სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
სწავლა ჲთ. სინანულისათვისვე
ჰოი კაცო, დაღაცათუ ყოველთა ბოროტთა შთავრდომილ იყო, ნუ წარიკვეთ სასოებასა, არამედ ჰსთქვი, ვითარმედ, კაცთ-მოყვარე არს ღმერთი და ჰნებავს ცხოვრება ჩვენი. რამეთუ იტყვის: "უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო". ესე ჰსთქვი და განეშორე ცოდვასა და მოიქეც სინანულად, და მზ არს ღმერთი შეწყნარებად შენდა.
აწ უკვე ნუ სასო-წარკვეთილ ვართ, რამეთუ არა ესრეთ ბოროტ არს ცოდვითა დაცემაი, ვითარ დაცემულისა არა აღდგომაი სინანულითა; არცა ესრეთ ძნელ არს მოწყლვაი, ვითარ წყლულისა მის კურნებისა და წამლისა არა ძიებაი. რამეთუ ვინ იქადოს სიწმიდე გულისა, ანუ ვინ იკადროს თქმად, თუ წმიდა ვარ ყოვლისაგან ცოდვისა? არამედ სინანულითა განვიკურნნეთ ცოდვანი, რამეთუ დიდი წამალი არს სინანული. და მზა არს სახიერი ღმერთი შეწყნარებად მონანულთა. და ამას რა ვიტყვი, არა ამისთვის, რათა უდებებად მოგიყვანნე. უნ იყოფინ. არამედ რათა არავინ მოვიდეს სასოწარკვეთილებად. გნებავსა ცნობად, თუ ვითარ სახიერ არს და შეიწირავს სინანულსა მეუფე ჩვენი? წარსდგაო ოდესმე მეზვერე, სავსე ბევრეულითა ბოროტითა და ჰსთქვა: "ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას" - და მოიქცა განმართლებული. რაიმცა იყო სწორ ამის კაცთ-მოყვარებისა? არამედ ესე არს სიბოროტე ჩვენი, რომელ არცა თუ ესოდენსა ლმობიერებასა ვაჩვენებთ, არცა ხელ ვჰყოფთ მცნებათა ღვთისათა აღსრულებად, ამისთვის უკურნებელ იქმნებიან სენნი ჩვენნი, ხოლო უკეთუ მოვიქცეთ სინანულად, არა ძალ-უძს სიმრავლესა ცოდვათა ჩვენთასა ძლევად სახიერებასა ღვთისასა? ნუ იყოფინ, არამედ ჰოი ჩვენი ესე გულ-ფიცხელობაი. ყოველნი შექცეულ ვართ ანგაჰარებასა, ვეცხლის-მოყვარებასა, ნაყროვანებასა, უდებებასა და სხვათა ბოროტთა. აწ უკვე, საყვარელნო, დავსდვათ თვითეულსა ამათ ცოდვათაგან მოწყლულსა წყლულებასა ზედა, წინა აღდგომისა მათისა სათნოების წამალი და განიკურნოს, ესე იგი არს: მოწყალება, ლოცვა, ლმობიერება, მარხვა, სინანული, ცრემლნი, სიმდაბლე გულისა, შემუსვრილება სულისა, შეურაცხება სოფლისა, მიტევება ბრალთა მოყვსისათა, მადლობა ღვთისა ყოველსავე ზედა განსაცდელსა, ვედრება ღვთისა სამარადისო, ხსენება სიკვდილისა და სასჯელისა, განშორება ყოველთავე ამაოთა და ბოროტთა გულის-სიტყვათა, განწმედა გულისა ყოვლისაგან ბიწისა. რამეთუ მრავალნი გზანი უჩვენებიან ღმერთსა სინანულისა და ცხოვრებისანი. უკეთუ ვინებოთ სლვაი, ვიღვაწოთ უკვე, ძმანო, სლვად მათ შინა, რათა მივიწივნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
სწავლა ჲჱ. თავი კგ. სინანულისათვის
საყვარელნო! სინანული არის მოქცევა ბოროტისაგან და ქმნა კეთილისა, ვითარცა იტყვის, ვითარმედ: "ჰყავ ნაყოფი ღირსი სინანულისა". რაი არს ესე, ვითარმედ ჰყავთ ნაყოფი ღირსი სინანულისა? რათა წინააღმდგომ ცოდვისა ჩვენისა სათნოება აღვასრულოთ. ესე იგი, უკეთუ მოგიტაცებიეს სხვისა, მიეც შენისა გლახაკთა; უკეთუ სიძვისა შებღალულ ხარ, განეშორე სრულიად გულის-თქმათა; განეყენე მეუღლესაცა შენსა განჩინებულთა დღეთა სინანულისათა; მოიგენ მარხვაი, მოისმენ გულის-სიტყვანი ცოდვისანი გულისაგან შენისა, განიბანენ ბილწებანი იგი ცრემლითა და სულთქმითა; უკეთუ გიგინებიეს და შეურაცხ-გიყოფიეს მოყვასი, პატივ-ეც და კეთილი უყავ. თავს იდევ შეურაცხება და გინება შენცა, და აკურთხევდ მაგინებელთა და ძვირის მეტყველთა შენთა. ესე არს ნაყოფი ღირსი სინანულისა, მოქცევა ბოროტისაგან და ქმნა კეთილისა, რამეთუ არა კმა არს აღმოწვდა ისრის პირისაგან ხოლო ისრის პირისა წყლულებისა მისგან, არამედ წამლისაცა ჯერ არს დადებაი; უკეთუ შვებითა და მთვრალობითა წარგიხდიან გარდასრულნი დღენი შენნი, მოიგე მარხვაი და წყალსა იხმევდე, რათა ვნება იგი მთვრალობისა აღმოფხვრა; უკეთუ თვალითა ვნებულითა მიგიხედავნ განცდად სიკეთესა პირისასა, აღვირ ასხენ თვალთა ყოვლად არა ხედვად ბოროტად დედათა. ესრეთ თუ ყოფდე, იქმნე აღმასრულებელ სიტყვისა მის, ვითარმედ "მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი". და კვალად "დააცხვრე ენაი შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკვასა". ესრეთ შეიწირავს ღმერთი სინანულსა შენსა და არა გარე მიიქცევს პირსა მისსა შენგან. ხოლო რაი არიან (მიზეზნი) პირისა მისისა მიმქცეველი ჩვენგან? ესე იგი არს: ამპარტავნება, ზვაობა, ანგაჰარება, მრისხანება, შური, ნაყროვანება და სხვანი მსგავსნი ამათნი. რამეთუ ესე ვითართა მათგან გარე მიიქცევის უფალი და მტერობა ღმრთისა არს ესე ვითარნი საქმენი. აწ უკვე, საყვარელნო, გარე-მიმქცეველნი პირისა მისისა საქმენი ჩვენგან გარე მივაქცივნეთ და სინანულითა შევუვრდეთ უფალსა. და ვევედრებოდეთ ცრემლითა მხურვალითა, რათა მოგვიტევნეს ცოდვანი ჩვენნი და ღირს ვიქმნნეთ განრინებად სატანჯველთა მათ საუკუნეთა, რომელნი ელიან ცოდვილთა უნანელთა, და უფროსად ღირს ვიქმნეთ განწმენდილითა პირითა ხილვად პირსა მას გამოუთქმელსა, და საუკუნეთა კეთილთა მივემთხვივნეთ ყოველნი მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
ვისაც ცხონება სურს, მისი გული ყოველთვის მზად უნდა იყოს სინანულისა და შემუსრვილებისთვის: "მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი; გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს" (ფსალმ. 50,17). თუ სულის ამგვარი შემუსრვილება მოიპოვა, კაცი ადვილად გადაურჩება ეშმაკის მზაკვრულ მახეებს: მთელი მისი მცდელობა ხომ იქით არის მიმართული, რომ სული აგვიმღვრიოს და თავისი სარეველის თესლი დათესოს... სინანულის დასაბამი ღმერთის შიში და საკუთარი თავისადმი ყურადღებაა. როგორც წმ. მოწამე ბონიფანტე ამბობს, შიში ღმრთისა არის ყურადღების მამა, ყურადღება კი შინაგანი მშვიდობის დედაა. ამგვარად, მტკიცედ შეუდექი სინანულს, და მაშინ სინანული შენი შუამდგომელი გახდება ღმერთის წინაშე
გვიმტყუნებს, ძმებო, აუცილებლად გვიმტყუნებს ყველას წარმავალი სიკეთე: მდიდარს - სიმდიდრე, სახელოვანს - სახელი, ჭაბუკს - სიჭაბუკე, ბრძენს - სიბრძნე. ერთადერთი, მარადიული, უმთავრესი სიკეთის მოხვეჭა ხელეწიფება კაცს, ესაა ჭეშმარიტი შეცნობა ღმრთისა, მასთან შერიგება და შეერთება, რომელსაც ქრისტე გვანიჭებს. მაგრამ ამ უზენაეს სიკეთეთა მოსაპოვებლად აუცილებელია დავუტეოთ ცოდვილი ცხოვრება და მოვიძაგოთ იგი. შეინანეთ!
სინანულის ძალა ღმერთის ძალაზეა დაფუძვნებული, მკურნალიც ყოვლადძლიერია და მის მიერ მოვლენილი კურნებაც. დედამიწაზე ქადაგების ჟამს უფალი განკურნებისაკენ მოუწოდებდა ყველას, ვინც ცოდვით იყო სნეული. ღმერთს არავითარი ცოდვა არ მიუჩნევია უკურნებლად და დღესაც ყველას მოუწოდებს, აღუთქვამს და მიჰმადლის კიდეც ცოდვის მიტევებას, ყოველი სალმობის კურნებას.
ჰეი, სტუმარო ამა სოფლისანო! თქვენ, ვისაც გიზიდავთ ფართო გზა, ამქვეყნიური ზრუნვის, შექცევისა და მხიარულების შეუნელებელი ხმაურით სავსე, თქვენ ვინც ამ გზით ყველასათვის ცნობილი და ყველასაგან დავიწყებული აღსასრულის, პირქუში კუბოსა და კიდევ უფრო პირქუში მარადისობისკენ მიექანებით - შეჩერდით! ჩამოიბერტყეთ ამა სოფლის ხიბლი, მუდამ თავის მონობაში რომ გამყოფებთ! ისმინეთ, რას გვამცნებს მაცხოვარი, ჯეროვანი ყურადღება მიაგეთ მის სიტყვებს: " შეინანეთ და გრწმენინ სახარებისა! შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არც სასუფეველი ცათა".
სცოდე, ჰოი სულო ჩემო, შეინანე მსწრაფლ, რამეთუ დღენი ჩვენნი ვითარცა აჩრდილნი წარვლენ და შემდგომად მცირედთა ჟამთა განხუალ და მიხვიდე ადგილთა მათ საშინელთა და ზარის-ასახდელთა. აწ უკუე ნუ სდროებ დღითი-დღედ მოქცევად ღმრთისა მიმართ. ვაი შენდა, სულო ჩემო, რამეთუ განსდევნენ შენგან წმიდანი ანგელოზნი საქმითა ბოროტითა
შიშის მიზეზი მოუნანიებელი ცოდვებია. უფლის მიმართბუნებრივი სწრაფვა აქვს მინიჭებული სინდისს და საცდურს უგულებელჰყოფს. ხშირად ცოდვა ურცხვად იჭრება სულში, მაგრამ სინდისი დროის გარემოებებით სარგებლობს და ცოდვას ერევა. როდესაც სიბნელეში მყოფი ადამიანი შეშინდება, სინდისი ამხელს მას, რომ შიშის მიზეზი ცოდვაა. წმინდა წერილში წერია: "ურჩულონი თანაწარხდენ კეთილსა" (იგავ. 28,1); და კიდევ: "მართალსა, ვითარცა ლომსა, არა მოაკლდეს სასოებაი", ცოდვილი კი თავის აჩრდილსაც კი გაურბის შიშისაგან. აკი სჯულიც გვაფრთხილებს: "და დაშთომილთა მათ ზედა თქვენგანთა მოვავლინო შიში გულთა მათთა ქვეყანასა მტერთა მათთასა და სდევნიდეთ მათ ხმაი ფურცლისაი, მოღებული ქარითა, და ივლტოდიან, ვითარცა ვინ მბრძოლისგან, და დაეცნენ თვინიერ მდევართა". (ლევ. 2,36). ან გემზე მყოფი ადამიანი თუ შეძრწუნდება ქარიშხლის დროს ზღვის ღელვისგან, სინდისი შეახსენებს მას თავის უშჯულოებას; ზოგჯერ ის ადამიანს მიწისძვრის დროს, ან მარტოობისას, გზაზე მიმავალს შეახსენებს თავის ცოდვებს. ბოლოს, თუ კაცი არ მოექცევა, სინდისი ამხელს მას, როცა დაუძლურდება და დაავადდება, და ადამიანი სიცოცხლის სიყვარულის გამო დაუდებს აღქმას ღმერთს, რომ თავის უშჯულოებას აღხოცავს. მას ეშინია, რომ მოკვდება და ცხოვრების სიტკბოებას დაკარგავს; ამიტომაც ითმენს სინდისის ქენჯნას და მიმართავს გულისხმისყოფას - შუამდგომელს ღმერთსა და ადამიანს შორის. აწმყო საამურად რომ არ ეჩვენებოდეს, ის ძნელად მიხვდებოდა სინანულის მნიშვნელობას. მაგრამ იმდენად, რამდენადაც სიცოცხლე ნებავს და ტანჯვისა ეშინია, ღვთისადმი მოიქცევა და მას სიცოცხლის გახანგრძლივებას ევედრება