547. გააჩნია თუ არა ადამიანს საკუთარ თავში ისეთი რამ, რითაც მას შეეძლებოდა თავისთავად რომ ცხონებულიყო?
არც ერთ ადამიანს არა აქვს თავის არსებაში ისეთი რამ – კურთხეული და განათლებული, რითაც მას შეეძლებოდა თავისთავად ცხონებულიყო. ეს უკლებლივ ყველას შეეხება – კეთილმსახურ ქრისტიანსაც და უკეთურ ცოდვილსაც. რამეთუ თვით ღმერთი იტყვის: „შევიწყალო, რომელი–იგი შევიწყალო, და შევიწყნარო, რომელი–იგი შევიწყნარო“ (რომ. 9.15; გამოს. 33.19) ამრიგადო, დასძენს პავლე მოციქული, იმას კი არ შეიწყნარებს და აცხოვნებს უფალი ღმერთი, ვისაც თვითონ სურს, რომ შეწყნარებულ იქნას ღმერთისაგან და ცხოვნდეს, – არამედ მხოლოდ იმას, ვის შეწყნარებასაც მოწყალე ღმერთი თვით ინებებს. დავით მეფეც ხომ ასე შეჰღაღდებს უფალს: „უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო“, ანუ ჩემი ცხოვნებისაო, ჩემი ხსნისაო (ფსალმ. 87, 2). ეს ცხოვნება კი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი ღმერთის სიწმიდის თანამოზიარე შეიქნას, ხოლო ღმერთთან ზიარება და ერთობა ჩვენს ნებელობაზე არ არის დამოკიდებული, – ეს თვით შემოქმედის საქმეა, ანუ მისი ნებაა, მხოლოდ იმათ მიჰმადლოს თავისმიერი სიწმიდე, ვისაც გული ღმერთისაკენ აქვს მიმართული და არანაირი ზაკვით არ შეულახავს თავისი არც ფიქრი, არც გულისთქმა და არც სურვილი.
ღმერთი იმგვარად ესაუბრებოდა ადამიანებს, რომ ითვალისწინებდა მსმენელთა უძლურებასა და ეზრახებოდა მათ ისევე, როგორც ნებისმიერი მამაც არად აგდებს თავის ღირსებას, როცა ენის მოჩლექით ელაპარაკება ხოლმე თავის საყვარელ შვილებს.
თუკი ღმერთი ადამიანს მიატოვებს, ეს ორგვარად ხდება: ერთია მხსნელი მიტოვება, რომელიც შეაგონებს ადამიანს კვლავ ღმერთისაკენ მოიქცეს, მეორე კი – საბოლოო მიტოვებაა და ღმერთისაგან სრულ მიტოვებას გულისხმობს.
300. რატომ მიმართავს ღმერთი მხსნელ ანუ ადამიანის დამმოძღვრავ მიტოვებას?
მხსნელ ანუ ადამიანის დამმოძღვრავ მიტოვებას ღმერთი იმიტომ მიმართავს, რომ გამოასწოროს, იხსნას და განადიდოს ვნებული ადამიანი, ანდა მისი მეშვეობით სხვა ადამიანებსაც შთაუნერგოს საღმრთო მოშურნეობა და კეთილმსახურება, თავისი განდიდებისთვის განაწყოს ისინი.
301. რა განაპირობებს საბოლოო მიტოვებას?
საბოლოო მიტოვებით კი მაშინ სჯის ღმერთი ადამიანს, როცა ეს უკანასკნელი, მიუხედავად ღმერთის მხრივ ყოველი ძალისხმევისა მის სახსნელად, კვლავაც შეუსმენელი, უგრძნობელი და განუკურნავი რჩება.
292. როგორი უნდა იყოს ადამიანი, თუკი იგი სულით განწმენდილია?
განწმენდილი თუ არის ადამიანის სული, მას თავის თავში არაფერი უნდა ჰქონდეს, გარდა ღმერთისა, და სხვას არაფერს უნდა მიაპყრობდეს თავის ყურადღებას, თვინიერ შემოქმედი ღმერთისა.
208. რატომ არ შექმნა ღმერთმა მამაკაცი და დედაკაცი ყველა საქმისათვის ერთნაირად ძლიერი?
იმისათვის, რომ ქალი ზედმეტი და უსარგებლო არ ყოფილიყო და ასევე, უზომოდ რომ არ გაამაყდეს. ამიტომ იზრუნა ღმერთმა თითოეულის ღირსების დაცვაზე. ყველაზე აუცილებელი და საჭირო საქმე ქმარს მისცა, უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი და დაბალი – ცოლს (სახლზე ზრუნვა, ქსოვა, რთვა...), რათა ქმარს მეტი პატივი ჰქონდეს საზოგადოებაში, ცოლი კი ქმრის წინააღმდეგ არ მიდიოდეს.
193. შეიძლება თუ არა ადამიანების რომ გვეიმედებოდეს?
არსებობს ხომ მცნება, რომელიც გვასწავლის, ნუ გვექნება იმედი მთავართა, რადგანაც ნათქვამია: „დაწყევლილია კაცი, რომელსაც ადამიანის იმედი აქვს“ (იერ. 17, 5). ისევე როგორც ღვთაებრივი პატივის მიგება არავისთვის არ გვმართებს, გარდა ღვთისა, ასევე არც იმედი უნდა გვქონდეს არავისი, გარდა ღმერთისა
ადამიანო, მიწიერ ცხოვრებაზე ოცნებით შეპყრობილო, აზრიც რომ არ გიჩნდება ზეციურ სოფელზე! დაფიქრდი, რაა შენი დროებითი, მიწიერი ყოფა? მუდმივი შეშის კეთება (საჭმელს ვგულისხმობ) იმისთვის, რომ არ ჩაქრეს ჩვენი წარმავალი ცხოვრების ცეცხლი და არ დაიშრიტოს ჩვენი მოკვდავი გვამის სიცოცხლე, გამოკვებოს სხეული სხვა ცოცხალი ქმნილებებით, რომელთაც ჩვენს გამო ერთმევათ არსებობა. მართლაცდა, რა უბადრუკი ქსელივითაა დახლართული შენი სიცოცხლე, ადამიანო: ყოველდღე ორჯერ შეგაქვს მარაგი შიგნით, რომ განიმტკიცო სხეული (ვგულისხმობ ორჯერ ჭამა-სმას) სულს ყოველ ღამე გვამში ამწყვდევ და თითქოსდა ფანჯრის დარებები მიხურესო: იხურება ყველა გრძნობა სხეულში, რომ როგორმე არ იარსებონ გრძნობებმა სხეულის გარეშე, სხეულში იყოს ყოველთვის, სითბო და სიცოცხლე არ მოაკლონ მას. ობობას ქსელივითაა შენი ცხოვრება, რა უნდა ამ აბლაბუდის მოშლას?! დაიმდაბლე თავი, მოკრძალება იქონიე მარადიული ცხოვრების მიმართ!
მე ადამიანი ვარ და ჩემშიც კი განუწყვეტლივ მოქმედებს ღვთის მოწყალება, ჭეშმარიტება და სიმართლე მისი. ღმერთი ხან მწყალობს და მანუგეშებს, ხანაც მსჯის, წუხილით მავსებს სულის იმ შინაგანი მოძრაობების გამო, რაც შეუთავსებელია მასთან. მაგრამ ჩემნაირი ადამიანებით გადავსებულია ეს სოფელი. გამოდის რომ, ღმერთი მათაც, ისევე, როგორც მე, ავსებს ხოლმე თავისი წყალობით, სიმართლითა და ჭეშმარიტებით, იგია, "... რომელი შეიქმს ყოველსა ყოველთა შორის" (1 კორ. 12,6)