წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
ნამდვილად თავმდაბალ კაცს ქება ეწყინება და შეაწუხებს, ხოლო მხილება იამება და დაგიჯერებს. მართლა თავმდაბალი კაცი სხვას არავის განიკითხავს და თავის თავს კი განიკითხავს, ამტყუნებს და სჯის. თუ რამე კეთილი არის მის შორის და ღირსი ქებისა, იმას სრულიად არ ჰხედავს და თუ რამე ნაკლულევანება აქვს და ცუდი თვისება, იმისგან სცხვენია და იტანჯება. თუ რამე უბედურება ეწვია, იტყვის: ღირსი ვარო ამისა, ჩემის ცოდვით დამემართაო; თუ ბედნიერება მიიღო – ღმერთმან მომცაო, რათა ამით მე მოქცევა და მადლობის შეწირვა მასწავლოსო. ნუ ჰფიქრობთ, ვინმემ მოიპოვოს წარმატება სხვასა რომელსამე საქმეში, – იტყვის წმინდა მამა ამბოსი მედიოლანელი, – თუ არ შეიძინა პირველად სიმდაბლე.
თემა: თავმდაბლობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
სიმდაბლე არის სარწმუნო მცველი ყოველთა სათნოებათა. წარმატება სათნოებათა შინა არის წარმატება სიმდაბლესა შინა. წინააღმდეგ ამისა, რა არიან ყოველნი სხვანი სათნოებანი გარეშე სიმდაბლისა? – მტვერი, რომელსა წარიტაცებს პირველი შებერვა ამპარტავნებისა. გარეშე სიმდაბლისა ამაოა ყოველი სულიერი შრომა, არ არის არცა სიყვარული ღვთისა და კაცისა, არცა სიწმინდე გულისა, არცა მოთმინება, ერთის სიტყვით, არცა ერთი ღვთის წინაშე ღირსება. ვინც დაჰკარგა სიმდაბლე, მან დაჰკარგა ყოველიფერი, თუგინდ სხვაფერ კი სრული კაცი იყოს და დაახლოებული ღვთისადმი. შეაერთეთ ლოცვა, მარხვა, სიწმინდე; თუ სიმდაბლე დააკლდა, ყოველივე იგინი მალე განჰქარდებიან. თვით ზეციერნი ანგელოსნი დაეცნენ და შთაცვივდნენ ჯოჯოხეთს, ოდესცა სიმდაბლე დაჰკარგეს. „ვის უყურებს ღმერთი? მხოლოდ მდაბალთა, ღვთის მოშიშთა, რომელნი ძრწიან სიტყვისაგან მისისა“, –იტყვის ესაია წინასწარმეტყველი.
თემა: თავმდაბლობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
სიმდაბლე ის არის კაცის ცხონებისათვის, რაიცა ფესვი მცენარისათვის. თუ ფესვი მრთელი და მაგარი აქვს მცენარეს, იგი არ დასჭკნება, თუ გინდ მრავალგზის მოჰკაფონ მისნი რტონი, მაინც ახალთა გამოიღებს. მზგავსადვე, თუ მტკიცე სიმდაბლე არის კაცის სულში, იგი კაცი არ წარწყმდება, თუ გინდ მრავალნი ჭირნი და განსაცდელნი ეწიონ მას. ვერაფერი ვერ გაუსწორდება სიმდაბლეს, იტყის იოანე ოქროპირი, იგი არის დედა, ფესვი, საფუძველი, საზრდელი და კავშირი ყოვლისა სიკეთისა; ვინც ისწავლა სიმდბლე, მხოლოდ მან ისწავლა ბაძვა იესო ქრისტესი
თემა: თავმდაბლობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
საღმრთო წერილი იტყვის, რომ თვით ზეციურნი ანგელოსნი არიან მშვიდნი და თავმდაბალნი. იგივე სათნოება არის უდიდესი და უსაჭიროესი ყოველთა ქრისტიანეთათვის, რომელთა ჰსურსთ შესვლა სასუფეველსა შინა ღვთისასა. ეს სათნოება, როგორც იტყვის წმინდა მამა ამბროსი მედიოლანელი, არის სამკაული ყოველთა სხვათა სათნოებათა. როგორც გონიერი სახლის მშენებელი ეძებს მაგარსა საძირკველსა, და ვიდრემდის არ ნახავს კლდეს, არ დაიწყებს სახლის შენებას, მზგავსადვე კაცმა, რომელსაც ჰსურს აშენება თვისისა სულიერისა სახლისა, სიმდაბლეზე უნდა აღაშენოს იგი.
თემა: თავმდაბლობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
სასუფეველი ღვთისა კაცის გულში არ არის რაიმე უძრავი, არამედ თითქმის ყოველ დღე და ყოველს წამს იცვლება, ხან დიდდება, ხან მცირდება. თუ გსურისთ, ძმანო ჩემნო, რომ ყოველთვის იყოს თქვენს გულში სასუფეველი ღვთისა და იზრდებოდეს, ეცადეთ, რომ ყოველ დღე განაახლოთ იგი და გააცოცხლოთ სულიერითა საზრდოითა. როგორათაც სხეული კაცისა იზრდება და განახლდება საზრდოის მიღებითა, ეგრეთვე შინაგანი ცხოვრება შენი, ესე იგი სასუფეველი ღვთისა, ყოველ დღე უნდა განახლდეს სულიერის საზრდოს მიღებითა, რომელ არს: ლოცვა, კეთილი გრძნობა, კეთილი საქმე, მარხვა, მოთმინება და სხვა.
სასუფეველი ღვთისა მდგომარეობს სიხარულსა შინა სულითა წმიდითა. მართალია, უფალმან იესო ქრისტემან გვითხრა ჩვენ: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი“; საღმრთო წერილი ხშირად შეგვაგონებს ჩვენ, რომ კაცი ყოველთვის უნდა სწუხდეს და სტიროდეს თავის უღირსებას და ცოდვას; მაგრამ სიხარული სულისა მიერ წმინდისა არა თუ არ არის წინააღმდეგი სულიერისა მწუხარებისა, მონანებისა, შემუსვრილებისა, არამედ პირდაპირ მისი ნაყოფია. სიხარული სულისა მიერ წმინდისა მხოლოდ იმ კაცს გაუჩნდება გულში, რომელმაც მწუხარებითა და ცრემლითა განბანა სული თვისი ყოვლისაგან ბილწებისა და ამით მიიღო სიმართლე, ანუ გამართლება იესო ქრისტესი და შეურიგდა ღმერთსა და თავის თავსა.
თემა: სიხარულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
მართალია, უმრავლესნი ნაწილნი ქრისტიანეთა შორის, თუმცა ცოდვას არ იშლიან, უწესოდ სცხოვრებენ, მაინც მოსვენებულნი არიან, თითქმის მშვიდობაც არის მათს გულში. გარნა ესრეთი მშვიდობა არის ცრუ და ცბიერი. იგინი ჰგრძნობენ მშვიდობასა მისთვის, რომ არ იციან თავი თვისი, არ ეძებენ სისრულესა, არ შესულან ჯერედ სასუფეველსა შინა ცათასა. უმჯობესი იქნებოდა, რომ მათ გულში ყოფილიყო ურვა, ბრძოლა, სვინიდისის მხილება და მოუსვენებლობა, ამისთვის, რომ ეს იქნებოდა ნიშანი მისა, რომ მათ არ სძინავთ ცოდვასა შინა, და სული მათი ცდილობს როგორმე გამოსვლას ცოდვისაგან. მათი მშვიდობა დაემსგავსება უფრო სასიკვდინე ძილსა, ვიდრეღა იმ მშვიდობას, რომელსა გააჩენს კაცის გულში სული წმიდა.
დიდი და ძნელი საქმე არის, ძმანო ჩემნო, მოპოება ანუ შეძენა სულიერისა მშვიდობისა. იგი მიეცემა და გაუჩნდება გულში მხოლოდ იმ კაცს, რომელმან, დასთრგუნა ყოველნი თვისნი ვნებანი, დიდხანს და მრავალი იღვაწა. ამ სახით მშვიდობა არის განსვენება გულისა და სულისა ღმერთსა შორის. მაშასადამე, იგი არ არის დაძინება ცოდვათა შინა, არამედ მღვიძარება კეთილთა საქმეთათვის; იგი არ არის უქმად ყოფნა, არამედ შრომა, მოღვაწეობა სულიერი.
თემა: მშვიდობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ ყოველი ცოდვა არის მტერობა ღვთისა; ცოდვილი კაცი მტერია ღვთისა მისთვის, რომ ღმერთი არის უზენაესი სიმართლე, ჭეშმარიტება და სძაგს კაცი ცრუ. ამისთვის ცოდვის მოყვარე, ცრუ კაცი მტერია ღვთისა, ვინაიდგან ღვთის საქმეს, ღვთის მშვიდობას არღვევს.
თემა: ცოდვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
როგორც საღმრთო წერილი გვასწავლის, ყოველ კაცს უნდა ჰქონდეს მშვიდობა, პირველად ღმერთთან, მეორედ თავის თავთან, მესამედ ყოველ მოყვასთან. რა სახით უნდა ჰქონდეს კაცს ღმერთთან მშვიდობა? ღმერთთან ჩვენი მშვიდობა მოახდინა, ანუ შეგვარიგა ღმერთთან უფალმან იესო ქრისტემან, რადგანაც მან მიიღო თავის თავზედ ყოველი ჩვენი ბრალი და შეცოდება ღვთისადმი, მაგრამ იმ პირობით, თუ ჩვენ გვახსოვს მისი სწავლა, ვემორჩილებით და ვასრულებთ მისთა მცნებათა. თავის თავთან მშვიდობა მაშინ აქვს კაცსა, როდესაც მას თვისი ჭკუა და სვინიდისი არაფერში არ ამტყუნებს და არ არცხვენს, როდესაც იგი არ ემორჩილება ისრეთთა ცუდთა სურვილთა, ვნებათა, მიდრეკილებათა, რომელნიც დაარღვევენ კაცის მშვიდობასა და მოსვენებასა, შთააგდებენ მას ურვასა და შფოთსა შინა, წარიტაცებენ და დაატყვევენ მას.
თემა: მშვიდობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი