ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები


საშობაო ეპისტოლე - 1990

კურთხეული ივერიის მართლმადიდებელ ქრისტიანებს
და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

გამოეცხადა... უფალი სოლომონს და... უთხრა: მთხოვე, რა გინდა,
რომ მოგცე შენ. უთხრა სოლომონმა: მიანიჭე შენს მორჩილს გული გონიერი...
რათა სიკეთე გაარჩიოს ბოროტებისაგან. (მესამე მეფეთა 3,5,9)

ჩემო საყვარელო თანამემამულენო, ძმანო და დანო!
დღეს სასოებით ვხმობთ: გიხაროდეთ, - ემმანუელი მობრძანდება! გიხაროდეთ წარმართნო და შეინანეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი. "ჰე, მოვედ, უფალო იესო" (გამოცხადება 22,20).
მაცხოვარი მუდამ ჩვენთან არის "ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მათე 28,20), მაგრამ ამ სიახლოვეს განსაცდელისა და მწუხარების ჟამს უფრო ნათლად ვგრძნობთ; ნათლად ვგრძნობთ ავადმყოფობის სარეცელზე მყოფნი, ხილულ და უხილავ მტერთან მბრძოლნი.
მართალია, მწუხარება სიმწარესთან არის დაკავშირებული მაგრამ ამ დროს მარადიულობის საიდუმლოსაც ეზიარება ადამიანი. მისი აზროვნება სამყაროსა და ისტორიის ჰორიზონტალური აღქმიდან ვერტიკალურში გადადის.
თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ერს თავისი ბედი აქვს. ისტორია ყველას კუთვნილ ადგილს უჩენს და შესაფერის მოთხოვნებს უყენებს.
გასული წელი ჩვენთვის მძიმე გამოცდის წელი იყო. მაგრამ, ამავე დროს, იგი იყო წელი სულიერი ამაღლებისა. ჩვენ კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ, ვინ ვართ, რისთვის მოვედით ამქვეყნად, საით მივდივართ...
დაიმსხვრა იდეალები, რადგან ისინი არამყარ საფუძველზე იყო დაშენებული, ჩვენ კი მარადიული გვეგონა.
დაიმსხვრა ილუზიები იმიტომ, რომ ისინი მოწყვეტილნი იყვნენ ღმერთსა და სიყვარულს. საშინელი ნგრევისა და ქაოსის შემდეგ უფალმა კვლავ აღამაღლა ადამიანის დაცემული სული, დაგვიბრუნა რწმენა და სიყვარული, ღირსება და დიდება.
ამ განცდით ვხვდებით დღეს ქრისტეს შობის არამიწიერ სიხარულს; მისი მადლის გარეშე არ უნდა დარჩეს არავინ. ოღონდაც ეს ზეიმი, ეს სიხარული მხოლოდ გარეგნულ ფორმებში არ უნდა გამოიხატოს.
დღეს ჩვენ სიღრმისეული აზრით სულიერად უნდა მივსწვდეთ ბეთლემის გამოქვაბულს - მაცხოვრის შობის ადგილს და ძალისაებრ ჩვენისა განვიცადოთ იქ აღსრულებული ღვთის დიდი საიდუმლო.
უფალი ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი საოცარი სიმდაბლით განეცხადა მსოფლიოს, რათა ყველასთვის დაენახვებინა ჭეშმარიტების, სიმართლის, სიყვარულის სიდიადე, სიდიადე მარადიულ ღირებულებათა, რომელთაც ვერაფერი დაფარავს, ვერავითარი ძალა ვერ შეცვლის, ვერ განაქარვებს.
იგი, რომელი არის ანი და ჵ, დასაბამი და დასასრული ყოველთა (გამოცხადება 21,6), იგი, რომელი არის მეფე მეფეთა და უფალი უფლებათა, იშვა ბეთლემს გამოქვაბულში. მან უარყო მეფის სასახლე, ოქროს ტახტი, დიდება მიწიერი და წარუდგა ქვეყანას ბაგაში მწოლი.
ერთი შეხედვით როგორი სუსტი და დაუცველი ჩანს ყრმის სიცოცხლე მისდამი მტრულად განწყობილ ამ სამყაროში. მაგრამ არა. მის სისუსტეში სულ სხვა სიძლიერეა, მის სიმდაბლეში - სხვა სიდიადე, მის მორჩილებაში - სულ სხვა სიკეთე. იგი მოვიდა სოფლად, რათა სძლიოს მის ბოროტებას. იგი მოვიდა სოფლად, რათა გაათბოს ჩვენი გაცივებული, დაშრეტილი გულები და აღავსოს იგინი დაკარგული სიყვარულით.
თვით შობის ღამის ზეცაა ამის მოწმე: "და მეყვსეულად იყო ანგელოზისა მისთანა სიმრავლე ერთა ცისათაჲ, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ" (ლუკა 2,13-14).
აი, მიზანი ღვთის განხორციელებისა.
უფლის განკაცების მადლით განიპო კრეტსაბმელი ადამიანის გონებისა და სულის უგრძნობლობისა. ბეთლემელი მწყემსები გახდნენ ღირსნი, პირველთ ეხილათ უბრალო გამოქვაბულის არამიწიერი დიდება და თაყვანი ეცათ ღვთაებრივი ყრმისათვის.
დღესაც მაცხოვრის შობის დღეა. მაგრამ ვინ პოვებს მას, რომ თაყვანი სცეს და შეუვრდეს?
მხოლოდ წმიდანი გულითა, რადგან მსგავსი მსგავსს შეიცნობს. წმიდა სახარებაც ბრძანებს: "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ".
და სად იხილავენ მას?
- საკუთარ გულში.
ისევე როგორც სუფთა წყალში მკვეთრად აირეკლება ტყე, მზე, ცა, ასევე სუფთა გულში აისახება ღმერთი.
ასეთი გული სულიერად ბეთლემის გამოქვაბულს ემსგავსება. ასეთ გულში იშვება მაცხოვარი და არა მარტო იშვება, მუდმივად დაივანებს იქ.
ღმერთი არის შემქმნელი ჩვენი გულისა. იგი განსწმედს და განაახლებს მას, ოღონდ ხელი არ უნდა შევუშალოთ და ჩვენი ნება არ უნდა დავუპირისპიროთ მის მაცხოვნებელ და აღმადგინელ ძალას. ეს კი გულისხმობს ღვთის მცნებების, ღვთის კანონების აღსრულებას.
მოსე წინასწარმეტყველს ეგვიპტიდან ებრაელთა გამოსვლის ორმოცდამეათე დღეს შემოქმედისგან მიეცა კაცთა მოდგმის გადამრჩენელი, ჩვენი სულის ამამაღლებელი ათი კანონი, რომელთა დაცვა ყველა მორწმუნის ვალია. სწორედ მათ მინდა შევეხო საშობაო ეპისტოლეში.
პირველი ოთხი მცნება გვასწავლის, როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება უფლისადმი, ხოლო დანარჩენი ექვსი გვიხსნის ადამიანებთან, მოყვასთან სწორი თანაცხოვრების პრინციპებს.
პირველი მცნება: მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე.
ეს მცნება მოითხოვს, რომ ჩვენ გვწამდეს, გვიყვარდეს, ვსასოებდეთ და თაყვანს ვცემდეთ ჭეშმარიტ ღმერთს.
დღეს, როგორც არასდროს, სწორედ ეს კანონია დარღვეული. ურწმუნოება, ღვთის არსებობისადმი ეჭვი, ეჭვი სულის უკვდავებისა... ბინდავს ადამიანთა გულსა და გონებას. ზოგიერთნი მისდევენ მისნობას, ჯადოქრობას, ხშირია მწვალებლობა, მკრეხელობა, მღვდლისადმი, ეკლესიის სიწმიდისა და წმიდა საიდუმლოთადმი უსულგულო დამოკიდებულება. ხშირია გულგატეხილობა და სასოწარკვეთილობა, რადგან ადამიანები ღვთის ნაცვლად იმედს ამყარებენ მათზე, რომელნი არიან ძლიერნი ამა სოფლისანი, ანდა საკუთარ მაღალ თანამდებობასა და სიმდიდრეზე.
ყოველივე ეს არის პირველი მცნების წინააღმდეგი ცოდვები.
რომ შევიცნოთ ღმერთი, აუცილებელია, ვიკითხოთ წმიდა წერილი, წმიდა მამათა შრომები, უნდა ვიაროთ და ვილოცოთ ეკლესიაში, შევისწავლოთ ღვთის ქმნილება - ბუნება და კაცთა მოდგმის ისტორია, შევისწავლოთ ჩვენი სულიერი სამყარო. მაშინ ვიგრძნობთ შემოქმედის უნაპირო სიყვარულს, სიბრძნესა და მიუწვდომლობას, მაშინ ვიგრძნობთ, რომ "უფალი ღმერთი ერთ არს" და შევიყვარებთ მას ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა და ყოვლითა ძალითა ჩვენითა (მარკოზი 2,29-30).
მეორე მცნება: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი მისი, რაოდენი არს ცათა შინა და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
ეს კანონი კრძალავს ჭეშმარიტი ღვთის ნაცვლად ფიზიკური სხეულების, არასულიერი საგნების, ცის მნათობების, ცხოველების, ფრინველების თაყვანისცემას. ქრისტიანისთვის კერპთმსახურებად ითვლება ასევე ცოდვითი მიდრეკილებებისადმი მონობა: ბევრნი ესწრაფვიან სიმდიდრის შეძენას, რადგან მათი კერპი არის სიმდიდრე; ზოგი პატივმოყვარეობის ავადმყოფური სენით არის შეპყრობილი; ზოგს მთავარ საქმედ ხორციელი სიამოვნება გაუხდია; სხვანი ლოთობენ, აზარტულ თამაშს მისდევენ... ღმერთი და მისი მსახურება კი აღარ ახსოვთ. თვით ცოდნის შეძენის დაუოკებელი სურვილი, მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ფასს კარგავს, თუ მას რწმენა და სიყვარული არ განსაზღვრავს, რადგან ასეთი ცოდნა შეიძლება დიდი ბოროტების მომტანი გახდეს.
მაშ, იყავით ბრძენნი, თავშეკავებულნი, თავმდაბალნი და ღვთისმსასოებელნი.
ზოგიერთი სექტანტური მიმდინარეობა წმიდანთა თაყვანისცემის გამო ადანაშაულებს მართლმადიდებელ ეკლესიას და ამას კერპთაყვანისმცემლობად გვითვლის.
ჩვენი პასუხი ასეთია: ხომ გვწამს, რომ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს ლოცვით შეეწიონ (რასაც სექტანტები არ უარყოფენ), ხომ გვწამს სულის უკვდავება და იმ ქვეყნად მარადიული ცხოვრება; და თუ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთისთვის ლოცვა, რატომ არ შეუძლიათ ღვთის წინაშე ჩვენთვის მლოცველნი და მვედრებელნი იყვნენ: ღვთისმშობელი დედა, წმიდა ნინო, წმიდა გიორგი და სხვანი. თავისი ღვაწლითა და სათნო ცხოვრებით მათ ხომ უფლისაგან განსაკუთრებული მადლი მოიპოვეს და ამდენად ღმერთი მათ თხოვნას უფრო არ ისმენს? რა თქმა უნდა, ეს ასეა.
სექტანტები ასევე განგვიკითხავენ ხატების გამო. მათ არ მოსწონთ, რომ ხატთან ვიჩოქებთ და ვემთხვევით მას. სინამდვილეში ჩვენ თაყვანსა ვცემთ არა ფიცარს ან საღებავს, არამედ იმ პირველსახეს, რომელიც გამოსახულია ხატზე; აზრობრივად ჩვენ სწორედ მას ვემთხვევით და მხოლოდ მის წინაშე ვიყრით მუხლს. ხატი არის სარკმელი ცისა.
ბიბლიიდან ვიცით, ათი მცნების მომღებელ მოსე წინასწარმეტყველს თვით ღმერთმა უბრძანა ტაძარში ქერუბიმების ოქროს ორი გამოსახულების დადგმა, რაც მან აღასრულა კიდეც.
ედესის მთავარს, ავგაროზს, იესო ქრისტემ გაუგზავნა თავისი სახის ხატი, ხელთუქმნელად სახელდებული.
ისტორიიდან ცნობილია, რომ ლუკა მახარებლის მიერაა დაწერილი ღვთისმშობლის რამდენიმე ხატი...
წმიდანთა და ხატთა სასწაულთმოქმედი ძალის მრავალი მაგალითია ცნობილი. გავიხსენოთ თუნდაც ივერიის ღვთისმშობლის ან "ღირს არს ჭეშმარიტად" სახელდებული ღვთისმშობლის ხატის სასწაულები; გავიხსენოთ, როგორ აღდგა მკვდრეთით მიცვალებული წმიდა ელისე წინასწარმეტყველის ძვლის შეხებისას. ეს ფაქტი ხომ წმიდა წერილშია დამოწმებული.
ასე რომ, მართლმადიდებელთადმი წაყენებული ბრალდება არასამართლიანია და მწვალებლურ აზრს შეიცავს.
მესამე მცნება: არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა.
დანაშაულია, როცა უბრალო და უსარგებლო ლაპარაკისას ღვთის სახელს ახსენებენ. კიდევ უფრო დიდი და მძიძე ცოდვაა, თუ ღვთის სახელით ტყუილად იფიცებენ. ღვთის გმობა, ღვთის სამართლის განკითხვა, ლოცვისას უგულისყურობა, აღთქმის დარღვევა... ყველაფერი ეს არის მესამე მცნების წინააღმდეგი.
ღვთის სახელი დიდი კრძალვითა და შიშით უნდა წარმოვთქვათ. გაიხსენეთ, თუ როგორ აღგვიწერს ესაია წინასწარმეტყველი თავის ხილვას: "ვიხილე უფალი მჯდარი ამაღლებული, ზეაღმართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს. თავით სერაფიმები ედგნენ, ექვს-ექვსი ფრთა ესხა თითოეულს; ორით სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს იფარავდნენ, ორით ფრენდნენ და... ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა საბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება" (ესაია 6,1-3).
აი, როგორი მოწიწებით მსახურებენ ღმერთს ზეციური ძალები. მითუმეტეს ჩვენ მეტი რიდი და თაყვანისცემა გვმართებს.
მეოთხე მცნება: მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა ჰყავ იგი, ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე, შაბათი, არს უფლისა ღვთისა შენისა.
ბიბლიაში წერია, რომ ღმერთმა ექვს დღეში შექმნა სამყარო, მეშვიდე დღეს კი დალოცა იგი, აკურთხა და საქმისგან დაისვენა. ეს მეშვიდე დღე იყო შაბათი.
ქრისტიანები უქმობენ შაბათსაც და კვირასაც, რადგან კვირა იესო ქრისტეს აღდგომისა და ჩვენი ხსნის დღეა.
მეოთხე მცნების დარღვევით სცოდავენ ისინი, რომელნიც ამ დღეებში არ უქმობენ, არ ზეიმობენ. დღესასწაული ყოველთვის წინადღის საღამოდან იწყება. თუ მორწმუნე ხარ, ამ დროს ყველა საქმე უნდა დატოვო და ეკლესიაში წახვიდე, რათა მიიღო ღვთის კურთხევა. დღესასწაულისა და კვირის წირვაზე დასწრება ხომ ყოვლად აუცილებელია. წირვისას იკითხება და იგალობება სპეციალური ლოცვები, რომელიც დიდი ძალის მიმცემია რწმენითა და სიყვარულით მოსულთათვის.
სამწუხაროდ, დღეს ხშირია ოჯახები, რომელთა წევრები გამუდმებით მუშაობენ, არ იციან შაბათ-კვირა და დღესასწაული. ისინი, როგორც წესი, უბარაქონი და უმადლონი არიან, რადგანაც მათზე არ არის ღვთის ლოცვა-კურთხევა.
მეხუთე მცნება: პატივი-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა.
ეს მეტად მნიშვნელოვანი მცნებაა. მშობლების პატივისცემაზეა დამოკიდებული შვილების კეთილდღეობა. წმიდა წერილი გვასწავლის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დედ-მამის დალოცვას, ოღონდ დალოცვა უნდა იყოს დამსახურებული, მშობლების დაფასებით მოპოვებული.
განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ავადმყოფ, ხანდაზმულ, დაუძლურებულ მშობლებს. არადა ზოგიერთი თავიდან იშორებს მათ და მოხუცებულთა თავშესაფარში გზავნის. ეს საშინელი სისასტიკეა.
მშობლები წუხან, ტირიან შვილების უდიერი საქციელის გამო, თუმცა უმეტესწილად თვითონ არიან დამნაშავენი, რადგან ქრისტიანული რწმენითა და სიყვარულით არ გაზარდეს ისინი.
დედ-მამის უპატივცემულობის მიზეზით შვილები შემდეგ სხვადასხვა ავადმყოფობით იტანჯებიან: მათ ოჯახში არ არის სიმშვიდე და სიყვარული.
ყველას უნდა ახსოვდეს: როგორც თვითონ ექცეოდა მშობლებს, ისე მოექცევიან მას მისი შვილები.
მეხუთე მცნება ასევე გულისხმობს კეთილ დამოკიდებულებას უფროსი ადამიანების, ახლობლების, მოძღვრების მიმართ. მაგრამ თუ მშობელი, ან ნებისმიერი სხვა პიროვნება ჩვენგან ღვთის საწინააღმდეგო საქმის აღსრულებას ითხოვს, არა ვართ ვალდებულნი, დავემორჩილოთ მას.
მეექვსე მცნება: არა კაც ჰკლა.
მკვლელობა საშინელი დანაშაულია. სხვისი სიცოცხლის ხელმყოფი სცოდავს არა მარტო ადამიანის, არამედ ღვთის წინაშეც, რადგან ჩვენ არა გვაქვს უფლება ღვთის მიერ მონიჭებული სიცოცხლე მოვუსპოთ კაცს.
ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანი ამქვეყნადაც დიდად დასჯილია. გავიხსენოთ, პირველი მკვლელი, კაენი, რომელმაც თავისი ძმის, აბელის, სისხლი დაღვარა, ადგილს ვერ პოულობდა ახლობლების წრეში. ამიტომაც სხვაგან გადაიხვეწა და იქ ტანჯვაში დალია თავისი დღენი, ხოლო ამ ცოდვის გამო სასჯელი მთელ მის მოდგმაზე გადავიდა. ასევეა ახლაც.
მკვლელობის განსაკუთრებული სახეა აბორტი. ამ დროს თვით დედა ხდება მკვლელი საკუთარი შვილისა. სამწუხაროდ, ბევრნი ვერ გრძნობენ დანაშაულს, არადა ამისთვის მკაცრად დაისჯებიან. რა თქმა უნდა, დაისჯება ისიც, ვინც აბორტს აკეთებს.
დიდი ცოდვაა კანონი სიკვდილით დასჯის შესახებ, რადგან ჩვენ ამით ბოროტებას კი არ ვსპობთ, არამედ ვამრავლებთ მას. "ბოროტებას ბოროტებით ვერ განკურნავ, - გვარიგებს ბასილი დიდი, - მას მხოლოდ სიკეთით შეიძლება უწამლო". ჰუმანურ, სამართლებრივ სახელმწიფოში არ შეიძლება არსებობდეს სასჯელის ეს არაადამიანური სახე.
საშინელი ცოდვაა თვითმკვლელობა. იგი პროტესტია ღვთის ნების წინააღმდეგ და სულიწმიდის გმობად ითვლება. თვითმკვლელი, თუ იგი ფსიქიურად დაავადებული არ არის, საბოლოოდ წარიწყმედს სულს. მისთვის ლოცვაც კი არ შეიძლება.
ფიზიკურის გარდა, არის სხვა სახის მკვლელობაც: შეურაცხყოფით, ცრუმოწმეობით, დასმენით, ცილისწამებით... წმიდა იოანე ღვთისმეტყველი წერს: "ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი კაცის-მკვლელი არს და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკვლელსა არა აქუს ცხორებაჲ" (I იოანე 3,15).
ღმერთმა ყველა დაიფაროს ამ საშინელი ცოდვისაგან.
მეშვიდე მცნება: არა იმრუშო.
ეს მცნება კრძალავს არაკანონიერ, დანაშაულებრივ ურთიერთობას ქალსა და კაცს შორის. აქ შედის შემდეგი ცოდვები: სიძვა, მეძაობა, სისხლის აღრევა, გარყვნილება, ცოლ-ქმრული ცხოვრების დამახინჯებული სახეები...
"სიძვაჲ და ყოველი არა-წმიდებაჲ... ნუცაღა სახელ-ედებინ თქუენ შორის" (ეფესელთა 5,3), - გვაფრთხილებს მოციქული პავლე. ადამიანს დიდი თავშეკავება მართებს; უფალი ბრძანებს: თუ კაცი ნდომით შეხედავს ქალს, მან უკვე იმრუშა თავის გულში (მათე 5,27-28).
არაწმიდა ფიქრები, სურვილები, უხამსი სიმღერები და ხუმრობები, ზედმეტი გართობა, უზნეო სანახაობანი, ნაყროვანება, სასმელის უზომო სმა... არის ცოდვა, რომელიც მეშვიდე მცნების დარღვევითა და მძიმე დანაშაულით მთავრდება. დანაშაულს კი მოსდევს ღვთის სასჯელი.
მერვე მცნება: არა იპარო.
არავის აქვს უფლება აიღოს ის, რაც მას არ ეკუთვნის. აქ შედის შემდეგი ცოდვები: ქურდობა, ანუ სხვისი ნივთის, სხვისი საკუთრების მალულად აღება; ძარცვა - სხვისი ქონების ძალით მიტაცება; მკრეხელობა - ღვთისთვის მიძღვნილი, შეწირული ნივთებისა და საერთოდ საეკლესიო ქონების მითვისება ან მოპარვა; მექრთამეობა, მევახშეობა (როცა პროცენტით გასცემენ ფულს), მუქთახორობა...
ზოგჯერ ქურდები და დამნაშავენი თავიანთი საქციელის გამართლების მიზნით სახარებიდან იშველიებენ იმ ავაზაკის მაგალითს, რომელიც მაცხოვართან ერთად აწამეს და რომელიც მასთან ერთად სამოთხეში მოხვდა. ავაზაკი შეწყნარებულ იქნა, რადგან სიკვდილის წინ მოასწრო მონანიება. მან მთელი არსებით იგრძნო თავისი განვლილი ცხოვრების სიმძიმე და განაჩენიც სამართლიანი გამოუტანა თავს და თავის ამხანაგს, რომელსაც მასთან ერთად აწამებდნენ. ჯვარზე გაკრული ის მიუბრუნდა მაცხოვარს და უთხრა: "ჩვენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგვეგების".
იმდენად ძლიერი იყო მასში სინანული, რომ ცოდვით დამძიმებული მისი გული განიწმიდა და იგრძნო ის, რასაც სხვები ვერ ხვდებოდნენ; იგრძნო, რომ მის გვერდით ღმერთი ეწამებოდა; ამიტომაც სთხოვა: "მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა" (ლუკა 23,41-42).
და მიუგო იესომ: "ამენ გეტყჳ შენ: დღეს ჩემთანა იყოს სამოთხესა" (ლუკა 23,43).
ეს მაგალითი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ყველა ცოდვიდან შეიძლება ამაღლება და განწმენდა; და რომ ღვთის მოწყალებას არა აქვს საზღვარი.
მეცხრე მცნება: არა-ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
ეს მცნება ჩვენგან მოითხოვს სიმართლის გზით სვლას. მძიმე ცოდვად ითვლება: ცრუმოწმეობა, ცილისწამება, დაბეზღება, მოძმის განკითხვა...
ღირსი მამა ანტონი დიდი წერს: ურჩხულის ენა ნაკლებ საშიშია, ვიდრე ენა ცილისმწამებელისა, რადგან ასეთი კაცი ჩხუბსა და განხეთქილებას აგდებს მშვიდობით მცხოვრებ ადამიანებს შორის, თესავს ბოროტებასა და ღვარძლს ახლობლებში, არღვევს ერთობას. ვინც ასეთ პიროვნებას სახლის კარს გაუღებს, თვითონაც ცოდვის მორევში ჩავარდება. ასეთ კაცთან ურთიერთობა მკვლელთან ურთიერთობას ნიშნავს.
ცილისმწამებლის ენა მსგავსია გველის შხამისა. უმჯობესიც კია გველისა და მორიელის გვერდით ცხოვრება, ვიდრე ცილისმწამებელთან ახლო ყოფნა, რადგანაც იგი თავისი სენით სხვასაც აავადებს და ისინი ერთად განიკითხებიან ღვთის სამსჯავროზე. ღმერთი მოწყალეა, მაგრამ იცოდეთ, ცილისწამების ცოდვა ძნელად შეენდობა კაცს. ამიტომაც, "ნუ შეგრცხვებათ ასეთი ადამიანებისაგან განზე განდგომისა, თორემ მათი შხამით თქვენც დაავადდებით" (ანტონი დიდი).
მეათე მცნება: არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.
ეს მცნება მოითხოვს, კმაყოფილნი ვიყოთ ჩვენი ხვედრით, ჩვენი მდგომარეობით, რათა ხელი არ დაგვრიოს სულის ფითრმა - შურმა. შური პირველყოვლისა ზიანს აყენებს მას, ვინც ამ სენითაა შეპყრობილი.
სხვა ცოდვა უფრო უხეშია და სულშიც ისე არ ღვივდება, როგორც შური, - წერს ბასილი დიდი, - შური კი ისე ჭამს კაცის გულს, როგორც ჟანგი რკინას... შური არის წუხილი სხვის სიკეთესა ზედა.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი კი ასე გვაფრთხილებს: შური წყლულია სულისა და საწამლავი მისი. იგია - ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო და, ამავე დროს, სამართლიანი ვნება. უსამართლო იმიტომ, რომ კეთილთა სიმშვიდეს არღვევს, სამართლიანი კი იმიტომ, რომ შინაგანად ახმობს მას, ვის სულშიც ბუდობს.
ჩვენ განვიხილეთ ათი მცნება, რათა ერთხელ კიდევ გვეგრძნო მათი სიდიადე და აუცილებლობა თითოეული ჩვენგანისათვის. ეს მცნებები ეკუთვნის მთელ მსოფლიოს და ისინი, ისევე როგორც შესაქმის აქტი, შედეგია ღვთაებრივი სიყვარულისა.
ზოგჯერ კითხულობენ რად შექმნა ღმერთმა ქვეყანა, სადაც ამდენი უსამართლობა და მწუხარებააო?
ღმერთი სიყვარულია. მას არ შეუძლია იყოს მარტოობაში. სიყვარული ეძებს სხვას, რომ უყვარდეს და სურს, თვითონაც იყოს სხვისაგან შეყვარებული.
ამიტომაცაა შესაქმის აქტი ღვთაებრივი ბუნების გამოვლინება.
რაც შეეხება უსამართლობას, იგი მოდის არა ღვთისაგან, არამედ ადამიანისაგან. ადამიანს აქვს მონიჭებული თავისუფალი ნება. სიკეთისა და ბოროტების ქმნის სრული შესაძლებლობა, არჩევანის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უფლის ხელში უბრალო მანქანა, იარაღი იქნებოდა.
მთავარია ჩვენ გადავწყვიტოთ, რას ვამჯობინებთ: სიკეთის ვიწრო, ეკლიან, მაგრამ გადამრჩენელ ბილიკს, თუ ცოდვის ფართო გზით სვლას. ზოგჯერ ისიც ჭირს, გაარკვიო რა არის ცოდვა და რა - მადლი. ამიტომაც შესთხოვს ღმერთს სოლომონ ბრძენი: მოანიჭე შენს მორჩილს გული გონიერი, რომ სიკეთე გაარჩიოს ბოროტებისაგანო (3 მეფეთა 3,9).
გულის სიბრძნე მცნებათა დაცვით მოიპოვება: მაგრამ უმთავრესი მათ შორის არის შიში უფლისა.
"შიში უფლისაი - დასაბამი სიბრძნისაი" (ფსალმუნი 110,10). "შიში უფლისაჲ - დასაბამი სიკეთისაჲ (წმ. ისააკ ასური), - ბრძანებენ წმიდანნი.
ეს შიში განსხვავდება ადამიანური შიშისაგან. იგია რწმენასა და სიყვარულზე დაფუძნებული გრძნობა: გრძნობა, რომელიც პიროვნებას გადაარჩენს ცოდვითი მიდრეკილებებისაგან და ღირსყოფს მას ღვთაებრივ სიყვარულთან ერთად გახდეს მონაწილე კაცობრიობის ხსნისა. ამისთვის გაიღო ღმერთმა უდიდესი მსხვერპლი: "ძეცა თჳსი მხოლოდშობილი მისცა მას (სოფელს), რათა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ" (იოანე 3,16).
ძე ღვთისა, იესო ქრისტე, მოვიდა ჩვენთან, რათა, როგორც ერთი ფილოსოფოსი წერს, ნათლად დაგვენახა და მკვეთრად შეგვეგრძნო ჩვენი სისუსტე, ჩვენი უძლურება ყველაზე უმნიშვნელო საკითხებშიც კი და დავლოდებოდით გამოწვდილ ხელებს, რომელიც ფეხზე დაგვაყენებდა.
მაცხოვარი იშვა, ხსნის გზა განათდა. მაშ, შევიმოსოთ მისი რწმენით და მისი მადლით, რამეთუ ყოველი, რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს ქვეყანას. და ეს არის მთელი ქვეყნის მძლეველი ჩვენი რწმენა (I იოანე 5,4).
ქრისტე იშვა - ადიდებდეთ მას!
ქრისტე ზეცით გარდამოხდა - მიეგებეთ!
სიყვარულით გილოცავთ ყველას ქრისტეს შობის დიად დღესასწაულს. შევსთხოვ ღმერთს, სულიერად ფეხზე დადგეს საქართველო: ვიყოთ ერთობით ღმერთთან და ერთმანეთთან "ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ და მივსცეთ მას დიდებაჲ, რამეთუ მოვიდა ქორწილი კრავისაი" (გამოცხადება 19,7).
ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტეს შობა,
თბილისი,
1989-1990.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კურთხეული ივერიის მართლმადიდებელ ქრისტიანებს

image
image თემა: ათი მცნება,  შობა
ავტორი: ილია II

ხორციელი და უხილავი ბრძოლის შესახებ

უკვე ვიცით და თან ძალიან კარგად, რომ ჩვენი სულების მონადირემ ყველგან მახეები დააგო, ამიტომ რული ნუ მოგვერევა. ბაზარშიც, მოედანზეც, ოჯახის სიმყუდროვეშიც და თვით ღვთის ეკლესიაშიც კი მრავლადაა დაგებული ღვთისმოშიშების იერით შენიღბული ხაფანგები. მაშ, ვის შეუძლია გადაურჩეს ამ მახეებს და მოატყუოს მათი საშინელი ოსტატი?
დაე, ღირსი მამების დიდმა გამოცდილებამ იტვირთოს მახეთა განადგურება. ისინი გვპასუხობენ, რომ სულიწმიდის მახვილი, რომელიც ძირეულად სპობს ბოროტებას და სრულიად უვნებელყოფს მაცდურის მახეების მოქმედებას, ძირითადად, მხოლოდ სიმდაბლეა – ყოვლისშემძლე სათნოება, რომელიც აგვამაღლებს. ამიტომ ვიშრომოთ, რომ ეს მხსნელი და ეშმაკის გამანადგურებელი სათნოება – სიმდაბლე მოვიპოვოთ!

2. შვილო, როგორც სიხარულის დროს, ისე მწუხარებისას, მუდამ ფრთხილად იყავი; ნურც სიხარულში გადახვალ ზღვარს, რაც ამჩატებასა და სიცილში გამოჩნდება; ნურც მწუხარების დროს მოიღუშები სხვათა დასანახად, რადგან სატანა გულისსიტყვებს ისრებივით გვესვრის, მაგრამ არ შეუძლია გაიგოს, მიაღწიეს თუ არა გულამდე. ის, როგორც ოსტატი, ბოროტი გულისსიტყვით შემოგვიტევს და აკვირდება ჩვენს სახეს, სხეულის ყველა მოძრაობას და ამით ხვდება, თუ რამდენად დაგვაზიანა მისმა ისარმა. თუ დაინახა, რომ სული დაშავდა, უფრო მეტ ისარს დაუშენს მოსაკლავად. მაგრამ თუ გარეგნულად შეამჩნია, რომ სული არ დაჭრილა, ცვლის ბრძოლის ტაქტიკას. ამიტომ დამალე, როცა გიხარია, რომ შენი დაუდევრობით გამჟღავნებული სიხარული რაიმე განსაცდელით არ მოგტაცოს. მწუხარების დროსაც ასე მოიქეცი, რომ დამამწუხრებელი მიზეზის ამოცნობით განსაცდელი არ გაგიმრავლოს. როცა სიხარულშიც და მწუხარებაშიც გაწონასწორებული ხარ, ეშმაკი ზუსტად ვერ ხვდება, რა ხდება შენში და არ იცის, როგორ გებრძოლოს.

3. მახეებს შორის დავდივართ და თუ მათთვის გვერდის ავლა გვინდა, დაუშვებელია მცონარობას მივეცეთ. ფხიზელი თვალი გვქონდეს, მრავალთვალა ქერუბიმებს მივემსგავსოთ, რომ სატანის ვერაგულ განზრახვას დავცინოთ და ღვთაებრივი გულისსიტყვების ფრთებით სულიერ ეთერში აყვანილებმა ზეციერ მეუფეს ჩვენი სულის სიჯანსაღე კეთილსურნელოვანი საკმეველივით მივართვათ. შვილების ჯანმრთელობა მშობლების სიხარულის მიზეზია. ასევეა სახიერი ღმერთი, ჩვენი მამა, რომლის სიხარულიც ჩვენი სულების სიჯანსაღეა.

4. მაკარი დიდს შეხვდა ეშმაკი და ეუბნება: „მაკარი, უდაბნოში მცხოვრები ჩემზე მეტს რას აკეთებ? მეც უდაბნოში ვბინადრობ; შენ მარხულობ, მე კი საერთოდ არ ვჭამ; შენ უპოვარებას ესწრაფვი, მე სულ არაფერი გამაჩნია. ჰოი, მაკარი, ერთი რამ გაქვს, რაც მთრგუნავს, რომელსაც არ შემიძლია წინ აღვუდგე“. – „რა?“ – ეკითხება მაკარი. - „სიმდაბლე! ის მწვავს!“ – და ამის თქმისთანავე გაუჩინარდა.
მოდით, ვიტვირთოთ მცირედი შრომა, რომ შევიძინოთ ეს მხსნელი სათნოება. განუწყვეტლივ ვევედროთ უფალს. მას ყველაფრის მოცემა შეუძლია და ვირწმუნოთ, რომ ამასაც მივიღებთ, როცა ტკივილით, მოთმინებითა და დაჟინებით დავაკაკუნებთ უფლის მოწყალების კარზე; ის იოლად გაიღება, თუკი წმინდა სახარებისეულ მაგალითს უსამართლოდ დაჩაგრული ქვრივის შესახებ გასაღებივით კეთილად გამოვიყენებთ (ლუკ. 18, 1-7).
მოვიცილოთ მცონარობის სიმძიმე და შვლის თვალმახვილობას მივბაძოთ - ყოველი განსაცდელისას დაუყოვნებლივ ღვთისკენ ვისწრაფოთ, უფალს დახმარება ვთხოვოთ, რომ მოწინააღმდეგე გოლიათი ძირს დავცეთ და ვადიდოთ ხელმწიფება მეუფებისა – ხელმწიფება ღვთის მეუფებისა, რომელსაც ვეკუთვნით.

5. ყოველთვის ვითხოვ ღვთისგან, რომ სწორი განსჯის უნარი მოგანიჭოთ. წინასწარ იფიქრეთ, რას იტყვით. ეშმაკის ხრიკები ჯერ არ გამოგიცდიათ. მისი მიზანია, არასოდეს დაგტოვოთ სიმშვიდეში. ხან მარჯვნიდან შემოგიტევთ, ხანაც მარცხნიდან, ხან თქვენი და ხან კი სხვისი საქმეებით დაგაკავებთ, რომ თქვენი სული არ დამშვიდდეს და ვერ შეძლოთ მის სიღრმეში ჩახედვა, სადაც ჯერ კიდევ ბევრი რამაა მოსაცილებელი. საკუთარი თავის გარდა არაფრით დაკავდეთ. სულელებად იქეცით, რომ გონიერები გახდეთ, უვიცნი იყავით, რომ უფალმა თავისი სიბრძნე გამოგიცხადოთ.

6. მამა ეფრემის რჩევები მათთვის, ვინც ძმათა კრებული დააარსა:
ნუ გგონიათ, რომ ეშმაკისთვის შეუმჩნეველი დარჩა, ან სულერთია ის, რომ შეიკრიბა ძმობა, ანუ მის წინააღმდეგ მებრძოლი სიმაგრე აღიმართა. არა, ეს მან კარგად გაიაზრა და როგორც მელა და როგორც მგელი, შეძლებისდაგვარად მზაკვრულად აღიჭურვა. ის შემოვიდა თქვენს ფარეხში და თქვენს სულებს აოხრებს. ნუღარ დატოვებთ მას შიგნით, წამოდექით და სიყვარულით გაერთიანდით. ეს მას დააუძლურებს. გაიხსენეთ, რომ ქრისტესთვის ყველაფერი დატოვეთ, მსხვერპლად შესწირეთ თქვენი ახალგაზრდობა, უარი თქვით ყოველგვარ ამსოფლიურ გართობაზე, რათა ქრისტე მოგეპოვებინათ. შეიბრალეთ თქვენი სულები; იფიქრეთ, რომ ეშმაკი ფხიზლობს და ეძებს ვინ შთანთქას (1 პეტრ. 5, 8); ქვესკნელის ურჩხული ვერ იტანს, როცა ხედავს, როგორ ქელავთ მას და არ ემორჩილებით. შურს და ამიტომ მზაკვარ მელასავით მოიპარება, თქვენში უთანხმოება და განხეთქილება შემოაქვს, რომ თქვენი დაშლა მოახერხოს, შემდეგ კი ცოდვის უფსკრულში გადაგჩეხოთ.

7. უფლის შეწევნის გარეშე რაიმე სიკეთის კეთება შეუძლებელია, ამიტომ დიდი სიმდაბლეა საჭირო, რომ ჩვენი სულების განსვენება ვიპოვოთ.
მზაკვარი ეშმაკი არასოდეს შეწყვეტს ცეცხლოვანი ისრების ტყორცნას და მუდამ შეეცდება ჩვენს განგმირვას, დაპყრობასა და დამორჩილებას. თუმცა ჩვენც გვაქვს მრავალი იარაღი, რომლითაც მას შევმუსრავთ, განსაკუთრებით კი ლოცვა – „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“, რაც სრულიად წვავს მას; ამიტომ ბოროტი ცდილობს შეფარვით გვიმტროს, მაგრამ იესო ქრისტე წმინდა მცნებებით განგვანათლებს მასთან საბრძოლველად.
ეშმაკმა ეს პიროვნება მოგიჩინა, რომ გებრძოლოს, გაიძულოს გადახვიდე ღვთის წმინდა მცნებებს და ამ გზით შენც გავნოს, მაგრამ, რაც მთავარია, ღვთის მცნებების დარღვევით ღმერთი დაამწუხროს და ებრძოლოს მას. და პირიქით, თუ ღვთის სიტყვის დასაცავად ვიბრძვით და თანაც მონდომებით, სულსაც გადავირჩენთ და ღირსნიც გავხდებით, ვიქცეთ ორღანად, რითაც ღმერთი იდიდება: „მე მადიდებელნი ჩემნი ვადიდო (1 მეფ. 2, 30).
ამიტომ, შვილო, იბრძოლე სიყვარულით, მოთმინებით, სიმდაბლით, რომ ღვთის შეწევნით ეშმაკის მახეები უვნებელყო. ალბათ, ღმერთი იმ პიროვნებასაც შენით განანათლებს, რომ შეინანოს. ბოროტებას სიკეთით ებრძოლე.

8. შვილო, მწერ შენს ხორციელ ბრძოლაზე. იცოდე, მისი სათავე ამპარტავნებაა და იმისთვის მოგეცა, რომ დამდაბლდე და ისწავლო – თუკი ღვთის მადლი გვტოვებს, ვეცემით და საცოდავი სანახავები ვხდებით.
მაშ ასე, დამდაბლდი, თავი დაიდანაშაულე, ითხოვე ღვთისმშობლისგან, სიმდაბლის სული მოგმადლოს, რათა გაიგო, შეიგრძნო, რომ ნული ხარ და არარაობა, რადგან იესო ამბობს: „თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიც ყოფად არცა ერთი“ (იოან. 15, 5).
ამ განსაცდელით, რომელიც გეწვია, ისწავლე, რომ ადამიანი ეცემა და თანაც რა დაბლა. მათთვის, ვინც უფრო ამპარტავანია, უარესი დაცემებიც არსებობს. ნუ დარდობ, განსაცდელია და გაივლის. ჩვენი სარგებლისთვის ასე უშვებს ღმერთი, რომ განსაცდელის სიბრძნე ვისწავლოთ. მოითმინე, გამხნევდი, იმედს ნუ დაკარგავ, სიმამაცეს მოუხმე და ყველაფერი გაივლის. ახლა ზღვა ბობოქრობს და მთელ სიბინძურეს, რაც აქამდე დააგროვა, ნაპირზე გამორიყავს!
ნუ დამწუხრდები ზომაზე მეტად, რადგან ეს ეშმაკისგანაა. გადამეტებული მწუხარება უდებებამდე მიგიყვანს და მოგადუნებს. მხოლოდ იბრძოლე და ნუ შეგეშინდება. უგულებელყავი სატანა, უჩვენე, რომ მას არაფრად აგდებ და იგი, როგორც ამპარტავანი, წავა, რადგან შენთან მანამდე რჩება, ვიდრე ანგარიშს უწევ.

9. როცა ხორციელი ბრძოლა გეწყება, ძალიან უფრთხილდი ბილწ წარმოდგენებს. მათგან უწმინდური გულისსიტყვები მომდინარეობს. მოსვლისთანავე გააძევე, დაარღვიე წარმოსახვები, დაუყოვნებლივ თქვი ლოცვა სულიერი ტკივილით და ბრძოლისგან მაშინვე გათავისუფლდები.

10. ნუ ფიქრობ, რომ მოძღვრის შესახებ ასეთი აზრი შენგან მოდის. არა, შვილო, ეს ეშმაკისაა. შენი სული სუფთაა. ეშმაკი უწმინდურია და ჩვენს გონებაში მსგავსი ფიქრები მოაქვს. ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ეს ჩვენი ფიქრებია და ამით დაგვამწუხროს. ამგვარი მწუხარება ეშმაკისგანაა და ამაზე მიანიშნებს უდებება სულიერ მოვალეობათა მიმართ. ღვთისგან რომ ყოფილიყო, ყველაფრის მიმართ გულმოდგინე ვიქნებოდით.
შენი მოძღვარი არ გაგიმწარებია, როგორც შენ გგონია. მოძღვარმა გამოცდილებიდან იცის, რომ ეს ეშმაკისაა და არა შენი. ასე იმიტომ მოგეჩვენა, რომ შეწუხებულიყავი და გულისსიტყვის თქმა ვეღარ გაგებედა. არა, რამდენჯერაც მოვა ასეთი და მსგავსი გულისსიტყვა, იმდენჯერ მიდი და თავისუფლად თქვი; ისინი მაცდურს მოაქვს, რომ შეგვრცხვეს და აღსარებაში არ ვაღიაროთ, შემდეგ კი ერთიანად გადაგვყლაპოს. ფრთხილად იყავი, ნუ დამალავ გულისსიტყვებს, რადგან მახეში გაებმები.

11. ნუ შეშინდები, შვილო, ეს ბრძოლაა და გაივლის. ყველა წმინდანმა იბრძოლა. ისეთ ბრძოლაში ყოფილან, რომ ბრძოლისგან სასოწარკვეთილნი შხამიან გველებს იყვანდნენ და სხეულზე ისვამდნენ, რათა დაეკბინათ და აღსრულებულიყვნენ. მაგრამ ვინაიდან უძლურები ვართ, ჩვენს ძალებზე აღმატებულ ბრძოლას ღმერთი არ დაუშვებს, არამედ შეგვეწევა. უფალი ბრძოლას ჩვენს დასამდაბლებლად უშვებს, რადგან ამპარტავნება გვაქვს. საჭიროზე მეტად ნუ დამწუხრდები, დიდი სიმდაბლით დაემხე ღვთის წინაშე და თავი დაიდანაშაულე; თითოეული ბოროტი გულისსიტყვა მოსვლისთანავე გააძევე და ვიმედოვნებ, ღვთის მადლი ტკივილს დაგიამებს.
ნუ გეშინია, არაფერი შეგემთხვევა; ნუ იქნები მხდალი, გამხნევდი და თავად ნახავ, რომ ყველაფერი გაივლის. ეს ბრძოლა სარგებელს მოგიტანს, ღმერთი კი დიდ მადლს მოგანიჭებს. მხოლოდ ნუ დაფრთხები, თორემ თამაშს წააგებ.

12. დიდი სიფრთხილით უნდა ვატარებდეთ ჩვენი ცხოვრების დღეებს. მზაკვარი ეშმაკი ჩასაფრებულია, რომ სულიერი თვლემის დროს მახეში გაგვაბას და ღვთისა და სინდისის წინაშე დამნაშავეებად გვაქციოს. ჰოი, ღმერთმა გააცამტვეროს იგი, რომ ვერ შეძლოს ჩვენთვის ზიანის მოყენება. თუმცა, ღმერთი სამართლიანია და ადამიანს თავისუფალ ნებას არ ართმევს. ჩვენ ნებაყოფლობით ვემორჩილებით ეშმაკის ბოროტ შთაგონებებს და ვცოდავთ, უპირველესად – მე.

13. ყოვლადსახიერი ღმერთი მეთერთმეტე ჟამსაც მიგვიღებს, საკმარისია მაშინ მაინც გულისხმავყოთ. მაგრამ ჩვენი სულის მზაკვარი მოწინააღმდეგე უმოქმედოდ როდია, მას არაფერი გამოეპარება. იცის, დრო ფასდაუდებელია და ცდილობს ზედმეტი საზრუნავით, ამქვეყნიური სიამითა და შვებით მყარი უმეცრება და დავიწყება წარმოშვას, ამით უკანასკნელ ჟამს სრული სასოწარკვეთა მოგვიტანოს და ასე მოიპოვოს ამ ბიწიერმა ჩვენი უკვდავი სულები, რომელთათვისაც ქრისტე ჯვარს ეცვა!

14. შენი ბრძოლის გამო ნუ დაღონდები. ნუ გეშინია, არამედ გამხნევდი; ეშმაკებს არ შეუძლიათ რაიმე გავნონ. ეს უფლის ხელით ხდება და გულითადი მადლობა შესწირე მას, რადგან ბრძოლა სულიერ თვალს აგიხელს და სწორ გზაზე დაგაყენებს. ძნელად მოსარჩენი ვნებები უმწარესი წამლებით განიკურნება.
ევედრე ღმერთს: „და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა“. ეს ბრძოლა, როგორც აბბა ისააკი ამბობს, ამპარტავნებისგან, თვითკმაყოფილებისა და გულქვაობისგანაა. მათგან განკურნება კი სიმდაბლით, მცდარ აზრთა აღიარებით, სულიერი მოძღვრისადმი მორჩილებითა და რწმენით მიიღწევა.
დამდაბლდი, შვილო, მხოლოდ ეს წამალი გადაგარჩენს. ღმერთმა ეს განსაცდელები შენდამი სიყვარულის გამო გამოგიგზავნა, სურს, რომ შეშინდე, გონს მოეგო, დამდაბლდე და შენდობა ითხოვო. როცა ლოცულობ, მზაკვრებს ცოფი ერევათ. ხედავენ, მათი ბადეების დარღვევას იწყებ და შიშობენ, რომ ხელიდან დაუსხლტები. ამიტომ სურთ დაგაფრთხონ ან სასოწარკვეთილება მოგიტანონ.
ღვთისადმი რწმენით და სასოებით აღიჭურვე. გჯეროდეს, რომ ღვთის ზეგარდამო ბრძანების გარეშე ეშმაკებს არაფერი შეუძლიათ.
იცოდე, რომ თუ ამ ბრძოლაში მოთმინებას გამოიჩენ და ღვთისა და ძმების წინაშე დამდაბლდები, ღმერთი დიდ მადლსა და ნათელს მოგცემს, სულის თვალი აგეხილება და დაინახავ, როგორ სიბნელეში იყავი.
მხნეობა, რომელიც გაქვს და ამ განსაცდელებში შეგეწევა, ღვთის მადლია. მხნეობის, სასოების და რწმენის გარეშე კი ასეთი განსაცდელები დიდი საფრთხეა.
ნურაფრის გეშინია, მთელი შენი სასოება ქრისტეზე დაამყარე; შეუჩერებლად ხმამაღლა იმეორე ლოცვა და ნახავ, როგორ შეწევნას მიიღებ.
გეშინოდეს უფლისა და არა დემონების. ღვთისა გეშინოდეს მისი სასჯელის გამო, რადგან ჩვენი ამპარტავნებისთვის ეპიტიმიის დადგენისას ვის შეუძლია წინ აღუდგეს მას? ამიტომ, სანამ უკეთურება მცირეა, მის განკურნებაზე ვიზრუნოთ, რადგან თუკი გამრავლდება, სხვების დახმარება ვეღარაფერს გიშველის.
მაშ, უფრო მეტად შეიყვარე ღმერთი, რომელმაც შენი სნეულებების წამალი – მოთმინება, სიმდაბლე, მხნეობა გამოგიგზავნა და ეცადე მიიღო იგი.

15. სანამ ამპარტავნების ბოროტი სული გვებრძვის, დაცემა ხშირი იქნება. დაცემა საკუთარი უბადრუკობის შეგნებას შეგვძენს, მაშინ სიმდაბლის ღირსნი გავხდებით და ახლოს იქნება გულით მდაბალი და სულით მშვიდი იესო. მაშინ სულში სიხარული, მშვიდობა, სიტკბოება გამეფდება და გულს ნეტარება გაათბობს.

16. შვილებო, თავი აიძულეთ სულიერი ბრძოლისთვის. არ დაივიწყოთ ეშმაკის დიდი გამოცდილება და საკუთარი უძლურება. როგორც შემოდგომის ფოთოლი ცვივა სიოს მობერვაზე, ჩვენც ისევე ვეცემით უმცირესი განსაცდელისა და გაჭირვების ჟამს, როცა ღვთის მადლი ჩვენი მოკავშირე არ არის. და როდისაა იგი ჩვენი მოკავშირე? მხოლოდ მაშინ, როცა თითოეულ ჩვენს აზრსა და საქმეს დამდაბლებული გონება მართავს.

17. დაე, შენს სულში გამრავლებულიყოს ჭეშმარიტი და ნამდვილი სიმდაბლე, რომელიც სულიერი ნაყოფის მცველია. სატანა ცდილობს, მოღვაწეებს ბრძოლის მიზანი მოსტაცოს. ეს ძარცვა ადამიანის გაამპარტავნებაში გამოიხატება. აქედან გამომდინარე, მას ნებისმიერი საქმის კეთებისას სჯერა, რომ საკუთარი წინსვლითა და ძალისხმევით მიაღწია ამა თუ იმ სათნოებას. ამგვარად რჩება მისი შრომა საზღაურის, ბრძოლა – სასოების, საქმე კი – დაფასების გარეშე.

18. როცა ქრისტეს შეიმოსავ, უხილავი მტრის ნუ შეგეშინდება. შეძრწუნდი, როცა დაინახავ, რომ შენი ცოდვების გამო მადლი არ გიფარავს. მაგრამ ასეთ დროსაც შეიძლება სარგებელი ვნახოთ. იზრუნე, ღმერთს შიშითა და ძრწოლით ემსახურო, რადგან საშინელი მაცდური ჩასაფრებულია და მოღვაწეთა უდებების ჟამს ელის, რომ გაშმაგებით დაეძგეროს მათ; ცდილობს, თუ შესაძლებელია, ხორციელად ჩაგვიყვანოს ჯოჯოხეთში. დაე, ღმერთმა გააცამტვეროს ის.

19. ეშმაკი ყოველი სიცრუის, ცდუნების, მზაკვრობისა და ბოროტების წყაროა, ამიტომ ყველა გულისსიტყვა, რომელსაც ქრისტიანთა წინააღმდეგ მიმართავს, არსებითად სიცრუე და ცდომილებაა.
ეშმაკი ახალგაზრდას წარმოდგენის გულისსიტყვებით ყოველგვარ კეთილდღეობას აღუთქვამს; ცრუ ოცნებებით, სიმდიდრით, შვებალხენით, სიამეებით, თითქოს უკვდავი მიწიერი ცხოვრებით ხიბლავს. მომავალს ისე უსახავს, რომ სიკვდილს არ ახსენებს, გეგმები რომ არ ჩაეშალოს და ასე გრძელდება, ვიდრე ამ ახალგაზრდას საუკეთესო მეგობრად და მესაიდუმლედ გაიხდის. შემდეგ თავის ბადეში გააბამს, როგორც ობობა მსხვერპლს, ძალიან ადვილად გამოსწოვს მთელ სულიერ არსს და ღვთისთვის მკვდრად აქცევს.

20. ხმა, რომელიც მოგესმა და რომელმაც გითხრა: „ქრისტემ განგწმინდა ცოდვებისგან და მოაკვდინა შენი ვნებები" – ეშმაკისგანაა; ეს პირველი საფეხურია, რომელსაც ადამიანი ხიბლისა და დაღუპვისკენ მიჰყავს. თუ ადამიანი ამ ხმას ისმენს, ყურად იღებს, მისი გული ეშმაკის სიტყვებს ჭეშმარიტებად მიიჩნევს და დაეთანხმება, მაშინ ბოროტი მყისვე გრძნობადად შემოდის და თანდათან იპყრობს ადამიანს. მისგან გათავისუფლება კი დიდ შრომას მოითხოვს.
ამიტომ, შვილო, კარგად მოქცეულხარ, ყურადღება რომ არ მიაქციე და თავი დაიდანაშაულე. სხვა დროს, თუ რაიმეს მოისმენ, თქვი: „ამას მოძღვარს ვეტყვი და როგორც დამარიგებს, ისე მოვიქცევი“. ეშმაკს ძალიან ეშინია მოძღვართან შენი აღსარების თქმისა, რადგან იცის, რომ ეს მის ყველა მახეს დაარღვევს!
იცოდე, შვილო, რომ თვითკმაყოფილების, ამპარტავნების გულისსიტყვამ ფესვი გაიდგა შენში და ამიტომ დაგემართა ეს. ყურადღებით იყავი, დიდი სიმდაბლე გქონდეს, ყოველდღე ითხოვე, ღმერთმა სიმდაბლის სული მოგანიჭოს. როგორც გატკეპნილ გზაზე არ გაიხარებს მცენარე, ისე გადათელილ, დამდაბლებულ გონებაში არ აღმოცენდება ხიბლი.

21. ურწმუნოება და გმობა ეშმაკის ღვარძლისგან მომდინარეობს და მათგან გათავისუფლების ერთადერთი საშუალება არსებობს – ასეთი გულისსიტყვები ძაღლის ყეფასავით უგულებელვყოთ. მაშინ ისინი ადამიანს ცოდვად აღარ შეერაცხება. სხვებმა ამის შესახებ არ იცოდნენ და მარხულობდნენ, ფხიზლობდნენ, ტიროდნენ, რომ გათავისუფლებულიყვნენ. მაგრამ გმობის გულისსიტყვები ადამიანს მხოლოდ მათი უგულებელყოფით შორდება.
გმობის გულისსიტყვებთან მებრძოლი აბბა აღათონი ღმერთს შეევედრა, გაეთავისუფლებინა მათგან და ხმა შემოესმა: „აღათონ, აღათონ, შენს ცოდვებზე იზრუნე და მიუშვი ეშმაკი, იყეფოს. ამის გამო პასუხს არ აგებ". თუ კაცმა არ უგულებელყო ისინი, ვერასოდეს დააღწევს თავს.

22. როგორც არ უნდა გვტანჯოს ჩვენი სულების შემზარავმა მტარვალმა თავისი შურითა და ბოროტებით, მოვა დრო, როცა ღმერთი მის ბოროტებას განსჯის და ჩვენ, ტვირთმძიმეებს, საუკუნო განსვენებას მოგვმადლებს.
შვილო, მოთმინება გმართებს. მოდი, ჩვენც, ჩვენი პირველსახის, ქრისტეს მსგავსად დავიდგათ ცხოვრებისეული მწუხარების ეკლის გვირგვინი; დაე, ეკლები ღრმად ჩაგვესოს და სისხლი ტკივილით გვდიოდეს. დაე, ამ ტკივილმა და სისხლმა ჩვენი სულის სამოსელი შეამკოს და განადიდოს, რომ არ შეგვრცხვეს, როცა ქრისტეს წინაშე წარვდგებით და დიდებითა და სიწმინდით აღვსილ სხვა სულებს დავინახავთ. მოითმინე, მწუხარებათა ზამთარი გაივლის და მშვენიერი გაზაფხული ღვთის მადლის კეთილსურნელებას მოიტანს.

23. ნუ მიაქცევ ყურადღებას, შვილო, რასაც მაცდური ეშმაკი ჩაგჩურჩულებს. ის თავისი ხელოვნებით შენს გამასხარავებას ცდილობს, რომ დაგაბნიოს, სასოწარკვეთამდე მიგიყვანოს და ჯოჯოხეთის სიმწარე იგემო. წარწყმედილებიც ხომ სასოწარკვეთილნი არიან იმის გამო, რომ ვერასოდეს ამოვლენ სატანჯველიდან, რადგან ჯოჯოხეთში სინანული არ არსებობს!

24. მთელი თქვენი სულიერი ძალით იბრძოლეთ ქრისტეს სიყვარულისთვის.
ეშმაკი დღედაღამ იმისთვის იბრძვის, რომ ღვთისთვის უხმარი ჭურჭელივით დაგვისაკუთროს. მოდით, ჩვენც შევერკინოთ მას, რომ ჯვარცმულის ჭურჭელი გავხდეთ, ვარცხვინოთ ეშმაკი და ვადიდოთ ის სიყვარული, რომელმაც ჩვენთვის ყოვლადწმიდა სისხლი დაღვარა!
სასტიკი ბრძოლა გამართეთ, ნუ გეშინიათ. წინ ჩვენი უფროსი ძმები – ანგელოზები მიგვიძღვიან და ჩვენთან ერთად იბრძვიან. ისინი ეშმაკებზე გაცილებით მრავალნი და ძლიერნი არიან; ასე რომ, გამხნევდით. ჭეშმარიტი ცოდნით აღიჭურვეთ, რადგან ჭეშმარიტება ისე იცავს მებრძოლს, როგორც ყოვლისშემძლე იარაღი.

25. ოჰ, როგორი სიფრთხილე გვმართებს! ეშმაკი ცდილობს ვინმე გადაყლაპოს და ჯოჯოხეთის ფსკერზე დაძიროს. ჩვენ კი, უპირველესად მე, მისი ნადავლი, ნებაყოფლობით ვთვლემთ ბარუქის ძილით და მაშინღა გამოვიღვიძებთ, როცა ძალიან გვიან იქნება.

26. ათონის მთა, 30.06.1958 წ.
ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო... მივიღე შენი წერილი და შევიტყვე გულისსიტყვებთან შენი ბრძოლის შესახებ. ეს ნაწილია იმ ბრძოლისა, რომელიც სიძვის, ცოდვის ბოროტ სულს გაუმართავს ადამიანთან.
მომისმინე, ძმაო, უცოდინარს და ყოველგვარ სულიერ სიკეთეს მოკლებულს: როცა ვინმე სიმდაბლით და ღვთის შიშით, მხურვალე სულიერი შრომითა და გამოცდილი მოძღვრის ხელმძღვანელობით ებრძვის ცოდვას, შეუძლებელია, ღმერთმა დასაღუპავად გაიმეტოს. იგი მხოლოდ მაშინ შეიძლება დაეცეს, როცა თავისი სულიერი მოვალეობებისადმი უდები იქნება; განსაკუთრებით კი, როცა გაამპარტავნდება და იფიქრებს, რომ რაიმეს წარმოადგენს. მაგრამ თუ ისევ სიმდაბლით შეუვრდება ღმერთს, წამოდგომას შეძლებს და კვლავ განიკურნება; უფლის წყალობა ახლოსაა გულშემუსვრილებთან.
გამოცდილებას და სულიერ სიბრძნეს მრავალი განსაცდელით მოვიპოვებთ, ამის გარეშე გამოცდილების შეძენა შეუძლებელია. გამოცდილება ეწოდება არა სწავლით მიღებულ ცოდნას, არამედ როცა შენთვის სასარგებლოს და საზიანოს ცხოვრებაში პრაქტიკულად გამოცდი. თუ კაცმა მცირე განსაცდელი მაინც არ გაიარა, გამობრძმედილი ვერასდროს გახდება.
როდესაც ადამიანი რაიმეს კეთილი განზრახვით აკეთებს და შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს არასწორი იყო, ღმერთი, რომელიც გულს ხედავს და თითოეული საქციელის მიზანს აკვირდება, საქმეს გამოასწორებს და ადამიანს გაანათლებს, რომ მიხვდეს, რაში შეცდა.
შეუმცდარი მხოლოდ ღმერთია. სრულყოფილების მიუხედავად, რაღაც მწიკვლი წმინდანებსაც ჰქონდათ. ამგვარად, მათ განსაცდელები უნდა გაევლოთ, რომ უძლურ ბუნებას სიმდაბლე, ყურადღება და მოთმინება შეეძინა. უმნიშვნელო გულისწყრომა, სიცილი თუ უქმი სიტყვა წმინდანს სიწმინდეს ვერ წაართმევს.
ოღონდ ერთი რამ ყველას უნდა ახსოვდეს – იმედი არასოდეს დაკარგოს. დღეში ათასჯერაც რომ დაეცეს და შესცოდოს, სასოწარკვეთილებით ვერ გამართლდება ღვთის წინაშე, არამედ იმედით უნდა აღივსოს და ბრძოლისთვის მოემზადოს, ვიდრე ღვთის მოწყალება მოვა და გაათავისუფლებს მას.
ერთი ძმა განუწყვეტლივ ცოდვით ეცემოდა, თუმცა მყისვე დგებოდა და ლოცვის კანონს ასრულებდა. ეშმაკმა, რომელიც ამ ძმას ცოდვისთვის აქეზებდა, მისი მხნეობისა და ღვთისადმი სასოების შემყურემ, მოთმინება დაკარგა, ხილულად წარმოუდგა მას და დამწუხრებულმა უთხრა:
– უსირცხვილო, ღმერთის არ გეშინია? ახლახან შესცოდე და რა პირით დგახარ ღვთის წინაშე? ნუთუ არ შიშობ, რომ ღმერთი დაგწვავს?
ხოლო მამაცი სულის ძმამ ეშმაკს მიუგო:
– ეს სენაკი სამჭედლოა: ხან ურტყამ, ხანაც გირტყამენ. სოფლის საცხონებლად მოსული იესოა მოწამე, რომ შენთან ბრძოლას არც დაცემული შევწყვეტ, არც ამდგარი, არც გაროზგილი და არც გამროზგავი, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შეგებრძოლები და ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს – შენ თუ ქრისტე!
ეშმაკმა, რომელიც ამგვარ პასუხს არ ელოდა, უთხრა:
– აღარ შეგებრძოლები, რომ შენთვის გვირგვინების მიღების მიზეზი არ გავხდე.
იმ დღიდან ძმა ბრძოლისგან გათავისუფლდა, იჯდა თავის სენაკში და ცოდვებზე ტიროდა.
როცა ღმერთი კაცს გაანათლებს, ის კი თავის ცოდვებს შეინანებს და სიმდაბლითა და ყურადღებით ცხოვრებას დაიწყებს, მაშინ ღმერთი არ დაუშვებს მის დაღუპვას. ცხადია, ადრინდელი ცოდვებისადმი მიდრეკილება მას ეკლებად და წინააღმდეგობად ექცევა, მაგრამ როცა შემზარავად აზვირთებულ ტალღებს დაინახავს, უიმედოდ არ უნდა იფიქროს, რომ დაეცემა და დაიღუპება. არამედ რწმენით უნდა სასოებდეს ღმერთს და სულიერი მამის წინამძღოლობითა და წვრთნით სიმდაბლით იბრძოლოს; ძლიერი ქარიშხლის კი ნუ შეეშინდება.

27. მუდმივად იმეორე იესოს ლოცვა, დუმილისა და ფიქრისთვის საკუთარ თავში განმარტოვდი. ჩემო გოგონა, იზრუნე სულზე. სახლში მეტი სულიერება გამოიჩინე. უფალი თვალყურს გადევნებს და მადლის ჟამი სასწაულებრივად მოგცემს ნიშანს, როცა ამას ზეციური კრებული გადაწყვეტს.
იტირე მდაბლად მლოცველმა: „რა სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თვისი იზღვიოს?" (მარკ. 8, 36) სატანა ყველა ღონეს ხმარობს, რომ სულების ზეაღსვლას შეუშალოს ხელი. ნეტარია, ვინც მას დაუსხლტება და სასაცილოდ აიგდებს.
ფილოსოფიურად მიუდექი წარმავალ საგანთა ამაოებასა და შეურყეველი ზეციური მოქალაქეობის რეალობას. იქ მოზეიმე ეკლესიაა, რომელიც აქაურ მებრძოლ ეკლესიას ელის და მის ამჟამინდელ სასტიკ ბრძოლაში გამარჯვებისთვის ლოცულობს. იესო ქრისტეს მხურვალე რწმენა და წმინდა მამათა მართალი სწავლება ისე დაგვჭირდება, როგორც არასდროს, რადგან მოვა დრო, როცა ეშმაკი რჩეულთაც შეაცდენს.

28. ბუნებრივია, ეშმაკი ბრძოლას არ დათმობს. იარაღი მასაც აქვს. როგორი? მაგალითად, ასეთი – ჩაგვჩურჩულებს: „ვერაფერს გახდები, მაინც ძირს დაგცემ. ნუთუ შენი ვნების, შენი უძლურების სიდიდეს ვერ ხედავ? ასე იოლად ვერ დამამარცხებ და უკანაც არ დავიხევ. დღემდე განა რა გაგიკეთებია? არაფერი! არც ახლა დაგაცდი. ყოველი შენი მცდელობა ამაოა. მე უძლეველი ვარ. ვერ ხედავ, რამხელა ვარ?“ და მაშინვე მოაქვს ბილწი, განსაკუთრებით ძლიერი ხორციელი ტკბობის წარმოსახვები. მორიელივით კუდაწეული გამოჩნდება და მებრძოლს აფიქრებინებს, რომ მისგან თავის დაღწევა შეუძლებელია, რომ ისღა დარჩენია, ხელები ასწიოს და დანებდეს!
ცრუ და მზაკვარი მტერი მრავალ ასეთ სურათს წარმოგვიდგენს. მოდით, მისი მახეების სიყალბე ვამხილოთ და მისი ჟანგიანი იარაღი სააშკარაოზე გამოვიტანოთ. ყოვლადძლიერი ღმერთის მხედარს, რომელსაც ღვთის უძლეველობის სწამს და შეიგრძნობს მას, მამაცად აღუმართავს შემაძრწუნებელი ჯვრის დროშა და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას იწყებს. მისი იარაღი ეშმაკთა შემმუსვრელი იესოს სახელია, რომლის განუწყვეტელი და ხმამაღალი მოხმობით გზას უღობავს მაცდურს და ვერაგული თავდასხმის საშუალებას არ აძლევს. თან გამუდმებით ფიქრობს სიკვდილზე, სამსჯავროზე, ჯოჯოხეთზე, სამოთხის შვებასა და იესოსთან საუკუნო დიდებაზე, წმინდანთა მამაცობაზე... და ეს ყველაფერი, როგორც საბრძოლო იარაღი, მის ლოცვას ძალას მატებს.
მაშინ განიდევნება უიმედობა, უდებება, ქედმაღლობა და ბიწიერება. მოშურნეობა აღანთებს მეომარს, სატანა კი უკან იხევს და საპნის ბუშტივით სკდება.
უკვე ვიცით და თან ძალიან კარგად, რომ ჩვენი

610. ჩემო მამაო! ისინი, ვინც სულების წინასწარი არსებობის შესახებ ბრძნობენ, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველზე უსირცხვილოდ ამბობენ, რომ ქრისტეშობის და პასექის დღესთან დაკავშირებით, თავის სიტყვაში ისიც იგივეს ამტკიცებს, განმარტავენ რა პირადი შეხედულებით მის ზოგიერთ გამონათქვამს და ყურადღების მიღმა ტოვებენ იმას, რაც იქ ეკლესიის გადმოცემის შესაბამისად ნათლადაა ნათქვამი, პირველი ადამიანის შექმნისა და ასევე მისი სულის და სხეულის შესახებ. რამეთუ, აი, რას ამბობს ის: „ეს რომ ეჩვენებინა, შემოქმედებითმა სიტყვამ ორი ბუნებისაგან, უხილავისა და ხილულისაგან, ერთი ცოცხალი არსება - ადამიანი შექმნა. აიღო სხეული წინასწარ შექმნილი ნივთიერებისაგან და ჩაჰბერა მასში თავის სიცოცხლე, რასაც ჩვენ გონიერ სულს და ღვთის ხატებას ვუწოდებთ“ (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყვ. წ. III, გვ. 242, წ. IV გვ. 157). და სხვა მუხლებშიც ვაწყდებით მრავალ ნათელ და უეჭველ გამონათქვამს ადამიანის შესახებ, რომელიც წინასწარქმნილი მასალის და ღვთისაგან მინიჭებული სულითაა შექმნილი. ის იქვე ყოველმხრივ აქებს ადამიანის ბუნებას და სხეულისა და სულის ხსნას ღვთის ღირსეულ საჩუქარს უწოდებს და საერთოდ არ ამბობს იმას, რასაც ისინი მას მიაწერენ, რომ თითქოს სულმა დასჯის შედეგად შეიმოსა სხეული, რათა თავის ძველი შეცოდებების გამო სასჯელი იწვნიოს. და სხვა განსხვავებულ თხზულებებშიც ცხადდება, რომ მისი მიზანი ასეთი სწავლებისაგან სრულიად წმინდაა. ისინი სიხარულით ლაპარაკობენ წმ. გრიგოლიზე, ბასილი დიდის ძმაზე, რომ თითქოს მასაც იგივე აქვს ნათქვამი და ისიც უშვებს სულთა წინაარსებობას, თავისებურად განმარტავენ რა მის ზოგიერთ სიტყვას. მაგრამ ის თავის თხზულების 30-ე თავში „ადამიანის შექმნის შესახებ“, ძლიერ ეწინააღმდეგება აზრს სულის წინასწარი არსებობის შესახებ და ისევე უარყოფს მას, როგორც ნეტარი დავითი, და წმ. იოანე, და ათანასე, და ყველა სხვა მოძღვარი და მნათობი ეკლესიისა. აღდგენის შესახებ კი იგივე წმ. გრიგოლ ნოსელი ნათლად საუბრობს, ოღონდ ისე კი არა, როგორც ისინი ბრძნობენ, რომ თითქოს, ტანჯვის დასასრულს, ადამიანი თავის პირვანდელ მდგომარეობაში იქნება აღდგენილი, ანუ წმინდა გონება იქნება; არამედ ამბობს, რომ ტანჯვა შემსუბუქდება და დამთავრდება (შენიშვნა: კონსტანტინეპოლელი პატრიარქი გენადი (მე-8 ს) ამტკიცებს, რომ გრიგოლ ნოსელის წმინდა თხზულებებში ცრუ სწავლება ერეტიკოსებმა შეიტანეს). ამრიგად, მითხარი, ჩემო მამაო, რატომ არ ლაპარაკობს ასეთი ადამიანი სამართლიანად, როგორც ეს წმინდა მამას შეეფერება, რომელმაც სულიწმინდის შთაგონებით უნდა ილაპარაკოს. ასევე, ზოგიერთ მამასა და მოძღვარს შორის სამოთხის შესახებაც არაა თანხმიერება, ამბობენ რა, რომ ის არა გრძნობადი, არამედ საცნაურია, და ერთგვარი უთანხმოების პოვნა წერილების სხვა თავებშიც შეიძლება. გთხოვთ, მეუფეო, აგვიხსენი ჩვენ ეს, რომ თქვენგან განათლებულებმა, ღმერთი განვადიდოთ და ეჭვი არ შეგვეპაროს ჩვენს წმინდა მამებში.
„კურთხეულ არს ღმერთი და მამაი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან მაკურთხნა ჩუენ ყოვლითა კურთხევითა სულიერითა ცათა შინა ქრისტეს მიერ, ამინ.“ (ეფეს. 1, 3). ძმებო! მოიწია ის დრო, მოციქულთან ერთად რომ ვთქვა: „ვიქმენ უგუნურ სიქადულისთვის, რამეთუ თქუენ მაიძულეთ მე“ (2 კორ. 12, 11). რამეთუ თქვენი გულისთვის მე იძულებული ვარ გამოვიკვლიო ის, რაც ჩემს ძალებს აღემატება, და ვთქვა ის, რაც საერთოდ არ რგებს სულს, თუმცა კი არც აზიანებს. ჩვენ დაგვავიწყდა მოციქული პავლე, რომელიც ამბობს: „ყოველი სიმწარე და რისხვაი და გულისწყრომაი და ღაღადებაი და გმობაი მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით“ (ეფეს. 4, 31), ხოლო მე დავამატებ: ღორმუცელობით და სიძვით, ვერცხლისმოყვარეობით და სხვა ვნებებით, რომელთა გამოც დღე და ღამ უნდა ვკვნესოდეთ და განუწყვეტლივ ვტიროდეთ, რათა ცრემლების სიმრავლით სრულიად ჩამოვირეცხოთ მათი სიბილწე, რომ უწმინდურები - წმინდები, ცოდვილები - მართლები, ხოლო მკვდრები ცოცხლები გავხდეთ. ჩვენ კი, პირიქით, მხოლოდ ლაპარაკით ვართ დაკავებულნი, რისთვისაც ასევე პასუხისგება მოგვიწევს, რამეთუ ნათქვამია: „შენ მიაგო კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ“ (ფსალ. 61, 12), და კიდევ: „ჩუენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა, რაითა მოიღოს კაცად-კაცადმან ხორცთა ამათგან, რაიცა-იგი ქმნა: გინა თუ კეთილი, გინა თუ ბოროტი“ (2 კორ. 5, 10). ჩვენ იმას უნდა ვეცადოთ, რასაც ჩვენი მამები - აბბა პიმენი და სხვები ცდილობდნენ. ეს მცდელობა ჩვენი საკუთარი თავის არაფრად შერაცხვას გვასწავლის, რომ არავის შევადაროთ და მიწად და ნაცრად მივიჩნიოთ იგი. ამ სწავლებებზე ფიქრი და მსჯელობა კი საკუთარი თავის ბრძენად წარმოდგენას გვასწავლის, რათა ვიამაყოთ და მნიშვნელობა მივანიჭოთ მას და ყოველგვარ ვითარებაში სხვებს შევადაროთ და სიმდაბლისაგან გავუცხოვდეთ. შემინდეთ, უსაქმურობის გამო ხომ არა ხართ ამით დაკავებულნი? თუ ასეა, მაშინ წადით უბანთა ზედა და დადექით იქ, სანამ სახლის უფალი მოვა და თავის ვენახში დაგადგენთ სამუშაოდ (მათე 20, 3-4). თქვენი გულები უფალთან მომავალ შეხვედრაზე შიშით რომ ზრუნავდეს, არც გაგახსენდებოდათ ეს სწავლება. წინასწარმეტყველმა დაივიწყაჭამად პური თვისი (ფსალ. 101, 4-5), ჩვენ კი უხვად ვიკვებებით და უდებებას ვნებდებით, ამიტომაც ვცვივდებით ასეთ ბრძნობაში. ღმერთი ჩვენგან განათლებას, განწმენდას, დუმილს და სიმდაბლეს ითხოვს, და არა ამას. მაგრამ, არ მინდა გაუგებრობაში დაგტოვოთ, და არც ის მსურს ღვთისაგან უწყება რომ გამოვითხოვო ამის თაობაზე; ვწუხდი და შემავიწროვა ერთმაც და მეორემაც, ამიტომ თავად ვამჯობინე დამწუხრება, ოღონდ თქვენ გამოგიხსნათ მისგან, ვიხსენებ რა მას, ვინც თქვა: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ“ (გალ. 6, 2). ასე რომ, ვიდრე თქვენ ამ შეკითხვას გამომიგზავნიდით, სამი დღით ადრე მოისმინეთ ღმერთმა რა განმიცხადა. ღვთის ყველა სათნოყოფილმა მამამ, წმინდანმა და მართალმა, და ღვთის ერთგულმა მონამ, დე, ილოცოს ჩემთვის! ნუ ფიქრობთ, რომ ადამიანებს, თუნდაც წმინდანებს, სრულიად შეუძლიათ ღვთის იდუმალ სიღრმეთა წვდომა; რამეთუ მოციქული ამბობს: „მცირედ-რაიმე ვწინასწარმეტყუელებთ“ (1 კორ. 13, 9), და კიდევ: ერთ ადამიანს ყველა ნიჭი როდი ენიჭება ერთდროულად, არამედ ესა თუ ის ნიჭი თითოეულს სულისაგან ეძლევა, რომელსამე სულისა მისგან სიტყუაი სიბრძნისაი; ხოლო სხუასა - სიტყუაი მეცნიერებისაი. ხოლო ამას ყოველსა შეეწევის ერთი და იგივე სული (1 კორ. 12, 8-11). იცოდა რა, რომ ღვთის განჩინებანი მიუწვდომელია, მოციქულმა წარმოთქვა: „ჰოი სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაი! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი, და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი! რამეთუ ვინ ცნა გონებაი უფლისა? ანუ ვინ თანამზრახველ ეყო მას?“ (რომ 11, 33-34), და ა.შ. გახდნენ რა მოძღვრები, წმინდანებმა, ან თავის თავად, ან სხვა ადამიანების ხელშეწყობით, ფრიად წარმატებას მიაღწიეს, თავიანთ მასწავლებლებს აღემატნენ, მიიღეს რწმუნება მაღლიდან და ახალი სწავლება გადმოგვცეს, მაგრამ ამასთანავე ის არასწორი სწავლებაც შეინარჩუნეს, რაც თავიანთი მასწავლებლებისაგან შეითვისეს; შემდგომში წარმატებულნი, სულიერი მოძღვრები გახდნენ, მაგრამ მათ არ უთხოვიათ ღვთისათვის, რომ მას გაეცხადებინა მათთვის პირველ მასწავლებელთა სწავლების სამართლიანობა და მათ სიბრძნეს და გონიერებას მიაგებდნენ რა პატივს, არ გამოუკვლევიათ მათი სიტყვები და არ გაურკვევიათ, იყო თუ არა მათი გადმოცემა სულიწმიდით შთაგონებული; ასეთნაირად, მათი მასწავლებლების შეხედულებები მათ საკუთარ სწავლებას შეერია, და ეს წმინდანები ზოგჯერ ამბობდნენ იმას, რაც თავის მასწავლებლებისაგან შეისწავლეს, ზოგჯერ კი იმას, რასაც საღად სწვდებოდნენ თავის გონებით; მომავალში კი, როგორც ერთი, ასევე მეორე სიტყვები, მათ მიაწერეს. მიიღეს რა ძველებისაგან და წარემატნენ და გახდნენ უკეთესები, წმიდანები სულიწმიდით ამბობდნენ იმას, რასაც მათ სულიწმინდა რწმუნებით ანდობდა, მაგრამ ამბობდნენ იმასაც, რაც ძველი მასწავლებლებისაგან გადაეცათ და არ იკვლევდნენ მათ სიტყვებს, მაშინ როცა უნდა გამოეკვლიათ და ღვთისადმი ლოცვით და სულით განათლებულთა გამოკითხვით დარწმუნებულიყვნენ, მართლები იყვნენ თუ არა ისინი. ასე შეერია ერთმანეთს სწავლებები და ყველაფერს, რასაც ეს მამები ამბოდნენ, მათ სახელებს მიაწერდნენ. ასე რომ, როდესაც რომელიმე მათგანი სულიწმიდისაგან მოსმენილს გვაუწყებს და თვითონვე აღნიშნავს ამას, მაშინ ეს უეჭველია, და ჩვენც უნდა ვერწმუნოთ მას. ხოლო იქ, სადაც წმინდა მამა ზემოთნახსენებ საკთხებზე ლაპარაკობს, ის არსად არ ასაბუთებს იმას, რომ მის სიტყვებს ზეგარდამო რწმუნება გააჩნიათ, რამეთუ ისინი ძველი მასწავლებლების სწავლებებიდან გამომდინარეობენ, და ის, ენდობოდა რა მათ ცოდნას და სიბრძნეს, არ ეკითხებოდა ღმერთს, ჭეშმარიტი იყო თუ არა მათი სწავლება. აი, თქვენ მოისმინეთ მთელი ჩემი უგუნური ნათქვამი; ამიერიდან დადუმდით და ღვთის გულისათვის იღვაწეთ, მოეშვით ამაოდმეტყველებას და საკუთარ ვნებებს დაუკვირდით, რომელთა გამოც პასუხის გაცემა მოგიწევთ სამსჯავროს დღეს. იმას არ გკითხავენ, რატომ არ იცით ან რატომ არ შეისწავლეთო. ამიერიდან იტირეთ და იკვნესეთ; ჩვენი მამების, პიმენის და სხვათა გზა გამოიკვლიეთ და „რბიოდეთ, რაითა ეწინეთ“ (1 კორ. 9, 24) ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს მიერ, რომელსაც უკუნისამდე შვენის დიდება, ამინ.
კურთხეულ არს ღმერთი და მამაი უფლისა ჩუენისა

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3