სინანული - ციტატები, გამონათქვამები

სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

საყვარელნო ძმანო და დანო, ვემსგავსოთ პეტრე მოციქულს, რომელიც შეცდა, მაგრამ დაცემული დიდი სინანულის და სიყვარულის წყალობით აღდგა და უწინდელზე მეტი მადლით შეიმოსა; ვემსგავსოთ იმ ავაზაკს, რომელმაც სიკვდილის წინ მთელი გულით შესთხოვა უფალს შეწყალება და ცხონდა. საყვარელნო ძმანო და დანო, ვემსგავსოთ პეტრე

გოლგოთაზე მაცხოვართან ერთად ორი ავაზაკიც აცვეს ჯვარს. ერთი მათგანი განიკითხავდა იესოს, მეორე კი გულწრფელად ნანობდა თავის დანაშაულს და სთხოვდა ძეს ღვთისას: "მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა". და უთხრა იესომ: "ჭეშმარიტად, გეუბნები შენ, დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში" (ლკ. 23,43).
ორივე ავაზაკი სიმბოლური სახეა კაცობრიობისა, რომლის ერთი ნაწილი ისე ამთავრებს ამქვეყნიურ ყოფას, რომ არ ცნობს არ აღიარებს ჭეშმარიტ ღმერთს. ალბათ იმიტომ, რომ "სახარება წარწყმედულთათვის დაფარულია" (II კორ. 4,3). მეორე ავაზაკი კი, ცოდვით დაცემული, მაგრამ სინანულით განწმენდილი ადამის მოდგმაა, რომელიც მარადიული ნეტარებით განიხარებს უფალთან ერთად. გოლგოთაზე მაცხოვართან ერთად ორი ავაზაკიც

ორი ათასი წელია კაცობრიობას საშუალება აქვს მიუკერძოებლად განსაჯოს თავისი თავი და სინანულით აღვსილმა მიიღოს შეწყალება უფლისაგან ცოდვათა გულწრფელი მონანიებით; რაოდენ ამაოა და საწყალობელია ყოფა მათი, რომელთაც ისე გალიეს ეს წუთისოფელი, რომ მხოლოდ მიწიერ სიკეთეთა (ქონების, მდგომარეობის, უზრუნველი ცხოვრების, პატივისა და თანამდებობის) მოხვეჭა დაისახეს ცხოვრების მიზნად და მარადიულ ღირებულებებზე არც კი დაფიქრებულან. ორი ათასი წელია კაცობრიობას საშუალება აქვს

ჭეშმარიტი სინანული სულიერი განწმენდისა და ამაღლების ხანგრძლივი პროცესის შედეგია; ეს არ არის ერთი და ორი დღის, ან თუნდაც რამდენიმე თვის შრომა; არამედ იგია ღვაწლი მთელი ცხოვრებისა. ჭეშმარიტი სინანული სულიერი განწმენდისა და

"გამოსვლათას" მთელი წიგნი არის მოწმობა ცოდვათა გამო ისრაელის დაცემისა და სინანულით განწმენდილი ერის ღვთის მადლით კვლავ აღდგინებისა. გამოსვლათას მთელი წიგნი არის მოწმობა ცოდვათა

სინანული, თავმდაბლობა და სამართლიანობა უპირველესი თვისებებია ქრისტიანისა. ამ სათნოებათა მატარებელნი სიკეთითა და ღვთიური მადლით მოსილი უბრალოებით გამოირჩევიან. სინანული, თავმდაბლობა და სამართლიანობა


ქურდის დასჯა

ერთ სოფელში ცხოვრობდა კეთილმორწმუნე გლეხი, რომელიც ყოველ დღესასწაულზე ესწრებოდა საზეიმო წირვას; სადაც არ უნდა ყოფილიყო, როგორც კი ეკლესიის ზარების ხმას გაიგებდა, თავს მოუყრიდა ხოლმე ბავშვებს და სალოცავად მიდიოდა. ცოლსაც დაუბარებდა, რომ საოჯახო საქმეები მალე მოეთავებინა და ტაძარში წასულიყო.
ერთხელ, წმიდა ნიკოლოზის დღესასწაულზე ამ კაცის ცოლი, ჩვეულებისამებრ, ტაძარში წასასვლელად ემზადებოდა და სიჩქარეში კარის ჩაკეტვა დაავიწყდა. ამ დროს მათ სახლთან ცნობილმა ქურდმა გამოიარა, ღიად დარჩენილი კაცი დაინახა და სახლში შევიდა. მან თავი მოუყარა ყველაფერს, რისი წაღებაც უნდოდა და ის იყო წასასვლელად ემზადებოდა, რომ დაინახა, როგორ შემოვიდა დაკეტილი კარიდან სრული სამღვდელმთავრო სამოსით შემოსილი წმიდა ნიკოლოზი. მან მკაცრად შეხედა ქურდს და უთხრა:
-ადამიანები, რომლებსაც ღმერთი უყვართ, ტაძარში წავიდნენ, სიჩქარეში თავიანთი ქოხის დაკეტვა დაავიწყდათ; შენ ამით ისარგებლე და მათი ნაშრომის მოსაპარად შემოხვედი?
ამ სიტყვებით მიუახლოვდა და სილა გააწნა. ქურდი უეცრად დაბრმავდა და ოთახში ბორიალი დაიწყო, კარის მოძებნა სურდა, რათა გარეთ გასულიყო, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა.
ამ დროს სახლის პატრონებიც დაბრუნდნენ და შეამჩნიეს, რომ ოთახში ვიღაც დადიოდა. ისინი შიგნით შევიდნენ და ნახეს ნაცნობი ქურდი, რომელმაც ტირილით მოუთხრო მათ, რაც თავს გადახდა.
ქურდი გაასამართლეს და ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს, რამაც მთელი სოფელი ძალზე გაახარა, რადგან მისი ავკაცობისგან მოსვენება არ ჰქონდათ. ციმბირისკენ მგზავრობის დროს პატიმრები სოფელზე გაატარეს. ქურდმა ისურვა, ეკლესიაში შესულიყო, სადაც წმიდა ნიკოლოზის ხატი ესვენა. დაიჩოქა მის წინაშე, თვალცრემლიანმა მოინანია თავის ცოდვები და შენდობა სთხოვა. როდესაც ლოცვის შემდეგ ხატს სამთხვევად მიეახლა, მას უეცრად თვალები აეხილა. ერთ სოფელში ცხოვრობდა კეთილმორწმუნე გლეხი


მოშურნეობა მოყვასის საცხოვნებლად

წმიდა იოანე ღვთისმეტყველს ეფესოში ყოფნის დროს დაახლოებული ჰყავდა ახალგაზრდა კაცი, ერთი შეხედვით გულკეთილი და იმედისმომცემი. მან იგი სულიერად შეიყვარა და მისი აღზრდა გადაწყვიტა. მალე იოანე შორეულ ადგილებში უნდა გამგზავრებულიყო ღვთის სიტყვის საქადაგებლად. ამიტომ ეფესოდან წასვლისას ახალგაზრდა კაცი ეპისკოპოსს ჩააბარა იმ იმედით, რომ შეძლებისდაგვარად დაიცავდა მას ყოველგვარი ბოროტებისგან. ეპისკოპოსი სიხარულით დაეთანხმა, ზრუნავდა მასზე და სათნოების გზაზე განსწავლიდა. მცირე ხნის შემდეგ მონათლა კიდეც იგი და ფიქრობდა, რომ ამ საიდუმლოებით სრულად განამტკიცა იგი რწმენაში; ამიტომ სულის სასარგებლო დარიგებანი შეწყვიტა. მაგრამ რაოდენ დამღუპველია ახალგაზრდა კაცისათვის საკუთარ ნებაზე მიშვება! საბრალო ყმაწვილმა გაიცნო არცთუ ზნეობრივი თანატოლები, ღამღამობით საუბრობდა მათთან, ლოთობას, აზარტულ თამაშებსა და სხვა მანკიერებებს მიეჩვია, ხოლო რამდენადაც ამას ფული სჭირდებოდა, გარყვნილებიდან ყაჩაღად იქცა. ბოლოს მან ისე გაისასტიკა გული, რომ ყაჩაღთა ერთმა ბანდან იგი თავის მეთაურად აირჩია. მას შემდეგ მისთვის არა მხოლოდ ყაჩაღობა, არამედ მკვლელობაც სულ იოლი გახდა.
როდესაც წმიდა იოანე დაბრუნდა, ეპისკოპოსს ყველას თანდასწრებით ჰკითხა:
-სად არის ახალგაზრდა? მოიყვანეთ იგი ჩემთან...
ეპისკოპოსმა ღრმად ამოიოხრა, ცრემლები გადმოსცვივდა და ძლივს წარმოსთქვა:
-ის გარდაიცვალა.
-როგორ? - წამოიძახა წმიდა იოანემ, - სულიერად თუ ხორციელად?
-სულიერად, - მიუგო ეპისკოპოსმა, - ახლა იგი ყაჩაღია.
-ორი უბედური! - წამოიძახა წმიდა იოანემ, - უდარდელი მასწავლებელი და უსულგულო მოწაფე! ვაი მას! მაგრამ შენ რა გააკეთე? განა შენ არ დაგადგინე ახალგაზრდა სულის მფარველად? ოჰ! მომგვარეთ ცხენი!
წმიდა იოანე დიდხანს დადიოდა ტყეებსა და მთებზე და გზააბნეულ შვილს ეძებდა. ბოლოს იგი ყაჩაღების ბანდამ შეიპყრო. იმის ნაცვლად, რომ ბოროტმოქმედთაგან თავის დახსნა ეცადა, მან მათ სთხოვა, თავიანთ წინამძღოლთან მიეყვანათ.
წმიდა იოანეს დანახვაზე საბრალო ახალგაზრდა ათრთოლდა და გაიქცა. წმიდა იოანეს სიბერე დაავიწყდა და გამოეკიდა მას.
-რატომ გამირბიხარ, შვილო ჩემო? - მოთქვამდა იგი, - რატომ მაიძულებ ამ ჩემთვის აუტანელ ჯაფას? შეჩერდი, შეიბრალე მოხუცი; შეჩერდი და ნურაფრის გეშინია: გადარჩენის იმედი არ გამქრალა... უფლის წინაშე მე პასუხს ვაგებ შენს გამო! დაე, ჩემზე იყოს შენს მიერ დაღვრილი სისხლი!
ბოლოს უნებურად დარწმუნებული ახალგაზრდა გაჩერდა, გადააგდო იარაღი, აქვითინდა და სახეზე ხელები აიფარა. საბრალო მთლად კანკალებდა, როგორც სასიკვდილე იარაღის ქვეშ.
იოანე ღვთისმეტყველმა იგი ქალაქში წაიყვანა, ეკლესიაში მიიყვანა და ყველას უჩვენა სინანულის მაგალითი, რათა ცოდვაში ჩავარდნის შემდეგ გადარჩენის იმედი არავის დაეკარგა, რამეთუ უფალს ყველას გადარჩენა და ჭეშმარიტებასთან მიყვანა სურს. წმიდა იოანე ღვთისმეტყველს ეფესოში ყოფნის დროს


ძმური სიყვარულის ძალა

წმინდა თეოდოსის მონასტერში მოღვაწეობდა ორი ძმა, რომლებსაც ერთმანეთისთვის შეეფიცათ, სიცოცხლეში არ დაშორებოდნენ და გარდაცვალების შემდეგაც ერთად დაკრძალულიყვნენ. ერთ ძმას სიძვის ეშმაკი შეუჩნდა და დააუძლურა. როცა დათმენა ვეღარ შეძლო, ძმას უთხრა, გამიშვი სოფელში, სიძვის გულისთქმა ისე მებრძვის, ვეღარ ვეწინააღმდეგები. მეორე ძმა ევედრებოდა, წყალში არ ჩაეყარა სიყრმიდან ნაღვაწი, მაგრამ ვერ დააჯერა და იძულებული გახდა, თავადაც გაჰყოლოდა. ის ძმა, რომელსაც ეშმაკი ებრძოდა, მეძავთან შევიდა, მეორე კი გარეთ დადგა, თავზე ნაცარს იყრიდა და თავისი ძმის გამო მწარედ ტიროდა.
როცა პირველმა გულისთქმა აისრულა და გარეთ გამოვიდა, მეორე ძმა შეევედრა:
-აბა, რა სარგებელი ჰპოვე, ძმაო, ამ ცოდვისგან? მხოლოდ ივნე და სული წარიწყმიდე. ახლა მაინც დავბრუნდეთ მონასტერში და ევედრე ღმერთს რომ შეგინდოს, რადგან უფალი მონანულ ცოდვილთა მიმართ მოწყალეა.
დაცემულმა მიუგო:
-ამიერიდან უდაბნოში ვეღარ წამოვალ, შენ კი დამტოვე, ძმაო, და წადი.
რაკი უდაბნოში დაბრუნებაზე ვეღარ დაიყოლია, მეორე ძმაც ქალაქში დარჩა. ქირით მუშაობდნენ, რომ თავი ერჩინათ.
იმ ხანებში მამა აბრაამმა, კეთილმა და მშვიდმა მწყემსმა, რომელიც შემდეგ ეფესოს კათოლიკოსი გახდა, ბიზანტიაში ზეთისხილის მთის მახლობლად მონასტრის აგება დაიწყო. მშენებლობაზე ძმებიც მივიდნენ. ცოდვილი ძმა ორივეს შრომის საფასურს თვითონ იღებდა, ქალაქში მიდიოდა და მეძავებთან ხარჯავდა, მეორე კი ყოველდღე მარხულობდა, განუწყვეტლივ ფსალმუნებდა, დაუზარელად შრომობდა და არავის არაფერს ეუბნებოდა. მშენებლებმა მისი ასეთი ღვთისნიერება, ყოველდღიური მარხვა და მდუმარება რომ იხილეს, მის შესახებ წმიდა აბრაამს აუწყეს. ღირსმა მამამ ბერს მოუხმო, თავის სენაკში შეიყვანა და ამბავი ჰკითხა. მანაც უამბო, თუ როგორ გარყვნილებაში ცხოვრობდა მისი ძმა და უთხრა, მე იმისთვის ვიჭირვებ, რომ ღმერთმა ჩემი შრომა დაინახოს და ძმა წარწყმედისგან იხსნასო.
ეს რომ მოისმინა, ღირსმა აბრაამმა უთხრა:
-შენი სიმდაბლისა და სიყვარულის გამო ღმერთმა ძმის სული გაჩუქა.
ბერი გარეთ გამოვიდა და თავისი ძმა დაინახა, რომელიც სინანულით ევედრებოდა, უდაბნოში წაეყვანა - იქნებ ღმერთს მისთვის აურაცხელი ცოდვა შეენდო. ძმამ მაშინვე წაიყვანა იორდანეს უდაბნოში და ერთ გამოქვაბულში დააყენა. ცოდვილმა ცრემლითა და სინანულის ოხვრით მოინანია თავისი დაცემა და ასე მიიღო ღმერთმა მისი სული. მეორე ძმა აღთქმისამებრ სიკვდილამდე გამოქვაბულში დარჩა წმინდა თეოდოსის მონასტერში მოღვაწეობდა ორი

სინანული, გამონათქვამები, ციტატები

2