ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები


სააღდგომო ეპისტოლე - 2002

სიხარული კეთილშობილებისა და სუფთა სინდისის შედეგია

ღვთივკურთხეული საქართველოს ღვთისმოყვარე შვილებს:


"აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰოე, დასაბამი და დასასრული. და მივცემ მწყურვალს სიცოცხლის წყალს წყაროსგან უსასყიდლოდ. მძლეველი დაიმკვიდრებს ყოველს, და ვიქნები მისი ღმერთი, და ის იქნება ჩემი ძე" (გამც. 21,6-7).
ქრისტეს მიერ საყვარელნო ყოვლადუსამღვდელოესო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ყოველნო ღვთივდაცულნო შვილნო საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის მკვიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,
ქრისტე აღდგა!
ეს სიტყვები ჰიმნია უკვდავებისა, ჰიმნი ქრისტეს დიადი გამარჯვებისა, რომელიც ყველას საოცარი იმედითა და სიხარულით აღგვავსებს და ჩვენც, მოციქულ პავლესთან ერთად ვხმობთ: "სიკვდილო! სადა არს საწერტელი შენი? ჯოჯოხეთო! სადა არს ძლევაი შენი?" (I კორ. 15,55).
სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას სათავე იესო ქრისტეს ჯვარცმით დაედო. თუ გვსურს, ამ გამარჯვების თანაზიარნი გავხდეთ, სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოს უნდა ჩავსწვდეთ და გავაცნობიეროთ, რომ აღდგომა ქრისტესი გულისხმობს თითოეული ჩვენგანის, ზოგადად ყველა იმ ადამიანის აღდგომასაც, ვინც იცავს უფლის მცნებებს და მისი მადლითაა აღვსილი, ანუ ვინც ქრისტეში ცხოვრობს.
აი, რას წერს წმიდა იოანე ღვთისმეტყველი მაცხოვრის მიერ მონიჭებული მარადიული სოცოცხლის შესახებ: "მის თანა ცხორებაი იყო და ცხორებაი იგი იყო ნათელ კაცთა" (1,4), "და სიცოცხლე ცხად იქმნა, და ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ თქვენ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამისა თანა და გამოგვეცხადა ჩვენ" (I ინ.1,2).
ქრისტე აღდგა!
ეს საოცარი ზეიმი ემპირიული აზროვნებისათვის მიუწვდომელია, ამიტომაც იყო, რომ როცა აღმდგარი უფალი გამოეცხადა მარიამ მაგდალინელს, თავდაპირველად მანაც ვერ იცნო იგი (ინ. 21,4), ვერც ტიბერიის ზღვასთან მდგარი იესო შეიცნეს მისმა მოწაფეებმა.
აღდგომის საიდუმლოს აღქმა მხოლოდ ეკლესიაში და ეკლესიის საშუალებით ხდება. კარგად ამბობს ერთ-ერთი ცნობილი სასულიერო პირი: "ეკლესია არის ჩვენი ზიარების საშუალება აღდგომილი ღმერთის ცხოვრებასთან".
დიახ, მხოლოდ ეკლესიაში შეიძლება მოვიპოვოთ უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მადლი სულისა წმიდისა; იგი მხოლოდ ეკლესიური მოღვაწეობით და ლოცვით მოგვეცემა, რადგან სულიერი ჭვრეტის უნარი სულიერი ცხოვრებით მიიღწევა და მაშინ აღსრულდება უფლის სიტყვები: "ითხოვდით, და მოგეცეს თქვენ; ეძიებდეთ, და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ" (მთ. 7,7).
ხშირად ასეც ხდება, რომ ჩვენ ვთხოვთ ღმერთს სულიწმიდის მადლს, მაგრამ კარგად არც კი ვიცით, რას ნიშნავს ეს. მოციქული პავლე გალატელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: "ხოლო ნაყოფი სულისაი არს: სიყუარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება" (გალ. 5,22-23) და ამატებს: "თუ სულით ვცხოვრობთ, სულსვე უნდა მივსდევდეთ, ნუ ვიქნებით მედიდურნი, ერთმანეთის გამომწვევნი, ერთმანეთის მოშურნენი" (5,25-26).
მოციქული პავლე ზემოთ ხსენებული ცხრა სათნოების ჩამოთვლით წარმოაჩენს, თუ როგორი უნდა იყოს სულიწმიდის მადლით მოსილი მორწმუნის შინაგანი სამყარო, როგორი უნდა იყოს მისი დამოკიდებულება ღვთისა და მოყვასისადმი. აი, ამ თვისებების მატარებელი პიროვნება არის ახალი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ქრიტეში და ქრისტეც მყოფობს მასში.
დღეს ჩვენი ხალხის რელიგიური გამოღვიძებისა და ეროვნული ღირებულებების აღორძინების საინტერესო და ამავე დროს მეტად რთული პროცესი მიმდინარეობს. შეიძლება კი წარმოდგენა საქართველოსი და ქართველი ხალხისა ჩვენი სარწმუნოებისა და ურთიერთობების, ჩვენი ტრადიციებისა და ოჯახური ყოფის გარეშე?! როგორი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა, რომ არ ჰყოლოდა მას ისეთი თავდადებული, ერთგული და ძლიერი დამცველნი, როგორებიც იყვნენ: წმიდა მეფე მირიანი და ნანა დედოფალი, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, მეფე თამარი, არჩილ და ლუარსაბი, დიმიტრი თავდადებული, ქეთევან დედოფალი, და ათასობით და ათიათასობით სხვა მოწამე, რომელთაც თავი დადეს მამულისა და რწმენისათვის.
საუკუნეთა მანძილზე ქართველი დედა შვილს გმირად ზრდიდა, მამულისადმი თავდადების სულისკვეთებას უღვივებდა. სწორედ ქართველი ქალის დამსახურებაა, რომ ჩვენს წინაპრებს მტკიცე სარწმუნოება და თავგანწირული სიყვარული ჰქონდათ; რომ არა ასეთი დამოკიდებულება, დღეს ჩვენი ქვეყანა და ხალხი აღარ იარსებებდა. სწორედ ის ცხრა სათნოება, რომელთა შესახებაც ბრძანებს წმიდა მოციქული პავლე, იყო მთავარი ორიენტირი ჩვენი დიდებული წინაპრებისათვის. იგი ჩვენი და ჩვენი შვილების ცხოვრების საფუძვლადაც უნდა იქცეს, რაც კვლავ ქართველი ქალის მიერ უნდა განხორციელდეს, მისი ძალისხმევით ქრისტიანობის მტკიცე საძირკველზე უნდა გაერთიანდეს ეკლესიაც, სკოლაც და ოჯახიც.
ამიტომაც მინდა ამ საკითხზე განსაკუთრებულად შევჩერდე.
უპირველეს სათნოებად მოციქული სიყვარულს მიიჩნევს და კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში მას ასე ახასიათებს: "სიყვარული სულგრძელია და ტკბილი; სიყვარულს არ შურს; სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასდროს განქარდება" (I კორ. 13,4-8).
ეს საოცარი სიტყვები თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაითავისოს და თავისი ცხოვრების წესად აქციოს.
სიყვარული გადამრჩენელია და მარადიული, ამასთან იგი სათავეა სიხარულისა, რომელიც ასე აკლია თანამედროვე კაცობრიობას. ჭეშმარიტი სიხარულის განცდა შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც ჭეშმარიტად უყვარს.
სიხარული მეორე სიკეთეა სიყვარულის შემდეგ. სულიერი სიხარული არ შეიძლება იყოს ცოდვით სავსე ყოფის შედეგი, არამედ იგი ნაყოფია ღვთივსათნო, წმიდა ცხოვრებისა. იგი საერთოდ არ არის ყოფით კეთილდღეობასთან დაკავშირებული. მას ხელოვნურად, საკუთარი სურვილით ვერ გამოიწვევ. ის ბუნებრივი მდგომარეობაა სულიწმინდით გაცისკროვნებული გულისა. ამიტომაც წერს წმიდა იოანე ოქროპირი: "ვერც ძალაუფლების სიდიადე, ვერც ფულის სიმრავლე, ვერც ძლიერება, ვერც ჯანმრთელობა, ვერც უხვი სუფრა, ვერც შესანიშნავი სამოსელი და ვერც სხვა ადამიანური უპირატესობანი გვანიჭებენ ნამდვილ სიხარულს; იგი შედეგია სულიერი კეთილშობილებისა და სუფთა სინდისისა".
სულიერი კეთილშობილება და წმიდა სინდისი ანიჭებს პიროვნებას ერთ-ერთ ყველაზე დიდ ადამიანურ ღირსებას – უშურველობას და სხვისი სიხარულითა და ბედნიერებით გახარების უნარს.
სულიწმიდის მადლთა შორის მესამე ადგილი მშვიდობას უკავია.
მშვიდობა ყველსათვის სასურველია, მაგრამ მისი მიღწევა არ არის იოლი. ჩვენს გარშემოც და ჩვენს სულშიც მშვიდობა რომ სუფევდეს, მშვიდობისმოყვარე გული უნდა გვქონდეს, ეს კი წყალობაა ღვთისა და ამ მადლს მხოლოდ ის მოიპოვებს, ვინც ვნებებს დაძლევს. ბედნიერია ოჯახი, სადაც ღვთივკურთხეული მშვიდობით დაჯილდოებული ადამიანები ცხოვრობენ. ისინი სხვებისაგან ფარულად, შეუმჩნევლად თესენ სიკეთეს და დამაწყნარებლად მოქმედებენ გარშემომყოფებზეც და, საერთოდ, საზოგადოებაზეც. მშვიდობას იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ მშვიდობისმყოფელთ უფალი ძეებად ღვთისად მოიხსენიებს.
მეოთხე ადგილზე მოციქული პავლე მოთმინებას აყენებს.
სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების წარმომადგენელთა უმრავლესობას არათუ დიდი, არამედ მცირეოდენი მოთმინების უნარიც კი აღარ შესწევს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ყოფა სამოთხედ არასოდეს იქცევა, რადგან, როგორც წმიდა იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: "ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას" (I ინ. 5,19); ამქვეყნად პრობლემები არ დაილევა, რადგან ბოროტება ებრძვის სიკეთეს და ამ ბრძოლის მთავარი ობიექტი არის ადამიანი. დედამიწაზე განსაცდელისა და ტკივილის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია; წარმოუდგენელია პიროვნება, რომელსაც არ მოუწევს დემონებისაგან წაქეზებული ავი და გაბოროტებული ადამიანების თავდასხმებთან გამკლავება. აი, ამ დროს აუცილებელია, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და მოუხმოთ მოთმინებას, რომ არ მიაგოთ ბოროტი ბოროტისა წილ. თქვენი მოთმინების მტკიცე კედელი აისხლეტს დემონის ისრებს, დაგიცავთ და დაგიფარავთ სულიერი დაცემისაგან. სოლომონ ბრძენიც ასე გვარიგებს: "დამთმენი კაცი გონიერია, ის კი, ვინც ადვილად ღიზიანდება, სიბრიყვეს ავლენს" (იგავ. 14,29). მოთმინებასთან ერთად აუცილებელია, რომ ავისმოსურნე ან თქვენზე ავისმთქმელი ადამიანი კი არ გძულდეთ, არამედ გებრალებოდეთ, როგორც ეშმაკის ცდუნების მსხვერპლი და მისთვის ილოცოთ.
მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას, სიხარულსა და სიყვარულს და თავადაც უხვად საზრდოობს ამ მადლთაგან.
მაშ, თუ გსურთ, გაიმარჯვოთ, - მოითმინეთ, რადგან ვინც დაითმენს, ნამდვილად დიდ წარმატებას ის მიაღწევს ბოლოს.
პავლე მოციქული სრულყოფილების კიბის მეხუთე საფეხურზე სიკეთეს აყენებს. სიკეთე სულიერი სიმდიდრის სათავიდან მომდინარეობს და კრძალულებით არის შემკული.
კეთილ ადამიანს ყოველთვის კარგი განწყობა აქვს და მოწყალეა სხვათა მიმართ. მისთვის ახლობლებთან თუ უცხო პირებთან შეხვედრა სიხარულის მომტანია. იმერეთის ეპისკოპოსი წმიდა გაბრიელი (ქიქოძე) მთელი წლის განმავლობაში ყველას ასე ესალმებოდა: "ქრისტე აღდგა", რადგან ყოველი შეხვედრა პასექის სიხარულს ანიჭებდა. ასეთი განწყობა არ მოდის გონებიდან, იგი გულის თვისებაა.
მოწყალება არის სულიერი კიბის შემდგომი საფეხური. გულმოწყალება ცხონებისაკენ მიმავალი ყველაზე სწორი და უმოკლესი გზაა. იგი გულისხმობს თანალმობას, თანადგომას, სხვის დასახმარებლად საკუთარი თავის დაუზოგაობას, და საერთოდ, ცხოვრებას მოყვასისათვის. ამიტომაც ბრძანებს უფალი, რომ საშინელი სამსჯავროს დროს მოწყალენი შეწყალებულნი იქნებიან და ცათა სასუფეველს დაიმკვიდრებენ.
იოანე მოწყალის ცხოვრება ისევე, როგორც მრავალი სხვა წმინდანისა, საუკეთესო მაგალითია გულმოწყალებისა.
მოწყალების შემდეგ პავლე მოციქული რწმენაზე საუბრობს. რწმენა მხოლოდ ღვთის არსებობაში დარწმუნებას კი არ ნიშნავს, არამედ უპირველესად ცხოვრებას ღმერთში და მისი წყალობის სასოებას გულისხმობს. იგია ერთგულება და მორჩილება ღვთის ნებისადმი. "რწმენა, - წერს წმიდა იოანე ოქროპირი, - დედაა ყოველი სიკეთისა, იგია წამალი გადარჩენისა". იოანე კიბისაღმწერელი კი ასე გვაფრთხილებს: "ვინც ჭეშმარიტი რწმენის გარეშე იქმს კეთილ საქმეთ, მსგავსია კაცისა, რომელიც წყალს გატეხილ ჭურჭელში ასხამს". ამიტომაც გადარჩენა და ცხონება შეუძლებელია გარეშე ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, რადგან სხვა გზა სულიწმიდის ნიჭთა მოსახვეჭად არ არსებობს.
რწმენას მოსდევს სიმშვიდე, თვინიერება. მშვიდთა შესახებ ამბობს მაცხოვარი: "მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა". სიმშვიდე გულისხმობს თავმდაბლობას, რადგან სწორედ თავმდაბლობა გამორიცხავს ყოველგვარ გაღიზიანებას და მრისხანებას, ანუ მიზეზს შფოთისა. მოსე წინასწარმეტყველმა ღვთის უდიდესი მადლი იმიტომ მოიპოვა, რომ იგი იყო ყველაზე მშვიდი და თავმდაბალი დედამიწაზე იმ დროს მცხოვრებ ადამიანთა შორის.
მეცხრე სათნოება არის თავშეკავება.
თავშეკავებულობა ახასიათებდა ყველა დიდ და ბრძენ ადამიანს. თავშეკავება – გონიერებაა, იგი გემოთმოყვარებაზე, ვნებებსა და სხვა ცოდვით მიდრეკილებებზე უარის თქმაა. იგია ბრძოლა საკუთარ თავთან.
დღეს ჩვენ განსაკუთრებით გვმართებს ამ უნარის გამომუშავებაზე ზრუნვა, რადგან მთელი მსოფლიო ზნეობრივმა დაცემამ მოიცვა და იგი, ვითარცა ჭაობი, ყველას თავის გახრწნილ წიაღში ითრევს.
XX საუკუნემ მატერიალურ-ტექნიკური მიღწევებით, მსოფლიო ომებით, ლოკალური კონფლიქტებით, ახალი გადანაწილების სურვილებითა თუ სხვა პრობლემებით ადამიანებში პესიმიზმი და ხვალინდელი დღისადმი შიში დანერგა.
მსოფლიოში რომ ამჟამად დიდი გარდატეხის პროცესი მიმდინარეობს, ყველამ ვიცით. ყველამ ვიცით, აგრეთვე, რომ გუშინდელი დღე ხვალ არ განმეორდება და ხვალინდელი დღე არც დღევანდელს აღარ გაიმეორებს.
დიახ, დრო იცვლება და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად, ამიტომ, ეკლესიამ უნდა გაითვალისწინოს ის სულიერი და მატერიალური პრობლემები, რომელთაც ახალი ცხოვრება გვთავაზობს და, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმისათვის, რომ მიმდინარე პროცესებს შესაძლებლობისამებრ მომზადებული შეხვდეს, რათა თაობა არ დამახინჯდეს.
ჩვენი ყოფის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი მოვლენაა ცენტრალიზებული, წინასწარ დაგეგმილი ეკონომიკის შეცვლა თავისუფალი საბაზრო ცხოვრების წესით. ტოტალიტარულ რეჟიმს შეჩვეული ხალხი, სამწუხაროდ, ადვილად ვერ უღებს ალღოს დროის მოთხოვნილებებს და დაბნეული სასოწარკვეთილებაში ვარდება.
აუცილებელია ანალიტიკური აზროვნება, ახალი იდეები, გონიერი, შორსმჭვრეტელი ადამიანები, რათა ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი რისკიც და მსხვერპლიც მაქსიმალურად შემცირდეს. ამისათვის კი, როგორც ნობელის პრემიის ლაურეატი, ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი მილტონ ფრიდმანი წერს, სახელმწიფომ ნელ-ნელა უნდა დაიწყოს მისი აპარატის როლისა და გავლენის შემცირება. ისეთ პერიოდში კი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ამჟამად გადის, ეკონომიკის 50% მაინც (განსაკუთრებით სტრატეგიულ ობიექტებს) სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს, ნახევარს კი საბაზრო ურთიერთობები. ამასთან, აუცილებელია წვრილი და საშუალო ბიზნესისათვის ხელშეწყობა. ჩვენთან კი ბევრი რამ არასწორად კეთდება. თავისუფალი ბაზარი ევროპაში საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბდა; საქართველოში კი ყველაფერი რამდენიმე წელში გვინდა შევცვალოთ. ვფიქრობ, დაჩქარებული ტემპები სერიოზული შეცდომების მიზეზი ხდება, რაც ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი საზოგადოების ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს.
იმის საშიშროებაც აშკარაა, რომ მთავარი ყურადღება მიპყრობილია ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური ეფექტების მიღწევაზე, ურთიერთობის ზნეობრივი მხარე კი სრულიად დავიწყებულია. უფრო მეტიც, ლამის იძულებით ხდება ზნეობრიობის გადაგვარება, ეს კი სულიერი და ფიზიკური განადგურების რეალურ საფრთხეს ქმნის.
ღმერთი ნამდვილად არ გვაპატიებს თავაშვებული ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ეს ყველამ უნდა გაითავისოს.
სამწუხაროა, რომ ტელევიზია და მასობრივი ინფორმაციის საშუალებანიც, ყოველგვარი მორიდების გარეშე აჩვევენ საზოგადოებას სულიერი დაცემის გამაოგნებელ სცენებს, ძალადობასა და საზარელ მკვლელობებს და ამით ანგრევენ ჩვენში ღვთის მიერ დადგენილ ზღუდეებს.
ზოგი ამას უკომპლექსობის დამკვიდრებას უწოდებს, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, უგუნურებაა. ასეთი სახით შემოთავაზებული ჭუჭყი ქვეცნობიერად ილექება ადამიანის, განსაკუთრებით მოზარდებისა და ახალგაზრდების ფსიქიკაში და შემდეგ საკუთარ ცხოვრებაში, ვითარების შესაბამისად, თავადაც ეფლობიან მასში. ჩვენ თვალწინ, ჩვენს მიერ ყალიბდება სულიერად დამახინჯებული ცხოვრებისა და აზროვნების წესი, პასუხისმგებლობას კი არავინ გრძნობს. მასმედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ თქვან, რომ თუ ისინი არ აჩვენებენ მსგავს ფილმებს და გადაცემებს, არ დაწერენ და არ გააშუქებენ ასეთ თემებს, სხვა ქვეყნების ტელევიზიები და საინფორმაციო საშუალებანი ამას მაინც გააკეთებენ (უცხო ქვეყნების გადაცემები კი მრავალთათვის ხელმისაწვდომია). ამაში სიმართლე არის, მაგრამ სიმართლეა ისიც, რომ არ შეიძლება ჩვენი მოსახლეობა ყველა პრობლემის, სულიერისა თუ მატერიალურის წინაშე, ერთბაშად დავაყენოთ, რაც დეპრესიას, ორიენტაციის დაკარგვასა და აზროვნების გადაგვარებას იწვევს.
და თუ მაინც მხოლოდ ასეთი პროდუქციის მოხმარება გვსურს, იგი ხალხს ქრისტიანული ზნეობიდან გამომდინარე სულ სხვა კომენტარებითა და სხვა ფსიქოლოგიური კუთხით მაინც უნდა მივაწოდოთ. ამის გაკეთება კი ნამდვილად არ არის ძნელი.
ფაქტი ერთია, რომ ჩვენი ახალგაზრდობა სრულიად მოუმზადებელი შეხვდა "თავისუფლებას", იმ აღვირახსნილი და თავაშვებული ცხოვრების წესს, რომლის წინაშეც ასე მოულოდნელად აღმოჩნდა. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ბევრმა ვერ გაუძლოს ცდუნებას და ავხორც ვნებებსა და ცხოველურ ინსტინქტებს დაემონოს.
ასეთნი შიშის, ჰალუცინაციების, სრული სულიერი გამოფიტვისა და მსხვრევისათვის არიან განწირულნი. ადრე თუ გვიან, თვითონაც აუცილებლად მიხვდებიან, რომ მოლიპული გზით მიექანებიან, მთავარია, თვითგამორკვევის პროცესი არ გაუჭიანურდეთ.
შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი, უპირველს ყოვლისა, თავად ახალგაზრდებმა უნდა მოძებნონ და თვითონ უნდა მოინდომონ ჭეშმარიტების გზით სვლა.
მჯერა, ისინი გააცნობიერებენ, თუ რა დიდი სულიერი ბრძოლა აქვთ გადასატანი. ჩვენ დიდგორის ველი გველის. თითოეულმა ჩვენგანმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობამ, უნდა შეძლოს დავითობა, ოღონდ მათ თავდაპირველად უნდა სძლიონ ცოდვათა შორის უპირველესს – ამპარტავნებას, ყალბ წარმოდგენას, თითქოს ისინი უფროს თაობასთან შედარებით უფრო განათლებულნი, მრავლის მცოდნენი და გონიერნი არიან.
მართალია, თაობათა შორის წინააღმდეგობა ყოველთვის იყო და კვლავაც იქნება, მაგრამ იგი არ უნდა გადაიზარდოს უგულებელყოფასა და გაუცხოებაში. ახალგაზრდებს მეტი დაფიქრება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჰმართებთ: მათ უნდა იცოდნენ, რომ ტელევიზიით, ინტერნეტით, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით მიღებული ცოდნა ზედაპირულია, სიღრმე აკლია და იგი ასეთსავე ადამიანებს აყალიბებს. ძველი თაობა კი, მიუხედავად მრავალი ნაკლისა, უფრო წინდახედული იყო და უფრო ღრმად აზროვნებდა.
დიდი ჩინელი ფილოსოფოსის, კონფუცის მიერ შემოთავაზებული მაგალითი მინდა შეგახსენოთ: ერთხელ იგი თავის მოწაფეებთან ერთად სეირნობდა. მან შეამჩნია კაცი, რომელიც ჩიტებს იჭერდა; მიუახლოვდა მას და ჩიტებით სავსე მისი გალია დაათვალიერა. აღმოჩნდა, რომ იქ მხოლოდ ბარტყები იყვნენ. დიდები სადღა არიან? – იკითხა კონფუციმ. კაცმა უპასუხა: "დიდები გონიერნი არიან და ფრთხილნი. ვიდრე დაგებულ მახეს მიუახლოვდებიან, გულდასმით სწავლობენ გარშემო ყველაფერს და თუ რაიმე საეჭვოს შეამჩნევენ, მაშინვე მიფრინავენ და ბარტყებიც თან მიჰყავთ: კაკანათში მხოლოდ უფროსთაგან განცალკევებული პატარები ებმებიან".
"გესმით, - უთხრა ფილოსოფოსმა მოწაფეებს, - ჩიტების დამჭერმა რა სიბრძნე გვითხრა!"
ესაა ჭეშმარიტება, რომელიც ყველაგან, ყოველთვის და ყველასათვის გასათვალისწინებელია. უფლის მეხუთე მცნებაც გვაფრთხილებს: "პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა", რაც გულისხმობს არა მარტო მშობლების, არამედ საერთოდ უფროსი თაობის პატივისცემას. ამ ტრადიციას ჩვენი ხალხი ყოველთვის იცავდა და იგი მომავალმა თაობამაც უნდა გააგრძელოს.
თავის მხრივ, მამებმაც მეტი ლობიერება უნდა გამოიჩინონ შვილებისადმი, რადგან მათ ჩვენთან შედარებით კიდევ უფრო რთულ დროს მოუხდათ ცხოვრების ასპარეზზე გამოსვლა და გაცილებით მეტი პრობლემები და სიძნელეები აქვთ დასაძლევი.
თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს.
არ შემიძლია ორიოდე სიტყვით კვლავ არ შევეხო ნარკომანიის პრობლემასაც. ისინი, რომლებიც ამ საწამლავს მიეჩვივნენ, ჩვენი ავადმყოფი შვილები არიან, რომელთაც ამ საშინელი სენისაგან თავის დაღწევაში უნდა დავეხმაროთ. ერთხელ კვლავ მივმართავ მათ მამაშვილური სიყვარულით: უწინარესად თქვენ თვითონ უნდა გაგიჩნდეთ სურვილი გადარჩენისა. ამის გარეშე სხვათაგან რაიმე მცდელობას აზრი არა აქვს. იმისათვის კი, რომ ეს სურვილი იყოს მყარი და ბოროტის მხრიდან მრავალ შემოტევას გაუძლოს, ღვთის შემწეობაა აუცილებელი, რაც მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით მიიღწევა. ლოცვის, აღსარებისა და წმიდა ზიარების გარეშე ზეაღმყვანებელ სულიერ კიბეზე სვლა შეუძლებელია.
ჩვენ გვყავს ბევრი ახალგაზრდა, რომელთაც მოინდომეს და შეძლეს კიდეც თავიანთი წლების განმავლობაში გამრუდებული ყოფის შეცვლა, ცხოვრების ჭეშმარიტი აზრი და მიზანი გააცნობიერეს, ნარკოტიკების მიღებაზე უარი თქვეს და საკუთარ სულში სულ სხვა, მეტად საინტერესო და საოცარი სამყარო აღმოაჩინეს.
ღმერთი იყოს შემწე და აღმადგინებელი ყოველი დაცემულისა.
დაბოლოს, თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო ეკოლოგიასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც. მოსახლეობა ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რამდენად მძიმეა ამ მხრივ შექმნილი სიტუაცია. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ უკანასკნელი 70-80 წლის მანძილზე ჰაერის დაბინძურება 100000-ჯერ გაიზარდა, განადგურდა და კვლავაც ნადგურდება ათასობით ჰექტარი წყლის საფარი, იწამლება წყალი, გაუდაბურდა უზარმაზარი მიწის ფართობები. რამდენად შემაშფოთებელია თუნდაც ის ფაქტი, რომ დედამიწაზე უკვე ყოველ საათში ისპობა ცოცხალ არსებათა ორი სახეობა, რაც გლობალური სისტემური კრიზისის მაჩვენებელია. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, იზრუნოს მის ირგვლივ არსებულ გარემოზე. ეს ზრუნვაა ჩვენი და ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის.
მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს საპატრიარქოსთან ყალიბდება როგორც ეკოლოგიისა და გამწვანების დეპარტამენტი, ისე ნარკომანთა რეაბილიტაციის (აქამდე არსებულისაგან სრულიად განსხვავებული) ცენტრი. ჩვენი დიდი სურვილია შესაძლებლობისამებრ დავეხმაროთ საზოგადოებასაც და ბუნებასაც და შევქმნათ პირობები არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ არა გვაქვს უფლება როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე მსოფლიოს ხვალინდელ დღეზე პესიმისტური დასკვნები გამოვიტანოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი, რომელსაც შესწევს უნარი დააღწიოს თავი სიბნელის წყვდიადს და აღადგინოს გაწყვეტილი კავშირი ღმერთთან. ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე, ჩვენს არჩევანსა და სურვილზეა დამოკიდებული. რწმენა, გონიერება, სიყვარული და ნებისყოფა იყო და არის ადამიანის ერთადერთი მკურნალი და დამცველი.
"იყავით ბრძენნი, რომ იყოთ ღმერთთან და პასექის ზეიმის სიხარული არასოდეს დაგტოვებთ თქვენ", - ბრძანებს თეოფანე დაყუდებული.
დღეს მსოფლიო არამიწიერ, უჩვეულო სიხარულს მოუცავს. იგი არ ექვემდებარება არც ანალიზს, არც რაიმე განსაზღვრებას. იგია მადლი, რომელიც უხვად იღვრება უფლის კალთიდან და აღავსებს ყოველი მართლმორწმუნის სულს. ამ სიხარულის გარეშე არ არსებობს ქრისტიანობა. იგი ეფინება ეკლესიის სრულ სისავსეს და ყველას მშვიდობითა და სიყვარულით აერთიანებს.
ისინი კი, ვინც ეკლესიის წიაღში არ იმყოფებიან, შორს არიან ჭეშმარიტი მშვიდობისა და სიყვარულის, უფლის მადლისა და სიხარულისაგან. მათთვის ჯოჯოხეთი უკვე ამქვეყნიდანვე იწყება. ამქვეყნიდანვე იწყება ღვთისსათნო ადამიანთა ზეაღსვლა ცისკენ და ეს პროცესი მსგავსია ებრაელთა მოგზაურობისა ეგვიპტიდან აღთქმული მიწისკენ.
დედამიწა ცხოვრების აბობოქრებული ოკეანეა, ეკლესია – ნოეს კიდობანი. მის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია. წმიდა ირინეოს ლიონელი წერს: ეკლესია ამქვეყნიური სამოთხეა. ძველი და ახალი აღთქმის წიგნები კი ამ სამოთხეში გაშენებული სხვადასხვა ხეხილი და ნერგი. მაშ, ვიხმიოთ ნაყოფი საუფლო ბაღისა.
ჩვენო საყვარელნო სულიერნო შვილნო, თუ ხართ ღმერთთან, იქნებით ეკლესიაში, თუ ნამდვილად ხართ ეკლესიის წევრნი, იქნებით აღვსილნი რწმენით, სიყვარულითა და იმედით და მწუხარება თქვენი, განსაცდელი და ტკივილი სიხარულით შეიცვლება. გაიხსენეთ მაცხოვრის სიტყვები: "ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (ინ. 16,33).
ქრისტეს აღდგომის მადლით, სიხარულითა და სიყვარულით შეერთდა დღეს ცა და დედამიწა და ჩვენც ანგელოზთა თანა ვუგალობთ უფალს: "წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენითა. ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანა მაღალთა შინა".
ყველას გილოცავთ სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დიად ზეიმს და გახარებთ მარადიული სიხარულის მომნიჭებელ სიტყვებს:
ქრისტე აღდგა!
უფალმა დალოცოს თითოეული თქვენგანი, დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ხალხი, ყოველი წევრი საქართველოს ეკლესიისა. მოგვმადლოს ერთსულოვნება, მშვიდობა, სიბრძნე და კეთილდღეობა, მოგვანიჭოს ნიჭი სულისა წმიდისა, რათა ჩვენზეც აღსრულდეს წმიდა წერილის ეს სიტყვები: "ნეტარია და წმიდა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილს არა აქვს ხელმწიფება მასზე" (გამც. 20,6). ამინ!
თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.
აღდგომა ქრისტესი,
თბილისი, 2002 წ. სიხარული კეთილშობილებისა და სუფთა სინდისის


საშობაო ეპისტოლე - 2012

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორისა

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!
"ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთ მოანიჭებს მადლს" (I პეტრე 5.5)
მადლობა უფალს, რომ კვლავ გავხდით ღირსნი, მოგვესმინა ანგელოზთა საოცარი საგალობელი: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ლუკა 2.14).
ყოვლადწმიდა სამების მოწყალებით "სიტყვა ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის სავსე მადლითა და ჭეშმარიტებით"(იოანე 1.14).
დიახ, "დღეს დავითის ქალაქში დაიბადა... მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი" (ლუკა 2.11) და უწოდებენ სახელად ემმანუელს, რაც თარგმანებით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი" (მათე 1.23).
გიხაროდეთ, ერნო, "რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ" (Iკორ.27.6).
მაშ, მივეახლოთ მას და თაყვანი ვსცეთ, ვითარცა მწყემსთა ბეთლემისათა და შევწიროთ ძვირფასი ძღვენი, ვითარცა მოგვთა აღმოსავლეთისათა.
იგი მოვიდა ამქვეყნად, რათა მოუხმოს თავის ცხოვართ და აზიაროს ისინი ჭეშმარიტ თავისუფლებასა და ბედნიერებას.
ვინ შეიძლება შემოგვთავაზოს უკეთესი არჩევანი? ანდა რა შეიძლება იყოს ამაზე მეტად სანუკვარი?! მაგრამ ამას ბევრი ვერ ხვდება, არამედ მხოლოდ ისინი, რომელნიც სიცოცხლის აზრს სწორად აცნობიერებენ.
საერთოდ, ყოველი გონიერი ადამიანი ცდილობს, პასუხი გასცეს კითხვას, - რისთვის არის ამ ქვეყანაზე და რა უნდა აკეთოს? ეს კი ცხოვრების საზრისის, ანუ სამყაროში თავისი ადგილის პოვნას, გულისხმობს. თუმცა არსებობენ ისეთნიც, რომელნიც ასეთ კითხვას მთელი ცხოვრების მანძილზე არ უსვამენ საკუთარ თავს და მიწიერ ყოფას უმიზნოდ და, შესაბამისად, უაზროდ ამთავრებენ. საზოგადოების ნაწილი კი თავის მრწამსს, თავის დანიშნულებას საკუთარ წარმოდგენაზე, ან სხვადასხვა თეორიისა და რელიგიის სწავლების საფუძველზე აყალიბებს. მათი ქმედება, რა თქმა უნდა, მოტივირებულია და ხშირად წარმატებულიც ამ ქვეყანაზე, მაგრამ სულის ცხონება, რაც ყველაზე მთავარია და არსებითი, ამ გზით ვერ მიიღწევა.
ყველასგან განსხვავებულია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე დაფუძნებული ცხოვრების საზრისი. მას შეიძლება "ქრისტესმიერი გონება" ეწოდოს, რადგან იგი, პირველ რიგში, სულიწმიდის მადლმოსილებას გულისხმობს, შემდეგ კი ადამიანურ შესაძლებლობებს.
"ქრისტესმიერი გონის" შესახებ შეიძლება ითქვას იგივე, რასაც წმიდა პავლე მოციქული ჭეშმარიტ სიყვარულზე წერს, რომ იგი არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ შურს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს, არ მოიწონებს უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს, ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფერს ითმენს, ყოველთვის იმედი აქვს. ამ სულისკვეთებით ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები.
ქართული სულის ერთ-ერთი სახასიათო თვისება შოთა რუსთაველმა ასე გამოთქვა: "რასაცა გასცემ შენია, რას არა, დაკარგულია". ზოგიერთი ვერ ხვდება მის შინაარსს, რადგან, მიწიერი ლოგიკით, სხვისთვის მიცემული ნივთი თუ ქონება გამცემს აღარ ეკუთვნის და ეს ნათქვამი, ბუნებრივია, მისთვის გაუგებარია.
არადა, აღნიშნული აფორიზმი შეიცავს ღრმა ქრისტიანულ სწავლებას ადამიანის უკვდავების შესახებ. მორწმუნეს სწამს, რომ მის მიერ აღსრულებული უანგარო ქველმოქმედება სათნოა ღვთისათვისაც და ადამიანისათვისაც. ამასთან, იცის, რომ რასაც გასცემს ამქვეყნიურ დროებით ყოფაში, მას მარადიულ ცხოვრებაში დაიუნჯებს და ეს არის მიზეზი მისი სულიერი სიხარულისა, ხოლო რასაც არ გასცემს, ბუნებრივია, ის მას მარადიულ ყოფაში მოაკლდება.
ამიტომაც, ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, მიცვალებულის სულისთვის, ლოცვასთან ერთად, მის სახელზე მოწყალების გაღება აუცილებელია, რაც დიდად შეეწევა გარდაცვლილს.
სწორედ ასეთი აზროვნებიდან მომდინარეობს ქართველი კაცის სტუმართმოყვარეობა, ხელგაშლილობა, თანადგომისა და თავგანწირვის უნარი; ისიც, რომ იგი ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს, უშურველად წირავდა მოყვასისა თუ სამშობლოს საკეთილდღეოდ.
ეს დამოკიდებულება იმდენად შეისისხლხორცა ჩვენმა ერმა, რომ იგი მის განუყოფელ თვისებად იქცა.
"ხამს მოყვარე მოყვრისათვის, თავი ჭირსა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად”,
- საუკუნეებია შთამომავლებს დევიზად გადაეცემათ ეს სიტყვები. ასე იზრდებოდნენ თაობები; რა თქმა უნდა, მათ შორის მუდამ იყვნენ კარიერისა და პირადი კეთილდღეობის სურვილით საკუთარი მეობისა და ქვეყნის ინტერესების ნებაყოფილობით უარმყოფელნი და საზოგადოებისათვის ცუდი მაგალითის მიმცემნი, მაგრამ დღემდე სწორედ იმიტომ მოვაღწიეთ, რომ ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი გაჰყვა არა მათ, არამედ ჩვენი ეროვნული მეობისა და სარწმუნოებისათვის თავდადებულებს.
ახლა დრო შეიცვალა, თუმცა ბრძოლა ისევ გრძელდება; განსხვავება კი იმაშია, რომ თუ ადრე დაპირისპირებული მხარეების საჯარისო ნაწილები ომობდნენ, ახლა ბრძოლა ადამიანის საზრისის, ანუ აზროვნების წესისთვის მიმდინარეობს, რაც თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით ხორციელდება;
ძირითადად ამ გზით ვრცელდება ფსევდოკულტურა და ანტირელიგიურ ღირებულებათა სისტემები, რომელთა ქვაკუთხედსა და მთავარ მამოძრავებელ ძალას ეგოიზმი წარმოადგენს. ეგოიზმის წინ წამოწევა კი ხელს უწყობს პიროვნებაში მომხმარებლური და მომხვეჭელური მისწრაფებების განვითარებას, რაც იწვევს საზოგადოების საერთო დეგრადაციას, ხოლო გარემოში - ეკოლოგიურ კატასტროფებს.
უარყოფითი საინფორმაციო ველი ყველაზე მეტად მომავალ თაობაზე მოქმედებს. ისინი ხომ ცხოვრების დიდ ნაწილს ტელევიზორთან და ინტერნეტთან ატარებენ და, ფაქტობრივად, არავინ არის მათი სწორად ფორმირებისათვის ხელისშემწყობი, რადგან სკოლაც და უმაღლესი სასწავლებელიც სათანადოდ ვეღარ ასრულებენ აღმზრდელობით ფუნქციას, არც მშობლებს სცალიათ შვილებისათვის; ეკლესიაც მასთან მისულთა მიმართ ძირითადად აღსარებითა და ზიარებით იფარგლება. ეს ასე აღარ უნდა გაგრძელდეს და რეალური ნაბიჯები უნდა გადავდგათ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამისთვის კი არსებული ვითარება სწორად უნდა შევაფასოთ.
ფაქტია, რომ ელექტრონული მასმედიით, უარყოფითთან ერთად, ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაციაც ვრცელდება ყველა სფეროში. ამაშია გლობალიზაციის ერთ-ერთი დადებითი მხარე და სწორედ ეს უნდა გამოვიყენოთ სათანადოდ.
ვფიქრობთ, ამიტომაც კარგად უნდა ავითვისოთ ახალი ტექნოლოგიები და მათი საშუალებითაც უნდა გავუჩინოთ ახალგაზრდებს ღრმა აზროვნების სურვილი, ავისა და კარგის გარჩევის უნარი, გავუღვივოთ ინტერესი სხვადასხვა ქვეყნის ისტორიისა და კულტურისადმი, რათა დააფასონ სხვათა ღირსება და მათგან კეთილი შეითვისონ.
მაგრამ ყოველივე ამას შეძლებს მხოლოდ ის, ვისაც მყარად აქვს ჩამოყალიბებული ეროვნულ-ქრისტიანული საზრისი. ამისთვის კი აუცილებელია, ახალგაზრდებს ვასწავლოთ საქართველოს ისტორია და ლიტერატურა, ქართული ფოლკლორი, კულტურა და ჩვენი ქრისტიანული ტრადიციები..., ჩვენ უნდა შევქმნათ კონკურენტუნარიანი საინფორმაციო გარემო, რომელიც ზემოაღნიშნულ ფასეულობებს დაეფუძნება და მათ თანამედროვეობასთან შეაზავებს. ეს კი დიდად დაეხმარება ახალგაზრდებს, დამოუკიდებლად გასცენ პასუხი დროის გამოწვევებს.
ამაშია საქართველოს გადარჩენა. ახლა კი თქვენს ყურადღებას საქართველოს ისტორიაზე შევაჩერებ. სამწუხაროდ, ჩვენი უძველესი ისტორიის ზოგიერთი საკვანძო საკითხი, რაც ქართველთა წარმომავლობასა და ერის ერთიანობას უკავშირდება, რეალური სახით თანამედროვე საზოგადოებამ ნაკლებად იცის. ამის მიზეზი არის ის, რომ ცარიზმი და საბჭოთა იმპერია ყოველთვის ცდილობდნენ, იგი არაობიექტურად წარმოეჩინათ. მათ არ სურდათ, ჩვენს ხალხში ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება, რადგან იგი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოთხოვნის საშიშროებას შეიცავდა. არაობიექტურად მიწოდებული ისტორიის საფუძველზე, სრულიად უკანონოდ და უსამართლოდ შეიქმნა, მაგალითად, ავტონომიები, XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში.
ადრეც მითქვამს, რომ სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ცენზურას განიცდიდა ქართული ისტორიოგრაფია, ენათმეცნიერება და სხვა ისეთი მიმართულებები, რომელნიც მსოფლმხედველობის განმსაზღვრელ დარგებად მიიჩნეოდა.
ჩვენს ცნობილ მკვლევარებს დიდი ძალისხმევა და თავდადება დასჭირდათ, რათა ნაწილობრივ მაინც გადაერჩინათ და დღემდე მოეტანათ ჩვენი ერის ისტორიული სიმართლე.
ახლა კი, როდესაც აღსდგა საქართველოს თავისუფლება, აუცილებელია, შეგნებულად დაფარული წარსულის წარმოჩენა და საქართველოს ობიექტური მატიანის დაწერა უხსოვარი დროიდან დღემდე (აღნიშნულ საკითხზე ბოლო სხდომაზე იმსჯელა წმ. სინოდმა და მიიღო სათანადო გადაწყვეტილება). ამას ჯერ კიდევ XIX ს-ში და XX ს-ის დასაწყისში ცდილობდნენ ჩვენი სასიქადულო მამულიშვილნი, მაგრამ მათი ნააზრევი მაშინდელი სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის საპირწონედ, ბუნებრივია, ვერ იქცა.
მაგალითად, გავიხსენოთ წმიდა ილია მართალი, რომელიც ქართველთა ფესვებს უკავშირებს ურარტულ წიაღს, რასაც, ალბათ, ისიც განაპირობებდა, რომ ურარტუელთა სამ მთავარ ღვთაებას შორის უპირველესს "ქალდი"ერქვა.
"ურარტუელნი ქართველთა წინაპარნი ყოფილან, ქართველთა სისხლ-ხორცნი,"- წერს იგი "ქვათა ღაღადში"და ამ აზრს მისი დროის უცხოელ მეცნიერთა კვლევებითაც ამყარებს.
თავის ცნობილ ნაშრომში, - "ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში,"- კათოლიკოს-პატრიარქი კირიონიც არაერთხელ აღნიშნავს, რომ ქართველნი შთამომავალნი არიან ქალდეველთა, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს უძველესი მსოფლიო ისტორიისა და კულტურის განვითარებაში.
საყურადღებოა, რომ "ქალდი" დღესაც ჰქვია უძველეს ქართულ კუთხეს ტრაპიზონის მთებში, სადაც ოდითგან ცხოვრობდნენ ლაზები. "ქალდეად" ლაზურ-ჭანურ სივრცეს მოიაზრებს დიდი მეცნიერი პავლე ინგოროყვაც.
ამ ტოპონიმთან დაკავშირებით კი პირველი ინფორმაცია ჩვენს წერილობით წყაროებში ლეონტი მროველთან გვხვდება. "ქართლის ცხოვრებაში" ვკითხულობთ: "კუალად გამოვიდნენ სხუანი ნათესავნი ქალდეველნი და დაეშენეს იგინიცა ქართლს".
სიტყვა "ქალდიდან" უნდა იყოს ნაწარმოები ჩვენი ერის ეთნონიმი "ქართიც", რომელსაც, ალბათ, უფრო ინფორმაციის უქონლობის გამო, მეცნიერთა დიდი ჯგუფი მხოლოდ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ საქართველოს აღმნიშვნელად მიიჩნევდა.
სინამდვილეში "ქალდი" საერთო ქართული სამყაროს, კოლხეთის, ცენტრს, მის გულს ერქვა. გვიანდელ პერიოდში კი, უცხოტომელთა ზეწოლის შედეგად, ამ ცენტრმა ქართული ტომებითვე დასახლებულ ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, იმავე კულტურის წიაღში, გადმოინაცვლა და შეიქმნა ქართლის სამეფო, რომლის სახელწოდებაც, როგორც დიდი ილია ვარაუდობს, სწორედ "ქალდიდან" მომდინარეობს.
ამდენად, ქალდი - ქართი - ქართლი - ქართველი, ჩვენი ერის ისტორიული გზის, ჩვენი ერთობის გამომხატველი ტერმინებია. საერთოდ, ეს საკითხი შემდგომ კვლევასა და გაღრმავებას საჭიროებს. საუკუნეების სიღრმიდან მომდინარე ჩვენმა გენმა გაუძლო ათასი ჯურის გარეშე ძალებისა და სხვადასხვა იმპერიის არაერთ მცდელობას, რომ გავეთიშეთ და დავენაწევრებინეთ; ჩვენ შევძელით, საკადრისი პასუხის გაცემა მათს ვერაგულ ქმედებებზე და დღემდე ერთობითა და ერთსულოვნებით მოვაღწიეთ. ჭკვიან მტერსა და უგუნურ მოყვასს დღესაც უნდა ჩვენი გაყოფა, მაგრამ, ღვთის მოწყალებით, ამას ვერ მიაღწევენ. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ვიყოთ არა როსტომ ხანის, არამედ ცოტნე დადიანის მემკვიდრენი.
ჩვენი ერის ერთიანობის უნიკალურობა ჩვენს საოცარ მრავალფეროვნებაშია. ყველა კუთხე თავისებურებებით გამოირჩევა: განსხვავებულია მათი სიმღერა, ცეკვა, სამოსი, სამზარეულო, მეტყველება, კილო; მაგრამ ამავე დროს ყოველივე ეს ერთიანი ქართული სულის განუყოფელი ნაწილია.
ხასიათიც განსხვავებული გვაქვს; ზოგი უფრო ფიცხია, ზოგი დინჯი, ზოგი იუმორით სავსეა, ზოგიც მკაცრი, ზოგი სიტყვაძუნწია, ზოგი სიტყვამრავალი, ზოგი უფრო ალღოიანია, ზოგი კი დამყოლი ბუნებისა და მიამიტი...; მაგრამ ამ სხვაობის მიუხედავად, გვახასიათებს მთავარი საერთო თვისებებიც: სიყვარულის ნიჭი, მადლიერების განცდა, გულწრფელობა და სიალალე...
ჩვენს ერს ყოველთვის ჰქონდა მადლიერების გრძნობა ღვთისადმი. ამის დადასტურებაა საუკუნეთა მანძილზე, - განსაკუთრებით კი ყველაზე დიდი გაჭირვების ჟამს, - აშენებული ეკლესია-მონასტრების სიმრავლე. ეს განცდა მას ათეისტურმა საშინელმა რეჟიმმაც კი ვერ ჩაუკლა. ამიტომაცაა, რომ ახლა, პოსტსაბჭოთა პერიოდში, მიუხედავად სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ხანგრძლივი კრიზისისა, მიუხედავად გარედან თავსმოხვეული შეიარაღებული კონფლიქტებისა, ხალხის ძალისხმევით ათასობით ეკლესია-მონასტერი აღდგა და აშენდა, ამჟამად კი ღვთის სადიდებლად და სამადლობლად, მრევლის შესაწირით, შეიქმნა უნიკალური ხატი, "საქართველოს იმედი", რომელზეც ჩვენი ეკლესიის ყველა წმიდანი და მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მნათობნი არიან გამოსახულნი, რათა მათი მეოხებით გადავრჩეთ და გადარჩეს ჩვენი ქვეყანა; ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფლის წინაშე ვალი მოვიხადეთ და გასაკეთებელი აღარაფერი გვაქვს.
ურწმუნოთა 70-წლიანმა ბატონობამ ჩვენს საზოგადოებას ღრმა კვალი დააჩნია, და დაამახინჯა ჩვენი ცხოვრების წესი და აზროვნება; სხვადასხვა სახით ეს დღესაც ვლინდება. მათ შორის მადლიერების განცდასთან მიმართებაშიც.
ღვთისადმი მადლიერების გამოხატვა საჭიროა როგორც მთელი ერისთვის, ისე ცალკეული პიროვნებისთვის, რადგან ასეთი დამოკიდებულება მადლის მოპოვების უმარტივესი და ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა.
სახარებაში ვკითხულობთ, რომ განკურნებული ათი კეთროვანიდან მხოლოდ ერთი, სამარიტელი, დაბრუნდა მაცხოვართან მადლობის სათქმელად და ამიტომაც ღირსი გახდა შემოქმედი ღმერთი შეეცნო და ცხონების გზა ეპოვა, ხოლო დანარჩენმა ცხრა განკურნებულმა კეთროვანმა, რომელნიც აბრაამის შთამომავალნი იყვნენ და "სასუფევლის ძედ" იწოდებოდნენ, უმადურობით დაკარგეს უფალი.
წმიდა მამები გვასწავლიან, რომ საიდუმლო სერობის შემდეგ ღვთის უდიდეს საიდუმლოს ნაზიარებ იუდას გულითადი მადლობა რომ ეთქვა იესო ქრისტესთვის, იმ საშინელ დაცემას თავიდან აიცილებდა. ამიტომაც, იუდა ღალატთან ერთად, უმადურობის სიმბოლოდაც მიიჩნევა.
მადლიერების გრძნობა ღვთისაგან გვაქვს მონიჭებული, - წერენ მამები, - და თვით ადამიანური ბუნება გვიბიძგებს ასეთი დამოკიდებულება გვქონდეს ჩვენთვის მზრუნველთადმი. შინაური ცხოველები და მხეცებიც კი ავლენენ სიყვარულს კეთილისმყოფელთადმი და რაოდენ გვმართებს, ეს განცდა გამოვხატოთ მის მიმართ, რომლისგანაც შეიქმნა ყოველი, რომელმაც მოგვმადლა ქვეყანა "უთვალავი ფერითა", მოგვანიჭა სიცოცხლე, გონება, თავისუფალი ნება, ჯანმრთელობა, სიყვარულის უნარი, ბედნიერების განცდა, სამყაროს აღქმა, რომელიც გვითენებს ყოველ დღეს, გვაძლევს საკვებს, სითბოს, ჰაერს, წყალს და, რაც ყველაზე მთავარია, თავისი ჯვარცმისა და მსხვერპლშეწირული სიყვარულის ფასად ბოძებული წარუვალი ნეტარი ცხოვრების შესაძლებლობას.
განა შეიძლება, რომ ყოველ წამს არ ვგრძნობდეთ მის მზრუნველობას, ვიყოთ ყოველივე ამის მომხმარებელნი და არ გამოვხატავდეთ მისდამი გულწრფელ მადლიერებას?!
ვიქცევით კი ასე?
ჩვენდა სამარცხვინოდ, ხშირად მადლიერებას, ასე თუ ისე, ადამიანებისადმი უფრო ვიჩენთ, ვიდრე უფლის მიმართ. მოჩვენებით მადლიერებას კი, როგორც ყველაფერ ფარისევლურს, აზრი არა აქვს და სისაძაგლეა იგი ღვთისა და კაცის წინაშე. გავიხსენოთ კაენისა და აბელის მაგალითი. რატომ შეიწირა ღმერთმა აბელის მიერ მირთმეული სამადლობელი ძღვენი, ხოლო კაენისა - არა? იმიტომ, რომ აბელმა თავისი ქონების საუკეთესო ნაწილი გაიღო და ეს უფლისადმი მთელი სიწრფოებითა და მადლიერებით გააკეთა, კაენმა კი უგულოდ, მოვალეობის მოხდითა და ამპარტავნებით.
სწორედ ამიტომ განიძარცვა იგი მადლისაგან და დაეუფლა საშინელი შური ძმის მიმართ, შემდეგ კი იმდენად დაეცა, რომ ყურად აღარ იღო აღარც შემოქმედის გაფრთხილება: "თუ სიკეთის მქმნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე" (დაბ. 4.7) და მკვლელობის უსაშინელესი ცოდვის პირველი ჩამდენი გახდა.
ამის მთავარი მიზეზი კი უმადურობა იყო.
უმადურობა ამპარტავანთა, ანუ ყველაზე დიდი და საშინელი ცოდვის მქონეთა, ერთ-ერთი თვისებაა; მაშინ, როდესაც გულწრფელი მადლიერება თავმდაბლობის გამოხატულებაა და ასეთ ადამიანებს ახასიათებთ.
ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ ყველაფრისათვის, მათ შორის ავადმყოფობისა და სხვადასხვა განსაცდელთათვის, რადგან უფლის განგებულებით აღესრულება ყოველი და იგი აუცილებელია ჩვენი სულიერი აღზრდისა და ცხონებისათვის.
"ვინც უყვარს უფალს, მასვე ზრდის, ხოლო შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს... და თუ შორს ხართ აღზრდისაგან..., ნაბუშრები ხართ და არა შვილები" (ებრ. 12,6,8), - გვასწავლის პავლე მოციქული.
შეჭირვებისა და მწუხარების მადლიერებით დათმენის საუკეთესო მაგალითია კონსტანტინეპოლის პატრიარქი, წმ. იოანე ოქროპირი. იგი იყო მსოფლიო ეკლესიის უთვალსაჩინოესი მოღვაწე, გამორჩეული თეოლოგი, მჭერმეტყველი; მისი ნაშრომები დღესაც სამაგიდო წიგნებია ქრისტიანული რელიგიით დაინტერესებულთათვის.
წმ. იოანე ოქროპირი როგორც საზოგადოებაში, ისე სამეფო კარზე უდიდესი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობდა, მაგრამ შურითა და ცილისწამებით სავსე ადამიანებმა იმდენი შეძლეს, რომ იმპერატორის ბრძანებით პატრიარქობიდან გადააყენეს და უსამართლოდ დევნილი და შეურაცხყოფილი გადასახლებაში გაგზავნეს ჯერ სომხეთში, შემდეგ კი - საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში, სოფ. კომანში, სადაც აღესრულა კიდეც.
ასეთი დამცირების მიუხედავად, იგი სიცოცხლის ბოლომდე ქრისტეს ერთგულ მხედრად დარჩა და მაცხოვრისა და მოყვასის სიყვარული არასოდეს დაშრეტია; პირიქით, აქედან ანუგეშებდა ბიზანტიაში დარჩენილ თავის სამწყსოს და მოუწოდებდა, ნებისმიერ სიტუაციაში მადლიერნი ყოფილიყვნენ უფლისა.
სწორედ მას ეკუთვნის ცნობილი სიტყვები: "მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის", რაც, ფაქტობრივად, პავლე მოციქულის ნათქვამის გამეორებაა: "მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, რადგან ასეთია თქვენდამი ნება ღმრთისა ქრისტე იესოში". (I თესალ. 5.18) ასეთი დამოკიდებულება სულაც არ ნიშნავს იმას, თითქოს მძიმე მდგომარეობას უნდა შევეგუოთ და ხვედრს დავმორჩილდეთ, ანუ ბედისწერის შესახებ არასწორი სწავლება გავიზიაროთ.
არა, მუდამ საჭიროა ლოცვა და სწორი ქმედება, როგორც ბრძანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: "ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდეთ და - ჰპოვოთ" (მათე 7.7) ოღონდ, ამას არ უნდა ახლდეს დრტვინვა და მრისხანება, არამედ შემოქმედისადმი ყოველივე მადლიერებით უნდა აღესრულებოდეს და თუ ჩვენი სურვილი იმ ეტაპზე ჩვენი სულისთვის სასარგებლოა, მაცხოვარი აუცილებლად შეისმენს მას.
გავიხსენოთ მართალი იობი, როგორი სიმშვიდით, მოთმინებითა და მადლიერებით მიიღო მან თავსდატეხილი დიდი განსაცდელი; სანაცვლოდ კი უფალმა ამქვეყნადვე მრავალწილად დაუბრუნა ქონებაც, დიდებაცა და პატივიც.
სამწუხაროდ, ათეისტური აზროვნების გავლენითაა, რომ განსაცდელის დათმენა და მადლიერებით მიღება თანამედროვე საზოგადოების დიდი ნაწილისათვის სრულიად გაუგებარია, რადგან ისინი ასეთი დამოკიდებულების კეთილ შედეგს მიწიერ ყოფაში ვერ ხედავენ და, ამასთან, არ სჯერათ, რომ გარდაცვალების შემდეგ მარადიული სიცოცხლე იწყება. ამიტომაც ესწრაფვიან დიდებასა და კეთილდღეობას ამქვეყნად.
ურწმუნო ადამიანი როდესაც სიკეთეს აკეთებს, ფიქრობს, რომ მხოლოდ იგია მადლიერების ღირსი და მას ეკუთვნის სათანადო დაფასება. იგი ვერ აცნობიერებს, რომ ასეთი ქველმოქმედება პირადად მისთვის ახალი დიდი ცოდვის მიზეზი ხდება, რადგან ქება ამპარტავნებას უძლიერებს და მის სულს კიდევ უფრო აზიანებს.
ხოლო, როდესაც მორწმუნე აღასრულებს სიკეთეს, ამას უფლის სახელით იქმს და ამასთან, მადლობს შემოქმედს, რომ საშუალება მისცა სხვისთვის სიხარულის მინიჭებისა; ხარობს გაცემით, თუმცა თავს აღსრულებული ქველმოქმედების მხოლოდ გამტარად, საშუალებად აღიქვამს, ამიტომაც ჩრდილში ყოფნას ირჩევს და მადლობას და დიდებას უთმობს ღმერთს.
უფლის მადლიერებას ყოველდღიური ლოცვებიც გვასწავლის, ხოლო ვინც ჯერ კიდევ ეკლესიურად არ ცხოვრობს და ეს ლოცვები არ იცის აუცილებელია, გულში მაინც თქვას მადლობა თუნდაც საჭმლის მიღების შემდეგ; ასეთი მცირედი წრფელი ქმედებაც კი მადლს მოაპოვებინებს და ცხონების გზას აპოვნინებს მას.
ამ თემაზე განსაკუთრებული ყურადღება იმიტომ გავამახვილეთ, რომ მადლიერება უმთავრესი ქრისტიანული სათნოებათაგანია და მასთან დაკავშირებით ჩვენი დამახინჯებული დამოკიდებულებები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.
მაშინ, როდესაც მოიწევა აღსასრული, "წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა" (I კორ. 13.8), როდესაც რწმენაც განხორციელდება და აღსრულდება სასოებაც, ადამიანის სულს სასუფეველში მხოლოდ სიყვარულის გრძნობა და მადლიერების განცდა გაჰყვება. იგი ჭეშმარიტი სიყვარულის თანმდევია ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც და მასთან ერთად ზეიმობს მარადიულ ნეტარებაში.
წმ. ამბროსი ოპტინელი წმ. პავლე მოციქულის დარიგების გათვალისწინებით, გამოყოფს ოთხ უმთავრეს სათნოებას და გვასწავლის: 1) იყავით მრავლის დამთმენნი; 2) მარადის ხარობდეთ; 3) მუდამ ილოცეთ; 4) მადლიერნი იყავით ყოველთვის; და ამასთან აღნიშნავს, რომ ამ სათნოებათა მოპოვება ბოლოდან ანუ მადლიერებით უნდა დავიწყოთ, რათა მადლი შევიძინოთ.
მადლი არ იყიდება და არც სხვა საშუალებით გადაეცემა. ნებისმიერმა ჩვენგანმა თვითონ უნდა იღვაწოს, იმდენი მადლი მოიპოვოს, რომ ცხონდეს. ამისთვის კი თავმდაბლობა უპირველესი პირობაა. უფალი ბრძანებს: "ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთ მოანიჭებს მადლს" (I პეტრე 5.5).
ამასთან, ადამიანს რაც უფრო მაღალი აქვს თანამდებობა და, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა, მადლმოსილებაც მეტი მართებს. მადლმოსილ პიროვნებათა სიმრავლე ქმნის ერის კეთილდღეობას, მადლის სიმცირე კი ხშირად განაპირობებს მის განსაცდელში ყოფნას. ჩვენი პრობლემების უმეტესობაც მადლის ნაკლებობიდან მომდინარეობს.
მართალია, უღმერთობის ხანა დასრულდა და ხალხი ეკლესიური გახდა, მაგრამ მათი დიდი ნაწილის სარწმუნოება მაინც ნელ-თბილია, რადგან ყველაფერს გარეგნულად უგულოდ აკეთებენ. ქრისტეს სახელი მხოლოდ გონებასა და ბაგეებზეა, გულში კი ისევ "ძველი კაცი" სახლობს. ისინი, მართალია, ამბობენ აღსარებას და ასრულებენ საეკლესიო წესებს, მაგრამ, ამავე დროს, მათთვის უცხო არ არის განკითხვა, ცილისწამება, ამპარტავნება, სიცრუე, ეჭვი, უსიყვარულობა, გულგრილობა, სიზარმაცე, შური, მრისხანება...; დაცემა და ადამიანური სისუსტენი ყველას აქვს, მაგრამ "მორწმუნეთა" ამ ნაწილისათვის ორმაგი სტანდარტებით ცხოვრება მისაღები გახდა და შეეჩვივნენ ამ მდგომარეობას. ღმერთისთვის კი ასეთნი მიუღებელნი არიან და, ბუნებრივია, არც მათი სათხოვარი შეისმინება.
წმიდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში ვკითხულობთ: "ვიცი საქმენი შენნი; არც ცივი ხარ და არც ცხელი; ოჰ, ნეტავ ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ასე ნელ-თბილი ხარ... ამიტომ ამოგანთხევ პირისაგან ჩემისა" (3. 15-16).
ღმერთმა ნუ ქნას ამ მდგომარეობაში დაამთავროს ვინმემ სიცოცხლე. მაშ, მოვიკრიბოთ შინაგანი ძალა, ვისწავლოთ სწორი დამოკიდებულება ღვთისადმი და მოყვასისადმი; დავიწყოთ ყველაზე მარტივით, მადლიერებით. ელემენტარულ სიკეთეზეც კი გულწრფელი მადლიერება გამოვთქვათ, ხოლო კაცთა შორის განსაკუთრებული მადლობა გვმართებს მშობლებისადმი, "რათა კეთილი გვეყოს და დღეგრძელ ვიყოთ ქვეყანასა ზედა". ასევე უნდა მოვიქცეთ ხანდაზმულთა და გარდაცვლილ წინაპართა მიმართ.
განვაგდოთ ჩვენგან "ძველი კაცი", გულის კარი გავუღოთ მაცხოვარს; და იგი ჩვენში აუცილებლად დაივანებს. ხოლო როდესაც ეს აღსრულდება დავინახავთ, რომ ჩვენს შინაგან სამყაროში ყველაფერი ძირფესვიანად შეიცვლება და უფალიც მოგვაგებს თხოვნისამებრ. საყვარელნო შვილნო, უდიდესი კრძალვით, სიყვარულითა და მადლიერებით განვუფინოთ ჩვენი სული, გული და გონება ბეთლემის ბაგასა შინა მწოლ ყრმას, ჩვენს უდიდეს მარადიულ ნუგეშსა და იმედს და შევღაღადოთ უფლის წინაშე ჩვენს საოცარ მეოხსა და მფარველს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს:
"მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა, ამინ!"
საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო ყოველნო ქართველნო, აფხაზნო, ოსნო და ბერძენნო, რუსნო და უკრაინელნო, აზერბაიჯანელნო და სომეხნო, ასირიელნო და უდინნო..., საქართველოს მკვიდრნო ყველა სხვა ერის წარმომადგენელნო, მართლმორწმუნენო, "მოიპოვეთ შეუძვრელი სასუფეველი და იქონიეთ მადლი და "მოადექით თქვენ სიონის მთას და ქალაქს ცოცხალი ღმერთისას, ზეციურ იერუსალიმს და ანგელოზთა უხილავ სიმრავლეს. მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას და ახალი აღთქმის შუამდგომელს იესოს"(ებრ. 12. 28, 22-23) და გიხაროდეთ, რამეთუ დღეს იშვა ქრისტე!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი

შობა ქრისტესი
თბილისი, 2012 წელი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად

image
image თემა: შობა
ავტორი: ილია II

სააღდგომო ეპისტოლე - 1991

"საგალობელ ყავთ სახელი უფლისა, რამეთუ დიდებულნი
ქმნა, ამცნეთ ესენი... ყოველსა ქვეყანასა" (ესაია12,5)

საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს:

"მშვიდობა თქვენთანა", - პირველად ამ სიტყვებით აკურთხა აღდგომილმა მაცხოვარმა თვისი მოწაფენი. ამ სიტყვებითვე მიმართავს იგი დღეს მთელ კაცობრიობას, ბოროტების წყვდიადში, ომისა და ძალადობის მორევში დანთქმულ თითოეულ ჩვენგანს. და თუ შენ ქრისტიანი ხარ, გახსენ გულის კარი და იგრძნობ, უფლის ეს დალოცვა, როგორ უწამლებს შენი სულის შეუხორცებელ, ღია ჭრილობებს.
"ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხოვრებაი... ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისსა და სასოებაჲ მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა" (ფსალმუნი 14,3,5).
ჭეშმარიტად, ერთადერთი იმედი და მხსნელი ჩვენი უფალია.
ძმანო და დანო ჩემნო, უფლის იმედითა და სიყვარულით აღვსილი გულითადად გილოცავთ პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს.
ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !
გწამდეთ ღვთისა და სასოებდეთ მას და ტანჯვა თქვენი სიხარულად შეგეცვლებათ.
წმინდა მამების სწავლებით, სულის ხსნის გზა სამ ძირითად საფეხურს მოიცავს:
უნდა განვეშოროთ ცოდვას;
ხოლო თუ შევცოდებთ, სინანულით უნდა განვიწმინდოთ;
მაგრამ თუ გულწრფელად ვერ მოვინანიებთ, მწუხარებას შეგვამთხვევს უფალი, რათა დანაშაული გამოვისყიდოთ.
ჩვენში უმრავლესობა, ალბათ, მესამე კატეგორიას ეკუთვნის, ამიტომაც განსაცდელი და მწუხარება არ გვტოვებს. მაგრამ გვწამს, მაცხოვარივე მოგვცემს ძალას მათ დასაძლევად. მთავარია, შეჭირვების ჟამს არ დავკარგოთ ღვთისაგან ნაბოძები მადლი, მადლი სიყვარულისა და მუდამ გვახსოვდეს წმინდა ბასილი დიდის სიტყვები: ბოროტებას ბოროტებით ვერ განკურნავ, მას მხოლოდ სიყვარულითა და სიკეთით შეიძლება უწამლო.
წარსული თავისი ცოდვა-მადლით უკვე განგვშორდა. ჩვენ ახლა აწმყოსა და მომავალზე უნდა ვიფიქროთ.
ერთ-ერთმა დიდმა მეცნიერმა სიტყვა "დღეს" ქვაზე ამოკვეთა და საწერ მაგიდაზე დაიდო, რათა თავისი თავისთვის მუდამ შეეხსენებინა, რომ ადამიანისათვის ყველაზე ძვირფასი დღევანდელი დღეა. დღეს მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს ყველაფერი კარგი და დიადი, რადგან ხვალ შეიძლება უკვე გვიანი იყოს. თუ ამ წესით ვიცხოვრებთ, ჭეშმარიტ გზაზე დავდგებით.
ჭეშმარიტების ძიება ადამიანის სულის თვისებაა და ეს პროცესი მას აუცილებლად მიიყვანს ღმერთამდე - აბსოლუტურ ჭეშშარიტებამდე და მოყვასის სიყვარულამდე. ჭეშმარიტების გარეშე არ არსებობს მომავალი, არ არსებობს ნამდვილი სიხარული, ცხოვრებას არა აქვს აზრი. უფალი ბრძანებს: "სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ" (იოანე 8,32).
დღეს თითოეული ჩვენგანი ოცნებობს თავისუფლებასა და მშვიდობაზე. სუვერენული სახელმწიფო, - ეს სიტყვები ხშირად გვხვდება ჩვენი ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე, გვესმის ადამიანთა საუბრისას. ის კი გვავიწყდება, რომ ამასთან ერთად სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს სამართლიანი. სამართლიანობის გარეშე, რწმენისა და სიყვარულის გარეშე მშვიდობა ვერ დამყარდება. ქვეყანა, რომელიც ამ კანონებით არ ცხოვრობს, ჯოჯოხეთად იქცევა თავისივე ხალხისთვის. სრულყოფილი და სამართლიანი სახელმწიფო რომ შევქმნათ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანები უნდა აღვზარდოთ სიყვარულის, რწმენისა და სამართლიანობის პრინციპებით. მაგრამ ჯერ უნდა გავარკვიოთ, საიდან და როგორ დავიწყოთ აღზრდა.
ცნობილი მეცნიერები, ფილოსოფოსები, ღვთისმეტყველები, ფსიქოლოგები თვლიან, რომ ამ საქმეს ბავშვის დაბადების პირველი დღიდანვე უნდა შევუდგეთ. ამასთან, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელია, ცოდნის მიცემასთან ერთად, გრძნობათა აღზრდაზეც ვიზრუნოთ.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გულის კულტურას. გული არის ადამიანის სულიერი და ხორციელი სიცოცხლის შეერთების ადგილი; აქედან მომდინარეობს კეთილი და ბოროტი ზრახვანი და ქმედებანი. ჩვენი გონება გარედან მიღებულ ინფორმაციას აგზავნის გულში, აქ ხდება ყოველივე ამის სამართლიანი ან უსამართლო განსჯა, რომელიც შემდეგ ჩვენს მოქმედებაში ვლინდება. გული არის ცენტრი მრავალგვარი სულიერი გრძნობისა, სხვადასხვა განცდისა, ცხოველური ვნებისა.
ასე რომ, გულში ყალიბდება და მწიფდება პიროვნების ზნეობრივი საფუძვლები, რომელნიც შემდეგ ადამიანის ცხოვრებაში იჩენს თავს.
წმინდა მეფე დავითმა, ფსალმუნთა შემქმნელმა, მშვენივრად იცოდა გულის მნიშვნელობა, იგი ასე შესთხოვს შემოქმედს: "გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა" (ფსალმუნი 50,12).
გული, - ეს არის ადამიანის ყველაზე დიდი სიწმინდე, კვარცხლბეკი უზესთაესისა, ტაძარი სულისა წმიდისა. ამიტომაც მიმართავს უფალი თითოეულ ჩვენგანს: "მომეც მე, შვილო, გული შენი" (იგავნი 23,26).
ამის შესახებ დაწვრილებით იმიტომ ვსაუბრობთ, რომ მშობლები, ანდა პედაგოგები, როცა შვილს, ან მოსწავლეს ამა თუ იმ კეთილ რჩევას აძლევენ, ხშირად მათი ნათქვამი რჩება ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა. უფროსების დარიგება, ახსნა, მტკიცება უმეტეს შემთხვევაში უნაყოფოა, რადგან თავიდანვე დაშვებული აქვთ ერთი დიდი შეცდომა: მათ ვერ შეძლეს ბავშვის გულის კარის გაღება. გული კი მხოლოდ სიყვარულით იხსნება.
მშობელმა თუ მასწავლებელმა, უპირველეს ყოვლისა, მსმენელთა სიყვარული უნდა დაიმსახუროს და გასაღებიც მის ხელში იქნება; გააღე გული, შედი შიგ, დაამყარე წესრიგი და შენი გემოვნებით განალაგე ყოველი; ხელის შემშლელი არ გეყოლება.
მაგრამ სიყვარული რომ დავიმსახუროთ, ჯერ ჩვენ უნდა შევიყვაროთ ბავშვი ნამდვილი სიყვარულით. დიდებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბავშვის მოტყუება შეუძლებელია. იგი გაცილებით იმაზე მეტს გრძნობს, ვიდრე ჩვენ გვგონია. (ადამიანებს შორის ხომ, გარდა ხილულისა, თვალისთვის შეუმჩნეველი სულიერი კავშირიც მყარდება).
მაინც რა არის სიყვარული?
შესანიშნავად წერს ფილოსოფოსი პლატონი: "ერთიანობის, მთლიანობის დაუოკებელი სურვილი და მისდამი სწრაფვა არის სიყვარული" (პლატონი, მ. 1990, ტ. II, გვ. 120). მაგრამ სიყვარულის არსს ყველაზე ღრმად და ნათლად მაინც წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი განმარტავს. "საყვარელნო, ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ სიყუარული ღმრთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი, რომელსა არა უყვარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარული არს" (I იოანე 4, 7-8).
სიყვარულით უნდა აღვზარდოთ და სიყვარული უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს. ადამიანის სიცოცხლის მთავარი აზრიც ის არის, რომ უყვარდეს სხვა, უყვარდეს ღმერთი, უყვარდეს ბუნება, უყვარდეს კეთილნი და ბოროტნი, უყვარდეს ყველა. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, აუცილებელია, სხვებსაც ვუყვარდეთ.
რით დავიწყოთ? - ყველაზე მცირით, ერთი ადამიანით.
შენს დამოკიდებულებას ამ პიროვნებისადმი უნდა განსაზღვრავდეს არა ვალდებულება, არამედ სიყვარული, მასთან სულიერი ერთობის სურვილი. სხვა ადამიანში, თუნდაც ყველაზე შეუმჩნეველში, ან ცოდვით დაცემულში, უნდა სცადო, დაინახო ღვთის ბრწყინვალების ანარეკლი, - მისი კარგი თვისებები და ასე შეიყვარო იგი.
შენს მოქმედებას საფუძვლად სიყვარული დაუდე და გახსოვდეს, მთავარი ის კი არ არის, რამდენს გაიღებ გაჭირვებულის დასახმარებლად, არამედ ის, თუ სიყვარულის რა წილს ჩადებ შენს მიერ გაკეთებულ კეთილ საქმეში. ღვთის სახელით, სიყვარულით აღსრულებული კეთილი საქმე მეტად დიდი მადლია წინაშე უფლისა.
ამ ეპისტოლეში მინდა შევეხო ჩვენი მოზარდი თაობის პრობლემას, აღზრდის საკითხს ოჯახსა და სკოლაში, საშუალო სკოლის საგანმანათლებლო კურსს და იმ ზოგიერთ გადაუჭრელ საკითხს რომელიც დღეს დგას ჩვენს წინაშე.
პრობლემები ბევრია და ხშირად არც ვიცით, საიდან დავიწყოთ მათი მოგვარება. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მოზარდების მიმართ დიდად სცოდავენ როგორც ოჯახი, მშობლები, ისე სკოლა და პედაგოგები.
ოჯახზე რომ ღვთის ლოცვა-კურთხევა იყოს, ცოლ-ქმარს, აუცილებლად, ტაძარში უნდა ჰქონდეს ჯვარი დაწერილი, ხოლო თუ ისინი ჯვარდაუწერელნი არიან, მათი ურთიერთობაც და შვილებიც უკანონო და ღვთის კურთხევის მადლს მოკლებულია.
ბავშვის აღზრდისას ყველაზე დიდი ბიძგის მიმცემი მშობლების პირადი მაგალითია. იმ ოჯახში, სადაც ყოველდღიურად აღევლინება ლოცვა, სადაც მშობლები ყოველდღიურად კეთილსინდისიერად შრომობენ, ერთმანეთს სიყვარულითა და პატივისცემით მიმართავენ, ცდილობენ დაეხმარონ გაჭირვებულებს, იქ, სადაც არავინ არავის არ უყვირის, არ უხეშობს, არ ატყუებს... იზრდებიან ასეთივე კეთილი თვისებების მქონე პიროვნებები.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შვილების ქრისტიანულ აღზრდას. დღესდღეობით მრავალი სექტა არსებობს: ბაპტისტების, ორმოცდაათიანელების, ევანგელისტების, იეღოვისტების, აღმოსავლურ რელიგიათა წარმომადგენლების: ბუდისტების, ინდუისტების, კრიშნაიდებისა და სხვათა. ისინი ცდილობენ, გაავრცელონ თავიანთი ცრუ სწავლება, ეწევიან აქტიურ პროპაგანდას და ხშირად მიზანსაც აღწევენ, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში, რადგან მათ ოჯახიდან არა აქვთ მიღებული საჭირო რელიგიური აღზრდა, არ იცნობენ მართლმადიდებლობას და მტკიცედ არ დგანან თავიანთ სარწმუნოებაზე.
უნდა ვიცოდეთ და მუდამ გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებლობაშია ჩვენი ძალა, - რომ მხოლოდ მართლმადიდებლობამ შეინარჩუნა ის რწმენა, წესები და ტრადიციები, რომელიც უფალმა მოციქულებს დაუტოვა. ამიტომაც ჩვენი ეკლესია იწოდება სამოციქულო ეკლესიად და იგი დღემდე იცავს ერთიანი, განუყოფელი სამოციქულო ეკლესიის მრწამსსა და ტრადიციებს.
"მწამს... ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია", - ვკითხულობთ სარწმუნოების სიმბოლოში, რომელიც წმინდა მამათა მიერ I და II მსოფლიო საეკლესიო კრებებზე ჩამოყალიბდა. ამიტომაც, დიდ ცოდვასა და დანაშაულს სჩადიან ისინი, რომელნიც ტოვებენ მართლმადიდებლობას და სექტებში გადადიან. თვითონ სიტყვა "მართლმადიდებლობა" ანუ მართლად, სწორად დიდება ღვთისა, ჩვენი ეკლესიის ჭეშმარიტებაზე მეტყველებს.
ამის შესახებ იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ შეგახსენოთ, მარტო მართლმადიდებლურად მონათვლა არ არის საკმარისი, აუცილებელია ეკლესიური ცხოვრება, რათა ვიგრძნოთ ძალა და მადლი მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და არასდროს განვეშოროთ მის ჭეშმარიტ გზას.
ოჯახის წევრები უნდა იცავდნენ ეკლესიურ წესებს: უნდა მარხულობდნენ, სახლში ყოველდღიურად უნდა ლოცულობდნენ, აუცილებელია შაბათ-კვირას და დღესასწაულის დღეებში ეკლესიაში სიარული, სინანულითა და აღსარების საიდუმლოს მადლით ცოდვათაგან სულის განწმენდა, ხშირად ზიარება, ყოველ წელს სახლის კურთხევა, აუცილებელია გარდაცვლილ ახლობელთა და წინაპართა სულებისათვის სპეციალურად მათთვის განკუთვნილ დღეებში ლოცვა... ასეთი ოჯახი, როგორც ამბობს წმინდა მოციქული პავლე, იქცევა "სახლის ეკლესიად" და დაივანებს იქ უფალი და დაიცავს მას მშვიდობით, სიყვარულითა და კეთილდღეობით.
მაგრამ სამწუხაროდ, ოჯახში უფროსები ხშირად არასწორად იქცევიან. ისინი კერპებივით ეთაყვანებიან თავიანთ შვილებს, რაც ღვთის საწინააღმდეგოა; განსაკუთრებულად ზრუნავენ მათ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ აღზრდაზე, ცდილობენ აუცილებლად მისცენ საშუალო და უმაღლესი განათლება, ყველაზე მთავარი კი ავიწყდებათ, - სულიერი აღზრდა, ბავშვებში იმ მორალური თვისებების ჩამოყალიბება, რომელიც უნდა ახასიათებდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს.
საბოლოოდ შედეგიც სამწუხაროა: შვილები ნელ-ნელა კარგავენ მშობლების სიყვარულს, თანდათან შორდებიან მათ, ყურადღებას აღარ აქცევენ ანდა უპატრონოთა თავშესაფარში აბარებენ. იმაზე კი აღარ ფიქრობენ, რომ იგივე ხვედრი, ანდა უფრო უარესი, თვითონ მათ ელით.
"პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა", - გვასწავლის მეხუთე მცნება.
მშობლების პატივისცემა და მათი რჩევის გათვალისწინება არის საფუძველი ქალიშვილისა თუ ვაჟის მომავალი ოჯახის სიმტკიცისა და ბედნიერებისა. უპატივცემულობა კი - მიზეზი ოჯახის უბედურებისა და დარღვევისა.
პიროვნების ინტელექტუალური თუ სულიერი ჩამოყალიბებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკოლას. კარგად უთქვამთ: სკოლა ისეთია, როგორიც არის საზოგადოებაო.
საზოგადოება, როგორც ვიცით, დაავადებულია; შესაბამისად დასნეულებულია სკოლაც. ჩვენი საშუალო სკოლა კონსერვატულია და ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ ცხოვრებისეულ მოთხოვნებს.
მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და საპატიო პროფესიაა მთელს მსოფლიოში, რადგანაც იგი ზრდის მომავალ თაობებს. ჩვენთან კი პედაგოგს არა აქვს ავტორიტეტი არც ოჯახში, არც საზოგადოებაში და არც მოსწავლეთა შორის. უფრო მეტიც, უმრავლეს შემთხვევაში მოწაფეს არ უყვარს სკოლა და არც აღმზრდელნი.
დღეს ბევრს ლაპარაკობენ მასწავლებლის შრომის სოციალურ და საზოგადოებრივ მნიშვნელობაზე, ამის თაობაზე ადგენენ სხვადასხვა დეკლარაციებს... საქმე კი ადგილიდან არ იძვრის, პირიქით, უფსკრულისკენ მიექანება.
ჩემი შეხედულებით, ყველაზე დიდი ხელფასი, ნებისმიერი პროფესიის ადამიანებთან შედარებით, პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ. აქ უნდა მივიზიდოთ ყველაზე ნიჭიერი კადრები, ისეთნი, რომელნიც გამორჩეულნი იქნებიან არა მარტო ცოდნით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ღრმა რწმენით, სიყვარულით, დიდი მოთმინებით და სხვა კეთილი თვისებებით, რასაც შემდეგ ისინი თავიანთ მოსწავლეებს გადასცემენ.
მასწავლებლის შესახებ შეიძლება დაუსრულებლად ვილაპარაკოთ, მაგრამ მისი უპირველესი მოვალეობაა გააკეთოს ყველაფერი, თვით შეუძლებელიც კი, რათა მოსწავლეებმა ნამდვილი სიყვარულით შეიყვარონ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიყვარებენ ისინი საგანს, რომელსაც სწავლობენ.
მასწავლებელთა შორის, რა თქმა უნდა, დღესაც არიან ნიჭიერი პიროვნებები, რომელნიც გარდა იმისა, რომ კარგად ფლობენ საგანს, დაინტერესებულნი არიან მაგ., კარგი ბიბლიოთეკის შექმნით, სოფლის მეურნეობით, ხელოვნებით, გატაცებულნი არიან ფილატელიით, ან წერენ ლექსებს... და თავის ინტერესებსა და მისწრაფებებს აღსაზრდელთაც უზიარებენ.
ასეთი პედაგოგები სხვათაგან განირჩევიან მაღალი სულიერობით, ზნეობით, კულტურით. ისინი ღიმილით შედიან საკლასო ოთახებში და თავიდანვე ქმნიან მშვიდ და სასიამოვნო განწყობილებას. არ იჩენენ პედანტობას ჟურნალში დასწრების აღრიცხვისას, არ ცდილობენ ორიანის დაწერას და იმ მოსწავლეთა დასჯას, რომელთაც არა აქვთ გაკვეთილი მომზადებული. ბავშვებთან მათი შეხვედრა რომ საინტერესო იყოს, ისინი რამდენიმე წუთს უთმობენ მეცნიერულ მიღწევებზე, ხელოვნების სიახლეზე ან სხვა საჭირო და მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს.
მაგონდება ერთ-ერთი ჩემი პედაგოგი, რომელმაც გაკვეთილზე კონსპექტის რვეულთან ერთად ხელჩანთიდან ამოიღო დანა, ჩანგალი, კოვზი... და თითქმის მთელი გაკვეთილის მანძილზე გვიხსნიდა მათი ხმარების წესებს, სადილობის დროს ქცევის ეტიკეტს. ჩვენ იმ დღეს ბევრი რამ საჭირო შევითვისეთ. მის საგანს კი ამით არაფერი დაჰკლებია.
ამ ცოტა ხნის წინათ საპატრიარქოს რეზიდენციაში გვეწვივნენ თბილისის 126-ე საშუალო სკოლის მე-7 კლასელები. გაიმართა საინტერესო საუბარი, რომელსაც ბავშვებთან ერთად პედაგოგები და მშობლებიც ესწრებოდნენ. მე მათ ვუამბე საქართველოს ეკლესიის, საპატრიარქოს შენობის ისტორიის შესახებ, ვუთხარი ისიც, რომ საპატრიარქოში გახსნილია უფასო სასადილო ხელმოკლე სტუდენტებისთვის, გაჭირვებული მარტოხელებისა და მოხუცებისთვის. ბოლოს ვთხოვე მასწავლებლებს, რომ ამიერიდან აღარ დაეწერათ ორიანი მოსწავლეებისათვის და ბავშვებსაც, - რომ არ ჩაეგდოთ პედაგოგები უხერხულ მდგომარეობაში. ეს წინადადება სიხარულით მიიღო ორივე მხარემ.
სამი-ოთხი კვირის შემდეგ ისინი კვლავ მოვიდნენ ჩემთან და მოიტანეს შეგროვილი თანხა - ხუთასი მანეთი უფასო სასადილოსთვის.
ღირებული ეს ფული კი არ არის, არამედ სურვილი ბავშვებისა, მონაწილეობა მიეღოთ ღვთის სათნო საქმეში, რისთვისაც მათ მთელი დანაზოგი გაიღეს, შეიწიროს უფალმა მათი ქველმოქმედება და აკურთხოს ისინი.
ამ ქრისტიანულ საქციელში ჩანს პედაგოგთა კეთილი გავლენა.
როდესაც მასწავლებლის ნაკლზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი დამნაშავენი არ არიან; დამნაშავეა განათლების დღეს არსებული სისტემა, რომელმაც კარგახანია დრო მოჭამა, მაგრამ მაინც ვერავინ ბედავს მის შეცვლას.
ამ სისტემაში აღმზრდელი არარაობას წარმოადგენს. მას აძლევენ გარკვეულ პროგრამას და აიძულებენ მის შესრულებას; დაფიქრების საშუალებასაც კი უსპობენ იმაზე, რომ მიხვდეს, პროგრამის ათვისება კი არ არის მთავარი, არამედ ბავშვებისათვის მორალური, ზნეობრივი, სულიერი საზრდოს მიწოდება, რათა ისინი ჭეშმარიტ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. პედაგოგი სახელმწიფოსა და საზოგადოებისაგან, მშობლების, დირექტორისა და მოწაფეებისაგან იმდენად დათრგუნულია, რომ ფაქტიურად დაკარგული აქვს თავისი თავისადმი რწმენა, თვითონაც ადვილად იმცირებს თავს და არც ცდილობს, როგორმე განშორდეს ამ ჭაობს.
მართალია, სავალალოა მასწავლებელთა მდგომარეობა, მაგრამ მთელი ტრაგედია მაინც იმაშია, რომ ისინი ზრდიან ასეთივე შეზღუდულ და უსახო მომავალ თაობებს, შეუგნებლად უვითარებენ რა მათ სკოლისადმი და საერთოდ სწავლისადმი სიძულვილს.
აიღეთ თუნდაც სახელმძღვანელოები, როგორ არის ისინი შედგენილი?! მე, მაგალითად, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს განზრახ იმგვარადაა იქ მასალა წარმოდგენილი, რომ საბოლოოდ ჩაუკლან ბავშვს ცოდნის შეძენის სურვილი.
საშუალო სკოლის პროგრამაც ისეა აგებული, თითქოს მოსწავლეებს ყველაფრის ცოდნა ეძლეოდეთ. მაგრამ ეს ერთი შეხედვით; სინამდვილეში მიღებული ცოდნა არაფრის მომცემია, რადგანაც ყველა საგანი ზედაპირულად ისწავლება. ასეთივე მდგომარეობა გრძელდება ინსტიტუტებში. ასე ყალიბდებიან შემდეგ ამბიციური უმეცრები, რომელთა გამოსწორება უკვე შეუძლებელია.
იმედია ახალი თაობა გაითვალისწინებს წარსულის ამ ნაკლოვანებებს და მიიღებს შესაბამის ზომებს.
იქნებ სჯობდეს, სკოლის პროგრამა და საგნები ცალ-ცალკე შეიქმნას ჰუმანიტარული და ტექნიკური განყოფილებებისათვის. ე.ი. გაგვეხსნა ერთი ტიპის სკოლები ჰუმანიტარებისათვის, მეორე ტიპისა კი - მათთვის, ვისაც ტექნიკური საგნები იტაცებს, მაგრამ ისე, რომ ორივე სახის სკოლებში დარჩენილიყო ზოგადსაგანმანათლებლო კურსი. სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, სხვებთან ერთად, ისწავლება ზნეობრივი ღვთისმეტყველება. საშუალო სკოლის პროგრამაშიც შეიძლებოდა შეგვეტანა ეთიკა.
განა დრო არ არის დავფიქრდეთ იმაზე, ტყუილად რატომ ვასწავლით ჩვენს ბავშვებს მაგ., ალგებრას, გეომეტრიას, ფიზიკას, ქიმიას და სხვა ისეთ საგნებს, რომლებიც ცხოვრებაში შეიძლება საერთოდ არ დასჭირდეთ. მაშინ, როდესაც არაფერს ვეუბნებით რწმენის, სიყვარულის, სიძულვილის, შურის, სინანულის, შერიგების უნარის, ამპარტავნების, თავმდაბლობის, სამართლიანობის, მოწყალების, სიძულვილის, სიცრუის, სიმართლის, შრომის მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ.
ამიტომაც შედეგად მივიღეთ საზოგადოება ქურდებისა და ბოროტმოქმედებისა, მლიქვნელთა, ცრუთა და უზნეოთა, დაბალმა სულიერობამ სხვა მხრივაც იჩინა ჩვენს ხასიათში თავი: ადრინდელ ჩემს ეპისტოლეში უკვე მქონდა იმის შესახებ საუბარი, რასაც აქ კიდევ გავიმეორებ: ქართველები ემოციური ხალხი ვართ, ამიტომაც ჩვენს მოქმედებას ხშირად გრძნობები წარმართავს, გრძნობა კარგია, იგი გულიდან მომდინარეობს, მაგრამ არ არის საკმარისი. აუცილებელია გონების, ზოგჯერ ცივი გონების კონტროლი, რომ სწორად განვსაზღვროთ ჩვენი საქციელის შესაძლო დადებითი ან უარყოფითი შედეგები.
ამ ცოტა ხნის წინათ ერთ-ერთმა ცნობილმა ქართველმა მწერალმა საუბრისას ასე ბრძანა: თუ ვინმე დამარტყამს, მეც დავარტყამ და სულაც არ ვფიქრობ, რა შეიძლება ამას მოჰყვესო.
დიახ, ეს ქართულ ხასიათში დევს და იგი ჩვენი დიდი ნაკლია. ასე ცხოვრება არ გამოგვადგება. აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, რა იქნება შემდეგ, რადგანაც ეს "შემდეგ" ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის შეიძლება საბედისწეროდ იქცეს.
ჩვენი შვილებიც უნდა შევაჩვიოთ განსჯას, გონიერ აზროვნებასა და მოქმედებას. ამიტომაც ყოველნაირად უნდა შევეცადოთ, კონცენტრირება გავუკეთოთ მთელ ჩვენს სულიერ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და შევქმნათ საშუალო სკოლის ყველა კლასისათვის ფილოსოფიური ღრმა აზროვნების კურსი.
წიგნები უნდა შედგებოდეს კანონებისა და ღრმა აბსტრაქტული აზროვნების შემცველი მაგალითებისაგან. რა თქმა უნდა, გამოყენებული უნდა იყოს ღვთისმეტყველება, ლოგიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ანთროპოლოგია, ლიტერატურა, ისტორია და სხვა დისციპლინები.
პროგრამა თანდათან უნდა რთულდებოდეს ისე, რომ საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მივიღოთ ანალიტიკურად, ღრმად მოაზროვნე ახალგაზრდები.
ალბათ, ასევე საჭიროა, მეცნიერთაგან შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეიმუშავებს პროგრამას და შეადგენს წიგნების სერიალს ბავშვების აღზრდის თაობაზე ოჯახში. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, პატარები თავიდანვე მიეჩვიონ ფიქრს; დაე, მათ ნორჩ თავებსა და გულებში დაიბადოს ახალი იდეები, თუნდაც უტოპიური. შემდეგ ეს ყველაფერი თავისთავად მოწესრიგდება.
დღეს სკოლადამთავრებული ყმაწვილები საერთოდ არ იცნობენ ცხოვრებას, არ არიან მასთან შეგუებულნი, არ არიან შრომას შეჩვეულნი და ხშირად სრულიად შემთხვევით ხვდებიან ამა თუ იმ სასწავლებელში.
ვფიქრობ, სკოლაში ყოფნის პერიოდში მოსწავლეები ხშირად უნდა ატარონ ქარხნებში, ფაბრიკებში, სამეცნიერო ცენტრებში, რომ მათ გარკვეული წარმოდგენა შეექმნათ ამა თუ იმ საქმიანობაზე. საშუალო სკოლაში ბავშვმა აუცილებლად უნდა შეითვისოს რაიმე ხელობა, რომელიც მას მთელი სიცოცხლის მანძილზე გამოადგება. არჩეული სპეციალობა უნდა აინტერესებდეს მოსწავლეს და უნდა იყოს ისეთი, რომ ამ ხელობით, საჭიროების შემთხვევაში, არჩინოს თავისი თავიც და ოჯახიც.
ბოლოს მინდა შევეხო მშობლებისთვისაც და მასწავლებლებისთვისაც ერთ მეტად საყურადღებო საკითხს, საკითხს სიტყვის მნიშვნელობის შესახებ.
სიტყვა არ არის მარტო ბგერათა ერთიანობა; მასში განსაკუთრებული მისტიური ძალაა ჩადებული.
მშობლებო! არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ დასწყევლოთ თქვენი შვილები, არამედ აკურთხეთ, გეცოდებოდეთ და გიყვარდეთ ისინი. იცოდეთ, თქვენი სიტყვები დიდი ძალისაა და აუცილებლად შესრულდება. ბიბლიაც გვასწავლის, რომ კურთხევა მშობლებისა განამტკიცებს შვილების სახლებს, მათ ოჯახებს, წყევლა კი საფუძვლამდე ანგრევს მათ.
მასწავლებლებო! თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა, ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს, ან დაღუპოს აღსაზრდელი. ხომ ნათქვამია, ხეს რომ ყოველ დღე შესძახო, გახმიო, გახმება. ნურასოდეს ნუ ეტყვით ბავშვებს, რომ უნიჭონი და ცუდნი არიან, შეიბრალეთ ისინი და ნუ დაამცირებთ კლასის წინაშე.
განსაკუთრებული ყურადღებით მოექეცით ე.წ. ძნელადაღსაზრდელთ. სწორედ მათგან გამოდიან გენიალური ადამიანები ან ცნობილი დამნაშავენი. ასეთი ბავშვები ფლობენ დიდ ენერგიას და ითხოვენ განსხვავებულ დამოკიდებულებას. კარგი აღმზრდელის ხელში ისინი გამორჩეულ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან, თუ არა და მათი განვითარება სხვა მიმართულებით წავა.
ყოველთვის გახსოვდეთ, თითოეულ თქვენს მოსწავლეში ჩადებულია რაღაც განსაკუთრებული ნიჭი და უნარი. მიეხმარეთ მას, გამოავლინოს იგი.
პედაგოგს, რომელიც ვერ იოკებს სიბრაზეს, საჯაროდ კიცხავს და შეურაცხყოფს მოსწავლეებს, უნდა ეყოს ვაჟკაცობა და გამბედაობა იმისა, რომ თვითონ დატოვოს სკოლა. იგი შეიძლება გამოდგეს ნებისმიერ საწარმოში, დაწესებულებაში, მაგრამ არა სკოლაში, რადგანაც ის ვერ შეძლებს რწმენითა და სიყვარულით აღზარდოს კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარის მქონე მომავალი თაობა. ეს კი ჩვენს წინაშე მდგარი მეტად რთული, მაგრამ აუცილებლად გადასაწყვეტი ამოცანაა.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვების სულიერ ამაღლებას, ხელი შევუწყოთ მათი ნორჩი, შეურყვნელი გულის კულტურის სრულყოფას. წმიდა იოანე კრონშტადტელი ამბობს: "გული მეტად ფაქიზი, სულიერი, მსუბუქი და თავისი ბუნებით ზეციურია. გაუფრთხილდით მას. ნუ დაამძიმებთ, ნუ გაამიწიერებთ. იყავით მეტად თავდაჭერილნი ჭამა-სმისას და საერთოდ ერიდეთ ხორციელ სიამოვნებებს. გული ტაძარია ღვთისა. ვინც დაანგრევს ღვთის ტაძარს, მას დასწყევლის უფალი". სხვა ადგილას კი იგივე წმინდანი წერს: "გულის სიცოცხლე სიყვარულშია, ხოლო ღვარძლი და მტრობა მოყვასისა კლავს მას. უფალი იმიტომ გვაცხოვრებს ამ სოფლად, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულმა მთლიანად მოიცვას ჩვენი გული. ამას ელის იგი ყველასგან. ეს არის მიზეზი და მიზანი ქვეყნის არსებობისა".
ასეთი ფიქრებითა და სურვილებით ვეგებებით ჩვენ აღდგომილი მაცხოვრის ბრწყინვალე დღესასწაულს - პასექს უფლისას.
"ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა".
დაე, ღვთაებრივმა ნათელმა დაივანოს ჩვენს სახლებსა და გულებში და დაემკვიდროს ჩვენს შორის თვისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა. განგვაშოროს ურთიერთ სიძულვილს, შურსა და მტრობას.
დღეს მე სიყვარულით მოგმართავთ თქვენ, ჩვენო ძმებო: რუსებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, სომხებო, აზერბაიჯანელებო, ებრაელებო, ქურთებო, ესტონელებო და ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული საქართველოს მიწისა. თქვენ ხომ მრავალი წელია ქართველთა გვერდით ცხოვრობთ და ძმური ურთიერთობის გარდა მათგან სხვა არაფერი გინახავთ. გახსოვდეთ, საქართველო ადრეც გიცავდათ და კვლავაც დაგიცავთ. ხოლო ის, ვინც ჩვენს შორის ღვარძლსა და მტრობას სთესს, ჩვენი საერთო მტერია.
მშვიდობა და ღვთის კურთხევა იყოს ჩვენთან და ჩვენს შორის, ამინ.
განსაკუთრებული გრძნობით მინდა მივმართო შიდა ქართლის მცხოვრებთ: როგორც ქართველებს, ისე ოსებს. შეწყვიტეთ მტრობა და შუღლი. თქვენს შვილებს მომავალში ხომ ერთად მოუწევთ ცხოვრება, დაფიქრდით ამაზე, რას უმზადებთ მათ? მწამს, ღვთის წყალობით, დადგება ბშვიდობიანი დრო და კვლავ ძმური ურთიერთობა დამყარდება ჩვენს შორის.
უფალო, მუხლმოდრეკილნი ვდგავართ შენს წინაშე სუსტნი და ცოდვილნი არა იმისათვის, რომ მოვიწონოთ ან ვიმართლოთ თავი, არამედ გთხოვოთ შენდობა და შემწეობა, გევედრებით, არ მოგვაკლო შენი კურთხევა, რათა ჩვენზეც აღსრულდეს სიტყვები შენი: "მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქვენ" (იოანე 14,27).
ღირსგვყავ, უფალო, შენი ღვთაებრივი მშვიდობისა.
"გარდამოიხილე ზეცით, ღმერთო, და იხილე და მოხედე ვენახსა ამას და განამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯვენემან შენმან".
ძმანო და დანო ჩემნო, გიხაროდეთ

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !

ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ   ა ღ დ გ ა !

პასექი ქრისტესი
თბილისი, 1991 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
"ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი I, თბილისი, 1997 წ. საგალობელ ყავთ სახელი უფლისა, რამეთუ

image
image თემა: აღდგომა
ავტორი: ილია II

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3