წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
თუ მდიდარი და წარჩინებული ხარ, ყოველივე ეს ღმერთმა იმიტომ მოგცა, რომ კეთილად ისარგებლო შენი მდგომარეობით და არა მხოლოდ აქ მცირე ხნით იყო რჩეული, არამედ მარადიულად, სერობასა შინა ღმრთისასა. ხოლო თუ მდაბალი და ღარიბი ხარ, შენი ასეთი მდგომარეობა ღმრთისაგან მოწოდებად უნდა მიიღო, ჰმადლობდე უფალს და რჩეულთა შორის შენც მოხვდები. გაიხსენე, რომ როცა მდიდრებმა ღმერთისაგან მიწვევა უარყვეს, მან მონანი წარგზავნა და სახლში უცხონი, ღარიბნი და გლახაკნი შემოიყვანა. შენც ეცადე, რომ სიგლახაკითა და მოთმინებით გახდე რჩეული და შეხვიდე სახლსა უფლისასა
„უმჯობეს არს მოკლებული სიბრძნითა (სწავლითა) შიშითა ღვთისა, ვიდრეღა წარმატებული სიბრძნითა და გარდამხთომელი სჯულისა“ (ზირაქ. 19.21). მოყვანილ სიტყვებში ისუ ზირაქი, რომელიც თავის დროში არა თუ განათლებულ კაცად ირიცხებოდა, არამედ უწოდებდნენ ბრძნად, თითქმის ამდაბლებს ცოდნას, სწავლას, როდესაც ამობს: უმჯობეს არს მოკლებული სწავლითა, გარნა ღვთის მოშიში, ესე იგი კეთილმოქმედი, ვინემ წარმატებული სწავლით და სჯულის გარდამხდომი, ესე იგი უსჯულო. მაგრამ ზირაქი არ არ იწუნებს სწავლასა, არც იმას იტყვის, რომ სწავლა, ცოდნა თავისთავად უსარგებლო, ანუ მავნებელი იყოს; ის მხოლოდ იმ აზრს გამოსთქვამს, რომ ერთსა მარტო სწავლასა, თვინიერ კეთილზნეობისა, არა აქვს დიდი ფასი. ერთი მხოლოდ ცოდნა, ანუ განათლება, თვინიერ შესაფერი კეთილი ზნეობისა, მოუტანს საზოგადოებას და თვით სწავლის შემძენსაც უმეტესად ვნებას, ვინემ სარგებლობასა. გარნა, მაგიერად, თვითეული თქვენგანი დაუყოვნებლივ დამეთანხმება, რომ ყველაზე უმჯობესი და სასურველი ის არის, როდესაც კაცი მდიდარია ცოდნითა და მასთანავე მტკიცე ქრისტიანობრივითა ზნეობითა.
თემა: განათლება, ცოდნაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
არა თუ სხვას უნდა წაართვას, ანუ მოჰპაროს კაცმა, არამედ პირიქით, უნდა მისცეს გაჭირვებულსა კაცსა, და ამისთვის თვისი საკუთარი ხელით უნდა იშრომოს, შეიძინოს და მისცეს ღარიბსა. ქურდობა, მპარაობა საზარელი ცოდვა არის. ქურდობა უმეტეს ნაწილად წარმოსდგება ზარმაცობიდგან, უსაქმურობიდგან. თუ კაცი შრომისმოყვარეა, ბეჯითი, მეცადინე, ყოველთვის იშოვნის სარჩოს. ქურდობით კაცი ვერ გაბედნიერდება, არამედ უმეტეს ნაწილად გაუბედურდება. ვგონებ, ქურდი კარგად რომ დაფიქრდეს ამაზედ, აღარ გააგრძელებს თავის საძაგელ მოქმედებას, რომელიც მას ერთხელ დაჰღუპავს.
თემა: ქურდობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
„და ნუცა სცემთ ადგილს ეშმაკსა“ (ეფეს. 4. 27). რას ნიშნავს ეს სიტყვა ძმაო? ეს იმას ნიშნავს, რომ ნუ მისცემთ მაცთურს, ანუ ეშმაკს იმისთანა შემთხვევას და მიზეზს, რომლითაც მას შეეძლოს მიახლება თქვენდამი და წარწყმედა თქვენიო. მართლა, ეშმაკი, ანუ სულიერი მტერი ჩვენი, იმ ზომად გვაცთუნებს ჩვენ, რა ზომადაც თვითონ ჩვენ მივსცემთ მას მიზეზებს. მიზეზად ის მიიღებს ყოველსა ჩვენსა ცუდსა მიდრეკილებასა, უკრძალველობასა, დაუდევნელობასა. ზოგიერთი კაცი, ანუ უგუნურებით, ანუ ფარისევლობით, ყოველსა თვისსა ცოდვასა ეშმაკს მიაწერს: „ეშმაკმა მაცთუნა, მტერმა შემაცდინაო“. გარნა, მოციქულის სიტვებიდგან სჩანს, რომ ჩვენ თვითონ ვაძლევთ მას შემთხვევას და მიზეზს, რომ გვაცთუნოს მან. ეშმაკი გიყურებს შენ და გამოსცდის რით ხარ შენ ცუდი, რომელნი ცუდნი თვისებანი და მიდრეკილებანი ჰსუფევენ შენს შორის. თუ დაგინახა, რომ ანგარი კაცი ხარ, მაშინ იმ ანგარებით მრავალ ცოდვაში ჩაგაგდებს; თუ შეგატყო, რომ გულფიცხელი ხარ, მაშინ იგი ამ კერძოით მოგეკიდება და დაგღუპავს. გარნა, უმეტესად ყოვლისა, კაცი თავის გულში მაშინ აძლევს ადგილს ეშმაკსა, როდესაც იგი არის უქმი, არ უყვარს შრომა და მუშაობა.
თემა: ეშმაკი, დემონიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
როდესაც გულისწყრომა მომდინარეობს ამპარტავნებისაგან, ანგარებისაგან, ანუ სხვათა ამის მსგავსთა გრძნობათაგან, მაშინ ადვილად შთაგაგდებს შენ იგი ცოდვასა შინა. მაშინ შენ უნდა მალე დააცხრო ესრეთი გულისწყრომა. ამისთვის იტყვის მოციქული: „მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქვენსა“. მართლა, ვინ არ იცის რაოდენთა ცოდვათა შინა შთააგდებს კაცს მრისხანება, მეტადრე უგნური. როდესაც კაცი განრისხდება, მაშინ ყოველი, რაც არის მის სულში და გულში კეთილი თვისება და გრძნობა, დაჩუმდება და ნაცვლად აღდგებიან და აღიძვრებიან ყოველნი მხეცურნი თვისებანი და მიდრეკილებანი.
არა თუ შეუძლებელია, რომ გულისწყრომა არასოდეს არ ჰქონდეს კაცს, არამედ, ვგონებ, რომ ცუდი ნიშანიც იქნებოდა, თუ კაცს რომელსამე არაოდეს არ მოუვა გულისწყრომა. როდესაც რამეს ცუდს და საძაგელს ჰხედავ შენი მოყვრის მოქმედებაში, ჰხედავ გარემო შენსა სიცრუესა, უსამართლობასა, გარყვნილებასა, და მაინც გული გრილი გაქვს, გული არ გიწყრება, არაფერს ჰზრუნავ – მეშინის, რომ ვაი თუ შენში მკვდარ არს ყოველი კეთილი გრძნობა და სათნოების სიყვარული. ყოველთა ესრეთთა შემთხვევათა შინა გულისწრომა არის კანონიერი და კეთილი. გარნა, იგი უნდა იყოს შეზავებული სიყვარულითა, სიბრალულითა და სურვილითა, რომ რაც შენი მხრიდგან შეიძლება, შეავიწროვო ქვეყანაზე ყოველი ბოროტება და სიცრუე და განაძლიერო სიმართლე და პატიოსნება.
„გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ. მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქვენსა“. როდესაც გესმის, ძმაო ჩემო, ეს სიტყვები: „გული გიწყრებოდეს“, არ იფიქრო, რომ მოციქული პავლე წყრომის და მრისხანების ნებას გაძლევდეს. რადგანაც იმან იცის, რომელ ჩვენი დაცემულის ბუნებისათვის შეუძლებელია ზოგჯერ მაინც გულისწყრომა არ მოუვიდეს კაცს, ამას დაგითმობს და გეტყვის: რადგანაც შეუძლებელი არისო გული არ გიწყრებოდესო, იმოდენა მაინც ეცადე, რომ ცოდვად არ გადაიქცეს გულისწყრომაო
სიცრუის მოყვარეს ხშირად ჰგონია, რომ სიცრუის თქმით მოგებაში დარჩება, გარნა სასტიკად სცდება. სიცრუის მთქმელი, ვგონებ, თავის თავს უფრო ატყუებს, ვიდრე თავის მსმენელს. არ მომხდარა და არ გაგონილა, რომ სიცრუით კაცი გაკეთებულიყოს და გაბედნიერებულიყოს. სიცრუეზე დაფუძნებული სარგებლობა ემზგავსება ქვიშაზე აშენებულს სახლსა: იმას დაარღვევს პირველივე წინააღმდეგი შემთხვევა და განსაცდელი. ბოლოს, თუ გინდ რამე კიდეც მოიგოს კაცმა სიცრუის თქმითა, მაგრამ ცოდვა რომ ჰქმნა, თავი შეირცხვინა, სჯული დაარღვია, ამის ფასი მოგება რა ექმნება მას.
თემა: სიცრუეავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
სიცრუეს მისთვისაც უნდა ვერიდებოდეთ, რომელ ეს ცოდვა არის ერთობ მდაბიო, შემარცხვენელი და გამაფუჭებელი კაცის სინდისისა. სიცრუეს იტყვიან ისრეთნი პირნი, რომელნი არიან გარყვნილნი და ურცხვნი და რომელთა აქვთ ხასიათი მონებრივი, მდაბიო. ცრუ კაცს რომ შეეძლოს კარგად დაფიქრება, მალე მიჰხვდება, რომ იგი თავის თავს უფრო ატყუებს, ვიდრეღა სხვას. მას ჰგონია, რომ მისი მსმენელი ხშირად დაიჯერებს მის სიტყვას და ის კი არ იცის, რომ მას დიდი ხანია არავინ უჯერებს და ყოველი კაცი დასცინის და აძაგებს თავის გულში. თუკი კაცს ცოტაოდენად თავის თავი მიაჩნია, თავის ღირსება ახსოვს, ერთი სიტყვით, თავი მოსწონს, იმან მე მგონია, სიცრუე არაოდეს არ უნდა სთქვას.
თემა: სიცრუეავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
სიცრუეს მისთვის უნდა ვერიდებოდეთ, რომელ სიცრუე არის თითქმის საფუძველი ყოველთა სხვათა ცოდვათა. ზოგიერთი ცოდვა კიდეც დაიწყება და კიდეც გათავდება სიცრუით; და სხვანი ცოდვანი, თუ პირდაპირ არ აღსრულდებიან სიცრუით, მაინც სიცრუე არ შეიძლება არ გაერიოს მათში. მაშასადამე, ვინც სიცრუეს განეშორა და ყოველთვის ჭეშმარიტებას იტყვის, მან ამით შესავალი დაუხშო ყოველს ცოდვას თავის გულში.