ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები


საშობაო ეპისტოლე - 2000

კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

საქართველოს ღვთივკურთხეულთა ძეთა და ასულთა და ყოველთა ჩვენთა თანამემამულეთა:


თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელნო, წმიდა სინოდის წევრებო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ძმანო და დანო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ქართველნო!
უფალი გვეუბნება: "ნისლივით წარვხოცავ შენს დანაშაულს და ჯანღივით – შენს ცოდვას; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე" (ის. 44,22).
დიდება და მადლობა შენდა, უფალო ღმერთო – მამაო საბაოთ, ყოვლისა მპყრობელო, შემოქმედო და განმგებელო ცათა და ქვეყანისაო;
დიდება შენდა, ძეო ღვთისაო, მაცხოვარო ჩვენო, ჩვენი ხსნისათვის განკაცებულო, ჯვარცმულო, აღდგომილო და ამაღლებულო;
დიდება შენდა, სულო წმიდაო, ცხოველსმყოფელო, მადლისა მომცემელო, უძლურთა მკურნალო და ნაკლულევანთა აღმავსებელო.
გაქებთ, გაკურთხებთ და თაყვანსა გცემთ შენ, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო და განუყოფელო, რწმენაო, სასოებაო და სიყვარულო ჩვენო, მიზეზო ყოვლისაო, დასაბამო და დასასრულო, მიუწვდომელო სიმაღლეო და სიმდაბლეო, დიდება და მადლობა შენდა ყოვლისათვის.
მუხლმოდრეკილნი ვდგავართ ღმერთო, წინაშე შენსა და ჩვენი წინაპრებისა და ჩვენი ერის სახელით შეგთხოვთ, შეგვინდე და გვაპატიე ყოველნი ცოდვანი და უსჯულოებანი ჩვენნი, ურწმუნოება შესცვალე ჭეშმარიტი სარწმუნოებით, ცოდვა აღხოცე და მოგვანიჭე მადლი, სიძულვილის წილ მოგვეც სიყვარული, ამპარტავნების წილ – თავმდაბლობა; განგვწმიდე ყოველნი და სულითა წმიდითა შენითა აღგვავსე, ამინ!
ქრისტესმიერ საყვარელნო ძენო ივერიისანო და ყოველნო მკვიდრნო საქართველოისანო, იხარებდით და იშვებდით, რამეთუ "დღეს მეუფე იშვების ვითარცა ჩვილი დედისაგან ქალწულისა" (სადღესასწაულო). "საიდუმლო უცხო და დიდებული ვიხილოთ, ქვაბი ცათა ემსგავსა, ქალწული – ქერუბიმთა, ხოლო ბაგა სახე იქმნა სამყაროსა, რამეთუ დაიტია დღეს ქრისტე ღმერთი – დაუტევნელი, რომელსა ვადიდებთ" (შობის ძლისპირი).
დიდება ჭეშმარიტი ღვთისა უკვე ორიათასი წელია აღევლინება ჩვენი კურთხეული მიწიდან. ოცსაუკუნოვანი ისტორია ქრისტიანობისა არის საიდუმლო ჩვენი გადარჩენისა და ჩვენი ღვთაებრივი აღმშენებლობისა. ეს არის საიდუმლო ჩვენი ცხოვრებისა ქრისტეში და მისი მუდმივი მეფობისა ჩვენში და დასტურია იმ დიადი ჭეშმარიტებისა, რაც ბრძანა უფალმა: "აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მთ. 28,20).
თუ არა ღვთის დიდი მოწყალება და მისი შეწევნა, საქართველო ვერ გაუძლებდა იმ ურიცხვ ქარტეხილს, რაც მას თავს დაატყდა. უზარმაზარი იმპერიები აღიგავა პირისაგან მიწისა, გაქრნენ ერები და მათი კულტურები, ჩვენ კი, პატარა ქვეყნის შვილები, ათასწლეულებია მოვუყვებით კაცობრიობის ისტორიის მდინარეს.
წარსულს თუ გადავხედავთ, უნებურად ჩნდება კითხვა: ამ ხნის განმავლობაში ვაკეთეთ კი ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა, დავუახლოვდით ღმერთს თუ დავშორდით მას, ვართ ჩვენ ცისანი თუ – ამქვეყნისანი?
და თითქოს გვესმის სიტყვები უფლისა:
"აჰა ესერა, ეშმაკმან გამოგითხოვნა თქვენ აღცრად ვითარცა იფქლი. ხოლო ევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რათა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაი შენი" (ლუკ. 22,31-32).
დიახ, ოცსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე დროის სული ჩვენ ყოველთვის თანა გვდევდა და ეკლესიას მუდმივად უხდებოდა მასთან ბრძოლა. ყველგან და ყოველთვის მიწიერება ცდილობდა შეეღწია ჩვენში, სატანა ათასნაირ ხერხს მიმართავდა, რათა ხორბალივით განებნია ქრისტიანენი და თითოეული მათგანის სული დაესაკუთრებინა:
"მაგრამ მე ვლოცულობდი შენთვის", - გვეუბნება მაცხოვარი. სწორედ უფლის ლოცვამ გადაგვარჩინა და მოგვიყვანა აქამდე. ამ ლოცვაზე იდგა და დგას ქრისტეს მთელი ეკლესია, ამ ლოცვაზე დგას ჩვენი ერი.
თუ ცოტა უფრო ღრმად გავაანალიზებთ მოვლენებს, დავინახავთ, რომ მას შემდეგ, რაც იესო ქრისტეს განკაცებით სათავე დაედო საოცარი გარდატეხის პროცესს კაცობრიობის ისტორიაში და ადამის მოდგმისათვის გაიხსნა ზეცის კარები, ბოროტმაც ახალი მეთოდებით დაიწყო ადამიანთა სულების მონადირება: წარმოიშვა ჭეშმარიტების პრეტენზიის მქონე რელიგიები. თვით ქრისტეს ეკლესიას არაერთი ნაწილი ჩამოსცილდა და ახალ მიმართულებებს დაედო სათავე: იყო ამა თუ იმ მიზეზის გამო გაჩაღებული ომები, საზოგადოების სხვადასხვა ფენათა უდიდესი დაპირისპირებანი... რამაც მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა და შეიწირა, მაგრამ იმას, რაც განვლილ ორ საუკუნეში მოხდა, თავისი მასშტაბებითა და სულიერი დამანგრეველი ძალით ვერაფერი შეედრება; - ვგულისხმობ უღმერთობის ხანის დადგომას.
ბოლო 70 წლის მანძილზე ტოტალიტარული ათეისტური სახელმწიფოს არსებობა და მისი იდეოლოგია არ იყო მხოლოდ ლოკალურად გარკვეულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა ხვედრი. ათეიზმმა სულ სხვა გზებითა და მეთოდებით ასევე მძლავრად მოიკიდა ფეხი მთელს მსოფლიოში, რამაც წარმოშვა საყოველთაო ნიჰილიზმი და ინდიფერნტიზმი.
ამ პროცესების გაღრმავებას ხელი შეუწყო მეცნიერებისა და ტექნიკის უსწრაფესმა განვითარებამ. საზოგადოების სულიერი წინსვლა დიდად ჩამორჩა ტექნიკურ პროგრესს, ეს კი გახდა მიზეზი ღრმა უფსკრულის გაჩენისა საზოგადოებრივი ცხოვრების ამ ორ სფეროს შორის, რამაც კაცობრიობა თითქმის კატასტროფამდე მიიყვანა. და თუ დღეს მაინც მშვიდობით ვხვდებით შობა-ახალწელს, ისევ და ისევ ღვთის დიდი წყალობით.
"... მე ვლოცულობდი შენთვის..."
ჩვენმა ქვეყანამაც იგემა ბოროტის მიერ აღძრული ყველა ძალის შემოტევა და როგორც სხვაგან, აქაც განსაკუთრებულად რთული პროცესები ბოლშევიკური რეჟიმის პერიოდში განვითარდა. საბჭოთა წყობილების პერიოდი, მისთვის დამახასიათებელი ცნობილი მოვლენების გარდა, იმითაც იყო საშიში, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა აზროვნების განვითარებას, რადგან ახალი იდეების წარმოშობა საფრთხეს უქმნიდა მის არსებობას.
ეს რეჟიმი ადამიანებს სთავაზობდა მზამზარეულ, ხშირად მკვდრადშობილ იდეებს და მათ ცხოვრებაში განხორციელებას აიძულებდა. არავინ იყო დაინტერესებული მოაზროვნეთა ფენის წინ წამოწევით, სჭირდებოდათ მხოლოდ დავალების სიტყვის შეუბრუნებლად შემსრულებელნი.
"ბოლშევიკების გზა, - წერდა პლეხანოვი, - როგორიც არ უნდა იყოს იგი, - მოკლე თუ გრძელი – აუცილებლად გამორჩეული იქნება ისტორიის ფალსიფიკაციით, სიცრუით, დანაშაულობებით, დემაგოგიითა და საერთოდ, უღირსი საქციელით. ტერორი, რაზეც ისინი იმედს ამყარებენ, ხიშტების ძალაა, მაგრამ, როგორც ცნობილია, ხიშტებზე ჯდომა დიდხანს შეუძლებელია, ამიტომაც ბოლშევიკთა კრახი გარდაუვალია" (პოლიტიკური ანდერძი).
ეს ასეც მოხდა.
მადლობა ღმერთს, დღეს ჩვენ უკვე სხვა ცხოვრებით ვცხოვრობთ. ეს კია, რომ ერთი წყობილების მეორეთი შეცვლა იმპერიის რღვევის პერიოდს დაემთხვა, ამას თან დაერთო ომები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რამაც ჩვენი ყოფა მეტად დაამძიმა, რადგან რამდენიმე მოვლენის გადატანა ერთად მოგვიხდა.
საერთოდ, საზოგადოებრივი ურთიერთობის ერთი ფორმიდან მეორეში გადასვლისას ქვეყნის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როდესაც ხალხი ბავშვს ემსგავსება. ამის მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა თავიდან ვერ ერკვევა სიტუაციაში, ალღოს ნაკლებად უღებს მოვლენებს და ყრმასავით უსუსური და მიმნდობი ხდება მათ მიმართ, ვინც წინამძღოლის ფუნქციებს სთავაზობს.
დროის ამ ეტაპით ხშირად სარგებლობენ სხვადასხვა ძალები და ცდილობენ არსებული სიტუაცია თავიანთი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენონ.
ესაა მიზეზი მაგალითად იმისა, რომ დღეს ასე თარეშობენ სხვადასხვა სექტის წარმომადგენლები. საქმე ისაა, რომ ათეისტური ზეწოლისაგან განთავისუფლებული ხალხი მზად არის გულის კარი გაუღოს უფალს, მაგრამ, ვინაიდან ვერ არჩევს, თუ სად არის ჭეშმარიტება ადვილად ექცევა ცრუ მოძღვართა გავლენის ქვეშ და გადარჩენის ნაცვლად სულს მარადიული სიკვდილისათვის წირავს.
როგორც ეკლესიის, ისე სახელმწიფოს, და საერთოდ, ნებისმიერი მოქალაქის ვალია, წინ აღუდგეს ხალხის ამ მეთოდებით დაპყრობასა და დამონებას და საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ სულიერ აგრესიას.
დღევანდელი ჩვენი ყოფა სხვა მრავალი ასეთი მეტად მტკივნეული პრობლემებისადმი საზოგადოებისაგან სწორი პოზიციის შემუშავებასა და მის გონივრულ გადაწყვეტას ითხოვს.
ამჯერად ყურადღებას ერთ საკითხზე გავამახვილებთ. რადგან იგი უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია.
საქმე ეხება ამ ბოლო დროს კოსმოპოლიტური იდეების ქადაგებას და ეროვნული გრძნობისადმი ზოგიერთთაგან გულგრილ, ზოგჯერ კი დამცინავ დამოკიდებულებას. დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული ასეთი ადამიანებისათვის რატომღაც ეროვნულობა და პატრიოტიზმი კარჩაკეტილობას ნიშნავს და როგორც საზოგადოებას, ისე ეკლესიას მისგან განთავისუფლებისაკენ მოუწოდებენ.
თავიდანვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქრისტიანობა და თავის თავში ჩაკეტილობა ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია. ქრისტიანისათვის ყოველი ადამიანი, რა ეროვნებისა და სარწმუნოებისაც არ უნდა იყოს იგი, მოყვასია და ღვთის წინაშე ვალდებულია უყვარდეს ის. მოწყალე სამარიტელის იგავი ამის ნათელი დადასტურებაა.
ამიტომაც, ერთი შეხედვით სადაო არაფერი უნდა გვქონდეს მათთან, რომელნიც უარყოფენ ნაციონალურ-სახელმწიფოებრივი განსხვავების აუცილებლობას და მსოფლიო ერთიანი ოჯახისა და მსოფლიო მოქალაქის ცნებების დამკვიდრებას ცდილობენ.
იდეები მეგობრობის, სიყვარულისა და ურთიერთდახმარების შესახებ მათ ქრისტიანობიდან აიღეს და ისინი მართლაც ღირებულნი არიან, მაგრამ ეს ყველაფერი შემდეგ განსხვავებული მიმართულებით განავითარეს და შემდეგ სამეუფო გზიდან შორს გადაუხვიეს.
ისინი დაუსრულებლად ლაპარაკობენ კაცობრიობის სიყვარულზე, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ გვერდზე მყოფს. მოყვასის სიყვარული კი სწორედაც რომ ყველას სიყვარულს გულისხმობს.
მაცხოვარმა ჩვენ მოყვასის სიყვარულისკენ მოგვიწოდა და არა მსოფლიოსადმი ზოგადი გრძნობების გამოვლენისაკენ. მოყვასი კი მოიცავს ყველას, ვისთანაც კი რაიმე შეხება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს.
ბავშვისთვის მოყვასი მისი ოჯახის წევრებსა და ახლობელთა ვიწრო წრეს ნიშნავს. მოზრდილი ადამიანისთვის – "მოყვასის" სივრცეს მისი ქვეყანა და ხალხი ავსებს. მასთანაა იგი დაკავშირებული სახელმწიფოებრივი თუ პოლიტიკურ-მოქალაქეობრივი ვალდებულებებით. საკუთარი ხალხის კულტურა, ცხოვრების წესი, თუ ტრადიცია არის მისთვის მშობლიური და საყვარელი.
უკვე სრულად განვითარებული, მაღალი ზნეობის პიროვნებებისათვის კი ნებისმიერი ადამიანი მოყვასია.
უნდა ითქვას ისიც, რომ მესამე ასაკობრივი საფეხური გულისხმობს პირველი და მეორე საფეხურის აუცილებელ არსებობას ისევე, როგორც მეორე საფეხური გულისხმობს პირველი საფეხურის არსებობას.
აი, აქა აქვთ დაშვებული შეცდომა კოსმოპოლიტებს. ისინი მესამე საფეხურს მეორეს გარეშე მოიაზრებენ და ადამიანებს არაჯანსაღი, უშინაარსო უსულო საზოგადოების შექმნისაკენ უბიძგებენ.
შევნიშნავთ იმასაც, რომ ქრისტიანული პატრიოტიზმი და ეროვნულობის გრძნობა სრულიად განსხვავდება შოვინიზმისა და ვიწრო ნაციონალიზმისაგან, რომელთაც საფუძვლად ნაციონალური ამპარტავნება უდევთ; ქრისტიანული ცნობიერებისათვის კი ამპარტავნება მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება.
ეროვნულობა ქრისტიანობაში ნიშნავს ზრუნვას შენი ხალხის იმ ნაკლულევანებათა გამოსწორებისთვის, რაც მის ცხოვრებას თან სდევს; ნიშნავს ზრუნვას მისი სულიერი და ზნეობრივი განვითარებისათვის, ნიშნავს იმ ტრადიციებისა და ზნე-ჩვეულებების დაცვას, რაც მის თავისთავადობას, მეობას განაპირობებს. ყოველივე ეს, ამავე დროს, სხვა ხალხებისა და ქვეყნებისადმი პატივისცემასა და კეთილგანწყობას გულისხმობს.
აი, რას ამბობს ვაჟა-ფშაველა პატრიოტიზმის შესახებ: "... რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავისი სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობრებს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას... ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალ-ღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და რამდენადაც გონივრული იქნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოდგება მისი მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქნება მთელი კაცობრიობისათვის" (კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი").
ეროვნულობის დაცვის საუკეთესო მაგალითს თვითონ ბიბლია იძლევა. მთელი ძველი აღთქმა ამ სულისკვეთებითაა სავსე. ახალი აღთქმიდანაც არაერთი მაგალითის დამოწმება შეიძლება. გავიხსენოთ თუნდაც მოციქულის სიტყვები:
"დიდია ჩემი მწუხარება და დაუცხრომელია ტკივილი ჩემი გულისა... ვისურვებდი თავად ვყოფილყავ შეჩვენებული ქრისტემიერ ჩემი ძმების, ჩემი სისხლის და ხორცის გამო, რომლებიც არიან ისრაიტელნი" (რომ. 9,2-4).
ანდა: "თუ ქვრივს შვილები ან შვილიშვილები ჰყავს, დაე მათ თავდაპირველად ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და სანაცვლო მიაგონ მშობლებს, რადგან ეს ეამება ღმერთს" (I ტიმ.V,4).
"ხოლო, თუ ვინმე თავისიანთა და მით უმეტეს, სახლეულთათვის არ ზრუნავს, რწმენის უარმყოფელთა და ურწმუნოზედაც უარესია" (I ტიმ. 5,4,8).
ასე რომ, ოჯახი, ახლობელთა წრე, სამშობლო, მოყვასი, სამყარო, ის კიბეა, რომლის თითოეული საფეხური მომდევნოს საყრდენია და მის გარეშე და რწმენის გარეშე წარმოუდგენელია პიროვნების შინაგანი მთლიანობის შექმნა. ამიტომაც, თუ გვსურს ვიყოთ თავისთავადნი და არა უფორმო, უსახო, საზოგადო მასის წარმომადგენელნი, უნდა ვიყოთ ეროვნული სულის ღირსეული მატარებელნი. ასე აღზრდილი ადამიანი ყოველთვის პატივს მიაგებს სხვა ეროვნების წარმომადგენელთ, სათანადოდ აფასებს როგორც საკუთარს, ისე სხვათა ღირსებასა და თავისთავადობას. ასეთი ადამიანი პიროვნებაა, რადგან მას თავისი მეობა აქვს. იგივე ითქმის ერზეც. ასეთი ადამიანებისაგან შემდგარი ერი პიროვნული სახის მატარებელია, თავისთავადია და ამით არის სწორედ დასაფასებელი.
ღვთივკურთხეულნო ივერნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისანო!
ქრისტიანული სამყარო განსაკუთრებულად ემზადება 2000 წლის საზეიმო შეხვედრისათვის. ეს წელი მთლიანად საიუბილეო წელია და მას განსხვავებული გრძნობით ხვდება მთელი კაცობრიობა. 7 იანვარს, ბეთლემში, წმიდა მიწაზე, თავი მოიყარეს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებმა და სახელმწიფო ხელმძღვანელებმა, რათა გამოეხატათ თავიანთი კეთილი ნება ერთიანობის, ურთიერთპატივისცემისა და თანადგომის შესახებ და ელოცათ მსოფლიო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. ეს იყო დიდი და ამასთან კანონზომიერი მოვლენა, რომელმაც საყოველთაო ყურადღება მიიპყრო.
ათასწლეულთა შესაყართან კიდევ უფრო მძაფრდება წარსულის განცდა და სურვილი ღმერთთან სიახლოვისა. ადამიანური განზომილებით ეს დრო ხანგრძლივია და მრავლისმომცველი. უფლის წინაშე კი "ათასი წელი, ვითარცა ერთი დღე". ასე რომ, ღვთის ათვლით, მეორე დღე მთავრდება მაცხოვრის განკაცებიდან და იგი განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს.
განსაკუთრებულობა უნდა გამოვლინდეს სულიერებაში. თითოეულმა ოჯახმა, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იგრძნოს, რომ იგი ღირსი გახდა შეხვედროდა ამ დიდებულ თარიღს და ვალდებულია, სათანადოდ მოემზადოს ამისთვის, ვალდებულია, იმ მოგვების მსგავსად, რომელთაც თაყვანი სცეს და საუკეთესო ძღვენი მიართვეს ბეთლემის ბაგაში მწოლ ახლადშობილ მაცხოვარს, თავისი შესაწირი გაიღოს მის სადიდებლად. ეს შესაწირი უწინარესად უნდა იყოს გულმხურვალე ლოცვა, ჩვენი ქრისტიანული ეკლესიური ცხოვრება, ჩვენი შრომა, ჩვენი ნამუშაკევი, ჩვენი კეთილი საქმეები.
ამ თარიღის შესახვედრად საქართველოს დიდი მომზადება ჰმართებს, რადგან ღვთისგან ბევრი მოგვეცა და ბევრიც მოგვეთხოვება. თქვენ იცით, უფლის განგებით, ჩვენთან იქნა მობრძანებული კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ღვთისმშობლის პერანგი; იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრია და მისი განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფება, რომ ჩვენი ეკლესია დაფუძნებულია მაცხოვრის მოციქულების: ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელის, მატათას, თადეოზის, ბართლომეს მიერ და განმტკიცებულია წმ. ნინოს, წმ. გიორგის, წმ. ნიკოლოზის და სხვათა ჩვენთა დიდთა წმინდანთა ლოცვით და ღვაწლით.
ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ათას ქარტეხილგამოვლილი საქართველო დღეს კვლავ ცოცხლობს და აღორძინების გზას ადგას და რომ ძალისაებრ ჩვენისა ვემსახურებით მის სიწმინდეს.
ძმანო და დანო, თავი მოვიდრიკოთ და მუხლი მოვიყაროთ ყოვლადწმიდა სამების წინაშე და წრფელი გულით შევთხოვოთ მამასა და ძესა და სულსა წმიდას, დაგვლოცოს, განგვწმინდოს და განგვინათლოს გული და გონება, რათა დღე ყოველ მართლად ვიდოდეთ და ურცხვენელად წარვდგეთ წინაშე მისსა, რათა თანაზიარ ვექმნეთ მარადიულ ცხოვრებას მისას და უფალთან ვიყოფოდეთ განუშორებლად. ამინ!

ქრისტეს შობა
1999-2000 წ. კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი< =>საქართველოს


სააღდგომო ეპისტოლე - 1982

წმიდა სინოდის წევრებს - ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტთა,
მთავარეპისკოპოსთა და ეპისკოპოსთა, მოძღვართა და დიაკონთა, პატიოსან ბერ-მონოზონთა
და ყოველთა საქართველოს ქრისტეს მიერ საყვარელ საპატრიარქოს შვილთა,
მკვიდრთა საქართველოისა და მცხოვრებთა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ

ღმერთი ნათელ არს. (1 იოვანე 1,5)

ქრისტეს მიერ საყვარელნო წმიდა სინოდის წევრნო - ყოვლადსამღვდელონო მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, მოძღვარნო და დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძმანო და დანო, ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოისა და მცხოვრებნო ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ.
ძმანო, გიხაროდენ, განმტკიცენით, ნუგეშინის-ცემულ იქმნენით, ნუგეშინის სცემდით, მასვე ზრახევდით, მშჳდობასა ჰყოფდით; და ღმერთი სიყუარულისაჲ და მშვიდობისაჲ იყავნ თქუენ თანა (2 კორ. 13, 11).
წყალობითა ღმრთისაჲთა დადგა ეს კურთხეული დღე ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისა, როდესაც ჩვენი გულები სავსეა სრულყოფილი სიყვარულითა და ზემიწიერი სიხარულით, როდესაც ძლევის გალობას შეჰღაღადებს ცა და ქვეყანა აღდგომილ მაცხოვარს. აღვსილი ღვთაებრივი სიყვარულითა და სიხარულით გულითადად გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს:

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !

მარადიული და განუზომელია ეს სიტყვები. ქრისტეს აღდგომა არა მარტო სახარებისეული ისტორიის, არამედ ქრისტიანული ეკლესიის ცხოვრების უდიადესი მოვლენაა, იგი სახეა ჩვენი აღდგომისა, წინაუწყებაა ეკლესიის აღდგომისა, რომელიც ქრისტეს სხეულს წარმოადგენს.
წმ. ათანასე დიდის მოძღვრებით, "უფალმა ცხოვნების უმთავრეს მიზნად სცნო გამოეცხადებინა აღდგომა თავისი სხეულისა, რათა ამით ეჩვენებინა ნიშანი სიკვდილზე გამარჯვებისა და დაერწმუნებინა ყოველნი, რომ დახსნილ არს ხრწნილება და მომადლებულ არს უხრწნელობა" (სწავლანი, წ.1, გვ.219).
ადამიანი მოწოდებულია არა მარტო სულიერი ხედვისა და ღვთის შემეცნებისთვის, არამედ - განწმენდის, ფერისცვალებისა და ღმერთთან შეერთებისთვის. ქრისტიანის მიზანია დაამყაროს კავშირი ღმერთთან წმიდათა შვიდთა საიდუმლოთა და განუწყვეტელი ლოცვის მეშვეობით. აქ ღვთის ნებას ადამიანის ნება უნდა შეერწყას. ამ კავშირშია არსი სიწმიდისა და სიყვარულისა.
წმიდა მამები გვასწავლიან, რომ თუ ადამიანის ნება ემორჩილება ღვთის ნებას, მაშინ მისი სიცოცხლე ღვთიურია. მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამგვარ კავშირს ღმერთთან? ეს შესაძლებელია მხოლოდ ეკლესიაში. ყველანი, ვინც არიან წევრნი ეკლესიისა, ატარებენ რჩეულთა ბეჭედს არა იმიტომ, რომ მხოლოდ მათ დაიმკვიდრონ საუკუნო ნეტარება, არამედ რათა შეცვალონ და გააერთიანონ მთელი კაცობრიობა, დაყოფილი ცოდვითა და ეგოიზმით.
ქრისტიანები უნდა გაერთიანდნენ არა გარეგანი ნიშნებით, არამედ შინაგანი არსებით, როგორც გაერთიანებულია სამპიროვანი წმიდა სამება ერთარსებად, და ქრისტიანთა ეს გაერთიანება ერთ აზრსა და ერთსულოვნებაში უნდა ვლინდებოდეს.
ეკლესიის ცხოვრებაში, როგორც საიდუმლოში, არის ორი მხარე: გარეგნული მხარე, რომელიც მოიცავს ადამიანის ამქვეყნიურ ცხოვრებას, დაფუძნებულს ქრისტიანულ რწმენასა და სიყვარულზე. და მეორე მხარე - მისტიური, რომელიც იწყება აქ, დედამიწაზე და ზეციური სასუფევლის მარადიულობაში გრძელდება.
ვინ შეიძლება ეკუთვნოდეს ქრისტეს ეკლესიას? ის, ვისაც სწორად სწამს და აღიარებს წმიდა სამებას, ვინც მიიღო საიდუმლო ნათლისღებისა, ვინც შეერთებულია ღმერთთან და მოყვასთან სიყვარულით, ემორჩილება და აღიარებს სჯულის კანონებს, ვინც ეზიარება ტაძარში შესრულებულ წმიდათა საიდუმლოთა, რომელნიც სამღვდელოების მიერ წმიდა მოციქულთაგან მიღებული მადლით აღესრულებიან.
ადამიანი ეკლესიაში უნდა გახდეს არა მხოლოდ სულიერი, არამედ ის ვალდებულია იყოს წმიდა, რათა დაიმკვიდროს სასუფეველი ღვთისა. "წმიდაა წმიდათა", - ხმობს მღვდელი საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, აღამაღლებს რა წმიდა ტარიგს, განწესებულს წმ. ზიარებისათვის. ამ ორ სიტყვაში ღრმა აზრია: ქრისტეს წმიდა ხორცი განკუთვნილია მხოლოდ წმიდათათვის, ე.ი. მათთვის, ვინც სინანულისა და აღსარების საიდუმლოს წყალობით თავისი შინაგანი სამყაროს განწმენდით წმიდა გახდა.
თავი ეკლესიისა არის უფალი იესო ქრისტე, სული ეკლესიისა - სული წმიდა, წევრნი ეკლესიისა - ვართ ჩვენ, რომელთაც გვწამს წმიდა სამება, ვართ ნათელღებულნი და ზიარნი ყოველთა საიდუმლოთა. ეკლესიის საშუალებით იღებს მორწმუნე მრევლი ღვთის მადლს და ნიჭთა სულისა წმიდისათა.
მაშასადამე რა არის ეკლესია? ეკლესია წარმოდგება ბერძნული ზმნისაგან "ეკკლეო", რაც ნიშნავს ვუხმობ, მოვუწოდებ, ვეძახი შეკრებაზე, კრებაზე. ამრიგად, ეკლესია არის ადამიანები, რომელნიც ღმერთმა ამოირჩია და თავისთან მოუწოდა.
მთავარი არსი ეკლესიისა არის ის, რომ მორწმუნე, მისი წევრი, განუწყვეტელ კავშირშია მამა ღმერთთან, ძე ღმერთსა და წმიდა სულთან. ეკლესიაში ხდება საიდუმლო შეხვედრა ადამიანისა ღმერთთან (იოვანე 17, 21-26).
ეკლესიის ყოველი წევრი ქრისტესია - ქრისტიანია. ადამიანი, რომელიც თავის თავს თვლის მორწმუნედ და არ არის ეკლესიის წევრი, არ არის ნაწილი ერთისა ვაზისა, არ არის შეზრდილი ქრისტეს, არ იმყოფება მასში, არ ასრულებს მის მცნებებს, არ აღმართულა ცოცხალ ქვად ეკლესიის შენობაში - ასეთი ადამიანი მარტო იმყოფება აღელვებულ ზღვაში, რომელიც აუცილებლად შთანთქავს მას.
რა ახასიათებს ქრისტეს ეკლესიას? ეკლესია ერთიანია, წმიდაა, კათოლიკე და სამოციქულოა. იგი დაარსდა სულთმოფენობის დღეს. ქრისტეს ეკლესიის პირველნი წევრნი მუდამ იმყოფებოდნენ მოძღურებასა მას მოციქულთასა და ზიარებასა და განტეხასა პურისასა და ლოცვასა... აქებდეს ღმერთსა... ხოლო უფალი შესძინებდა ცხოვნებულთა დღითი-დღედ ეკლესიასა (საქმე მოც. 2,42-47). ეკლესიაში არ არის გაყოფა, მისი წევრნი არ არიან ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი დამოუკიდებელი ჯგუფები, მათ აქვთ ერთი გული, ერთსულ არიან, მათ ხელმძღვანელობს ერთი და იგივე სული წმიდა, ისინი შეადგენენ ერთ მთლიანობას - ქრისტეს სხეულს. მხოლოდ ეკლესიაში და ეკლესიის ლოცვით შეიძლება გახდეს ადამიანი ტაძარი სულისა წმიდისა.
ეკლესია სულია ერისა.
ეკლესიაში ყველაფერი ერთიანი უნდა იყოს: ერთი თავი - უფალი იესო ქრისტე, ერთი სული ღვთისა, რომელი ყოველთა აღავსებს, ერთი მოძღვრება რწმენისა და ცხოვრებისა, ერთნი მაცხოვნებელნი საიდუმლონი, რაც ყველასათვის აუცილებელია.
ეკლესია ერთია, მაგრამ დაყოფილია ადგილობრივ და ეროვნულ ეკლესიებად რომელნიც არიან წევრნი ერთი წმიდა, მსოფლიო სამოციქულო ეკლესიისა. მასში შედიან: კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, საქართველოს, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის და სხვ. ეკლესიები. წმ. კვიპრიანე ამის შესახებ შესანიშნავად ამბობს: "მზე გამოჰყოფს უამრავ სხივს, მაგრამ ნათელი ერთია; ხეს გააჩნია ტოტები, მაგრამ იგი ერთია; ნაკადულნი ერთი სათავისგან გამოედინებიან... განაცალკევე მზის სხივი მზისაგან - ერთიანობა არ დაუშვებს სინათლის ცალკე არსებობას; ჩამოაჭერი ხეს ტოტი - ჩამონაჭერი დაკარგავს სიცოცხლეს; გათიშე ნაკადული სათავისაგან - ნაკადული დაშრება. მსგავსად ამისა, უფლის ნათლით გაცისკროვნებული ეკლესია მსოფლიოს ჰფენს თავის სხივებსა და ამავე დროს ის მაინც ერთია, არ ირღვევა მთლიანობა მისი სხეულისა, მთელს ქვეყანაზე გადაშლილი აქვს თავისი ნაყოფიერი ტოტები".
ეკლესიის ერთიანობასთან ორგანულადაა დაკავშირებული ეკლესიის სიწმიდე. როგორც ცნობილია, ცოდვა არის მიზეზი დაყოფისა. ცოდვის დათრგუნვა, უპირველესად ყოვლისა, თავად ადამიანს ამთლიანებს, მას ღმერთსა და მოყვასთან აკავშირებს.
სიწმიდე ეკლესიისა თვითმყოფადი და ურყევია.
თუკი ეკლესია ღვთის სხეულია, განა შეიძლება ქრისტეს სხეული არ იყოს წმიდა? ეკლესიის სიწმიდე ქრისტეს სხეულის სიწმიდიდან გამომდინარეობს, ამიტომ ეკლესია უძლეველია: ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას (მათე 16,18).
ეკლესიის ყოველი წევრი, მიუხედავად თავისი ნაკლოვანებებისა, თუ მისი ცხოვრება ღვთისათვის სათნოა, სული წმიდის მადლით იმოსება. ეკლესიაში სული წმიდის მადლის ზემოქმედებით ხდება ადამიანის განწმენდა ცოდვებისაგან და მისი სულიერი განათლება. მადლი ღვთისა გარდაქმნის ადამიანს, რის შედეგადაც ცოდვილი პოვებს განმართლებას და ხდება წმინდა.
წმ. ირინეოს ლიონელი (II ს.) შემდეგნაირად აღწერს ეკლესიის მთლიანობას: "ეკლესიამ, თუმცა იგი განფენილია ქვეყნის კიდიდან კიდემდე, მიიღო მოციქულთაგან და მათი მოწაფეებისაგან რწმენა... ამ ქადაგებასა და რწმენას ეკლესია მტკიცედ ინახავს, როგორც ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ოჯახი, და სწამს, როგორც მქონეს ერთისა სულისა და ერთისა გულისა; თანახმად ამისა, ქადაგებს და ასწავლის... თუმცა ენები მსოფლიოში სხვადასხვაა, მათი გადმოცემის ძალა ერთი და იგივეა. არც ეკლესიებს, დაფუძნებულთ გერმანულ ქვეყნებში, არც ივერიის ეკლესიებს, არც კელტებს, არც აღმოსავლეთში, არც ეგვიპტეში, არც ლიბიაში... განსხვავებულად არა სწამთ; როგორც მზე, ქმნილება ღვთისა, ქვეყანაზე ერთი და იგივეა, ასევე ქადაგება ჭეშმარიტებისა ყველგან ანათებს და განანათლებს ყოველთა კაცთა, რომელთაც სურთ შეცნობა ჭეშმარიტებისა" (წმ. ირინეოს ლიონელი. ერეტიკოსთა წინააღმდეგ, 1,10,1-2).
ჩვენთვის მით უფრო ძვირფასია ეკლესიის ამ დიდი მასწავლებლის სიტყვები, რამდენადაც იგი მაგალითისათვის ასახელებს ივერიის ეკლესიებს, როგორც შემნარჩუნებელთ მოციქულთა რწმენისა და ჭეშმარიტებისა ჯერ კიდევ II საუკუნეში. აქედან ჩანს, რომ კაპადუკიიდან წმ. ნინოს მოსვლამდე ივერიის ეკლესია უკვე ჰყვაოდა და მოციქულთა რწმენის დამცველი იყო.
ქრისტეს ეკლესიის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურებაა სამღვდელოების ერთიანობა. წმ. კვიპრიანე კართაგენელი ამბობს: "მსოფლიო ეკლესია ერთია, განუშორებელი და განუყოფელია. ამიტომ უნდა გაერთიანდეს ყველა მღვდელთმთავარი ერთ მთლიანობაში". სხვაგან იგივე წმიდა მამა წერს: "ეს მთლიანობა მტკიცედ უნდა დავიცვათ ჩვენ, ეკლესიის თავში მდგომმა ეპისკოპოსებმა, რათა ვაჩვენოთ, რომ თვით ეპისკოპოსები ერთნი და განუყოფელნი არიან..."
წმ. იოანე ოქროპირი, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი, რომელიც ცხოვრობდა IV ს-ში და საქართველოში აღასრულა თავისი ამქვეყნიური ცხოვრება, შესანიშნავად წერს ქრისტიანთათვის ეკლესიის აუცილებლობაზე: "შეუძლებელია ზღვის გადაცურვა გემის გარეშე. ქრისტეს წმიდა ეკლესია დედამიწაზე იგივეა, რაც გემი ზღვაში. ამ სულიერი გემის ბატონ-პატრონი თვით ყოვლისშემძლე მამა ღმერთია, საჭეთმპყრობელი - მხოლოდშობილი ძე მისი, წამყვანი ქარი - სული წმიდა, მმართველნი გემისა არიან მოციქულნი და მათი მემკვიდრენი, მოძღვარნი და მასწავლებელნი ეკლესიისანი, მგზავრნი - მართლმორწმუნე ქრისტიანენი, ძირი და საფუძველია. მართალი რწმენა წმიდისა სამებისა, კედლები, წინა ნაწილი და გემის საჭე წარმოდგენილია როგორც სარწმუნოების დოგმები, ღვთის მცნებები, გადმოცემანი ეკლესიათა, კანონნი მოციქულთა და მსოფლიო კრებათა".
ჩვენ ხშირად ვსვამთ კითხვას: რა გააკეთა წარსულში ეკლესიამ ჩვენი ხალხისათვის, ასრულებს თუ არა დღეს იგი თავის მაცხოვნებელ მისიას, როგორია ეკლესიის როლი მომავალში? თუ ჩვენ რეალურად არ განვიხილავთ ეკლესიის მნიშვნელობას წარსულში, ჩვენ ვერ შევძლებთ ნათლად დავინახოთ მისი აწმყო და მომავალი.
რა მოგვცა ეკლესიამ წარსულში? ბევრი რამ, რითაც ამაყობს ჩვენი ერი ხელოვნების, ლიტერატურის, არქიტექტურისა და სხვა სფეროში, ქრისტიანული სულიერებისა და ცივილიზაციის საფუძველზე შეიქმნა. ჩვენი ეკლესია დაარსდა მაშინ, როდესაც რომის იმპერიაში ვარსკვლავებრ ამობრწყინდა ათეულათასობით მოწამე, როდესაც ეგვიპტისა და იორდანეს უდაბნოებში მოღვაწეობდნენ ღირსი მამები, რომელთა მარხვისა და ლოცვის ღვაწლი ყოველთვის განაცვიფრებს ყველა ჭეშმარიტად მოაზროვნე ადამიანს. ჩვენი ეკლესია აღმოცენდა იმ დროს, როდესაც მსოფლიოსათვის ცნობილი გახდა ღრმა ღვთისმეტყველთა და ფილოსოფოსთა: წმ. იუსტინე ფილოსოფოსისა, კლიმენტი ალექსანდრიელისა, ბასილი დიდისა, გრიგოლ ღვთისმეტყველისა, იოანე ოქროპირისა და სხვ. შრომები.
ჩვენმა ხალხმა შეითვისა და შეისისხლხორცა მთელი ეს სულიერი ნექტარი; ეს სხივები გარდატყდა ჩვენი ცნობიერების პრიზმაში და ჩვენმა ხალხმა სრულიად ახალი შედევრები შექმნა სულიერი საგანძურისა. რა იქნებოდა საქართველო წმ. ნინოს, ვახტანგ გორგასალის, დავით აღმაშენებლის, შოთა რუსთაველის, დავითისა და კონსტანტინეს, კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ I, ეფრემ ფილოსოფოსის, პეტრე იბერის, იოანე პეტრიწის და მრავალთა სხვათა ღვაწლის გარეშე: ვის ეცოდინებოდა დღეს საქართველოს შესახებ, რომ არ გვყოლოდა ბექა ოპიზარი, ბერი დამიანე; წარმოუდგენელია საქართველო მსოფლიოში ცნობილი ტიხრულ-მინანქრული ხატების, სვეტიცხოვლის, ჯვარის, ბოლნისის სიონის გარეშე. ასეთი მაგალითების მოტანა ათასობით შეიძლება. მთელი ეს საუნჯე ჩვენმა ხალხმა ქრისტიანობისა და საქართველოს ეკლესიის მაცხოვნებელ სხივთა გავლენით შექმნა.
დღეს, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის საუკუნეში, ეკლესია ასრულებს უდიდეს მასიას, აღსავსეა ღვთაებრივი ენერგიით და აქედან გამომდინარე მადლმოსილი ნიჭით, აქტიურ მონაწილეობას იღებს ერის ცხოვრებაში, მშვიდობის დაცვის დიად საქმეში, ურთიერთგაგებისა და სამართლიანობის დამყარებაში.
ეკლესიის ვალია ერის გაერთიანება.
საქართველოს ეკლესიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ჩვენი ერის სულიერი კეთილდღეობისათვის.
ჩვენ დიდად გვახარებს ის პოზიტიური ძვრები, რაც მიმდინარეობს უკანასკნელ წლებში საქართველოს რესპუბლიკაში. ეს წინსვლა ყველაფერში ჩანს: მართლწესრიგში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში, ქალაქსა თუ სოფელში. არა მარტო ჩვენ გვაღელვებს შინაგანი პრობლემები, არამედ ყველას, ვინც არ არის გულგრილი თავისი სამშობლოსადმი, აფიქრებს იმ თანამემამულეთა - ძმათა და დათა ბედი, ქრისტიანია ის თუ მუსულმანი, რომელნიც აღმოჩნდნენ ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ.
განსაკუთრებული სიყვარულითა და მხურვალე გრძნობით მოგმართავთ თქვენ, ჩვენო ძმებო, მცხოვრებნო სამშობლოს საზღვრებს გარეთ, მოგმართავთ თქვენ მუსულმანებო და ქრისტიანებო, ჩვენ სისხლით და ხორცით ერთნი ვართ, მიუხედავად განსხვავებული რელიგიური შეხედულებებისა. გახსოვდეთ, რომ თქვენი წინაპრები განისვენებენ საქართველოს წმიდა მიწაში, ნუ დაივიწყებთ ვინ ხართ, სადაურნი ხართ, გახსოვდეთ ღვთისაგან დალოცვილი ქართული ენა და საუკუნეთა მანძილზე ნაკურთხი ქართული ტრადიციები; გახსოვდეთ, სიძულვილისა და სულიერი გაყოფის დაძლევა შეიძლება მხოლოდ სიყვარულით, რომლითაც ასე უხვად დაგვაჯილდოვა უზენაესმა. ჩვენ მარად გვახსოვხართ და დღემუდამ ვლოცულობთ თქვენთვის, ჩვენი ერის შეერთებისთვის.
ამ დიდებულსა და ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელ დღეს ქრისტეს აღდგომისა, ჩვენ უნდა შევხვდეთ განწმენდილნი, განვაახლოთ ჩვენი სულიერნი სწრაფვანი და ქრისტიანული შემეცნების სიღრმეში მივეახლოთ ჭეშმარიტებისა და ცხოვრების გზას - უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს. ამასთან ერთად, საჭიროა გავიაზროთ მოყვასის გასაჭირი და შემწეობა აღმოვუჩინოთ მას.
ჩვენ ღრმა აღშფოთებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ თანდათან მატულობს მასიურად მომსპობი იარაღის რაოდენობა და მასთან ერთად მისი გამანადგურებელი ძალა. ჩვენი ეკლესია დარწმუნებულია რომ ყველა რელიგიის წარმომადგენელთა მსოფლიო კონფერენცია, რომელიც ა.წ. 10-14 მაისს მოსკოვში შედგება, იქნება მეტად დროული და ამავე დროს აქტუალური. ჩვენი ეკლესია მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ამ საერთაშორისო ფორუმზე.
დღეს ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა და მათთვის, ვინც იღვწის მშვიდობის დამკვიდრებისათვის, ვინც შრომობს პროგრესისა და სამართლიანობისათვის.
ქრისტეს აღდგომის ცხოველმყოფელი სხივი აღწევს ადამიანთა გულებში და ავსებს ქვეყანას სიყვარულითა და სიხარულით. აღსავსე ამ გამოუთქმელი სიყვარულით, გულითადად ვულოცავ მთელ ღვთივკურთხეულსა და ღვთივდაცულ ჩვენს სამწყსოს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. დაე, აღდგომილმა მაცხოვარმა ღირს გვყოს შესვლად აღდგომის სიხარულსა და მიღებად გულთა შინა ჩვენთა მცნებათა სახარებისათა. უფალი მოვალს შენდა, ნუ იქმნები ყრუ და მუნჯ, განუხვენ მას კარნი გულისა შენისანი და შემოვალს იგი და დაადგრება შენ თანა.
აღვავლენ ლოცვებს, რომ ყოველი ჩვენგანი გახდეს ღირსი ღმერთთან ამ საიდუმლო შეხვედრისა. ვუსურვებ ყველას საუკუნო სიხარულს, ღმერთმა აკურთხოს მთელი ქვეყანა და მოანიჭოს კაცობრიობას კეთილდღეობითი და მშვიდობითი ცხოვრება.
აღსრულდა! ბრძანებს უფალი: ვიქმენ მე ანი და ჵ, დასაბამი და დასასრული. მე წყურიელსა მივსცე წყაროჲსა მისგან წყლისა ცხოველისა უსასყიდლოდ. რომელმან სძლოს, მივსცე მას ესე ყოველი და ვიყო მისა ღმერთ, და იგი იყოს ჩემდა ძე (გამოცხ. 21,6-7).
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ   ა ღ დ გ ა   ქ რ ი ს ტ ე !
აღდგომა ქრისტესი.
თბილისი, 1982 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II წმიდა სინოდის წევრებს - ყოვლადსამღვდელო

image
image თემა: ეკლესია,  აღდგომა
ავტორი: ილია II

საშობაო ეპისტოლე - 1982

ყოველთა ღვთივკურთხეულ შვილთა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, მკვიდრთა საქართველოჲსა და მცხოვრებთა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ

იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკუდილადმდე,
და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ (გამოცხ. 2,10).


ქრისტესმიერ საყვარელნო საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრნო - ყოვლადსამღვდელონო მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, მოძღვარნო და დიაკონნო, ბერმონოზონნო, ძმანო და დანო - ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა!
საშობაო ეპისტოლე მინდა დავიწყო წმიდა პეტრე მოციქულის სიტყვებით: ყოველნი ერთ-ზრახვა იყვენით, მოწყალე, ძმათ მოყუარე, შემწყნარებელ, მდაბალ. ნუ მიაგებთ ბოროტსა ბოროტისა წილ, ნუცა გინებასა გინებისა წილ, არამედ წინააღმდგომსა აკურთხევდით და უწყოდეთ, რამეთუ ამისთჳს მებრ იჩინენით, რაჲთა კურთხევაჲ დაიმკვიდროთ (1 პეტრე, 3,8-9).
ყოველივე ეს ნაყოფია რწმენისა და სიყვარულისა, ეს ერთადერთი გზაა, რომლისკენაც მოგვიწოდა უფალმა იესო ქრისტემ, რომლის შობას დღეს ჩვენ ზეიმით ვდღესასწაულობთ.
შობა ქრისტესი - ესაა დღესასწაული მშვიდობისა და თავგანწირული სიყვარულისა, ესაა დღესასწაული ღვთისა და ადამიანის ერთიანობისა; ესაა დღესასწაული, როდესაც ადამიანმა ღმერთი არა მარტო სულიერად იხილა, არამედ ხორციელადაც; როდესაც კაცობრიობის წინაშე გაიხსნა ზემიწიერი ნათელი ღვთიური გონებისა, იმ გონებისა, რომელმაც შექმნა სამყარო თავისი რთული კანონებით.
ბეთლემს დაიწყო გზაჲ იგი სიმართლისაჲ და ეს გზა აუცილებლად უნდა განევლო არა მარტო მაცხოვარს, არამედ ყოველთა, რომელთა ჰრწმენეს იგი.
რთული და ეკლიანია სიმართლის გზა, მაგრამ მადლმოსილია, რადგან ერთადერთია, რომელსაც ადამიანი საუკუნო ცხოვრებაში მიჰყავს. მართალია, არსებობს სხვა გზებიც, მიმზიდველნი თავიანთი მიწიერი სიმშვენიერით, სიმდიდრით, ფუფუნებით, კეთილმოწყობით, მაგრამ ეს გზები საუკუნო ნეტარებას გამორიცხავენ და ადამიანი წარსაწყმედელში მიჰყავთ.
ბეთლემს იშვა იესო ქრისტე. მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია (იოვანე 1,4-5).
ეს ღვთიური ნათელია, ნათელი მარადიული სიმართლისა და სიყვარულისა, ჩვენი გზის მაჩვენებელი ვარსკვლავი. მთავარია ადამიანს ჰქონდეს სურვილი ღმერთთან სიახლოვისა, რომელიც წყაროა სიყვარულისა და ჭეშმარიტებისა, რათა ყოველთვის მზად იყოს მასთან შესახვედრად.
ყოველი მორწმუნე თუ ურწმუნო ადამიანის ცხოვრებაში რამდენჯერმე ხდება შეხვედრა ღმერთთან. უკეთუ მორწმუნე ადამიანი სამუდამოდ უკავშირებს თავის ცხოვრებას ზეციურ ხმას, ურწმუნოს არაფრად მიაჩნია იგი და ამ ძახილს ეჭვითა და უნდობლობის თვალით უყურებს.
III საუკუნის ფილოსოფოსი პლოტინე ამბობს "სული ვერასდროს ვერ დაინახავს მშვენიერებას, თუ თვითონ არ გახდება მშვენიერი; და ყოველმა ადამიანმა, რომელსაც სურს მშვენიერისა და ღვთაებრივის ხილვა, უნდა დაიწყოს იმით, რომ იგი თვითონ უნდა გახდეს მშვენიერი და ღვთაებრივი".
ძალიან ხშირად ადამიანი ვერ ხედავს ღმერთს სხვადასხვა შინაგანი თუ გარეგანი ზღუდეებისა და დაბრკოლებების გამო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც აქვს სწრაფვა უზენაესისაკენ, სულიერობისა და ღვთაებრივობისაკენ და ამ სულიერი წყურვილის მოკვლას ხან მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევებით, ხან კი სიმდიდრითა და ვნებების დაკმაყოფილებით ცდილობს, ან კიდევ მისი ეპოქის რომელიმე სხვა კერპს მიმართავს.
სარწმუნოება და სიყვარული განყენებულ და დახშულ იდეებს კი არ წარმოადგენენ, არამედ ეს არის სიცოცხლე მთელი თავისი სისრულით. ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მხარე თავისი მრავალფეროვნებით არის ოჯახი. აქაა ცოლისა და ქმრის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი, შვილიერება, აღზრდა და მრავალი სხვა.
ეპისტოლეში განსაკუთრებით მინდა შევეხო ზემოხსენებულ საკითხს, რადგან ქორწინებისა და ოჯახის საკითხი დღეს განსაკუთრებით აქტუალურია და ყურადღებით შესწავლას ითხოვს. ამ საკითხზეა დამოკიდებული ჩვენი ერის მომავალი.
ყოველი ერის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია სიცოცხლისუნარიანობა, შობადობა, გამძლეობა. ოჯახს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ოჯახში ვიბადებით, ვიზრდებით, იქ ყალიბდება ჩვენი ზნეობრივი ნორმები.
ცოლქმრული სიყვარული ფრიად მორალურია. მასზე ღვთის ლოცვა-კურთხევაა, იგი სულიერად ამაღლებს ცოლ-ქმარს, აძლიერებს მათში ურთიერთსწრაფვას. ცოლქმრული სიყვარული მშვენიერია სიჭაბუკის წლებში, მაგრამ არანაკლებ მშვენიერია და საინტერესო ხანდაზმულობაში. ასეთ სიყვარულს ახასიათებს თავგანწირვა. შეიძლება მოვიტანოთ უამრავი მაგალითი, როდესაც ადამიანები დღეებსა და ღამეებს ატარებენ ავადმყოფი ქმრების, ცოლების თუ შვილების სარეცელთან, როცა ისინი ოფლს ღვრიან საყვარელი ადამიანების ბედნიერებისა და კეთილდღეობისათვის. ამის საუკეთესო მაგალითი ჩვენი მშობლებია.
ქრისტიანული ქორწინება გულისხმობს თავგანწირვას, ოჯახისადმი პასუხისმგებლობას, სულიერ და ფიზიკურ სრულყოფას. ამავე დროს ქორწინებით ხდება ადამიანის მთელი ცხოვრების ფერისცვალება. ცნობილი რომაული კანონი ქორწინების შესახებ, ამბობს: "ქორწინება არ არის მხოლოდ შეუღლება, არამედ შეთანხმება".
ჯერ კიდევ I საუკუნის დასასრულს წმიდა ეგნატე ანტიოქიელი წერდა: "ისინი, რომელნიც ქორწინდებიან ან თხოვდებიან, ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით უნდა შეუღლდნენ, რათა ქორწინება უფლისმიერი იყოს და არა მხოლოდ ხორციელი". ("პოლიკარპესადმი", 5,2).
პირველი პირობა ჭეშმარიტად ქრისტიანული შეუღლებისა, თავისუფლებაა. ქორწინება, რომელიც ფიზიკური ან მორალური ძალდატანებით მოხდება, არაკანონიერია.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ქორწინება ღვთისაგან დადგენილი საიდუმლოა. ადამისა და ევას შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: და აკურთხა იგინი ღმერთმან მეტყუელმან; აღორძინდით და განმრავლდით, და აღავსეთ ქუეყანაჲ და ეუფლენით მას... (შესაქმე 1,28).
უფალმა იესო ქრისტემ თავისი დასწრებით აკურთხა ქორწილი კანას გალილეაში. მოციქული პავლე წერს: კაცად-კაცადსა თჳსი ცოლი ესჳნ, თვთოეულსა თჳსი ქმარი ესჳნ, ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ, ეგრეცა ცოლი - ქმარსა (1 კორ. 7,2-3).
მრავალ სოციოლოგთა აზრით, თანამედროვე საზოგადოებაში ოჯახი ადამიანთა შორის ჭეშმარიტი ურთიერთდამოკიდებულების უჯრედს წარმოადგენს. იგი ადამიანის პიროვნების ზნეობრივი და სულიერი თვითმყოფადობის განვითარების სამყაროა. ოჯახია სწორედ ის ოაზისი, სადაც უნდა აღდგეს პიროვნების ღირსება და მიღწეულ იქნას ადამიანთა შორის ჰარმონიული ურთიერთობა, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც მთელი ოჯახის, ისე მისი ცალკეული წევრის ინტერესები.
დაქორწინებისას მეუღლეებს უნდა ახსოვდეთ, რომ ქორწინებას პირადი თავისუფლების ზნეობრივი შეზღუდვა მოაქვს, მაგრამ ეს შეზღუდვა მეუღლეთა ურთიერთსიყვარულითა და მათი შვილების სიყვარულით ნაზღაურდება.
ოჯახის დარღვევა, განქორწინება, უპირველეს ყოვლისა, დამღუპველად მოქმედებს ბავშვებზე. ბავშვები ძალზე მტკივნეულად და მძიმედ განიცდიან ოჯახის დარღვევას. ოჯახიდან ერთ-ერთი მშობელთაგანის წასვლას ბავშვი პირად ტრაგედიად იღებს, რომელიც მის ცხოვრებასა და ფსიქიკაზე ღრმა და განუკურნებელ ჭრილობას ტოვებს.
ოჯახი ერთიანი ორგანიზმია, რომელსაც ერთი თავი უნდა ჰქონდეს და ეს თავი ქმარი უნდა იყოს.
თავ დედაკაცისა - ქმარი (1 კორ.11,3);
ვითარცა ეკლესიაჲ დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეცა ცოლნი თჳსთა ქმართა ყოვლითა (ეფეს. 5,24).
ცოლნი თჳსთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა, რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა (ეფეს. 5,22-23). მაგრამ ამავე დროს ქმარს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. მოციქული პავლე წერს: ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს (ეფეს. 5,25); ესრეთ ჯერ-არს ქმართაჲ ცოლთა თჳსთა სიყუარული, ვითარცა ხორცთა თჳსთაჲ, რამეთუ რომელსა უყუარდეს ცოლი თჳსი, თავი თჳსი უყუარს (ეფეს. 5,28).
კეთილი და ერთგული ცოლი - ეს უდიდესი ბედნიერებაა ადამიანისათვის. ბრძენი სოლომონი ამბობს: რომელმან პოოს ცოლი კეთილი, უპოვნის მადლი, ხოლო მიუღებიეს სიწყნარე უფლისა მიერ. რომელი განდევნის ცოლსა კეთილსა, განდევნის კეთილთა, ხოლო რომელმან იპყრას მეძავი, უგუნურ და არა წმიდა არს (იგავ. 18,23). დედაკაცი მხნე ვინ პოოს, უძვირეს არს ქვისა მრავალ სასყიდილისათა (იგავთა 31,10). დედაკაცი გონიერი კურთხეულ არს, ხოლო მოშიშნი უფლისანი, ამას რათა აქებდენ (იგავთა 31,30). დედათა ბრძენთა აღაშენეს სახლნი, ხოლო უგუნურმან აღმოთხარა ხელითა თჳსითა (იგავთა, 14,1).
მეუღლეთა ცხოვრებაში ყველაზე მთავარი პირობა ერთგულებაა. სიძვა ოჯახის სიწმიდეს არღვევს და მძიმე ცოდვაა ღვთის წინაშე. საღმრთო წერილში ამის შესახებ ნათქვამია: პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ; ხოლო მეძავნი და მემრუშენი საჯნეს ღმერთმან (ებრაელთა 13,4).
განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია აგრეთვე შვილებსაც. მათი ბედნიერება და კეთილდღეობა ბევრადაა დამოკიდებული მასზე, თუ როგორ ეპყრობიან ისინი მშობლებს. ერთ-ერთი ათ მცნებათაგანი (რომელიც მოსეს ღმერთმა სინას მთაზე მისცა), პირდაპირ მიუთითებს: პატივი უყავ მამასა შენსა და დედასა შენსა, ვითარცა გამცნო უფალმან ღმერთმან შენმან, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა, რომელ იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ (მეორე სჯულისა 5,16).
წინასწარმეტყველ მოსეს დროს სასჯელი მკაცრი იყო: რომელმან სცეს მამასა თვისსა, და დედასა თვისსა, სიკუდილითა მოკუდინ (გამოს. 21,17).
მშობლების პატივისცემაზე მოციქული პავლეც მიუთითებს: შვილნი მორჩილ იყვენით მამა-დედათა თქვენთა უფლისა მიერ, რამეთუ ესე არს სამართალი.
პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რომელ-ესე არს მცნებაჲ პირველი აღთქუმასა შინა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და იყო დღეგრძელი ქუეყანასა ზედა (ეფეს. 6,1-3).
ქალი, უპირველეს ყოვლისა, დედაა. დედობის ძირითადი ფუნქციის შესრულება განსაზღვრავს მის საერთო სახეს, მის ღირსებას, როგორც ადამიანისას, გამაგრძელებელს კაცთა ნათესავისა. ძნელია გაგება ქალისა, რომელიც გაურბის თავის ძირითად მოვალეობას - დედობას. ასეთ ქალს ეუფლება ეგოიზმი, ზედმეტი სიყვარული თავისი თავისა, სწრაფვა დროსტარებისაკენ, მას ეუფლებიან სხვადასხვა სახის ვნებანი და იმ უნაყოფო ხეს ემსგავსება, რომელზეც სახარებაშია საუბარი. დღევანდელ პირობებში ქალების დიდი ნაწილი დგას პრობლემის წინაშე - იმსახუროს და თან შვილებიც აღზარდოს.
შვილის შედეგიანი აღზრდა მხოლოდ იმ ოჯახშია შესაძლებელი, სადაც მას ადამიანის, სამშობლოს, მშობლების, ბუნებისა და წიგნის, სიკეთისა და სიმართლის სიყვარულს ასწავლიან, ასწავლიან რწმენასა და ლოცვას, სადაც მშობლებს შორის მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა სუფევს, სადაც არა მხოლოდ ბავშვისაგან მოითხოვენ მაღალ ზნეობრივ თვისებებს, არამედ თვით მშობლებიც მორალური ნორმების დამცველნი არიან.
ქორწინება, რომელშიც ბავშვები არასასურველია, ეგოიზმზე, ვნებებზე და მაშასადამე, სიყვარულის მდაბალ სახეზეა დამყარებული.
მინდა განსაკუთრებით შევეხო შობადობის რეგულირების საკითხს, რადგან ეს ჩვენი დროის ავადმყოფობად იქცა. ყველა ჩვენგანს უნდა ახსოვდეს, რომ აბორტი უდიდესი ცოდვაა ღვთის წინაშე და დანაშაული ერის წინაშე. ეს არის მკვლელობა ცოცხალი ადამიანისა, საკუთარი ვაჟისა და ქალისა, რომელიც ველურ მხეცებსაც კი არ ახასიათებს.
მეექვსე მსოფლიო კრების 77-ე მუხლი პირდაპირ ამბობს, რომ ადამიანი, ჩამდენი ამ მძიმე ცოდვისა, როგორც კაცის მკვლელი ისე უნდა დაისაჯოს.
თვითონ განსაჯეთ, ჩანასახშივე რომ მოეკლათ და არ დაბადებულიყო შოთა რუსთაველი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, კათოლიკოს-პატრიარქნი: კირიონი, კალისტრატე და სხვანი, რა იქნებოდა ჩვენი ენა, ისტორია, კულტურა და საერთოდ სულიერი სახე საქართველოსი. შეიძლება ბავშვს, რომლის მოკვლაც მშობლებმა გადაწყვიტეს, ელოდა მომავალი უდიდესი მეცნიერისა, პოეტისა ან წმიდანისა. შესაძლოა ის ერთ-ერთი იმათთაგანი ყოფილიყო, ვისაც ჩვენი ერის დიდებასა და სიამაყეს უწოდებდნენ.
ბავშვები მომავალია ჩვენი ერისა, მატარებელი მისი სულიერი და კულტურული ფასეულობებისა, ერისა, რომელსაც დიდი ქრისტიანული ტრადიციები და ისტორია აქვს. მაგალითისათვის მინდა მოვიტანო სტატისტიკური მონაცემები: შუა აზიის ოთხი რესპუბლიკა, სადაც ცხოვრობს შედარებით ცოტა - 8,4 პროცენტი საბჭოთა კავშირის მოსახლეობისა, მთელ სახელმწიფოს ახლშობილთა ერთ მესამედს აძლევს.
ამასთან მოკავშირე რესპუბლიკებს შორის საქართველოს ერთერთი უკანასკნელი ადგილი უჭირავს.
ეს ფაქტი სამწუხაროა და დასაფიქრებელი, განსაკუთრებით იმათთვის, რომლებიც ამ მძიმე დანაშაულს სჩადიან.
მოგიწოდებთ თქვენ, ჩემო სულიერო შვილებო, ნუ მიმართავთ აბორტს, ნუ ჩაიდენთ ამ საზარელ ცოდვას. გახსოვდეთ, რომ აბორტი არის მკვლელობა უდანაშაულო და უმწეო ვაჟისა თუ ქალისა. არცერთ მტერს არ ამოუწყვეტია იმდენი ადამიანი, რამდენიც ამ შემზარავი დანაშაულით გაწყვეტილა. ნუ შეგაშინებთ შვილების სიმრავლე, ღმერთი მოგცემთ თქვენ ძალასა და შესაძლებლობას გაზარდოთ ისინი ჩვენი ერისათვის.
მოგმართავთ თქვენ, დედებო! შვილიერება და ბავშვების აღზრდა უდიდესი ღვაწლია, რომელიც ყველა სხვა სამსახურზე მაღლა დგას. თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ერის მომავალი. გვიჩვენეთ მაგალითი რწმენისა და სიყვარულისა, სიყვარულისა ღვთისა და სამშობლოსადმი. გვიჩვენეთ მაგალითი თავგანწირული დედობისა, იყოლიეთ იმდენი შვილი, რამდენსაც გაჩუქებთ ღმერთი. შვილები თქვენი საყრდენნი იქნებიან სიბერეში და იმედნი ჩვენი ერისა. ჩვენი ბავშვები უნდა ასახავდნენ თავიანთ თავში ყველაფერს, რაც შეადგენს კულტურულ სიმდიდრეს ჩვენი ერისას. დედის რძესა და ალერსთან ერთად ბავშვებმა უნდა შეისისხლხორცონ ყველაფერი, რაც ახასიათებს ჩვენს ქრისტესმოყვარე ერს: ღრმა რწმენა, მხურვალე სიყვარული ღვთისა და ადამიანისა, ჩვენი სამშობლოსი, პატივისცემა სხვა ერებისა და მათი კულტურისა, ყველა ის სიკეთე, რითაც ამაყობდნენ ჩვენი სახელოვანი წინაპრები.
საქართველომ ჯერ კიდევ უძველესი დროიდან შეითვისა მაღალი კულტურის სხვადასხვა ნაკადი. მისთვის ახლო იყო კაცობრიობის სულის ყველაზე მტკივნეული და ამაღლებული პრობლემები. სულის სრულყოფისა და ადამიანის განღმრთობისა სარწმუნოების და სიყვარულის საშუალებით, ეკლესიისა და სახელმწიფოს, ქრისტიანობამდელი და ქრისტიანული კულტურების ურთიერთობისა, ფილოსოფიური აზროვნებისა, მწერლობისა და არქიტექტურისა, ფერწერისა და მუსიკისა, ყოველივე ეს მწვავედ იდგა და დღესაც დგას ჩვენი ხალხის წინაშე. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ყოველთვის ჰქონდა უდიდესი შინაგანი ძალა, თავისი მოწამეების, განმანათლებლების, პოეტების, მხატვრებისა და თავისი უშიშარი და თავისუფლებისმოყვარე ხალხის სახით. ერთი მთავარი წყაროთაგანი, საიდანაც ქართველები იღებდნენ თავიანთ სულიერ ძალებს - ესაა უძველესი და მადლიანი ქართული ენა, რომელზეც საოცრად მდიდარი ლიტერატურა შეიქმნა, ესაა ენა, რომლის შესახებ ღირსმა მამამ იოანე-ზოსიმემ თქვა, "ყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს".
ცხოვრება ბრძოლაა, ბრძოლა მძაფრი და ულმობელი. რომელშიც ადამიანის ხასიათი, მისი შემეცნება, მისი ძალა ყალიბდება. ამ მუდმივმა ბრძოლამ გააძლიერა ჩვენი ხალხი სულიერად და ფიზიკურად. ჩვენ ახლა გვიკვირს, როგორ შეძლო ქართველობამ ამდენი უთანასწორო ბრძოლის გადატანა. ძალა ხალხისა და ეკლესიის ერთიანობაში იყო. მხვნელი, ხელოსანი, მებრძოლი, ბერი, პატრიარქი, მეფე, პოეტი, ყველა ერთი სულით იყო განმსჭვალული - ღრმა რწმენით სიმართლის გამარჯვებისა. ეძებდნენ მარადიულ ჭეშმარიტებას და წუხდნენ, როცა ვერ პოულობდნენ მას. ჩვენი ძალა მდგომარეობს ჩვენი სულის სიდიადეში: ჩვენი მონასტრები, ტაძრები არა მხოლოდ თავიანთ პირდაპირ დანიშნულებას ასრულებდნენ, არამედ აკადემიები, სამეცნიერო და კულტურული ცენტრები იყვნენ. ეს იყო ზეიმი სულისა, ზეიმი მარადიული სიმართლისა. სწორედ ამ სიმართლეს მივყევართ დღეს წინ და გვეძახის არა მარტო ჩვენ, არამედ ყველას. ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. მაგრამ ყველას არ ესმის სიმართლის ძახილი, ხოლო ზოგიერთები უარყოფენ მას. სიმართლე ურჩია, იგი იყო და იქნება მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა მისდამი. იესო ქრისტე ამბობს: და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ (იოანე 8,31).
ამრიგად, ჭეშმარიტების შეცნობის გარეშე არ არსებობს პროგრესი, შეუძლებელია სულიერი აღმავლობა. ქრისტიანული თავისუფლება განუყოფელია ჭეშმარიტებისაგან. ჩვენ სამუდამოდ უნდა შევინარჩუნოთ ერთგულება სიმართლისა და იმ მაღალი იდეალებისადმი, რომლისთვისაც მოგვიწოდა ღმერთმა, ერთგულება ხალხისა და სამშობლოსადმი. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს ადამიანი "ცხოვრების გვირგვინს". იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკუდილადმდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ (გამოცხ. 2,10).
როგორც ადამიანის სხეულის ორგანოები ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციას და ერთმანეთს ავსებენ, ასევე სხვადასხვა ღირსების პიროვნებები ურთიერთდახმარებას საჭიროებენ.
ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და სიყვარული. ესაა კაცობრიობის წყურვილი. ჩვენ მოწმენი ვართ მსოფლიოში თერმობირთვული ომის რეალური საშიშროებისა. ჩვენ უნდა ჩვენზე დამოკიდებული ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ და შევქმნათ პირობები შრომისმოყვარე მშვიდობიანი ცხოვრებისათვის, რათა მსოფლიო კატასტროფა თავიდან ავიცილოთ.
აღორძინდებოდეთ მადლითა და მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა (2 პეტრე 3,18).
ქრისტიანობა რელიგიაა მშვიდობისა, სრულყოფილი სიყვარულისა და მარადიული სიხარულისა. ადამიანისათვის უმაღლეს ბედნიერებას სხვა ადამიანისთვის სიხარულის მინიჭება წარმოადგენს.
ჩემო ძვირფასო თანამემამულენო! ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის დღესასწაულს და გისურვებთ, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს ჭეშმარიტი ღვთის მსახური და აქედან გამომდინარე მშვიდობის, სიყვარულისა და თავისუფლების თანამოზიარე.
აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგვააზნაურნა, მტკიცედ დეგით... (გალატ. 5,1).
მადლი უფლისა ჩუვნისა იესუ ქრისტესი სულისა თქუენისა თანა, ამინ! (ფილიპ. 4,23).
ქრისტეს შობა.
თბილისი, 1981-1982 წწ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ყოველთა ღვთივკურთხეულ შვილთა საქართველოს

image
image თემა: შობა
ავტორი: ილია II

საშობაო ეპისტოლე - 1983

ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტებს, მთავარეპისკოპოსებს, ეპისკოპოსებსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს, მცხოვრებთ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ!

... აჰა სამკვიდრებელი ღმრთისაჲ კაცთა თანა და დაიმკვიდროს მათ თანა, და იგინი იყვნენ ერ მისა, და იგი ღმერთი თავადი მკჳდრ იყოს მათ შორის (გამოცხადება 21, 3)


ყოვლადსამღვდელო მწყემსმთავარნო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სათნო სულიერო შვილნო, მკვიდრნო საქართველოისა და მცხოვრებნო მის საზღვრებს გარეთ!
ღვთის დიდი სიყვარულის წყალობით კვლავაც მშვიდობითა და კეთილდღეობით ვხვდებით უდიდესსა და ღვთივშემოსილ დღესასწაულს - ქრისტეს შობას, ზეიმს, რომელიც მთლიანად მოიცავს ყოველი თაობის ადამიანის გულსა და ცნობიერებას, ზატიკს, რომელიც მეფობს საუკუნეებზე. ეს ის სასიხარულო და ნათელმოსილი დღეა როდესაც ჩვენ ბეთლემელ მწყემსებსა და აღმოსავლელ მოგვებთან ერთად გონებით მივემგზავრებით იმ გამოქვაბულისაკენ, რომელსაც წილად ხვდა ბედნიერება, წიაღსა შინა თვისსა მიეღო ახლადშობილი ყრმა, მაცხოვარი ქვეყნისა.
ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე წარმართული სამყაროს საუკეთესო წარმომადგენელნი ცხოვრობდნენ იმედით, რომ ღვთის გზის მაძიებელი ხალხის გულში ჭეშმარიტი სარწმუნოება აღმოცენდებოდა და ხსნას ყოვლისმიმტევებელი ღმერთის სიყვარულის წყალობით მოიპოვებდა. I საუკუნის რომაელი ისტორიკოსების, ტაციტუსისა და სვეტონიუსის მოწმობით, აღმოსავლეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთა შორის გავრცელებული იყო აზრი იმის შესახებ, რომ მათ მოევლინებოდა მეფე, რომელიც დაამყარებდა მშვიდობასა და წესრიგს ხალხთა შორის. რომაელი პოეტი ვერგილიუსი ადიდებდა იმ ჩვილს, რომელიც გარდამოხდებოდა ზეცით, მომადლებდა ქვეყანას მშვიდობას და დაუბრუნებდა დედამიწას "ოქროს ხანას". კაცობრიობა თრთოლვით მოელოდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების აღსრულებას - მოვლინებას ქვეყნის მხსნელისა და ღმრთისა ჩვენისა, იესო ქრისტესი... და ბოლოს, ღმერთი უფალი გამოგვიჩნდა ჩვენ.
ქრისტეს შობის ღამეს ბეთლემის ზეცას მოეფინა ანგელოზთა სადღესასწაულო გალობა: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14). დღეს ეს დიადი ქებათა ქება კვლავაც ისმის სამყაროში და ქრისტიანთა გულებს ავსებს უსაზღვრო სიხარულით, რომლის არსიც წმ. მოციქულმა იოანე ღვთისმეტყველმა ასე გამოხატა: და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის... სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა (იოანე, 1,14).
კავშირი უფალთან და ზიარება ღვთიურ მადლსა და ჭეშმარიტებასთან - აი, ის სიხარული, რასაც ემყარება ჩვენი ბედნიერება და კეთილდღეობა. ღმერთთან მიახლოებით ადამიანში ახლდება ყოველივე ის, რაც ცოდვის გამო მოისპო მასში. ქვეყნად მაცხოვრის მოვლინებით სათავე დაედო კაცობრიობის დაბრუნებას ნათლისა და ჭეშმარიტებისაკენ. ამისთჳს შობილ ვარ და ამისთჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი (იოანე 18,37) - ბრძანებს უფალი. აი, ეს მარადიული და მხსნელი ჭეშმარიტება გვიზიდავს ჩვენ.
მაგრამ როგორ მივაღწიოთ ღმერთთან შინაგან, სულიერ ერთიანობას? თითოეული ჩვენგანი გრძნობს ამის საჭიროებას, რადგანაც ადამიანს უკვე აღარ ძალუძს გაუმკლავდეს იმ ტანჯვასა და წინააღმდეგობებს, რომლებიც გამუდმებით წარმოიშვება მის გარშემო. აუცილებელია შემწეობა ყოვლისშემძლე ძალისა, ზეცით გარდამოვლენილისა ჩვენთვის.
ადამიანსა და ღმერთს შორის კავშირისათვის აუცილებელი პირობაა ურყევი რწმენა და თავდადებული სიყვარული. ეს ის მყარი საფუძველია, რომელზეც უნდა ავაშენოთ ჩვენი სულიერი შენობა. წმ. წინასწარმეტყველმა იოანე ნათლისმცემელმა თავისი ქადაგება შემდეგი სიტყვებით დაიწყო: შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაჲ (მათე 3,2). სინანულისა და შინაგანი სრულყოფის გარეშე შეუძლებელია ღმერთთან მიახლება. ქრისტესთან რომ ვიყოთ და მისი ყოვლისშემძლე შემწეობა ვიგრძნოთ, პირველ რიგში უნდა განვიწმიდოთ ყოველგვარი სულიერი და ხორციელი ბიწისაგან, ე.ი. უნდა განვთავისუფლდეთ ცოდვებისაგან. ძალიან ხშირად ჩვენი თავი მიგვაჩნია მართალ, წმიდა ადამიანად, და ამავე დროს არად ვაგდებთ ყოველდღიურ ცოდვებს, რომლებიც სატანჯველისკენ გვიბიძგებენ. ასე ვფიქრობთ: მე არავინ მომიკლავს, ხოლო პატარ-პატარა ცოდვები კი ყველას აქვსო. საშიშია ამგვარი მსჯელობა. მთა ხომ როგორც დიდი ქვებისგან, ისე კენჭებისგანაც შედგება. ღვთის წინაშე უმნიშვნელო ცოდვა არ არსებობს, ყოველგვარი გარდახდომა უფლის მცნებისაგან შეურაცხჰყოფს მის სიდიადეს და გვაშორებს მას. მეფე და წინასწარმეტყველი დავითი, როდესაც ფსალმუნს წერდა, ძრწოლვით უხმობდა უფალს: უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე... არა არს მშვიდობაჲ ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდუათა ჩემთაჲსა, რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა (ფსალმ. 37;2,4,5).
პავლე მოციქული, ეკლესიის ბურჯი, სახარების ქადაგებისათვის ყველაზე მეტად დამაშვრალი, წუხდა, რომ უფლის წინაშე მხოლოდ ცოდვებითა და უძლურებით წარდგებოდა.
სიტყვა სინანული არა მარტო საკუთარი ცოდვების შეგნებას ნიშნავს, არამედ თვითშეგნების გარდაქმნასაც, როდესაც პიროვნება ღმრთისადმი, მოყვასისადმი, თვით თავისი თავისა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულების ახლებურად გააზრებას იწყებს. ასეთი ადამიანი გრძნობს თავის სისუსტეს და, ამასთან ერთად, ეძებს გზას ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ღირსი მამა ისააკ ასური ამბობს: ნეტარ არს კაცი, რომელი შეიცნობს უძლურებასა თვისსა, რამეთუ ცოდნა ესე ხდება მისთვის საფუძველი და საწყისი ყოველივე კეთილწარმატებისა (ისააკ ასური, 61-ე სიტყვა).
როდესაც სინანულის გზას შეუდგები, ნუ იქნები უგრძნობელი და გულქვა, არამედ სცან დაცემა შენი და იგლოვდე ცოდვათათვის შენთა. წმიდა იოანე ოქროპირი წერს: სტიროდე არა უბრალოდ, არამედ მწარედ, ვითარცა პეტრე; სულისა შენისა სიღრმეთაგან გადმოღვარე ნაკადულნი ცრემლთანი, რათა უფალმან მოწყალებით შეგინდოს შეცოდებანი. კაცთმოყვარე ღმერთი შენგან შრომას ითხოვს მცირედს და თვით მოგაგებს დიდებულს, შენგან ელის მიზეზს, რათა დაგაჯილდოვოს ცხონებით. შესწირე მას ცრემლნი შენნი და მან მოგანიჭოს შენდობა (თხზ. ტ. II, გვ. 322-323).
ჩვენ ვლაპარაკობთ სინანულზე, აღსარებაზე, მაშინ, როცა ადამიანმა ხშირად არც კი იცის რა უნდა მოინანიოს, რა ითვლება ცოდვად. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ცოდვა ჩვენი თვისებაა, თითქოს იგი ჩვენი ბუნების ნაწილია. ცნობილია, რომ ადამიანი ღვთის მსგავსად არის შექმნილი. ის, რაც არ შეესატყვისება შემოქმედის სახეს, არ არის ჩვენი ბუნებისეული. მაშ, რას წარმოადგენს ცოდვა ღვთისმეტყველთა გაგებით? ცოდვა ბოროტებაა, რომელიც პიროვნებაში მისი ნებით შედის. ბოროტება ანუ ცოდვა ადამიანის ბუნება კი არ არის, მისი მდგომარეობაა. პროკლე დიადოხოსის თქმით: "ბოროტისადმი ჩვენს მიდრეკილებას სძლევს ბუნება სიკეთისა, რადგანაც სიკეთე არსებობს, ბოროტება კი არ არსებობს, უფრო სწორად, ბოროტება არსებობს მაშინ როდესაც მას გამოავლენენ" (საღვთისმეტყველო შრომები, 1972 წ. გვ.69). ცოდვა შედეგია ნების სისუსტისა ან სნეულებისა, იგი ამბოხია ღვთის წინააღმდეგ, რადგანაც ცოდვით ვარღვევთ მის მცნებებს. ამასთან, ის ერთგვარი სენია, რომელიც ცდილობს დამკვიდრდეს ადამიანში და დააავადოს იგი. პიროვნება თავისი სურვილით უთმობს ადგილს ბოროტებას და შეჰყავს ცოდვა თავის სამყაროში, თანხმდება იყოს მისი მორჩილი.
ასე რომ, ცოდვა უცხო, არაბუნებრივი მდგომარეობაა ადამიანისა და მისგან კაცი მხოლოდ სინანულითა და აღსარებით თავისუფლდება. ცოდვა მრავალგვარი არსებობს. ამ ეპისტოლეში მხოლოდ ზოგიერთ მათგანზე შევჩერდებით, ისეთზე, ხშირად რომ გვხვდება და გვაშორებს ღმერთს.
პირველი და ძნელადგამოსასწორებელი ცოდვა ამპარტავნებაა. ეს ის პირველი ცოდვაა, ანგელოზი ეშმაკად რომ აქცია. ბიბლიაში ბევრგანაა თქმული ამპარტავნების შესახებ. ბრძენი სოლომონი ამბობს: მოდის მედიდურობა და მოჰყვება დამცირება (იგავნი 11,2); დამხობას წინ უძღვის ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა (იგავნი 16,18). იაკობ მოციქულთან ვკითხულობთ: ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი (იაკობი 4,6).
რა არის ამპარტავნება? მას ძალიან სხარტად და ლაკონურად განმარტავს ღირსი მამა იოანე კიბისაღმწერელი. ამპარტავნება უკიდურესი სიღატაკეა სულისა. ფილოსოფია და მსოფლიო ლიტერატურა მდიდარია მრავალგვარი განსაზღვრებითა და მაგალითით ამ ნაკლისა, მაგრამ დასკვნა საერთოა: ქედმაღლობა მანკიერი გრძნობაა, საძრახი და ყოვლად დამამცირებელი. იგი გვიჩვენებს, რომ პიროვნება არ იცნობს თავის თავს. ამპარტავანს სხვისი უპირატესობა აღიზიანებს. წმ. ეფრემ ასურის თქმით, ამპარტავანი ვერ იტანს მასზე უკეთესს, ასეთისა ან შურს, ან ეჯიბრება მას. იგი ვინმეს შექებას საკუთარ დამცირებად და შეურაცხყოფად იღებს.
მეორე ცოდვა, რომელიც ხშირად გვხვდება და დაკავშირებულია ქედმაღლობასთან, არის მრისხანება. ეკლესიასტეს წიგნში ვკითხულობთ: ნუ მოსწრაფე ხარ სულსა შინა თჳსითა გულისწყრომად, რამეთუ გულისწყრომა წიაღთა შინა უგუნურთასა განისუენებს (ეკლ. 7,10). წმ. პავლე მოციქული გვაფრთხილებს: ყოველი სიმწარე და რისხვაჲ და გულის წყრომაჲ და ღაღადებაჲ და გმობაჲ მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით (ეფესელთა, 4,31). უკეთური, მრისხანე ადამიანი პირველ რიგში საკუთარ თავს ვნებს, შემდეგ კი სხვებს. რისხვა უარყოფითად მოქმედებს გონებაზე, გულზე, ნერვულ სისტემასა და საერთოდ მთელ ორგანიზმზე. ღირსი მამა იოანე კასიანე მრისხანებას სასიკვდილო შხამს უწოდებს. მძვინვარე კაცი ვეღარ საზღვრავს; მან შეიძლება შეურაცხყოს სუსტი, დაამციროს, გაანაწყენოს უძლური, შეიძლება ისეთი საქციელი ჩაიდინოს, სულს მოუშუშებელ ჭრილობად რომ დარჩება სიცოცხლის ბოლომდე. გულისწყრომისა და გულფიცხელობისაგან მორჩილება, სიმშვიდე, სიმდაბლე გვკურნავს. უფალი გვასწავლის: აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ (მათე 11,29). გულფიცხელნი და მრისხანენი საბრალონი არიან; განერიდეთ ამ ცოდვას.
მძიმე ცოდვა, ტვირთად რომ გვაწევს ჩვენ, არის შური. იაკობ მოციქული წერს: სადა არს შური და ჴდომაჲ, მუნ შფოთი და ყოველი ბოროტისა საქმე (იაკობი 3,16). ბრძენი სოლომონი ამბობს: ნუ ისერებ კაცისა თანა მოშურნისა (იგავნი 23,6).
შური სხვა ადამიანის კეთილდღეობით, უპირატესობით ანდა სხვა რაიმე წარმატებით გამოწვეული წყენა და გაღიზიანებაა. იგი ყველას მიერ დაგმობილი, მაგრამ მაინც მრავალთათვის დამახასიათებელი ნაკლია, რომლის დამალვასაც საგულდაგულოდ ცდილობენ. შურმა შეიძლება კაცი ბოროტმოქმედად აქციოს. საოცარია, ეს ცოდვა მატერიალურ სამყაროში უფრო მეტად ვლინდება; იშვიათად თუ ვინმეს შეშურდეს ადამიანის სულიერი მიღწევებისა. არ შურთ იმისი, ვისაც უფრო დიდი სარწმუნოება და სიყვარული აქვს, ვინც მეტის მომთმენია, ვინც კეთილთა ნიჭთა მოპოვებას ესწრაფვის. იაკობ მოციქულის ეპისტოლეში ვკითხულობთ: ხოლო უკეთუ შური მწარე გაქუნდეს და ჴდომაჲ გულთა შინა თქუენთა, ნუ იქადით და სტყუით ჭეშმარიტებასა ზედა (იაკობი 3,14). ე.ი. ნუ მოიწონებთ თავს ქრისტიანის სახელით და ნუ იცრუებთ, თითქოს შური იმდენად უბრალო რამ იყოს, რომ იგი ჭეშმარიტებას ზიარებული კაცისთვის დასაშვებად მიიჩნიოთ. მოციქული პავლე კორინთელთა ეკლესიას აფრთხილებდა: რამეთუ სადაღა თქუენ შორის შური და ჴდომაჲ და განწვალებანი, არა ჴორციელვეღა ხართა და კაცობრივ იქცევით (1 კორ. 3,3); შურით ანთებული ადამიანი კილავს და აძაგებს ყველას, ვისაც ეჯიბრება: მტერსა თუ მოყვარეს. ხშირად უნიჭოებს დიდი პრეტენზიები აქვთ, საქმით კი არაფერს აკეთებენ და ამ სამწუხარო გრძნობის მორჩილნი პატიოსან და უდანაშაულო ადამიანებს განიკითხავენ.
არ შეიძლება ერთდროულად იყო ქრისტიანი და ამავ დროს შურით შეპყრობილი. სიყვარული და შური ისევე შეუთავსებელია, როგორც ნათელი და ბნელი.
ძმანო და დანო ჩემნო! განარიდეთ გულნი თქვენნი შურსა, ხედვიდეთ რა წარმატებას მოყვასისა თქვენისა, იხარებდეთ მის თანა. დაეხმარეთ ნიჭმიმადლებულს, გამოავლინოს თავისი შესაძლებლობანი. გახსოვდეთ, ღმერთი თქვენს გულს ხედავს და მოგაგებთ სიმდიდრისაებრ გულისა თქვენისა.
აღნიშნულის გარდა არსებობს სხვა ცოდვებიც: პატივმოყვარეობა, სიზარმაცე, სასოწარკვეთილება, მრუშობა, სიძუნწე, სიძულვილი, ღვარძლი, განკითხვა... ისინი გვაშორებენ ღმერთს და შინაგან ჰარმონიას ურღვევენ ჩვენს სულს. ადვილი არ არის ცოდვებისაგან გათავისუფლება. ეს მით უფრო ძნელია, თუ ისინი უკვე ჩვეულებად ქცეულან. მთავარია ადამიანს შინაგანად სძულდეს ცოდვა და მის მოკვეთას ცდილობდეს. თუ გაქვს სურვილი გამოსწორებისა, უკვე სწორ გზაზე დგახარ. ამ დროს უნდა იჩქარო ტაძრისაკენ. მიდი მღვდელთან, როგორც სულის მკურნალთან, და გაუმხილე შენი ნაკლოვანებანი. მისი ლოცვითა და კურთხევით თვით ღვთისაგან მიიღებ შენდობას.
მღვდლის წინაშე თქმული აღსარება აუცილებელი პირობაა სინანულისა, რადგანაც მოძღვარს ღვთისაგან აქვს მინიჭებული უფლება ცოდვათა მიტევებისა. ზოგჯერ ამბობენ: რა საჭიროა ეკლესიაში მღვდელთან მისვლა? განა არ შეიძლება თვით უფალს უთხრა შენი ცოდვები და მოინანიო მის წინაშე? ასეთ ადამიანებს არ ესმით აღსარების საიდუმლო და მღვდლის შენდობის ძალა. აღსარება განწმედაა, მეორე ნათლობაა, როგორც მას წმ. მამები უწოდებენ, იგი შერიგებაა ღმერთთან, შინაგანი სიმშვიდეა, დაწყნარებაა.
როდესაც ჩვენი სულიერი ჭურჭელი განსპეტაკდება, თავმდაბლად და კრძალვით უნდა მივიღოთ წმიდა ზიარება.
რა არის ზიარება და რატომაა იგი აუცილებელი? წმ. ზიარება თვით უფალმა იესო ქრისტემ დაადგინა საიდუმლო სერობისას. წმ. მოციქულის, ლუკას სახარებაში ვკითხულობთ: იესო ქრისტემ მოიღო პური, ჰმადლობდა, და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ჴორცი ჩემი თქუენთვის მიცემული, ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა. ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე სასუმელი - ახალი სჯული სისხლისა ჩემისაჲ თქუენთჳს დათხეული (ლუკა, 22,19-20).
ღვთის ხორცად და სისხლად გარდაქმნილი პურითა და ღვინით პირველად მოციქულნი ეზიარნენ. უფლის ხორცისა და სისხლის მიღებისას მაცხოვარი მიუთითებს, რომ ადამიანისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ხორციელ პურზე ზრუნვა, მისთვის აუცილებელია სულიერი საზრდელი, რომელიც მას შემოქმედთან დააკავშირებს, ხელს შეუწყობს მისი სულის ზეაღსვლას მიწიდან ზეციურ ეკლესიასთან შეერთებისთვის.
მაზიარებელნი, უერთდებიან რა მაცხოვარს, მისი საშუალებით უკავშირდებიან ერთმანეთს მტკიცე ორგანული კავშირით და ქმნიან ქრისტეს ერთიან მისტიურ და ამავე დროს რეალურ სხეულს - ეკლესიას. ყოველი ქრისტიანი თვეში ერთხელ მაინც უნდა ეზიაროს, რომ სულიერად განმტკიცდეს. ეს საიდუმლო ეხმარება ადამიანს ნაკლოვანებათა, ვნებათა დაძლევაში, ხილულ და უხილავ მტერთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მარხვის დღეებში, ვინც მარხვას ინახავს, შეუძლია, ყოველ კვირას ეზიაროს. ასე რომ, ზიარება უდიდესი საიდუმლოა. ზიარებისას ჩვენში ვიღებთ მეუფესა ზეცათასა და ქვეყანისასა, რომლის ძალა და ძლიერებაც საზღვარდაუდებელია. ამით კი გვენიჭება მადლი სიკეთის ქმნისა.
სიკეთის ქმნა ადამიანის ისეთივე ბუნებრივი თვისება უნდა იყოს, როგორც კეთილი ხისათვის კეთილი ნაყოფის გამოღება, ხოლო ბოროტება ისევე შეუძლებელი - როგორც ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშისა გამოღებად (მათე 7,17-18).
"ჭეშმარიტი სიბრძნისმოყვარენი და ძმათმოყვარენი, - ამბობს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, - ესწრაფვიან ქმნას სიკეთისას თავად სიკეთისათვის და არა პატივისათვის ცათა შინა" (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, თხზ. მ. 1889. გვ.97).
თითოეული ჩვენგანი ღვთივქმნილი მშვენიერი ჭურჭელია, რომელიც უფლის მადლით უნდა იყოს სავსე და წარმოადგენდეს ტაძარს სულისა წმიდისა.
სულიერი განწმენდის, აღსარებისა და ზიარების შემდეგ ადამიანი გარდამავალი ფერებით მბრწყინავ ანდამატივით ნათობს: მისი სული ხდება სავანე სიყვარულისა, თავმდაბლობისა, სიმშვიდისა, მოთმინებისა, სიწმინდისა, ლოცვისა, მარხვისა და სხვა იმ მაღალ ღირსებათა, რომლებიც პიროვნებას ღვთით ენიჭება.
ძმანო და დანო, მოგმართავთ რა საშობაო ეპისტოლეთი, მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო იმ პრობლემაზე, რომელიც დღეს მთელს კაცობრიობას აწუხებს. ეს არის ბირთვული განადგურებისაგან ქვეყნის დაცვის საკითხი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო და კვლავაც დარჩება თავისი საუკუნოვანი ტრადიციების ერთგული, იგი წმიდად იცავს და მსოფლიოში ქადაგებს ხალხთა შორის ურთიერთგაგებასა და თანხმობას და ამით ხელს უწყობს დედამიწაზე მშვიდობის შენარჩუნებისათვის ბრძოლას. ჩვენი მისწრაფება მშვიდობისკენ - ეს ქრისტიანული რელიგიის არსებითი მხარეა. ყველა ადამიანი და ყველა ხალხი თანასწორუფლებიანია. მიგვაჩნია, რომ თითოეული ადამიანის და განსაკუთრებით კი მორწმუნე ქრისტიანის ვალია, ყოველგვარი საშუალებით წინ აღუდგეს ომის გაჩაღების საფრთხეს. ომისა და მშვიდობის პრობლემა საერთო პრობლემაა. იგი მოიცავს და აღელვებს ყველას, განურჩევლად მისი რელიგიურ-კულტურული თუ პოლიტიკური შეხედულებებისა, რადგანაც ყველა გრძნობს ბირთვული კატასტროფის საფრთხეს. ეს საერთო დაინტერესება განსაკუთრებით ნათლად გამოვლინდა მოსკოვში, 1982 წლის 10-14 მაისს ჩატარებულ მსოფლიო კონფერენციაზე - "რელიგიური მოღვაწენი ბირთვული კატასტროფისაგან სიცოცხლის ღვთაებრივი მადლის გადასარჩენად", სადაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო. მოსკოვის კონფერენციის შემდეგ მსოფლიო მოწმე გახდა ჩვენი სახელმწიფოს მიერ აღებული მეტად მნიშვნელოვანი ახალი სამშვიდობო ინიციატივის, რომ იგი პირველი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. ეს ცალმხრივი ვალდებულება დიდი აღფრთოვანებით მიიღო მსოფლიომ. თუ სხვა ქვეყნების მეთაურნიც იკისრებენ ამგვარ ვალდებულებას, შესაძლებელი იქნება მსოფლიოს ხსნა ბირთვული ნგრევისაგან...
ყველას გვესმის, რომ მშვიდობისათვის ბრძოლის საქმეში მიღწეულით არ შეიძლება დავკმაყოფილდეთ, აუცილებელია გავაერთიანოთ და გავამრავლოთ მშვიდობის მომხრეთა ძალები. ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის მთელს მსოფლიოში, ხალხთა და სახელმწიფოთა შორის ურთიერთნდობისა და სამართლიანობის განმტკიცებისათვის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მოციქულთა სიტყვები: მოიძიენ მშჳდობაჲ და მისდევდინ მას (I პეტრე 3,2). გახსოვდეს, რომ მშჳდობასა გჳწოდნა ჩუენ ღმერთმან (I კორინთ. 7,15). სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ (იოანე 8,32).
ჭეშმარიტების ძიებაში საუკუნეთა მანძილზე კაცობრიობამ მრავალი გზა და ბილიკი განვლო, თავის თავზე გამოსცადა და გადაიტანა ყოველივე, რასაც მოიცავს ადამიანის სული: მიწიერების უარმყოფელი უკიდურესი მისტიციზმიდან უკიდურეს ღვთის უარყოფამდე, და მხოლოდ მაშინ, როცა ეს გზები გავლილი იყო და ძალები ამოწურული, დადგა ჟამი, ოდეს სიტყვა ხორციელ იქმნა, მოგვევლინა იესო ქრისტე - ტარიგი ღვთისა, რომელმან აღიღო ცოდვანი სოფლისანი.
მხოლოდ ქრისტიანობაში პოვა შინაგანი სრულყოფა მთელი კაცობრიობის რელიგიური ძიების ხანგრძლივმა და მძიმე მსოფლიო ისტორიულმა პროცესმა.
საშობაო ეპისტოლე წმ. ეფრემ ასურის სიტყვებით მსურს დავამთავრო: "დღეჲ ესე არს დღეჲ ცხონებისა, ღამეჲ ესე მშჳდობასა და მყუდროებას მიანიჭებს მსოფლიოს. აწინდელი ღამე ეკუთვნის მშვიდს (იესო ქრისტეს). ამისთვის განაგდოს ყოველმან რისხუაჲ და სიფიცხლეჲ, დააყუდოს ამპარტავნებაჲ და ზვაობაჲ თჳსი, აწ აღმობრწყინდა დღეჲ იგი წყალობისა და ნუ ეუფლება ვისმეს გრძნობაჲ შურისგებისა წყენისათვს მისისა, ნუ იქმნება ვინმე მიზეზი სხვისი ჭირისა და მწუხარებისა. ეს დღე უღრუბლო და ნათელია, დაე, მოიდრიკოს მის წინაშე რისხვამ, შემმუსრველმა მშვიდობისა და მყუდროებისა" (ეფრემ ასური, 1904, გვ.138).
მადლი უფლისა, სიყვარული, მშვიდობა და სიხარული თქვენ ყოველთა თანა!
კიდევ ერთხელ გილოცავთ დიად დღესასწაულს - ქრისტეს შობას!
გისურვებთ მარადიულ სიხარულს, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტეს შობა
თბილისი, 1983
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტებს

image
image თემა: შობა
ავტორი: ილია II

საშობაო ეპისტოლე - 2008

ღვთივკურთხეულ ქართველ ერს და ყოველთა მკვიდრთა საქართველოსთა

"ქრისტეს შობას ვადიდებთ; ქრისტესა ზეცისასა მივეგებვოდეთ; ქრისტესა ჩუენ, ქუეყანისანი, აღვამაღლებდეთ, ღმერთსა დიდებულსა და აწ სიხარულით ვუღაღადებდეთ, რამეთუ დიდებულ არს".
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო, ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!
აღსრულდა საიდუმლო განგებულება, - ძე ღვთისა, შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, რომელსაც ვერ იტევს ცანი და ქვეყანა, დაიბადა ბაგაში, ბეთლემის გამოქვაბულში!
"დღეს ქრისტე იშვების ბეთლემს ქალწულისაგან უბიწოჲსა; დღეს დაუსაბამოჲ დაიბადების, სიტყუაჲ ხორცთა შეისხამს; ძალნი ცათანი აქებენ სიხარულით და ჩუენ, ქუეყანისანი, თაყუანისვცემთ და მათთანა ვღაღადებთ და ვიტყვით: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (შობის საცისკრო საგალობელი).
ჰოჲ, საოცრება, "ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოსცა მას" (ინ. 3,16).
დიდება და მადლობა შენდა, უფალო!
შენ გვიჩვენე მაგალითი მოთმინებისა და სიმდაბლისა, მაგალითი ბოროტებასა ზედა გამარჯვებისა. მაშ, "გიხაროდეთ, ერნო, განმტკიცდით და ნუგეშინისცემულ-იქმნენით;
მხსნელი გამოჩნდა ყველასათვის. მისთვის არ არის "არც ელინი, არც იუდეველი, არც წარმართი". ბეთლემს შობილმა იესომ გააერთიანა სხვადასხვა ერებად დაყოფილი კაცობრიობა.
წმიდა წერილის მიხედვით, ამა თუ იმ ერის წარმოშობა კონკრეტულ პიროვნებას უკავშირდება. ამიტომაც, ესა თუ ის ერი მკვეთრი თავისებურებით გამოირჩევა, - აქვს თავისი, ხასიათი, ტრადიციები და კულტურა.
უძველესი ერების ერთი ნაწილი აღარ არსებობს, მეორე ნაწილმა კი სათავე დაუდო მონათესავე ხალხებს, რომლებიც დღეს სხვადასხვა სახელმწიფოს სახით არსებობენ, მაგრამ ერთი წარმოშობისანი არიან.
მცირერიცხოვნობის მიუხედავად ჩვენი ერიც უძველესია და ეს, ჭეშმარიტად, ღვთის წყალობაა.
საერთოდ, ერის სახეს, მის მეობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: წარმომავლობის გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიას. განსხვავებული რელიგია ერთი და იმავე საწყისის მქონე ერს განსხვავებულ კულტურებად აყალიბებს, ზოგჯერ კი ურთიერთდაპირისპირებულადაც.
ერის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ენა. ენასა და ერს შორის, შეიძლება ითქვას, იგივეობის ნიშანია. ჩვენი ენა ისევე, როგორც ჩვენი ხალხი, პრეისტორიულ ხანაში იღებს სათავეს. კუთხური მრავალფეროვნებისა და, ხშირად, პოლიტიკური გათიშულობის მიუხედავად, ქართველი ერი საუკუნეთა მანძილზე ერთ, განუყოფელ ორგანიზმად რჩებოდა და ერთ სულიერ სხეულად აღიქმებოდა. (გავიხსენოთ ფარნავაზისა და ქუჯის ისტორია). ქრისტიანობამ და საქართველოს ეკლესიამ კი საბოლოოდ ჩამოაყალიბა ერთიანი ქართველი ერი ერთი ენით, ერთი კულტურით, ცნობიერებითა და ცხოვრების წესით.
ერს, ისევე როგორც პიროვნებას, აქვს ღირსების გრძნობა. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანის მიწიერი კეთილდღეობა ღირსებაზე უარის თქმის შედეგია, მაგრამ ასეთი ქმედება მთელი ცხოვრების განმავლობაში მძიმე ტვირთად აწვება პიროვნებასაც და ერსაც და იწვევს მის სულიერ დეგრადაციას. საზოგადოება, რომელიც ღირსების განცდას მოკლებულია, განწირულია გადაგვარებისათვის. ამიტომაც არის ეს თვისება ერის არსებობის ერთგვარი გარანტი.
ჩვენ ეს გრძნობა განსაკუთრებით გამოკვეთილად გვქონდა და ამანაც გადაგვარჩინა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ბრძოლა წავაგეთ და მრავალი წელი დამპყრობელთა უღლის ქვეშ ვიყავით, ჩვენი ხალხის დიდ ნაწილს ღირსება არ დაუკარგავს, რაც თავისუფლებისათვის ჩვენს მუდმივ ბრძოლას ასაზრდოებდა. რა თქმა უნდა, მოღალატეებიც ყოველთვის იყვნენ, მაგრამ ისინი საზოგადოებისთვის მიუღებლად ცხადდებოდნენ.
სამაგალითო შვილები კი ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ერის ღირსებას და უდიდეს გავლენას ახდენდნენ ქვეყნის განვითარებაზე; გავიხსენოთ თუნდაც ქეთევან წამებული. არა მარტო საქართველოს, შუა საუკუნეების მთელ ქრისტიანულ სამყაროს არ ყავს ასეთი დიდი მოწამე.
მის პერიოდში კახეთი თითქმის დაცარიელებული იყო. ნაწილი მოსახლეობისა სპარსელებთან ომს შეეწირა, ნაწილი კი ირანში, ფერეიდანში იქნა იძულებით გადასახლებული; ქართლში მუსულმანი მმართველები ისხდნენ. მათ საამებლად და შაჰის "წყალობის ხალათის" მისაღებად ქართველ თავადაზნაურთა ნაწილი გამუსულმანებას და ისპაჰანში წასვლას ერთმანეთს ასწრებდა. დასავლეთ საქართველოშიც მძიმე მდგომარეობა იყო, - სამთავროებს შორის ურთიერთშუღლი და ადამიანებით ვაჭრობა მძვინვარებდა.
მართალია, ქვეყანა სულიერად დაცემულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ მეფე თეიმურაზ I გაუტეხელობითა და ქეთევან დედოფლის საარაკო გმირობით ქართველებმა ღირსების დიდი ომი მოიგეს.
მიუხედავად სარწმუნოებრივი სხვაობისა, ღირსების გრძნობა ყველა ადამიანს თანაბრად აქვს მიცემული და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული გამოავლენს თუ არა ამ თვისებას. ამ ნიჭს ყველა ერი და კულტურა მიაგებს პატივს. მონღოლთა ნოინს ღირსების პატივისცემა რომ არ ჰქონოდა არ მოხდებოდა ცოტნე დადიანის მიერ თანამებრძოლთა გამოხსნა წამებით სიკვდილისაგან.
მაღალი ღირსებისა და ვაჟკაცობის მაგალითია სალადინი. სალადინი ეგვიპტის სულთანი იყო, რომელმაც წმიდა მიწიდან განდევნა ჯვაროსნები, მაგრამ ეს ომი იმდენად ღირსეულად წარმართა, რომ თვით ქრისტიანთა შორისაც დიდი პატივისცემა დაიმსახურა.
ერის ღირსებას და მის სიმტკიცეს ღირსეული ადამიანები განაპირობებენ; ბედნიერია ის ქვეყანა, სადაც ასეთი პიროვნებების სიმრავლეა.
საქართველომ ამ მხრივაც საოცარი მაგალითი უჩვენა მსოფლიოს XI საუკუნეში, როცა ჯალალ ედ-დინმა დაიპყრო თბილისი, მაგრამ მისი მოსახლეობა ვერ აიძულა ქრისტიანული სიწმინდეები შეელახათ. 100 000 ქართველმა სიკვდილი ამჯობინა რწმენისა და ღირსების უარყოფას.
მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ისეთი ფაქტი, რომ ერთ დღეს ამდენი ადამიანი წამებულიყოს სარწმუნოების დასაცავად!
დღეს დრო შეიცვალა და მასთან ერთად ბოროტის ბრძოლის მეთოდებიც. დღეს ეროვნული ღირსების შელახვისა და სარწმუნოების შეცვლისთვის ძალადობრივ ფორმებს აღარავინ იყენებს. ჩვენი ტრადიციებისა და ცხოვრების წესის გადაგვარება სხვადასხვა მეთოდებით ხორციელდება და ამაში დიდ როლს, სამწუხაროდ, მასმედია ასრულებს.
მასმედიის სახელს მრავალი კარგი საქმეც უკავშირდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ტელეგადაცემებით და პრესითაც ხდება ცოდვის დემონსტრირება, ლეგალიზება და იმ აზრის დამკვიდრება, თითქოს ეს ადამიანის ჩვეულებრივი თვისებაა. ხდება ავხორცობისა და უღირსების არა მარტო მისაღებ, არამედ სამაგალითო მოვლენად წარმოჩენა; იქმნება უზნეო ცრუ ავტორიტეტები, რომელნიც თავისი ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული ქმედებების გამო წახალისებულნი და დაჯილდოვებულნი არიან.
ჩვენთან ხშირად ლაპარაკობენ ამა თუ იმ უფლებებზე, მაგრამ ძალიან ნაკლებად - მოვალეობასა და პასუხისმგებლობაზე. ყველას აქვს არა მარტო უფლება, არამედ - პასუხისმგებლობაც; პასუხისმგებლობა უფლის, სამშობლოს, ოჯახის წინაშე, გაჭირვებული თუ დაცემული მოყვასის წინაშე.
აღვნიშნავთ იმასაც, რომ თუ პირადული ცოდვა (რომელსაც სწავლების სახე არა აქვს) მხოლოდ ამა თუ იმ ინდივიდის პრობლემაა და ღვთის წინაშე მის საბოლოო ხვედრს განსაზღვრავს, საჯაროდ ცოდვის სწავლება და დანერგვა მთელ საზოგადოებას რყვნის და ღუპავს, ღირსების გრძნობას ულახავს და წინსვლის სურვილს უკარგავს. ამიტომაც საზოგადოება ვალდებულია, დაიცვას როგორც თავისი თავი, ისე შთამომავლობა.
განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ მხრივ ხელისუფლებას ეკისრება.
რაც შეეხება ეკლესიას, იგი ყოველ ცოდვის ჩამდენს სინანულისაკენ მოუწოდებს, და სხვათაგან მის განკითხვას კრძალავს, ხოლო მოქცეულს - სიყვარულით და სიხარულით იღებს. ცოდვის ცხოვრების წესად დამნერგავს და ასეთი სწავლების საჯაროდ გამავრცელებელს კი, დაუნდობლად ებრძვის მხილების მახვილით, რათა დაიცვას სამწყსო და ამ ადამიანსაც (ან ადამიანთა ჯგუფს) დაეხმაროს ეშმაკის მსახურებისაგან გათავისუფლებაში.
ასე რომ, დღეს თითოეული ჩვენთაგანი დგას არჩევანის წინაშე, - დატოვოს "ჩვეულებისამებრ მამულისა სვლაჲ" თუ გაითავისოს თავს მოხვეული ცრუ კულტურა? გაუძლოს ინფორმაციულ ზეწოლას, თუ შეინარჩუნოს წინაპართა ღვაწლით დღემდე მოტანილი ღირებულებები?!
საკუთარი ტრადიციებისა და პრინციპების ერთგულების და, ამავე დროს, განვითარებული სახელმწიფოს შექმნის მაგალითია თუნდაც ქუვეითი და ისრაელი.
მატერიალურ-ტექნიკური პროგრესის პარალელურად ეს სახელმწიფოები მტკიცედ იცავენ თავის მეობას და ღირსეული ადგილი უკავიათ მსოფლიო თანამეგობრობაში.
ინებოს ღმერთმა, დღეს მიმდინარე გლობალურ პოლიტიურ-ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებში ჩვენც ჩვენი თვითმყოფადი სახე შევინარჩუნოთ და საქართველო საქართველოდ დარჩეს.
რა არის სამშობლო, როგორ აღვიქვამთ მას?
ჩვენი სამშობლო არის ჩვენი გენი, ჩვენი ენა, ღვთისა და მოყვასისადმი გამოვლენილი ჩვენი სიყვარული, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი.
საქართველო არის ჩვენი მოგებული თუ წაგებული ბრძოლები, წინაპართა დადებითი და უარყოფითი თვისებები.
საქართველო არის მტკიცე ოჯახი, ნათესავების თანადგომა და მათი კავშირი;
საქართველო არის ქვეყანა, სადაც მეგობრისთვის თავს სწირავენ და სადაც მეზობელი ოჯახის წევრად არის მიჩნეული; სადაც ნათელ-მირონობა და ძმადნაფიცობა სისხლისმიერ ნათესაობაზე მეტია.
საქართველო ჩვენი უნიკალური ფლორა და ფაუნაა, ჩვენი მთა და ჩვენი ბარია, ჩვენი უდაბნოა, ჩვენი წყალი და ზღვაა.
საქართველო ურღვევია, როგორც კვართი უფლისა!
თითოეული ჩვენგანი ატარებს მას. საქართველო მე ვარ, იგი ჩემშია და მე მასში!
თუმცა, მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს სამშობლოზე უზენაესი ღირებულება, - ქვეყნის, მთელი კაცობრიობისა და სამყაროს შემოქმედი, - ყოვლადწმინდა სამება.
დიახ, როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმა გვასწავლის, რომ უპირველესი მცნება არის:
"გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით" (მარკ. XII, 29-31).
ეს ნიშნავს გვიყვარდეს ღმერთი მთელი შესაძლებლობით, მთელი არსებით ანუ მასზე წინ არავინ და არაფერი არასდროს არ უნდა დავაყენოთ.
"ვისაც მამა ან დედა უყვარს ჩემზე მეტად, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი (მათე 10, 37-39), - ბრძანებს მაცხოვარი.
რატომ არის ასეთი მკაცრი მოთხოვნა?
იმიტომ, რომ თუ ღვთისადმი ჩვენს სიყვარულს სხვა ვინმეს ან რაიმესადმი სიყვარული ჩაენაცვლა, ისეთივე შეცდომა მოგვივა, როგორიც ადამმა და ევამ დაუშვეს სამოთხეში, ანუ ჩვენ ჩვენი ნებით განვაყენებთ თავს შემოქმედისაგან და სულიერად დავიღუპებით, რადგან მის გარეშე არაფრის ქმნა არ ძალგვიძს იგია ვენახი, ხოლო ჩვენ რტონი ვართ (ინ. 15,5).
ღმერთი თვითარსია. იგია სიცოცხლის, სიყვარულისა და სხვა საერთოდ ნებისმიერი სიკეთის სათავე; ყველა სხვა ქმნილება, მათ შორის, ანგელოზები და ადამიანებიც არ არიან თვითარსნი. ისინი მარადიული სიცოცხლისათვის აუცილებლად საჭიროებენ შემოქმედთან მტკიცე კავშირს, რაც მხოლოდ სიყვარულით შეიძლება განხორციელდეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, მშვენივრად განმარტავს იოანე მახარებელი: რადგან - "ღმერთი სიყვარულია, სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ხოლო ღმერთი - მასში" (I ინ. 4,16), "ვისაც მე ვუყვარვარ, - ამბობს მაცხოვარი, - დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამა ჩემი შეიყვარებს მას, და მივალთ და მასთან დავივანებთ" (ინ.14,23), ხოლო, ვინაიდან "ღმერთი არავის არასოდეს უხილავს, თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში მკვიდრობს (I ინ.4,12).
დაცემულმა ანგელოზმა და მისმა მიმყოლმა ძალებმა თავისი ამპარტავნებით ჭეშმარიტი სიყვარული სრულად დაკარგეს, რის შედეგადაც ეს გრძნობა ეგოისტურ ვნებად გადაექცათ. სწორედ ამაშია მათი, და საერთოდ, უღმერთო და ცოდვილი ადამიანების ტრაგედია;
თუ ჭეშმარიტი სიყვარული გაცემას, სხვისთვის მსახურებას და თავგანწირვას გულისხმობს, ეგოისტური სიყვარული საკუთარი მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილებისკენ მიილტვის, რაც სხვადასხვა ცოდვის მიზეზი ხდება. ეს კი თავისთავად იწვევს ღვთაებრივი სიყვარულის დაშრეტას, სიცოცხლის წყაროსთან კავშირის გაწყვეტას და თვითგანადგურებას.
ჭეშმარიტი სიყვარულისკენ სწრაფვაც და ეგოისტურ ვნებებში დანთქმაც ამქვეყნადვე იწყება. პირველის ბოლო ღმერთთან ერთობაა, მეორისა - ეშმაკთან თანაზიარება; სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი ამას ვერ აცნობიერებს.
საერთოდ, ადამიანი ნეტარებისთვის არის შექმნილი და მისკენ ლტოლვა ჩვენს არსებაშია შთანერგილი. მაგრამ ცოდვით დამძიმებულ პიროვნებას ნეტარებაზეც დამახინჯებული წარმოდგენა აქვს და ცდილობს, ეს მოთხოვნილება მიწიერი საცდურით - სიმდიდრით, პატივით, თანამდებობით, ნარკოტიკებით, სიმთვრალით, მრუშობით და სხვა მრავალი ცოდვით დაიკმაყოფილოს.
თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ამ ყველაფერს წილი არა აქვს ჭეშმარიტ სიყვარულთან; ისინი მხოლოდ დროებით ქმნიან ილუზიურ სამყაროს, რომელიც შემდეგ ქრება და სანაცვლოდ რჩება დაუკმაყოფილებლობის დიდი განცდა, რაც შეიძლება სასოწარკვეთილებად იქცეს.
სწორედ ეს არის სულის ჯოჯოხეთური მდგომარეობა; და თუ ადამიანმა ცოდვითი მიდრეკილებები არ გამოასწორა, იმქვეყნად მის დახმარებას უფალიც ვერ შეძლებს, რადგან ასეთ კაცს ღმერთთან და ღვთაებრივთან ურთიერთობა აღარ ანიჭებს ნეტარებას და სამოთხეში რომც მოხვდეს, კიდევ უფრო დაიტანჯება.
მაგალითისთვის ვიტყვით, რომ თამბაქოს ან ნარკოტიკების მუდმივად მომხმარებელს, საუკეთესო გარემოშიც კი მათ გარეშე ყოფნას, ამ საწამლავის ქონა და თუნდაც ყველაზე მძიმე პირობებში ცხოვრება ურჩევნია. მაშ, განვერიდოთ ცოდვას და ეშმაკის საცდურთ. პავლე მოციქული გვარიგებს:
"არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. ნუ შეცდებით: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიკვიდრებენ ღვთის სასუფეველს" (Iკორინ.6, 9-10).
თუმცა იესო ქრისტე ყველასადმი მაინც სიყვარულით არის განმსჭვალული. "ნებსით არა მნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხონება მისი", - ბრძანებს იგი.
უფალი ცდილობს განსაცდელით მაინც აუხილოს თვალი ადამიანს. ამიტომაც ის პრობლემები, რაც თითოეულ ჩვენგანს ცხოვრების გზაზე ხვდება, მხოლოდ ღვთის სიყვარულიდან მომდინარეობს და მიზნად ისახავს ჩვენს გამოსწორებას, ჩვენს წინსვლას. "ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი, მაშ, ეშურებოდე და შეინანე", - ამბობს უფალი (გამოცხ. 3,19).
ესეც უნდა ვიცოდეთ: ყველაზე დიდი განსაცდელიც კი, რომელშიც შეიძლება ნებისმიერი პიროვნება ან ქვეყანა აღმოჩნდეს, უმცირესია იმასთან შედარებით, რასაც ის, თავისი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე, იმსახურებს.
ამიტომ ქრისტიანი თუნდაც პატიმარი იყოს, ან დევნილი, ან მძიმედ სნეული, თუნდაც შვილმკვდარი მშობელი, ყოველდღიურ ლოცვებში ამბობს: "გმადლობ შენ, წმიდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელებისა შენისათვის, არა თანაწარმწყმიდე უსჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ ჩვეულებისამებრ კაცთმოყვარე მექმენ მე..."
მსურს, ციხესთან დაკავშირებულ პრობლემებს შევეხო ზოგადად.
პატიმრობა ადამიანისთვის ერთ-ერთი მძიმე სასჯელია. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთ მდგომარეობაში მრავალნი იმყოფებიან, რაც ისედაც მცირერიცხოვან ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაზე, რა თქმა უნდა, უარყოფით გავლენას ახდენს. ამას ემატება ისიც, რომ საპყრობილეში არსებულ მძიმე პირობებს ქვეყნის სოციალური გაჭირვება კიდევ უფრო აუტანელს ხდის. ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ციხე პატიმრის გამოსწორებას ისახავს მიზნად. ჩვენთან კი, ჯერ-ჯერობით, ეს ვერ ხორციელდება. ვითარებას ისიც ართულებს, რომ შედარებით მსუბუქი და უკიდურესად მძიმე დანაშაულის მქონე ადამიანები ერთად იხდიან სასჯელს.
ჩვენ ადრეც ვწერდით და კვლავაც ვიმეორებთ, რომ სასურველია, მცირე დანაშაულის მქონე პირების განცალკევება და შედარებით მსუბუქ რეჟიმში ან მიმაგრებაში გადაყვანა, რათა მათ დასაქმების საშუალებაც ჰქონდეთ და ოჯახთან კავშირიც შეინარჩუნონ.
ეს, ალბათ, მომავლის საქმეა; ამჟამად კი მინდა მივმართო ნებისმიერ პატიმარს, ნებისმიერ გაჭირვებულს, საერთოდ ყველა ადამიანს: თქვენ გყავთ ყოვლისშემძლე, ყოვლისმომცველი, სიკეთის, სიხარულის, მშვიდობის, სიბრძნის, ბედნიერების მომნიჭებელი უერთგულესი თანამდგომი, - შემოქმედი ჩვენი და ღმერთი ჩვენი, რომელიც არასდროს არ მიგატოვებთ.
ჩვენ მხოლოდ უნდა ვისწავლოთ მასთან ურთიერთობა. უნდა ვისწავლოთ მისი ნამდვილი სიყვარული, რომ ჩვენსა და მას შორის დამყარდეს კავშირი და მაშინ ვერავითარი განსაცდელი ვერ მოგვერევა.
მაშ, ჩავიხედოთ ჩვენს გულში, გადავხედოთ ჩვენს განვლილ გზას და გავცეთ პასუხი კითხვას: გვაქვს კი ჭეშმარიტი ერთგულება ღვთისა?! გვაქვს კი განცდა იმისა, რომ არავისზე და არაფერზე არ გავცვლით მის სიყვარულს, და შევძლებთ, პავლე მოციქულის სიტყვების გამეორებას:
"ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი, ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს სიყვარულს ღმრთისას" (რომ.8. 38-39).
თუ ასეთი სარწმუნოება გვაქვს, ნეტარება ჩვენ!
და თუ არა, ვეცადოთ, დღეიდანვე დავიწყოთ ფიქრი და ზრუნვა გამოსწორებისათვის და უფალთან დარღვეული კავშირის აღდგენისათვის. მაშ, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ და გავითავისოთ დარიგება, რომელიც შემოქმედმა პირველად მოსე წინასწარმეტყველის პირით განუცხადა თავის ერს, და ძალისამებრ ჩვენისა, ვეცადოთ აღვასრულოთ იგი:
"ისმინე ისრაელო, და ეცადე შეასრულო, რომ კარგად იყო და დიდად იმრავლო ქვეყანაში...
გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით. გულში გქონდეს ეს სიტყვები..., ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ყოფნისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას. შეიბი ნიშნად ხელზე და ტვიფრად შუბლზე. წააწერე სახლის წირთხლებს და კარებს. უფლის, შენი ღმერთის გეშინოდეს და მას ემსახურებოდე" (II რჯული 6, 3-9,13).
წინასწარმეტყველთა და წმინდანთა ცხოვრება თვალსაჩინო დადასტურებაა ღვთისადმი თავდადებული სიყვარულისა. გავიხსენოთ თუნდაც მამამთავარი აბრაამი, რომელიც სწორედ იმიტომ იქნა გამორჩეული, რომ მან მთელი გულით შეიყვარა შემოქმედი და არაერთხელ დაადასტურა ეს თავისი ცხოვრებით: უფალზე მინდობილმა დატოვა სამშობლო, ნათესავები და გაემართა ღვთისგან მითითებულ სრულიად უცხო ქვეყანაში, სადაც მრავალი განსაცდელი გამოიარა. იგი წლების განმავლობაში უდრტვინველად, რწმენითა და სასოებით ითმენდა უშვილობასაც, რაც ებრაელთა შორის ღვთის სასჯელად ითვლებოდა, ხოლო როცა, მას მოხუცებულობაში აღთქმული ძე შეეძინა, ღვთის მოთხოვნის შესაბამისად, უყოყმანოდ მიიყვანა იგი უფლის სამსხვერპლოდ. ღმერთმა მისი მორჩილება და რწმენა შეიწირა, ისააკს სიცოცხლე შეუნარჩუნა და, აბრაამის მადლით, ებრაელთა ერთ-ერთ მამათმთავრად ჰყო იგი.
ღვთისადმი ასეთი ერთგულებისა და სიყვარულისათვის კი თავად აბრაამი უფალმა ხალხების მამად გამოირჩია და დიდად განამრავლა.
როცა ისრაელიანთა ერი აბრაამისა და სხვა წინასწარმეტყველთა მიერ ნაქადაგები ღვთის გზით მიდიოდა, ყოველთვის იმარჯვებდა და ბედნიერი იყო, ხოლო როდესაც შემოქმედს ეურჩებოდა, სხვადასხვა განსაცდელში ვარდებოდა.
ღმერთი კვლავაც ასე წვრთნის თავის სამწყსოს, - ახალ ისრაელს, ქრისტიანებს, როგორც წმიდა მამები უწოდებენ, და ეს ჩვენს ისტორიაშიც ნათლად გამოვლინდა.
მაშ, გულით შევიყვაროთ უფალი და დავიცვათ მისი მცნებები, რათა ღმერთმაც შეგვიყვაროს და "რჩეულ ერად" გამოგვაჩინოს. "მოახლოვდა ძილისაგან ჩვენი გამოფხიზლების ჟამი... ახლა უფრო ახლოა ჩვენთან ხსნა... განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურველი" (რომ.13, 11-12).
აღივსენით სასოებით, არ შეუშინდეთ სირთულეებსა და განსაცდელს, ბოროტება დათრგუნულია, მას სძლია ბეთლემში შობილმა მაცხოვარმა.
ღმერთს ებარებოდეთ!
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.

შობა ქრისტესი
თბილისი, 2008 წ.

ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ღვთივკურთხეულ ქართველ ერს და ყოველთა მკვიდრთა

image
image თემა: შობა
ავტორი: ილია II

სააღდგომო ეპისტოლე - 1999

ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული

საქართველოს მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ყველა ერთგულ შვილს:

ყოვლადუსამღვდელოესნო მწყემსმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ქრისტესმიერ საყვარელნო ჩვენო ძმანო და დანო, "მარადის ხარობდეთ, ყოველთვის ილოცეთ, მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის" (I თეს. 5,16-18), რათა უფალი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენს შორის. მაშ, "იხარებდით, მართალნო, უფლისა მიერ" (ფს. 32,1).
ქრისტე აღდგა!
კონსტანტინეპოლის პატრიარქი, წმიდა პროკლე, თავის სააღდგომო სიტყვაში ამბობს: "ჯვარს აქამდე წყევლისაგან არასდროს გამოუხსნია უფლის ქმნილება; კაცობრიობის გადარჩენის საფასურად არასოდეს მიუჩნევიათ 30 ვერცხლი; უცოდველისა და უდანაშაულოს ტანჯვა არასდროს ყოფილა მიზეზი ადამის მოდგმის ბრალთა გამოსყიდვისა, საფლავს არასოდეს მიუღია სიკვდილის დამთრგუნველი... მაგრამ რას ვამბობ? ეს იყო არა საფლავი, არამედ სასახლე ქორწინებისა".
ეკლესია გვასწავლის, რომ, როგორც ჯვარცმული მაცხოვარი აღდგა მკვდრეთით განახლებული, განბრწყინვებული სხეულით, ასევე ყოველი მორწმუნის სხეულიც უკანასკნელ ჟამს ფერნაცვალი აღდგება საფლავიდან, რათა მარადიული დიდების თანაზიარი გახდეს.
აი, როგორ წერს საერთო აღდგომის შესახებ წმ. იოანე ღვთისმეტყველი: "და დააბრუნა ზღვამ მკვდრები, რომლებიც იყვნენ მასში და სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს მკვდრები, რომლებიც იყვნენ მათში. და საქმეთაებრ მათისა განისაჯა ყოველი" (გამც. 20,13).
ადამიანის მომავალ აღდგომას ტერტულიანე ადარებს წლის სხვადასხვა დროს, რომელთაგან თითოეული ატარებს ბეჭედს სიკვდილისა და შემდგომი განახლებისა. "ამის მაგალითად, - შენიშნავს იგი, - გამოდგება თუნდაც ზამთარში მცენარეთა კვდომა და გაზაფხულზე მათი გამოცოცხლება, მიწაში გახრწნა ყველა თესლისა და შემდეგ აღმოცენება მისგან შესანიშნავი, საუკეთესო ფორმებისა" ("სხეულის აღდგომის შესახებ", თავი 12).
წმიდა იოანე დამასკელი კი ასე ამბობს: "აღდგომა არის აღდგინება იმისა, ვინც დაეცა. თუ სიკვდილი სულის სხეულთან გაყრაა, მაშინ აღდგომა უეჭველად არის ხელმეორე შეერთება სულისა და სხეულისა და ხელახალი აღდგინება დაცემული და დარღვეული არსებისა" ("მართლმადიდებლური რწმენის შესახებ", თავი 4).
ამ რწმენით აღვიქვამთ ჩვენც ქრისტეს აღდგომის დიად საიდუმლოს. ამიტომაცაა, რომ ვიყრით მუხლს და გამორჩეული სიყვარულითა და რწმენით განვფენთ გულს მისი დიდების წინაშე. ეს გრძნობა უჩვეულო და არამიწიერია იმიტომ, რომ იგი მარადიულ სიტკბოებას გვაზიარებს და სრულყოფილი სიხარულით გვავსებს. სწორედ ამას სთხოვდა უფალი თავის ვედრებაში ზეციურ მამას: "გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცი მე ქვეყანისაგან. მათთვის გევედრები, წმიდაო მამაო, დაიცევ ისინი შენი სახელით" (ინ. 17; 6,9). "წმიდა ყავ ისინი ჭეშმარიტებით... რათა ჰქონდეთ მათ ჩემი სიხარული სრულად" (ინ. 17; 13,17). "მშვიდობას ჩემსას გაძლევთ თქვენ" (ინ. 14,27). "ეს გითხარით თქვენ, რათა ჩემი სიხარული თქვენში დარჩეს და სრულ იყოს თქვენი სიხარული" (ინ. 15,10).
ასე რომ, იესო ქრისტემ მოგვანიჭა სრულქმნილი მშვიდობა და სიხარული, მაგრამ თანამედროვე ადამიანი ცოდვით სავსე ცხოვრების წესის გამო თითქმის ვეღარ შეიგრძნობს, ვერ აღიქვამს ამ დიად მადლთა ცხოველისმყოფელ ძალას. მოციქული იაკობი ასე ხსნის ამ მდგომარეობას: "არა გაქვთ იმიტომ, რომ არ ითხოვთ" (იაკ. 4,1). ხოლო იმისთვის, რომ სწორად ვითხოვოთ, სწორი და მტკიცე სარწმუნოება უნდა გვქონდეს.
სულიერი თვალსაზრისით ადამიანის ცხოვრება ჯაჭვური რეაქციის მსგავსია. თუ პიროვნება დაღმართზე მიექანება, მისი ყოფა სულ უფრო მძიმდება, ერთი ცოდვა მეორეს შობს, მეორე – მესამეს და ა.შ. ძალიან დიდი ნებისყოფაა საჭირო, რომ კაცმა შეძლოს შეჩერება; ხოლო გაცილებით მეტი ძალისხმევა ჰმართებს მას, რათა დაიწყოს სულიერი კიბის საფეხურებზე ასვლა. ამ კიბის შესახებ მშვენივრად წერს ღირსი მამა მაქსიმე აღმსარებელი, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით ახლობელი იმითაც არის, რომ იგი აქ, საქართველოში გარდაიცვალა. მის დარიგებაში ვკითხულობთ: "ნამდვილ სიყვარულს ბადებს მიწიერ ვნებათაგან განთავისუფლება, უვნებობას შობს სასოება უფლისა, სასოებას – მოთმინება და სულგრძელება, მათ – ცხოვრების თავშეკავებული წესი, თავშეკავებულობას – შიში ღვთისა, შიშს კი – რწმენა შემოქმედისა" ("სიყვარულის შესახებ").
ამავე სიტყვაში იგი ასეთ რჩევას გვაძლევს: "როდესაც შენ ვინმესგან შეურაცხყოფილი ან რაღაცით დამცირებული ხარ, ეცადე, განრისხების შედეგად აღძრულ ფიქრებს განერიდო, რათა მათ სიყვარულის გრძნობას არ განგაშორონ და სიძულვილის მორევში არ დაგნთქან".
წმ. ბასილი დიდის აზრით, სულიერი წინსვლის დაწყება შეუძლებელია ლოცვისა და მარხვის გარეშე, რადგან მხოლოდ მათი საშუალებით აღიდგენს ადამიანი დაკარგულ ღვთაებრივ "სამეუფო ხატს" და გაიხსნის გზას უფალთან მიახლებისათვის.
წმ. მამა ამასთან გვაფრთხილებს, რომ ცოდვით დაცემა და განდგომა თავშეუკავებლობისაგან მომდინარეობს, რომ ერთი ცოდვა სხვა მრავალსა შობს, რომ ერთი შეხედვით მარტივი ცოდვისაგან, მაგალითად ნაყროვანებისაგან, სხვადასხვა ბიწიერი გრძნობა ღვივდება: იბინდება შინაგანი სამყარო, სულიწმიდისეული მადლი თანდათან ტოვებს ადამიანს და იგი ღრმა მჭვრეტელობისთვის (სულიერი ცხოვრებისათვის) გამოუსადეგარი ხდება.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ ყოველ საუკუნეს, ყოველ ათწლეულს და თვით ყოველ წელიწადსაც კი, მკვეთრად გამოკვეთილი ნიშნები აქვს და თვით დიდი მონდომების შემთხვევაშიც ვერ შევძლებთ მის სრულ სახეცვლილებას. ნათქვამიც არის, დრონი მეფობენ და არა მეფენიო.
მაგრამ ეკლესიამ როგორმე უნდა მიაღწიოს იმას, რომ დროებითმა განცდებმა მარადიულობა არ დაგვავიწყოს და, ამასთან, მარადიული ყოველთვის განსაზღვრავდეს დროებითს.
ძველი რომაელები ამბობდნენ: "დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად". ამ მარადცვალებად ყოფაში საზოგადოებისათვის ყველაზე მძიმე გადასატანი ყოველთვის გარდამავალი პერიოდი იყო. ჩვენი თაობა სწორედ ასეთი პერიოდის მომსწრე და მონაწილეა: ურწმუნოებისა და მონობის ხანა თავისუფლებამ და ცხოვრების ახალმა წესმა შეცვალა, მაგრამ მას ხალხი მოუმზადებელი შეხვდა. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა დღესაც არ იცის, რა არის სინამდვილეში თავისუფლება.
უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლება არ არის ყველაფრის უფლება, არამედ იგი მუდმივი თვითკონტროლი და, მისი საშუალებით, ცოდვის მონობიდან თავის დაღწევაა. მოციქული პავლე გვასწავლის, რომ მხოლოდ ღმერთში და ღმერთით შეგვიძლია ჭეშმარიტი თავისუფლების მოპოვება "თავისუფლებისათვის ხართ, ძმანო, ხმობილნი, - გვარიგებს იგი, - მაგრამ ხორციელი განცხრომისთვის ნუ მოიხმართ თავისუფლებას" (გალ. 5,13).
თავისუფლება მშვენიერია, სასურველი და ახლობელი, მაგრამ იგი ამავე დროს საშიშიცაა, რადგან თითოეულ ჩვენგანს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს; თავისუფლება ადამიანს აძლევს არჩევანის, ინიციატივის გამოჩენის, შეხედულებების შეცვლის საშუალებას... მაგრამ, ამავე დროს, პასუხსაც სთხოვს ყველა მის მოქმედებასა და გადაწყვეტილებაზე.
უფალი ბრძანებს: "შეიცნობთ ჭეშმარიტებას, და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ... ყოველი შემცოდე კი ცოდვის მონაა" (ინ. 8,32).
სამწუხაროდ, ჩვენს დროში ადამიანი სწორედ ცოდვის მსხვერპლი და მისი მსახური ხდება, რასაც იგი უგუნურებით თავისუფლებად აღიქვამს. წმ. მამები ასეთ მდგომარეობას "უმეცარ თავისუფლებას" უწოდებენ. "უმეცარი თავისუფლება, - წერს წმ. ეფრემ ასური, - არის სათავე მიწიერ ვნებათა გამრავლებისა, ხოლო მისი შედეგი უსასტიკესი მონობაა".
მართლმადიდებელ ქრისტიანთათვისაც კი ცოდვის საშიშროება მუდმივად არსებობს. იგი ჩასაფრებული კართან გვიცდის, როგორც მრისხანე გაფრთხილება სიკვდილისა, ამიტომაც სიფხიზლის მოდუნება არავის ჰმართებს.
თავისუფლებაზე საუბრისას უნებურად გვახსენდება წლები ძალადობისა და უხეში მატერიალიზმის ბატონობისა, როდესაც საქართველოს იძულებით ჩამოართვეს პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ხოლო ჩვენს ეკლესიას – ავტოკეფალია; გარეშე ძალები ყოველნაირად ცდილობდნენ ქართველი კაცისთვის დაევიწყებინათ მშობლიური ენა, კულტურა, საუკუნოვანი ტრადიციები...
შემდეგ მოხდა რევოლუცია და ხალხის და ეკლესიის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ასობით და ათასობით ტაძარი და მონასტერი დახურეს და დაანგრიეს. ათასობით ერისკაცი და სასულიერო პირი აწამეს და გადაასახლეს... საზოგადოება დაყვეს ფენებად და ყველას მკაცრი კონტროლი დაუწესეს; ამასთან, ადამიანში პირადი ინიციატივა ჩაკლეს და მას მხოლოდ ე.წ. გენერალური გეგმის ბრმა შემსრულებლის ფუნქცია დაუტოვეს. ყველაფერი მიმართეს იქითკენ, რომ დაემცირებინათ და სახე დაეკარგვინებინათ პიროვნებისათვის, რათა მას მხოლოდ არსებობა მიეჩნია ყველაზე დიდ ბედნიერებად.
ეკლესია გამოყვეს სახელმწიფოსგან და, შეიძლება ითქვას, საზოგადოებისგანაც. მას აუკრძალეს საქველმოქმედო საქმიანობა და სოციალურ პროგრამებში მონაწილეობა. სასულიერო პირებს უფლება არ ჰქონდათ დაეარსებინათ უდედმამო ბავშვთა სახლები, სკოლები, საავადმყოფოები, უფლება არ ჰქონდათ დახმარებოდნენ გაჭირვებულებს.
მართალია, მეოცე საუკუნის დასასრული აღინიშნა ტოტალიტარული რეჟიმის დამხობითა და ახალი ცხოვრების დაწყებით, მაგრამ სერიოზული გართულებები ამასაც მოჰყვა. გარდაქმნის მოთავეებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ ყველაზე ძნელი ხალხის აზროვნებისა და თვითშეგნების შეცვლა იქნებოდა.
ამიტომაც აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ დღეს მაინც შეიმუშაოს ახალი აზროვნების ისეთი პრინციპები, სადაც უმთავრესი ყურადღება ცალკეულ პიროვნებებს, მათ ყოველდღიურ სატკივარს დაეთმობა, შემდეგ კი გათვალისწინებლი იქნება საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესები.
არადა ახლა რა გამოდის?
ადამიანებს, რომლებიც ათწლეულების მანძილზე მექანიკურად ასრულებდნენ სხვათა მითითებებს, ახლა ეუბნებიან, თქვენ თავისუფალი ხართ და გეგმაც და საქმიანობაც სურვილისამებრ აირჩიეთო. მათ კი არ იციან, როგორ მოიქცნენ, როგორ ისარგებლონ ამ თავისუფლებით. პოლიტიკურ-ეკონომიკური და არსებობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემით გარემოცულთ ორიენტირი საერთოდ დაეკარგათ.
მოსახლეობის დაუსაქმებელი ნაწილი ფაქტობრივად განწირულ მდგომარეობაშია. მას წაერთვა იმედი მომავლისა და მისტირის წარსულს – სულიერი, ფიზიკური თუ ინტელექტუალური უძრაობის ხანას და თავისუფლებაც აღარაფრად უღირს.
ზოგიერთებს ნერვული სისტემა იმდენად გადაეღალათ, რომ გამოსავალს თვითმკვლელობაშიღა ხედავენ. ის კი არ იციან, ან ავიწყდებათ, რომ ამით თავს საშინელი მარადიული სატანჯველისთვის იმეტებენ.
მე მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ თვითმკვლელთ (სულით ავადმყოფთა გარდა) უკვე ვეღარავინ უშველის, მათთვის ლოცვაც კი აკრძალულია, რადგან ისინი ამ ნაბიჯის გადადგმით თავიანთი ნებით სულს მარადიული მონობისათვის ეშმაკს აბარებენ.
მაშ, რა ვქნათ? დავბრუნდეთ უკან, კომუნისტური ცხოვრებისა და აზროვნების წესისკენ? ამის მოსურნენი არიან, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც. – არა, ეს დაუშვებელია; იგი ჩვენთვის განვლილი ეტაპია, გუშინდელი დღეა.
ჩვენი ხალხის მდგომარეობა ზოგჯერ ძალიან ჰგავს იმ ებრაელთა სულისკვეთებას, რომელნიც აყვედრებდნენ და განიკითხავდნენ მოსე წინასწარმეტყველს, ეგვიპტიდან მათი გამოყვანის გამო. ისინი ამბობდნენ: "ვინ გვაჭმევს ხორცს? გვაგონდება თევზი, მუქთად რომ ვჭამდით ეგვიპტეში, კიტრები, ნესვები, პრასი, ხახვი და ნიორი. ახლა კი სული გვძვრება, არაფერია მანანის გარდა" (რიცხ. 11,4-6).
უდაბნოში მიმავალ ებრაელებს დაავიწყდათ მონობა, ახსოვდათ მხოლოდ საჭმელი და ამიტომაც სურდათ ეგვიპტეში დაბრუნება! ისინი უკვე უარს ამბობდნენ თავისუფლებაზე და ტყვეობაში ყოფნას ამჯობინებდნენ. მაგრამ უფალმა მაინც შეიწყალა თავისი ერი, არ დააბრუნა ეგვიპტეში და მრავალი განსაცდელის შემდეგ აღთქმულ მიწაზე მიიყვანა.
ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ "ეგვიპტეში" უკან დასაბრუნებელი გზა აღარც ჩვენთვის არსებობს, რომ ღმერთმა მოგვანიჭა თავისუფლება და ვალდებულნი ვართ, ვისწავლოთ თავისუფალ მოქალაქეთა მსგავსად აზროვნება და მოქმედება. ამასთან უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ გაქცევა თავისუფლებისაგან არის გაქცევა ღვთისაგან, რადგან უფალი სულია, ხოლო სადაც არის სული უფლისა, იქვეა თავისუფლება (2 კორინ. 3,17).
საკითხავი ერთია ოღონდ – მივდივართ კი ჩვენ "აღთქმული ქვეყნისა" და ნამდვილი თავისუფლებისაკენ?
ნათელია, რომ მეტად რთულ დროში გვიწევს ცხოვრება. მატერიალურ სიდუხჭირეს ისიც დაემატა, რომ ეს არის ხანა მარადიული ღირებულებების რყევისა და მსხვრევისა. ხდება გაუფასურება საუკუნოვანი ტრადიციებისა და ცხოვრების წესისა, ინგრევა იერარქიული რიგი... ანუ ის, რასაც ეფუძნებოდა საზოგადოებრივი წყობა.
წარსულის სიკეთენი უგულვებელ იყოფა და მის ადგილს იკავებს ახალი, სამწუხაროდ, უარყოფითი ტენდენციები, რაც თავისუფლებას დიდი ეჭვის ქვეშ აყენებს. წმიდა ისააკ ასური ამბობს: "არასრულყოფილ საუკუნეში თავისუფლება, თანაც სრულყოფილი, არ არსებობს". და მართლაც, განა შეიძლება ჭეშმარიტ თავისუფლებაზე საუბარი იქ, სადაც უარს ამბობენ ზნეობრივ ცხოვრებაზე და მის ნაცვლად პროპაგანდა ეწევა პრინციპს "ყველაფერი ნებადართულია". ნუთუ ნორმალური ყოფა ეთქმის იმ გარემოს, სადაც ადამიანის კატასტროფული სულიერი დაცემის პროცესს თავისუფლებისაკენ სწრაფვად სახელდებენ და საშინელი ცოდვის მონობას ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობად აცხადებენ?!
ამიტომაც არის, რომ ყველზე ძვირფასმა – ადამიანის სიცოცხლემაც კი დაკარგა ფასი.
რა არის მიზეზი ამ საშინელი გადაგვარებისა?
პასუხი მხოლოდ ერთია – ჩვენ ვცხოვრობთ სულიერი, კულტურული და ზნეობრივი კრიზისის პერიოდში. რამდენ ხანს გასტანს იგი, ძნელი სათქმელია; ყველაფერი მაინც ისევ ჩვენზეა დამოკიდებული.
ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ მოვესწარით დასაწყისს. სულ მალე იესო ქრისტეს შობის 2000 წლისთავთან ერთად ჩვენი ხალხი იზეიმებს სახელმწიფობრიობის 3000 წლისთავს, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 და საქართველოს ეკლესიისთვის დამოუკიდებლობის მინიჭებიდან 1500 წლისთავს.
როდესაც 2000 წლის ქრისტიანული ცხოვრების გადასახედიდან ვუყურებთ ჩვენი ქვეყნის წარსულს, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, აწმყოსა და მომავლის წინაშე.
საქართველო ხომ ძველი თვითმყოფადი ტრადიციებისა და კულტურის ქვეყანაა, ამან გადაგვარჩინა და განაპირობა ჩვენი ინდივიდუალური სახის შენარჩუნება. აი, ამ ტრადიციებს უნდა მივყვეთ კვლავაც.
ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ნაჭუჭში ჩავიკეტოთ და მხოლოდ ჩვენს ინტერესებზე ვიფიქროთ. საქართველო აბრეშუმის დიდი გზის ქვეყანაცაა და ამიტომაც ოდითგანვე გავლენას განვიცდიდით როგორც დასავლეთიდან, ასევე აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდანაც.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, კომპიუტერი (ინტერნეტი)... ახალ ნოყიერ ნიადაგს ქმნიან მსოფლიო კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგისთვის. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მას მრავალი უარყოფითი მხარეც ახლავს, ამიტომაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჩვენმა ინტელიგენციამ, ჩვენმა ხალხმა და ეკლესიამ ღრმად უნდა გააანალიზონ, რისი მიღება შეიძლება და რისი – არა.
ჯერ კიდევ ანტიკურ დროში ფილოსოფოსი პლატონი სახელმწიფო მოღვაწეთათვის ფილოსოფიურ-ანალიტიკური აზროვნების აუცილებლობის შესახებ წერდა: "ვიდრე სახელმწიფოში ხელისუფალნი არ იქნებიან ფილოსოფოსები, ვიდრე მეფენი და მმართველნი კეთილშობილურად და ღრმად არ იფილოსოფოსებენ და ვიდრე სახელმწიფო ხელისუფლება და ფილოსოფია არ გაერთიანდება, სახელმწიფო ბოროტებისგან ვერ გათავისუფლდება" ("სახელმწიფო"). ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია.
მე ჩვენი დროის ერთ-ერთი ცნობილი ფსიქოლოგის ნათქვამიც მინდა შეგახსენოთ: "ადამიანი სუფთა ფურცელი არ არის, რომელზეც ამა თუ იმ კულტურისათვის სასურველ ნიშნებს დაწერ. მას შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს მისთვის მიუღებელი სოციალური თუ კულტურული სისტემების ძლიერ ზეგავლენასაც კი".
ასე რომ, თუ მოვინდომებთ, თითოეულ ჩვენგანს შესწევს ძალა, დაიცვას თავისი თავი, თავისი გარემო და საუკუნეობით განმტკიცებული ჩვენი სულიერ-კულტურული ღირებულებანი.
ზოგჯერ ადამიანები ფიქრობენ, რომ ის იდეოლოგია, რასაც ხელისუფლება ნერგავს თავის ხალხში, აუცილებელია და სწორი. ეს ყოველთვის ასე არ არის. გავიხსენოთ თუნდაც საბჭოთა იდეოლოგია, ანდა იდეოლოგია ნაცისტური გერმანიისა. ამ სახელმწიფოთა დაშლისთანავე გაუფასურდა მათი იდეებიც. ამიტომ მე ხაზს ვუსვამ და თქვენს ყურადღებას ვამახვილებ საუკუნეებგამოვლილ ტრადიციებზე; ებრაული სიბრძნე გვასწავლის: "მე თუ ჩემი თავისთვის არა ვარ, მაშინ ვინ ვარ მე? და თუ ახლა არა, მაშინ როდისღა?"
მართლაც, ვერავინ გააკეთებს იმას, რაც შენ შენი თავისთვის უნდა გააკეთო, მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა შემოიფარგლო მხოლოდ საკუთარი ინტერესებით, რადგან ეგოიზმი დამღუპველია და არა აქვს მომავალი. იმას, რის გაკეთებასაც შენ დღეს მოასწრებ, ნუ გადადებ ხვალისთვის. ის დღე დაკარგულად ჩათვალე, როცა ვერ შეძლებ სიკეთის ქმნას; და თუ გსურს, იყო ბედნიერი, გახსოვდეს, უანგარო კეთილ საქმეთა გარეშე მას ვერ მოიპოვებ.
ეს სწავლება ხომ ჭეშმარიტებაა, ამიტომაც გაუძლო მან საუკუნეებს და დღესაც თითოეული ადამიანისთვის ცხოვრების პროგრამად და იდეოლოგიად შეიძლება ჩაითვალოს.
თვითონ სიტყვა "იდეოლოგია" ბერძნულია და ნიშნავს იდეების შესახებ სწავლებას. იდეოლოგია ისეთი "ფილოსოფიური მიმდინარეობაა, რომელიც ცდილობს, დააწესოს აღზრდის, ეთიკის და პოლიტიკის მისთვის დამახასიათებელი წესები" ("ფილოსოფიური ლექსიკონი", რედ. შმიდტი). საკითხავია, რამდენად სწორ არჩევანს გააკეთებს მმართველი ძალა, ანუ რა საძირკველს დაეყრდნობა ზემოაღნიშნული პრაქტიკული წესები – იქნება იგი ჭეშმარიტ ღირებულებებზე დაფუძნებული თუ ყალბ ლოზუნგებზე აგებული?
ყოველ ადამიანს, ყოველ ქვეყანას უფლისგან თავისი ჯვარი და გზა აქვს მიცემული. მთავარია, მან არ გადაუხვიოს იმ ბილიკს, რომელიც მას ღმერთამდე მიიყვანს.
ჩვენ შეიძლება განსხვავებული სურვილები გვქონდეს, განსხვავებული იყოს ჩვენი აზრები, მაგრამ სამართლიანობა, ღრმა ანალიზის უნარი და სიყვარული მუდამ უნდა იყოს ჩვენი თანამდევი, ესაა საფუძველი მშვიდობისა და ურთიერთგაგებისა როგორც ცალკეულ პიროვნებებს, ისე ხალხებს შორის.
და თუ ჭეშმარიტი რწმენით, სასოებითა და სიყვარულით შევიმოსებით და მივენდობით უფალს, ყველანაირ განსაცდელს გავუძლებთ და გავიმარჯვებთ.
აბბა პალადის ასეთი ისტორია აქვს მოთხრობილი: ეს მოხდა ეგვიპტეში, ქრისტიანობის გარიჟრაჟზე; ერთი მოხუცი წარმართი დაიჭირეს მკვლელობის გამო. ცემისას მან ცილი დასწამა და თავის თანამზრახველად დაასახელა ერთი ახალგაზრდაც. ორივეს საშინელი სატანჯველით სიკვდილი – ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. ახალგაზრდის ყოველნაირმა მცდელობამ, დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა, შედეგი ვერ გამოიღო.
დასჯის ადგილზე ხალხი მრავლად შეიკრიბა. ჯერ ყმაწვილის გაყვანა ჰქონდათ გადაწყვეტილი, მერე კი მოხუცებულისა. ბედს შეგუებული ყმაწვილი იმასღა ითხოვდა, პირით აღმოსავლეთისაკენ ჩამოეკიდებინათ, რათა სიკვდილის წინ ლოცვა შეძლებოდა.
როცა ჰკითხეს, - რატომ აღმოსავლეთისკენო, - უპასუხა, რომ ჯერ შვიდი თვეც არ იყო გასული, რაც ღირსი გახდა წმ. ნათლობის მიღებისა და მთელი გულით ნანობდა, რომ ვერ მოასწრო ღვთისსათნო ცხოვრება. ამ სიტყვებმა იმოქმედა მეომრებზე, მათ გადაწყვიტეს, შეესრულებინათ მისი თხოვნა და თანაც ახალგაზრდის ნაცვლად პირველად წარმართი მოხუცის დასჯა გადაწყვიტეს. განაჩენგამოტანილი მოხუცი გაბოროტდა და ღვთისმგმობელმა აღსასრულის წინ წარმართული სამსხვერპლოსაკენ ისურვა ყურება. როდესაც მოხუცის განაჩენი აღსრულდა, მეომრები ახლა ახალგაზრდისაკენ გაემართნენ. ამ დროს სასწაული მოხდა – მისმა გულმხურვალე ლოცვამ შედეგი გამოიღო. უცებ გამოჩნდა ცხენზე ამხედრებული კაცი – ეგვიპტის გამგებლის წარმომადგენელი, ხელში ბარათით, სადაც ეწერა: "ყმაწვილი არ აწამოთ, არამედ უკან დააბრუნეთ". ახალგაზრდა წარუდგინეს ბარათის გამომგზავნს, რომელმაც იგი საერთოდ გაათავისუფლა. ამ საოცარი წყალობის გამო, ღვთისადმი უსაზღვრო მადლიერების გრძნობით აღვსილი ახალგაზრდა ბერად აღიკვეცა და სიცოცხლე ღვთისსათნო ცხოვრებით განვლო ("სულიერი მდელო", გვ. 87).
გულწრფელ მხურვალე ლოცვას ასეთი დიდი ძალა აქვს. ამიტომაც თითოეულმა თქვენთაგანმა ყოველდღიურად სასოებით უნდა შესთხოვოთ უფალს თქვენი თავის, თქვენი ოჯახისა და ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და კეთილწარმატებისათვის, რათა ადამის მოდგმისთვის ხსნისა და განახლების მომნიჭებელმა მაცხოვარმა მოწყალებით გადმოხედოს საქართველოს და მკვიდრთა მას შინა. უფალმა დალოცოს და დაამშვიდოს ჩვენი ერი, დღეგრძელობით, სიხარულითა და კეთილდღეობით გაკურთხოთ და გაგიხსნათ გზა მარადიული ცხოვრებისა და უკვდავებისაკენ.
ღვთაებრივი სიხარულით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ წმიდა პასექის დღესასწაულს, იხარეთ!
ჯოჯოხეთის დამთრგუნველი და სიკვდილის შემმუსრველი
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!
"მადლობა ღმერთს, რომელმაც მოგვცა ჩვენ ძლევა" (Iკორ. 15,57).
პასექი ქრისტესი,
11 აპრილი, 1999 წ. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული< =>საქართველოს


სააღდგომო ეპისტოლე - 2007

მართლმადიდებლობა ქართველი ერის ისტორიული არჩევანია

"ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა" (აღდგომის საგალობელი).

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო, ზეციური სიხარულით აღვსილი გულითადად გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
ქრისტე აღდგა!
ჰოი, დიდებულო პასექო ქრისტესო, მომნიჭებელო სიხარულისაო, განმაახლებელო სულისა, გულისა და გონებისა ჩვენისაო, დაადგერ ჩუენთანა, რათა გიცნათ შენ, უფალო, ვითარცა ერთადერთი გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.
მაშ, განვიწმიდოთ ბოროტებისაგან და მივეახლოთ დაუღამებელ ნათელს, "რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად" და გვყოფს მეცნიერად კეთილისა და ბოროტისა.
უფალო ჩვენო, იესო ქრისტე, გუშინ ვგლოვობდით ვნებასა და ჯვარცმასა შენსა, დღეს კი – ვზეიმობთ სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველსა აღდგომასა შენსა;
ჰოი, ბოროტებავ, უძლურია ძალა შენი წინაშე ღვთისა!
ადამის მოდგმავ, დაცემულო, მაგრამ უფლის მადლით წარწყმედისაგან ხსნილო, გიხაროდენ,
ქრისტე აღდგა!
"სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი! აღდგა ქრისტე და დაირღვი შენ; აღდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი; აღდგა ქრისტე და ცხორებაი მოქალაქობს; აღდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა; აღდგა ქრისტე მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა" (წმიდა იოანე ოქროპირი).
დაე, აღდგომილი მაცხოვრის მაცხოვნებელი მადლი მოეფინოს სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს!
როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ღმერთმა ადამიანი შექმნა "ხატად და მსგავსად თვისსა" და მას, სხვა მრავალ ნიჭთან ერთად, თავისი ერთ-ერთი უმთავრესი თვისება – თავისუფლებაც უბოძა, ანუ შესაძლებლობა არჩევანისა – იყოს ღმერთთან, ან იცხოვროს მის გარეშე. არჩევნის შესაძლებლობა ანგელოზთა ცხრავე დასსაც ჰქონდა მინიჭებული.
უფლის ერთ-ერთმა უპირველესმა ანგელოზმა, თავის მიმყოლ დასთან ერთად, ამპარტავნების ცოდვის გამო ღვთის გარეშე არსებობა მოინდომა, რამაც მათი დიდი დაცემა და ბუნების სრული სახეცვლილება გამოიწვია, - უფლისაგან ბოძებული ყველა სათნოება მათ თავიანთი ნებით დაკარგეს და იქცნენ ღვთისმბრძოლ არსებებად, რითაც საშინელი მარადიული ხვედრი განუწესეს საკუთარ თავს.
არსობრივად იგივე შეცდომა დაუშვეს პირველქმნილმა ადამმა და ევამაც. მათაც ამპარტავნების ცოდვის გამო განიზრახეს ღვთის მსგავსნი გამხდარიყვნენ და მიუხედავად უფლის გაფრთხილებისა, მაინც შეჭამეს აკრძალული ხის ნაყოფი, რასაც მოყვა მათი გულის, სულისა და გონების შინაგანი ერთობის სრული დარღვევა, სიწმინდის შებღალვა და ღმერთთან კავშირის გაწყვეტა.
მაგრამ ადამის მოდგმას, დაცემულ ანგელოზთაგან განსხვავებით, მიეცა შესაძლებლობა სულის ხორცში ყოფნის გამო (ამქვეყნად ხორციელად მყოფობის ჟამს), გამოესყიდა დანაშაული და მაცხოვრის მსხვერპლშეწირული სიყვარულის მადლით, გულწრფელი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ცოდვათაგან გათავისუფლებული კვლავ ძველ დიდებას დაბრუნებოდა.
აი, ამისი საშუალება მისცა ძე ღვთისამ და ძე კაცისამ ადამის მოდგმას თავისი ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით.
დღეს ჩვენ სწორედ ამას ვზეიმობთ და რაკი იესო ქრისტე მთელი კაცობრიობისათვის ეწამა, აღდგომის დღესასწაული ნებისმიერი ადამიანისათვის ყველაზე დიდი სიხარულის მომნიჭებელი ზეიმია, იგია ღმერთთან შერიგებისა და თითოეული ჩვენგანისათვის სასუფევლის დამკვიდრების შესაძლებლობის დადასტურება.
და რა შეიძლება იყოს კაცთათვის ამაზე მნიშვნელოვანი და სანატრელი?!
მაგრამ როგორც ედემში, აქ, ამ წუთისოფელშიც, ადამიანს მიცემული აქვს თავისუფალი ნება და თითოეულმა ჩვენგანმა პირადად უნდა აირჩიოს, მარადიული ნეტარების მოპოვება სურს, თუ ცოდვის მონობა, რომლის შედეგიც მარადიული სატანჯველია.
ადამიანი ყოველ წუთს, ყოველ წამს დგას არჩევანის წინაშე – გაიმარჯვოს საკუთარ თავზე, თავის დაცემულ ბუნებაზე, თუ კიდევ უფრო დაიმძიმოს მდგომარეობა და წარწყმედისაკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძოს.
უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ცოდვის სხვადასხვა სახე: ზოგი შედარებით მსუბუქია, ზოგიც – იმდენად მძიმე, რომ სულიერ სიკვდილს იწვევს. ყველაზე საშინელი კი – სულიწმინდის გმობაა.
ზოგჯერ ადამიანი გულს იმშვიდებს, მცირე დანაშაული მაქვს და ღმერთი მაპატიებსო, მაგრამ ჩვენი ცოდვები, მსუბუქიც რომ იყოს, თუკი ისინი მრავლად გვაქვს, საგრძნობლად დააზიანებს ჩვენს შინაგან სამყაროს. ერთი მუჭა სილა წონით უმნიშვნელოა, მაგრამ სილით სავსე ტომარა – სატარებლად მძიმე.
ის, ვინც კლავს, ვინც ქურდობს, ვინც მრუშობს, ვინც ნარკოტიკებს იღებს და სხვა მძიმე დანაშაულზეც არ ამბობს უარს, მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის; მათ შესახებ წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: "კერპთმსახურება, მწამვლელობა, მტრობა, შუღლი, შური, მრისხანება, განხეთქილება, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ლირწება" და სხვა მისთანათა მოქმედნი სასუფეველს ღვთისას ვერ დაიმკვიდრებენ (გალ. 5. 20-21).
არიან ორმაგი სტანდარტებით მცხოვრები პიროვნებებიც, რომლებიც უშუალოდ თვითონ მომაკვდინებელ ცოდვებს ერიდებიან, მაგრამ უზნეო გზით, ან სხვათა ტანჯვა-წამების ხარჯზე მოპოვებული შემოსავლით ცხოვრობენ, რითაც უდიდეს სასჯელს უმზადებენ საკუთარ თავს.
სულიწმინდის გმობის ცოდვაში იმყოფებიან უღმერთონი – ათეისტები და თვითმკვლელნი (შეურაცხადთა გარდა), ღმერთის შესახებ მწვალებლური სწავლების დამნერგველნი და საერთოდ, ის ადამიანები, რომელნიც ნებისმიერი ცოდვის, მითუმეტეს მომაკვდინებელი დანაშაულის, ცხოვრების წესად დამკვიდრების მოთავენი ან ხელშემწყობნი არიან.
ისინი უნდა აცნობიერებდნენ, რომ ანტიქრისტეს სწავლებას ავრცელებენ, რაც მათ ღვთისმგმობ და სულიწმინდის მოწინააღმდეგე ძალად აქცევს: "ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ მათ" (მთ. 12, 31). "და ვინც აცდუნებს ერთ მცირედთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ კისერზე და ზღვის უფსკრულში დანთქან" (მთ. 18,6).
ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. იგი შეიძლება ზეცამდეც ამაღლდეს და შეიძლება ქვესკნელამდეც დაეცეს, მაგრამ ყველაზე ცოდვილმა კაცმაც უნდა იცოდეს, რომ ფეხზე წამოდგომა შესაძლებელია და ამიტომ უფლის შეწევნით, გამოსწორების იმედი არ უნდა დაკარგოს. ამის საწინდარი კი არის ის, რომ ადამიანში არ კვდება სინდისი (მას ღვთის ხმასაც უწოდებენ) და ეს გრძნობა ყოველთვის მიახვედრებს მას, სწორად იქცევა თუ არა.
რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ბრძანებს, რომ წარმართებსაც კი "რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და მათი აზრები, რომლებიც ხან ბრალს სდებენ და ხან ამართლებენ ერთი-მეორეს" (რომ. 2,15).
სწორედ სინდისი აღძრავს ჩვენში სინანულის გრძნობას და აღსარების მადლით იწყება პიროვნების განწმენდის პროცესი. რაც უფრო ძლიერია სინდისის ხმა და ადამიანი უსმენს მას, მით უფრო ნაკლებ შეცდომებს უშვებს იგი.
რა არის ამქვეყნად ჩვენი მთავარი დანიშნულება?
მორწმუნეთა პასუხი ასეთია: ადამიანის ნებისა და ღვთის ნების თანხვედრა, მათი შერწყმა, ანუ სინერგია, რათა პიროვნება ღვთის ნების აღმსრულებელი გახდეს და მაცხოვართან თანაზიარებით სულიერად გადარჩეს. ამისი შესაძლებლობა ყველას აქვს: ხელისუფალს და მეცნიერს, მიწის მუშაკს და დამლაგებელს, ექიმსა და წარმოების ხელმძღვანელს, ჯარისკაცს, მოსწავლეს და სტუდენტს, მდიდარს და ღარიბს, მოხუცსა და ახალგაზრდას. მთავარია მან შეიცნოს ჭეშმარიტება და თავისი სულიერი და ფიზიკური შრომით სათნო ეყოს უფალს.
ასევე, ყველას აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ აქვე, ამქვეყნად, მოიპოვოს ისეთი სიწმინდე, რომ განიღმრთოს და მასზეც განცხადდეს მაცხოვრის სიტყვები: "აჰა, სასუფეველი ღმრთისა შორის თქვენსა არს" (ლუკ. 17, 21).
სხვებისათვის კი სიცოცხლის მთავარი აზრი მიწიერი ცხოვრებიდან მაქსიმალური სიამოვნების მიღებაშია, რადგან არა სწამთ სიკვდილის შემდგომი სიცოცხლისა, არა სწამთ ღვთისა და ბუნებრივიცაა, რომ ასეთი აზროვნების გამო თავს ერთგვარად თავიანთი მოთხოვნილებებისა და ინსტინქტების დაკმაყოფილების უფლებას აძლევენ; და ეკარგებათ განცდა მეგობრობის, ერთგულების, თავდადების, მოწყალებისა და თვით სამშობლოს სიყვარულისაც... ასეთი ადამიანისათვის არ შეიძლება არსებობდეს რაიმე ამაღლებული გრძნობა და ღირსება, რადგან მისთვის ყველაფერი წარმავალია, ყველაფერს ეგო-ს, "მეს" პრინციპით საზღვრავს და შეძლებისდაგვარად თავისი მიწიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ცდილობს, თვლის რა, რომ გარდაცვალებით ყველაფერი მთავრდება.
ჩვენს საზოგადოებაში ასეთი აზროვნების დამკვიდრებას ხელი 70 წლიანმა ათეისტურმა რეჟიმმა შეუწყო, თუმცა ქართველი ადამიანი ბუნებით საოცრად ღვთისმოსავია და ამიტომაც მოხდა მოკლე დროში სარწმუნოებისაკენ ერის შემობრუნება, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდს დაემთხვა. ეს პროცესი კი მრავალ განსაცდელთან იყო დაკავშირებული. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ დამოუკიდებლობა-აღდგენილი საქართველოს I პრეზიდენტი გარდაცვალებიდან 14 წლის შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ მიწას. ჩვენ ამჟამადაც გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით. ახლა ყალიბდება საქართვლოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, და ჩვენი საზოგადოების ღირებულებათა სისტემა. კომუნისტური რეჟიმის დროს არ არსებობდა დამოუკიდებელი საზოგადოება და იგი პარტიული იდეოლოგიით იმართებოდა, ხოლო დემოკრატიული მმართველობისას თვითონ საზოგადოების და პიროვნების პრინციპებსა და ძალისხმევაზეა დამოკიდებული, როგორ გარემოში მოუწევთ მათ ცხოვრება.
ასე რომ, არჩევანი კვლავ ჩვენი გასაკეთებელია.
პიროვნების მსგავსად, ამა თუ იმ ერისა და კულტურების ხვედრსაც მათი არჩევანი განაპირობებს და ამაში ყველა თანსწორი და თანაბარუფლებიანია.
ქართველი ერი, უძველესი ქართული ენა, სათავეს პრეისტორიული ხანიდან იღებს.
ის, რომ ჩვენ დღემდე მოვაღწიეთ ჩვენი ცხოვრების წესითა და ტრადიციებით, ჩვენი წინაპრების ღვთისსათნო არჩევანის შედეგია.
მოციქულთა მიერ ნაქადაგები ქრისტიანობის აღიარებამ სხვადასხვა ქართველური ტომი ერთი რწმენით, ერთი ენით, ერთი კულტურით ერთიან ქართველ ერად შეადუღაბა და უნიკალური, თვითმყოფადი და მრავალფეროვანი ქართული ცივილიზაცია შექმნა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ზოგადქრისტიანული კულტურის განვითარებაში;
საზღვარგარეთ ქართველებმა ადრეული საუკუნეებიდანვე განამრავლეს კულტურულ-საგანმანათლებლო კერები. უკვე V საუკუნიდან იერუსალიმის მახლობლად არსებობს პეტრე იბერისა და მისი მასწავლებლის, იოანე ლაზის მიერ შექმნილი სამონასტრო სავანე, რომელიც ლაზთა მონასტრის სახელით არის ცნობილი. გარდა ამისა, ქართველები წმიდა მიწაზე 40-ზე მეტ ტაძარს ფლობდნენ; ჩვენ მონასტრები გვქონდა, აგრეთვე, კონსტანტინოპოლში, ეგვიპტეში, კვიპროსზე, საბერძნეთში, ბულგარეთში... რაც მაშინდელ მსოფლიო ცივილიზაციასთან აქტიური ურთიერთობის საშუალებას გვაძლევდა და ეროვნული კულტურის ჩამოყალიბებაშიც გვეხმარებოდა.
უნდა ითქვას, რომ წელს ჩვენს ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეს, - მცხეთის ჯვრის მონასტერს, 1400 წელი უსრულდება და ეს თარიღი იუნესკოს მიერაც აღინიშნება. მისი სრული ანალოგიითაა აშენებული მარტვილის VII საუკუნის ეკლესია, რომელიც დღესაც ჭყონდიდელ ეპისკოპოსთა საკათედრო ტაძარია. იგი უმნიშვნელოვანეს სულიერ და პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში.
ათასწლეულების მანძილზე ჩვენი ერი მტერთან გამუდმებულ ომებში მხოლოდ ღვთის იმედით იყო, რადგან არც სხვათა მსგავსად გვყავდა სადმე თანამოძმე ან მუდმივი სტრატეგიული მოკავშირე და არც მრავალრიცხოვანი და ეკონომიკურად შეძლებული დიასპორა გვიმაგრებდა ოდესმე ზურგს.
მიუხედავად ამისა, XIX ს-მდე სუვერენული სახელმწიფოებრივი მმართველობა და ეკლესიის ავტოკეფალია შევინარჩუნეთ და რუსეთის იმპერიის მიერ 106 წლის მანძილზე უკანონოდ გაუქმებული ეკლესიის დამოუკიდებლობა საერო და სასულიერო პირების ძალისხმევით 90 წლის წინ აღვიდგინეთ, რამაც დიდი სტიმული მისცა ქართველ ერს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.
საერთოდ, ქართული სამყარო ძირითადად მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შექმნა და დაიცვა. მართლმადიდებლობა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. იგია ჩვენი ცნობიერებისა და ცხოვრების წესის საფუძველი და სავსებით ლოგიკურია, რომ დღესაც ჩვენი სახელმწიფოს ატრიბუტიკაში ქრისტიანული სიმბოლიკა დომინირებს: ხუთი ჯვარი მაცხოვრის ხუთ ჭრილობაზე მიუთითებს. ქვეყნის უმაღლესი სამართლებრივი დოკუმენტი – კონსტიტუცია კი მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებულ იურიდიულ და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ სტატუსს ანიჭებს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს და მისი ხალხის ნების გამოხატულებაა.
"არა გეცრუვნეთ შენ, სიწმინდით მშობელო ჩვენო კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო, მართლმადიდებლობაო", - ასეთი იყო დავით აღმაშენებლის საქართველოს სულისკვეთება; სულისკვეთება იმ მეფისა, რომელმაც ღმრთის შემწეობით შეძლო ჩვენი სამშობლო ყველა დროის ქართველისათვის საოცნებო სახელმწიფოდ ექცია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ დავითის საქართველოში მშვიდობიანად ეცხოვრათ მუსულმანებს, ებრაელებს, სომხებს და სხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებს.
შემწყნარებლობა დღესაც ჩვენი უმთავრესი თვისებაა, - ესაა ჩვენი არჩევანი.
სწორედ ჩვენი რაინდული და ტოლერანტული ბუნების გამო იყო, რომ მიუხედავად დაპირისპირებისა და ომებისა, ქართველები ყოველთვის დიდი პატივით სარგებლობდნენ არაბების, სპარსელების, მონღოლების, ოსმალების... პოლიტიკურ წრეებში. იგივე იყო მიზეზი იმისაც, რომ წმიდა მიწაზე მუსულმანთა გაბატონების შემდეგ, XIII-XIV საუკუნეებში, იერუსალიმის მაჰმადიანი მმართველები ქრისტიანთაგან მხოლოდ ქართველებს აძლევდნენ უფლებას, გაშლილი დროშებით, ცხენზე ამხედრებულნი, ბაჟის გადაუხდელად შესულიყვნენ წმიდა ქალაქში და მაცხოვრის საფლავის კლიტეთა მფლობელნიც ყოფილიყვნენ. ჩვენ ეს პატივი ომით არ მოგვიპოვებია. იგი იყო ქართული დიპლომატიის შედეგი, რასაც საეკლესიო ურთიერთობებიც განაპირობებდა.
სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ეკლესია დღესაც ცდილობს, შეასრულოს ე.წ. "სახალხო დიპლომატის" მისია და იყოს მშვიდობის დესპანი იმ რთულ სიტუაციებში, რომელშიც საქართველოს თანამედროვე პირობებში უწვეს ყოფნა.
ამით იყო განპირობებული ჩვენი ჩასვლა მოსკოვში. ეს არის მიზეზი არაბულ ქვეყნებში ჩვენი მომავალი ვიზიტისაც. რელიგიურ ლიდერებთან ღია და გულთბილი შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობაშიც ანალოგიურ დამოკიდებულებას იწვევს და მათში საქართველოსადმი კეთილგანწყობა ჩნდება.
ყველასათვის მიუღებელია, რომ პოლიტიკური დაძაბულობა გადაიზარდოს ხალხებს შორის მტრობაში, განსაკუთრებით კი რელიგიურ დაპირისპირებაში, რადგან იგი პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან შედარებით ძნელად გამოსასწორებელია და ჩვენც ვცდილობთ ეს თავიდან ავიცილოთ.
მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს რომ არ ჩამოვრჩეთ, საჭიროა ინფორმაციის ფლობა და ანალიტიკური აზროვნება, მითუმეტეს, დიდი სახელმწიფოების დაინტერესების სფეროში მყოფი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა.
ამიტომაც ანალიტიკური აზროვნება საჭიროა ბავშვობიდანვე ისწავლებოდეს. ამ საგნის შემოღება დიდად დაეხმარება ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს, ადვილად დაეუფლონ თავის მომავალ სპეციალობებს.
რაკი ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან იწყება, კარგი იქნება, თუ საბავშვო ბაღებში, ბატონ დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიაზე დაყრდნობით, პატარებს გავუღვივებთ როგორც ერთმანეთის, ისე საერთოდ, ადამიანის თანადგომის სურვილს, პატიების უნარს, უფროსის პატივისცემას, მამულის სიყვარულს. ეს დამოკიდებულება გაჰყვება მათ სკოლაშიც და მთელ ცხოვრებაშიც.
სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს ფსიქოლოგი, რომელიც პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად დააკვირდება მოსწავლეს და დაეხმარება ღვთისაგან ბოძებული ნიჭის გამოვლენასა და განვითარებაში.
აღზრდის საქმეში მასწავლებელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც არ შეიძლება სკოლაში შემთხვევითი ადამიანები მუშაობდნენ. სამწუხაროდ, ამას ჩვენთან სათანადო ყურადღება არ ექცევა, რის გამოც ყველაზე მეტად მომავალი თაობა ზიანდება. მასწავლებელს ბავშვები უნდა უყვარდეს და მშობელივით უნდა მოექცეს მათ. ამასთან, თვითონაც უნდა შეაყვაროს მას თავისი თავიც და თავისი საგანიც. აუცილებელია, რომ იგი არ შემოიფარგლოს მხოლოდ საგნის სწავლებით და ცხოვრებისთვისაც მოამზადოს ისინი. ამ მიზნით მოსწავლეებთან უნდა ჩაატაროს კლასგარეშე შეხვედრები და საუბრები მათ მომავალზე, იმ პრობლემებზე, რომელნიც შეიძლება ცხოვრებაში შეხვდეთ; ასწავლოს ავისა და კარგის გარჩევა, ასწავლიდეს სწრაფი რეაგირების კულტურას.
მიმაჩნია, რომ ყველაზე მაღალი ხელფასი საშუალო და უმაღლესი სკოლების პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ, რადგან ისინი აყალიბებენ ქვეყნისა და ერის მომავალს და არ არსებობს სხვა, ამაზე მეტად საპასუხისმგებლო პროფესია. პედაგოგის საქმიანობა უნდა იყოს პრესტიჟული და ეს წოდებაც დიდი შრომის ფასად უნდა მიენიჭოს ამა თუ იმ ადამიანს.
თუ ამ პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ, გონიერ, ანალიტიკური აზროვნების უნარის მქონე თაობას გავზრდით, რაც დაეხმარება მას, ზნეობრივად ჯანსაღ პიროვნებებად ჩამოყალიბებაშიც, რადგან ადამიანი, შეგნებულად თუ არ ემსახურება ბოროტებას, ადრე თუ გვიან აუცილებლად გააცნობიერებს, რომ ეს ცხოვრება მხოლოდ გამოცდა და მომზადებაა მარადიულობისათვის და უარს აღარ იტყვის ყველაზე ძვირფასზე – უფლის სიყვარულზე.
როგორი იქნება თქვენი არჩევანი?
ტექნოლოგიური პროცესების განვითარებამ ადამიანის ცნობიერებისა და ცხოვრების წესის განსაზღვრის ყველაზე მძლავრ ბერკეტად მასმედია აქცია; ამიტომაც, აუცილებელია, რომ აღმზრდელობითი ფუნქცია მანაც იტვირთოს.
ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მასმედია ზრუნავს, რომ სახელმწიფო და კერძო არხებით (სპეციალიზებული მაუწყებლობის გარდა) საზოგადოებას მიაწოდოს ზნეობრივი და, საერთოდ, ზნეობრივი ღირებულებების მქონე ტელეპროდუქცია და ფილმები, რასაც ჩვენთან, სამწუხაროდ, ნაკლები ყურაღდება ექცევა.
ამასთან, ჩვენი ტელესივრცე ძირითადად დატვირთულია პოლიტიკური და საინფორმაციო მიმართულებებით. საზოგადოებას კი ასევე სურს უყუროს ისტორიულ, სამეცნიერო, შემეცნებით-კულტურულსა და ახალგაზრდულ გადაცემებს. ეს იყო ჩვენი მიზანი, როდესაც მხარი დავუჭირეთ დამოუკიდებელი ტელემაუწყებლობის, "ივერიის"-ს შექმნას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის პატრონაჟით საცდელი გადაცემებით უკვე გადის ეთერში. იგი უნდა იქცეს ოჯახის ტელევიზიად, რომელიც ყველა თაობისათვის მისაღები იქნება და ყველა ფენის ინტერესებს შეძლებისამებრ დააკმაყოფილებს. ამასთან, მან მოსახლეობაში და, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობაში სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი. მისი განვითარება და წარმატება ჩვენი საზოგადოების თანადგომაზეა დამოკიდებული.
ყოველი ადამიანის სულიერი წინსვლა და წარმატება დიდად განაპირობებს მთელი ქვეყნის აღორძინებასა და კეთილდღეობას. ერთმანეთის დახმარებითა და თანადგომით, გულმოდგინე შრომით მრავალი სასიკეთო საქმის კეთება შეიძლება. თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა ნიჭი აქვს ბოძებული უფლისაგან და იგი ღვთისა და ქვეყნის სამსახურისათვის უნდა გამოვიყენოთ.
ხარობს დღეს წმიდა ეკლესია და უგალობს მკვდრეთით აღდგომილ ჩვენ მაცხოვარს, რომელმაც სიკვდილით სიკვდილი დათრგუნა და მოგვანიჭა აღდგომის სიხარული.
"აღდგომისა დღე არს განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას და ურთიერთარს შევიტკბობდეთ" (აღდგომის საგალობელი).
უფალო ძლიერო, სახიერო, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, რომელსა არა გნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ ყოველთაგან მოელი სინანულსა და კაცთათვის განგიმზადებიეს სასუფეველი ცათა, ისმინე ლოცვისა ჩვენისა: გევედრები მეუფეო, შეუნდე უსჯულოება ერსა ჩვენსა შეცოდებულსა, რათა მადლითა შენითა შევუდგეთ მცნებათა შენთა აღსრულებასა; განამტკიცე სარწმუნოება გულთა შინა ჩვენთა, აღგვავსე სიყვარულითა და იმედითა შენითა;
ჰე, უფალო, განმრავლდა და განძლიერდა განსაცდელი სოფლისა ამის და დაუძლურდა გონება ჩვენი; მოგვხედე და განგვამტკიცე ძალითა შენითა.
ძმანო და დანო ჩვენნო, მკვიდრნო ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლის მამულისანო, ეძიებდეთ სიმართლეს, შეიყვარეთ უფალი "ყოვლითა გულითა, ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა", რათა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა აღასრულოთ ნება მისი.
ძმანო და დანო, აფხაზნო, ოსნო, ჩვენო ხორცნო და სისხლნო! არ გვძლიოს მტრობამ და სიძულვილმა. ჩვენ მუდამ გვაახლოებდა ურთიერთთანადგომა და სიყვარული. ილოცეთ და განძლიერდით. ჩვენი ძლიერება კი ჩვენს ერთობაშია.
მწამს, ურთიერთნდობას და პატივისცემას კვლავ მოვიპოვებთ და სხვა ერის წარმომადგენლებთან ერთად ბედნიერნი ვიქნებით მშვიდობიან და განუყოფელ საქართველოში!
"განიძარცუე სამოსელი გლოვისა შენისა და შეიმოსე სამკაული სიხარულისა შენისა, ქალაქო წმიდაო, რამეთუ "აჰა ესერა, მწუხრსა განისვენა ტირილმან და ცისკარსა ამას მოიწია სიხარული აღდგომისა" (მელენტი ეპისკოპოსი, სააღდგომო ჰომილია).
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!
აღდგომა ქრისტესი
თბილისი, 2007 მართლმადიდებლობა ქართველი ერის ისტორიული


საშობაო ეპისტოლე - 2007

ქართული იდეის ორი უმთავრესი სვეტი

"შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა; შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი" (მთ. 22,37,39).

ქრისტესმიერ საყვარელნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, პატივცემულო ხელისუფალნო, მართლმორწმუნენო, მკვიდრნო საქართველოისა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, სიყვარული და სიხარული განგმრავლებოდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
აღსრულდა ყოვლადწმინდა სამების საღვთო განგება, ახდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება, - "ღმერთი გამოჩნდა ხორცით" (I ტიმ. 3,16). მაცხოვარი მოვიდა წუთისოფელში, რომელიც ძალადობით, დაპირისპირებითა და ბოროტებით არის სავსე. მოვიდა, რათა სრულიად გარდაექმნა იგი. თვინიერ ცოდვისა, მიიღო ჩვენი დაცემული ბუნება, რათა საღმრთო სიყვარულის ძალით ჩვენი შინაგანი ფერისცვალება მოეხდინა, შეიმოსა ადამიანური სხეულით, რათა კაცთა მოდგმა მარადიული ტანჯვისაგან ეხსნა.
ბეთლემში შობილი ყრმისაკენ მიმავალი გზა ხსნილია ყველასათვის. ერთნი ცოდნისა და ინტელექტის, ანუ მოგვთა გზით მიდიან; სხვანი განსაცდელისა და მწუხარების ბილიკს მიუყვებიან; მესამენი, მწყემსთა მსგავსად, თავმდაბლობითა და ლოცვით მიემართებიან. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა გზებიც.
საზოგადოების ნაწილი კი საპირისპირო მიმართულებით მიდის და ბნელეთისაკენ მიექანება, თუმცა ამას თავიდან თითქმის არავინ აცნობიერებს, რადგან ეშმაკი ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
ჩვენს დროში მისი ქმედება კიდევ უფრო დახვეწილი გახდა და სიკეთისა და ბოროტების გარჩევა კიდევ უფრო გაჭირდა. ამიტომაც აუცილებელია, კარგად გავაცნობიეროთ, რა გარემოში ვცხოვრობთ, რომელი ტენდენციებია მნიშვნელოვანი, რა არის მისაღები და რა უარსაყოფი, ქვეყნისთვისაც და ჩვენთვისაც რა არის პირველი რიგის ამოცანა, რა – შემდეგ გასაკეთებელი საქმე?
ტელევიზიის, მობილური კავშირგაბმულობის, კომპიუტერისა და ინტერნეტის განვითარებამ მანძილი და დრო მკვეთრად შეამცირა. ეკონომიკა თანდათან კარგავს მხოლოდ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას და იქმნება ტრანსნაციონალური კომპანიები, რომელთაც, ძირითადად, საკუთარი მიზნები ამოძრავებთ და არა სახელმწიფო ინტერესები. მიმდინარეობს კულტურათა ასიმილაციის პროცესიც. ეს ყველაფერი მრავალსახოვანი გლობალიზაციის გამოვლინებაა.
ასეთ ვითარებაში ჩვენი ხალხი პრობლემების წინაშე დადგა. ეს არის დროის გამოწვევა. კონკრეტული ძალა არ ჩანს, მაგრამ ცრუ თავისუფლებაზე დაყრდნობით, მასმედიის საშუალებებით (სერიალებით, მდარე ტელეპროდუქციით) ხდება ზემოქმედება ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობის ცნობიერებაზე, რათა მასში დაინერგოს არაეროვნული, არაქრისტიანული მსოფლმხედველობა, რაც შედეგად გამოიწვევს ჩვენი ეთნოფსიქიკის შეცვლას და ერთიანი ქართველი ერის დაშლასა და გადაგვარებას.
უნდა გავაცნობეროთ, რომ შეტევა ხორციელდება თითოეული ადამიანის აზროვნებაზე, ამიტომაცაა ყოველი ჩვენგანის გული და გონება ამ ბრძოლის ასპარეზი. ესა თუ ის პიროვნება ან რჩება ქართველად, ან, თავისი შინაგანი სისუსტისა და მიმბაძველობის გამო, იცვლის ღირებულებათა სისტემას.
ეს ისეთივე მნიშვნელობის ომია, როგორც ჩვენს მამა-პაპათ გამოუვლიათ.
მოგმართავთ ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, შეინარჩუნეთ ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების წესი. გახსოვდეთ, მთავარი ბრძოლა ბოროტთან მოგებულია. უფალი ბრძანებს: "ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა” (ინ. 16,33). მაშ, იბრძოლეთ, ჩვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და თქვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი.
უნდა იცოდეთ, რომ ქართული იდეა ორ უმთავრეს სვეტს ეყრდნობა. ესაა სულიერი ღირებულებები (რაც გულისხმობს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და მის წეს-ჩვეულებებს) და ეროვნულ-კულტურული ფასეულობები, რითაც ასე მდიდარია ჩვენი ქვეყანა.
ქართულმა იდეამ რომ ხორცი შეისხას და განვითარდეს, საჭიროა გაერთიანდეს, სახელმწიფოს, საზოგადოებისა და ეკლესიის ძალისხმევა.
ახლა კი შევჩერდები იმ მიმართულებებზე, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს:
ტერიტორიული მთლიანობა მუდამ იყო ქვეყნის პრიორიტეტი. იგი დღესაც ჩვენი ხელისუფლებისა და ყოველი ჩვენგანის მთავარი საზრუნავია. თანამედროვე ეტაპზე ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობები და მსოფლიო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება. თუმცაღა, უპირველეს პრობლემად მაინც საქართველოს ერთიანობისათვის ზრუნვა რჩება და არ არსებობს მისი სანაცვლო სხვა ღირებულება.
ქვეყნის განვითარების აუცილებელ პირობას ეკონომიკური სიძლიერე წარმოადგენს. ეს ის მთავარი საკითხია, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ დროულად უნდა გადაჭრას. ამასთან, ჩვენ უნდა მოვძებნოთ ჩვენი ადგილი მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში.
არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს გააჩნია მეტად ძვირფასი ბუნებრივი რესურსი მტკნარი წყლის სახით, რომლის მნიშვნელობაც და ღირებულებაც ახლო მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომ, ვფიქრობთ, საყოველთაო პრივატიზაციის პროცესში, ეს ბუნებრივი რესურსი და მისი ექსპლოატაცია აუცილებლად სახელმწიფო სექტორში უნდა დარჩეს და გამოყენებულ იქნას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის.
ცნობილია, რომ მთელ მსოფლიოში მოთხოვნილება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე მკვეთრად გაიზარდა და დიდი მოგების მიღების მიზნით მოდიფიცირებული და გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქტების წარმოებაზე ორიენტირებული ქვეყნების სოფლის მეურნეობა მაღალ სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებს. ჩვენ საერთაშორისო ბაზარს უნდა შევთავაზოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ეს დიდ მოგებას მოუტანს ხალხს და ააღორძინებს სოფელს.
ზოგიერთმა პატარა სახელმწიფომ თავი დაიმკვიდრა მოწინავე ტექნოლოგიების ათვისებით. მაგ., სამხრეთ კორეამ, ისრაემა, ფინეთმა... ეკონომიკის ამ დარგში სერიოზული განაცხადისათვის ჩვენს ქვეყანასაც გააჩნია ინტელექტუალური რესურსი. ქართული ფუნდამენტური მეცნიერული სკოლები აღიარებული იყო როგორც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. ასე რომ, ჩვენი მეცნიერული პოტენციალი შეიძლება პრაქტიკულად იქნას გამოყენებული, თუკი მას სათანადო პირობები შეექმნება.
საერთოდ, მეცნიერებასა და განათლებას ქვეყნის განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწავლის პროცესში ხდება მომავალი თაობის ფორმირება პიროვნებებად. ამიტომაც სკოლა და, ზოგადად, სასწავლებელი მარტო ცოდნას კი არ უნდა აძლევდეს მოზარდს, არამედ მან უნდა აღზარდოს იგი და თავისი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ ჩამოაყალიბოს. ამ საქმეში მეტად დიდია ოჯახისა და ეკლესიის როლი. სასწავლებელი, როგორც ხალხის მიერ დაქირავებული დაწესებულება, ვალდებულია, თავისი საქმიანობა საზოგადოების ინტერესების შესაბამისად წარმართოს და რადგანაც საზოგადოებას ფაქტობრივად ოჯახთა ერთობლიობა და ეკლესია (რომლის წევრია ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა) შეადგენს, განათლების სისტემა ეკლესიისა და ოჯახის ტრადიციულ ღირებულებებს უნდა შეესაბამებოდეს (ვისაც სურვილი აქვს განსხვავებულ გარემოში აღზარდოს შვილები, შეუძლია ეს კერძო სასწავლებლებში განახორციელოს). ეს არის სწორედ იმის საწინდარი, რომ მომავალი თაობა ავაცილოთ თუნდაც ისეთ საშინელ სენს, როგორიც ნარკომანია და სხვა მანკიერებანია.
ნარკომანია ჩვენი დიდი ტკივილია, რომელიც ერის სულიერ და დემოგრაფიულ გენოციდს იწვევს. ჩვენ არაერთხელ შევხებივართ ამ თემას და ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ ამ მიმართულებით პირველი რიგის ამოცანას პრევენციული ნაბიჯების გადადგმა წარმოადგენს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ნარკოტიკის მიმართ უარყოფითი განწყობა. უნდა დავანგრიოთ ცრუ სტერეოტიპი იმის შესახებ, თითქოს ნარკომანობა პრესტიჟულია.
ნარკომანობა სირცხვილია!
ნარკომანი არის ავადმყოფი, საცოდავი, ლაჩარი, სუსტი ადამიანი, რომელიც ეშმაკის ბადეშია მოხვედრილი და, ნარკოტიკზე მიჯაჭვულობის გამო, ხშირად ბოროტებასაც სჩადის, ციხეში ხვდება და თავის მდგომარეობას კიდევ უფრო იმძიმებს.
მინდა, ნაწილობრივ ციხეში არსებულ მდგომარეობასაც შევეხო.
დღეს იქ მძიმე პირობებია. ცივილიზებულ ქვეყნებში ციხე გამოსწორების ადგილს წარმოადგენს. იმედია, ჩვენი პენიტენციალური სისტემაც მალე ამ სტანდარტებს დაუახლოვდება. ამისთვის კი, პირველ რიგში, უნდა გაიმიჯნოს საშიში ბოროტმოქმედი ეკონომიკური თუ სხვა, შედარებით მსუბუქი სახის, დანაშაულის ჩამდენისგან. კარგი იქნება, თუ ასეთი პატიმრებისათვის აღდგება სასჯელის მოხდა მიმაგრების ადგილებში და ამისთვის საქართველოს მაღალმთიანი დაუსახლებელი რეგიონები გამოიყენება. ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს პატიმართა გამოსწორებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას და, მეორე მხრივ, - ამ ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკურ ათვისებასა და განვითარებას.
რაც შეეხება მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევთ, ციხეში მათთვისაც უნდა არსებობდეს ისეთი გარემო, რომელიც შეუქმნის მათ განწყობას ცხოვრების წესის შეცვლისა.
ვფიქრობთ, პენიტენციალურ სისტემაში შრომის დანერგვა და სასულიერო პირის უფრო აქტიურად ჩართვა დიდ შედეგს მოიტანს, რისი გამოცდილებაც უცხოეთის ქვეყნებში კარგა ხანია აქვთ.
ცნობილია, რომ ციხის გავლენა მის გარეთაც ვრცელდება. ზოგიერთისთვის კრიმინალური მსოფლმხედველობა ერთგვარ დადებით მოვლენასაც კი წარმოადგენს, რაც შეცდომაა. ეს არის ღმრთის მცნებების უარმყოფელი დიდი ცოდვა. ეს არის დანაშაული მოყვასის წინაშე. წმიდა პავლე მოციქული გვასწავლის: "ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის საუფეველს?.. ვერც მპარავნი, ვერც მტაცებელნი..." (I კორ. 6, 9-10).
სამწუხაროდ, ქუჩა, უბანი, გარემო, ზოგჯერ მავნე ჩვევების განვითრებას უწყობს ხელს, რაც მათში ცრუ ღირებულებების დამკვიდრებით არის გამოწვეული. ახალგაზრდების ნაწილი, მიმბაძველობით ან თავისი წრის ზემოქმედებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იქცევა. თუმცა ბევრი მათგანი ეკლესიაში დადის (ხოლო ვინც არ დადის, რწმენის მიმართ პატივისცემა მაინც აქვს), მაგრამ ეს სათანადოდ ვერ აისახება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სამეგობროებში არსებულ ასეთ მდგომარეობაზე, მისი თითოეული წევრი არის პასუხისმგებელი, განსაკუთრებით კი ისინი, რომელნიც ყველაზე დიდი გავლენით სარგებლობენ. ისინი კარგად უნდა დაუფიქრდნენ თავიანთ ცხოვრებას, რათა, ნებსით თუ უნებლიეთ, ეშმაკის მსახურნი არ გახდნენ.
საზოგადოება ისეთია, როგორი ავტორიტეტებიც ჰყავს მას.
ფაქტია, რომ ღირსეული პიროვნებები ჩვენთან სათანადოდ არ არიან დაფასებულნი. მათ ნაცვლად წინ წამოწეული არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც მნიშვნელოვანი არაფერი აქვთ გაკეთებული (ყოველ შემთხვევაში დღეისათვის), ან ისინი, რომელნიც უგულებელყოფენ სულიერ ღირებულებებს. ახალგაზრდები უფრო იცნობენ ტელეშოუების გმირებს, ვიდრე მათივე თაობის ნიჭიერ პოეტებს, მხატვრებს, კულტურის მოღვაწეთ, მეცნიერებს და, ზოგადად, ღირსეულ ადამიანებს. ეს ძირითადად მასმედიისგან მომდინარე ნაკლია და იგი უნდა გამოსწორდეს.
მიუხედავად ასეთი პრობლემებისა, პიროვნებასა და საზოგადოებას მაინც ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ.
XX საუკუნის დასაწყისში, გასაბჭოების პერიოდში, როცა აქტიურად შეუტიეს ტრადიციულ ღირებულებებს, ახალგაზრდა მამულიშვილებმა, რომლებიც შემდეგ ცნობილი საზოგადო მოღვაწენი გახდნენ (პავლე ინგოროყვა, კონსტანტინე გამსახურდია, ვახუშტი კოტეტიშვილი, ალექსანდრე აბაშელი), ჩამოაყალიბეს "ჩოხოსანთა" საზოგადოება. ეროვნული სამოსის ტარება იყო ერთგვარი პროტესტის ფორმაც და მათი მსოფლმხედველობის დემონსტრირების საშუალებაც. შემდგომ პერიოდში ამ მაგალითს, მართალია ერთეულებმა, მაგრამ მაინც სხვებმაც მიბაძეს. დღეს ეს მოძრაობა ახალ ეტაპზე გადავიდა და საზოგადოების ფართო ფენა მოიცვა. მისასალმებელია, როდესაც ცნობილი ადამიანები საერო და საეკლესიო დღესასწაულებზე ეროვნულ ტანსაცმელს იცვამენ (ეს კარგი ტრადიცია ევროპის ბევრ ქვეყანაში დიდი ხანია არსებობს). სულ უფრო იზრდება ახალგაზრდების რიცხვი, რომელნიც ჩოხით იმოსებიან და ჯვრისწერის დროსაც ამ სამოსს იცვამენ. დღეს ჩოხოსანთა საზოგადოებას გაცილებით მეტის გაკეთება ძალუძს, ვიდრე მის წინამორბედთ.
რა თქმა უნდა, ჩვენ მარტო ეროვნული სამოსის ტარებით არ უნდა შემოვიფარგლოთ. როგორც აღვნიშნეთ, აუცილებელია ავაღორძინოთ ქართველი კაცის ჩვეული ცხოვრების წესი. საჭიროა, თუნდაც ჩვენი ყოფისათვის ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის პირვანდელი სახით აღდგენა, როგორიცაა ქართული სუფრა. დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ იგი ისევე, როგორც სხვა ტრადიციები, გარკვეულწილად, შეილახა; სინამდვილეში კი მისი არსი მთლიანად ქრისტიანულია და გამორიცხავს როგორც თრობას, ისე დღეს არსებულ სხვა მანკიერ გამოვლინებებს. კარგად აღზრდილი ადამიანი არ დათვრება და ამით თავს არ დაიმცირებს.
ეკლესიური ცნობიერებიდან გამომდინარე, კარგია, რომ ჩვენს სუფრაზე თანდათან მკვიდრდება სადღეგრძელოთა შინაარსი და ტრადიცული თანმიმდევრობა, რაც იწყება უფლის სადიდებლით და მთავრდება ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხსენებით. ამასთან ყოველი სადღეგრძელო დალოცვაა, ლოცვის ერთგვარი სახეა. ქართული სუფრის ღრმა სულიერ ხასიათზე მიუთითებს ისიც, რომ ყოველთვის ხდება გარდაცვლილთა მოხსენიება.
ქრისტიანული სუფრა არის ადამიანთა ერთობისა და თანადგომის, ჭირისა და ლხინის გაზიარების ადგილი, სადაც უფალი მყოფობს. ამიტომაც პურობა იწყება და მთავრდება ლოცვით.
ქართული სუფრა არის ქრისტიანული სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის გამოხატვის უნიკალური ინსტიტუტი.
ყოველ ერს, ისევე როგორც ცალკეულ პიროვნებას, ღმრთისაგან სხვადასხვა მადლი და ნიჭი აქვს ბოძებული და მასზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოიყენებს მათ.
ქართველმა კაცმა სიყვარულის ნიჭი განავითარა.
ახალ აღთქმაში ღმერთის ყველაზე მთავარ თვისებად სწორედ სიყვარულია დასახელებული. "ღმერთი სიყვარული არს" (I ინ. 4,8). აქვე ვკითხულობთ: სიყვარული ყოვლისმომცველია, არ ამპარტავნობს, არ ზვაობს, სულგრძელია და ტკბილი, არ მრისხანებს, ყოველივეს ითმენს, არავისი შურს, ჭეშმარიტებით ხარობს, იგი ადამიანის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რომელიც უკვდავებასთან არის წილნაყარი. იმედი და რწმენა სიკვდილის შემდეგ განქარდება, ხოლო სიყვარული მარადიულად იარსებებს.
პავლე მოციქული იმასაც ბრძანებს, რომ თუ სიყვარული არა გვაქვს, ფუჭია ქველმოქმედებაც, სასწაულთმოქმედების უნარიც, მოსაგრეობაც, თვით მოწამეობრივი აღსასრულიც კი, რადგან უსიყვარულოდ ყველა სიკეთე უქმ იქნების.
გავიხსენოთ სახარება: იუდამ გასცა მაცხოვარი, პეტრემაც სამჯერ უარყო იგი. შემდეგ ერთმაც შეინანა და მეორემაც, მაგრამ იუდა წარწყმდა იმიტომ, რომ უსიყვარულო იყო ქრისტესთან გატარებული მისი ცხოვრება და, აქედან გამომდინარე, უნაყოფო მისი სინანული; პეტრეს სინანული კი სწორედ მისი მხურვალე სიყვარულის გამო იქნა შეწყნარებული.
მიუხედავად სხვადასხვა სირთულისა და განსაცდელისა, სიყვარული ნეტარებასთან და სიხარულთან არის დაკავშირებული; და რაც უფრო დიდია სიყვარული, მით მეტია ნეტარებაც და სიხარულიც.
ყველაზე აღმატებულია ღმერთის სიყვარული.
ამ სიყვარულის დამტევნელნი დიდი სულიერი მოღვაწენი არიან, რომელნიც მძიმე მოსაგრეობის პარალელურად, ღმრთეებრივ ნათელთან ლოცვითი თანაზიარებით უსაზღვრო ნეტარებას ამქვეყნადვე აღწევენ.
სამშობლოსა და ერის ჭეშმარიტად მოყვარული ადამიანებიც დიდ სიხარულს გრძნობენ, როდესაც თავიანთ მიზანს, თუნდაც სიცოცხლის ფასად, ერთგულად ემსახურებიან.
შეიძლება ითქვას, რომ მოყვასის სიყვარული ერთგვარად პირველი საფეხურია. იოანე ღმრთისმეტყველი ბრძანებს: "ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს?" (ინ. 4,20).
ღმერთი, სამშობლო, მოყვასი, - ეს არის ერთმანეთისაგან გამომდინარე იერარქია და უწყვეტი ჯაჭვი; თუ ღმერთის ადგილი სხვა რამემ, თუნდაც სამშობლომ დაიკავა, ზემოთ აღნიშნული თანამიმდევრობა ირღვევა და პატრიოტიზმი უკვე ხელოვნურად გამოგონილ ღირებულებებს ეფუძნება, რომელთაც შეიძლება კარგი სახელიც ერქვას, მაგრამ შედეგად ისეთ მანკიერ გამოვლინებებს ვიღებთ, როგორიცაა ფაშიზმი, რასიზმი და შოვინიზმი, ან კიდევ ტრადიციული ფასეულობების სრულ უარყოფას – კოსმოპოლიტიზმს. ამ ორ უკიდურესობას გამორიცხავს ღმრთის რწმენა, რომელიც ჭეშმარიტ პატრიოტიზმს განაპირობებს.
მოციქული გვასწავლის: “ვინც ამბობს, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ცრუობს" (I ინ. 4,20). ამდენად, მხოლოდ ღმერთის სიყვარული ხიბლია და თავს იტყუებს იგი, ვისაც ეს ასე ჰგონია. ოდენ მოყვასის სიყვარული კერპთაყვანისმცემლობაში გადადის; საკუთარი თავისადმი გადამეტებული სიყვარული კი ეგოიზმსა და ნარცისიზმს შობს.
ადამიანი სიყვარულის ღმრთეებრივ ნიჭს მაშინ ეზიარება, როცა ამ გრძნობას თავისი “მე”-დან მოყვასისაკენ მიმართავს. გაცილებით დიდ სიმაღლეზე კი მაშინ ადის, როდესაც მოყვასს, როგორც საკუთარ თავს, ისე შეიყვარებს; "არავის აქვს იმაზე მეტი სიყვარული, ვინც სულს დასდებს თავისი მეგობრებისთვის" (ინ. 15,13), - ბრძანებს უფალი.
მოყვასისათვის სიყვარული და თავდადება ქართველი კაცის ცხოვრების წესად იქცა და, ბუნებრივია, მისი საახლობლო წრე მეტად ფართოა. იგი მოიცავს სისხლისმიერ და ნათელმირონობით ნათესაობას, მეჯვარეობას, მოყვრობას, მოგვარეობას, მეზობლობას, მეგობრობას და სხვ. ასეთი ურთიერთობა უნიკალურია როგორც ქრისტიანულ სამყაროში, ისე მთელ მსოფლიოში. ფაქტია, რომ ქართველ კაცს არა აქვს მოწინააღმდეგის სიძულვილი, რაც ბოლო პერიოდის მოვლენებმაც დაადასტურა. მაგალითად, ძმათამკვლელი ომი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩვენს ხალხში დაპირისპირებული მხარეების მიმართ გაბოროტებაში არ გადაზრდილა და იგი დღესაც მზად არის მათთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებისათვის. ამის მიზეზი კი ისაა, რომ შენდობისა და პატიების, საკუთარი შეცდომების აღიარებისა და სხვისი მწუხარების გაზიარების დიდი უნარი გვაქვს. ეს კარგად ჩანს "ვეფხისა და მოყმის" ბალადაშიც.
ტოლერანტობა ჩვენი ბუნებიდან მომდინარეობს და მისი სწავლა არასოდეს დაგვჭირდება.
დაიწყო ახალი 2007 წელი, რასაც ოფიციალური სახელმწიფო კალენდრით თითქმის მთელი მსოფლიო აღნიშნავს, თუმცა შეიძლება ბევრი ვერც აცნობიერებს, რომ ეს წელთაღრიცხვა მაცხოვრის დაბადებას უკავშირდება.
დიახ, 2007 წლის წინ აღსრულდა ქრისტეშობის საიდუმლო, - "ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა ძე თვისი მხოლოდშობილი" (ინ. 3,16). დაუსაბამო იგი დროში იშვა, ყოვლისმპყრობელმა და ყოვლისშემოქმედმა მონის სახე მიიღო, რათა მისი სიყვარულით აღვსილნი და ამაღლებულნი საღმრთო წიაღს კვლავ ვზიარებოდით.
საერთოდ, ღმრთის ყველა ქმედებას მხოლოდ სიყვარული განაპირობებს.
ადამის და ევას სამოთხიდან გამოძევების მიზეზიც სიყვარულიდან მომდინარეობს. მათ ღმერთის ყოვლისმომცველ სიყვარულში შეეპარათ ეჭვი და რადგან შემოქმედის მცნება დაივიწყეს და ეშმაკს დაუჯერეს, ისინი საკუთარი ნებით მოაკლდნენ საღმრთო სიყვარულს, რაც უფალთან მათ ერთობას განაპირობებდა; ხოლო დაცემულ მდგომარეობაში მყოფნი უკვდავების ხის ნაყოფის შეჭმით მარადიულად რომ არ წარწყმედილიყვნენ, უფალმა თავისი სამყოფლისაგან განარიდა.
მაცხოვარმა განკაცებით დედამიწაზე ის სიყვარული მოიტანა, რომლის მსგავსიც მანამდე კაცობრიობამ არ იცოდა და რომელთანაც თანაზიარებით მოგვეცა სამოთხეში დაბრუნების შესაძლებლობა. "ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ" (ინ. 13,34), - ოღონდ აუცილებელია, რომ მოვიპოვოთ სიწმინდე და შევიმოსოთ ჭეშმარიტი სიყვარულით, რადგან ამ თვისებების გარეშე ღმერთს ვერ მივემსგავსებით და ჩვენივე ნებით, საკუთარ თავს მის მაცხოვნებელ მადლს განვაშორებთ.
საუკუნეთა მანძილზე საქართველო გადაარჩინა მოყვასის, ღმრთის, მამულისადმი თავდადებულმა ქრისტიანულმა სიყვარულმა, რისი მაგალითიც აურაცხელია ჩვენს ისტორიაში. როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე დამოკიდებულია იმაზე, თუ ჩვენ როგორ არჩევანს გავაკეთებთ, მივიღებთ ბოროტის მიერ შემოთავაზებულ მოჩვენებით სიყვარულსა და ცრუ ღირებულებებს, თუ ცოდვასა და სიკვდილზე გამარჯვებული ღმერთის მხარეზე დავდგებით. ჩვენი ადგილი კარგად რომ გავაცნობიეროთ, უნდა გავარჩიოთ – ჩვენი მისწრაფებანი და ქმედებანი შეესაბამება თუ არა უფლის სწავლებას.
ღმერთო ძლიერო, სიტყვაო, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა მამისაგან შობილო და ქალწულისაგან მარიამისა ხორცშესხმულო, მოიხილე მაღლით ერსა ზედა წილხვედრსა დედისა შენისასა და ისმინე მუხლმოდრეკით თხოვნა ესე: გევედრებით, გვიხსენ ცოდვათაგან და ბოროტთა განზრახვათაგან ჩვენთა, გული განგვისპეტაკე, გონება განგვინათლე, სული განგვიწმინდე, შეცდომილნი მოგვაქციენ, სულიერნი და ხორციელნი სნეულებანი ჩვენნი განკურნენ და შეგვზღუდენ საღმრთოითა შჯულითა შენითა; მოიხილე ჩვენზედა, სახიერო, და სიყვარულითა შენითა უოხჭნოითა დაცემულნი კვალად აღგვადგინენ და ტაძრად სულისა წმიდისა გამოგვაჩინე, რათა ვიყოთ ჭეშმარიტნი მსახურნი მოყვასისა, მამულისა და ღმრთისა.
სახელისა შენისათვის, აღდეგ, უფალო, შეწევნად ჩუენდა და დააყენე კუერთხი უშჯულოთა; გარე-წარაქციე ყოველნი მტერნი და მაჭირვებელნი ჩუენნი, რომელთა განიგდეს წილი სამკვიდრებელსა შენსა ზედა. მოიხსენე ვედრება დედისა შენისა და ყოველთა წინაპართა ჩვენთა, რომელთა იღუაწეს სახელისა შენისათვის და დასთხიეს სისხლი თვისი; მათი ლოცვით აღადგინე მამული ჩვენი – საქართველო – პირველსავე დიდებასა და დაიცევ საზღვარნი მისნი უცხოთესლთა ზედა მოსვლისაგან.
ჰე, უფალო, იხილე და მოხედე ვენახსა ამას და განამტკიცე ესე, რომელი დაასხა მარჯუენემან შენმან, რათა ჩუენცა ყოველნი, მკვიდრნი ღმრთივკურთხეული ივერიისა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნი ქართველნი, შენს ზეციურ ნათელსა და საღმრთო სიყვარულს ზიარებულნი, ვგალობდეთ:
"დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".
თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ქრისტეს შობა
თბილისი, 2007 წ. ქართული იდეის ორი უმთავრესი სვეტი< =>შეიყვარე


საშობაო ეპისტოლე - 1995

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარესა და ღვთივკურთხეულ შვილებს:

უფალი ბრძანებს: "გააძლიერეთ ღონემიხდილი ხელები და
მოკვეთილი მუხლები გაიმაგრეთ, უთხარით გულშემდრკალთ:
გამაგრდით, ნუ გეშინიათ! აჰა ღმერთი თქვენი, მოვა შურისგება,
ღვთის საზღაური: ის მოვა და გიხსნით თქვენ" (ესაია 35,3-4).

ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, დალოცვილი და წმიდა ივერიის მკვიდრნო, გვწამს ღვთის შეწევნით მწუხარება ჩვენი სიხარულად შეიცვლება და მშვიდობა და კეთილდღეობა იზეიმებს ჩვენს სამშობლოში. დღეს მთელი მსოფლიოს ქრისტიანთა გული და გონება მიმართულია ბეთლემის გამოქვაბულისკენ, სადაც თითქმის 2000 წლის წინ დაიბადა ღვთაებრივი ყრმა - უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
სამყაროს ღრმა ძილით ეძინა, როცა ბეთლემელ მწყემსებს ესმათ ანგელოზთა გალობა - სადიდებელი ახლადშობილი მაცხოვრისა: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.
ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ მხოლოდ ჭეშმარიტი თაყვანისცემა ღვთისა არის სათავე ქვეყნად მშვიდობისა და კეთილდღეობისა, ადამიანთა შორის კეთილგანწყობისა და ურთიერთგაგებისა.
თუ წარმართნი ასწავლიდნენ, რომ "ომი მამაა ყოვლისა, მეფე ყოველთა" (ჰერაკლიტე ეფესელი), ხოლო ებრაელნი - "თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ"-ო (გამოსვლათა 21,24), მაცხოვარმა დედამიწაზე სიყვარული და შერიგება მოიტანა.
ადამიანმა, და მითუმეტეს ქრისტიანმა, სიყვარულის კანონით უნდა იცხოვროს და განაგდოს თვისგან სიძულვილი და წინააღმდეგობის სული. წმ. იოანე ღვთისმეტყველი წერს: ვისაც სძულს ძმა ანუ მოყვასი თვისი, ბნელსა შინა არს. მართლაც, მტრობის, სიძულვილისა და მრისხანების ტყვეობაში მყოფისგან ნათელი განშორებულია, ამიტომაც იგი გარე სამყაროს არასწორად აღიქვამს და ვერ გრძნობს, რომ სხვისი მტრობით, სინამდვილეში ბოროტად საკუთარ თავს ექცევა, რადგან ამ დროს გაცილებით დიდ ვნებას თავის სულს აყენებს.
ზოგჯერ მსოფლიოში თუ ცალკეულ ქვეყნებში ვხედავთ, როგორ ზეიმობს უსამართლობა, გაუტანლობა, ბანდიტიზმი. შორს წასვლა არ დაგვჭირდება. შეხედეთ, ჩვენს გვერდით ადამიანები როგორ ადვილად სჩადიან დანაშაულს: არ ერიდებიან მკვლელობას, ძარცვას, ქურდობას. იქმნება ტერორისტული ჯგუფები, ფულის, თუ თანამდებობის გულისთვის სიცოცხლეს უსწრაფებენ ერთმანეთს. შემდეგ კი ბოროტების ჩამდენნი თვითონაც ისეთივე საშინელი სიკვდილით კვდებიან როგორიც სხვას განუმზადეს, უფრო მეტიც, ისინი არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც იღუპებიან.
არ შეიძლება ძარცვით და ადამიანის სისხლის ფასით მოიპოვო პური არსობისა. გახსოვდეთ, დანაშაული დაუსჯელი არ რჩება ამქვეყნად. უფალი მკაცრად მიაგებს ყველას საზღაურს. ცოდვა მძიმე ტვირთად აწვება არა მარტო ბოროტების ჩამდენთ, არამედ მათ შვილებს, ახლობლებსა და შთამომავლობას.
ჩვენ ჩვენი ცხოვრებით გარეულ ზეთისხილს დავემსგავსეთ, რომელიც მართალია, ნაყოფს იძლევა, მაგრამ ნაკლებად ვარგისს. ასეთი ყოფა ბევრს უკარგავს საკუთარი ხალხისა და საერთოდ ადამიანის რწმენას. მაგრამ ამ დროს გვავიწყდება, რომ ყოველი ადამიანი ღვთის ხატებაა და უფლის ბეჭედი ყველაზე დაცემული მდგომარეობიდან წმიდანად და დიდ მოღვაწედ ამაღლების შესაძლებლობას აძლევს, რა თქმა უნდა, თუ ამას თვითონ მოინდომებს.
გავიხსენოთ ისიც, რომ თითქმის ყველა ღირსეულსა და სულიერობით გამორჩეულ შვილს ამა თუ იმ ქვეყნისა, ხშირად გასტეხია გული თავისი ხალხის გამო. მოვიგონოთ პავლე მოციქულის სიტყვები რომაელთა მიმართ ეპისტოლედან: "ვამბობ: ნუთუ ღმერთმა განიშორა თავისი ხალხი? არამც და არამც, არ განუშორებია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. ან, იქნებ არ იცით, რას ამბობს წერილი ელიასათვის? როგორ შესჩივის იგი ღმერთს ისრაელის გამო: უფალო, შენი წინასწარმეტყველნი მოკლეს და შენი საკურთხეველნი დაანგრიეს; მეღა დავრჩი და ეძიებენ ჩემს სულს".
მაგრამ რას ეუბნება მას პასუხი ღმრთისა? - მე დავიტოვე შვიდი ათასი კაცი, რომელთაც არ მოუყრიათ მუხლი ბაალის წინაშე. ასე ამჟამადაც, მადლის მიერი არჩევანით გადარჩა ნაშთი (რომ. 11,1-5).
უფალი არასდროს მიატოვებს თავის ქმნილებას, რადგან უყვარს იგი. სინამდვილე უნდა დავინახოთ, მაგრამ სასოწარკვეთილებას არ უნდა მივეცეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ მიწა სამოთხე როდია, არამედ ადგილი სამოთხიდან განდევნისა, - როგორც ეს ერთმა ღვთისმეტყველმა ბრძანა.
ვიდრე დედამიწა და კაცობრიობა იარსებებს, სიკეთე და ბოროტება, მწუხარება და სიხარული, სასოება და იმედის გაცრუება, ომი და მშვიდობა ყოველთვის გვერდიგვერდ იქნება, რადგან პიროვნებაში ბნელი საწყისის მთელი ძალაა დაფარული და მასშივეა მთელი ძალა ნათლისა (შელინგი). დღეს ჩვენი ქვეყანა ნათელსა და ბნელს შორის ბრძოლის ასპარეზია. დიდი მსხვერპლი იქნა გაღებული, მაგრამ, მადლობა ღმერთს, უფლისა და მრავალრიცხოვან წმიდანთა შეწევნით ბოროტების არტახებისგან თანდათან ვთავისუფლდებით. ეს ყოველივე უნდა გაგვევლო, რადგან ჩვენი ცხოვრებით დავიმსახურეთ იგი.
დამდაბლებით, ცხოვრების ქურაში გატარებით, ამპარტავნებისა და პატივმოყვარეობის ცოდვისგან გვკურნავს მაცხოვარი და გვეხმარება, რომ თავმდაბლობა, შინაგანი სიმშვიდე და წონასწორობა მოვიპოვოთ.
შევეცადოთ ნათლის მსახურნი გავხდეთ. რამეთუ სადაც ნათელია, იქ ღმერთია და სადაც ღმერთია, გზაც არის. "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე" (იოანე 14,6). - ბრძანებს უფალი.
მაგრამ ამ სიმაღლეზე რომ ავიდეთ, აუცილებელია გვქონდეს ღრმა სინანული.
რა არის სინანული? სინანული განმწმენდია, განწმენდის გარეშე კი ვერ მივუახლოვდებით ღმერთს.
სინანული, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ სულში ჩაღრმავებაა, ეს არის სწრაფვა სულისა, აღიქვას საკუთარი თავი ისეთად, როგორიც იგი სინამდვილეშია, შეიცნოს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ჩვენ კი ხშირად თვალს ვარიდებთ ჩვენს სულში დაბუდებულ უარყოფით თვისებებს, და თუ აღმოვაჩენთ ხოლმე მათ, ადამიანური სისუსტით ვამართლებთ. ასეთი განსჯა არასწორია და აშკარა დაღუპვისკენ გვიბიძგებს.
შენ არათუ უნდა ხედავდე შენში არსებულ ცოდვას, არამედ უნდა გძულდეს იგი და ებრძოდე, ხოლო თუ ცოდვა არ გაღელვებს და დაუმეგობრდი მას, მაშ იცოდე, სული შენი განსაცდელშია და მარადიული სიკვდილის საფრთხე ემუქრება.
სინანულის გამოვლენის მეორე საფეხურზე ადამიანი ცხოვრების შეცვლის გადაწყვეტილებას იღებს. ცხოვრების შეცვლა! სათქმელადაა ადვილი, ხოლო განხორციელება მისი მეტად ძნელია.
უპირველეს ყოვლისა, უფალს გონების განკურნება და ჩვენი ფიქრის სიკეთისკენ წარმართვა უნდა ვთხოვოთ, რადგან აზროვნებაზე მეტად ბევრი რამაა დამოკიდებული. ცოდვა ხომ ჯერ გონებაში იბადება და თუ მას თავიდანვე არ შევებრძოლეთ, გულში გადავა და მთელ ჩვენს არსებას მოედება.
ჭეშმარიტი სინანული კი ადამიანის არა მარტო აზროვნებას, არამედ მოქმედებასაც ცვლის.
თითოეულ ჩვენგანსა და მთელს ერში სინანულმა უნდა გაიღვიძოს. სინანული აუცილებელია არა მარტო ჩვენთვის, ქართველებისთვის, არამედ ყველა ხალხისთვის. მის გარეშე ერიც და ქვეყანაც სულიერად კვდება, ფიზიკურად აღიგვება პირისაგან მიწისა და მოისპობა, ვითარცა სიცოცხლის ხისთვის უვარგისი, გამხმარი ტოტი. სინანული გადარჩენაა, რასაც მრავალი მაგალითი გვიდასტურებს.
დღეს ბევრს მსჯელობენ, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, საითკენ უნდა წარიმართოს იგი: აღმოსავლეთისკენ თუ დასავლეთისაკენ.
დასავლეთი არის სამყარო, სადაც ყველაფერი ნებადართულია და სადაც ძალმომრეობა ბატონობს. იგი მატერიალურად ძლიერია, მაგრამ სულიერად მწირი, რადგან ფული იქ კერპადაა ქცეული. მიწიერმა კეთილდღეობამ არ უნდა მოგვხიბლოს. წარსული ბევრი რამის მასწავლებელია. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები და რომაელები ამბობდნენ, სიმდიდრეში დიდი საფრთხე დევსო. პოეტი პროპერციუსი წერდა: "მე ვხედავ რომს, ამაყ რომს, უდროოდ სიკვდილის სარეცელზე მწოლს, თავისი აყვავებული ცხოვრების მსხვერპლს". დაახლოებით იმავეს ამბობდა სატირიკოსი იუბენალი: "ფუფუნებამ, ომზე უფრო საშიშმა, მოიცვა რომი... მას შემდეგ, რაც რომში აღარ არის ღატაკი, იგი ვნებასა და ცოდვაში დაინთქა".
რა თქმა უნდა, ევროპაში კარგიც ბევრია, მაგრამ ეს კარგი ჩვენთვის უცხოა და ძნელად მისაღები.
სულიერად ასევე უცხოა ჩვენთვის აღმოსავლეთი. ჩვენი მწუხარება და სიხარული ვერ ერგება მისი აზროვნების წესს, თუმც მიმზიდველია მისი კულტურა და უძველესი ფილოსოფია.
მაღალი კულტურა და განვითარებული ტექნიკა ხალხის ბედნიერებისათვის არ არის საკმარისი: არის ღირებულებანი, რომელიც ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში საუკუნეობით იქმნებიან და ყალიბდებიან და რომელთა დაკარგვაც დანაშაულია. ჩვენთვის ასეთია: მართლმადიდებლური სარწმუნოება, მოციქულთაგან ბოძებული, მუსიკა, - ყველას რომ აღაფრთოვანებს, ჩვენი ენა და დამწერლობა, იდუმალებით სავსე და დიდებული; გასაოცარი ხელოვნება, ხატწერა, არქიტექტურა, ჩვენი მშვენიერი წეს-ჩვეულებანი.
აღმოსავლეთის ან დასავლეთის რომელი ტრადიციები შეედრება მათ? სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რა სიმდიდრის მფლობელნი ვართ.
ჩვენი ხელოვნების უიშვიათესი შედევრები და სულიერი საგანძური დანაწევრებული და გაბნეულია. მათზე სრული წარმოდგენა ჩვენც კი არა გვაქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებზე.
მიმაჩნია, რომ ჩვენი ხალხისა და განსაკუთრებით ახალგაზრდობის სულიერი აღზრდისა და ამაღლების მიზნით უნდა დაარსდეს კულტურის დიდი ცენტრი, სადაც ბინას დაიდებს სასულიერო და საერო ხელოვნების გამორჩეული ნიმუშები, მოეწყობა დროებითი და მუდმივი გამოფენები თანამედროვე ქართველი და უცხოელი ოსტატებისა.
კულტურის ამ ცენტრში ცალკე ადგილი უნდა დაეთმოს ქართულ არქიტექტურას, უნდა დაარსდეს მინანქრის, ჭედურობის, ხეზე კვეთის, ქარგვის, ქსოვის, ქვის დამამუშავებელი სახელოსნოები. ყოველივე ამისთვის, ვფიქრობ, შესაფერისი რუსთაველის პროსპექტზე მდებარე ყოფილი მთავრობის სასახლის შენობა იქნება. ამ შემთხვევაში იგი არა მარტო საგამოფენო ადგილად, არამედ ჩვენს სულიერ და ზნეობრივ სკოლადაც იქცევა.
როდესაც ჩვენი კულტურის თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე ვლაპარაკობთ, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა გვსურს და სხვისგან აღარაფრის სწავლა აღარ გვჭირდება. არა, ჩვენ გონიერ, შრომისმოყვარე ფუტკარს უნდა დავემსგავსოთ, რომელიც ნექტარს მხოლოდ იმ ყვავილებისგან აგროვებს, რომელიც თაფლისთვისაა გამოსადეგი.
სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოში დაარსდა საერთაშორისო ცენტრი "აღმოსავლეთ-დასავლეთი", რომლის პრეზიდენტიც სახელმწიფოს მეთაური, ბატონი ედუარდ-გიორგი შევარდნაძე ბრძანდება. მიმაჩნია, რომ ეს ცენტრი ბევრს გააკეთებს მიმდინარე პროცესების შესწავლითა და გაანალიზებით და, რაც მთავარია, გამოძებნის გზებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობისათვის.
დღეს ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე მწვავედ დგას საკითხი, თუ როგორ დავძლიოთ სულიერი, პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები და როგორ დავაღწიოთ თავი შექმნილ ვითარებას.
და მაინც, ყველაზე საშიში სულიერი კრიზისია, რადგან ტოტალიტარულმა რეჟიმმა ღრმა კვალი დაგვიტოვა: ურწმუნოება, სულიერობის ნაკლებობა, დანგრეული ტაძრები და მონასტრები, ადამიანთა დამახინჯებული შინაგანი სამყარო, რომელიც განმაცოცხლებელ ხელს ელოდება.
გაცილებით ადვილია ეკლესიის აგება და ეკონომიკის აღდგენა, ვიდრე სულის დარღვეული ტაძრის აშენება. ჩვენი მიზანია, ადამიანი უფალთან მივიყვანოთ, დავუბრუნოთ მას რწმენა არა ზოგადად ღმრთისა და აქედან გამომდინარე, საერთოდ რელიგიისა, არამედ ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომლითაც ცხოვრობდნენ და ცხონების ღირსი ხდებოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ ამ საკითხებისთვის ზრუნვა მხოლოდ სასულიერო პირთა საქმეა. ის კი ავიწყდებათ, რომ ხალხი და ეკლესია, რომლის თავიც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანდება, განუყოფელია.
ამიტომაც ამ პრობლემის მოგვარებისთვის ზრუნვა ერსაც ჰმართებს, ბერსაც, და რა თქმა უნდა, ხელისუფლებასაც. ჩვენი გაუკუღმართებული ცხოვრების წესს ტელევიზორის ეკრანი კიდევ უფრო მეტი სიმდაბლისკენ უბიძგებს. შერყეულია ოჯახის საძირკველი, ცხოველურ ინსტინქტებამდეა დასული უფაქიზესი გრძნობები, მოდებულია ნარკომანია, რაც პიროვნების დაცემასა და დეგრადაციას უწყობს ხელს. საშიშროებას ისიც აღრმავებს, რომ აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან ჩვენი ქვეყნისაკენ (და არა მარტო ჩვენი ქვეყნისაკენ) სხვადასხვა სექტის და რელიგიის წარმომადგენელთა დიდი ნაკადი დაიძრა. ისინი ხელგაშლილად ფინანსდებიან საზღგარგარეთ არსებული მათი ცენტრებიდან. ჩვენთვის უცხო მქადაგებლები საჩუქრებით იტყუებენ მართლმადიდებლებს და თავს სხვადასხვა ცრუ სწავლებებს ახვევენ.
ისინი უარყოფენ ეროვნულობას, სამშობლოს, სარწმუნოებას, სიწმიდეთ, ტრადიციებს, განმკითხველი კი არავინა ჩანს.
ის, ვინც ჭიშმარიტ რწმენას განუდგება და ვინც თავისი დაუფიქრებლობით სულიერ ღირებულებებს მიწიერ სიკეთეზე გაცვლის, ღვთისა და მამულის წინაშე მოღალატეა.
განა შეიძლება მშვიდად ვუყუროთ, რელიგიური დაპირისპირების ნიადაგზე თუ როგორ ირღვევა ოჯახები საქართველოში? განა შეიძლება დავდუმდეთ მაშინ, როცა ამ მიზეზით სისხლი იღვრება? თუ ეს პროცესი სასწრაფოდ არ შეჩერდა, იგი უცილობლად შემაძრწუნებელ შედეგებს გამოიღებს. მარტო ჩვენ ამ საშიშროებას ვერ გავუმკლავდებით, საჭიროა მთელი ძალების კონსოლიდაცია. მე დიდი პატივისცემით მივმართავ ჩვენს ხელისუფლებას, კულტურის მუშაკებს, ჩვენს ინტელიგენციას, ახალგაზრდობას, - დაფიქრდით საქართველოს ხვალინდელ დღეზე, თუ ეს შემოსევა დროზე არ აილაგმა, თუ არ დაწესდა კონტროლი პრესაზე, ტელევიზიასა და რადიომაუწყებლობაზე, და თუ დროზე არ გადაიკეტა გზა ცრუ სწავლებათა გავრცელებისა, ჩვენი ხალხი ომის გარეშეც დაიღუპება.
დიდი გასაჭირია ეკონომიკის სფეროშიც. შიმშილმა, სიღატაკემ და სიცივემ უკვე მრავალ ოჯახში დაისადგურა. განსაკუთრებით დამძიმდა ქალაქის მოსახლეობის მდგომარეობა, რადგან იგი ხელფასსა და პენსიაზე ცხოვრობს და მიწის პატარა ნაკვეთიც კი არა აქვს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოიყვანოს. სიღარიბე მძიმე ტვირთად დააწვა ყველას, მაგრამ მდგომარეობიდან გამოსასვლელი გზების ძებნაც მანვე გვაიძულა.
ქართველები გლობალურად ძალიან კარგად ვაზროვნებთ, ვადგენთ გენიალურ გეგმებს, მაგრამ, როგორც წესი, ვერ ვახორციელებთ მათ, რადგან სწორად საქმის დაწყება, დიდისგან მცირის, მაგრამ მნიშვნელოვანის, გამოყოფა გვიჭირს. ჩვენში, როგორც ჩანს, თეორიული აზროვნება სჭარბობს პრაქტიკულს.
ჩვენი გონება, ძველებურად ტოტალიტარული რეჟიმის პრინციპებით მუშაობს, ვერ ვთავისუფლდებით მისი გავლენისგან, ვერ ვიჩენთ ინიციატივას, არ ვეძებთ ახალ გზებს, ველოდებით რას გვიკარნახებენ სხვები და რითი დაგვეხმარებიან...
ფილოსოფოსი ს. ბულგაკოვი წერს: "მტკიცება არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ სამეურნეო საქმიანობა არასოდეს არ არის ინდივიდუალური. ცალკეული ადამიანი, როგორც გენეტიკური არსება მემკვიდრეა მასზე წინ არსებულ თაობათა სამეურნეო გამოცდილებისა და ამავე დროს მუშაობისას თანამედროვე კაცობრიობის გავლენასაც განიცდის ("მეურნეობას ფილოსოფია", გვ. 275).
ამიტომ ჩვენც გვმართებს გამოვიძიოთ, რას საქმიანობდნენ ჩვენი წინაპრები. დღეს, როცა ნედლეულისა და მანქანა-დანადგარების ნაკლებობა ასე მწვავედ იგრძნობა, ფაბრიკა-ქარხნები ერთ დღეში ვერ ამუშავდება. კრიზისიდან გამოსვლისთვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა დამუშავდეს მიწა, ჩვენი მარჩენალი. ხალხი ჯერ შიმშილისგან უნდა ვიხსნათ, შემდეგ კი შეგვეძლება წარმოების თანდათანობით აღდგენასა და განვითარებაზეც ვიფიქროთ. ამის უგულებელყოფა შეუძლებელია.
ყველა გრძნობს, რა ძნელია მიწის გამოყენების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, მითუმეტეს მძიმეა მიღება მიწის პრივატიზაციის კანონისა.
ვფიქრობ, ჩვენ ამ საკითხში იმ ქვეყნების გამოცდილება უნდა გავიზიაროთ, რომელთაც მსგავსი პერიოდი გაიარეს. თუ მათ რჩევას დავეყრდნობით, ჯერ მიწის დროებითი მფლობელობის 10-15 წლიანი გარდამავალი პერიოდი უნდა გამოვაცხადოთ. ამ გარდამავალ პერიოდში მიწა სოფლის და ქალაქის მოსახლეობას გაყიდვის უფლების გარეშე უნდა დაურიგდეს. საქართველოს იმ რაიონებმა, რომელიც მიწის ნაკვეთებით მდიდარია, უნდა გამოყოს და ქალაქელებს გადასცეს ფართობები დროებითი სარგებლობისთვის. ნაკვეთი იმხელა მაინც უნდა იყოს, რომ ოჯახი სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოს. ამასთან, ასეთი მიწის მფლობელებს გაერთიანების უფლებაც უნდა ჰქონდეთ, რათა მიწა შეერთებული ძალით დაამუშაონ.
ეკონომისტებმა და სხვა სპეციალისტებმა უნდა შეიმუშაონ და მოსახლეობას მარტივი და კონკრეტული რეკომენდაციები მიაწოდონ, რათა მიწაზე შრომას შეუჩვეველ ადამიანებს სწორი ორიენტაციის არჩევაში დაეხმარონ.
მინდა მოვუწოდო ყველას: წარსულით ცხოვრება არ გამოგვადგება, ბრძენნი გვარიგებენ: "ნუ იძიებთ, რით სჯობს წარსული დღევანდელ ჩვენს ყოფას, რადგან გონივრული არ არის ეს კითხვა" (ეკლესიასტე 7,10). ნუ შეგეშინდებათ სიძნელეების, ნუ დაიწყებთ ცხოვრების იოლი გზების ძიებას, რადგან ის, რაც ადვილად მოიპოვება, არა მხოლოდ ადვილადაც იკარგება, არამედ ხშირად კაცისთვის ზიანიც კი მოაქვს.
დოვლათის შექმნა ყველამ უნდა ისწავლოს. გამოიჩინეთ ინიციატივა, სრულად გამოავლინეთ ღვთისგან თქვენთვის ბოძებული ნიჭი, გონებამახვილობა. ნუ დაელოდებით სხვის შეწევნას, პირიქით, თუნდაც გიჭირდეთ, მაინც მიეხმარეთ სხვას, ვინც თქვენზე კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და გახსოვდეთ ბიბლიის სიბრძნე: "გამცემი ხელი ცარიელი არ დარჩება, ზარმაცის ხელს სიღარიბე მოაქვს, მუყაითისას კი - სიმდიდრე" (იგავნი 10,4).
მინდა განსაკუთრებით მივმართო მათ, ვინც იოლი გზების ძიების სურვილით დღეს საქართველოს ტოვებს და საცხოვრებლად საზღვარგარეთ მიდის, თქვენ დიდ შეცდომას უშვებთ, რადგან იქ უკეთესი ხვედრი არ გელოდებათ. მიუხედავად ყველაფრისა, უცხო გარემოში თქვენ მაინც უფრო ნაკლებად იქნებით დაცულნი, რადგან სამშობლოში ახლობლები, ნათესავები, მეგობრები გყავთ, რომელნიც განსაცდელის ჟამს გვერდში დაგიდგებიან, იქ კი ვინ იქნება თქვენი გულშემატკივარი?
აუცილებლად დადგება დრო უკან დაბრუნებისა და დაგისვამენ კითხვას, სად იყავით მაშინ, როცა სამშობლოს უჭირდა?
საზღვარგარეთ შეიძლება სასწავლებლად ან საქმიანი ვიზიტით წასვლა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში აქაური სიძნელეებისთვის თავის არიდების მიზნით, - ეს მოქალაქისთვის უღირსი საქციელია.
არ შეიძლება სულით დაცემა, შენში და შენს გარშემო მხოლოდ ცოდვის მორევის დანახვა და ვერ შემჩნევა სიწმინდისა; არ შეიძლება ერის სულიერი ამაღლების რწმენის დაკარგვა, არ შეიძლება ღალატი და უმოქმედობა.
მოციქული იოანე ღვთისმეტყველი სიცოცხლის ბოლო წლებში ხშირად შეაგონებდა მსმენელებს: შვილებო, გიყვარდეთ ერთმანეთი. როდესაც ჰკითხეს, რატომ იმეორებდა ამ ფრაზას ასე ხშირად, უპასუხა: სახარების მთელი აზრი ამ სიტყვებშია ჩადებულიო. ამიტომაც ბრძანებს იგი: "ღმერთი სიყვარული არს" და ამით საცნაურ ყოფს სიყვარულს, როგორც უფლის უპირველეს თვისებას.
შემოქმედებითი უნარი მხოლოდ იმ პიროვნებებში გამოვლინდება სრულად, ვის გულშიც მოყვასის სიყვარული მეფობს. მიუძღვენით ერთმანეთს სიყვარული, "ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი" (გალატ. 6,2).
ჩვენ კი, ჩვენი არასწორი საქციელით, ხშირად ტვირთის შემსუბუქების ნაცვლად ერთმანეთს ჯვარს კიდევ უფრო ვუმძიმებთ. არადა როგორი მყიფეა ადამიანი, როგორი ნაზია მისი უკვდავი სული. ომისდროინდელ ერთ მაგალითს მოვიტან: ფაშისტებმა სხვებთან ერთად ერთი პიროვნებაც დააპატიმრეს. არ დაუკლიათ მისთვის წამება, ცემა, დამცირება, ბოლოს საკონცენტრაციო ბანაკშიც მოათავსეს, მაგრამ მისი სიმტკიცე ვერ გატეხეს. ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ ამ კაცმა შემთხვევით გაიგო, რომ ციხეში საკუთარი შვილის დასმენით მოხვდა: ამ ფაქტმა მასზე ისე იმოქმედა, რომ სულიერად დაიმსხვრა და მოულოდნელად გარდაიცვალა.
მთელი ცხოვრების მანძილზე ჩვენ სიკეთისა და ბოროტების არჩევანის წინაშე ვდგავართ, საით წავიდეთ მარჯვნივ თუ მარცხნივ: "ადამიანის წინაშეა სიცოცხლე და სიკვდილი და რომელსაც მოისურვებს, ის მიეცემა" (ზირაქი 15,17).
წმიდა მეთოდიოს ოლიმპიელი წერს, რომ ყველაზე დიდი სიკეთე, რაც ღვთისგან ადამიანს მიენიჭა, თავისუფალი ნებაა, რომელიც მასზე რაიმე ძალდატანებას გამორიცხავს.
სამოთხის მცნება კაცს იმისთვის მიეცა, რომ მისი თავისუფალი ნება გამოცდილიყო. უფლის მორჩილების შემთხვევაში იგი იმაზე მეტს მიიღებდა, ვიდრე მანამდე ფლობდა, ანუ კიდევ უფრო დიდ ზნეობრივ სრულყოფას მიაღწევდა.
ადამიანური ყოფის მთელი აზრიც ზნეობრივ ამაღლებასა და სრულყოფაშია, რაც ღმერთთან და მოყვასთან კავშირით უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ ერთობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს პავლე მოციქული ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში: "იარებოდეთ ისე, როგორც შეშვენის ხმობას, რომლითაც ხართ ხმობილნი, მთელი ქედმოდრეკილობით, თვინიერებით და დიდსულოვნებით; სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი. ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით" (ეფესელთა 4,1-3).
თუ გვსურს დღევანდელ რთულ და მძიმე დროს გავუძლოთ და არ დავკარგოთ მშვიდობა ჩვენს სულში, შინ და გარეთ, და გვინდა დავძლიოთ ყველა წინააღმდეგობა და გავუმკლავდეთ მოსალოდნელ განსაცდელს, - ამ კანონით უნდა ვიცხოვროთ.
ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, საქართველოში მცხოვრები ყველა ერის წარმომადგენელნო, საზღვარგარეთ მცხოვრებნო ქართველნო, ჩვენი მეოხის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მფარველობას მინდობილი, ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობის დიად ზეიმს და დამდეგ ახალ წელს. დაე, იყოს იგი ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსათვის წელი მშვიდობისა და სიყვარულისა, კეთილდღეობისა და ურთიერთგაგებისა.
მჯერა, მალე გადაივლის შავი ღრუბელი, საქართველო და ქართველი ხალხი გამთლიანდება, მოხდება ჩვენი სულიერი ფერისცვალება და ვიტყვით იმ დღეს: "გმადლობთ, უფალო, რომ განმირისხდი; რომ დაცხრა რისხვა შენი და მანუგეშე. აჰა, უფალია ჩემი ხსნა... უფალია ჩემი ძალა... ის იყო ჩემი მხსნელი" (ესაია 12,1-2).
იყავნ, უფალო, წყალობაი შენი ჩვენზედა, ვითარცა ჩვენ შენ გესავთ (ფს. 32,22). ამინ.
თბილისი,
ქრისტეს შობა,
1994-1995 წწ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის

image
image თემა: შობა
ავტორი: ილია II

სააღდგომო ეპისტოლე - 2002

სიხარული კეთილშობილებისა და სუფთა სინდისის შედეგია

ღვთივკურთხეული საქართველოს ღვთისმოყვარე შვილებს:


"აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰოე, დასაბამი და დასასრული. და მივცემ მწყურვალს სიცოცხლის წყალს წყაროსგან უსასყიდლოდ. მძლეველი დაიმკვიდრებს ყოველს, და ვიქნები მისი ღმერთი, და ის იქნება ჩემი ძე" (გამც. 21,6-7).
ქრისტეს მიერ საყვარელნო ყოვლადუსამღვდელოესო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ყოველნო ღვთივდაცულნო შვილნო საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის მკვიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,
ქრისტე აღდგა!
ეს სიტყვები ჰიმნია უკვდავებისა, ჰიმნი ქრისტეს დიადი გამარჯვებისა, რომელიც ყველას საოცარი იმედითა და სიხარულით აღგვავსებს და ჩვენც, მოციქულ პავლესთან ერთად ვხმობთ: "სიკვდილო! სადა არს საწერტელი შენი? ჯოჯოხეთო! სადა არს ძლევაი შენი?" (I კორ. 15,55).
სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას სათავე იესო ქრისტეს ჯვარცმით დაედო. თუ გვსურს, ამ გამარჯვების თანაზიარნი გავხდეთ, სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოს უნდა ჩავსწვდეთ და გავაცნობიეროთ, რომ აღდგომა ქრისტესი გულისხმობს თითოეული ჩვენგანის, ზოგადად ყველა იმ ადამიანის აღდგომასაც, ვინც იცავს უფლის მცნებებს და მისი მადლითაა აღვსილი, ანუ ვინც ქრისტეში ცხოვრობს.
აი, რას წერს წმიდა იოანე ღვთისმეტყველი მაცხოვრის მიერ მონიჭებული მარადიული სოცოცხლის შესახებ: "მის თანა ცხორებაი იყო და ცხორებაი იგი იყო ნათელ კაცთა" (1,4), "და სიცოცხლე ცხად იქმნა, და ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ თქვენ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამისა თანა და გამოგვეცხადა ჩვენ" (I ინ.1,2).
ქრისტე აღდგა!
ეს საოცარი ზეიმი ემპირიული აზროვნებისათვის მიუწვდომელია, ამიტომაც იყო, რომ როცა აღმდგარი უფალი გამოეცხადა მარიამ მაგდალინელს, თავდაპირველად მანაც ვერ იცნო იგი (ინ. 21,4), ვერც ტიბერიის ზღვასთან მდგარი იესო შეიცნეს მისმა მოწაფეებმა.
აღდგომის საიდუმლოს აღქმა მხოლოდ ეკლესიაში და ეკლესიის საშუალებით ხდება. კარგად ამბობს ერთ-ერთი ცნობილი სასულიერო პირი: "ეკლესია არის ჩვენი ზიარების საშუალება აღდგომილი ღმერთის ცხოვრებასთან".
დიახ, მხოლოდ ეკლესიაში შეიძლება მოვიპოვოთ უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მადლი სულისა წმიდისა; იგი მხოლოდ ეკლესიური მოღვაწეობით და ლოცვით მოგვეცემა, რადგან სულიერი ჭვრეტის უნარი სულიერი ცხოვრებით მიიღწევა და მაშინ აღსრულდება უფლის სიტყვები: "ითხოვდით, და მოგეცეს თქვენ; ეძიებდეთ, და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ" (მთ. 7,7).
ხშირად ასეც ხდება, რომ ჩვენ ვთხოვთ ღმერთს სულიწმიდის მადლს, მაგრამ კარგად არც კი ვიცით, რას ნიშნავს ეს. მოციქული პავლე გალატელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: "ხოლო ნაყოფი სულისაი არს: სიყუარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება" (გალ. 5,22-23) და ამატებს: "თუ სულით ვცხოვრობთ, სულსვე უნდა მივსდევდეთ, ნუ ვიქნებით მედიდურნი, ერთმანეთის გამომწვევნი, ერთმანეთის მოშურნენი" (5,25-26).
მოციქული პავლე ზემოთ ხსენებული ცხრა სათნოების ჩამოთვლით წარმოაჩენს, თუ როგორი უნდა იყოს სულიწმიდის მადლით მოსილი მორწმუნის შინაგანი სამყარო, როგორი უნდა იყოს მისი დამოკიდებულება ღვთისა და მოყვასისადმი. აი, ამ თვისებების მატარებელი პიროვნება არის ახალი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ქრიტეში და ქრისტეც მყოფობს მასში.
დღეს ჩვენი ხალხის რელიგიური გამოღვიძებისა და ეროვნული ღირებულებების აღორძინების საინტერესო და ამავე დროს მეტად რთული პროცესი მიმდინარეობს. შეიძლება კი წარმოდგენა საქართველოსი და ქართველი ხალხისა ჩვენი სარწმუნოებისა და ურთიერთობების, ჩვენი ტრადიციებისა და ოჯახური ყოფის გარეშე?! როგორი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა, რომ არ ჰყოლოდა მას ისეთი თავდადებული, ერთგული და ძლიერი დამცველნი, როგორებიც იყვნენ: წმიდა მეფე მირიანი და ნანა დედოფალი, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, მეფე თამარი, არჩილ და ლუარსაბი, დიმიტრი თავდადებული, ქეთევან დედოფალი, და ათასობით და ათიათასობით სხვა მოწამე, რომელთაც თავი დადეს მამულისა და რწმენისათვის.
საუკუნეთა მანძილზე ქართველი დედა შვილს გმირად ზრდიდა, მამულისადმი თავდადების სულისკვეთებას უღვივებდა. სწორედ ქართველი ქალის დამსახურებაა, რომ ჩვენს წინაპრებს მტკიცე სარწმუნოება და თავგანწირული სიყვარული ჰქონდათ; რომ არა ასეთი დამოკიდებულება, დღეს ჩვენი ქვეყანა და ხალხი აღარ იარსებებდა. სწორედ ის ცხრა სათნოება, რომელთა შესახებაც ბრძანებს წმიდა მოციქული პავლე, იყო მთავარი ორიენტირი ჩვენი დიდებული წინაპრებისათვის. იგი ჩვენი და ჩვენი შვილების ცხოვრების საფუძვლადაც უნდა იქცეს, რაც კვლავ ქართველი ქალის მიერ უნდა განხორციელდეს, მისი ძალისხმევით ქრისტიანობის მტკიცე საძირკველზე უნდა გაერთიანდეს ეკლესიაც, სკოლაც და ოჯახიც.
ამიტომაც მინდა ამ საკითხზე განსაკუთრებულად შევჩერდე.
უპირველეს სათნოებად მოციქული სიყვარულს მიიჩნევს და კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში მას ასე ახასიათებს: "სიყვარული სულგრძელია და ტკბილი; სიყვარულს არ შურს; სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასდროს განქარდება" (I კორ. 13,4-8).
ეს საოცარი სიტყვები თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაითავისოს და თავისი ცხოვრების წესად აქციოს.
სიყვარული გადამრჩენელია და მარადიული, ამასთან იგი სათავეა სიხარულისა, რომელიც ასე აკლია თანამედროვე კაცობრიობას. ჭეშმარიტი სიხარულის განცდა შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც ჭეშმარიტად უყვარს.
სიხარული მეორე სიკეთეა სიყვარულის შემდეგ. სულიერი სიხარული არ შეიძლება იყოს ცოდვით სავსე ყოფის შედეგი, არამედ იგი ნაყოფია ღვთივსათნო, წმიდა ცხოვრებისა. იგი საერთოდ არ არის ყოფით კეთილდღეობასთან დაკავშირებული. მას ხელოვნურად, საკუთარი სურვილით ვერ გამოიწვევ. ის ბუნებრივი მდგომარეობაა სულიწმინდით გაცისკროვნებული გულისა. ამიტომაც წერს წმიდა იოანე ოქროპირი: "ვერც ძალაუფლების სიდიადე, ვერც ფულის სიმრავლე, ვერც ძლიერება, ვერც ჯანმრთელობა, ვერც უხვი სუფრა, ვერც შესანიშნავი სამოსელი და ვერც სხვა ადამიანური უპირატესობანი გვანიჭებენ ნამდვილ სიხარულს; იგი შედეგია სულიერი კეთილშობილებისა და სუფთა სინდისისა".
სულიერი კეთილშობილება და წმიდა სინდისი ანიჭებს პიროვნებას ერთ-ერთ ყველაზე დიდ ადამიანურ ღირსებას – უშურველობას და სხვისი სიხარულითა და ბედნიერებით გახარების უნარს.
სულიწმიდის მადლთა შორის მესამე ადგილი მშვიდობას უკავია.
მშვიდობა ყველსათვის სასურველია, მაგრამ მისი მიღწევა არ არის იოლი. ჩვენს გარშემოც და ჩვენს სულშიც მშვიდობა რომ სუფევდეს, მშვიდობისმოყვარე გული უნდა გვქონდეს, ეს კი წყალობაა ღვთისა და ამ მადლს მხოლოდ ის მოიპოვებს, ვინც ვნებებს დაძლევს. ბედნიერია ოჯახი, სადაც ღვთივკურთხეული მშვიდობით დაჯილდოვებული ადამიანები ცხოვრობენ. ისინი სხვებისაგან ფარულად, შეუმჩნევლად თესენ სიკეთეს და დამაწყნარებლად მოქმედებენ გარშემომყოფებზეც და, საერთოდ, საზოგადოებაზეც. მშვიდობას იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ მშვიდობისმყოფელთ უფალი ძეებად ღვთისად მოიხსენიებს.
მეოთხე ადგილზე მოციქული პავლე მოთმინებას აყენებს.
სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების წარმომადგენელთა უმრავლესობას არათუ დიდი, არამედ მცირეოდენი მოთმინების უნარიც კი აღარ შესწევს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ყოფა სამოთხედ არასოდეს იქცევა, რადგან, როგორც წმიდა იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: "ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას" (I ინ. 5,19); ამქვეყნად პრობლემები არ დაილევა, რადგან ბოროტება ებრძვის სიკეთეს და ამ ბრძოლის მთავარი ობიექტი არის ადამიანი. დედამიწაზე განსაცდელისა და ტკივილის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია; წარმოუდგენელია პიროვნება, რომელსაც არ მოუწევს დემონებისაგან წაქეზებული ავი და გაბოროტებული ადამიანების თავდასხმებთან გამკლავება. აი, ამ დროს აუცილებელია, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და მოუხმოთ მოთმინებას, რომ არ მიაგოთ ბოროტი ბოროტისა წილ. თქვენი მოთმინების მტკიცე კედელი აისხლეტს დემონის ისრებს, დაგიცავთ და დაგიფარავთ სულიერი დაცემისაგან. სოლომონ ბრძენიც ასე გვარიგებს: "დამთმენი კაცი გონიერია, ის კი, ვინც ადვილად ღიზიანდება, სიბრიყვეს ავლენს" (იგავ. 14,29). მოთმინებასთან ერთად აუცილებელია, რომ ავისმოსურნე ან თქვენზე ავისმთქმელი ადამიანი კი არ გძულდეთ, არამედ გებრალებოდეთ, როგორც ეშმაკის ცდუნების მსხვერპლი და მისთვის ილოცოთ.
მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას, სიხარულსა და სიყვარულს და თავადაც უხვად საზრდოობს ამ მადლთაგან.
მაშ, თუ გსურთ, გაიმარჯვოთ, - მოითმინეთ, რადგან ვინც დაითმენს, ნამდვილად დიდ წარმატებას ის მიაღწევს ბოლოს.
პავლე მოციქული სრულყოფილების კიბის მეხუთე საფეხურზე სიკეთეს აყენებს. სიკეთე სულიერი სიმდიდრის სათავიდან მომდინარეობს და კრძალულებით არის შემკული.
კეთილ ადამიანს ყოველთვის კარგი განწყობა აქვს და მოწყალეა სხვათა მიმართ. მისთვის ახლობლებთან თუ უცხო პირებთან შეხვედრა სიხარულის მომტანია. იმერეთის ეპისკოპოსი წმიდა გაბრიელი (ქიქოძე) მთელი წლის განმავლობაში ყველას ასე ესალმებოდა: "ქრისტე აღდგა", რადგან ყოველი შეხვედრა პასექის სიხარულს ანიჭებდა. ასეთი განწყობა არ მოდის გონებიდან, იგი გულის თვისებაა.
მოწყალება არის სულიერი კიბის შემდგომი საფეხური. გულმოწყალება ცხონებისაკენ მიმავალი ყველაზე სწორი და უმოკლესი გზაა. იგი გულისხმობს თანალმობას, თანადგომას, სხვის დასახმარებლად საკუთარი თავის დაუზოგაობას, და საერთოდ, ცხოვრებას მოყვასისათვის. ამიტომაც ბრძანებს უფალი, რომ საშინელი სამსჯავროს დროს მოწყალენი შეწყალებულნი იქნებიან და ცათა სასუფეველს დაიმკვიდრებენ.
იოანე მოწყალის ცხოვრება ისევე, როგორც მრავალი სხვა წმინდანისა, საუკეთესო მაგალითია გულმოწყალებისა.
მოწყალების შემდეგ პავლე მოციქული რწმენაზე საუბრობს. რწმენა მხოლოდ ღვთის არსებობაში დარწმუნებას კი არ ნიშნავს, არამედ უპირველესად ცხოვრებას ღმერთში და მისი წყალობის სასოებას გულისხმობს. იგია ერთგულება და მორჩილება ღვთის ნებისადმი. "რწმენა, - წერს წმიდა იოანე ოქროპირი, - დედაა ყოველი სიკეთისა, იგია წამალი გადარჩენისა". იოანე კიბისაღმწერელი კი ასე გვაფრთხილებს: "ვინც ჭეშმარიტი რწმენის გარეშე იქმს კეთილ საქმეთ, მსგავსია კაცისა, რომელიც წყალს გატეხილ ჭურჭელში ასხამს". ამიტომაც გადარჩენა და ცხონება შეუძლებელია გარეშე ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, რადგან სხვა გზა სულიწმიდის ნიჭთა მოსახვეჭად არ არსებობს.
რწმენას მოსდევს სიმშვიდე, თვინიერება. მშვიდთა შესახებ ამბობს მაცხოვარი: "მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა". სიმშვიდე გულისხმობს თავმდაბლობას, რადგან სწორედ თავმდაბლობა გამორიცხავს ყოველგვარ გაღიზიანებას და მრისხანებას, ანუ მიზეზს შფოთისა. მოსე წინასწარმეტყველმა ღვთის უდიდესი მადლი იმიტომ მოიპოვა, რომ იგი იყო ყველაზე მშვიდი და თავმდაბალი დედამიწაზე იმ დროს მცხოვრებ ადამიანთა შორის.
მეცხრე სათნოება არის თავშეკავება.
თავშეკავებულობა ახასიათებდა ყველა დიდ და ბრძენ ადამიანს. თავშეკავება – გონიერებაა, იგი გემოთმოყვარებაზე, ვნებებსა და სხვა ცოდვით მიდრეკილებებზე უარის თქმაა. იგია ბრძოლა საკუთარ თავთან.
დღეს ჩვენ განსაკუთრებით გვმართებს ამ უნარის გამომუშავებაზე ზრუნვა, რადგან მთელი მსოფლიო ზნეობრივმა დაცემამ მოიცვა და იგი, ვითარცა ჭაობი, ყველას თავის გახრწნილ წიაღში ითრევს.
XX საუკუნემ მატერიალურ-ტექნიკური მიღწევებით, მსოფლიო ომებით, ლოკალური კონფლიქტებით, ახალი გადანაწილების სურვილებითა თუ სხვა პრობლემებით ადამიანებში პესიმიზმი და ხვალინდელი დღისადმი შიში დანერგა.
მსოფლიოში რომ ამჟამად დიდი გარდატეხის პროცესი მიმდინარეობს, ყველამ ვიცით. ყველამ ვიცით, აგრეთვე, რომ გუშინდელი დღე ხვალ არ განმეორდება და ხვალინდელი დღე არც დღევანდელს აღარ გაიმეორებს.
დიახ, დრო იცვლება და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად, ამიტომ, ეკლესიამ უნდა გაითვალისწინოს ის სულიერი და მატერიალური პრობლემები, რომელთაც ახალი ცხოვრება გვთავაზობს და, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმისათვის, რომ მიმდინარე პროცესებს შესაძლებლობისამებრ მომზადებული შეხვდეს, რათა თაობა არ დამახინჯდეს.
ჩვენი ყოფის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი მოვლენაა ცენტრალიზებული, წინასწარ დაგეგმილი ეკონომიკის შეცვლა თავისუფალი საბაზრო ცხოვრების წესით. ტოტალიტარულ რეჟიმს შეჩვეული ხალხი, სამწუხაროდ, ადვილად ვერ უღებს ალღოს დროის მოთხოვნილებებს და დაბნეული სასოწარკვეთილებაში ვარდება.
აუცილებელია ანალიტიკური აზროვნება, ახალი იდეები, გონიერი, შორსმჭვრეტელი ადამიანები, რათა ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი რისკიც და მსხვერპლიც მაქსიმალურად შემცირდეს. ამისათვის კი, როგორც ნობელის პრემიის ლაურეატი, ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი მილტონ ფრიდმანი წერს, სახელმწიფომ ნელ-ნელა უნდა დაიწყოს მისი აპარატის როლისა და გავლენის შემცირება. ისეთ პერიოდში კი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ამჟამად გადის, ეკონომიკის 50% მაინც (განსაკუთრებით სტრატეგიულ ობიექტებს) სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს, ნახევარს კი საბაზრო ურთიერთობები. ამასთან, აუცილებელია წვრილი და საშუალო ბიზნესისათვის ხელშეწყობა. ჩვენთან კი ბევრი რამ არასწორად კეთდება. თავისუფალი ბაზარი ევროპაში საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბდა; საქართველოში კი ყველაფერი რამდენიმე წელში გვინდა შევცვალოთ. ვფიქრობ, დაჩქარებული ტემპები სერიოზული შეცდომების მიზეზი ხდება, რაც ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი საზოგადოების ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს.
იმის საშიშროებაც აშკარაა, რომ მთავარი ყურადღება მიპყრობილია ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური ეფექტების მიღწევაზე, ურთიერთობის ზნეობრივი მხარე კი სრულიად დავიწყებულია. უფრო მეტიც, ლამის იძულებით ხდება ზნეობრიობის გადაგვარება, ეს კი სულიერი და ფიზიკური განადგურების რეალურ საფრთხეს ქმნის.
ღმერთი ნამდვილად არ გვაპატიებს თავაშვებული ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ეს ყველამ უნდა გაითავისოს.
სამწუხაროა, რომ ტელევიზია და მასობრივი ინფორმაციის საშუალებანიც, ყოველგვარი მორიდების გარეშე აჩვევენ საზოგადოებას სულიერი დაცემის გამაოგნებელ სცენებს, ძალადობასა და საზარელ მკვლელობებს და ამით ანგრევენ ჩვენში ღვთის მიერ დადგენილ ზღუდეებს.
ზოგი ამას უკომპლექსობის დამკვიდრებას უწოდებს, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, უგუნურებაა. ასეთი სახით შემოთავაზებული ჭუჭყი ქვეცნობიერად ილექება ადამიანის, განსაკუთრებით მოზარდებისა და ახალგაზრდების ფსიქიკაში და შემდეგ საკუთარ ცხოვრებაში, ვითარების შესაბამისად, თავადაც ეფლობიან მასში. ჩვენ თვალწინ, ჩვენს მიერ ყალიბდება სულიერად დამახინჯებული ცხოვრებისა და აზროვნების წესი, პასუხისმგებლობას კი არავინ გრძნობს. მასმედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ თქვან, რომ თუ ისინი არ აჩვენებენ მსგავს ფილმებს და გადაცემებს, არ დაწერენ და არ გააშუქებენ ასეთ თემებს, სხვა ქვეყნების ტელევიზიები და საინფორმაციო საშუალებანი ამას მაინც გააკეთებენ (უცხო ქვეყნების გადაცემები კი მრავალთათვის ხელმისაწვდომია). ამაში სიმართლე არის, მაგრამ სიმართლეა ისიც, რომ არ შეიძლება ჩვენი მოსახლეობა ყველა პრობლემის, სულიერისა თუ მატერიალურის წინაშე, ერთბაშად დავაყენოთ, რაც დეპრესიას, ორიენტაციის დაკარგვასა და აზროვნების გადაგვარებას იწვევს.
და თუ მაინც მხოლოდ ასეთი პროდუქციის მოხმარება გვსურს, იგი ხალხს ქრისტიანული ზნეობიდან გამომდინარე სულ სხვა კომენტარებითა და სხვა ფსიქოლოგიური კუთხით მაინც უნდა მივაწოდოთ. ამის გაკეთება კი ნამდვილად არ არის ძნელი.
ფაქტი ერთია, რომ ჩვენი ახალგაზრდობა სრულიად მოუმზადებელი შეხვდა "თავისუფლებას", იმ აღვირახსნილი და თავაშვებული ცხოვრების წესს, რომლის წინაშეც ასე მოულოდნელად აღმოჩნდა. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ბევრმა ვერ გაუძლოს ცდუნებას და ავხორც ვნებებსა და ცხოველურ ინსტინქტებს დაემონოს.
ასეთნი შიშის, ჰალუცინაციების, სრული სულიერი გამოფიტვისა და მსხვრევისათვის არიან განწირულნი. ადრე თუ გვიან, თვითონაც აუცილებლად მიხვდებიან, რომ მოლიპული გზით მიექანებიან, მთავარია, თვითგამორკვევის პროცესი არ გაუჭიანურდეთ.
შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი, უპირველს ყოვლისა, თავად ახალგაზრდებმა უნდა მოძებნონ და თვითონ უნდა მოინდომონ ჭეშმარიტების გზით სვლა.
მჯერა, ისინი გააცნობიერებენ, თუ რა დიდი სულიერი ბრძოლა აქვთ გადასატანი. ჩვენ დიდგორის ველი გველის. თითოეულმა ჩვენგანმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობამ, უნდა შეძლოს დავითობა, ოღონდ მათ თავდაპირველად უნდა სძლიონ ცოდვათა შორის უპირველესს – ამპარტავნებას, ყალბ წარმოდგენას, თითქოს ისინი უფროს თაობასთან შედარებით უფრო განათლებულნი, მრავლის მცოდნენი და გონიერნი არიან.
მართალია, თაობათა შორის წინააღმდეგობა ყოველთვის იყო და კვლავაც იქნება, მაგრამ იგი არ უნდა გადაიზარდოს უგულებელყოფასა და გაუცხოებაში. ახალგაზრდებს მეტი დაფიქრება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჰმართებთ: მათ უნდა იცოდნენ, რომ ტელევიზიით, ინტერნეტით, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით მიღებული ცოდნა ზედაპირულია, სიღრმე აკლია და იგი ასეთსავე ადამიანებს აყალიბებს. ძველი თაობა კი, მიუხედავად მრავალი ნაკლისა, უფრო წინდახედული იყო და უფრო ღრმად აზროვნებდა.
დიდი ჩინელი ფილოსოფოსის, კონფუცის მიერ შემოთავაზებული მაგალითი მინდა შეგახსენოთ: ერთხელ იგი თავის მოწაფეებთან ერთად სეირნობდა. მან შეამჩნია კაცი, რომელიც ჩიტებს იჭერდა; მიუახლოვდა მას და ჩიტებით სავსე მისი გალია დაათვალიერა. აღმოჩნდა, რომ იქ მხოლოდ ბარტყები იყვნენ. დიდები სადღა არიან? – იკითხა კონფუციმ. კაცმა უპასუხა: "დიდები გონიერნი არიან და ფრთხილნი. ვიდრე დაგებულ მახეს მიუახლოვდებიან, გულდასმით სწავლობენ გარშემო ყველაფერს და თუ რაიმე საეჭვოს შეამჩნევენ, მაშინვე მიფრინავენ და ბარტყებიც თან მიჰყავთ: კაკანათში მხოლოდ უფროსთაგან განცალკევებული პატარები ებმებიან".
"გესმით, - უთხრა ფილოსოფოსმა მოწაფეებს, - ჩიტების დამჭერმა რა სიბრძნე გვითხრა!"
ესაა ჭეშმარიტება, რომელიც ყველაგან, ყოველთვის და ყველასათვის გასათვალისწინებელია. უფლის მეხუთე მცნებაც გვაფრთხილებს: "პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა", რაც გულისხმობს არა მარტო მშობლების, არამედ საერთოდ უფროსი თაობის პატივისცემას. ამ ტრადიციას ჩვენი ხალხი ყოველთვის იცავდა და იგი მომავალმა თაობამაც უნდა გააგრძელოს.
თავის მხრივ, მამებმაც მეტი ლობიერება უნდა გამოიჩინონ შვილებისადმი, რადგან მათ ჩვენთან შედარებით კიდევ უფრო რთულ დროს მოუხდათ ცხოვრების ასპარეზზე გამოსვლა და გაცილებით მეტი პრობლემები და სიძნელეები აქვთ დასაძლევი.
თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს.
არ შემიძლია ორიოდე სიტყვით კვლავ არ შევეხო ნარკომანიის პრობლემასაც. ისინი, რომლებიც ამ საწამლავს მიეჩვივნენ, ჩვენი ავადმყოფი შვილები არიან, რომელთაც ამ საშინელი სენისაგან თავის დაღწევაში უნდა დავეხმაროთ. ერთხელ კვლავ მივმართავ მათ მამაშვილური სიყვარულით: უწინარესად თქვენ თვითონ უნდა გაგიჩნდეთ სურვილი გადარჩენისა. ამის გარეშე სხვათაგან რაიმე მცდელობას აზრი არა აქვს. იმისათვის კი, რომ ეს სურვილი იყოს მყარი და ბოროტის მხრიდან მრავალ შემოტევას გაუძლოს, ღვთის შემწეობაა აუცილებელი, რაც მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით მიიღწევა. ლოცვის, აღსარებისა და წმიდა ზიარების გარეშე ზეაღმყვანებელ სულიერ კიბეზე სვლა შეუძლებელია.
ჩვენ გვყავს ბევრი ახალგაზრდა, რომელთაც მოინდომეს და შეძლეს კიდეც თავიანთი წლების განმავლობაში გამრუდებული ყოფის შეცვლა, ცხოვრების ჭეშმარიტი აზრი და მიზანი გააცნობიერეს, ნარკოტიკების მიღებაზე უარი თქვეს და საკუთარ სულში სულ სხვა, მეტად საინტერესო და საოცარი სამყარო აღმოაჩინეს.
ღმერთი იყოს შემწე და აღმადგინებელი ყოველი დაცემულისა.
დაბოლოს, თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო ეკოლოგიასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც. მოსახლეობა ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რამდენად მძიმეა ამ მხრივ შექმნილი სიტუაცია. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ უკანასკნელი 70-80 წლის მანძილზე ჰაერის დაბინძურება 100000-ჯერ გაიზარდა, განადგურდა და კვლავაც ნადგურდება ათასობით ჰექტარი წყლის საფარი, იწამლება წყალი, გაუდაბურდა უზარმაზარი მიწის ფართობები. რამდენად შემაშფოთებელია თუნდაც ის ფაქტი, რომ დედამიწაზე უკვე ყოველ საათში ისპობა ცოცხალ არსებათა ორი სახეობა, რაც გლობალური სისტემური კრიზისის მაჩვენებელია. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, იზრუნოს მის ირგვლივ არსებულ გარემოზე. ეს ზრუნვაა ჩვენი და ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის.
მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს საპატრიარქოსთან ყალიბდება როგორც ეკოლოგიისა და გამწვანების დეპარტამენტი, ისე ნარკომანთა რეაბილიტაციის (აქამდე არსებულისაგან სრულიად განსხვავებული) ცენტრი. ჩვენი დიდი სურვილია შესაძლებლობისამებრ დავეხმაროთ საზოგადოებასაც და ბუნებასაც და შევქმნათ პირობები არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ არა გვაქვს უფლება როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე მსოფლიოს ხვალინდელ დღეზე პესიმისტური დასკვნები გამოვიტანოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი, რომელსაც შესწევს უნარი დააღწიოს თავი სიბნელის წყვდიადს და აღადგინოს გაწყვეტილი კავშირი ღმერთთან. ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე, ჩვენს არჩევანსა და სურვილზეა დამოკიდებული. რწმენა, გონიერება, სიყვარული და ნებისყოფა იყო და არის ადამიანის ერთადერთი მკურნალი და დამცველი.
"იყავით ბრძენნი, რომ იყოთ ღმერთთან და პასექის ზეიმის სიხარული არასოდეს დაგტოვებთ თქვენ", - ბრძანებს თეოფანე დაყუდებული.
დღეს მსოფლიო არამიწიერ, უჩვეულო სიხარულს მოუცავს. იგი არ ექვემდებარება არც ანალიზს, არც რაიმე განსაზღვრებას. იგია მადლი, რომელიც უხვად იღვრება უფლის კალთიდან და აღავსებს ყოველი მართლმორწმუნის სულს. ამ სიხარულის გარეშე არ არსებობს ქრისტიანობა. იგი ეფინება ეკლესიის სრულ სისავსეს და ყველას მშვიდობითა და სიყვარულით აერთიანებს.
ისინი კი, ვინც ეკლესიის წიაღში არ იმყოფებიან, შორს არიან ჭეშმარიტი მშვიდობისა და სიყვარულის, უფლის მადლისა და სიხარულისაგან. მათთვის ჯოჯოხეთი უკვე ამქვეყნიდანვე იწყება. ამქვეყნიდანვე იწყება ღვთისსათნო ადამიანთა ზეაღსვლა ცისკენ და ეს პროცესი მსგავსია ებრაელთა მოგზაურობისა ეგვიპტიდან აღთქმული მიწისკენ.
დედამიწა ცხოვრების აბობოქრებული ოკეანეა, ეკლესია – ნოეს კიდობანი. მის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია. წმიდა ირინეოს ლიონელი წერს: ეკლესია ამქვეყნიური სამოთხეა. ძველი და ახალი აღთქმის წიგნები კი ამ სამოთხეში გაშენებული სხვადასხვა ხეხილი და ნერგი. მაშ, ვიხმიოთ ნაყოფი საუფლო ბაღისა.
ჩვენო საყვარელნო სულიერნო შვილნო, თუ ხართ ღმერთთან, იქნებით ეკლესიაში, თუ ნამდვილად ხართ ეკლესიის წევრნი, იქნებით აღვსილნი რწმენით, სიყვარულითა და იმედით და მწუხარება თქვენი, განსაცდელი და ტკივილი სიხარულით შეიცვლება. გაიხსენეთ მაცხოვრის სიტყვები: "ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (ინ. 16,33).
ქრისტეს აღდგომის მადლით, სიხარულითა და სიყვარულით შეერთდა დღეს ცა და დედამიწა და ჩვენც ანგელოზთა თანა ვუგალობთ უფალს: "წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენითა. ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანა მაღალთა შინა".
ყველას გილოცავთ სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დიად ზეიმს და გახარებთ მარადიული სიხარულის მომნიჭებელ სიტყვებს:
ქრისტე აღდგა!
უფალმა დალოცოს თითოეული თქვენგანი, დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ხალხი, ყოველი წევრი საქართველოს ეკლესიისა. მოგვმადლოს ერთსულოვნება, მშვიდობა, სიბრძნე და კეთილდღეობა, მოგვანიჭოს ნიჭი სულისა წმიდისა, რათა ჩვენზეც აღსრულდეს წმიდა წერილის ეს სიტყვები: "ნეტარია და წმიდა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილს არა აქვს ხელმწიფება მასზე" (გამც. 20,6). ამინ!
თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.
აღდგომა ქრისტესი,
თბილისი, 2002 წ. სიხარული კეთილშობილებისა და სუფთა სინდისის

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3