ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები


ერთხელაც ღვთისმშობლის ხატიდან გადმოვიდა მხურვალება

როცა წმინდა გრიგოლ სინელმა ლოცვის შესახებ ჰკითხა წმინდა მაქსიმე კავსოკალიველს, მან უპასუხა: „შემინდე, მამაო, ხიბლში ვარ“. წმინდა გრიგოლმა კი უთხრა: „ღვთის გულისათვის, მიამბე შენს სათნოებაზე. გთხოვ, მითხარი, გაქვს გონიერი ლოცვა?“ მაშინ წმინდა მაქსიმემ მიუგო, რომ დიდხანს ევედრებოდა ღვთისმშობელს მიენიჭებინა გონიერი ლოცვის მადლი. ერთხელაც ღვთისმშობლის ხატიდან გადმოვიდა მხურვალება, რომელმაც მის გულში შეაღწია და გულმა შინაგანი ლოცვა დაიწყო. რადგან წმინდა გრიგოლი მას აიძულებდა ეთქვა, წმინდა მაქსიმემ გაანდო, რომ გონიერი ლოცვის ნაყოფი ღვთისადმი დიდი სიყვარული და გონების ჭვრეტად აღტაცება იყო. ეს სულიწმიდის მოქმედებით ხდება, რომელსაც ის ხან ღვთაებრივი ნათლის უნივთო ეთერში აჰყავს, ხან საღვთო საუბარს იწყებს, ხანაც სხვა გამოუთქმელ ჭვრეტაში აღიტაცება.
ყველაფერი გონიერი ლოცვიდან მომდინარეობს. როცა წმინდა გრიგოლ სინელმა ლოცვის შესახებ


საახალწლო ეპისტოლე - 1980

საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს

კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხატოვანი გამოთქმით, ახალი წელი მუდმივად მდინარე ნაკადია, რომელიც მარადიულობიდან მომდინარებს და მარადიულობასვე ერთვის.
მარადიულობას შეუერთდა 1979 წელი და იგი იმავე მარადიულობის მიერ წარგზავნილმა კურთხეულმა 1980 წელმა შეცვალა.
წმიდა წინასწარმეტყველი დავითი ამბობს: არა არიან თქუმულ არცა სიტყვა, რომელთა-იგი არა ესმა ხმაჲ მათი (ფსალმუნი 18,3). ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ დღეს თავისი საკუთარი სახე აქვს და მას შეუძლია მომდევნო დღეს რაღაც გადასცეს. მითუმეტეს, ამისი თქმა მთელი წლის შესახებ შეიძლება. თუკი ყოველ დღეს გააჩნია რაღაც ახალი, მითუმეტეს ახალს, მნიშვნელოვანს, სასარგებლოს გვაძლევს მთელი წელიწადი.
ჩვენ სიხარულით ვეგებებით ახალ წელიწადს, მაგრამ ზოგიერთნი, ვინც შარშან ჩვენთან ერთად ეგებებოდნენ ახალ წელს, წავიდნენ მარადიულობაში - გადასახლდნენ ზეციურ საქართველოში. ყოველ ჩვენგანსაც იგივე გზა გველის.
სასრული ყოფიერება იგივეობრივი არაა უსასრულო ყოფიერებისა. მიუხედავად ამისა, ყოველივეზე, რაც ეხება ღვთის ყოფიერებას, ჩვენ ძალგვიძს ვიმსჯელოთ მხოლოდ ხილული სამყაროს ჩვენთვის ცნობილ ყოფიერებასთან ანალოგიების მეშვეობით. აბსოლუტურ ყოფიერებასა და ხილულ სხეულებს შორის არსებითი განსხვავების მიუხედავად, რადგან ეს სხეულები ღვთის მიერაა შექმნილი, მათ შორის აუცილებელი ერთიანობა არსებობს. სწორედ აღნიშნული ერთიანობაა მეტაფიზიკური ანალოგიების საფუძველი. ჩვენ ვერასდროს ვერ მივაღწიეთ ღვთიური საწყისის პირდაპირსა და ადექვატურ გაგებას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ხილულ ყოფიერებასთან ანალოგიებზე დაფუძნებულ არაადეკვატურ გაგებას. ამიტომ იზრდება მნიშვნელობა საღმრთო წერილისა, როგორც ღვთაებრივი გამოცხადებისა, რომელიც ჩვენ მთელი სერიოზულობით და მოწიწებით უნდა შევისწავლოთ.
ამგვარად ჩვენი რწმენა დაფუძნებულია როგორც საღმრთო წერილზე, ასევე ბუნების შეცნობაზე, რადგანაც გარემომცველი სამყაროს - ქმნილებების შეცნობა ლოგიკურ საფუძველს წარმოადგენს შემოქმედზე დასკვნების გასაკეთებლად.
ჩვენ მივდივართ დასკვნამდე, რომ რწმენა და ცოდნა არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არ გამორიცხავს ურთიერთს, არამედ სწორი აღქმისას ავსებს ერთი-მეორეს. ისინი ანტიპოდები კი არა, ერთი ნაკადის ორი წყაროა, ერთი მიზნისკენ მიმავალი ორი გზაა.
ჩვენს მეორე მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს სიყვარული. სიყვარული სიცოცხლის ენერგიაა; სადაც არის სიყვარული, იქ არის ღმერთი. ბრწყინვალედ ამბობს ამის შესახებ მოციქული პავლე: ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე, ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, გინა წინწილანი, რომელნი ჴმობედ. და მაქუნდეს ღათუ წანაწარმეტყუელებაჲ და უწყოდი ყოველი საიდუმლოჲ და ყოველი მეცნიერებაჲ, მაქუნდეს ღათუ ყოველივე სარწმუნეოებაჲ ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე და სიყუარული თუ არა მაქუნდეს, არა-ვე-რაჲ ვარ. და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუელად და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაჲვე სარგებელ არს ჩემდა. სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების, გინა თუ წანაწარმეტყუელებანი განქარდენ, ანუ თუ ენანი და-ვე-სცხრენ, გინა თუ მეცნიერებანი განქარდენ (I კორ. 13,1-8).
რაღა თქმა უნდა, როგორც რწმენის, ასევე სიყვარულის საკითხში ღვთიურ ძალასთან ერთად ადამიანის თავისუფალი ნებაც მონაწილეობს.
ნებისყოფის თავისუფლება, რომელიც წარმოშობით აღცილებულია, თავის მხრივ ზნეობრიობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, სადაც არ არის თავისუფალი არჩევანი, ნებისყოფის თვითგამორკვევა, იქ არც ზნეობრიობაა. ნებისყოფის თავისუფლება გამოიხატება ზნეობრივ თვითგამორკვევაში, ზნეობრივი მოვალეობების თავისუფალ აღსრულებაში, იმ მოვალეობის აღსრულებაში, რომლის არსიც, თავის მხრივ, ზნეობრიობითაა განსაზღვრული.
ეგოიზმი სიცოცხლის თანდაყოლილი თავისებურებაა. უმარტივესი მიკროორგანიზმებიდან ადამიანამდე ყველა ცოცხალი არსება თავის ინტერესებს იცავს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა განავითაროს ეს გრძნობა. თავდაცვის ინსტინქტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოყვასისთვის დახმარების სურვილს. ჩვენი დღეები - ეს ფიჭებია, რომელნიც ფუტკრების მსგავსად, თაფლით უნდა ავავსოთ და ამ თაფლით სხვა ადამიანებმაც უნდა ისარგებლონ.
ამგვარად შემდეგი საკითხი, რომელსაც მინდა საახალწლო ეპისტოლეში შევეხო, არის შრომა. ბრწყინვალედ აქვს ნათქვამი მოციქულ პავლეს: უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცაღა ჭამნ (2 თეს. 3,10). ბიოლოგიური კანონებიდან გამომდინარე უნდა გვახსოვდეს, რომ შრომა თავისთავად ცოცხალი მატერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნილებაა. შრომა სჭირდება ადამიანს ნორმალური არსებობისათვის; სჭირდება ისევე, როგორც ჰაერი, საკვები, ძილი, ურთიერთობა...
ზოგიერთი ადამიანი ოცნებობს: ნაკლები იმუშაოს და მეტი მიიღოს, მაგრამ დასვენებით რომ დატკბე, თავდაპირველად უნდა დაღლა იგრძნო. მოკლე სამუშაო დღე ბედნიერებაა მხოლოდ იმისთვის, ვისაც საკუთარი საქმიანობა არ აინტერესებს. ღმერთმა ადამიანი ისე შექმნა, რომ სულიერი მშვიდობის და თვითგამოხატვის მისაღწევად უნდა ვიშრომოთ იმ მიზნისათვის, რომელიც ამაღლებულად და აუცილებლად მიგვაჩნია.
მუსიკოსი, მხატვარი, მღვდელი, მწერალი, მეცნიერი, ყოველი მშრომელი ადამიანი ძლიერ იტანჯება, თუ ის მოკლებულია საყვარელი საქმიანობის შესაძლებლობას.
დაუშვებელია იყო დაბადებით უსაქმური და ბედნიერებას უმოქმედობაში ხედავდე. წმიდა მოციქული პეტრე შრომის მიზანს ადამიანების ურთიერთ სამსახურში ხედავს: კაცად-კაცადმან, ვითარცა მიიღო მადლი, ეგრეთვე ურთიერთას ამსახურებდით მას, ვითარცა კეთილნი მნენი მრავალ-ფერისა მის ნიჭისა ღმრთისანი (I პეტრე 4,10).
კანადელმა ექიმმა უილიამ ოსლერმა ასე განსაზღვრა შრომის როლი: "ეს პატარა სიტყვა გრანდიოზულია თავისი მნიშვნელობით... სულელს ის ჭკვიანად აქცევს, ჭკვიანს - ბრწყინვალედ, ბრწყინვალეს - შეუპოვრად და გაწონასწორებულად. ყმაწვილებისთვის მოაქვს იმედი, ზრდასრულთათვის - დაჯერებულობა, ხნიერთათვის - დასვენება. შრომას უნდა ვუმადლოდეთ ჩვენ მედიცინის მიღწევებს უკანასკნელი ოცდახუთი წლის მანძილზე; ეს მხოლოდ პროგრესის საზომი კი არაა, არამედ ყოველდღიური ცხოვრების მიღწევების საზომიცაა". ეს სიტყვა "შრომა", მაგრამ იმისათვის, რომ გწამდეს, გიყვარდეს და შრომობდე, აუცილებელია შინაგანი და გარეგანი მშვიდობა.
მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიგრძნობთ ჩვენ იმ სიხარულს, რომელსაც ყოველი ადამიანი ეძიებს და რომელზეც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს: სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს (ინ. 15,11). დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14).
მარადიულმა ლოგოსმა ჩვენს გულებში სიმართლის გრძნობა მოიტანა, რათა ჩვენ შეგვეძინა მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან.
ჩვენ გვსურს, რომ მშვიდობამ დაისადგუროს ჩვენს გულებში, ჩვენს ოჯახებში, რომ მშვიდობამ გააცისკროვნოს დედამიწა და მოეფინოს მსოფლიოს სამარადჟამოდ.
გარდა ჩვენი ფიზიკური ყოფიერებისა, რომელზეც ასე გაძლიერებულად ვფიქრობთ და ვზრუნავთ, არ უნდა დავივიწყოთ სულიერი ცხოვრებაც. ადამიანი მეტისმეტად გამიწიერდა, ამიტომ ის სულიერ შიმშილს გრძნობს. სულიერი ცხოვრება აუცილებელია; ზეცის ხმა ოდნავღა ესმის ჩვენს ასე სუსტად განვითარებულ სულიერ სმენას. ძალიან ნაზი, მგრძნობიარე გული უნდა გქონდეს, რომ ყოველდღიური შთაბეჭდილებების, ინფორმაციების, ცხოვრებისეული ამაოებისა და ვნებების ასეთ ორომტრიალში ზეცის ხმა, მარადიული დიდების და მარადიული სიხარულის მელოდიები მოისმინო.
ვარსკვლავები ყოველთვის ბრწყინავენ უღრუბლო ცაზე, მაგრამ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ დღისით მზისაგან დაბრმავებულნი. ზუსტად ასევე ხდება სულიერ ცხოვრებაშიც. ჩვენ ძალიან მცირე ყურადღებას ვუთმობთ ჩვენს სულიერ ცხოვრებას, იშვიათად განვმარტოვდებით, ცოტას ვფიქრობთ. აუცილებელია განმარტოება, ფიქრი, ძიება საკუთარი სულის საპოვნელად, რათა ჩავიხედოთ საკუთარ გულში და ობიექტურად შევაფასოთ ჩვენი ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები. განმარტოება სავანეა, სადაც ჩვენ შეგვიძლია განვიკურნოთ სულიერ სნეულებათაგან: განმარტოება და აზროვნება თითოეული ქრისტიანის სულიერი ზრდის პირობაა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი მდგომარეობა უკავია მას საზოგადოებაში.
ყოველივე საუკეთესო განმარტოებისას იქმნება და იბადება.
ჩვეულებრივად, ახალ წელს ჩვენ უფრო მეტად მიწიერსა და დროებითზე ვფიქრობთ, ვიდრე მარადიულზე. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ გავიდა წელიწადი და ჩვენს მიწიერ აღსასრულს ერთი წლით მივუახლოვდით, მიწიერი ცხოვრება, ისედაც ხანმოკლე, კიდევ ერთი წლით შემცირდა. მიწიერი ცხოვრების ზღურბლთან მიახლოებისას არ უნდა დავივიწყოთ ის ფასეულობანი, რომლებიც სავალდებულოა ჩვენთვის მარადიულობაში.
უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ ყოველმა ჩვენგანმა განვლილი წლის მანძილზე რა გააკეთა სამარადისო ცხოვრებისათვის მოსამზადებლად. დაე, ყველას უპასუხოს ამაზე მისმა შინაგანმა ხმამ.
ყოველ ჩვენგანს სურს სულიერი ზრდა. რითი დავიწყოთ? მართალ ენუქზე ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის ყოველთვის ღვთის წინაშე ვიდოდა (შეს. 5,24) ე.ი. ის ყოველთვის შეიგრძნობდა ღვთის არსებობას და ღვთის ყოვლისგამომცდელ მზერას ყოველ წამს გრძნობდა, რაც მას ცოდვებისაგან იფარავდა და ღვთის მცნებათა შესასრულებლად განაწყობდა. ამით უნდა დავიწყოთ ჩვენც - და ჩვენი ცხოვრებისეული გზა უვნებელი აღმოჩნდება.
ამგვარი ფიქრებითა და გრძნობებით გილოცავთ ყველას, ძვირფასო შვილებო, ახალ, 1980 წელს, რომელიც გვჯერა, კურთხეული იქნება და ჩვენ, ყველას, სიხარულსა და ბედნიერებას მოგვიტანს.
ყველას ღვთის მადლი შეგეწიოთ!
ვისურვებ, რომ ჩვენს გულებში აღიბეჭდოს ქრისტე!
ღვთისმშობლის წილხვედრს - ჩვენს საქართველოს
აწ და მარადის ქრისტეს გზით ევლოს...
ამინ!

1980 წ. თბილისი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი სამოციქულო

image
image ავტორი: ილია II

[38] წერილი მონაზონ ბრიენას

წმიდა მთა, 1 ოქტომბერი, 1947 წ.


ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა და მიმდევრობით ყველა ქრისტესმიერო დანო, ჩვენი მოძღვრის ლოცვა-კურთხევა იყოს თქვენთან და ჩვენთან.
აი, ისევ, ჩემო საწადელო ბრიენა, შენდამი ორმაგი სიყვარულით ვიწყებ შენს ყურებთან გალობას, რომელთაც სურთ და სწადიათ [ჩემი] მოსმენა. ითხოვდეთო, ამბობს ტკბილი იესო, და მოგეცემათო, ეძებდით და იპოვითო, აკაკუნეთ და გაგიღებენო! პატივს ვცემ თქვენს განწყობას, ვაქებ მოშურნეობას, ვაფასებ სიყვარულს და გბაძავთ.
როგორც მწერ, ლოცულობ დასაწყისში და ეს ძალიან კარგია. ამგვარი აზრებით შეძლებ გონების შეკავებას, როდესაც ფიქრობ, რომ მოძღვრისა და იღუმენიას ლოცვები, რომლებიც გონებით ღმერთს ესაუბრებიან, ცეცხლის სვეტივით ადის ცაში. ასე რომ ფიქრობ და აზროვნებ, რაღაც მომენტში გონება ჩერდება და ლოცვა ტკბილი ხდება, ცრემლები გვდის და მადლი გვიახლოვდება, როგორც ამბობ, დამწყებთა მადლი, რომელიც დედას ჰგავს, ბავშვებს სიარულს რომ ასწავლის: ხელს უშვებს, შორდება, ჩვილი კი ეძებს, ტირის, ყვირის... ისევ მოდის და მალე ისევ მიდის. პატარა კვლავ ტირის, ყვირის. კვლავ ბრუნდება. მანამ, სანამ გაიზრდება, არ არსებობს, რომ ჩვენთან ერთად იყოს მუდმივად, რადგან ვნებები ხელს უშლის.
ვნებები უხეში მატერიაა, ურალის მთებია, 35 კილომეტრის სიმაღლე აქვთ?! მადლი არის მზე. კი ამოდის მზე, მაგრამ მთების ჩრდილი არ აძლევს შესაძლებლობას მთელი სულიერი ადამიანი დაფაროს, ერთი სხივი თუ შეეხება სადმე, და სიხარულით აღენთება, მაგრამ დანარჩენი ნაწილები ჯერ კიდევ ვნებების ჩრდილშია, შესაბამისად კი, ყოველ წამს ეშმაკებიც შეიძლება ამოქმედდნენ, როდესაც მადლი მიეფარება. ამგვარად, ხშირად ხელს უშლიან, როგორც ღრუბლები მზის ნათელს. რამეთუ ვნებების ჩრდილს ორთქლიც ამოსდის, რომელიც იმ მცირე სხივსაც კი აბნელებს. ესენია ის, რასაც მწერ: სასოწარკვეთის გულისსიტყვები, სიმხდალე, შიში, თავხედობა, მკრეხელობა და ა.შ. ეს ყველაფერი სულს აჭკნობს და [უფლის მიმართ] კადნიერებას აკარგვინებს.
ნებისმიერი გულისსიტყვა, რომელსაც სასოწარკვეთა ან უზომო სევდა მოაქვს, ეშმაკისგანაა; ვნებების ორთქლია, რომელიც იმწუთას უნდა განაგდო ღმერთისადმი იმედით, სულიერ დედასთან აღსარებით, უფროსი დების ლოცვებით – იფიქრე, რომ ისინი ლოცულობენ და ღმერთს გულს ულბობენ. ხოლო ცრემლებთან შერეული მცირე სევდა და სულის ნუგეში მადლის მოქმედებაა, რომელიც მთელი ცხოვრება სინანულისკენ გვიბიძგებს, რაც არ უნდა შევცოდოთ.
შეცდომა კადნიერებას გვაკარგვინებს, ხოლო სინანული იმწუთას გვიბრუნებს. ეშმაკის სიტყვები უმალ სასოწარკვეთის შეგრძნებას იწვევს, ისე აჭკნობს და თელავს ადამიანს, როგორც სეტყვა — ნორჩ ყლორტებს.
პრაქტიკული სულიერი ცხოვრების ეს პატარა გაკვეთილი კარგად დაისწავლე. როდესაც ხედავ, რომ მადლი მოქმედებს და შენი სული იხარებს და ცრემლებს უშრომელად ღვრი იმის გამო, რომ ღმერთმა ამდენი წყალობა მოიღო შენზე, დარჩი როგორც ხარ თუ ფეხზე მდგომი ლოცულობ, ნუ გაინძრევი, ხოლო თუ ზიხარ, იჯექი; თუ ლოცულობ, ილოცე. ჩვილური აზრის გარეშე შეიწყნარე სული წმიდის ცვარი მანამ, სანამ იღვრება, რამეთუ, თუ საქმიანობის დროს მოვიდა და ლოცვაზე დადგები, იმწუთას შეწყდება. სურს, რომ სადაც „წაგასწრებს“, იქ დარჩე, შენ კი არ გახდე მისი „ოსტატი“. მას სურს, შენს გულისსიტყვას ასწავლოს, რომ არასდროს ენდო საკუთარ თავს, სანამ პირში სული გიდგას. ერთი დღის წვიმა საკმარისია, რომ სულის აღმონაცენები მთელი ის დრო შეინახოს, როდესაც მადლი განგვეშორება.
სხვა არის მღვდლობის მადლი, სხვა – სქემისა, სხვა – [საეკლესიო] საიდუმლოებათა, სხვა – ასკეზის მადლის მოქმედება. ყველა ერთი წყაროდან გამოედინება, მაგრამ ერთი მეორისგან აღმატებულებითა და დიდებით განსხვავდება. სინანულის მიერ ამოქმედებული მადლი – მათთვის, ვინც ცხონებისთვის ირჯება – მამათაგან გადმოცემული მემკვიდრეობაა; ის გაცვლა და გადაცვლაა, როდესაც მიწას გავიღებთ და ზეცას მივიღებთ, გავიღებთ მატერიას და მივიღებთ სულს. ღმერთის გულისთვის გაღებული ოფლის თითოეული წვეთი, თითოეული შრომა, თითოეული ღვაწლი ხდება ამ „ვაჭრობის“ ობიექტი; სისხლის ჩამორთმევა და სულის შემოღვრა. ნივთიერს, მატერიალურს ცვლი წმიდა სულზე. ეს მადლი იმისდა მიხედვით იზრდება, რამდენიც ადამიანს შეუძლია დაიტიოს, გააჩნია, მის ჭურჭელს რამდენის დატევა შეუძლია. ამიტომაც ჰქვია განმწმედელი მადლი.
საქმეს [საღმრთო] განათლება ენაცვლება – მეორე ეტაპი განმანათლებელი მადლია. მას მერე, რაც მოღვაწეობითი მადლის მიერ კარგად გაიწვრთნება, უამრავჯერ დაეცემა და ადგება, [პირველ მადლს] შემეცნების განათლება ენაცვლება, გამჭვირვალე გონება, რომელიც ჭეშმარიტებას ხედავს. საგნებს თავიანთ ბუნებრივ მდგომარეობაში ხედავს, ადამიანური ოსტატობის მეთოდებისა თუ მსჯელობების გარეშე. ყოველი საგანი ბუნებრივად თავის რეალურ ჭეშმარიტებაში იმყოფება, როგორც წინა წერილში მოგწერეთ. მაგრამ მანამ, სანამ ადამიანი აქამდე მოაღწევს, ჯერ სხვადასხვა მცდელობები, მტკივნეული [შინაგანი] ცვლილებები უნდა გამოიაროს. მაგრამ აქ პოულობს გულისსიტყვებისგან შვებას და განსაცდელებისგან ამოისუნთქავს.
განათლებას მოსდევს ლოცვის შეწყვეტა და ხშირი სულიერი ჭვრეტები, გონების ატაცება, საგრძნობელთა დაცხრომა, სხეულის ნაწილთა [ვნებების მიმართ] უძრაობა და დაწყნარება, ღმერთისა და ადამიანის შეერთება, ერთად გახდომა.
ესაა საღმრთო ვაჭრობა, რომელიც, თუ კაცი განსაცდელებს მოითმენს და სულიერი მოღვაწეობის გზაზე წინსვლას არ შეწყვეტს, ცვლის მატერიალურს არამატერიალურზე. ოღონდ აგიხსნით, რას ვგულისხმობ, თუ ქაღალდი მეყო.
მეკითხები, რა ერთობა გვაკავშირებსო? მაშ, ისმინეთ ჩემი, ყურად იღეთ ჩემი სიტყვები, რამეთუ უნდა გითხრათ საღმრთო განგებულების საშინელი და დაფარული დიდი საიდუმლო. სხვისი სარგებლის არ მშურს, არ ვმალავ იმას, რაც ვიხილე, როგორც ის, ვინც ტალანტი დაფლა, არ მაშინებს ეშმაკების მუქარა, რომლებიც მძვინვარებენ ჩემ წინააღმდეგ, როდესაც ამგვარ საიდუმლოებს გამოვაცხადებ – არამედ თქვენი ლოცვების იმედი მაქვს.
ასე რომ, მოდით ყოველნი, ერთიმეორის მიყოლებით. განიწმიდეთ ბაგეები ჭეშმარიტებით, სხეულები მარხვით უბიწოდ დაიმარხეთ, სულები ლოცვით წმიდაჰყავით. გახდით ჩვილი სხეულები და ხელმწიფე სულები. ჭიებმა ფრთები შეისხით და პეპლები გახდით. გონებაში არაფერი მიწიერი არ შემოუშვათ. მოფრინდით ჩემთან და მე წინ გაგიძღვებით. ეთერი უნდა გავიაროთ. ნუ შეგეშინდებათ, ბევრჯერ ვარ ასული და ვიცი გზა. მაშ, გამომყევით, ჩემი იესოს ძვლებო, ერთი მეორის მერე. აცალეთ გონებას ზეციური თავისუფლად განიზრახოს და აი, სამოთხის კარიბჭე გაგვეხსნება.
აქეთ-იქით ანგელოზები დგანან, ქერუბიმები და სერაფიმები, ექვსფრთიანები დაფრინავენ. მარჯვნივ და მარცხნივ ბრილიანტის კედლებია. ოქროსავით ბრწყინვალე კემთილსურნელოვანი ყვავილები იქაურობას ატკბობენ. უამრავი ფრინველია, უთვალავი ფერის, სხვადასხვა გალობას ჭიკჭიკებენ, რომლებსაც ჩვენი გონება ერთი ჭვრეტიდან მეორეში აჰყავთ. იატაკი თოვლივით სპეტაკია, ხოლო მის შუაში ჩვენი დედოფლისა და უხრწნელი დედის დიდი სასახლე დგას.
გამოიქეცით, რადგან ჩვენი ტკბილი დედიკო გველოდება. ანგელოზებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, რამეთუ წერია: „ანგელოზებიც ვერ განგვაშორებენ იესოს სიყვარულს“,
და აი, კეთილი მეკარე – ცეცხლოვანი ანგელოზი კარიბჭეს გვიხსნის, ხოლო ჩვენი ტკბილი დედიკო, თოვლივით ქათქათა, წამოდგება და შემოგვეგებება.
ჰოი, ჩვენო ტკბილო დედიკო! ჰოი, ჩვენი სულის ნათელო! ჰოი, სიყვარულო შეუორგულებელო! ჰოი, ჩვენი სულის ცხოვრებაო! ნეტავ ბაგეებზე შენი სახელით აღმოგვხდებოდეს სული! ნეტავ უტკბილესი ამბორით დაგვხვდე და შენს წიაღში შეგვიწყნარო! ჰოი, დედაო, თაფლსა და ნექტარზე უტკბესო! ჰოი, კეთილსურნელო და მირონსურნელოვანო არომატო!
მაშ, დაეცით ძირს და ემთხვიეთ ჩვენს უტკბილეს დედიკოს – ფეხებსა და ხელებზე - და მიიღეთ გამოუთქმელი კეთილსურნელება წმიდა ქალწულისგან. ნუ ყოყმანობთ, მან თვითონ მასწავლა ეს გზა. მაჩვენა და მიბოძა თავისი თავის მიმართ კადნიერება და სიყვარული.
განგვიმარტე, ჩვენო ტკბილო დედიკო, შენი განგების და შენთან ჩვენი ნათესაობის გამოუთქმელი საიდუმლო. შენ, ჩვენო უტკბილესო დედიკო, რომელსაც წიაღში მუდმივად გიპყრია უტკბილესი ჩვილი – ის, ვისაც ყოველივე უპყრია; რომელიც პაწაწინა გახდა ჩვენთვის, დროს დაექვემდებარა, თუმცა იმავდროულად არის უდროო და „ძველი დღეთა“ – გვითხარი შენი მირონმდინარე ბაგეებით ის, რაც „ანგელოზთა გული უთქუამს ხილვად“, ხოლო ჩვენ რისიც ღირსნი გავხდით.
კიდევ მომისმინეთ, ჩემო საყვარელო დებო. როდესაც წმიდა წირვა აღესრულება, ჩვენი ტკბილი დედიკო თავის ჩვილს გვაძლევს და ის ჩვენთვის შეიწირება. და რამდენჯერაც ჩვენ ღირსად ვეზიარებით, წინასწარ ნამარხულებნი, ნებაყოფლობითი ღამისთევითა და ლმობიერი ლოცვით მომზადებულები, იესოს ხორცსა და სისხლს ვჭამთ, იმას, რომელიც ღმრთისმშობლის უხრწნელი სისხლიდან მიიღო. აგრეთვე, როდესაც უფლის ხორცს ვჭამთ, გამუდმებით ღმრთისმშობლის რძეს ვწოვთ. შესაბამისად, რა მოგვდის? ვხდებით ღმრთისმშობლის ნამდვილი შვილები და ქრისტეს ძმები და მადლით ღმრთის შვილები. ხოლო რადგან ქრისტე გვყავს გამოუთქმელად ჩვენს სულსა და სხეულში, მაშასადამე – რადგან იგი განუყრელია მამისგან – ჩვენში მამაც არის და სული წმიდაც.
ესაა ის ზებუნებრივი ნათესაობა, რომელიც ჩვენი ყოვლადწმიდა დედიკოსგან მივიღეთ. ხედავთ, რა ძღვენის ღირსნი გაგვხადა ჩვენმა ტკბილმა დედიკომ? ხედავთ, რამდენად ვალდებულები ვართ გვიყვარდეს იგი? ამიტომაც განუწყვეტლივ, როგორც ჩვილები, უნდა მივუახლოვდეთ და ხშირად მოვწოვოთ მისი საღმრთო რძე, როგორც მისმა უბოროტო შვილებმა. როდესაც საზიარებლად მივდივართ, გონებით მისი ძუძუ მოვწოვოთ, ხოლო პაწაწინა ტკბილი იესო, რომელიც მის წიაღშია, უკან იწევს და ამის უფლებას გვაძლევს. არ შურს, რომ მისი დედიკო უხვად გვირიგებს, არამედ უხარია და გვიწვევს კიდეც.
როგორც ჩვილები, გაეხვიეთ ჩვენი დედიკოს კაბაში და მისი ქალწულებრივი საღმრთო სხეულიდან უბიწოებით აღივსეთ, კეთილსურნელებით აივსეთ. ვერაფერი ვნახე ისეთი, რაც ღმრთისმშობელს ქალწულებაზე მეტად მოსწონდეს. და რომელ ჩვენგანსაც სურს შეიძინოს მისი დიდი სიყვარული, იზრუნოს იმაზე, რომ თავი განიწმიდოს და ყოვლადწმიდაც მას მუდამ გულში ჩაიკრავს და ყოველივე ზეციურს მიანიჭებს.
ახლა კი აგიხსნით, რას ნიშნავს ლოცვის შეწყვეტა ადამიანში მადლის გამრავლების დროს.
პრაქტიკული ღვაწლის მადლი ვარსკვლავების ბრწყინვალებას ჰგავს, განათლებისა – სავსე მთვარის ნათებას (წმიდა მამებმა სულიერი მოღვაწეობა სამად დაყვეს), მესამე, თეორიული, ჭვრეტითი, სრულმყოფელი მოღვაწეობა კი შუადღის მზის სინათლეს ჰგავს, რომელიც მთელ ჰორიზონტს სწვდება. ამგვარად, როდესაც ადამიანში მადლი მრავლდება, მაშინ ყველაფერს, რაზეც ზემოთ დავწერე, სცნობს და გონება დიდ უბრალოებას, სიმარტივეს იძენს, თანაც განივრცობა და ფართო მოცულობისა ხდება.
და როგორც შენ იხილე მადლის წვეთის გემო და წერ, რომ დიდი სიხარული იგრძენი, ასევე აქაც, ზოგჯერ ლოცვაზე დგახარ და მადლი მოდის, თანაც ბევრი, როგორც „წულილი ნიავი“, როგორც კეთილსურნელოვანი „სასტიკი ქარი“, მთელ სხეულში განეფინება ისე, რომ ლოცვა წყდება, სხეულის ნაწილები ჩერდება და მხოლოდ გონება ჭვრეტს უკიდეგანო ნათელს. ადამიანი ღმერთს უერთდება. როგორც რკინა: სანამ ცეცხლში შეაგდებენ, რკინა ეწოდება, ხოლო როდესაც გაღვივდება და გაწითლდება, ცეცხლს უერთდება, ერთი ხდება ცეცხლთან. ანდა ცვილი ავიღოთ: როცა ცეცხლს უახლოვდება, დნება, თავის ბუნებას ვერ ინარჩუნებს. [ადამიანიც] მხოლოდ, როდესაც ჩაივლის [ღმერთის] ხედვა, უბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას. მთლიანი მთლიანად ღმერთს უერთდება. ჰგონია, რომ აღარ აქვს სხეული, არც ქოხი. მთლიანად აღიტაცება, ცაში სხეულის გარეშე ადის. მართლაც, დიდია ეს საიდუმლო, რამეთუ ისეთ რამეებს ხედავს, რისი გადმოცემაც ენას არ ძალუძს. ხოლო როდესაც ეს ჭვრეტა ჩაივლის, ისეთ სიმდაბლეს იძენს, რომ პატარა ბავშვივით ტირის იმის გაცნობიერებით, რომ ასეთ რამეებს უბოძებს უფალი იმ დროს როდესაც თვითონ არაფერს აკეთებს. თანაც, ისეთ შემეცნებაში მოდის [საკუთარი თავისა], რომ, ვინმემ რომ ჰკითხოს, უღატაკესი ადამიანია; იმის ღირსიც კი არ არის, რომ დედამიწაზე არსებობდეს.
და რაც მეტად ფიქრობს ასე, უფალი უფრო მეტს აძლევს: „კმარა!" - ეძახის ღმერთს. და უფრო მრავლდება. ხდება მეფის შვილი.
რომ ჰკითხო: „ის, რაც შეგიმოსავს, ვისია?“, მოგიგებს: „ჩემი უფლისა“.
– ვის პურს ჭამ?
– ჩემი უფლის.
– ვისი სამოსი გაცვია?
– ჩემი უფლის.
– ვისი ფული გაქვს?
– ჩემი უფლის.
– საკუთარი რაღა გაქვს?
– არაფერი. მიწა ვარ, ტალახი და მტვერი. ამაყენებ, ავდგები; დამაგდებ, დავეცემი; ამიყვან, დავფრინავ, მომისვრი, ვიმსხვრევი. ბუნებით არარაობა ვარ.
თანაც ვერ ძღება იმის თქმით, რომ არაფერია. და რას ნიშნავს ეს „არაფერი“? იმას, რომ სანამ ღმერთი ცასა და ქვეყანას შექმნიდა, იყო არაფერი, არარაობა, არარსი.
ესაა ჩვენი არსების დასაბამი. ჩვენი წარმომავლობა და „საშენი მასალა“ არის თიხა, ხოლო მაცოცხლებელი ძალა — ღმრთის სუნთქვა, ღმრთის შთაბერვა.
მაშ, დაიბრუნე, ღმერთო, მოყვარულთა მოყვარულო და ყოველივე სიკეთის შემოქმედო, საღმრთო შთაბერვა, რომელიც სახეში შემოგვბერე და ცხოვრების სული მოგვეცი, და ისევ თიხად დავიშლებით.
ასე რომ, რა გაქვს ისეთი, ამპარტავანო ადამიანო, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რატომღა იქადი, თითქოს არ მიგეღოს [და მუდამ შენი ყოფილიყოს?] შეიცანი, ჩემო მდაბალო სულო, შენი კეთილისმოქმედი და ფრთხილად იყავი, რომ სხვისი რამ არ მიითვისო – ღმრთისა საკუთარ მიღწევად არ ჩათვალო. შეიცანი, უბადრუკო, შენი არსება და წარმომავლობა. ნუ გავიწყდება, რომ აქ უცხო ხარ და ყველაფერიც უცხოა. ხოლო თუ ტკბილმა კეთილისმოქმედმა რამე მოგცა, სუფთა სინდისით დაუბრუნე „შენნი შენთაგან“.
თუკი ზეცად ახვალ და ანგელოზების ბუნებას იხილავ, საღმრთო ძალების ხმებს მოისმენ, თუკი ღმრთისმეტყველებ და ასწავლი, თუკი ეშმაკების ხრიკებს სძლიე, თუკი წერ და ამბობ – რასაც არ უნდა აკეთებდე ღმერთისთვის, უთხარი ხოლმე უფალს: „მიიღე, ჩემო ტკბილო სუნთქვავ, ჩემო იესო, შენნი შენთაგან“.
და მაშინ, მაშინ... აჰ! ჩემო სულო, იცი რას ნახავ? როცა ღმერთის საუნჯეები გაიხსნება და გეტყვის: „მიიღე, ჩემო შვილო, ყველაფერი, რამეთუ სანდო და კეთილად გამგებელი აღმოჩნდი!".

ვლოცულობ თქვენთვის მთელი ჩემი სულით, მდაბალი იოსები
და ჩემი მეტანია გადაეცი მოძღვარს.

იზრუნე, რომ ის ფული გამოგვიგზავნოთ, რომელიც წინა ეპისტოლეში ვახსენე, რადგან ამბობენ, ფქვილს მოიტანენო და ხუთი ლეპტაც არ მაქვს ჯიბეში (თუ ჯვრები გაიყიდა). საფოსტო მარკებიც გამოაგზავნე.
წმიდა მთა, 1 ოქტომბერი, 1947 წ.ჩემო საყვარელო

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3