობთ, ყველასთვის მრავლისმთქმელია:
ა) ყოველ წელს იერუსალიმში, ძველი სტილით აღდგომის წინადღეს, მაცხოვრის საფლავზე, მხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვით, ზეციდან გარდამოდის ღვთაებრივი ცეცხლი, რაც ნათელი დადასტურებაა როგორც იულიუსის კალენდრის, ისე მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებისა.
ბ) ყოველ 19 აგვისტოს (ძვ. სტილით 6 აგვისტოს) ღამით, ფერისცვალების დღესასწაულზე, იერუსალიმში, თაბორის მთაზე, ზაფხულის ყველაზე ცხელ დროს, ჩნდება ღრუბელი, რომელიც წირვის დამთავრებამდე ფარავს მორწმუნეთ და ახსენებს მათ I საუკუნეში აქ აღსრულებულ ერთ-ერთ უდიდეს სასწაულს.
გ) ყოველ 19 იანვარს (ძვ. სტილით 6 იანვარი), იესო ქრისტეს ნათლისღებისა და წყალკურთხევის დღესასწაულზე, წმინდა მდინარე იორდანეში იერუსალიმის პატრიარქის მიერ წარმოთქმული ლოცვისას: "და მართლუკუნ იქცა იორდანე", მდინარე წუთიერად, მართლაც, უკუსვლას იწყებს. ამ სასწაულის სანახავად მრავალი მორწმუნე ჩადის სხვადასხვა ქვეყნიდან.
დ) ხაზგასმით აღსანიშნავია ისიც, რომ არცერთ წმინდა მამას, არც XVI ს-მდე (ანუ ახალი სტილის შემოღებამდე) და არც მის შემდეგ, იულიუსის კალენდრის უნივერსალურობის გამო, მისი შეცვლის აუცილებლობის შესახებ საკითხი არასდროს დაუყენებია.
რაც შეეხება საერო ახალი წლის თარიღს, იგი ყველა ქვეყანაში და ყოველთვის ხელისუფალთაგან დგინდებოდა და სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. რამდენიმე საუკუნეა, რაც ქვეყნების უდიდესი ნაწილი ამ თარიღს 1 იანვარს დღესასწაულობს, მათ შორის საქართველოც, რასაც რელიგიური დატვირთვა საერთოდ არა აქვს. ამდენად, ბუნებრივია, რომ 1 იანვარი ეკლესიისთვისაც ახალი კალენდარული წლის დასაწყისია და მისი დაკავშირება შობის დღესასწაულთან ან სხვა რელიგიურ ზეიმთან შეცდომაა.
გვინდა მოსახლეობას ისიც განვუმარტოთ, რომ, მართალია, ფსევდოკონსერვატორები და ფსევდოლიბერალები ჩვენთანაც და სხვაგანაც ერთმანეთსაც ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი ერთი სულისანი არიან. ესაა: ამპარტავნების, არასულიერობის, თვითნებობის, თავდაჯერებულობისა და უსიყვარულობის სული. რადიკალიზმის ორივე ფორმა ეკლესიისთვის მიუღებელია. ეკლესია ყოველთვის ემიჯნებოდა ორივე უკიდურესობას, რადგან მისი გზა სამეუფო გზაა და გადახრა მარჯვნივ ან მარცხნივ მისთვის მიუღებელია. წმ. გიორგი მთაწმინდელი ამის შესახებ ამბობს: "... და რაჟამს ერთგზის გვიცნობიეს, არღარა მიდრეკილ ვართ მარცხლ, გინა მარჯულ. და არცა მივდრკებით".
ამ უმთავრესი სულიერი მისიის გარდა საქართველოს ეკლესია არის ქვეყნის დამოუკიდებლობის, ეროვნული თვითშეგნების და ერთიანობის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი. ამ ფუნქციის აღსრულების გამოხატულება იყო, მაგ., აფხაზებთან და ოსებთან შერიგების დაწყება. ამ პროცესს ახლახანს, 25 დეკემბერს, ჩაეყარა საფუძველი და, ვიმედოვნებთ, პრობლემების მიუხედავად, იგი შეუქცევადად განვითარდება.
ჩვენი ეკლესია საქართველოს მკვიდრი ყველა მართლმადიდებლისათვის სულიერი ერთობის ადგილია, ხოლო აქ მცხოვრებ სხვადასხვა აღმსარებლობების წარმომადგენელთათვის – მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტი, რადგან სწორედ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღიდან საზრდოობს ქართველი ერის უნიკალური ტოლერანტული ბუნება.
ასეთივე მშვიდობიანი თანაარსებობაა ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და საქართველოში არსებულ სხვა კონფესიებს შორის; და ეს დადასტურებულია ორმხრივი განცხადებებითაც, რომელიც 2002 წელს გაფორმდა. მათი სურვილი იურიდიული სტატუსის მიღებისა ჩვენის მხრიდანაც არის მხარდაჭერილი და ვიმედოვნებთ, იგი მალე განხორციელდება.
ბატონო პრეზიდენტო, ხელისუფალნო, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, მიუხედვად პრობლემებისა, მიუხედავად გაჭირვებისა და განსაცდელისა, დღეს მთელი სამყარო მაინც სიხარულს მოუცავს, მოგვიახლოვდა ემანუელი – ჩვენთან არს ღმერთი, რათა იმედით აღგვავსოს და გვითხრას: ნუ გეშინინ, "ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების".
მაშ, გავუღოთ გულის კარი ახლადშობილ ყრმას და სასოებით მივეახლოთ მას. იცოდეთ, უფალი ისეთი ძალაა, რომელთანაც ყოველთვის მშვიდად ვიქნებით; მასთან სიღატაკეშიც მდიდარნი ვართ, მწუხარების ჟამსაც – ნუგეშინისცემულნი, უსამართლოდ დამცირებისას – ამაღლებულნი, თვით სიკვდილშიც კი – გამარჯვებულნი.
ესეც გახსოვდეთ: "არც სიმდიდრე, არც სიღარიბე, არც ავადმყოფობა თავისთავად არც გვაცხოვნებს და არც წარგვწყმედს. მთავარია, როგორია ჩვენი სულის მდგომარეობა; თუ მდიდარი ხარ, მოიპოვე ცხონება მოწყალებით, გაჭირვებულის თანადგომით, თავმდაბალი გულუხვობით და შეიძენ სიმდიდრეს ღმერთში. თუ ღარიბი, ან სნეული ხარ, მოიპოვე ცხონება მოთმინებით, ღვთის ნებისადმი სრული მორჩილებით. ეძიე არა შენთვის, არამედ ღვთისთვის სასურველი და ამასთან ეცადე, სიკეთე მიაგო ყველას, ვინც შენს გზაზე შეგხვდება".
მართალია, ცხოვრება ხანმოკლეა, მაგრამ თუ მოინდომებ, სახელი შენი იქნება მარადიული.
თუ გინდა გაიმარჯვო, ისწავლე მოთმინება; თუ გინდა სწორად იცხოვრო, გახსოვდეს სიკვდილი.
ვისაც არ უყვარს ჭეშმარიტება, იგი მას განსჯის საგნად აქცევს.
ზოგიერთი დაუწერელი კანონი ნებისმიერ დაწერილ კანონზე უფრო მტკიცეა.
სუფთა სინდისი მუდმივი დღესასწაულია.
ჰოი, ღვთივკურთხეულო საქართველოვ, წინასწარმეტყველი დავითის მსგავსად რჩეულთა შორის ამაღლებულო; ღვთისმშობლის საფარველით დაცულო ივერთ სამკვიდროვ, ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მიერ ქრისტეს ნათლით განბრწყინვებულო და ათთა ბევრთა და სხვა მრავალთა მოწამეთა სისხლით მორწყულო; დროშავ სვიანო, უძლეველო, გორგასლიანო, დავითიან-თამარიანო; საიდუმლოთა დიდთა დამტევნელო ენავ ქართულო, ლაზარეს მსგავსად მკვდრეთით აღმდგარო; ღვთაებრივი სიყვარულის თანაზიარო სულო ქართულო, უტკბილესო ჩანგო ჩვენო, მრავალხმიანო.
შეურყეველი იდექ მტკიცედ, უფალი შენთანა!
გწამდეს, გიყვარდეს, სთესე სიკეთე და დასტკბი ხელთა შენთა შრომის ნაყოფით, რათა იყო ერთიანი და მთლიანი და იხარო ორსავე სოფელსა შინა. ამინ!
ქრისტეს შობა
თბილისი, 2004-2005 წ. ჭეშმარიტი თავისუფლება ცოდვათაგან


საშობაო ეპისტოლე - 1999

სახელმწიფო, ეკლესია, სკოლა და ოჯახი
"მოდი, ნათელო ჭეშმარიტო,
მოდი, ცხოვრებაო დაუსრულებელო,
მოდი, იდუმალებავ, დაფარულო,
... მოდი, მარტომყოფო მარტოსულთან"
(სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, ნაწყვეტი ლოცვიდან).

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ერთგულ შვილს:

შობა უფლისა არის სათავე ჩვენი რწმენისა. სახარებაში ვკითხულობთ:
"დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა... და სიტყვა ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა" (ინ. 1; 1,14).
დიახ, იესო ქრისტე ყოვლადწმინდა სამების მიერ სამყაროს წინაშე გამოვლენილი სიტყვა, ლოგოსია.
მოციქული პავლე მას მეორე ადამს უწოდებს: "პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად; უკანასკნელი ადამი კი - ცხოველსმყოფელ სულად. პირველი კაცი - მიწისაგან, მიწიერი; მეორე კაცი - ზეციერი. და როგორც ვატარებთ მიწიერის ხატს, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატსაც" (1 კორ. 15; 45,47,49).
ძველი აღთქმის ხანა მესიის მობრძანებისათვის მოსამზადებელი ჟამი იყო. ძველი აღთქმის ბოლო პერიოდს მოციქული პავლე "დროის სისავსედ", "დროის სისრულედ" სახელდებს.
"როდესაც მოიწია დროის სისრულემ, - წერს იგი გალატელთა მიმართ ეპისტოლეში, - მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც იშვა დედაკაცისაგან და დაემორჩილა რჯულს, რათა გამოესყიდა რჯულის ქვეშ მყოფნი და ამრიგად მიგვეღო ძეობა" (გალ. 4,4-5).
მაცხოვრის მომავალი შობის შესახებ არა მარტო ძველი ებრაელი წინასწარმეტყველები წერდნენ, არამედ მას მთელი კაცობრიობა მოელოდა. და აი, ეს ხანგრძლივი ლოდინის პროცესი დასრულდა: "ღმერთი გამოჩნდა ხორცით" (1 ტიმ. 3,16).
ადამიანის გონება უძლურია, გააცნობიეროს ღვთის განკაცების უდიდესი საიდუმლო - უხორცო იგი ხორციელ იქმნა. დაუსაბამოს სათავე დაედო, დაუტევნელი შემოისაზღვრა.
წმინდა კოზმა, მაიუმელი ეპისკოპოსი წერს: ვხედავ უჩვეულო და სასწაულებრივ საიდუმლოს: ავაზაკთა ქვაბს - ცად, ქალწულს - ქერუბიმთა ტახტად, ბაგას - უსაზღვრო უნაპირო ღმერთის - ქრისტეს სამყოფელად" (ძლისპირი, კანონის მე-9 გალობა).
ამსოფლად მოვლინებით მაცხოვარმა დაადასტურა თავისი უდიდესი სიყვარული და მოწყალება ადამის ცოდვით დაცემული მოდგმისადმი, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ, მართალია, იშვა დედამიწაზე, მაგრამ ამით წმ. სამების ერთარსობა არ დარღვეულა.
წმინდა ბასილი დიდი გვასწავლის: "ძე ღვთისა ზეცით გარდამოხდა, მაგრამ არ განშორებია მამას. დაიბადა ავაზაკთა სამყოფელში, მაგრამ არ ჩამობრძანებულა სამეფო ტახტიდან, მიიძინა ბაგაში, მაგრამ არ დაუტოვებია მამის წიაღი, ხორცი შეისხა ქალწულისაგან და იშვა უმამოდ, ვითარცა ღმერთი".
ყოველ მოვლენას ჩვენ ორი სახით აღვიქვამთ: თეორიულად და პრაქტიკულად. თეორიულ ცოდნას მეციერება იძლევა, პრაქტიკულს - ყოველდღიური გამოცდილება, თეორიული ცოდნა ღირებულია მაშინ, თუ იგი ცხოვრებაშია გამოყენებული. ამასთან ნამდვილი ცოდნა ზნეობრივ და კეთილ საქმეებში ვლინდება. ამიტომაც თქვა ანტიკური ხანის ცნობილმა ფილოსოფოსმა სოკრატემ, რომ ცოდნა სიკეთეაო.
ღვთის ნებასაც ასევე ორი გზით შევიმეცნებთ: ღვთისმეტყველებით და საკუთარი სულიერი პრაქტიკული გამოცდილებით.
წმინდა მამები გვასწავლიან, რომ სუფთა გული არის ღვთის აღქმის მთავარი საშუალება. როგორც ჭუჭყიანი სარკე ვერ აირეკლავს საგნებს ნათლად, ასევე ცოდვით დამძიმებული და შებღალული გული ვერ მისწვდება, ვერ შეიგრძნობს და ვერ აღიბეჭდავს ღვთის ხატებას.
ცნობილია, მსგავსი მსგავსს შეიცნობს; ამიტომაც ბრძანებს უფალი: "ნეტარ არიან წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მთ. 5,8).
XX საუკუნემ თავისი უხეში პრაგმატიზმით, ურწმუნოებითა და უსულოებით დაამახინჯა და დაასახიჩრა მილიონობით ადამიანთა სული. რწმენის დაკარგვის გამო ისინი დამძიმდნენ, გაბოროტდნენ და აღდგნენ ერთმანეთის წინააღმდეგ; მათ თავიანთი უბედურების მიზეზის ძებნა სხვაში დაიწყეს, მარტივი ჭეშმარიტება კი დაივიწყეს, რომ ყველაფრის სათავე ჩვენ თვითონ ვართ, რომ დანაშაული თითოეულ ჩვენგანშია, ჩვენს უმეცრებაში, სულიერ სიღატაკესა და დაცემაშია.
რაკი ხალხი ასეთი მოუმზადებელია, ეკლესიამ უნდა გამოიჩინოს მეტი მოთმინება, მორჩილება, დაიმდაბლოს თავი, შემწყნარებელი თვალით შეხედოს ადამიანთა უძლურებებს და შეძლებისდაგვარად სწორი მიმართულება მისცეს მის ყოფას. ჩვენ ყველა უნდა შევიყვაროთ და არავის არ უნდა ვკრათ ხელი; არც ლოთებს, არც ნარკომანებსა და ქურდებს, არც მეძავებს, არც ბოროტმოქმედთ, არც ურწმუნოთ. ღმერთმა ინებოს, ყველანი ჭეშმარიტი სინანულით მოვიდნენ ეკლესიაში და მიიღონ კურნება სულისა.
მხოლოდ ეკლესიაში პოვებს კაცი ცხოვრების აზრს და შინაგან მშვიდობას, რადგან აქ ხდება ადამიანის შეხვედრა უფალთან. ერთ პიროვნებას, რომელსაც დიდი განსაცდელი შეხვდა, ჰკითხეს: საიდან გაქვს ასეთი შინაგანი სიმტკიცე და ღრმა რწმენა? პასუხი ასეთი იყო: მე ეკლესიაში გავიზარდე.
მართლაც, მას, ვინც სულიერად ეკლესიაში დაიბადა და გაიზარდა, ვერ მოერევა სასოწარკვეთა, შური, ეჭვი, შიში და გაუტანლობა, რადგან უფალი არის მასთან და მადლი ღვთისა იცავს მას.
სამწუხაროდ, დღეს ძალიან ცოტას ფიქრობენ სულიერობასა და მორალზე, სამაგიეროდ ხშირად საუბრობენ სოციალურ, პოლიტიკურსა და ეკონომიკურ კრიზისზე.
ერთი შეხედვით ძნელია, ილაპარაკო ზნეობაზე, ამაღლებულ თემებზე, როცა ხალხს არ ჰყოფნის პროდუქტი, არ გაიცემა პენსიები და ხელფასები, არ არის სამუშაო ადგილები და მოსახლეობა მეტად გაღიზიანებულია. მხოლოდ მცირე ნაწილი უძლებს ღირსეულად დროის ამ გამოცდას.
ტოტალიტარული რეჟიმის დროს ადამიანი შეეჩვია, რომ ყველა საკითხს ხელისუფლება წყვეტდა, პიროვნება კი მისი მექანიკური შემსრულებელი იყო. ახლაც მრავლად არიან ისეთნი, რომლებიც ძველებურად სახელმწიფოსაგან ელიან მზამზარეულ რეცეპტებს და დროის მოთხოვნილების შესაბამისად ვერ მოქმედებენ. ეს არც არის გასაკვირი. ადრე კერძო ინიციატივა უცხო იყო საზოგადოებისათვის, ახლა კი, როცა დრო შეიცვალა და ამის გარეშე უკვე შეუძლებელია ცხოვრება, ადამიანებს სწრაფი გარდატეხა უჭირთ.
ჩვენი ყოფა დადებითისკენ რომ შეიცვალოს, აუცილებელია, ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს მოსახლეობის საშუალო ფენის ჩამოყალიბებას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით მიიღწევა. ყველა კარგად ხედავს, რომ დღეს ქვეყანა ძირითადად ორი ნაწილისაგან – უკიდურესად ღარიბთა და მდიდართა ფენებისაგან შედგება, რომელთა შორის უფსკრული სულ უფრო ღრმავდება. საშუალო ფენა არის სახელმწიფოს დასაყრდენი, ამიტომაც მეწარმეობის განვითარება დროის მოთხოვნა და ჩვენი გადარჩენის საწინდარია.
მე ვთხოვ ჩვენს ხელისუფლებას, ყველას, ვისზეც არის დამოკიდებული ამ მიმართულების განვითარება, იქნებ როგორმე გამოიძებნოს საშუალება, რათა დამწყები მეწარმენი დროებით მაინც განთავისუფლდნენ გადასახადებისაგან. ეს მოუხსნის მათ წარუმატებლობის კომპლექსს და გაუღვივებს საქმისადმი ინტერესს.
სახელმწიფომ უნდა დააარსოს მცირე ბიზნესის შემსწავლელი სკოლებიც და თუ იქ უცხოეთიდან მოწვეული გამოცდილი სპეციალისტები წაიკითხავენ ლექციებს, ეს მალე დიდ შედეგს მოგვცემს.
მეწარმეებს აქვთ ერთი ასეთი გამოთქმა: "თუ ეჭვობ, არ გააკეთო, თუ არ ეჭვობ – მოიფიქრე". და მართლაც, ვინც წარმოების ჩამოყალიბებას გადაწყვეტს, კარგად უნდა გაანალიზოს ყოველივე, მცოდნე ადამიანებს რჩევა ჰკითხოს, შეაჯეროს მოპოვებული ინფორმაცია და მხლოდ შემდეგ შეუდგეს იდეის ხორცშესხმას.
ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ჩვენი მეწარმეები უშვებენ, ის არის, რომ გრანდიოზულ გეგმებს აწყობენ, დიდ საქმეებს ეჭიდებიან და სწრაფად გამდიდრება სურთ.
სინამდვილეში კი, წარმატებას რომ მიაღწიო, მცირედით, შეიძლება ითქვას, უმნიშვნელოთი უნდა დაიწყო, გამოცდილება თანდათან შეიძინო და საქმიანობა გააფართოო. მაშინ იქნება წამოწყება რელური და იმედის მომცემი.
მინდა ერთი პატარა მაგალითი მოვიტანო:
აშშ-ში ვიზიტის დროს ჩვენმა დელეგაციამ დაათვალიერა მცირე ქარხანა, რომელიც ორ ძმას ეკუთვნის. ეს ქარხანა რძით და რძის პროდუქტებით ამარაგებს ხუთ მილიონ ადამიანს. ჩვენ მეგზურობას ერთ-ერთი მეპატრონეთაგანი გვიწევდა და თანაც თავისი ოჯახის ისტორიას გვაცნობდა. გვითხრა, რომ ადრე მშობლებთან ერთად ღარიბულად ცხოვრობდა გერმანიაში. შემდეგ გადაწყვიტეს ამერიკაში წასვლა. ნასესხები თანხით შეიძინეს ბილეთი და გაემგზავრნენ.
უკვე ამერიკაში ყოფნისას გაჭირვებით იყიდეს ერთი ძროხა, შემდეგ მეორე, მესამე... და გახდნენ ფერმერები. მერე ფერმა გაყიდეს, შიძინეს მიწა და ააშენეს რძის გადამამუშავებელი საწარმო (კომბინატი), რომელიც დღეს, როგორც აღვნიშნეთ, ხუთ მილიონ ადამიანს აწვდის პროდუქტს.
ეს მაგალითი იმიტომ მოვიტანე, რათა ხალხმა იცოდეს, რომ დღეს არას მქონე, მაგრამ გონიერი ადამიანი, თავისუფლად შეიძლება ხვალ გამდიდრდეს. ამიტომაც გული არ უნდა გავიტეხოთ და ღვთის შეწევნის იმედი არ უნდა დავკარგოთ.
საჭიროა კეთილგონიერება, შრომისმოყვარეობა და მტკიცე ხასიათი.
მინდა ვუთხრა ახლადდამწყებ მეწარმეებს: არ შეუშინდეთ მარცხს. თუ ერთ საქმეში არ გაგიმართლათ, ხელი მოკიდეთ მეორეს. კარგად გააცნობიერეთ თქვენი შესაძლებლობები, შეისწავლეთ თქვენივე თავი, ნუ იქნებით სხვისი დახმარების მომლოდინე, გამოიჩინეთ საზრიანობა და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.
ცნობილი ბიზნესმენი, ჰენრი ფორდი ასეთ რჩევა-დარიგებებს იძლევა:
1. "არ გირჩევთ მთავარი ყურადღება მიაქციოთ ფინანსურ წარმატებას. ყოვლისმომცველი ზრუნვა ფულის დაგროვებისათვის მოადუნებს თქვენს სიფრთხილესა და შიშს არასწორი ნაბიჯის გადადგმის გამო.
2. თუ თქვენ ვინმესგან მოითხოვთ, რომ მან თავისი დრო და ენერგია საქმეს მოახმაროს, იმაზეც იზრუნეთ, რომ ფინანსური პრობლემები მოუხსნათ. დაკვირვება გვიჩვენებს: მუშახელის მაღალი ანაზღაურება და კონტროლი საქმეში ყველაზე მომგებიანი პროცესია.
3. როდესაც მყიდველის ან დაქირავებული პირისაგან შემოსავლის (მოგების) ამოღება სრულად ხდება, ეს საქმის ცუდ წარმართვაზე მოწმობს. უფრთხილდით საქონლის ხარისხის დაცემას და ხალხის განაწყენებას, უფრთხილდით ხელფასის შემცირებას.
4. წარუმატებლობა შედეგია შიშის, უმოქმედობის, უდარდელობისა და უზრუნველობის. შიშის უკუგდებით მოდის სიმტკიცე და ბარაქა. მაშ, განძლიერდით და შეუდექით საქმეს. დაე, მოწყალება სუსტებმა მიიღონ".
უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ არ შეიძლება ყველა პრობლემის ერთბაშად გადაჭრა, რომ აუცილებელია ზუსტად გამოიკვეთოს პირველი რიგის ამოცანები, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიყოთ მიზანსწრაფულნი და მობილიზებულნი. წმინდა მამები, და საერთოდ, გონიერი ადამიანები საოცრად მიზანმიმართულნი იყვნენ. ისინი დიდი მოთმინებით ეძიებდნენ მიზნის განხორციელებისთვის ხელშემწყობ გზებს, ყოველ ნაბიჯს ღრმად აანალიზებდნენ და ყველა შესაძლო შედეგს ითვალისწინებდნენ.
ჩვენს წ. აღ-მდე V საუკუნის ჩინელი ფილოსოფოსის, ლე-ცზის ნაშრომში ვკითხულობთ ასეთ მაგალითს:
მასწავლებელი თავის მოწაფეს მშვილდის სროლაში ავარჯიშებდა. მოწაფემ მიზანს მოახვედრა და მასწავლებელს სთხოვა, ახლა სხვა დავალებანი მიეცა მისთვის. მან ჰკითხა: - იცი კი შენ რატომ მოახვედრე მიზანში? ყმაწვილმა უპასუხა: - არა. მაშინ მასწავლებელმა მიუგო: - ესე იგი, ეს ხელობა შენ ჯერ კიდევ არ იცი.
მოსწავლე სახლში დაბრუნდა და სამი წელი თავდაუზოგავად მეცადინეობდა. შემდეგ კვლავ მივიდა პედაგოგთან და უჩვენა თავისი შესაძლებლობები. ხოლო როდესაც მან იგივე კითხვა გაუმეორა, უყოყმანოდ უპასუხა: "ვიცი".
მასწავლებელმა დიდად გაიხარა და უთხრა: აი, ახლა კი ნამდვილი ოსტატი ხარ. გაუფრთხილდი შენს შესაძლებლობებს და არ დაკარგო იგი. ცხოვრების ასეთი წესი დაგეხმარება არა მარტო მშვილდის სროლაში, არამედ სახელმწიფოს მართვაშიც და შენს თავზე მუშაობის დროსაც, რადგან ბრძენი არა სიცოცხლეს ან სიკვდილს იძიებს, არამედ მათ მიზეზებს.
იგივე ლე-ცზი გვასწავლის, რომ ის, ვინც სილამაზის გაფურჩქვნის პერიოდშია – ქედმაღალია, ვისაც ძლიერების დრო უდგას – თავაშვებული. ამიტომ არ შეიძლება ლაპარაკი სიბრძნეზე, რადგანაც რჩევას ისინი არ იღებენ, მარტოდ დარჩენილნი კი მრავალ შეცდომას უშვებენ.
"გონიერი კაცი ბრძენს დაეყრდნობა, რადგან კიდევაც რომ მოხუცდეს, არ დაჩაჩანაკდება და გონებაც რომ დაუსუსტდეს, არ დაიბნევა", - გვასწავლის ჩინური სიბრძნე. ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ, ჩვენს გვერდით გონიერი ადამიანები იყვნენ, რათა მათთან ურთიერთობით ანალიტიკური აზროვნების უნარი გავიღრმავოთ, რაც უხეში შეცდომებისაგან დაგვიცავს.
XX საუკუნეს რომ ვაანალიზებთ, უწინარესად თვალს ხვდება გაამპარტავნებული და გადიდგულებული ადამიანი; მეცნიერებასა და ტექნიკაში საოცარმა აღმოჩენებმა მისი გონება უსაზღვრო სიამაყით აღავსო. პატივმოყვარეობამ ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ მან უარყო ყოველივე, რასაც თავისი აზროვნებით ვერ მისწვდა. გააზრებული, გამიწიერებული რწმენისაკენ ლტოლვამ ერთიანად მოიცვა მისი გონება. ამ მდგომარეობას ცნობილი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი პავლე ფლორენსკი თავნებობის, სატანისეული ამპარტავნების საწყისს უწოდებს, რომლისგანაც წარმოდგება სურვილი ღმერთის უარყოფისა, რათა მისი ადგილი ადამიანმა დაიკავოს.
ამ სენით იყო ჩვენი საზოგადოება 70 წლის მანძილზე დაავადებული. სამწუხაროდ, ამ ავადმყოფობამ შეარყია ხალხში ღვთის შიში და საერთოდაც მის სულში ღრმა კვალი დატოვა.
მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას ის საოცარი ფაქტი, რომ ნასუფრალის მიღების სურვილით შეპყრობილი ადამიანები ადვილად იცვლიან სარწმუნოებას, უარყოფენ ჩვენს ისტორიას, ტრადიციებს, ჩვენს სარწმუნოებას, ეროვნულ კულტურას და ბრმა მიმდევარნი ხდებიან ამა თუ იმ სექტისა. ასეთნი ხშირად ამბობენ: ღმერთი ერთია და რა მნიშვნელობა აქვს, როგორი რწმენა გვექნება და სად ვილოცებთო.
ღმერთი მართლაც ერთია, ჭეშმარიტებაც ერთია. არ შეიძლება არსებობდეს ათი, ასი, ათასი ჭეშმარიტება და ამდენივე ღმერთი. მათ შორის მხოლოდ ერთია ნამდვილი და მართალი. ამ ჭეშმარიტ ნათელს ჩვენი წინაპრები მსოფლიოში ერთ-ერთნი პირველნი ეზიარნენ 2000 წლის წინ, უშუალოდ მოციქულთაგან შეითვისეს და შეისისხლხორცეს იგი. ამიტომაც, ვინც დღეს ცდილობს ეს ნათელი დაუხშოს ხალხს და ფსევდოჭეშმარიტებით შეუცვალოს (სთავაზობს რა არჩევანის დიდ შესაძლებლობას), უზარმაზარ ცოდვას იდებს ღვთისა და ერის წინაშე.
ურწმუნოება ან ნელთბილი სარწმუნოებაა მიზეზი იმისა, რომ ასე გავრცელებულია ისეთი უარყოფითი მოვლენები, როგორიცაა ნარკომანია, ლოთობა, აბორტი, მოსახლეობის მორალური დაცემა, ოჯახის რღვევა და ა.შ.
სამწუხაროდ, ტელევიზია, პრესა და ფილმები, რომლებიც პროპაგანდას ეროტიკას და ძალმომრეობას უწევენ, ბოლომდე არღვევენ საზოგადოების ჯერ კიდევ შემორჩენილ ზნეობრივ ჯებირს. და ეს ყველაფერი დღეს თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით ინიღბება.
ეს არ არის დემოკრატია; ესაა ყველაზე მდაბალი ვნებების თარეში; ეს არის ფსევდოკულტურა, რომელიც თავს მოახვიეს ჩვენს ახალგაზრდობას.
ამ უარყოფითი მოვლენების გამო ჩვენ ყველანი პასუხისმგებელნი ვართ. და თუ რამის გამოსწორება გვინდა, ისევ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. სახელმწიფო, ეკლესია, სკოლა (სასწავლებელი) თუ ოჯახი ერთი და იმავე პრობლემის წინაშე დგას.
საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო და დარჩება ერის სულიერ გამაერთიანებლ ძალად, ამიტომაც ეკლესია უნდა დაეხმაროს სახელმწიფოს – როგორც კოორდინატორს, - ყოველი სასიკეთო ნაბიჯის გადადგმისას, რა თქმა უნდა, იგივე მიმართულება უნდა ჰქონდეს სკოლასაც და ოჯახსაც.
1998 წელი მძიმე იყო. შინაური თუ გარეშე მტერი ცდილობდა არეულობა შეეტანა როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე, კერძოდ, ეკლესიაშიც. ფაქტია, უცხო ძალა ყოველთვის პოულობდა და პოულობს თავისი ბოროტი ზრახვების განმახორციელებლებს ჩვენს შორის.
მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო იმ სასულიერო პირებსაც რომელნიც განუდგნენ დედა ეკლესიას და ამით უარი თქვეს სულიწმინდის მადლზე. ისინი ხის მოჭრილი ტოტებივით არიან, რომელნიც თავშესაფარს მოსკოვში, საბერძნეთსა თუ ამერიკაში (ბოსტონში) ეძებენ უმადლო მწვალებლებთან და ავიწყდებათ უფლის სიტყვები: "როგორც ლერწი თავისუფლად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი არ შერჩება ვაზს, ასევე თქვენც".
ეს ადამიანები დაუსრულებლად განგვიკითხავენ, გვლანძღავენ და შეურაცხგვყოფენ, გაოცებას იწვევს მათი ღვარძლი და გაბოროტება. ნუთუ ასეთია მათი გაგებით ქრისტიანობა?
მაგრამ ეს არ არის მთავარი; უმთავრესი და მეტად სამწუხარო ის არის, რომ მათი და მათ მიმდევართა მარადიული სული ისეთი ცოდვით იღუპება, რომლის მსგავსი არ ახსოვს საქართველოს ეკლესიის ისტორიას. საქმეში გაუცნობიერებელი ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ჯოჯოხეთის საშინელ ცეცხლს ეთამაშებიან. და რაოდენ სამწუხაროა, რომ მათ ეს განაჩენი თავს თვითონვე გამოუტანეს. ასეთ საერო და სასულიერო პირებზე მხოლოდ დანანებით შეიძლება ილაპარაკო.
ვაფრთხილებ ყველა მორწმუნეს: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან განდგომილ მღვდელმსახურებს მსოფლიო და ადგილობრივი კრებების დადგენილებებისა და წმინდა მამების სწავლების თანახმად, მღვდელმსახურება აკრძალული აქვთ (ზოგიერთი განიკვეთა კიდეც) და არავითარი უფლება არ გააჩნიათ წირვა-ლოცვის ჩატარების ან რაიმე წესის შესრულებისა. ამიტომაც მათმიერ გადახდილი პანაშვიდი, მიღებული აღსარება, ჩატარებული ნათლობა, ქორწინება, სახლის კურთხევა თუ ზიარება და ა.შ. არის სიცრუე, თავის მოტყუება და უდიდესი ცოდვა როგორც ამ "მოძღვრებისათვის", ისე იმ საერო პირთათვის, ვინც მათ ამგვარ საქმეთათვის მიმართავს.
განდგომილნი ხიბლის მდგომარეობაში იმყოფებიან. ასეთი დანაშაულის ჩამდენთ, როგორც წესი, ეშმაკი მძიმე განსაცდელში აგდებს, რომლისგანაც განთავისუფლება მეტად ჭირს; ზოგჯერ კი შეუძლებელია, რადგან ერთმევათ უნარი საკუთარი თავის დანახვისა.
ამიტომაც აუცილიბელია მათთვის ლოცვა, რათა თავიანთი ნამდვილი სახე იხილონ და გააცნობიერონ თავიანთი მდგომარეობა. შევსთხოვ უფალს, შეეწიოს მათ უძლურებას.
რაც შეეხება საქართველოს ეკლესიას, იგი მუდამ იყო და იქნება მართლმადიდებელი და ვერავითარი გარეშე და შინაური ბნელი ძალა ვერ შეარყევს მის საფუძველს.
ჩვენი ყოფისთვის დამახასიათებელი ყველა სიძნელის მიუხედავად, გასულ წელს მაინც იყო გარკვეული წარმატებები, განსაკუთრებით მეცნიერების, ხელოვნების, კულტურის დარგში. ეკლესიამაც თავისი წვლილი შეიტანა ხალხისათვის ზრუნვის საქმეში. როგორც თბილისში, ისე სხვა ეპარქიებში ფუნქციონირებდა საპატრიარქოს გახსნილი უფასო სასადილოები, გარკვეულ დახმარებას იღებდნენ მრავალშვილიანი ოჯახები. ძეგვის ბავშვთა სახლში კვლავაც პატრონობენ ქუჩიდან აყვანილ 115 უსახლკარო ბავშვს. მალე თბილისში გაიხსნება საეკლესიო საავადმყოფო გაჭირვებულთათვის.
1998 წელი იმითიც იყო მნიშვნელოვანი, რომ შეივსო მღვდელმთავართა რიცხვი. ახლა უკვე 27-ივე ეპარქიას თავისი მმართველი – მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი ან ეპისკოპოსი ჰყავს. მთელს საქართველოში მიმდინარეობს ეკლესია-მონასტრების აღდგენა, ან ახლის მშენებლობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასულიერო განათლებას. საქართველოში ფუნქციონირებს ორი სასულიერო აკადემია, ოთხი სასულიერო სემინარია, გახსნილია საეკლესიო გიმნაზიები, სამრევლო სკოლები, წარმატებით მუშაობს გელათის მეცნიერებათა აკადემია.
ამ წელს ზეიმით აღინიშნა თბილისის სასულიერო აკადემიის 10 წლისთავი. ეს სასწავლებელი იძლევა თვალსაჩინო მაგალითს მაღალი სულიერობისა და ასევე მაღალი აკადემიური დონისა.
შემოდგომაზე საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტმა გამართა სამდღიანი კონფერენცია ახალგაზრდობის აღზრდის თემაზე. წარმოდგენილი იყო დაახლოებით 50 მოხსენება, რომელთა შორის ბევრი ჩვენს ცნობილ მეცნიერებს ეკუთვნოდა.
დიდი კმაყოფილებით გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეკლესიასა და თავდაცვის სამინისტროს შორის 1998 წელს დადებული იქნა ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
ამ წელსვე საპატრიარქოში შეიქმნა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფებთან ურთიერთობის განყოფილება.
მოძღვრების ხელმძღვანელობით მორწმუნეთა სახლებში მოგზაურობენ ხატები. წინასწარ შედგენილია სიები იმ ოჯახებისა, სადაც ერთი კვირის განმავლობაში ღვთისმშობლის ან წმინდა გიორგის ხატი უნდა მიბრძანდეს. უკვე მრავალი ოჯახი დაილოცა მათი მადლით და კვლავაც მრავალი დაილოცება.
იწურება ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე ათასწლეული და, ბუნებრივია, ისმის კითხვა: რა როლი ეკისრება თითოეულ ჩვენგანს მესამე ათასწლეულის მიჯნაზე. რა არის ჩვენი მოვალეობა?
"თითოეულმა ჩვენგანმა, - როგორც ბრძანებს ბასილი დიდი, - უნდა იგრძნოს, რომ ვართ ჭურჭელი კეთილსურნელოვანი, რომელსაც სიცოცხლე ღმერთმა მოანიჭა, ამიტომაც უნდა შევასხათ ქება შემოქმედს. ამქვეყნად იმიტომ დავიბადეთ, რომ ღირსეულად ვადიდოთ იგი სიტყვით და საქმით.
მთელი სამყარო ჩვენს წინაშე გადაშლილი ცოცხალი წიგნია, რომელიც ღაღადებს დიდებას უფლისას და კაცთა გონიერ ნაწილს აუწყებს იდუმალ და დაფარულ ბრწყინვალებას ღვთისას ("მაგალითები და გაკვეთილები ქრისტიანული სარწმუნოებისა", მ., 1900 წ. გვ. 176).
ამიტომაც, უპირველეს ყოვლისა, ნათლად უნდა განვსაზღვროთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ამქვეყნად, რომელიც ღვთის წინაშე სათნო იქნება; აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, რა არის სიკეთე და რა – ბოროტება, რომელ გზას მივყავართ ცხონებისაკენ და რომელს – დაღუპვისაკენ. ჩვენ მომსწრე ვართ ორი მსოფლიო ომის, მეცნიერებისა და ტექნიკის უჩვეულო მიღწევების, უღმერთობის ხანის, გენური ინჟინერიისა და კლონირების მეთოდის დანერგვის, არნახული ზნეობრივი და სულიერი დაცემის; დადებითიცა და უარყოფითი მოვლენებიც მთელი ძალით დაატყდა თავს ადამიანს და მის წინაშე მთელი სერიოზულობით დაისვა კითხვა: სად არის გამოსავალი? არსებობს კი იგი საერთოდ?
ხსნა მხოლოდ ღმერთშია. უფალი თითოეულ ჩვენგანს უხმობს: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ" (მთ. 11,28), რადგან "თვინიერ ჩემსა არა რაი ძალგიც ყოფად" (ინ. 15,5).
დიახ, ხსნა მხოლოდ ადამიანისა და ღმერთის ერთობაშია.
ხსნა ისეთ სიყვარულამდე ამაღლებაშია, ახალი აღთქმა რომ გვასწავლის: "სიყვარული სულგრძელია და ტკბილი; სიყვარულს არ შურს; სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს. ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს" (1 კორ. 13, 4-7). თუ მოვიპოვებთ ასეთ მადლს, ღვთის შვილობის ღირსი გავხდებით.
ღმერთი გულში ივანებს. ამიტომაც ბრძენი სოლომონი გვაფრთხილებს: "დაიცავი გული ყოველ დასაცავზე მეტად" (იგავ. 4,23).
რწმენით, სიყვარულითა და იმედით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეშობის დიდებულ დღესასწაულს.
დაე, დამდეგი წელი იყოს მშვიდობის, სიკეთის, ურთიერთგაგების წელი. შევსთხოვ უფალს, თქვენი გული წმინდა ყოს და სული წრფელი მოგანიჭოთ თქვენ.
მარადის ხარობდეთ. გამუდმებით ილოცეთ.
მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის (1 თეს. 5, 16-18).
მაშ, მოდი, ნათელო ჭეშმარიტო!
ქრისტესმიერი სიყვარულით
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ქრისტეს შობა
1998/99 წ. სახელმწიფო, ეკლესია, სკოლა და ოჯახიმოდი


სააღდგომო ეპისტოლე - 2014

"წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხვივნეს, სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს" (ფს. 84,10).

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამანო და დედანო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, სასულიერო და საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო


ქრისტე აღდგა!
აღდგომის მადლითა და სიხარულით აღვსილი ვადიდებთ უფალს და თქვენ ყოველთა გულითადად გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.
აღსრულდა!
აღსრულდა ის, რაც განჩინებული იყო უწინარეს საუკუნეთა!
"ვნებითა მით შენითა, ქრისტე, ვნებათაგან განვთავისუფლდით და აღდგომითა შენითა ხრწნილებისაგან ვიხსენით, უფალო, დიდება შენდა!"
49 დღე ემზადებოდნენ მორწმუნენი ამ ზეიმის შესახვედრად.
შვიდი კვირის განმავლობაში ყველანი ვცდილობდით სულიერი კიბით ზესვლას, რათა ძალისამებრ ჩვენისა მომზადებულნი ვზიარებოდით პასექის სიხარულს, რომლის სადიდებელად ენა ამაოდ დაშვრება, რადგან ადამიანური მეტყველება უძლურია, გადმოსცეს ღვთის სიყვარულის ის საოცარი გამოვლინება, რისი მომსწრე და მხილველიც კაცთა მოდგმა 1981 წლის წინ გახდა.
აღდგომა, ეს არის ნეტარ მარადისობასთან ზიარების, წარუვალი სიკეთისა და სიხარულის მაუწყებელი დღე.
"სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?" (I კორ, 15,55).
ქრისტე აღდგა! გიხაროდეთ!
გარდა იმისა, რომ მაცხოვარმა ჩვენმა ბოროტება შემუსრა, თითოეულ ჩვენგანს უჩვენა გზა ხსნისა, უჩვენა მაგალითი ცხოვრებისა, ისეთი სიცოცხლისა, რომელიც ჭეშმარიტ ბედნიერებასთანაა დაკავშირებული.
ბედნიერება, ეს არის ის ცნება, ის მდგომარეობა, რომელსაც ესწრაფვის ყველა ადამიანი, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნისა და ერის წარმომადგენელია იგი. ოღონდ, რა თქმა უნდა, ბედნიერებას ესა თუ ის პიროვნება სხვადასხვანაირად აღიქვამს. მთავარი განსხვავება კი ის არის, რომ ზოგნი ამას ღმერთთან სიახლოვეში ხედავენ, ზოგნი კი, მის გარეშე მოიაზრებენ.
ამ გაორებას სათავე სამოთხეში დაედო.
ღმერთთან ერთობის პერიოდში ადამი და ევა აქ უზრუნველად ცხოვრობდნენ, მაგრამ, როდესაც მათ, საკუთარი თავის კიდევ უფრო მეტად განდიდების მიზნით, უფლის დარიგება უგულებელყვეს, ქვენა მიდრეკილებებს გაუხსნეს კარი და თვითონაც და მათი შთამომავლობაც გაორდა:
კაენის სულის მქონეთ ღმერთს ზურგი აქციეს და დაემონნენ ეგოისტურ ზრახვებს, ამბიციას, ხორციელ და გრძნობად მოთხოვნილებებს: ისინი ცდილობენ აქ, ამ წუთისოფელში, მიიღონ შესაძლო პატივი, სიმდიდრე, სიამოვნება... იმქვეყნიური ცხოვრებისა კი ან არ სწამთ, ან ამ თემაზე საკუთარი წარმოდგენა აქვთ და ყველაფერს სათავისოდ განსჯიან. აბელ-სეითის გზით მავალნი კი ბედნიერებას მხოლოდ უფლის წიაღს უკავშირებენ.
მათთვის მიწიერი ცხოვრება, ეს არის სამოთხიდან განდევნილთა ადგილი, ის დრო და სივრცე, სადაც ადამიანმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს თავისი ხვედრი და შეამზადოს თავისი მარადიული მომავალი.
ასეთი პიროვნებებისათვის ადამიანური ნამდვილი ბედნიერების საიდუმლო შემოქმედის ამ სიტყვებშია გაცხადებული: "შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ეს არის პირველი მცნება. მეორე არის: შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი შენი" (მრ. 12, 30-31).
პირველი მცნება გულისხმობს ღვთისადმი ისეთ სიყვარულს, რომელიც ყველაზე ძლიერი უნდა იყოს ჩვენში.
- როგორ მივხვდეთ, ვართ თუ არა ამ განწყობით?
- შემოქმედზე წინ არ უნდა დავაყენოთ არავისი და არაფრის სიყვარული და ამასთან, ყოველივე ჩვენს თავზე მოწევნული, - სიხარული თუ განსაცდელი, - უნდა მივიღოთ მადლიერებით.
- განა თუნდაც მშობლების ან შვილებისადმი გამორჩეული სიყვარული სწორი არ არის?
- ქრისტიანობა სიყვარულის სარწმუნოებაა, გულმხურვალე, თავგანწირული სიყვარულის რელიგია და, ბუნებრივია, ახლობლებისადმი დიდი სითბოსა და მზრუნველობის გამოჩენა არა თუ კარგია, ჩვენი ვალდებულებაა. ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენც, ჩვენს მშობლებსა და მათ წინაპართ, ისევე როგორც ჩვენს შვილებს და მათ შთამომავლებს, სიცოცხლეც და სხვა ყოველივე სიკეთეც უფლისაგან მოგვეცა. იგი არის ყველაზე დიდი მშობელი, ყველაზე დიდი ახლობელი ყველასათვის, ყველაზე მართალი და გულწრფელი გულშემატკივარი, იმედი და ნუგეშინისმცემელი ჩვენი.
ამიტომაც, როცა, თუნდაც, მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს საჭიროა ჩვენთვის.
- მაგალითად, შვილის გარდაცვალებაც?
- რა თქმა უნდა, ეს უდიდესი ტკივილია და ბოლომდე ღვთის განგებულებას ვერავინ ჩაწვდება. თუმცა, ასეთ შემთხვევებში ვხედავ იმ აზრს, რომ უფალს ადამიანი თუნდაც ახალგაზრდა, გაყავს ამ ქვეყნიდან მისი ცხონებისათვის საუკეთესო პერიოდში. და, ბუნებრივია, იგი ცათა შინაც შესაფერის ადგილს დაიმკვიდრებს; ხოლო ის ტკივილი, რაც მშობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს მიეყენებათ, კიდევ ერთხელ დააფიქრებთ მათ სიცოცხლის საზრისზე, მთავარ ღირებულებებზე, ცხოვრების წესზე, ზესთასოფელზე... ყოველივე ეს კი იწვევს ფერისცვალებასა და უკეთესობისაკენ მათ შეცვლას. ანუ, ფაქტობრივად, ეს ახალგაზრდები მიზეზნი ხდებიან თავისი ახლობლების სულიერი გადარჩენისაც, რაც უდიდესი მადლია იმ ქვეყნად წასულთათვისაც და აქ მყოფთათვისაც;
ხოლო თუ ამ ხალხს ასეთმა განსაცდელმაც ვერ უშველა, ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ მათს გულებში უფლის ადგილი არც არასოდეს იქნება.
- და რაკი ადამიანი გამუდმებით სცოდავს, მითუმეტეს ჩვენს დროში, განსაცდელებით ამიტომ ვართ სავსენი?
- ეს, მართლაც ასეა. დემონი ყოველნაირად ცდილობს თითოეული ადამიანის სული მიიზიდოს და მიიტაცოს. სთესავს მასში ეჭვსა და ურწმუნოებას, ყველაფრისადმი ზერელე დამოკიდებულებას, ბინდავს გონებას ათასგვარი სიამოვნებით და თვალსაწიერს მხოლოდ წუთისოფლით უფარგლავს, რათა იგი გონს არ მოეგოს და ხელიდან არ დაუსხლტეს.
ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც, თუმცა თანამედროვე ჩვენი ყოფა უფრო დამძიმდა და დასნეულდა, რადგან მასიურად ხდება წახალისება ცოდვის პროპაგანდისა. ბოროტის შემოტევის ასეთი ფართო მასშტაბები ადრე არ იყო. ადრე დევნიდნენ და აწამებდნენ მორწმუნეებს, ანგრევდნენ ტაძრებს, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეთ, მაგრამ ზნეობაზე სიტყვით მაინც უარს არ ამბობდნენ.
თანამედროვე ფსევდო-ლიბერალიზმს კი სურს, მოსპოს ცნება ცოდვა. მათი აზრით, ცოდვის განცდა თურმე ზედმეტად "ბოჭავს" ადამიანს და "თავისუფლებას" აკარგვინებს. ამიტომაც უნდათ, გააქრონ მორალი და მასთან ერთად სინდისის ქენჯნაც. იერიში მიტანილი აქვთ ზნეობაზე, რაც დღეს უკვე გულისხმობს ბრძოლას არა მარტო რელიგიურ მცნებებთან, არამედ საყოველთაო, ზოგადადამიანურ ღირებულებებთანაც, ფაქტობრივად, ისინი ცხოველებზე უფრო დაბალი ცხოვრების წესს სთავაზობენ საზოგადოებას და სრული სულიერი გადაგვარებისაკენ უბიძგებენ. აჩვენებენ სადიზმითა და სექსოპათიით გაჯერებულ ფილმებს და თან "გართობის" მიზნით სხვადასხვა "შოუსა" და გადაცემებში ირონიით საუბრობენ ადამიანურ ღირსებებზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, რათა, მათი თქმით, ხალხი "განკურნონ ნევროზისა და ფობიებისაგან".
ეს მეთოდიკა ისეთი ფორმით ინერგება, რომ ზოგჯერ თვით ამ "სპექტაკლების" მონაწილეთაც არ ესმით, სინამდვილეში რას ემსახურებიან და რატომ აქვთ ასეთი დაკვეთები. ვითომ ორიგინალობის და სიახლის შემოტანის სურვილით აკეთებინებენ ამას, სინამდვილეში კი საყოველთაო ურწმუნოებასა და ეშმაკეულ ცნობიერებას ამკვიდრებინებენ, რითაც, რა თქმა უნდა, ღმერთს განარისხებენ:
"ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის ცდუნება. მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ(მთ.18,6, 18,7) - ბრძანებს უფალი.
ბუნებრივია, ადამიანის ისედაც სუსტ ბუნებას უჭირს გაუძლოს ბოროტის ამდენ მახეს. ამიტომაც, სახეზე გვაქვს საყოველთაო დაცემა და ამ ფონზე არც მართლმადიდებლები არიან განსხვავებულ მდგომარეობაში. მათ შორისაც გახშირდა სიცრუე და ღალატი, ეგოისტური მიდგომები, უარის თქმა ოჯახურ ვალდებულებებზე, გულგრილობა. ყოველივე ეს კი სულიერ სამყაროში იწვევს სერიოზულ რღვევებს, რასაც ზოგიერთი გრძნობს, მაგრამ არ რეაგირებს, ზოგიერთი კი ვერც აცნობიერებს და აგრძელებს ცოდვასთან კავშირს.
მაგრამ თუ უფალს ეს ადამიანი უყვარს და არა ჰყავს მიტოვებული, მასზე ღვთისაგან დაეშვება განსაცდელი (ან განსაცდელები), რათა იგი გამოფხიზლდეს და დაფიქრდეს თავის მდგომარეობაზე.
ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ მოხდება გაცნობიერება დანაშაულისა და მისი გამოსყიდვა.
მე პირადად არაერთი ადამიანი მინახავს გულწრფელი აღსარებითა და ზიარებით მძიმე სენისაგან განკურნებულნი, ასევე რთული და, ერთი შეხედვით, გამოუვალი მდგომარეობიდან თავდახსნილნი; ეს ხომ დასჯა არ არის! იგი უფსკრულიდან ჩვენი ამოყვანაა, ჭუჭყისაგან ჩვენი განთავისუფლებაა.
ამიტომაც განსაცდელი მადლიერებით უნდა მივიღოთ.
ამასთან, ჩვენს თავში უნდა გავაძლიეროთ მებრძოლი სული, არ შევეგუოთ დაცემას, რამდენჯერაც არ უნდა შეგვემთხვას იგი, და ყოველთვის უნდა მოვძებნოთ ძალა ვნებათა დასათრგუნად, ასადგომად და გზის გასაგრძელებლად.
"სასუფეველი ცათაი იიძულების, და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი", (მთ. 11,12.). ანუ ცათა სასუფეველი საკუთარ თავთან ჭიდილით, - ცოდვათა დაძლევით მოიპოვება და ვინც ამ ომში გაიმარჯვებს, ის დაიმკვიდრებს მას.
ვიმეორებ, ეს დაპირისპირება დღეს განსაკუთრებული სიმწვავით მიმდინარეობს. ბოროტი თავგამოდებით იბრძვის და ჩვენც თავგამოდებით გვმართებს დავიცვათ ჩვენი მეობა, ჩვენი სული, ჩვენი ღირებულებები.
მაცხოვარი ჭეშმარიტ ქრისტიანებს თავისიანებსა და რჩეულებს უწოდებს და ასე მოიხსენებს: "ვიცნი ჩემნი იგი და მიციან ჩემთა მათ" (ინ. 10,14).
როგორი დიდი წყალობაა, უფალს მიაჩნდე თავისიანად!
მე მინდა, მივმართო ჩვენს ხალხს, რომელმაც ბოლო პერიოდში მრავალი განსაცდელი გადაიტანა, - არ შედრკეთ! ეს ტკივილი, ეს მწუხარება სწორედაც ნიშანია იმისა, რომ უფალი ჩვენთანაა, რომ ღმერთს ვუყვარვართ და ამიტომაც გვწვრთნის შეცოდებათა გამო.
- მართალია, სხვათა მსგავსად ჩვენც რთულ დროში გვიწევს ცხოვრება და ეს გავლენას ახდენს ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ მრავალი ტაძარი აიგო, ეკლესიები სავსეა ხალხით, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს. სხვაგან ასეთი პროცესები არ არის, თუმცა ისინი ჩვენზე უკეთ არიან. ჩვენ რა დავაშავეთ, რომ გამოცდის და განსაცდელების პერიოდი ასეთი ხანგრძლივი და მძიმე აღმოჩნდა?
- ჯერ ერთი, ვისაც ბევრი მიეცა, მეტიც მოეთხოვება. ჩვენს ხალხთან მიმართებაში სწორედ ეს ვითარებაა. ამასთან, მართალია, საზოგადოებაში დიდი დადებითი ძვრები მოხდა, მაგრამ მთავარი ნაკლოვანებები ჯერ კიდევ არ არის გამოსწორებული.
თითოეულმა ჩვენგანმა (ამჯერად ვგულისხმობ მხოლოდ მორწმუნეთ, მათ შორის სასულიერო პირებსაც) ჩავიხედოთ სულში და პირუთვნელად შევაფასოთ ჩვენი განწყობები და დამოკიდებულებები.
ვფიქრობ, ცოტანი არიან ისეთნი, რომელთა გულის ტახტზე უფალია დაბრძანებული. უმეტესი ნაწილი კი ძირითადად, სიტყვით და ნაწილობრივ კი, საქმითაც ღვთის მადიდებელია, მაგრამ ბოლომდე მაინც არ არის მინდობილი ღმერთს.
ეს ჰგავს იმ პიროვნების მდგომარეობას, რომელმაც ცურვა არ იცის, ზღვის სანაპიროზე მხოლოდ ფეხს ისველებს და ზღვაში ცურვის სიყვარულზე კი საუბრობს.
რა თქმა უნდა, ათეისტური აზროვნებისაგან ხალხი მალევე ვერ განთავისუფლდება და ზემოთქმული ამის შედეგიც არის, მაგრამ უკვე დადგა დრო, მთავარი სულიერი ორიენტირების გასწორებისა; ხოლო თუ ეს ასე არ მოხდება, მთელი ჩვენი ძალისხმევა, ჩვენი ვედრება ამაო იქნება, რადგან არასწორად აღვლენილი ლოცვა ჰაერში განიბნევა და შედეგს ვერ გამოიღებს.
ჩვენი ცხოვრება, ჩვენი საქმიანობა, აზრი და ფიქრიც კი, შესაძლებლობისამებრ, ღმერთით უნდა იყოს განმსჭვალული და სწორებას მუდამ მასზე უნდა ვახდენდეთ. ასეთი დამოკიდებულება სასიცოცხლოდ აუცილებელი არის თითოეული ჩვენგანისთვის.
მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ, თავი დავიცვათ ცოდვისაგან და მივუახლოვდებით იმ მდგომარეობას, რაც დაცემამდე იყო შემოქმედსა და ჩვენს პირველმშობლებს შორის, - შევცურავთ უფლის სიყვარულის ოკეანეში და აღვივსებით მისი მადლითა და წყალობით.
ვინ არის მოყვასი და რატომ არის მისი სიყვარული ჩვენი გადარჩენისათვის, ასევე, აუცილებელი პირობა?
- მოყვასია ყველა, ვინც კი ცხოვრების გზაზე გხვდება. დაწყებული შენი ოჯახის წევრებიდან, ახლობლებიდან და მეგობრებიდან და დამთავრებული უცნობი, მაგრამ შენთან შეხებაში მყოფი პიროვნებებით; რა თქმა უნდა, ამათ რიცხვში შედიან ის ადამიანებიც, რომელთაც ჩვენ მტრებს ვუწოდებთ.
ახლობლებისა და ჩვენი მოყვარული ადამიანების სიყვარული რომ აუცილებელია, გასაგებია. ეს გრძნობა იმდენად ბუნებრივად მკვიდრობს ჩვენში, რომ აქ მოვალეობაზეც კი ლაპარაკი არ არის, ეს ჩვენი მოთხოვნილებაა.
ჩვენი ხალხის ხასიათის წარმოსაჩენად ორ მომენტს გავიხსენებ: თუკი ქვეყანამ გაუძლო ბოლო ოცი წლის დუხჭირ ცხოვრებას, ეს სწორედ მეგობრების, მეზობლების, ნათესავების ერთსულოვნებით მოხდა. უბრალო ადამიანები, თვითონაც არას- მქონენი, მასზე გაჭირვებულთ უშურველად უნაწილებდნენ თავის ლუკმას, რაც ბუნებრივად, დაუყვედრებლად ხდებოდა.
ეს ხომ გმირობის ტოლფასია!
თქვენ იცით, მე ყოველთვის მოვუწოდებდი და მოვუწოდებ უცხოეთში წასულ ქართველებს, დაბრუნდნენ სამშობლოში და აქ ეძიონ საშუალებები დასაქმებისა, თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მაგრამ არ შეიძლება არ დავაფასო ამ ადამიანების დიდი ნაწილის, განსაკუთრებით ქალბატონების, თავდადება, როგორც თავისი შვილების, ისე მეუღლეებისა და ახლობლების მიმართ.
მათ მიატოვეს ყველაფერი და უცხოეთში უმძიმესი შრომა არ ითაკილეს, რომ როგორმე ფიზიკურად გადაერჩინათ თავისი საყვარელი პიროვნებები.
ეს მოყვასის მიმართ შეწირული მსახურებაა.
- ჩვენს ურთიერთობებში დიდი პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც ცოდვას ვეხებით და წყენა და გულისტკენა ჩნდება. როგორ მოვიქცეთ?
- ცოდვის პირველი უცილობელი წამალი სინანულია. თუ შენ ხარ დამნაშავე, ბუნებრივია, ბოდიში უნდა მოიხადო, აღიარო დანაშაული, მიხვიდე მასთან, ვისაც გული ატკინე და სთხოვო პატიება. ეს შენი ვალდებულებაა. თუმცა ადამიანებს ზოგჯერ უჭირთ ამ ნაბიჯის გადადგმა და პატივმოყვარეობის დაძლევა, რაც ფრიად სამწუხაროა.
- როგორ ვიგრძნოთ, გულით ვაპატიეთ, თუ არა სხვას დანაშაული?
- პატიება ნიშნავს არა მარტო იმას, რომ სამაგიეროს არ მიაგებ მას, არამედ იმასაც, რომ დაფარავ და არ განაცხადებ შენი შემცოდის ცოდვას. უფრო მაღალი საფეხური კი გულისხმობს იმ მდგომარეობას, როდესაც ამ ადამიანს შენ სიკეთით უპასუხებ.
- შეიძლება ნაკლებად შემცოდეს შეუნდო, მითუმეტეს, თუ იგი შენდობას ითხოვს, მაგრამ როგორ შევიყვარო მტრები, ისინი, რომელნიც უსამართლოდ, საშინლად გვექცევიან?
- ცოდვა, რა თქმა უნდა, არ არის ის, თუ ასეთ დამნაშავეს სამართლებრივ ფარგლებში პასუხს მოთხოვ, მაგრამ ეს ურთიერთობის შედარებით დაბალი დონეა.
საერთოდ კი, შენ უნდა მოინდომო, მას აუხსნა საქმის რეალური ვითარება, რომ გაღიზიანება დაიძლიოს; მაგრამ თუ ეს ქმედება ამაო გამოდგა, იგივე ახლა სხვათა საშუალებით გააკეთე; ხოლო თუ შედეგი ამ შემეთხვევაშიც ვერ მიიღე, ეცადე ღვთის სადიდებელად დაითმინო ცილისწამება, რითაც შენს სხვა მრავალ ცოდვას აღხოცავ და სულიერადაც ამაღლდები; მაშინ "მტრის" შხამიანი ქმედებების მიღმა დაინახავ, რომ შენი შეურაცხმყოფელი, ფაქტობრივად, თავისი ნებით წირავს თავს შენი განწმენდისათვის და ამასთან, უღირსი საქციელის გამო, საკუთარ თავს გაუცნობიერებლად, ღვთის რისხვას უმზადებს.
განა რა უნდა იყოს ამაზე მეტი სასჯელი მისთვის! შენ კი, თუ გონიერი ხარ, ასეთ პიროვნებაში დიდ კეთილისმყოფელს აღმოაჩენ, შეიბრალებ და შეიყვარებ მას.
ასე რომ, ჩვენი პირადი მტრის შეყვარება შესაძლებელია!
გავიხსენოთ მამა გაბრიელი (ურგებაძე), - აღმსარებელი და სალოსი.
მოგეხსენებათ, სალოსობის ინსტიტუტი, ძველი დროიდანვე იყო ცნობილი მართლმადიდებლობაში, მაგრამ ამ გზით მავალნი ძალიან ცოტანი იყვნენ; ისინი ყველას დასანახად ისე იქცევიან, რომ თავის არარაობას გაუსვან ხაზი და სხვათა თვალში დამცირდნენ. ანუ სალოსები მარტო კი არ ითმენდნენ შეურაცხყოფას, არამედ საზოგადოებაში ხელს უწყობდნენ მათზე უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რათა ყველასაგან ფარული, დიდი ღვაწლი ლოცვისა ეტვირთათ არა მარტო ცალკეული პიროვნებისა და ერისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის.
ასე იცხოვრა მამა გაბრიელმაც, – დაიმდაბლა თავი და ამიტომაც ამაღლდა.
არანაკლები მადლმოსილება აქვთ ბეთანიელ ბერებსაც, - არქიმანდრიტებს: გიორგი მხეიძესა და გიორგი-იოანეს(მაისურაძეს) და XX ს-ში გაბრწყინებულ სხვა წმინდანებს (აღარაფერს ვამბობთ წინა საუკუნეებში მოღვაწე სხვა წმინდანებზე).
- გამოდის, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის მტერი არ არსებობს?
- მტერი არსებობს და მისი სახელი არის ბოროტი სული, ეშმაკი, რომელიც თავისი მიზნების განსახორციელებლად იყენებს ცალკეულ პიროვნებებს, განსაკუთრებით ურწმუნოთ. აი, ვინ უნდა გვძულდეს და მოვიძაგოთ. მისი გავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანები კი, - გვიყვარდეს და გვებრალებოდეს, როგორც სნეულნი და ვეცადოთ, ვუმკურნალოთ მათს წყლულებს.
არსებობს ასეთი მოკლე ლოცვა:
ღმერთო, აცხოვნე (უნდა ითქვას მაჭირვებელთა სახელი) და მისი ლოცვით მეც მაცხოვნე, - ამ სიტყვებში დიდი სიბრძნეა.
მაგრამ, მოგეხსენებათ, წამლობა ხშირად მწარეა, თუმცა მისი მიღება აუცილებელია ჩვენი გამოჯანმრთელებისთვის. ასეა ცხოვრებაშიც, სიყვარული არ ნიშნავს ყოველივეს პატიებას, დაუსჯელობას. უფალიც ხომ გვწვრთნის დანაშაულთა გამო! ამიტომაც, ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ სიყვარული არ ნიშნავს უმოქმედობას, რომ ჩვენ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ღირსების დაცვა და პატივმოყვარეობა, თავდაცვა და ძალადობა, სიმართლის თქმა და განკითხვა, მხილება და დაბეზღება, დათმენა და სისუსტე.
შეუძლებელია, შენი სახელმწიფოს მტრების მიმართ იყო გულგრილი და არ დაიცვა ქვეყანა, მისი წარსული და მომავალი როგორც სიტყვით, ისე ფიზიკურადაც.
შეუძლებელია, სიწმინდის ტოლფასად ცოდვის აღიარებას გაიძულებდნენ და ეს დაუშვა.
შეუძლებელია, მეგობარს, ზოგადად ადამიანს სასიკვდილოდ იმეტებდნენ, ან თუნდაც... უსამართლოდ ეპყრობოდნენ და თანადგომა არ გაუწიო მას.
უკიდურესობები არაფერში არ ვარგა, მით უმეტეს, აზროვნებაში. ამ სფეროში უკიდურესობებს მივყავართ ან ფანატიზმამდე, ან ფსევდო-ლიბერალიზმამდე. ორივე გადახვევაა ჭეშმარიტებიდან და, ამდენად, მიუღებელიც.
პიროვნების სწორად ჩამოყალიბება დამოკიდებულია ოჯახში აღზრდაზე. ეს გარემო, სასწავლებელთან და ეკლესიასთან ერთად, გადამწყვეტ როლს ასრულებს ახალგაზრდის ფორმირებაში.
კომუნისტური რეჟიმის პირობებში ბევრი რამ დამახინჯდა, გაუკუღმართდა, მათ შორის, შვილებისადმი სიყვარულიც. მშობლები თავისი გაგებით უფრთხილდებიან მათ და ცდილობენ, ჰქონდეთ საუკეთესო ჩასაცმელი, არაფერი ეტკინოთ, არ ეწყინოთ, არ დაიღალონ, არამედ გაერთონ და ისიამოვნონ... ანუ უქმნიან სასათბურე პირობებს და თავისდაუნებურად ბავშვებში ეგოისტურ სულს აღაზევებენ.
ეს არის გაუცნობიერებელი მტრობა შვილების მიმართ!
ასეთი დამოკიდებულების შედეგად ახალგაზრდა უსუსური ხდება, არა აქვს შინაგანი სიმტკიცე, ხშირად იჩენს სიმხდალეს, მუდმივად ეძებს საყრდენს და სხვაზეა დამოკიდებული, დაქვეითებული აქვს აზროვნებაც და სიცოცხლისუნარიანობაც; ამასთან, არის ამბიციური და "მე"-ზე ორიენტირებული.
ეს ყველაფერი სხვადასხვა ეკონომიური შესაძლებლობის მქონე ფენაში სხვადასხვა სახით ვლინდება, თუმცა დიდ ნაწილში ერთი საერთო მდგომარეობა შეიმჩნევა, - არსებულით დაკმაყოფილება, უინიაციტივობა და მიშვებულობა.
ხშირია შემთხვევები, როცა მათ ბევრი რამ აკლიათ, მაგრამ ეზარებათ ვითარების გამოსწორებისათვის ზრუნვა. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფნიც, ზედმეტად თავს არ იწუხებენ, რადგან არა აქვთ ძიების სურვილი. ეს მოსწავლეები და სტუდენტები ამთავრებენ რა სასწავლებელს, ამთავრებენ ურთიერთობას წიგნთან და მხოლოდ ინტერნეტის თამაშებით იქცევენ თავს.
ბევრი მიეჩვია უშრომელად, ან შედარებით იოლი საქმიანობით, თავის გატანას და აღარ ეძებს სხვა გზებს მდგომარეობის გამოსასწორებლად; ამასთან, თუ ერთხელ არ გაუმართლა მცდელობამ, უიმედობა იპყრობს, დეპრესიული ხდება და იწყებს ცხოვრების კიბეზე კიდევ უფრო დაღმა დაშვებას. ამიტომაც გამრავლდა ნარკომანია, ლოთობა, ქურდობა, მკვლელობა, აღვირახსნილობა... ეს ყველაფერი არასწორი აღზრდის შედეგია.
ჩვენი შვილები თავიდანვე ძლიერ პიროვნებებად უნდა აღვზარდოთ და, პირველ რიგში, ღვთის სიყვარული და იმედი შთავუნერგოთ; იმედი იმისა, რომ თუ სწორად იცხოვრებენ, მარტონი არასოდეს იქნებიან და პრობლემებს უფლის შეწევნით აუცილებლად გადალახავენ.
ამასთან, პატარები უნდა მივაჩვიოთ შერიგებას, წყენის დავიწყებას, მეგობრებისადმი და, საერთოდ, ადამიანისადმი ერთგულებას, მადლიერებას, სხვის დახმარებას, სწორედ იმის გაღებას, რაც თვითონ ყველაზე მეტად უყვარს და სხვისი სიხარულით გახარებას, უნდა მივაჩვიოთ სამართლიანობას, ამტანობას, ტკივილის გაძლებას, რთულ სიტუაციაში გამოსავლის პოვნას, რა თქმა უნდა, შრომასა და წიგნის კითხვას; ანუ მოვამზადოთ ცხოვრებისათვის.
ფიზიკური და ინტელექტუალური დატვირთვა აუცილებელია ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად, რომ საჭიროების შემთხვევაში თავიც დაიცვას და სხვაც, ამასთან, გაარჩიოს, სად არის შავი და სად - თეთრი, რა არის კარგი და რა - ცუდი პირადად მისთვის, მისი ოჯახისათვის, ახლობლებისა და ქვეყნისათვის, რომ თავის შინაგან სამყაროში იგრძნოს სილაღე, თავისუფლება, სიძლიერე და სიყვარულით აღვსილი ამ თვისებების სხვათათვის გამზიარებელი იყოს სიცოცხლის ბოლომდე.
ამ მიზნის მისაღწევად დედ-მამამ პირადი მაგალითი უნდა უჩვენონ და, ამავე დროს, ურთიერთპატივისცემითა და შეთანხმებულად უნდა იმოქმედონ.
ქართველი ქალი ყოველთვის იყო ოჯახის დედა-ბოძი და დღესაც, ემანსიპაციის პირობებში, ისევ მან უნდა შეძლოს მთავარი გამაწონასწორებლი როლის შესრულება ოჯახში და ყველა წევრის ჩაბმა მომავალი თაობის სწორად აღზრდის პროცესში (აქ იგულისხმება ოჯახური საუბრები, საინტერესო თემების განხილვა და სხვა).
სახელმწიფოს ვალდებულებაა, ბავშვები დაიცვას მავნე ზეგავლენებისაგან, შესთავაზოს სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი და ამასთან სკოლიდანვე შეაჩვიონ პატარები ანალიტიკურ აზროვნებას; უნდა შეიქმნას ფილოსოფიური და ლიტერატურული წრეები, სადაც მოსწავლეები წაიკითხავენ საინტერესო წიგნებს და გაარჩევენ მათ, დაწერენ თავისუფალ თემებს და იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხზე.
ახალგაზრდებმა და, საერთოდ, ნებისმიერმა პიროვნებამ, ღრმა აზროვნების განსავითარებლად საჭიროა იკითხონ როგორც სასულიერო წიგნები, ისე მხატვრული, ფილოსოფიური, ისტორიული, ფსიქოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლიტერატურა; ამის გარეშე მათი ხედვის დიაპაზონი ვიწრო იქნება და ვერ გააკეთებენ სწორ არჩევანს.
ისინი უნდა აკონტროლებდნენ თავის ფიქრებს, უნდა იცოდნენ, სად არის ოქროს შუალედი, სად უნდა დაედოს ზღვარი მათს აზროვნებას, რომ უფლისაგან მონიჭებული არჩევანის უფლება და თავისუფლება ბოროტის მსახურებად არ აქციონ. თუ ეს განხორციელდა, მაშინ მშობლებს შეუძლიათ ჩათვალონ თავისი ვალი შვილებისა და სამშობლოს წინაშე აღსრულებულად.
დაახლოებით ასეთია მორწმუნის დამოკიდებულება ბედნიერებისადმი.
ყოველივე ზემოთქმული კი ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩვენ ვისწავლოთ იმ გზებით სიარული, რომელიც ნამდვილ ბედნიერებასა და სიყვარულს გვაზიარებს და რწმენით, ჭეშმარიტებით, სიწმინდით, სიკეთითა და სიხარულით აღგვავსებს.
ამ მადლს არცერთი ეპოქა არ მოიცავდა სრულად, მაგრამ არც ისეთი დრო ყოფილა ოდესმე, რომ სრულად განძარცული ყოფილიყო იგი ამ წყალობათაგან.
დღესაც, ტექნიკის განვითარებისა და მისი ბატონობის პერიოდში, ამბიციურობის, ცრუ ჰუმანიზმის, ნელ-თბილი რწმენისა და ბოროტთან საიდუმლო გარიგების ხანაში, კვლავ გვესმის აღდგომილი მაცხოვრის იმედისმომცემი და განმამტკიცებელი ხმა:
"მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მთ. 28,20)!
მაშ, ვისი მეშინოდეს, ან ვისგან შევძრწუნდე?
მართალია, ბოროტი ძალა გამუდმებით გვებრძვის, მაგრამ მასზე განუზომლად ძლიერი და დაუსაბამოა ღმერთი, რომელიც მუდამ ჩვენთან არის და დღესაც სააღდგომო ტრაპეზზე გვიხმობს: ქართველებს, ოსებს, რუსებს, აფხაზებს, ბერძნებს, იეზიდებს, უდიებს, ასირიელებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, უკრაინელებს,... როგორც მესამე, ისე მეთერთმეტე ჟამის ქრისტიანებს.
მაშ, რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა; რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი, შევედინ სიხარულით სიხარულსა ამას უფლისასა... და ყოველთავე მიიღეთ სიმდიდრე სიტკბოებისა..., რამეთუ აღდგა ქრისტე და დაირღვა ჯოჯოხეთი; აღდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქეობს, აღდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანი არს საფლავსა შინა, აღდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
ილია II

აღდგომა ქრისტესი 2014, 20 აპრილი. წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხვივნეს

image
image თემა: აღდგომა
ავტორი: ილია II

ლაშა ცაიშვილის მოგონებები წმ. მამა გაბრიელზე

ალბათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ისეთი პერიოდი, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. იგი, დროთა განმავლობაში, არათუ ქრება მეხსიერებიდან, არამედ უფრო და უფრო ღრმა და წარუშლელ კვალს ტოვებს ადამიანის სულში, რა დროსაც მატულობს ნოსტალგია და გაუნელებელი სურვილი გარდასულის დაბრუნებისა. სწორედ ამგვარ ბედნიერ პერიოდად და მოვლენად აღიქმება ჩემთვის ის სანატელი წუთები და საათები, რომელიც სამთავროს მონასტერში გამიტარებია მამა გაბრიელთან.
13 წლის ასაკში მხედველობა დავკარგე, რაც ადვილი შესაგუებელი არ იყო არც ჩემთვის და არც ჩემი ოჯახის წევრებისთვის. ჩვენ გამოსავალს ვეძებდით, რათა, ფიზიკური კურნება თუ არ მოხდებოდა, სულიერად მაინც გავძლიერებულიყავით.
მამა გაბრიელთან პირველი შეხვედრისა და გაცნობის დღე საოცრად უჩვეულო და მოულოდნელი იყო. იმ დღეს სამთავროს მონასტერში მირონმდინარე ხატების მოსალოცად ვიყავით ჩასულები. მაშინ საერთოდ არაფერი გვსმენოდა ამ მადლიანი ბერის შესახებ. უბრალოდ, სურვილი გვქონდა, სასწაულმოქმედი ხატებიდან გადმოდენილი წმინდა მირონი გვეცხო, მაგრამ არ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით. ამ ყველაფრის გარკვევაში ახლადგაცნობილი, აწგარდაცვლილი არქიმანდრიტი საბა (კუჭავა, იმჟამად ერისკაცი გიორგი) დაგვეხმარა.
ღვთის დაშვებით, ჩვენს გასაძლიერებლად ერთი სასწაულიც მოხდა: წმინდა მირონი, რომელიც ხატებიდან მთელი ერთი კვირის განმავლობაში უწყვეტად მოედინებოდა, ჩვენი ჩასვლისას უკვე ორი დღის შეწყვეტილი იყო, მაგრამ ღვთის მადლით ერთი წვეთი კვლავ გადმოდინდა და იღუმენიას კურთხევით ვიცხეთ. ამ ყველაფრის შემდეგ გიორგიმ გვირჩია, აქ ერთი მადლიანი ბერი ცხოვრობს და კარგი იქნება, თუ თავს დაალოცინებთო. როდესაც მამა გაბრიელთან მივედით, მისგან საოცარი სითბო და მადლი იღვრებოდა. ყველას ისეთი განცდა გვქონდა, რომ ჩვენს წინ ადამიანი კი არა, ადამიანის სახით განხორციელებული სიყვარული იდგა. ამის შემდეგ, ხშირად დავდიოდით და დიდი ინტერესით ვისმენდით მის ქადაგებებსა თუ სწავლებებს. მამა გაბრიელს ჰქონდა საოცარი უნარი, გულწრფელი სიყვარულით მიეღო ყველა მასთან მისული ადამიანი. მიუხედავად ჩვენი ცოდვებისა და უღირსებისა, ყველას თბილად გვხვდებოდა. რომ დამინახავდა, იტყოდა ხოლმე: "ჩემი ლაშა მამივიდა". თავად ვარ მომსწრე მის მიერ მომხდარი სასწაულებისა. გასაოცარი სიბრძნით იყო სავსე ყოველი მისი სწავლება თუ დარიგება. როგორც ღამის წყვდიადში სიცივისაგან დაუძლურებულ პაწაწინა იას გამოაცოცხლებს და კვლავ უბრუნებს სიცოცხლის ხალისს დილის ნაზი მზის სხივი, ასეთივე სინათლის შემომტანი იყო ჩვენს გაუხეშებულსა და დაცარიელებულ სულებში მამა გაბრიელის ყოველი სიტყვა. მე არ ვიცოდი, ის მოქმედი სასულიერო პირი რომ არ იყო და ვთხოვე, ჩემი მოძღვარი გამხდარიყო. მამა გაბრიელმა იცოდა, რომ მე ჯერ ეკლესიური ცხოვრება დაწყებული არ მქონდა და სულიერად უმწიფარი ვიყავი და, ალბათ, იმის გამო, რომ გული არ მტკენოდა, დამთანხმდა. ხოლო შემდეგ, როდესაც გარკვეული ხანი გავიდა, ამიხსნა, რატომ ვერ იქნებოდა ჩემი მოძღვარი (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) და მირჩია, სხვაზე გამეკეთებინა არჩევანი. მას შემდეგ, რაც სამთავროს მონასტერში გაცნობილმა გიორგი კუჭავამ მამა გაბრიელი გაგვაცნო, მან თბილისში, პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიაში, მამა არჩილ მინდიაშვილთან მიგვიყვანა, სადაც, ასევე, დიდ სულიერ საზრდელს ვღებულობდით. მამა გაბრიელს ვკითხე, თუ მირჩევდა მამა არჩილს სულიერ მოძღვრად. მან გახარებულმა მითხრა: მიდი მამა არჩილთან, ის ბრძენი ადამიანიაო. მას შემდეგ, ღვთის შეწევნით, ხშირად დავდიოდით როგორც პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიაში, ასევე სამთავროს მონასტერში, გაბრიელ ბერთან.
მამა გაბრიელი თავადაც იყო ორჯერ სტუმრად ჩვენს ოჯახში. მოგეხსენებათ, ოთხმოცდაათიან წლებში თბილისში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და ჩვენს ოჯახშიც ორმაგად დაძაბული მდგომარეობა იყო. ძმათამკვლელი ომის სიმძიმეს ისიც თან ერთვოდა, რომ ბიძაჩემი ზ. წ. ამ დროს მთავრობის სახლში იმყოფებოდა და ყოველ წუთს დიდი საფრთხე ელოდა. ჩვენი სახლი ტერიტორიულად ისეთ ადგილზე მდებარეობდა, რომ რეალური საშიშროების წინაშე ვიდექით, ნასროლი ტყვიებისგან ცეცხლი გაჩენილიყო. ამ ყველაფერს კი ისიც ემატებოდა, რომ იმ პერიოდში დედაჩემს თვალის ოპერაცია ესაჭიროებოდა და, მრავალი მიზეზის გამო, ვერ ვიღებდით გადაწყვეტილებას მის საავადმყოფოში მოთავსებასთან დაკავშირებით. მამა გაბრიელი ამ დროს, როგორც ნუგეში, ისე მოგვევლინა. გვიწინასწარმეტყველა, რომ ზვიადი, მის თანამებრძოლებთან ერთად და, მათ შორის ბიძაჩემიც, მშვიდობით გადარჩებოდნენ, დედაჩემის ოპერაციაც კარგად დამთავრდებოდა და ჩვენი სახლიც უვნებელი დარჩებოდა. რა თქმა უნდა, მისი წინასწარმეტყველება გამართლდა.
მაგონდება ერთი სასწაული, რომელიც ცოტა მოგვიანებით, თბილისში ყოფნის დროს მოახდინა მამა გაბრიელმა. ერთხელ, მასთან ერთად, ერთ-ერთი მორწმუნის სახლიდან ქაშვეთის ტაძრისაკენ მივდიოდით. მამა გაბრიელი გზად უცხო გამვლელებს აჩერებდა და თავიანთი ცხოვრების შესახებ ესაუბრებოდა. ზოგი გაკვირვებული, ზოგი კი თვალცრემლიანი და მუხლმოდრეკილი ისმენდა მის საუბარს. იგი ხან მომავალს უწინასწარმეტყველებდა, ხან კი განვლილი განსაცდელის გამო ანუგეშებდა მათ. როდესაც მთავრობის სახლთან ჩავიარეთ, მამა გაბრიელმა ხმამაღლა დაუწყო მხილება არსებულ ხელისუფლებას და, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ომი ახალი დამთავრებული იყო და მაშინდელი ხელისუფლება სასტიკ რეპრესიებს აწარმოებდა, რის გამოც ქუჩები სავსე იყო პოლიციელებით, მაინც არ მოერიდა მათ (ამის შემდეგ ქალაქში ჭორიც გავრცელდა, მღვდლებმა მთავრობის სახლის წინ მიტინგი მოაწყვესო).
ქაშვეთის ტაძრის მოლოცვის შემდეგ, მამა გაბრიელის სურვილით, საჯარო ბიბლიოთეკასთან ახლომდებარე ყოვლადწმინდა სამების პატარა ეკლესიისკენ გავემართეთ (ქაშვეთის ეკლესიასთან სწორედ ამ დღეს გადაღებული ფოტოა განთავსებული ბროშურის დასაწყისში, რომელზეც, საბედნიეროდ, მეც ვარ აღბეჭდილი, 15 წლის ასაკში, მამა გაბრიელის უკან, მარჯვნივ). ამ დროს მამა გაბრიელმა ერთი სასწაული მოახდინა: მან გზაზე მიმავალ მოტოციკლეტის მძღოლს ანიშნა, გაჩერებულიყო, მაგრამ მძღოლი არ დაემორჩილა. ბოლოს, ხალხის სიმრავლის გამო, იძულებული გახდა, გაეჩერებინა. მე ამ დროს მამა გაბრიელთან ახლოს ვიდექი და კარგად გავიგონე მის მიერ წარმოთქმული სიტყვები: "აბა, ახლა დაქოქე!". მიუხედავად იმისა, რომ გზა მალე გათავისუფლდა, მძღოლი ვეღარ ახერხებდა მოტოციკლეტის ადგილიდან დაძვრას. ჩვენ ნელი ნაბიჯით მივდიოდით და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გვესმოდა, თუ როგორ წვალობდა მძღოლი, რომ ძრავა ჩაერთო. ყველასათვის აშკარა იყო ამის მიზეზი და მამა გაბრიელს დაუწყეს ხვეწნა, დახმარებოდა მას. ბერი მაშინვე შემობრუნდა, რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა (რომლის გაგებაც, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე) და მოტოციკლეტისტს ჯვარი გადასახა. მოტოციკლეტი მაშინვე დაიძრა ადგილიდან და ჩვენც განვაგრძეთ გზა.
ტაძრის მოლოცვის შემდეგ მამა გაბრიელს ვთხოვე, ჩემთან წამობრძანებულიყო სტუმრად. მისგან მაშინვე თანხმობა მივიღე და ორ მორწმუნესთან ერთად სახლისკენ გავემართეთ. სახლში შემოსვლისთანავე მამა გაბრიელმა წარმოთქვა: რამდენ ხალხს გაუვლია ამ სახლში! მართლაც, სტუმრიანობის გამო, ჩვენთვის ახლობლებს ხშირად უკითხავთ ხოლმე ხუმრობით, თქვენს კარებს სასტუმრო რატომ არ აწერიაო.
ჩვენთან ყოფნის დროს, მამა გაბრიელმა მრავალი გააოცა თავისი წინასწარმეტყველებითა და აზრის შეცნობის ნიჭით. მაგალითისთვის რამდენიმე ფაქტს გავიხსენებ: მას ჩვენი მეზობელი გოგონა ქ. ა. გავაცანით, თუმცა, აღმოჩნდა, რომ გოგონას ჩვენზე უკეთ იცნობდა მამა გაბრიელი. ბერმა მას პირჯვარი გამოსახა და დაუწყო საუბარი მის განვლილ ცხოვრებაზე, შემდეგ მომავალიც უწინასწარმეტყველა. ამგვარი საუბარი ჩემი მეზობლისთვის უცხო იყო და შეშინებულს გულში გაუფიქრია, ნეტავ მეტი აღარაფერი მითხრასო. მამა გაბრიელიც მყისიერად შეჩერდა და მიუგო: კარგი, მეტს აღარაფერს გეტყვი!. ამის შემდეგ ერთ-ერთმა მორწმუნემ ო. ნ.-მ სთხოვა მამა გაბრიელს, ცოტა ხნით რაღაც საქმეზე გაეშვა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ძალიან შეაგვიანდა და, თავის გამართლების მიზნით, ტყუილის თქმა მოუწია. ჩვენ არ მოგვისმენია მისი და მამა გაბრიელის საუბარი, მაგრამ, როგორც თვითონ გვიამბო, მისი სიცრუის პასუხად მამა გაბრიელს ყველა ადგილი და შენობა ჩამოუთვლია, სადაც ის იყო.
ჩვენთან სტუმრობის დროს დედაჩემს - მ. წულაიას უთხრა, მოსე წინასწარმეტყველი გამომეცხადაო და როდესაც ჩავეძიეთ, თუ რას ეხებოდა გამოცხადება, აღარაფერი გვითხრა. მეორე დღეს, როდესაც გაბრიელ ბერმა წასვლა დააპირა, გამომშვიდობებისას დედაჩემს ასეთი რამ უთხრა: ახლა მივდივარ და თან თქვენი სიყვარული მიმაქვსო. მე ამ დროს მამა გაბრიელის ზურგს უკან ვიდექი. იგი ვერ მხედავდა. მე გულში გავიფიქრე: მამა გაბრიელ, შენ რომ მიდიხარ, ეგ არ გვეყოფა?! სიყვარული მაინც დაგვიტოვე-მეთქი. მან მაშინვე შეწყვიტა საუბარი, შემობრუნდა და გაღიმებულმა თბილი და ალერსიანი ხმით მითხრა: "ლაშა, მე შენ სიყვარულს გიტოვებ!".
მამა გაბრიელი ოთხი დღე იმყოფებოდა თბილისში, სხვადასხვა მორწმუნეების ოჯახში. ამ ხნის განმავლობაში საკვები თითქმის არ მიუღია. მხოლოდ ერთ ლუკმას თუ იხმევდა, რომ ნაწყენი არ დავრჩენილიყავით. დედაჩემმა ერთხელ გულდაწყვეტით ჰკითხა, რატომ არ ჭამთ არაფერს, იქნებ ცოტა მაინც მიირთვათო. მამა გაბრიელმა უპასუხა, მე თქვენს სიყვარულს მივირთმევო. ბერს, ზოგადად, წესად ჰქონდა, რომ უარი არაფერზე ეთქვა. თითქოს ყველაფერი უნდოდა - გადაიღებდა რომელიმე კერძს და მერე პირს არ აკარებდა. თან, სუფრასთან ჯდომის დროს, საჭმელს რამდენიმეჯერ გაგაცხელებინებდა, თუმცა, მაინც არ ჭამდა. ამით მორჩილებას გასწავლიდა, ღვაწლს იწირავდა და ილოცებოდა: ღმერთმა გიკურთხოთ მარჯვენა!
ჩვენთან ყოფნის დროს გაბრიელ ბერს ერთი განსაცდელის შესახებ ვესაუბრე, რომლითაც მრავალი წლის განმავლობაში შეწუხებული და დამძიმებული ვიყავით მთელი ოჯახი და ვთხოვე, ელოცა ღვთის წინაშე, რათა უფალს გავეთავისუფლებინეთ მისგან. მან კი, ჩემი თხოვნის პასუხად, გაოცებულმა მკითხა: რატომ გინდა, რომ ღმერთმა განსაცდელი აგარიდოთ? თუმცა, როგორც ჩანს, მან მაინც ილოცა ჩვენთვის ღვთის წინაშე და ეს განსაცდელი მთლიანად არა, მაგრამ გარკვეული პერიოდით მაინც აგვცილდა, რაც დიდი შვება იყო ყოველი ჩვენგანისთვის.
მამა გაბრიელთან, მცხეთაში, ერთი ჩემი მეგობარი ნ. ს. დამყავდა ხოლმე, რომელიც ხშირად განიკითხავდა მას და ამბობდა, როგორ შეიძლება ბერმა ამდენი სასმელი დალიოს, ეს ხომ ლოთობაა და მეტი არაფერიო. ერთხელ, როდესაც მასთან ერთად მამა გაბრიელთან მივდიოდი, იგივე თემაზე მოგვიხდა შეკამათება და თითქმის მთელი გზა ვდაობდით. როცა ჩავედით სამთავროს მონასტერში, მამა გაბრიელმა ჩემი მეგობარი მაშინვე თავისთან იხმო და იქვე მდგარი ღვინის ბოთლის მიტანა დაავალა. შემდეგ მიუბრუნდა და მამაშვილური სიყვარულით უთხრა სახარებისეული სიტყვები: იცოდე, რაც პირში შედის, ის კი არ ბილწავს ადამიანს, არამედ ის, რაც პირიდან გამოდის.
ამ სიტყვების ნათელი დადასტურებაა ერთი ამბავი, რომელსაც ერთხელ მამა გაბრიელთან ყოფნის დროს შევესწარი. იგი, ჩვეულებისამებრ, სხვადასხვა თემებზე გვესაუბრებოდა. ერთი შეხედვით ნასვამ მდგომარეობაში იყო, ფეხზე დგომა უჭირდა და საუბრისას ენაც ებმოდა. ამ დროს ვიღაც უცნობი ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა და ჩვენს მახლობლად დადგა. მამა გაბრიელმა შეხედა თუ არა მას, ლაპარაკი შეწყვიტა, ფეხზე წამოდგა და უთხრა: წუხელ შენზე გამოცხადება მქონდა და უნდა გელაპარაკო. ამ დროს ყველამ შევნიშნეთ, რომ ის თვალის დახამხამებაში გამოფხიზლდა და ისე გამართულად დაუწყო უცნობს საუბარი, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ ბერს, სულ რაღაც ხუთი წუთის წინ, ალკოჰოლის თუნდაც სულ ერთი წვეთი მაინც ქონდა მიღებული.
მე და ჩემს ახლობლებს ტრადიციად გვქონდა მცხეთაში წმინდა სალოცავების მოლოცვა და მამა გაბრიელის მონახულება, შემდეგ კი ბუნების წიაღში ტრაპეზი. პირველად ყოველთვის მამა გაბრიელთან მივდიოდით ხოლმე. რამდენიმე მეგობარს არ სჯეროდა მისი, რადგან სალოსობის საიდუმლოს ვერ წვდებოდნენ. აი, რა მოხდა: ერთხელ, სვეტიცხოვლის ტაძრის მოლოცვის შემდეგ გვინდოდა მამა გაბრიელთან სტუმრობა სამთავროს მონასტერში, მაგრამ ჩვენმა მეგობრებმა სასტიკი წინააღმდეგობა გაგვიწიეს და აგდებულად თქვეს, ჯერ ბუნების წიაღში გავერთოთ და მერე, თუ მაინცდამაინც გინდათ, იქ ბოლოს შევიაროთო. ურთიერთობა რომ არ დაძაბულიყო, დავთანხმდით და არაგვზე წავედით, სადაც ცეცხლის დანთებას ვაპირებდით; სანამ მდინარესთან ჩავიდოდით, იქვე საქანელებზე გადავწყვიტეთ გართობა. მე და ჩემს დას გვეშინოდა. ვგრძნობდით, რომ რაღაც უსიამოვნება არ აგვცდებოდა. მართლაც, ერთ-ერთ "მოწინააღმდეგეს" საქანელა ჩამოუწყდა და გაქანებული ე.წ. "ნავი" თავში (საფეთქელთან ძალიან ახლოს) მოხვდა. ღვთის მადლით გადარჩა. მოგვიანებით კი, არაგვზე ჩასულებმა, აღმოვაჩინეთ, რომ სამწვადე ხორცი სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში დაგვრჩენოდა. რა თქმა უნდა, ბიჭებმა მაშინვე იქით მიაშურეს, მაგრამ პარკი გამოგლეჯილი და ცარიელი დახვდათ. აღმოჩნდა, რომ ჩვენი სამწვადით ძაღლებს "უქეიფიათ". ასე არ შედგა იმ დღეს ჩვენი გასეირნება, თუმცა ყველა დარწმუნდა, რომ ჯერ ბერთან უნდა მივსულიყავით. მას შემდეგ, მამა გაბრიელის მიმართ ჩვენი მეგობრების დამოკიდებულება საგრძნობლად შეიცვალა დადებითისკენ.
იყო ასეთი შემთხვევაც: მცხეთაში ორი მანქანით წავედით. ოთარ ნიკოლაიშვილი (მამა გაბრიელის უახლოესი სულიერი შვილი) და ჩემი და - ე. ცაიშვილი ცალკე წამოვიდნენ. გზაში ოთარი გაზის ბალონებს ეძებდა და ცოტა შეაგვიანდათ. როცა მოვიდნენ, მამა გაბრიელმა ჰკითხა: ოთარ, მამიტანე პრაფესორი? (ასე ეძახდა ღვინოს). ოთარმა მოუბოდიშა: მამაო, რაღაც საქმეები მქონდა და ვერ შევძელიო. მამა გაბრიელმა მიუგო: ჰო, მეც მთელი დღე ბალონებს ვეძებდიო. მერე გაეღიმა და გადააკეთა: არა, არა... ბანკებს ვეძებდიო. ასე გაგვაგებინა, რომ ჩვენი "საქმეები" მისთვის ყოველთვის ცხადი იყო.
ერთხელ, სამთავროს მონასტერში, გაბრიელ ბერთან ერთად, ტრაპეზს ვუსხედით; მე მამა გაბრიელის პირდაპირ ვიჯექი. უეცრად იგი სუფრიდან წამოდგა, სამჯერ გააკეთა დიდი მეტანია და უფალს მთელი გულით ევედრებოდა: ღმერთო, ამას ახადე და მე დამხადეო. არ ვიცი, იგი უფალს ჩემთვის თვალების ახელას სთხოვდა, თუ კიდევ სხვა რაიმე განსაცდელი მომელოდა და მან აიღო თავის თავზე.
ერთხელ, ჩემს უსინათლობასთან დაკავშირებით მითხრა: შენ უფალი აუცილებლად აგიხელს თვალებს ისე, რომ სათვალეც არ დაგჭირდება. იმიტომ ვერ ხედავ, რომ შენზე უფლის დიდება უნდა გამოცხადდესო; და, ამ სიტყვების შემდეგ, ციტატა მოიყვანა იოანეს სახარებიდან, სადაც უფალი შობითგან ბრმაზე ბრძანებდა: "არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რაითა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაი მაგას ზედა. [იოანე 9.3], თუმცა, ამ სასწაულს უფალი როდის ან რა გზით მოახდენს, არ უთქვამს.
ერთი ჩემი ახლობელი ა. კ., თავის მეგობართან ერთად, მამა გაბრიელთან იყო ჩასული. წამოსვლისას ბერმა მკაცრად გააფრთხილა, არსად წახვიდეთ, აქ დარჩითო. მის მეგობარს უთქვამს: წამოდი, მაგ ლოთს რას უსმენო. ჩემი ახლობელი კარგად იცნობდა მამა გაბრიელს და იმდენი ქნა, რომ წასვლა მაინც გადადო. რამდენიმე საათში შეიტყვეს, რომ იმ ადგილას, სადაც მათ უნდა გაევლოთ, სროლები ამტყდარა და ვიღაც მოუკლავთ.
ერთხელ, როდესაც მამა გაბრიელთან ვიყავით, მისმა ნაცნობმა ქალბატონმა ერთი მეცნიერი მოიყვანა სტუმრად, იმის საჩვენებლად, თუ როგორი ბრძენი იყო ბერი. საიდან არ მიუდგნენ, რა არ სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. მამა გაბრიელს მათთან საუბრისას "კი" და "არას" მეტი არაფერი უთქვამს. უმეტესად კი მორჩილი კრავივით უსმენდა მათ. სტუმრები ბოლოს მიხვდნენ, რომ ვერაფერს გახდებოდნენ და წავიდნენ.
ეს ამბავი ახლობელმა მ. ჯ.-მ მიამბო: მამა გაბრიელთან ერთ მორწმუნეს სულიერად დაავადებული ქალი მიუყვანია. ამ ადამიანს, თურმე, მუდმივი გაუმაძღრობა სჭირდა, დანაყრებას ვერ გრძნობდა და დაუსრულებლად ჭამდა. მამა გაბრიელს ერთ-ერთი მონაზვნისთვის დაუვალებია, ხაბიზგინები გამოეცხო, რათა ამ ქალისათვის მიერთმია. როდესაც ხაბიზგინები მოიტანეს, ბერმა ყველა ამ ქალბატონს დაუდო წინ. ქალს, თურმე, ბოლოს აღარ შეეძლო და ორი ცალი დაუტოვებია. მამა გაბრიელმა ისინი თან გაატანა და უთხრა: რადგან შენ ვეღარ ჭამ, მონასტრის კარებთან ერთი გლახაკი დაგხვდება და მას მიეციო. მართლაც დახვედრია ქალს გლახაკი და მიუცია ხაბიზგინები. ამ ამბის შემდეგ ქალი სრულიად განკურნებულა ნაყროვანების ცოდვისგან; მაგრამ მცირე დროის შემდეგ მასთან ერთი ახლობელი მისულა, რომელსაც არ სჯეროდა მამა გაბრიელის და ულანძღია იგი, რის შემდეგაც ამ ქალს რწმენა დაუკარგავს და ისევ შეუპყრია ცოდვას.
სამთავროს მონასტერში ერთი უცნობი ახალგაზრდა ქალი მოვიდა. როდესაც მამა გაბრიელმა დაინახა, დაუწყო ხმამაღლა ყვირილი და უშვერი სიტყვებით ლანძღვა. უცნობი ქალი კარგა ხანს მშვიდად და მორჩილად უსმენდა მას. ლანძღვის მერე მამა გაბრიელმა სითბოთი აღსავსე ხმით გადაულაპარაკა სხვას: ეს მონაზვნად გამოდგებაო.
გაბრიელ ბერი თავის კელიაში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მაცხოვრის ხატთან ყოფილა გარინდებული, შემდეგ კი უთქვამს: უფალი მოდის, მთელი სამყარო ძრწის, მაგრამ ადამიანები ვერ ხვდებიან მატერიალური სამყაროს დასასრულის მოახლოებასო. მამა გაბრიელის ამ გამოცხადებიდან ნათლად ჩანს, რომ ფიზიკური მატერია მართლაც გრძნობს დიადი ძალის მოახლოებას და ამიტომაც ძრწის. სამწუხაროა, რომ ამას უსულო საგნები გრძნობენ, ხოლო ცოცხალი გონიერი არსებები - ვერა.
ბერი ხანდახან ანტიქრისტეზე გვესაუბრებოდა და გვეუბნებოდა: მისი მოსვლის დრო ისე ახლოს არის, რომ იგი უკვე კარზე აკაკუნებსო. როდესაც უფრო დაწვრილებით დავეკითხე, მაინც როდის იქნება მისი მოსვლა მეთქი, პასუხის გაცემაზე უარი მითხრა - რომ გითხრა, შეგეშინდებაო. საუბრის დასაწყისში დამპირდა, რომ ანტიქრისტეზე წიგნს მაჩუქებდა. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, მამა გაბრიელისგან სახსოვრად რაიმე მქონოდა და, როგორც კი გულში გავიფიქრე, ნეტავი არ დაავიწყდეს წიგნის მოცემა-მეთქი, მან მაშინვე შემაწყვეტინა საუბარი, წამოდგა და მითხრა: ეხლა წიგნი უნდა მოგიძებნო, მერე რომ არ დამავიწყდესო.
ერთხელ, ჩემს სემინარიელ მეგობრებთან ერთად, მამა გაბრიელთან, კელიაში ვიყავით. ის კვლავ ანტიქრისტეს პერიოდზე გვესაუბრებოდა და გვარიგებდა. ჩვენ ჩავეკითხეთ, თუ როგორ შეძლებდა ხალხი ასეთ რთულ პერიოდში ცხოვრებას. მან გვიპასუხა: ბოლოჟამს მორწმუნეები ტყეებში იცხოვრებთ. მე ვერ მოვესწრები იმ დროს. თქვენ ერთად უნდა იყოთ და არაფრის გეშინოდეთ. თქვენ სემინარიის სტუდენტები ხართ და რამ შეგაშინათ?! სად არის თქვენი რწმენა? ღმერთმა ებრაელი ერი ორმოცი წელი ატარა უდაბნოში, სადაც შიმშილით და წყურვილით არავინ წარწყმედილა. ღმერთს თქვენთვის უკვე ადგილებიც კი გამზადებული აქვს ტყეებში. განა, ღმერთი დაღუპავს იმას, ვინც მისთვის თავს სდებს?! შემდეგ გამოსაცდელად გვკითხა: აი, ანტიქრისტე მოდის და ვინ გაუძლებს? კელიაში სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ერთ-ერთმა ჩვენგანმა უთხრა, ღვთის შეწევნით გავუძლებთო. გაუხარდა: ხედავთ, რა კარგად სთქვა, ღვთის შეწევნითო?! (ეს ბოლო ორი სიტყვა ხმამაღლა და გამოკვეთილად წარმოთქვა).
სხვა დროს მამა გაბრიელი გვასწავლიდა: როდესაც ეშმაკს ახსენებთ, ის იმ წუთასვე მოდის. ამიტომ პირჯვარი უნდა გადაიწეროთ, რომ ვერ მოგეკაროთო. ერის კაცს, რამდენიმე ეშმაკი ებრძვის, ხოლო ბერს ლეგიონიო. ბერთან, კელიაში, ჩვენთან ერთად სხვა მორწმუნეებიც იყვნენ ხოლმე. ერთხელ, ერთ-ერთმა მათგანმა აღმოაჩინა, რომ რაღაც ნივთი დაკარგვოდა. მთელ ოთახში ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ კელია იმდენად პატარა იყო, ჩვენ ძლივს ვეტეოდით, მამა გაბრიელმა მაშინვე მიუთითა დაკარგული ნივთის ადგილსამყოფელზე, არადა, ნივთი ისეთ ადგილას ეგდო, რომ მისი დანახვა ყოვლად შეუძლებელი იყო. ამის შემდეგ, კელიიდან, მამა გაბრიელთან ერთად, ტაძარში ჩავედით. იგი იქვე ხის სკამზე ჩამოჯდა და ამბობდა: დიდი მანქანა მოდის, კარები გააღეთო. არავინ დაუჯერა. ნახევარ საათში დიდი სატვირთო მანქანა მოადგა ეზოს კარებს.
ყოფილა შემთხვევა, როცა სამთავროს მონასტერში ვაპირებდით ჩასვლას და ამის შესახებ მამა გაბრიელს წინასწარ ხმამაღლა ხალხში უთქვამს. დაუსახელებია ყველას ვინაობა, ჩემი ჩათვლით, ვინც მასთან უნდა მივსულიყავით.
გაბრიელ ბერის გარდაცვალების შემდეგაც, ყოველთვის დიდ შემწეობას და თანადგომას ვგრძნობთ მისი მხრიდან. ერთხანს ძალიან განვიცდიდი ჩემს უსინათლობას და განსაკუთრებული გულმოდგინებით ვევედრებოდი უფალს, რომ თვალისჩინი დაებრუნებინა (ამ დროს მამა გაბრიელი უკვე რამდენიმე წლის გარდაცვლილი იყო). ერთ ღამეს იგი სიზმარში მეჩვენა, მკაცრი და მრისხანე ხმით მეუბნებოდა: რატომ არ აცლი უფალს, ბოლომდე გამოგრწვთნას და რატომ ითხოვ განსაცდელიდან მალე გამოყვანას? ჯერ ნუ სთხოვ უფალს მორჩენას, დააცადე! როდესაც გავიღვიძე, ვილოცე და უფალს და მამა გაბრიელს შევთხოვე, თუ ეს სიზმარი ღვთისგან იყო, მაშინ რაიმე ნიშანი მოეცათ, სიზმრის შესახებ კი არავისთვის მითქვამს. შემდეგ, მცირე ხნით ოთახიდან გავედი. ოთახში დაბრუნებულს კი იმხანად ჩვენთან სტუმრად მყოფმა ოჯახის ახლობელმა ლ. ს.-მ მითხრა: მამა გაბრიელის ნაჩუქარი მაცხოვრის ხატი (რომელიც მისივე ხელით გაკეთებულ ჩარჩოში იყო ჩასმული) შენს საწოლთან კედელზე დავკიდეო. მივხვდი, რომ ეს რაღაც ნიშანი იყო და ვკითხე, ამის სურვილი რატომ გაგიჩნდა-მეთქი (ჩვენ მაშინ ხატები კარადის თავზე გვქონდა მოთავსებული). მან კი მიპასუხა: მინდოდა ხატები მტვრისგან გამეწმინდა და ტილოს ასაღებად ოთახის მეორე კუთხისკენ წავედი. ამ დროს გვერდიდან დავინახე, კარადიდან რაღაც ელვასავით წამოვიდა შენი საწოლისკენ. თავიდან ისე შემეშინდა, გახედვაც არ მინდოდა. ბოლოს ცნობისმოყვარეობამ მძლია და ვნახე, რომ მამა გაბრიელის ნაჩუქარი მაცხოვრის ხატი ლოგინზე თავისით გადმობრძანებულიყო, თან სწორად იყო კედელზე მიყრდნობილი. მივხვდი, რომ ამით ხატმა მანიშნა, თუ სად უნდა დამეკიდა იგიო. არადა, კარადიდან ჩემს საწოლამდე საკმაო მანძილია და ჩამოვარდნის შემთხვევაში ის აუცილებლად ძირს დაეცემოდა. ამის შემდეგ მას "მფრინავი ხატი" შევარქვით. ეს ხატი, მცხეთაში ერთ-ერთი სტუმრობისას, მოულოდნელად მაჩუქა მამა გაბრიელმა: რომ დაგვინახა, დაგვლოცა და გვითხრა, ერთი წუთით დამელოდეთო. შემდეგ კელიიდან ეს ხატი გამოაბრძანა, ხელებში ჩამიდო და მითხრა, შენ გქონდესო. ეტყობა, წინასწარ იცოდა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც ამ სიწმინდით გაძლიერება დამჭირდებოდა.
კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა მახსენდება: ძილის წინ ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ვილოცე. იმ ღამესვე დამესიზმრა მამა გაბრიელი, თითქოს ჩემი სახლის ეზოში ვიდექით. მას ხელში ქვა ეჭირა, რომელიც შორს უნდოდა გადაეგდო, მაგრამ სულ ახლოს ვარდებოდა. მომიბრუნდა და მითხრა: ქვა რომ შორს არ ვარდება, ეს მარტო ჩემი ბრალია, რადგან ხელს კარგად არ ვიქნევ. იგივე შენც გეხება: თუ ხელს გაანძრევ, ჯანმრთელობა გაგიუმჯობესდებაო. ეტყობა, ის ჩემგან უფრო მეტ ღვაწლს და ჭეშმარიტ ქრისტიანად ჩამოყალიბებას ითხოვდა, რაც კურნების მიზეზიც გახდებოდა. ნიშანდობლივია, რომ მე იგი ცხოვრებაში ვიზუალურად არ მინახავს და ამ სიზმრის შემდეგ, როდესაც მისი გარეგნობა აღვწერე, ზუსტად დაემთხვა.
რამდენიმე წლის წინ, ერთმა ჟურნალისტმა ლ. ც.-მ მთხოვა, მათი გაზეთისთვის მომეთხრო ჩემი მოგონებები მამა გაბრიელზე, თუმცა შემდეგ კარგა ხანს აღარ გამოჩენილა. ვფიქრობდი, ალბათ ღვთის ნება არ არის-მეთქი. თან იმგვარი აზრიც მიყალიბდებოდა, რომ თითქოს ჯერ მთავარი სათქმელი არ მქონდა მოფიქრებული და ინტერვიუც ამიტომ ყოვნდებოდა. როგორც კი მივხვდი ამ სათქმელს, მყისიერად გონებაში ვიღაცამ მიკარნახა, ხვალ ეს შეხვედრა შედგებაო. სწორედ იმ დროს, როდესაც ეს მოხდა, მამა გაბრიელისადმი ვლოცულობდი სკვნილზე. შეხვედრა, მართლაც, მეორე დღეს შედგა. ჩემი მთავარი სათქმელი კი იმაში მდგომარეობდა, რომ, სამწუხაროდ, არავინ აქცევს ყურადღებას, ეროვნული ფულის კუპიურებზე ქართველი წმინდანები რომ არიან გამოსახულნი. ეს ყოვლად დაუშვებელია. ზოგჯერ ფულს სამოსლის უკანა ჯიბეში ვინახავთ, რის გამოც ხშირად წმინდანთა გამოსახულებებზე ვსხდებით. გარდა ამისა, ფულს ათასგვარ უბედურებასა და სიბინძურეში ვიყენებთ. მამა გაბრიელი ამბობდა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წმინდანის ფულზე გამოსახვა. ამისთვის მთელი ერი აგებს პასუხს ღვთის წინაშეო.
როგორც მე, ასევე ჩემს მრავალ ახლობელს, მამა გაბრიელის საფლავზე მდებარე კანდელიდან წამოღებული წმინდა ზეთის ცხებით მრავალი შეწევნა მიგვიღია. ერთხელ, საშინელი კბილის ტკივილი მაწუხებდა და წმინდა ზეთი ვიცხე თუ არა, მაშინვე დამიამდა. ჩემს მეგობარს ლ. ს.-ს კი კანზე გამონაყარი, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა, ამ ზეთის ცხებისთანავე გაუქრა. გარდა ამისა, იგი სულიერადაც საშინელ მდგომარეობაში იყო: ხშირად საკუთარი დასაფლავების პროცესია და კუბო ცხადად ელანდებოდა, რაც, სავარაუდოდ, სახლში ნაპოვნი მრავალნაირი ჯადოთი და ეკლესიური ცხოვრების შეწყვეტით იყო გამოწვეული. ამგვარი სულიერი მდგომარეობა მისთვის იმდენად აუტანელი გახდა, რომ თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა. როდესაც მან თავისი მდგომარეობის შესახებ მიამბო, ერთი წმინდა მამის სიტყვები შევახსენე: თუ ადამიანი წმინდა მამის საფლავთან სამჯერ გააკეთებს დიდ მეტანიას და შესთხოვს ბოროტისაგან განთავისუფლებას, იგი გაიხსნება ყოველგვარი უკეთური ძალისგან. ვურჩიე, მამა გაბრიელის საფლავზე წასულიყო. ასეც მოიქცა და მერე მიამბობდა, პირველივე მეტანიაზე, თავი რომ მიწას შევახე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დენმა დამარტყა და მთელ სხეულში გაიარაო. ამ დღის შემდეგ მთლიანად გავთავისუფლდი სულიერი პრობლემებისგანო.
ერთ ჩემს მეგობარს გ. ა.-ს ყურის ბიბილოზე სიმსივნე გაუჩნდა და ვერცერთმა ექიმმა და ვერანაირმა სამკურნალო პრეპარატმა ვერ მოურჩინა. იგი თავადაც ექიმი იყო. უეცრად მამა გაბრიელის ზეთი გახსენებია და ყურზე უცხია. პირველი წასმის შემდეგ მკვრივი წარმონაქმნი დარბილებულა, მეორედ - დაშლა დაუწყია, მესამე ცხებისას კი სრულიად გამქრალა.
ერთხელ მე და ჩემი და მეგობარ და-ძმასთან გ. გ.-სა და ნ. გ.-სთან ვიყავით მოსანახულებლად. მათ დედა ჰყავდათ ძალიან ცუდად და ისე დაემთხვა, რომ ჩვენი იქ ყოფნის დროს კომაში ჩავარდა. უეცრად მეც და ჩემს დასაც ერთდროულად გაგვიჩნდა სურვილი, რომ მომაკვდავისთვის გულზე მამა გაბრიელის სურათი დაგვედო. ასეც მოვიქეცით. ათიოდე წუთის შემდეგ ავადმყოფს მომჯობინება დაეტყო. ჯერ სრულად არ იყო გონს მოსული, რომ შვილს ჰკითხა: "გულზე რა წამისვით? რა კარგად ვარ, როგორ მსიამოვნებსო". შვილმა უპასუხა: არაფერი წაგვისვამს, უბრალოდ მამა გაბრიელის სურათი დაგადეთო. ქალს ცნობიერება თანდათან უბრუნდებოდა. რამდენიმე ხანში, ღვთის წყალობით და მამა გაბრიელის დახმარებით, ავადმყოფი უმძიმესი მდგომარეობიდან გამოვიდა.
რამდენიმე წლის წინ სოფ. ბერშვეთში ვისვენებდით ნათესავებთან. ერთ ღამეს ჩემს დას მამა გაბრიელი ესიზმრა, რომელიც იმ სახლის შემოსასვლელთან კუთხეში იდგა, ხელში ჩამწვარი სანთლები ეჭირა და ჩემს დას მკაცრად ეუბნებოდა, ეს სანთლები აქედან მოაშორეთო. ვერ მივხვდით, რას ნიშნავდა ეს სიზმარი - სანთელი ხომ ერთ-ერთი საეკლესიო სიწმინდეა. როდესაც ეს სიზმარი იქაურ მეზობელს ვუამბეთ, მან გვითხრა: სანამ თქვენ ჩამოხვიდოდით, აქ თქვენი ახლობელი ქალი რომ ცხოვრობდა მცირე ხნით, ის მკითხაობდა სანთლებითო. მან მიგვიყვანა სახლის სწორედ იმ კუთხეში, სადაც სიზმარში მამა გაბრიელმა მიგვანიშნა. კედლის მოფარებულ ადგილას ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ჩამწვარი სანთლების ნაკვალევი. კედელი გავწმინდეთ. ასე დაგვიცვა მამა გაბრიელმა უკეთური ძალისგან.
ერთხელ, მეგობარმა დ. კ.-მ სტუმრად თავისი ახლობელი ავადმყოფი გოგონა მომიყვანა, რომელიც შეპყრობილი იყო. იგი მამა გაბრიელის ნაწოლ ტახტზე დავსვით და ამ წმინდა ბერის ნაქონი სკვნილი დავკიდეთ გულზე. რამდენიმე წუთში მან თქვა: ძალიან დავწყნარდი, ჩემში სიმშვიდე და ნათელი შემოვიდაო. ეს სკვნილი ზოგჯერ თაფლის და ზეთის კეთილსურნელებას აფრქვევს. ანალოგიურ სურნელებას გამოსცემდა მამა გაბრიელის საფლავის მიწა, რომელიც სახლში მქონდა მოტანილი. ზოგჯერ ეს იმ ალბათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3