აუცილებელია, ვიცნობდეთ წმიდა წერილს - ბიბლიას, რომლის მეოხებითაც უფალმა მოგვაწოდა ცოდნა ჩვენი მიწიერი ყოფის იმგვარად წარმართვისათვის, რომ ღირს ვიქმნეთ იმქვეყნად სასუფევლის დამკვიდრებისა.
წმიდა წერილის სწორად გაგება შეუძლიათ მხოლოდ გულით სუფთა ადამიანებს. ისინი გულისხმაჰყოფენ ღვთის ნებასა და განზრახვას; ხოლო ვნებებისაგან განუწმენდავი გულის ადამიანებს წმიდა წერილის კითხვა დაბრკოლების ლოდად ექცევათ. ამიტომ უნდა ვიკითხოთ წმიდა მამათა თხზულებები, სადაც ისინი წმიდა წერილს განმარტავენ.
იმისთვის, რომ კითხვა სასარგებლო იყოს, საჭიროა, პირველი: კითხვის წინ მოუხმოთ სულიწმიდის მადლს; მეორე: ვიკითხოთ აუჩქარებლად, რამდენჯერმე გავიმეოროთ ის, რაც ვერ გავიგეთ; მესამე: არ ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება ბევრი წავიკითხოთ; მეოთხე: ფრთხილად მოვეკიდოთ ერთმანეთისაგან განსხვავებული წიგნების კითხვას.
ჩვენი რწმენა დაფუძნებულია როგორც საღმრთო წერილზე, ასევე ბუნების შეცნობაზე, რადგანაც გარემომცველი სამყაროს - ქმნილებების შეცნობა ლოგიკურ საფუძველს წარმოადგენს შემოქმედზე დასკვნების გასაკეთებლად.
მატერიალურ სამყაროში შემთხვევითობას ადგილი არა აქვს. მას ასევე არა აქვს ადგილი ადამიანთა მორალურ ცხოვრებაშიც. მთელი ბიბლია წესრიგზე, თანაზომიერებაზე, ჰარმონიაზე, რეალობასა და შექმნილი სამყაროს სიდიადეზე ღაღადებს.
წმინდა წერილი ყველა ერის მიმართ მოწოდებაა, რათა ისრაელის მაგალითზე განისწავლონ. კეთილდღეობის ჟამს, ისრაელი უფალს, როგორც ჩვილი დედის კალთას, ისე იყო მიჯაჭვული. ღმერთის გარეშე მას არც სუნთქვა, არც მეტყველება, არც წერა, არც შრომა და არც ბრძოლა შეეძლო. და მაინც, უფალს დრო და დრო განეშორებოდა და საკუთარ გულისთქმას აყოლილი უკეთურ გზას ადგა. სულიერად დაცემული და შეურაცხყოფილი, მონობაში იტანჯებოდა. უფალი წინასწარმეტყველთა მიერ ამხელდა მას: "ისმინე ერო ჩემო, და გიწამო შენ ისრაელო... რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან აღმოგიყვანენ შენ ქუეყანით ეგვიპტით... უკუეთუმცა ერსა ჩემსა ესმინა ჩემი და ისრაელი გზათა ჩემთა სრულ იყო, ვითარცა არა რაითამცა მტერნი მათნი დამემდაბლნეს და მაჭირვებელთა მათთა ზედა და-მცა-მედგა ხელი ჩემი... და აჭამა მათ სიპოხისაგან იფქლისა და კლდისაგან თაფლისა განაძღნა იგინი" (ფსალ. 80, 9). ეს წინასწარმეტყველება თანამედროვე ევროპასაც ეხება. ქრისტეს სერბეთი კი ევროპას გაჰყვა, მის მოლიპულ გზას დაადგა და მასთან ერთად გადაიჩეხა. ნეტავ სერბეთს თავისი წმინდანების მოწამეობრივი გზით ევლო, მაშინ ღმერთი უშჯულოთაგან გარეშეზღუდავდა. ევროპა თავისი ფილოსოფიის, მცდარი მოსაზრებების გზას დაადგა და მაცდუნებელ გულისთქმათა მორევში ჩაიძირა. ასეთი ევროპა სერბეთისთვის მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეზე უფრო მიმზიდველი გახდა. ევროპა დაიმსხვრა, როგორც ქვაზე თიხის ქოთანი და სერბეთსაც ნაიარევიდან ისე დასდინდა სისხლი, როგორც ბასრი ქვებით მოფენილ კლდეზე დაცურებულს. ეს გამოცდილება ძვირი დაგვიჯდა, თუ რას მოგვიტანს იგი, ამას მომავალი გვიჩძვენებს. უფალო მოგვეც სიბრძნე, რათა გულისხმავყოთ ჩვენი ცოდვები და შევინანოთ.
დედამიწა ცხოვრების აბობოქრებული ოკეანეა, ეკლესია – ნოეს კიდობანი. მის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია. წმიდა ირინეოს ლიონელი წერს: ეკლესია ამქვეყნიური სამოთხეა. ძველი და ახალი აღთქმის წიგნები კი ამ სამოთხეში გაშენებული სხვადასხვა ხეხილი და ნერგი. მაშ, ვიხმიოთ ნაყოფი საუფლო ბაღისა.
მოსმენილი ღვთის სიტყვა (მქადაგებლის ბაგიდან ან წაკითხული წმიდა წერილი) მეტად საზიანოდ გადაიქცევა იმისთვის, ვინც ისმენს და მისი მეშვეობით არ გამოსწორდება