ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები


გამონათქვამთა კრებული მორჩილების შესახებ

1. რა დიდებულია იესო ქრისტეს მაგალითი! მამისადმი მორჩილებას იგი ჯვრისა და სიკვდილისკენ მიჰყავს. განა მამის თანაარსს შეწინააღმდეგება არ შეეძლო? მაგრამ არა, წმინდა გოლგოთისკენ მიაბიჯებს, ოფლს ღვრის და გზაზე ნების მოკვეთის სიმძიმისგან ტკივილით ჩაიმუხლავს. მაგრამ უნდა ავიდეს. მაღლა ადის, დიდებულ, დემონებისთვის შემაძრწუნებელ ჯვარზე მაღლდება და იქ, ზემოთ, სრულ, უკიდურეს მორჩილებას ავლენს და საუკუნო დიდების უჭკნობ გვირგვინს იდგამს.
სულის აღდგომა ასე მოიპოვება და არა ხან მორჩილებით, ხან კი ურჩობით და თვითნებობით. გვირგვინი ამგვარი ქცევით კი არა, სურვილის მსხვერპლად შეწირვით მოგვენიჭება. ყველა დაბრკოლება უნდა გადავლახოთ მტკიცე გულისსიტყვით, რომ მორჩილების მოვალეობის ღალატს სიკვდილი გვირჩევნია.

2. ქრისტეს მორჩილებით მარადიული ცხოვრება მოგვეცა, ადამის ურჩობით კი ჯოჯოხეთის უფსკრულში ჩავცვივდით. ჭეშმარიტად, მორჩილების გზა გოლგოთისკენ მიდის და მაღლდება. ეს გზა შრომას მოითხოვს, ოფლს დავღვრით და დავიღლებით, მაგრამ ვიფიქროთ, რომ აღდგომის შემდეგ სულის სიწმინდესა და ძეობას მოვიპოვებთ, ამ სიმდიდრით ტკბობა კი მიწიერ სიამეზე არ გაიცვლება. განა ამქვეყნიურზე ვლაპარაკობ? მთელი ქვეყნის ფასადაც კი ვერავინ შეიძენს სულიერი სიხარულის თუნდაც ერთ მისხალს იმ სულისგან, ვინც ჯერ გოლგოთაზე ავიდა და შემდეგ თავისი აღდგომა იხილა.

3. იესო ქრისტემ მოწაფეებს უთხრა: „რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა, და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყუვნეს, მე შეურაცხ-მყოფს; და რომელმან მე შეურაცხ-მყოს, შეურაცხჰყოფს მომავლინებელსა ჩემსა“ (ლუკ. 10, 16). ამრიგად, მღვდელმთავრები, მღვდლები, იღუმენები და მცირე კრებულთა მოძღვრები მოციქულთა მემკვიდრეები არიან. ვინც მათ ემორჩილება, იესო ქრისტეს ემორჩილება, ხოლო ვინც ეურჩება, ქრისტეს უარყოფს.
ვინაიდან იესო ქრისტეს მორჩილება გვსურს, მოძღვრის მორჩილების აღსრულება გვმართებს. ისე კი არა, რაც ხელსაყრელია, შევასრულოთ და რაც არ გვსურს, ვიურჩოთ. გეთსამანიის ბაღში იესო ქრისტემ ზეციერი მამისგან ითხოვა, ადამიანები სხვა გზით გამოხსნილიყვნენ, მაგრამ ზეციერმა მამამ ჯვრით გამოხსნა დაადგინა და მაშინ იესომ მიუგო: „არა ჩემი, არამედ შენი ნება იყოს, მამაო“ და „იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაითა“ (ფილიპ. 2, 8).

4. ღვთისმეტყველება ლოცვის შედეგია, ეს უკანასკნელი კი – სრული მორჩილებისა. რა თვისება და ნიჭიც არ უნდა ჰქონდეს მონაზონს, მორჩილების გარეშე მალე დაეკარგება. ნამდვილი მორჩილი სულიწმიდის ყველა ნიჭის მრავალ ნაყოფს გამოიღებს და მდიდარია აწ და უკუნისამდე.

5. ღვთის მადლმა რომ მოგვიხილოს, საჭიროა სწავლებას სრულად ვემორჩილებოდეთ. მოძღვრის ნებას საკუთარს ნუ დავურთავთ, რადგან ეს სულიერი მრუშობაა. მორჩილება დიდი გულწრფელობით უნდა მოვიმუშაკოთ, სხვაგვარად რაიმე წარმატებას მონაზვნურ გზაზე ვერ მივაღწევთ.
სიმდაბლე ის სათნოებაა, რომელიც ქრისტეს მიმბაძველი მორჩილების სრულად განხორციელებას სასწაულებრივად შეეწევა. და პირიქით, ეგოიზმი და ამპარტავნება მის მოპოვებას ეწინააღმდეგება.

6. მორჩილი მოვალეა, საკუთარ თავს მსხვერპლად სწირავდეს, თავისი მოძღვარი კი ძალიან უყვარდეს, რადგან ეს ერთობა მის სულს ბრძოლაში გააძლიერებს.
ვისაც მოძღვარი უყვარს და ემორჩილება, მას მოძღვრის ლოცვა-კურთხევა სულიერი ნაყოფის გარეშე არ დატოვებს. ის აუცილებლად ცხონდება და ღვთის უბრწყინვალეს საყდარს მიეახლება. ვინც მოძღვარს ამწარებს, ის მოგვიანებით საკუთარი სულის ნანგრევებზე იტირებს.

7. საშინელი და შემზარავია, როცა მოძღვარს აიძულებ, გააკეთოს ის, რაც მის სულს არ სურს, მაგრამ გსურს შენ. საშინელებაა. ეს მხოლოდ მან იცის, ვისაც პირადად გამოუცდია.
შენი სულიერი მამა და მოძღვარი ამქვეყნად ყველა ადამიანზე, მთელ მსოფლიოზე უფრო ძვირფასია!
ეშმაკმა ყველაზე უკეთ იცის, რას ნიშნავს მოძღვარი და მისი სრული მორჩილება.

8. არასოდეს გამოიკვლიო, რას აკეთებს მოძღვარი ან რატომ აკეთებს ამას თუ იმას. ნუ განიკითხავ მას, რადგან ამ დროს ანტიქრისტე ხდები! ცხოვრებაში არასოდეს მოითმინო, რომ შენი მოძღვარი ვინმემ შენ წინაშე განიკითხოს, უმალ შეეწინაღმდეგე, დაიფარე, დაიცავი იგი.
მოძღვრის „წინდაუხედაობას“ ქრისტე განუკითხველი და უზაკველი მორჩილების წყალობით გაასწორებს.

9. სატანისთვის უდიდესი წარმატებაა, თუკი შეძლებს მორჩილი დაარწმუნოს, რომ გულისსიტყვები დამალოს, მოძღვრის კურთხევის გარეშე რაიმე გააკეთოს, სულიერი მამის წინაშე ყველაფერი გულწრფელად არ აღიაროს. ასეთი მორჩილი საფუძვლად კეთილ საწყისს ვერასოდეს დადებს და ღვთის მადლის მიღებაში წარმატებას ვერასოდეს მიაღწევს, არამედ იჩანჩალებს, სანამ მისი სიცოცხლის საბრალო აღსასრულის ჟამი დადგება.

10. მორჩილებას მაშინ აქვს ფასი, როცა ნების მოკვეთა ტკივილითა და შრომით ხდება. რადგან ვნებიანი ჩვევები ეკლიან ფესვებს ჰგავს. მას, ვინც მათ ამოძირკვას მოისურვებს, ბუნებრივია, ეტკინება, ეკლებისგან ხელები დაეკაწრება და დაუსისხლიანდება. ასევე ხდება, როცა ცუდ ჩვევებს სულიერი მამის მორჩილების გამო აღმოვფხვრით.

11. მოძღვარს ან ძმას – მონაზონს ნუ აწყენინებ, რადგან ასეთ დროს სულის სიმშვიდეს მეყსეულად კარგავ, იესოს ლოცვას წყვეტ და გულისსიტყვებით ივსები. კურნება აღსარებაა, ცხარე ცრემლები და შენდობის გულწრფელად თხოვნა.
ფრთხილად იყავი! თუ მოძღვარზე რაიმე ბოროტი გულისსიტყვა გაქვს, გაფრთხილდი, რადგან ეშმაკი შეგმუსრავს და იოლად გაცდუნებს. გულისსიტყვები გამოასწორე, რომ მოძღვართან მიმართებაში არაფერი გაწუხებდეს.

12. ვაი, რომ დაწყევლილია, რასაც მორჩილი მოძღვრის კურთხევის გარეშე აკეთებს. ის ეშმაკს მიაქვს. ასე რომ, ჩვენ, მონაზვნებს, მხოლოდ მორჩილება გადაგვარჩენს.

13. მორჩილების აღმასრულებელი სიმშვიდის ნაყოფს გამოიღებს. მოძღვარი მის ნებას მოკვეთს, საყვედურს ეტყვის, მიუთითებს და როცა მორჩილი ყველაფერს მორჩილებით შეასრულებს, ძვირფას სიმშვიდეს მიიღებს. ერთი სიტყვით, კარგი მორჩილი, რომელიც მორჩილებას განუსჯელად აღასრულებს, ყველა სათნოებას მოიპოვებს. მაგრამ ვინც მოძღვარს ეპასუხება, ეკამათება, ეურჩება, ამპარტავნებს, ის საკუთარ სულს ძალიან აზიანებს, რადგან ღმერთს ამწუხრებს. უფალი დამდაბლდა, ეს კი – მიწიერი, საწყალობელი ადამიანი – თავს იმაღლებს.

14. სრული მორჩილი საზვერეებს არ გაივლის! მას არ ეშინია არც სიკვდილის, არც დემონების და არც ღმერთის, რადგან გულმხურვალედ ემსახურება მას. ნამდვილ მორჩილს მხოლოდ თავისი მოძღვრისადმი ურჩობა აშინებს, რადგან სულიერი მამა მისთვის ხილული ქრისტეა, მოძღვრის ურჩობა უმალვე გამოაძევებს მას სულიწმიდის მადლის სამოთხიდან, სადაც ანგელოზთასწორი მორჩილის მდაბალი სული უაღრესად ტკბება. სრული მორჩილი ღმერთკაცი ქრისტეს ჭეშმარიტი სახეა.

15. მორჩილი, რომელიც მოძღვარს ქრისტეს გამო ემორჩილება, ქრისტეს ყველა მცნების აღმასრულებელია. უდრტვინველი და განუსჯელი სრული მორჩილება ყველა საუფლო მცნების შესრულების მრავალგვარ ღვაწლს უტოლდება.
მას, ვინც მორჩილებას ღვთის სიყვარულისთვის აღასრულებს, ღმერთი შეიყვარებს. კარგ მორჩილში თვით წმინდა სამება დამკვიდრდება. ოჰ, რა დიდებულებაა დაფარული ამ სამგზის კურთხეულ მორჩილებაში! იგი მდაბალ, უმნიშვნელო, პატარა, შეუმჩნეველ მორჩილს წმინდა სამების სამკვიდრებლად, ქრისტეს ყველა მცნების აღმასრულებლად აქცევს, სამოთხეში შეჰყავს და ორმაგი გვირგვინითა და ღვთაებრივი ყელსაბამით შემკულს წმინდანთა შორის დაამკვიდრებს.

16. რა საოცარ თავისუფლებას გვანიჭებს საკუთარი ნების სრული მოკვეთა! როგორ სულიერ განსვენებას პოვებს მებრძოლი, მოსაგრე მორჩილი, რომელსაც საკუთარი ნება არ აქვს და მხოლოდ თავისი მოძღვრის ნებას აღასრულებს! ის ნეტარი სულიერი კეთილდღეობით, სიხარულით და სასოებით აღსავსე ცხოვრობს. მშვიდი და საოცარია მისი ცხოვრება, ვინაიდან იცის, რომ როგორც განუსვენებს მოძღვარს, მისი ლოცვით ისეთივე განსვენებას მიიღებს სამოთხეში.
ნეტარი და სამგზის ნეტარია ის მორჩილი, რომელმაც ყველაფერში მოიკვეთა საკუთარი განმხრწნელი ნება და ყველაფერს ინანიებს თავისი სულიერი მამის წინაშე. ის, ამ ცხოვრებაშივე სულიერად გაჯანსაღებული, ღვთის საშინელი საყდრის წინაშე გაბრწყინდება, როგორც ანგელოზი ანგელოზთა შორის.

17. მაშ, გიხაროდეს, მოასპარეზე მორჩილო, იმ დიდი მორჩილის მიმბაძველო, რომელიც იქმნა მორჩილ „ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაითა. ამისთვისცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზესთაესი უფროის ყოველთა სახელთასა" (ფილიპ. 2, 8-9), ხოლო შენ შენს ვნებებზე აგამაღლებს და უვნებობასა და თავის სიყვარულს მოგანიჭებს. მაშ, ქრისტესთვის საკუთარი ნების უარყოფით იბრძოლე და იმ ადამიანის დარიგებები შეასრულე, რომელმაც უფლისმიერ გიტვირთა მაშინ, როცა ღმერთს სიკვდილამდე სრული მორჩილება აღუთქვი.
ჰოი, მორჩილებავ, ყოველი მორწმუნის მხსნელო! ჰოი, მორჩილებავ, ყოველი სათნოების მშობელო! ჰოი, მორჩილებავ, ცათა განმღებელო და ადამიანთა მიწიდან ზეცად აღმყვანებელო! ჰოი, მორჩილებავ, ყოველთა წმინდათა საკვებო, რომლით მსაზრდოებელნიც სრულ იქმნენ! ჰოი, მორჩილებავ, ანგელოზთა თანამკვიდრო!
რა დიდებულია იესო ქრისტეს მაგალითი! მამისადმი


საშობაო ეპისტოლე - 2017

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, საერო დასნო, საყვარელნო დანო და ძმანო, მკვიდრნო საქართველოჲსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!

„იშვა ყრმა, მოგვეცა ძე... და სახელი მისი, – ... ღმერთი ძლიერი,

ხელმწიფე,მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა მათ საუკუნეთა“ (ეს. 9,5).

დღეს ბეთლემი „ცათა მობაძავ იქმნა, ვარსკვლავთა წილ ანგელოზნი ჰქონან მაქებელად და სამყაროს ეფინება საოცარი საგალობელი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.
ყოველნო ერნო, „აღიპყრენნით ხელნი თქვენნი და ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისაჲთა, რამეთუ ქრისტე იშვა და ევა მწუხარებისაგან იხსნა;
ქრისტე იშვა და ქუეყანაჲ აღეშენა;
ქრისტე იშვა და ერი განმხიარულდა.“ (შობის საგალობელი)
ღვთის განკაცების ამ დიად დღეს გავიხსენოთ კაცობრიობის თავდაპირველი ისტორიაც.
ჩვენს წინაპრებს, ადამს და ევას, ედემში ღმერთთან უშუალო კავშირი ჰქონდათ და უფლისმიერი მადლით კიდევ უფრო წარემატებოდნენ. შემოქმედისაგან ისინი განმსჭვალულნი იყვნენ საოცარი სიყვარულით და ამ სიყვარულს თვითონაც გასცემდნენ, რაც თანხმობასა და ნეტარებაში მათ მკვიდრობას განაპირობებდა.
აკრძალული ნაყოფის მიღებამ არსებული სრულყოფილი ჰარმონიის რღვევა გამოიწვია, რადგან ეს არ იყო უბრალო ქმედება; იგი იყო გამოვლინება იმისა, რომ რეალურად ადამმა და ევამ უარი თქვეს საღვთო წესრიგზე, ბოროტი ძალისაგან შთაგონებულ ამპარტავნებას, პატივმოყვარეობასა და შურს დაემონნენ და კეთილისაგან უკეთურისაკენ მიიდრიკნენ. ასე შემოვიდა ცოდვა და ცოდვასთან ერთად სიკვდილი. ასე დაეცა ადამიანური ბუნება. ადამთან ერთად დაეცა მისი განმგებლობისა და პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი მთელი ხილული სამყარო. სულიწმინდის მადლი პირველმშობლებს განეშორა, რადგან აღარ ჰქონდათ მისი დატევნის უნარი; შედეგად კი დადგა ხორციელი და, რაც მთავარია, სულიერი სიკვდილი.
მადლისაგან განძარცვულ პირველმშობელთა ბუნება ხრწნას დაექვემდებარა, ამასთან, მათ დაეკარგათ ჭეშმარიტი თავისუფლების განცდა და დაუმახინჯდათ როგორც გარემოს, ისე ღმერთის აღქმა. გაუკუღმართებული აზროვნების გამო კი მათში გაბატონდა ხორციელი ცნობიერება.
სიკეთის მოკლებით გაჩენილ ცოდვათა ერთობლიობა არის ადამიანის ბუნების დაცემული მდგომარეობა, რომელსაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი. ყოველივე ეს კი ათასწლეულების მანძილზე იმემკვიდრა კაცთა მოდგმამ.
მხოლოდშობილი ძე ღვთისა ოცი საუკუნის წინ მოევლინა სამყაროს.
უჟამო იგი ჟამიერ იქმნა, დაუსაბამო დასაბამიერი გახდა, უხილავი ღმერთი ბაგაში მწოლ ჩვილ ყრმად წარუდგა სოფელს, რათა მარადიული სიკვდილისათვის განწირული ადამის მოდგმა თავისი თავის მსხვერპლად გაღებით გამოეხსნა და ცოდვათა აღხოცვით ჩვენთვის დაკარგული მადლისმიერი ძეობა დაებრუნებინა.
„ეჰა, დიდებული და საკვირველი საიდუმლო, ეჰა, შესაძრწუნებელი სალხინებელი!“ (შობის საგალობელი).
იესო ქრისტემ დაცემული კაცობრივი ბუნება თავის ღვთაებრივ პიროვნებაში შეურევნელად შეიერთა, განაახლა, სამების წიაღში ზეცად აიყვანა და საღრმთო დიდებით განაბრწყინა.
თუ პირველ მშობელთაგან მემკვიდრეობით მივიღეთ ხრწნილება და სიკვდილი, ახალ ადამში, ქრისტეში, ყოველმა ადამიანმა ცოდვისგან სრული გათავისუფლების მადლი მიიღო.
ამისთვის კი, პირველ რიგში, აუცილებელია, ყოვლადწმინდა სამებისადმი ჭეშმარიტი რწმენით ნათლობა, აღმსარებლობა იმისა, რომ იესო ქრისტე არის ბუნებითი ღმერთი, ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი, მხსნელი და მაცხოვარი სულთა ჩვენთა.
ნათლობა არის მეორე ადამის, - ქრისტეს წიაღში ჩვენი სულიერი შობა, რომლის დროსაც გვენიჭება სულიწმინდის ბეჭედი, ის ცხოველმყოფელი მადლი, რაც დავკარგეთ სამოთხეში და, ამასთან, გვენიჭება უნარი მარადიული ნეტარი ცხოვრების მოპოვებისა.
ახალი ადამის შობით კაცობრიობა ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავებულ ორ ნაწილად გაიყო და დაიწყო სრულიად ახალი ერა.
თუ პირველმა ადამმა და მისმა მოდგმამ ჩადენილი ცოდვის გამო, დიდი სინანულის მიუხედავად, ვერ შეძლო დანაშაულის გამოსყიდვა, ახალი ადამის განხორციელების შედეგად, მრავალჯერადი შეცოდების შემთხვევაშიც, ქრისტიანს, ვიდრე ხორციელ აღსასრულამდე, ჭეშმარიტი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ყოველთვის შეუძლია ნათლობით მიღებულ მადლთან და სულიერ მდგომარეობასთან დაბრუნება.
უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ნათლობა არის მხოლოდ დასაწყისი ჩვენი განღმრთობისა. შემდგომი წინსვლა კი ჩვენი პირადი ღვაწლითა და ეკლესიური ცხოვრებით უნდა განხორციელდეს.
ქრისტეს შობა კაცობრიობისთვის უდიდესი დღესასწაულია, რასაც სრულად ვეზიარებით, როდესაც ნათლისღების გზით ახლად ვიშვებით ქრისტეში. ამიტომაც არის, რომ შობის დღესასწაულს უშუალოდ მოჰყვება ნათლისღების დღესასწაული, რომელიც განუყოფლად არის მასთან დაკავშირებული.
ნათლობით მიღებული მადლი არის უდიდესი საბოძვარი, რომელსაც სრულად ვერც ვაცნობიერებთ. ეს განსაკუთრებით ითქმის ძველი ადამიდან ახალი ადამის წიაღში მოქცეულებზე, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ რწმენის გზაზე და მათზეც, რომელნიც დიდი ხნის წინ მოინათლნენ, მაგრამ ცოდვის მრავალგვარობას ხშირად ვერ აცნობიერებენ, რამეთუ მხოლოდ პირადი შეხედულებებითა და ამქვეყნიური კანონებით განსჯიან.
აუცილებელი კი არის წმიდა წერილში გაცხადებული მცნებებისა და სწავლებების გათავისება, რათა სულიერი თვალი აგვეხილოს და ავის და კარგის, ცოდვის და მადლის გარჩევა ვისწავლოთ.
საღვთო ზნეობა იმდენად მაღალია, რომ მას თვით ყველაზე დახვეწილი და რაციონალური სახელმწიფო კანონებიც კი ვერ შეედრება.
სახელმწიფო კანონით დანაშაულად არ მიიჩნევა, მაგალითად, პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარება, განკითხვა, მრისხანება, შური, ამპარტავნება, ეგოიზმი, შიში, მტრობა, სიძულვილი ... ვიდრე მათი გამოვლინებები სერიოზულად არ დააზარალებს სხვას.
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ კი განგვიცხადა, რომ ცოდვად ითვლება არა მარტო არასწორი საქციელი, არამედ მოყვასის მიმართ სიყვარულისა და კეთილგანწყობის არქონა, უკეთური ფიქრიც და ბოროტი გულისთქმაც და მოგვიწოდა, რომ ნებისმიერი ცოდვა დასაწყისშივე, ანუ გონებასა და გულში გაჩენისთანავე, აღმოვფხვრათ, რათა იგი ქმედებად არ იქცეს და მისგან თავის დაღწევა არ გაგვიძნელდეს.
როგორც საღვთო, ისე სახელმწიფო კანონები რა თქმა უნდა, ზრუნავს ადამიანზე, მაგრამ მათში განსხვავებულობას წარმოშობს პიროვნების აღქმა და მასთან დაკავშირებული ხედვის პერსპექტივები.
ეს განსაკუთრებით ითქმის ისეთ ქვეყნებზე, სადაც ზოგიერთი სახელმწიფო კანონი ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს და მცდელობები აქვთ, ცოდვა ოფიციალურად ნებადართული გახადონ. პარალელურად ხდება ისიც, რომ ტელევიზია, მასმედია, სოციალური ქსელები... ამა თუ იმ უწესობას ხშირად მიმზიდველად და საინტერესოდ გვისახავენ და ხელს უწყობენ მათ პროპაგანდას.
სამოთხეში დაწყებული ისტორია ცოდვის კეთილად წარმოჩენისა და შეთავაზებისა, გრძელდება; აკრძალული ნაყოფი ადამიანს კვლავაც მიმზიდველად ეჩვენება, ისევე, როგორც სამოთხეში: „იყო საჭმელად ის ხე თვალწარმტაცი და საამური სანახავად“ (დაბ. 3,6).
რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ მაშინ, როდესაც ამდენი ხანია ქრისტე ჩვენს განსაკურნებლად მოვიდა, დღესაც მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ურწმუნოების ცოდვაშია; ეს გასაკვირი არც არის, რადგან ჭეშმარიტ სარწმუნოებას ყოველ დროში მხოლოდ ჭეშმარიტი ღვთის ნების აღმსრულებელი ადამიანები ინარჩუნებდნენ.
ეს რჩეული სამწყსო არის პიროვნულ მაღალ ღირებულებათა მაღიარებელი კრებული, იმ პირთა ერთობა, რომელთათვისაც ღმერთი მარტო ძალა კი არ არის, რომელიც ძველ აღთქმაში ზოგჯერ ცეცხლის, გრიგალის, ღრუბლის, მგრგვინავი ხმის სახით... ეცხადებოდა, არამედ ბეთლემს შობილი ემანუელი (რაც ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი“), მეორე პირი ყოვლადწმინდა სამებისა, რომელმაც წინ სწორედ პიროვნული ღირსებები წამოსწია, დაგვანახა რა, რომ ნებისმიერი ჩვენგანი უნიკალურია, განუმეორებელია, ხატია უფლისა და სული წმინდის მადლით ღვთის მადლისმიერი ძეობის აღდგენა ძალუძს.
პიროვნება ასეთ სიმაღლეზე არასოდეს არავის აუყვანია!
მაცხოვარმა ჩვენმა ყველა ადამიანური ტკივილი, თვით ჯვარცმით სიკვდილიც, კაცობრივი ბუნებით ჭეშმარიტად განიცადა, რათა, მწუხარებაში მყოფ ნებისმიერ ჩვენგანს, ჰყავდეს მისი სალმობის თანამოზიარე უფალი, რომელიც ღვთაებრივი სიყვარულითა და სიხარულით აღავსებს ყველას.
დღეს ამ უჩვეულო სიხარულის დღეა; დღეს განსაკუთრებით ხარობენ ბავშვები, რადგან უფალი მათ მსგავსად ჩვილად მოევლინა სამყაროს; დღეს ხარობენ დედები, რადგან დედამ, - ახალმა ევამ, ახალი ადამი, - ღმერთი შვა.
მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი განსაცდელისა და ათასგვარი ჭირ-ვარამისა, უფლის შეწევნითა და ღვთისმშობლის მეოხებით საქართველო კვლავაც ქრისტეს გზას ერთგულად მისდევს და შობის მახარობელია.
ერთსულოვნებით განვძლიერდეთ ქართველნო, ოსნო, აფხაზნო, ბერძენნო, რუსნო, უკრაინელნო, ებრაელნო, ასირიელნო, უდინნო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო, ქურთნო, ქისტნო, ლეკნო, ჩერქეზნო და ღვთივკურთხეული ჩვენი მიწის ყოველნო მკვიდრნო, უფალი ჩვენთან არის!
რა თქმა უნდა, მე ვიცი, როგორ უჭირს ჩვენს ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე ეს წუთისოფელი, მაგრამ მწამს ისიც, რომ მიუხედავად მრავალი სიმძიმისა და დაბრკოლებისა, ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას და უფალთან ერთად აღდგება და გაიხარებს.
მამანო და დედანო, დანო და ძმანო, უხუცესნო და ყრმანო, უძლურნო და სნეულნო, საპყრობილესა და საავადმყოფოში მყოფნო, - ქრისტე იშვა!
მწყემსნი და მოგვნი ღამის წყვდიადში ვარსკვლავის შუქზე მიიჩქარიან ბეთლემის გამოქვაბულისაკენ. დაე, ჩვენც, ანთებული სანთლებით, მათთან ერთად რწმენით მივეახლოთ ახლადშობილ ყრმას და ოქროს, გუნდრუკისა და მურის ნაცვლად მივართვათ მონანული, მოსიყვარულე და მადლიერებით სავსე გული, რათა ჩვენშიც იშვას ყრმა ახალი, პირველსაუკუნეთა ღმერთი!
ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა, ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს თქვენთან, ამინ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
შობა ქრისტესი,
თბილისი,
2016/2017წ. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო

image
image თემა: შობა
ავტორი: ილია II

საშობაო ეპისტოლე - 2021

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო:

„ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი“ (ფს. 81, 6)

უფალმა ადამიანი შექმნა განღმრთობისათვის, ღვთაებრივ სიკეთეთა მიღებისა და ღვთის წინაშე მარადიული ნეტარი ცხოვრებისათვის. უფალი თავად არის სათავე, სისავსე და სისრულე სიმართლისა, სიწმინდისა, სიბრძნისა, ჭეშმარიტებისა, მოწყალებისა, სიხარულისა, თავმდაბლობისა, მშვიდობისა, წესრიგისა, კეთილდღეობისა, თავისუფლებისა. ამასთან, ეს თვისებები აუცილებლად სიყვარულთან და სიკეთესთან არის დაკავშირებული და ყოველივეს აღემატება.
ბუნებრივია, ადამიანიც ვერ მიემსგავსება უფალს, ღვთის რწმენის, მასთან ერთობის დიდი სურვილისა და ამ თვისებების გარეშე.
საზომისაებრ თვისისა საღვთო მადლთა მქონე იყვნენ ადამი და ევა დაცემამდე. ამიტომაც ჰქონდათ შემოქმედთან ერთობა და განღმრთობაში წარმატების დიდი შესაძლებლობა, თუმცა, ასევე ჰქონდათ სრული თავისუფლება პიროვნული არჩევანისა.
ადამმა და ევამ, გველის სახით ბოროტისაგან ცდუნებულებმა, უფლისგან მიცემული მცნება და მასთან ერთობა სწორედ თავისუფალი ნების არამართებული გამოყენებით დაარღვიეს და ბოროტი ძალისგან მოტყუებულნი, მისი გავლენის ქვეშ მოექცნენ. ამის გამო, ედემიდან განიდევნენ და სამოთხის გარეთ ცხოვრება დაიწყეს.
მიუხედავად ასეთი ურჩობისა და ღვთის ნებისგან განდგომისა, შემოქმედმა ისინი მაინც არ მიატოვა და დიდი სულგრძელებით იწყო ზრუნვა ცოდვით დაცემამდელ მდგომარეობაში კაცთა მოდგმის დაბრუნებისათვის. თაობიდან თაობამდე ღმერთი ისრაელიანებს ესაუბრებოდა მამათმთავრების, წინასწარმეტყველების და სხვა წმიდა ადამიანების მიერ, რომელთა პირითაც აუწყებდა და ახსენებდა აღთქმას მხნელის მოვლინების შესახებ, რომელიც ძე ღმერთის განკაცებით, ჯვარცმითა და აღდგომით აღსრულდა.
დიდება და მადლობა შენდა, უფალო, შენდამი მოლტოლვილთა ყოველთა მფარველო და შემწეო!
როგორ შეხვდა მას ეს ქვეყანა?
მართალი იოსები და მიდგომილი წმინდა მარიამი, რომლებიც წარმოშობით დავით მეფის შთამომავალნი იყვნენ, იუდეის კანონების მიხედვით, საყოველთაო აღწერისთვის ბეთლემში უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ისინი არავინ მიიღო თავის სახლში, ყველა კარი მათთვის დაკეტილი აღმოჩნდა და იძულებულნი გახდნენ, გარეუბანში მდებარე გამოქვაბულისთვის შეეფარებინათ თავი.
ამის შეტყობისას შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად (მთ. 2, 3). მან იმით შეშინებულმა, რომ იშვა მეუფე ჰურიათა, ანუ, მისი წარმოდგენით, ტახტის მოცილე, ბეთლემში და მის შემოგარენში თოთხმეტი ათასი ჩვილი მოაკვლევინა, რათა მათ შორის ისიც მოეკლათ, ვისი არსებობაც ასე აშფოთებდა.
განკაცებული ღვთისადმი მტრული განწყობა, როგორც ამას წმინდა სახარება გვაუწყებს, შემდგომში მკვეთრად გამოავლინეს ფარისევლებმა და სადუკეველებმა, ასევე სინედრიონის სხვა წევრებმა და მათგან გადაბირებულმა ხალხის ნაწილმა.
რა იყო ამის მიზეზი?
პირველ რიგში ის, რომ მაცხოვარი საერთოდ არ ჰგავდა ისეთ მეფეს, ისეთ მესიას, რომელსაც რჩეული ერი მოელოდა. ისინი რომის იმპერიის მონობისგან გათავისუფლებაზე ოცნებობდნენ, მოელოდნენ ისეთ პიროვნებას, რომელიც თავისი ძალითა და ძლიერებით მეფე დავით წინასწარმეტყველის და სოლომონ ბრძენის ხანაზე უკეთეს ყოფას მოუტანდა მათ, ყველას დასჯაბნიდა სასწაულებით და განადიდებდა ქვეყანას.
უფალი კი დაიბადა ბაგაში, ცხოველთა გვერდით, ცხოვრობდა ღარიბ ოჯახში, ნაზარეთში, რომელიც ქვეყნის ისეთ ნაწილს წარმოადგენდა, საიდანაც ერთი წინასწარმეტყველიც არ იყო გამოსული.
მისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მიწიერი ძალმოსილება, არამედ მოძიება ისეთი პიროვნებებისა, რომელთა სიწრფელეც და სიკეთეც დასძლევდა ამ სოფლის მბრძანებელთა სიბოროტესა და მზაკვრობას და მათდამი შიშს; რომელთა გონებაც აღივსებოდა ღვთის გასაოცარ ახალ საიდუმლოთა წვდომის უნარით, ხოლო სული კი უშურველად მიჰფენდა სიყვარულს მოყვარესაც და მტერსაც. ეძებდა ადამიანებს, რომლებიც იგრძნობდნენ მისი სწავლების სიდიადეს და ჭეშმარიტებას ჰპოვებდნენ მასში.
და რატომ დაიბადა იგი ამ დროს?
მრავალ მიზეზთაგან ერთ-ერთი ისიც არის, რომ რჩეულ ერში მაშინ ცხოვრობდა მარიამი, წმინდა ქალწული, უფლის დამტევნელი, გამართლება მამამთავართა, მსაჯულთა, წინასწარმეტყველთა და ყოველთა მართალთა ღვაწლისა, ძველი აღთქმის დიდება და მშვენება ახალი აღთქმისა, ევას და ყოველთა ჭეშმარიტ მონანულთა ცრემლის აღმხოცი და განცხადება იაკობის სიზმარში დედამიწიდან ზეცამდე აღმყვანებელი კიბისა. უფალი იშვა მაშინ, როდესაც ებრაელთა შორის იყვნენ სულიერად გამორჩეული ადამიანები: იოანე ნათლისმცემელი, თორმეტი მოციქული, სამოცდაათი მოწაფე, ლაზარე, მართა და მარიამი, ნიკოდიმოსი, იოსებ არიმათიელი და სხვანი, სამი ათასი და შემდეგ ხუთი ათასი ებრაელი, ერთ დღეს რომ მოინათლნენ...
ღვთის შეწევნით, ამქვეყნად მათ სხვა სივრცე შექმნეს, სხვა წესით ცხოვრება შემოგვთავაზეს და სულ სხვა სამეფოს ჩაუყარეს საფუძველი, რომლისკენაც მთელ დედამიწას მოუხმეს.
დიდება და მადლობა შენდა უფალო ძალთაო, ყოვლისა მპყრობელო, დიდება და მადლობა თქვენდა, ყოველნო წმინდანო ღვთისანო!
შობა უფლისა გასაოცარი სიხარულის მომტანია, რომელსაც სიყვარულით, მადლიერებით და პასუხისმგებლობით უნდა შევხვდეთ.
უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ მხოლოდ სიტყვით ღვთის სიყვარული არაფრის მომცემია, თუ იგი საქმით, მოყვასთან მიმართებაში, არ ჰპოვებს მუდმივად გამოვლენას. მოყვასის სიყვარულიც აზრს კარგავს და ამპარტავნების მიზეზად იქცევა მათთვის, ვისაც თავისი ქველმოქმედებით საკუთარი პიროვნების წარმოჩენა სურს და სიკეთეს ღვთისა და მოყვასის უანგარო სიყვარულით არ აღასრულებს.
შეიძლება კარგი ექიმი იყო, ან ინჟინერი, მიწის მუშაკი, მომსახურე პერსონალი, ან მეცნიერების ნებისმიერ დარგში გქონდეს დიდი წარმატება, იყო ხელოვნების ამა თუ იმ სფეროს ცნობილი წარმომადგენელი, სპორტსმენი, ექიმი, იურისტი, მასწავლებელი, სტუდენტი, თუნდაც სასულიერო პირი, მაგრამ თუ შენს საქმიანობასთან ერთად არ გაქვს თვალი უფლისკენ მხედველი და არ ზრუნავ შინაგანი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, იქნები ცარიელი ჭურჭელი, ღვთის სისავსის მიღმა მყოფი.
როგორც ეკლესიის მამები გვაფრთხილებენ: არ უნდა დაგვაბრმავოს არაფერმა, მითუმეტეს ჩვენმა ამქვეყნიურმა წარმატებამ, - ჩვენი გონების, ნების, შემოქმედების უნარმა. ყური უნდა მივაპყროთ ჩვენს იდუმალ „გულის კაცს“ (სინდისს) (1 პეტრე 3, 4), გავეცნოთ წმინდა წერილს, მამათა სწავლებას და საკუთარ სულში მოვიძიოთ ის, რაც ღვთისაა, რომელიც არის ჩვენი რეალური „მე“.
თუ ამას შევძლებთ, ყველა ის სიკეთეც, რასაც ცხოვრებაში მივაღწიეთ, გახდება ჩვენი სულიერი წარმატების თანაზიარი და ჩვენი განმღრთობის ხელშემწყობი.
ამის გარეშე კი ჩვენში ის წარმართული სამყარო იბატონებს, ისრაელის შთანთქმას რომ ცდილობდა, გარეგნული დიდება ჰქონდა, მაგრამ სულიერად გამოფიტული იყო.
„ღმერთი სულია და მისდამი თაყვანისმცემელთ სულითა და ჭეშმარიტებით მართებთ თაყვანისცემა“ (იოანე 4, 24) - ბრძანებს სახარება.
ეს არის უმთავრესი, - საკუთარ თავში განწმენდა საღვთო ხატებისა და მიმსგავსება ღვთისა.
დღეს, სამწუხაროდ, ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც ბაბილონსა და ნინევიას ემსგავსება ცხოვრება. წახალისება ხდება თავშეუკავებლობის, გარყვნილების, ცილისწამების, სიცრუის, ავსიტყვაობის, უზნეობის, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის, ათეიზმის, ხოლო ამის მოქმედთა მიმდევრობა მისაბაძ საქმედ ითვლება.
ვიდრე ჩვენ ვიცხოვრებთ შურით, სიძულვილით, შიშითა და განკითხვის სულით და ვეძიებთ მხოლოდ მას, რაც ჩვენს მიწიერ „მეს“ ესიამოვნება, უძლურნი ვიქნებით გავხდეთ ზეცის მოქალაქე, თუმცა ღმერთისათვის ყველაფერი შესაძლებელია და იონას მიერ მოხდენილი სასწაული ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაშიც შეიძლება აღსრულდეს.
ვაღებთ რა ახალი წლის კარს, ჩვენს წინაშეა დრო უცნობი და ჯერაც ხელშეუხებელი. როგორი ადვილია ახალი ცხოვრების დაწყება! მთავარია, გვქონდეს სინანული და ვისწავლოთ მადლიერება უფლისადმი, მადლიერება სიცოცხლის მონიჭებისათვის, მადლიერება სიხარულისა და განსაცდელისათვის, ბედნიერებისა და ტკივილისათვის, ჯანმრთელობისა და უძლურებისათვის, რადგან თუ სულიერად განვჭვრეტთ, ყველაფერი ეს მხოლოდ ჩვენი სიკეთისთვის მოგვეცა.
ასე რომ, ღმერთი სხვადასხვა გზით ჩვენც გვწვრთნის და საუფლო დიდებისთვის გვამზადებს, ამიტომაც ყველაფრისთვის უნდა ვმადლობდეთ მას.
ის პრობლემებიც, რაც პანდემიამ დღევანდელ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა. ვირუსის უცნაურმა ბუნებამ აიძულა ადამიანები გარკვეულ რეგულაციებს დამორჩილებოდნენ. ეს აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ღმერთთან მეტი სიახლოვეც, რადგან არავინ იცის, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე.
წმინდა წერილი შეგვაგონებს: „შვილო, შენს სნეულებაზე თვალს ნუ დახუჭავ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცთუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისგან" (სიბრ. ზირ. 38, 9-10).
ასე რომ, ზომიერება გვმართებს, ექიმთა რჩევასაც უნდა დავუგდოთ ყური, მაგრამ უმთავრესი ღვთის მცნებების დაცვა და მის წინაშე სათნო ცხოვრებაა.
ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ქისტნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო - ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენნო, მიაპყარით თვალი ბეთლემის ვარსკვლავს, დაე, მისმა ბრწყინვალებამ ჩვენი სულიც აღავსოს საღვთო მადლით და ვიქცეთ ანკარა წყაროდ იმ სივრცეში, რომლის გავლაც გვიწევს მიწიერი ჩვენი ცხოვრების პერიოდში.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მოციქულებს, ყოველთა წმიდანთა ქრისტეს ეკლესიისა ვავედრებ ჩვენს ქვეყანას, ვავედრებ მსოფლიოს, რომ შევძლოთ დღევანდელ გამოწვევათა დაძლევა და, რაც მთავარია, საუფლო გზის ერთგულება.
„ხმითა სიხარულისაითა დავით წინასწარმეტყველი ღაღადებს დღეს... ბეთლემი დღესასწაულობს, სიონი განსცხრების და ქვეყანაი იშვების შობასა შენსა ქრისტე“.
განვიხაროთ ჩვენც და შევძლოთ, ჩვენი ცხოვრებით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
7 იანვარი, 2021 წელი ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო

image
image თემა: შობა
ავტორი: ილია II

საშობაო ეპისტოლე - 2025

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ

„სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან“ (რომ. 8, 2)

ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ქრისტე იშვა!
ჭეშმარიტად იშვა სიტყვა ღვთისა, – უფალი ჩვენი იესო ქრისტე, – „ვის მიერაც ყოველი შეიქმნა, და არაფერი შექმნილა მის გარეშე, რაც კი შექმნილა!“ (იოანე 1, 3) „გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს ყოველი ერი, რამეთუ დღეს დავითის ქალაქში დაიბადა… მაცხოვარი“ (ლუკა 2, 10-11).
ყველა პრობლემას უკვე ჩვენ ამ სიხარულით ვფარავთ, ამით ვძლევთ ჩვენს სისუსტეებსა და განსაცდელს, ამით ვძლევთ უსამართლობას, მწუხარებასა და ტკივილს.
მართლაც, რა უნდა იყოს იმაზე მნიშვნელოვანი და დიადი, როცა თვით ღმერთი შემოდის ჩვენს ცხოვრებასა და ისტორიაში, რათა ჩვენი არსებობის მთავარი მიზნის განხორციელებაში დაგვეხმაროს.
მაგრამ როგორ შევხვდებით მას, ვითარცა ძენი და ასულნი ღვთისანი, ვითარცა თვისნი მისნი თუ როგორც მხოლოდ შორეულნი, უცხონი ან თითქმის მისგან განდგომილნი?
* * *
ჩვენ უფლის განგებულების განსაკუთრებული გამოვლინებანი ვართ.
გასაოცარია ყველაფერი, რაც ჩვენს პირველმშობლებამდე შეიქმნა, – უმცირესი ნაწილაკები იქნება ეს, მცენარეები, ფრინველები, ცხოველები, ზღვის ბინადარნი თუ ციური სხეულები… ისინი დიდი მრავალფეროვნებით, დიდი უნარებით, დიდი თავისებურებებით გამოირჩევიან, მაგრამ მათი მოქმედებები და შესაძლებლობები იყო და არის შეზღუდული.
მხოლოდ ადამიანი მოიცავს ფიზიკურსა და სულიერს, მიკრო და მაკრო სამყაროს, და ძალუძს შეიყვაროს უფალი, როგორც თავისი ნაწილი ამქვეყნადაც და მარადისობაშიც.
მხოლოდ ადამიანია ღვთის ხატებად და მსგავსებად შექმნილი, გონიერი, მეტყველი, სიკეთით, თავისუფალი ნებითა და ღვთაებრივი სიყვარულის უნარით დაჯილდოებული არსება; მოწოდებული, შეიცნოს ჭეშმარიტება და ემსახუროს მას.
ღმერთმა ადამიანი იმიტომ დაჰბადა, რომ თავის მარადიულ სიკეთეთა თანაზიარად გაეხადა და ის ნეტარებები განეცადა, რაც უფალს აქვს. ადამიანი ხილული სამყაროს მეფე უნდა ყოფილიყო და, ღმერთს მიმსგავსებულს, სიბრძნითა და სიყვარულით განეგო იგი.
ჩვენს პირველმშობლებს მთელი ნებელობა უფლისკენ ჰქონდათ მიმართული და სრულად ღვთისას იზრახავდნენ. ამასთან, მათი სული სულ უფრო მეტად განიმტკიცებდა საღვთო ბუნების თვისებებს – სათნოებებს და ხარობდა ამით.
როგორც ცნობილია, შემდგომ, ბოროტმა ძალამ მოატყუა ისინი, როცა უთხრა: შემოქმედი იმიტომ გიკრძალავთ ხე-ცნობადის ნაყოფის ჭამას, რომ მისებრ ღმერთი არ გახდეთო.
სინამდვილეში კი ჩვენი განღმრთობა სწორედ უფლის ჩანაფიქრი იყო, მაგრამ ამისთვის ადამი და ევა თანდათან უნდა მომზადებულიყვნენ და უფლის მორჩილებით ასულიყვნენ სრულყოფის კიბეზე. ისინი კი, ჯერ კიდევ სულიერად მოუმწიფებელნი, შეეცადნენ, გატოლებოდნენ მას, ვინც დაჰბადა ისინი და ყველაფერი უშურველად მისცა; თანაც ამის მიღწევა მათ ღმერთისგან განდგომით მოინდომეს და მისი ნების წინააღმდეგ წავიდნენ. ვერ დააფასეს უფლისგან ბოძებული, თვით ანგელოზებზე აღმატებული პატივი, უხილავი ღმერთის თანაშემწეობაზე უარი თქვეს და მოინდომეს ღმერთად გახდომა.
ცოდვამ აამღვრია და დაასნებოვნა ადამის და ევას შინაგანი სამყარო, რასაც თავისთავად მოჰყვა შესაბამისი შედეგი: სიცოცხლის ნაცვლად მიიღეს სიკვდილი; ნეტარების ნაცვლად – ტანჯვა და მწუხარება, ძლიერების ნაცვლად – უძლურება… და ერთბაშად დაკარგეს თვითმფლობელობაც და საღვთო ხელმწიფებაც; მათი მორჩილი სტიქიონებიც და ცოცხალი არსებებიც მტრად გაუხდნენ და მარტონი დარჩნენ გარემო სივრცის პირისპირ.
ეს უმძიმესი ცვლილება კი მოხდა იმიტომ, რომ მათი გული ღმერთს განეშორა და შემოქმედის ადგილი ეგოისტურმა "მე"-მ დაიკავა.
ამპარტავნება და ეგოიზმი არის უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი. დაცემის შემდეგ ჩვენს პირველმშობლებში თავდაპირველად სწორედ ეს მიდრეკილებები გაჩნდა და მათი პირადი ურთიერთობებიც მყისიერად დაამახინჯა – ერთმანეთზე და გარემოზე ზრუნვა, ღმერთზე მინდობა… საკუთარ თავზე მინდობამ და ეგოცენტრიზმმა შეცვალა.
ბოროტი ძალისგან თავს მოხვეული ეს მანკიერება დღემდე ჩვენს მთავარ პრობლემას წარმოადგენს და ამიტომაც არის, რომ, როგორც ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, ჩვენს ცხოვრებაში სიტყვა "მე" განსაკუთრებულად დომინირებს.
ეგოისტის ბუნება ისეთია, რომ იგი შეჰხარის თავის თავს, მოსწონს თავის თავში არსებული ნიჭები, რასაც საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ყველგან და ყოველთვის ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას, ღმერთი კი დავიწყებული ჰყავს, ან მექანიკურად ახსენებს მის სახელს.
ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ თუ რაიმე ნიჭი და უნარი გვაქვს, უფლის მიერაა ბოძებული, ჩვენია მხოლოდ პირადი ნება, რომელიც სწორად უნდა წარვმართოთ. ამასთან, ჩვენი მოწოდებაა, ვიყოთ მოყვასის მსახურნი უფლისკენ სვლაში. იესო ქრისტეც მსახურებისთვის მოვიდა ამქვეყნად და ჩვენც ეს მისია დაგვაკისრა. ასე რომ, ნებისმიერი სხვა ადამიანისადმი ჩვენი ერთგულება, სიყვარული და თავდადება არის ჩვენი გადამრჩენელი, ღმერთამდე ჩვენი მიმყვანებელი.
ამიტომაც, სხვა მცნებებთან ერთად, უნდა აღვასრულოთ ერთ-ერთი ყველაზე უპირატესი სწავლება უფლისა: „შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი“ და უმეტესი ამისა, ახალი მცნება ახალი აღთქმისა, რომელიც მაცხოვრისგან ასეთი სახით მოგვეცა: „ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ … როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე თქვენც გიყვარდეთ ერთმანეთი“ (ინ. 13, 34).
მხოლოდ ამ გზით შევძლებთ ჩვენი პირადი უდიდესი სასწაულის აღსრულებას, – გულიდან ეგოიზმის გაძევებას და მასში უფლის დავანებას, მხოლოდ ამ საშუალებით მოვიპოვებთ ზეცის მოქალაქეობას.
„მე ვარ კარი, ჩემს მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს“ (ინ. 10, 9) – გვასწავლის იესო ქრისტე.
* * *
დაცემული ადამიანის თვისებაა სიკვდილის შიშიც. ამიტომაც ეძებდა და კვლავაც ეძებს იგი სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს, იგონებს სხვადასხვა მეთოდს, რომ შეიქმნას კეთილდღეობის ილუზია, მაგრამ ამაოდ.
ეს ყოველივე უფრო დიდი შეცდომების მიზეზი ხდება და აღრმავებს ჩვენში ისედაც არსებულ სულიერ კრიზისს.
ასეთი პიროვნება ვერ აცნობიერებს, რომ სიკვდილის შიში სინამდვილეში ცოდვებიდან მომდინარეობს, ცოდვას დამონებული სული გაუცნობიერებლად უფრთხის ღმერთთან შეხვედრას და ამიტომაც ძრწის; მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მანკიერებებს განეშოროს და სული განიწმინდოს, ხშირად ნიჰილიზმში ვარდება და ათეიზმს აფარებს თავს (თუმცა ურწმუნოების მიზეზი სხვაც არაერთია).
ასეთი ადამიანებისთვის ცხოვრება პერიოდია დაბადებიდან სიკვდილამდე და სიკვდილთან ერთად მათთვის მთავრდება ყველაფერი. ამიტომაც მიაჩნიათ, რომ ბოროტება, სიკეთე, ფარისევლობა, ერთგულება, შური, სიყვარული, უზნეობა … ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობებია და რაიმე პასუხისმგებლობას არც კონკრეტული პიროვნების და არც ღვთის წინაშე არ გრძობენ, რადგან არ სწამთ იმქვეყნიური ცხოვრების, არ სწამთ მარადიული ფასეულობების.
* * *
დღეს ქრისტე იშვება დედამიწაზე, საოცარი თავმდაბლობითა და უბრალოებით, და მოაქვს სიცოცხლის ნათელი მათთვის, ვისაც სწამს, რომ ღვთის ხატადაა შექმნილი და ესწრაფვის ცხონებას.
ჩვენ ვსაუბრობთ იმ რწმენაზე, რომელიც, ადამიდან მოყოლებული, გადაეცემოდა თაობიდან თაობას პირველ მამათა, მამათმთავართა, წინასწარმეტყველთა, მართალთა… მიერ და გვასწავლიდა, რომ არ ვართ შემთხვევითი არსებები, არ ვართ სიკვდილისთვის გაჩენილნი, არამედ - მარადიული ნეტარებისა და ღმერთთან მყოფობისათვის მოწოდებულნი.
უფალს ელოდა სიწმინდით, სიმართლით და სიყვარულით მცხოვრები ჭეშმარიტი სიბრძნისა და სიმართლის მაძიებელი ყოველი ადამიანი. იგი იყო „მოლოდება წარმართთაც“ (დაბ. 49. 10).
წარმართთა შორის ღრმად მოაზროვნენი გრძნობდნენ სულიერ შიმშილს, მათ არ აკმაყოფილებდათ ადამიანთა მიერ შეთხზული გადმოცემები სხვადასხვა „ღმერთზე“, გრძნობდნენ მათ სიყალბეს და ელოდნენ ჭეშმარიტს, ნამდვილსა და აღმატებულს.
ასე იყო საქართველოშიც. ქრისტიანობის შემოსვლისთანავე ქართველთა უმრავლესობამ უარყო წარმართობა და სიხარულით მიეგება ზეციდან უწყებულ სახარებას. ეს იყო ქართველთა ცივილიზაციური მტკიცე არჩევანი, რომელიც ეროვნული ცნობიერების ნიშან-სვეტად იქცა.
ქრისტე მოგვევლინა ჩვენი სხეულით, ჩვენი ბუნებით და გახდა ჩვენი ცხოვრების მტვირთველი (გარდა ცოდვისა); უჟამო იგი ჟამიერ იქმნა, უხორცო – ხორციელი, უკვდავი – მოკვდავი, რათა მსგავსებით მსგავსი გადაერჩინა და თითოეული ჩვენგანისთვის ეთქვა: მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ხატება არ არის შენში ბოლომდე წარხოცილი; ჩემი შესაძლებლობები შენი შესაძლებლობებიცაა და შენთან ერთად მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო შენს ფერისცვალებაში, შენს გადარჩენაში.
ქრისტეს ჩვენს რეალობაში შემოაქვს სამოთხის კანონები, – მცნებები, ზეცის მოქალაქეთა თვისებები, რათა გავაცნობიეროთ ცოდვა ჩვენს ყოფაში და სინანულით აღვხოცოთ იგი, ამით განვაქარვოთ ჩვენი სიკვდილი და გარდაცვალება მარადიული ნეტარმყოფობის საწყისად ვაქციოთ.
ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულ ღვთის სიბრძნეს და ბეთლემს შობილი მაცხოვრის მიერ დაარსებული ეკლესიისა და აქ აღსრულებულ საიდუმლოთა მადლით უფლის აღდგომისა და ამაღლების თანაზიარნი გავხდეთ.
* * *
„ქრისტიანობა რჩეულთა ხვედრია: თქვენ კი რჩეულთა მოდგმა ხართ, სამეუფო სამღვდელო, წმინდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თვისი საკვირველი ნათლისკენ გიხმოთ“ (I პეტრე, 2,9).
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, ღმერთმა შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენნი და შეგვაძლებინოს, პეტრე მოციქულის ეს სიტყვები ჩვენს ერზე, თითოეულ თქვენგანზე და ჭეშმარიტების გზით მავალ ყველა ადამიანზე გაცხადდეს.
კურთხეულია უფლის შობის დიადი საიდუმლოს მხილველი და აღმქმელი თქვენი სულიერი თვალნი. კურთხეულია ბეთლემის სასწაულის სულიერად განმცდელი თქვენი გული.
კურთხეულია თქვენი სასმენელნი, რომელთაც დღესაც ახარებს ანგელოზთა საგალობლის ხმა: „დიდება მაღლთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.
ამ დიდი ძალისა და სიღრმის მქონე ზეციურმა სიტყვებმა, დაე, მოიცვას და ღმერთში გააერთიანოს სრულიად საქართველო, უცხოეთში მყოფი თანამემამულენი და ყოველი კეთილი ნების ადამიანი, რათა მოგვებთან და მწყემსებთან ერთად, გავემართოთ ბეთლემისაკენ, ანთებული სანთლებით მივეახლოთ ყრმა იესოს და კრძალვითა და სიხარულით აღმოვთქვათ: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ… ღმერთი ჩემი ხარ შენ, და აღგამაღლო შენ; ღმერთი ჩემი ხარ შენ, აღგიარო შენ; აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ“ (ფსალმუნნი 117, 26-28).

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი,
შობა ქრისტეს
2024-2025წ. საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის


საშობაო ეპისტოლე - 1992

საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ერთგულ, ღვთივკურთხეულ შვილს:


ქრისტესმიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, დანო და ძმანო, ღვთისმშობლის საფარველით დაცული ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო, უცხოეთში მცხოვრებო თანამემამულენო. მოგვეახლა ბრწყინვალე დღესასწაული ქრისტეს შობისა, მაგრამ ამ დიდებულ ზეიმს საქართველო სევდიანი ხვდება.
ძმათა სისხლისღვრით გამოწვეული ტკივილი ბოლომდე გაცნობიერებული არც არის. ტრაგედია მოხდა, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელ სწორ გზას ვერ ვიპოვით, თუ მოვლენებს მიუკერძოებლად არ გავაანალიზებთ და ყველასთვის სამწუხარო შედეგის მიზეზებს არ აღმოვფხვრით.
საქართველოს ისტორიაში მოხდა მეტად სავალალო ფაქტი: ერი დაიყო. ქალაქებსა და სოფლებში, სამსახურებში მოსახლეობა დაუპირისპირდა ერთმანეთს: დაუპირისპირდნენ თაობები, ოჯახის წევრები...
შექმნილმა მდგომარეობამ იმდენად იმოქმედა ხალხის ფსიქიკაზე, რომ მასა ეგზალტირებული და არაწმიდა ძალის მიერ ადვილად სამართავი გახდა.
ადამიანები გაბოროტდნენ, გახშირდა ცილისწამება, მკვლელობა, კიდევ უფრო დაეცა ზნეობა, დადგა ჟამი განუკითხაობისა.
მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანება გამოვლინდა ეკლესიის მიმართაც. იმის ნაცვლად, რომ ეკლესია თვითონ დაეცვათ პოლიტიკისაგან და ამ მძიმე ჟამს ერის ერთობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის აღევლინათ გულმხურვალე ლოცვა ღვთისადმი, მას დაპირისპირებულ მხარეთა შორის არჩევანის გაკეთება მოსთხოვეს.
განა შეიძლება, ეკლესია დადგეს პოლიტიკის გამო ორად გახლეჩილი ერის რომელიმე მხარეს და თავისი მხარდაჭერით მისცეს მორალური უფლება ერის ერთ ნაწილს მეორის გასანადგურებლად?
ჩვენს წინ რომ უცხო მტერი ყოფილიყო, პირველნი შევეგებებოდით მას, მაგრამ ჩვენს სამწყსოში, ჩვენს შვილებს შორის არჩევანის გაკეთების უფლება არ გვქონდა.
განა ზნეობრივია, დედამ განასხვავოს შვილები ერთმანეთისგან, თუ ყველა ღონე უნდა იხმაროს ძმათა შორის შუღლის დასაცხრობად?
ეკლესიამაც, ვიდრე იყო ამის შესაძლებლობა, არაერთხელ სცადა დაპირისპირებულ მხარეთა შერიგება და მათ შორის არსებული პრობლემების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა.
მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოში გამართულმა ადრინდელმა შეხვედრებმა ნაყოფი არ გამოიღო, ეკლესია მზად იყო და გამოთქვა სურვილი, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, 21 დეკემბერს კვლავ მოლაპარაკებისთვის ეხმო ორივე მხარის წარმომადგენლებისთვის, მაგრამ ეს წინადადება არ იქნა მიღებული... და ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი საშუალება მოქმედებისა - ლოცვა; რაც დიდი სასოებით აღევლინებოდა ჩვენს ტაძრებში.
ლოცვას რომ უდიდესი ძალა აქვს, იცის ყველა ჭეშმარიტმა მორწმუნემ; რწმენით აღვლენილი სავედრებელი ყოვლისშემძლეა. თვით უფალი ბრძანებს: "უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და არა შეორგულდეთ... ჰრქუათ თუ მთასა ამას: აღიფხუერ ამიერ და შთავარდი ზღუასა! - იყოს ეგრე. და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოს თქუენ" (მათე 21,21).
ამ განსაცდელის ჟამს ჩვენმა ხალხმა სწორედ ლოცვა დაივიწყა, აუმღვრეველი გულით ლოცვა. დაივიწყა, რომ ღვთის ხელშია ყოველი, რომ "არა ცხონდების მეფე მრავლითა ძალითა თუისითა და გმირი არა განერეს სიმრავლითა ძალისა მისისათა" (ფსალმუნი 32,16) და რომ მხოლოდ "უფალი არს ძალ ერისა თვისისა". "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქვენ" - ბრძანებს მაცხოვარი.
ახლახანს მომხდარი მოვლენები მიგვანიშნებენ, რომ იწყება ჩვენი განწმენდა მწუხარებისა და ტანჯვის გზით. მაგრამ ეს პროცესი ხალხში ჯერ კიდევ გაუცნობიერებლად მიმდინარეობს. საჭიროა მეტი სულიერება, მეტი გულისხმისყოფა.
ადამიანები იბადებიან, კვდებიან, მათი სიცოცხლე ქრება ჩვენს თვალწინ... ჩვენი შინაგანი სამყარო კი უგრძნობი რჩება, თითქოს ეს ყველაფერი სხვაგან ხდებოდეს. არასწორად ვფიქრობთ წუთისოფელზე, მარადიულ ცხოვრებაზე; გვავიწყდება, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სულის სიკვდილს, არამედ - მის მეორედ დაბადებას, სულის განთავისუფლებას გვამის სიმძიმისაგან. და ვიდრე ჩამოკრავს საბედისწერო წუთი გარდაცვალებისა, უნდა ვიზრუნოთ განწმენდაზე, შინაგან ფერისცვალებაზე.
მძიმეა ჩვენი ცხოვრება. უღმრთოების მრავალწლიანმა უღელმა უკიდურესად გამოფიტა ერის სასიცოცხლო ძალები. ხალხის ზნეობრივი დაუძლურების მიზეზი ღვთის მადლისა და ეკლესიური ცხოვრებისაგან დაცილებაა, ანუ მოშორება იმ საყრდენისა, რომლის დახმარებითაც სწორად უნდა გვეცხოვრა. სამოცდაათწლიანმა ბატონობამ თავისი დაღი დაასვა ჩვენს სულს; მაგრამ მართალნი არ ვიქნებით, თუ პასუხისმგებლობას მოვიხსნით და ქრისტიანობისაგან ჩვენს განდგომას მხოლოდ ძალმომრეობით ავხსნით.
რატომ იყო, რომ წარსულში, არანაკლები შეჭირვების ჟამს, სარწმუნოების შეცვლა იშვიათობას წარმოადგენდა, ახლა კი მოწამეობრივი ღვაწლის მტვირთველნი ერთეულებიღა დარჩნენ.
რა არის მიზეზი ამისა? - ისევ და ისევ ეკლესიისაგან განდგომა. ეს სენი საერთო საკაცობრიოა. მეოცე საუკუნეში მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფმა აღმავლობამ ადამიანი აღავსო ამპარტავნებით და გაუჩინა ცრუ ილუზია იმისა, რომ იგი საკუთარი გონებითა და ძალით შეძლებდა ნამდვილად ბედნიერი ცხოვრების მოწყობას. ღვთისა და ეკლესიის მორჩილება "უმწიფარი" კაცობრიობის ისტორიულ ეტაპად იქნა განხილული, მაგრამ მოჩვენებითი "სრულწლოვანება" საბედისწერო აღმოჩნდა. საკუთარ თავს მინდობილი კაცობრიობა მოსწყდა ღმერთს და ბოროტის ბადეში გაეხვია. უტყუარი ნიშანი ამისა თანამედროვე ადამიანის ზნეობრივი დაცემა და გადაგვარებაა.
დღეს ბევრს ჰგონია, რომ იგი მორწმუნე ქრისტიანია, მაგრამ სცდება. პიროვნებისათვის დამახასიათებელ რელიგიურ გრძნობას ისინი ხშირად რწმენად მიიჩნევენ. სინამდვილეში კი, რელიგიური გრძნობა არის მხოლოდ ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ღვთის შემეცნებისა. ნამდვილი რწმენა კი შედეგია ამა თუ იმ პიროვნებაში ღვთის განცხადებისა და მისი სრულყოფა სარწმუნოებრივი ცხოვრებით ხდება.
ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზაზე ცალკეულ ადამიანს თუ ერს თვით ღმერთმა დაუდგინა მეგზურად და მასწავლებლად ეკლესია, - "სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა", უძლურება ბოროტისა, რამეთუ იგია შეურყვნელი დამცველი ღვთის სიბრძნისა. უფალი ბრძანებს: "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 15,9).
სამწუხაროდ, არაეკლესიური სულისკვეთების სენი ჯერ კიდევ ძალიან ღრმად ყოფილა ჩვენში ფესვგამდგარი.
უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა გააცნობიეროს ინტელიგენციამ, რადგან იგია ერის მოაზროვნე და წარმმართველი ძალა. ინტელიგენცია ჭეშმარიტების შეცნობაში უნდა დაეხმაროს ხალხს, მაგრამ როგორ შეძლებს იგი ამას, თუ თავად იქნება მოწყვეტილი ღვთაებრივი სიბრძნის წყაროს - ეკლესიას? ეკლესიის გარეშე იგი მხოლოდ კაცობრივი გონების ნაყოფს გამოიღებს და ამით გაუცნობიერებლად ზიანს მოუტანს ხალხს. მათ მსგავსთა მიმართ ბრძანებს უფალი: "ამაოდ მმსახურებენ მე. რამეთუ ასწავებენ მოძღურებასა და მცნებასა კაცთასა" (მათე 15,9).
ინტელიგენცია უნდა იქცეს მრევლის იმ რჩეულ ნაწილად, რომელიც, ვითარცა ანთებული სანთელი, წყვდიადში მყოფ ერს ღვთისაკენ მიმავალ გზას გაუნათებს.
ხალხი სულიერად დასაპურებელია და პურის მიმწოდებელი ხელი არ გვყოფნის. "სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ". შევსთხოვთ უფალს, რათა "გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა" (მათე 9,37-38).
მთავარი მიზეზი ეკლესიისგან ხალხის მოწყვეტისა მაინც ამპარტავნება იყო. დღესაც ეს ცოდვა გვღუპავს. ამპარტავნების გამო ვისჯებით. უფალი გვწვრთნის, რათა დამდაბლებულნი ღვთისსათნო გზაზე დავდგეთ და მოვიპოვოთ მადლი წინაშე მისსა.
სიმდაბლის საოცარი მაგალითი თვით იესო ქრისტემ მოგვცა. უფალი, რომელსაც ელოდა მთელი კაცობრიობა და რომლის შესახებაც წერდნენ წინასწარმეტყველნი, ყოვლად შეუმჩნეველი საოცარი სიმდაბლით მოევლინა ამ ქვეყანას.
"იმ დროის გავლენიანი საზოგადოება ფუფუნებითა და სიმდიდრით იყო გალაღებული. ქრისტეს შობისთვის კი მრავალრიცხოვან სასახლეებსა და შენობათა შორის ერთი უბრალო ღარიბული სახლიც კი არ მოიძებნა, იგი დაიბადა ბეთლემის გამოქვაბულში, იქ, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ.
ამ დიდი საიდუმლოს აღსრულებისათვის ეს გამოქვაბული და ბაგა უფრო სასურველი და წმინდა აღმოჩნდა, ვიდრე მსოფლიოს ყველა სასახლე და სამეფო პალატი.
საოცარია, პირველმხილველნიც განხორციელებული მაცხოვრისა იყვნენ უბრალო მწყემსები და არა განმგებელნი ქვეყნისა ანდა სხვა მაღალი თანამდებობის პირნი; მწყემსები, რომელთა ყველაზე დიდი სიმდიდრე მათი სუფთა, წრფელი გული იყო.
იესო ქრისტეს განმაცვიფრებელ თავმდაბლობაშია სწორედ მისი ღვთაებრივი სიდიადე.
მშვენივრად სწერს წმინდა იოანე დამასკელი: "კურთხევითა ღვთისა და მამისა მხოლოდშობილმა ძემ - სიტყვამ ღვთისა და თავად ღმერთმა... ერთარსმა მამისა და სულისა წმიდისა, მარადიულმან და დაუსაბამომან მოდრიკნა ცანი და გარდამოხდა; მიუწვდომელი სიდიადე თვისი მიუწვდომლად დაამდაბლა და მიეახლა თავის მონებს გამოუთქმელი და გასაოცარი მოწყალებით. სრული ღმერთი იქმნა სრულ კაცად, რათა ეწამლა ჩვენი ურჩობის ცოდვისათვის და ქცეულიყო მაგალითად მორჩილებისა, მორჩილებისა, რომლის გარეშეც შეუძლებელია გადარჩენა".
ქრისტეს შობა არის ადამიანის ხელახალი დაბადება არა ყოვლისშემძლეობით, არამედ მსხვერპლშეწირული სიყვარულით (სერგი ბულგაკოვი).
შობა ქრისტესი არის საიდუმლო ღვთის განხორციელებისა. ძე ღვთისა მოგვევლინა ძედ კაცისა, რათა დაცემულნი ცამდე ავემაღლებინეთ. ყოვლის შემოქმედმა თავი დაუმორჩილა სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას, გამოგვისყიდა კანონით გასამართლებულნი, მოგვიხსნა ბეჭედი განდევნილისა და გვქმნა შვილად ღვთისა.
მან არასწორი განვითარება კაცობრიობისა შეცვალა ახლით. სამყაროს მიზიდულობის ცენტრი, ცოდვის შედეგად ღმერთს მოწყვეტილი, თავის ძველ ადგილს დაუბრუნდა და მოდგმა ყოველი და ჟამი ყოველი მოიცვა, რათა მსოფლიოსათვის მოეტანა ნამდვილი თავისუფლება და ჭეშმარიტი სიყვარული და ეჩვენებინა გზა განღმრთობისა.
დღეს უფალი თვითეულ ჩვენგანს მიმართავს წმინდა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებით: "განიბანეთ, განიწმინდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ. მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი: მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით განსპეტაკდება, ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება. თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ; თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ!" (ესაია 1,16-20).
ძმანო და დანო ჩემნო, შევსთხოვოთ ახლადშობილ უფალს, იესო ქრისტეს, მოამზადოს ჩვენი გულები სულიერი ფერისცვალებისათვის, მოგვცეს მადლი სიმდაბლისა და მორჩილებისა, ცოდვათა მიტევებისა, მადლი სიყვარულისა და მშვიდობისა, სული ერთობისა, რათა ვიყოთ ღვთის ნების აღმსრულებელნი, ძედ მისად ვიწოდოთ და ურცხვენელად ვთქვათ "მამაო ჩვენო... იყავნ ნება შენი..."
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ჭრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და დამდეგ ახალ წელს.
გიხაროდეთ, უფალი ჩვენთან არს.
ქრისტეს შობა,
თბილისი.
1992 წელი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის

image
image თემა: შობა
ავტორი: ილია II

საშობაო ეპისტოლე - 2018

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, გიხაროდეთ!

„ამიერიდან შენ უკვე აღარ ხარ მონა, არამედ ძე, ხოლო თუ ძე ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღმერთის მიერ“ (გალ.4,7).

ახლა, ამ ღამეს, მთელ კაცობრიობას და თითოეულ ჩვენგანს კვლავ ეუწყება ანგელოზის საოცარი სიტყვები, პირველად ბეთლემელმა მწყემსემა რომ გაიგონეს: „...მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი, რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი…“ (ლუკა 2,11) და მსოფლიოს კვლავაც ეფინება ზეციური საგალობელი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“ (ლუკა 2,14).
ანთებული სანთლებით მწყემსებთან და მოგვებთან ერთად სულიერად ჩვენც გავეშუროთ ბეთლემისაკენ და მივეახლოთ ყრმა იესოს, - წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მიერ დავითის ძედ წოდებულს. რატომ შეიყვარა ღმერთმა ასე დავითი? რატომ მიაგო გამორჩეული პატივი? შობის ადგილად მისი ქალაქი რატომ ირჩია და თავისი ხორციელი წარმომავლობა მას რატომ დაუკავშირა?!
პირველ რიგში იმიტომ, რომ იგი გახდა მეფე-რჩეული. დავითს ძლევამოსილობის მწვერვალზეც და უდიდესი შეჭირვების ჟამსაც სულით ხორცამდე ჰქონდა განცდა იმისა, რომ ქვეყანაში თვითონ კი არ მეფობდა, არამედ, - ყოვლადსახიერი უფალი. თავად კი იყო ოდენ მსახური და მისი ნების აღმსრულებელი, ამიტომაც თავმდაბლად სრულად იყო მასზე მინდობილი და უდრტვინველად ემორჩილებოდა. ძველი აღთქმის მეფეთა შორის მეფე-მსახურის ტვირთი ასე სწორად, ასე ღირსეულად არავის უტარებია და დღესაც იგი მისაბაძად რჩება. დავითს ჰქონდა დიდი შეცდომებიც, მაგრამ ჰქონდა გულმხურვალე, გულწრფელი, სულისშემძვრელი სინანული და ეს განცდა იმდენად ძლიერი იყო მასში, რომ სჭარბობდა ცოდვათა სიმძიმეს და მაგალითი გახდა დაცემულთა წამოდგომისა. თავმდაბლობისა და გულშემუსვრილობის გამო მიეცა მას წინასწარმეტყველების მადლი და უფალთან პირდაპირი საუბრის ძალმოსილება, რითაც იქცა მეფობის, ღვთისმახურებისა და წინასწარმეტყველების ნიჭთა შემომკრებად. ამ თვისებათა გამო დაფასდა დავითი ღვთის თვალში.
****
ჩვენ ყველამ მშობლებისა და წინაპართაგან მივიღეთ გენეტიკური მემკვიდრეობა. ამ მემკვიდრეობის, გარემოებათა და პიროვნული არჩევანის მიხედვით კი ვყალიბდებით ინდივიდებად. ეს შემოქმედებითი პროცესია, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ქმედებების ნაწილი მოვიწონოთ, ნაწილი დავიწუნოთ, ზოგს განვერიდოთ, ზოგს მუდმივად ვებრძოლოთ ... და ასე გავხდეთ თანამონაწილე ჩვენი „მე“-ს გამოძერწვისა.
ავს ვაკეთებთ თუ კარგს, ეს ყველაფერი შემდეგ იმ ქვეყნად აისახება და მთელი სისავსით გამოვლინდება; ამიტომაც ჩვენს ყველა ნაბიჯს და არსებობის ყოველ წუთს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვმოქმედებთ გონებით, სიტყვით, საქმით, გრძნობით და პასუხს ვაგებთ ფიქრზე, რომელიც გონებაში გვაქვს, საქმეზე, რომელსაც ვაკეთებთ, ტკივილზე თუ სიხარულზე, რომელსაც განვიცდით, სიტყვაზე, რომელსაც ვამბობთ, მზერაზეც კი... რადგან ეს ჩემი აზრია, ჩემი გრძნობაა, ჩემი მოქმედებაა, ჩემი სიტყვაა, ჩემი განწყობაა. მე ვქმნი ამ ყოველივეს და ჩემს „მე“-დ, ჩემს ინდივიდუალურ ყოფად ვაქცევ.
წარმოიდგინეთ, მუდმივად რამდენი მიმართულებით ვავლენთ თავს. ამასთან, უმეტეს შემთხვევაში არც ვუკვირდებით და ვერც ვაცნობიერებთ, რას ვაკეთებთ, რატომ და როგორ ვმოქმედებთ. რა არის ჩვენთვის სასარგებლო ან უარსაყოფი, რა ითვლება სიმართლედ და სიკეთედ, როგორ ვიცხოვროთ, როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება? - ეს კითხვები ფილოსოფოსთათვის საუკუნეთა მანძილზე განსჯის საგნად იყო ქცეული და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.
ქრისტიანობამ კი ყველასთვის გასაგებად მარტივად გასცა მას პასუხი: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი სულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და დიდი მცნება და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“ (მთ. 22, 37-39), ანდა „ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მთ. 7,12).
მაგრამ ამგვარი ცხოვრების შედეგი არ არის მიწიერი ბედნიერება, სიმდიდრე და თანამდებობა, არც პატივი და უზრუნველი ყოფა. ასეთი ცხოვრების შედეგი არის მარადიული ნეტარება, მარადიული სიხარულის განცდა და ანგელოზთა თანა ქრისტეს საუფლოში მყოფობა.
წუთისოფელში ყოველთვის იყვნენ და არიან ადამიანები, რომელნიც ამქვეყნიურ, წარმავალ კეთილდღეობას ირჩევენ ცხოვრების მიზნად და სხვა არც არაფერი სურთ. მაგრამ იყვნენ, არიან და იქნებიან ისეთნიც, რომელნიც ბედნიერებას უფალთან ერთობაში ხედავენ. ასეთი აზროვნება ზოგიერთს ადრეული ასაკიდან უყალიბდება, ზოგი განსაცდელის შემდეგ ხდება მორწმუნე, ნაწილიც განსჯით ეძიებს და იმეცნებს ღმერთს, რომელთანაც სიახლოვეს მთელი ძალით ეკლესია შეგვაგრძნობინებს.
რა არის და რას ნიშნავს ეკლესია?
ეკლესია ღვთის მიერ მოწოდებულთა და მისი სიწმინდის გარშემო გაერთიანებულთა კრებულია. პირველი ეკლესია ჩვენთვის უხილავია და იგი შემოქმედთან ანგელოზთა დასის ურთიერთობას გულისხმობს. ადამს, ევასა და ღმერთს შორის დაცემამდელი კავშირი კი იყო ედემში არსებული ეკლესია, ანუ ის სივრცე, რომელშიც შემომქმედთან ჩვენი პირველმშობლების ერთობით ხდებოდა მათი ნეტარებითი ცხოვრება. ცოდვით დაცემის შემდეგ ხილული ეკლესია კვლავ შენარჩუნდა აბრაამის და სხვა მამათმთავართა კრებულში; სჯულდებითი სახე კი მას სინას მთის გამოცხადების შემდეგ მიეცა.
I საუკუნემდე მთელს მსოფლიოში მხოლოდ ისრაელში არსებობდა ეკლესია, სადაც იდიდებოდა ჭეშმარიტი ღმერთი. I საუკუნის დასაწყისში, სულიწმინდის მოფენის დღეს, - დაარსდა ახალი აღთქმის ეკლესია, რომელმაც მაცხოვნებლობითი მადლმოსილება შესძინა იმ მსახურებას ძველი აღთქმის ეკლესიაში რომ აღესრულებოდა. მისი მოწყობის წესი, იერარქია და საიდუმლოებები მაცხოვარმა თვითონ დაადგინა. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ მხოლოდ ეს ეკლესია არის მაცხოვნებელი, მარადიული სიცოცხლის წყარო და ემბაზი, რადგან იგი უშუალოდ იესო ქრისტეს მიერაა დაარსებული და მისი სისხლითაა გამოსყიდული. „კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას~ (მთ. 1,16), - ბრძანებს უფალი.
ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს მძლავრობს პიროვნებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, მისთვის უცხოა ჩვენი ნების რაიმე სახით შეზღუდვა (ცოდვა კი იმონებს კაცს და თავის მორჩილად ხდის). ეკლესია კაცობრიობას და თითოეულ ჩვენგანს გადარჩენის გზებს უჩვენებს და გვთავაზობს თანამოღვაწეობას ჩვენს სულში და ჩვენს გარემოში გაბატონებული ბოროტი ძალის დასამარცხებლად. ამისთვის კი არ არის საკმარისი მხოლოდ ჩვენი სიტყვიერი აღმსარებლობა, არც ღრმა თეოლოგიური ცოდნა, არც წესების შესრულება, აუცილებელია ყოველი ჩვენგანის პირადი მოღვაწეობაც, ქმედებებში გამოვლენილი ჩვენი ბრძოლა გამარჯვებისათვის.
ამიტომაც ეწოდება ქრისტეს ეკლესიას მებრძოლი ეკლესია. ხოლო ვინც ამქვეყნად ამ სულიერ ბრძოლაში არ მონაწილეობს და ცხონების გზას არ ადგება, თუნდაც ეკლესიაში რეგულარულად დადიოდეს და სასულიერო პირიც იყოს, ქრისტეს ცოცხალი და ცხოველსმყოფელი ეკლესიის გარეთ დარჩება.
ვიტყვით იმასაც, რომ მებრძოლი ეკლესია იარსებებს მეორედ მოსვლის შემდეგაც, ოღონდ ახალი ფორმით, - მოზეიმე ეკლესიის სახით, ცოდვებზე გამარჯვებულ ნათლის შვილთა და ღვთის ძეთა კრებულის სახით.
ასე რომ, ეკლესია ყოვლადწმინდა სამების მადლთან ანგელოზთა და კაცთა თანაზიარების ადგილია. იგი შესაქმის თანადროულია, ანუ სამყარო ეკლესიის გარეშე არ არსებობს!
ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენ მებრძოლი, გადამრჩენელი, მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნი ვართ და ძალგვიძს, მოზეიმე ეკლესიის თანაზიარნიც გავხდეთ. ქრისტეს ეკლესიის წევრობა ცოდვის მონობისაგან ჩვენს გათავისუფლებას, საკუთარი თავის ფლობას, სხეულზე სულის წარმმართველობას გულისხმობს. წარმომავლობის, ეთნოსის, წარსული ცოდვილი ცხოვრების მიუხედავად ქრისტე არ ერიდება უდიდეს სიწმინდეში ჩვენს შეყვანას, ზიარების მადლით კი მისი სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი ვხდებით. მაგრამ ამ სიწმინდეს გვთავაზობს არა პატივისათვის, არამედ პასუხისმგებლობისთვის, არა ბატონობისთვის, არამედ მოყვასზე ზრუნვისთვის, დავით წინასწარმეტყველის მსგავსად მეფე - მსახურად ჩვენი წარმოჩენისთვის. „მადლისა და სიმართლის უხვად მიმღებნი იმეფებენ სიცოცხლეში, იესო ქრისტეს მიერ“ (რომ.5,17), - ვკითხულობთ წმინდა წერილში, რადგან „უკეთუ დავითმენთ, მასთან (იესოსთან) ერთად ვიმეფებთ“ (II ტიმ. 2,12). ქრისტიანად ყოფნა ნიშნავს ისეთი თვისებების ქონასაც, როგორიცაა, ერთი მხრივ, თავმდაბლობა, მეორე მხრივ, - უშიშრობა და სხვისთვის თავგანწირვა; ერთი მხრივ, გულწრფელობა და უბოროტობა, მეორე მხრივ, - სიბრძნე და გონიერება, სხვისი აზრის მოსმენისა და უმჯობესის გამორჩევის უნარი…
როდესაც ვუყურებთ ჩვენს თანამედროვე მდგომარეობას, ერთგვარი შიში და უკმაყოფილება გვიპყრობს, რადგან ქრისტიანული წესით ცოტა ცხოვრობს და ეკლესიის მაცხოვნებელ საოცარ წიაღს მოწყვეტილნი, ვითარცა ხის ნაფოტნი და ვაზის ნასხლევნი, სიცოცხლეს კარგავენ.
ახალს არაფერს ვიტყვით, თუ აღვნიშნავთ, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და კაცობრიობის დღევანდელი მდგომარეობა მეტად მძიმეა. პიროვნება უფსკრულის წინაშე აღმოჩნდა და ღვთის მადლის გარეშე დარჩენილს, აღარ ძალუძს, თავი დააღწიოს შექმნილ მდგომარეობას; ინგრევა ოჯახები, უმეთვალყუროდ რჩებიან ბავშვები; გამეფდა სიცრუე, ამპარტავნება, გაუტანლობა, ეგოიზმი, შური და ღვარძლი; ადამიანი ცდილობს, გაექცეს ამ რეალობას, მაგრამ გზააბნეული ხსნას ძირითადად ნარკოტიკის მოხმარებაში ხედავს, რითაც მდგომარეობას კიდევ უფრო ირთულებს. აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით. ამასთან, უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, სასკოლო ასაკიდანვე უნდა მოხდეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და გატარდეს სხვა ღონისძიებები.
მაშინ, როდესაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასრტროფის წინაშე დგას, ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულება გვმართებს, რათა აღნიშნული პრობლემისადმი სწორი, კომპლექსური მიდგომა განხორციელდეს და რეალური, შედეგის მომტანი ნაბიჯები გადაიდგას.
მაინც მწამს, ქვეყანა, რომელიც უფლისა და ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა და რომელმაც 2000 წლის მანძილზე რწმენისთვის თავგანწირვის მრავალი მაგალითი აჩვენა, ქრისტიანობისთვის მებრძოლ სულს კვლავაც შეინარჩუნებს და ცხონების გზას, ათას ქარტეხილთა მიუხედავად, არ დატოვებს. ამის იმედს განსაკუთრებით მაძლევს ჩვენი მომავალი თაობა, საოცრად ნიჭიერი და ღვთისმოყვარე ჩვენი ბავშვები. დღეს, უპირველეს ყოვლისა, მათი ზეიმია და გულითადად ვულოცავ და ვლოცავ მათ.
ვლოცავ პატიმრობაში მყოფთ, სნეულთ და გაჭირვებულთ.
დღესასწაულს კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, უკრაინელებს, რუსებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, სომეხებს, უდინებს, იეზიდებს, ქურთებს, ინგუშებს, ჩერქეზებს, ჩეჩნებს და ლეკებს, ყოველ სხვა მკვიდრთ საქართველოისა და საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ.
მაშ, „განვიშორნეთ უკუე საჭურველნი ბნელისანი, რათა შევიწყნაროთ დღე აღმოდაბადებისა“ (იოანე თესალონიკელი). „ქრისტე იშვების, ადიდებდეთ! ქრისტეს ზეცით მოვალს, მიეგებვოდეთ! ქრისტე ქვეყანასა ზედა არს, ამაღლდით!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

თბილისი,
შობა ქრისტესი,
2017/2018 ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო

image
image თემა: შობა
ავტორი: ილია II

საშობაო ეპისტოლე - 1980

წმიდა სინოდის წევრებს - ღვთივგანბრძნობილ ყოვლად-სამღვდელო მიტროპოლიტებს, მთავარეპისკოპოსებს და ეპისკოპოსებს, მოძღვრებს, ბერ-მონოზვნებს და საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ყველა ღვთივკურთხეულ შვილს, მცხოვრებს დედასამშობლოში და მის საზღვრებს გარეთ

რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაითა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაი საუკუნოი (იოანე 3,16).


სიხარულისა და სიყვარულის სიტყვებით კვლავ მოგმართავთ ყოვლადსამღვდელონო, მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, მოძღვარნო, ბერნო და მონოზონნო, ძვირფასნო ძმანო და დანო - საქართველოს საპატრიარქოს კურთხეულნო შვილნო - მცხოვრებნო დედასამშობლოში და ჩვენი ძვირფასი მამულის საზღვრებს გარეთ! ღვთივდაცულ სამწყსოს გულითადად გილოცავთ ქრისტეს დაბადების დიდებულ დღესასწაულს და გისურვებთ სრულ მშვიდობას და მარადიულ სიხარულს, რამეთუ დედამიწაზე იესო ქრისტეს მობრძანებით ზეცა შეერწყა მიწას და ყოველი ჩვენგანისათვის გაიღო საუკუნო ნეტარების კარი.
განვლო საუკუნეებმა, მიდის წლები, ქრისტიანული სამყარო კი, როგორც ყოველთვის, ზეიმით ხვდება ერთ-ერთ უდიდეს საეკლესიო დღესასწაულს - ქრისტეს შობას. დღეს ჩვენი ფიქრები მიმართულია იმ შორეული დროისაკენ, ბეთლემის იმ კურთხეული გამოქვაბულისაკენ, რომელმაც შეიფარა ახალშობილი იესო - გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება მთელი კაცობრიობისა. ის იშვა, როდესაც ეძინა ბეთლემს, ეძინა იერუსალიმს, ეძინა იუდეველთა ქვეყანას, ეძინა მთელს კაცობრიობას. პირველნი, რომელთაც შემოესმათ ანგელოსთა გალობა - "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" და რომელნიც ღირს იქმნენ თაყვანი ეცათ ახალშობილი იესოსათვის - იყვნენ უბრალო, წმიდა გულის პალესტინელი მწყემსები. ეს იყო დასაწყისი ახალი აღთქმისა, დასაწყისი ახალი, ქრისტიანული რწმენისა, რომელსაც უნდა გარდაექმნა მთელი კაცობრიობა. "სიტყვა განკაცნა, რათა ჩვენ ღმერთ-ვიქმნეთ", - სთქვა წმიდა ათანასე დიდმა.
წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ქრისტეს დაბადება შეუძლებელია გააზრებულ იქნას ადამიანური ლოგიკით. ეს არის სასწაული, რომელიც აღემატება ადამიანის გონებას. "ნუ შემეკითხები, როგორ მოხდა ეს სასწაული? რამეთუ, როდესაც ბრძანებს უფალი, ბუნება მხოლოდ მორჩილებს. მან ინება და შეძლო, მოვიდა და გვიხსნა! ღვთის ნებამ არ იცის რა არის წინააღმდეგობა და არსებული უწინარეს ყოველთა საუკუნეთა - დღეს ხორციელდება!" მაგრამ ღვთის განხორციელების საიდუმლო გასაგები ხდება მისთვის, ვისი გულიც გამთბარია რწმენითა და სიყვარულით, იმიტომ, რომ ეს სიყვარულის საიდუმლოა. სიყვარულის საიდუმლო გაუგებარია იმათთვის, ვისაც არ ძალუძს რწმენა და სიყვარული, მაგრამ გასაგებია მათთვის, ვისაც ძალუძს თავისი სიყვარულით უპასუხოს ჩვენს მოყვარულ უფალს.
სიყვარულითა საუკუნოჲთა შეგიყუარე შენ (იერემია 31,3), - ეუბნება ღმერთი მის მიერ შექმნილ ადამიანს, და ამ გამოუთქმელმა მარადიულმა სიყვარულმა განაწყო შემოქმედი გაღებად ენით გამოუთქმელი მსხვერპლისა. მსხვერპლი შეწირულია. საიდუმლო აღსრულდა, ახლა უფალი მოდის თითოეულ ჩვენგანთან და გვიხმობს, მაგრამ ყველას არ ესმის ეს ხმა, ერთნი შეიტკბობენ მას და იმყოფებიან მასთან, სხვანი უარყოფენ მას. უფლის მიღება, ანუ მისი რწმენა, თავისუფალი, ჭეშმარიტად საოცარი აქტია, მსგავსი ხელახალი დაბადებისა.
ადამიანი იმდენადაა გარემოცული მიწიერი გრძნობებითა და ფიქრებით, რომ მას ხშირად უძნელდება ღვთიური ნათელის აღქმა. მაგრამ დგება ჟამი, როდესაც ყველა ეს გრძნობა და ფიქრი სადღაც ქრება, ადამიანი გადადის სხვა სამყაროში და იბადება ახალი შეგრძნება, შეგრძნება არაამქვეყნიურისა, შეგრძნება რაღაც მშობლიურისა და ამავე დროს შორეულისა და მიუწვდომელისა - შეგრძნება ღვთისა.
წმიდა მამათა აზრით: ღმერთი ძლიერ ახლოსაა ჩვენთან, ის განუშორებელია ადამიანისაგან. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "როგორ შემიძლია მოვიხმო ჩემში ღმერთი? არის კი ჩემში ადგილი, სადაც შეეძლება ღმერთს მოსვლა? მე არ ვიარსებებდი, ღმერთო ჩემო, შენ რომ არ იყო ჩემში, ანუ არ ვიარსებებდი, მე რომ არ ვიყო შენში, რამეთუ ყოველი არსება იმყოფება შენში და შენით არსებობს. სად მოგიწოდო შენ, როდესაც მე ვიმყოფები შენში და საიდანღა შეძლებ შენ ჩემში მოსვლას?"
ადამიანს შეუძლია, უსაზღვროდ ამაღლდეს სულიერად და შეუძლია შთავარდეს ვნებათა უსასრულო, უპირო უფსკრულში, ორივე შემთხვევაში ის მაინც ადამიანად რჩება, მასში არ ქრება "ხატი ღვთისა". ხშირად ადამიანში ვხედავთ წინააღმდეგობას, კეთილი საწყისის გვერდით ვხვდებით სრულიად სხვა ხასიათის ენერგიას, დემონურ ძალას, ბოროტსა და საშიშს; საშიშს უპირველესად თავად ამ ძალის მატარებლისათვის. ადამიანი ვალდებულია იბრძოლოს ბოროტების წინააღმდეგ. ვინ უნდა იყოს ჩვენი დასაყრდენი ამ ბრძოლაში? - ღმერთი, ქრისტე, ჭეშმარიტება, სიმართლე. "ნათელი ქრისტესი განგუანათლებს ყოველთა" - ეს ნათელი იმდენად ძლიერია და ცხოველმყოფელი, რომ იგი აცისკროვნებს ხილულსა და უხილავ სამყაროს, აღწევს ადამიანის სულისა და სხეულის ყველა ნაწილში, იგი ანათებს, უხმობს ქვეყანას, გარდაქმნის მას, განსაკუთრებით ბრწყინვალედ ანათებს სიბნელეში, რომელიც ცდილობს მის შთანთქმას, მაგრამ სიბნელე, თუმცა დიდია თავისი მოცულობით, უძლურია ნათლის წინაშე. ნათელი, რომელიც გვინათებს ცხოვრებას და რომლის მეოხებითაც ჩვენ საშუალება გვეძლევა გავარჩიოთ კეთილი და ბოროტი, მართალი და ტყუილი, გვინათებს ჩვენ არა გარედან, არამედ შიგნიდან, ჩვენი ზნეობრივი არსების, ჩვენი გულის სიღრმიდან. ამიტომ ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი ნათელთან, ღვთიურ ენერგიასთან. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც მექანიზმის გენიას სურს მოაშთოს ადამიანი, როდესაც ამ მექანიზმს სურს გამოაძევოს ჩვენგან სული და დატოვოს მხოლოდ მკვდარი მატერია. ამან გამოიწვია ის, რომ კაცობრიობამ განიცადა მერყეობა სულიერ ფასეულობათა აღქმაში. ეს ჩვენი დროის დამახასიათებელი თავისებურებაა. ამის თაობაზე გვაფრთხილებდა წმიდა მოციქული პავლე, როდესაც სწერდა: და ნუ თანა-ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაჲთა (რომ. 12,2).
მაგრამ ადამიანმა პოვა ძალა თავის თავში, რათა წინაღუდგეს ამ ცთუნებას. დღევანდელ ადამიანს აინტერესებს სულიერი და საღვთისმეტყველო საკითხები. იმისათვის, რომ ღრმად ჩავწვდეთ სულიერი პრობლემების არსს, გავხდეთ ღვთისმეტყველი, საჭიროა ჭეშმარიტად ქრისტიანული ცხოვრება და არა მხოლოდ ეკლესიური დოგმატების შესწავლა.
თანამედროვე ახალგაზრდობას არ შეიძლება დავწამოთ ინდიფერენტიზმი. ეს არის მოაზროვნე, მაძიებელი, ნიჭიერი ახალგაზრდობა, ძიება ახალგაზრდობისა, მისი უნარი მსხვერპლის გაღებისა, სწრაფვა მეცნიერებისაკენ - ყოველივე ეს მისი სულის ძალასა და სიდიადეზე მეტყველებს. სასიხარულოა, რომ ჩვენი ახალგაზრდობა იმას, რაც გაყინული, უძრავი, უსიცოცხლო და უსულოა, არ იწყნარებს. ბევრს გაუჩნდა წყურვილი ნამდვილი სახარებისეული ცხოვრებისა, დღეს ბევრს უფრო სულიერი სიმდიდრე აინტერესებს, ვიდრე მატერიალური კეთილდღეობა, ადამიანმა გაიგო რა არის სიმდიდრე. ვის აკურთხევს იგი, ვის აბედნიერებს, ვის ალამაზებს, ვის ჰმატებს სიკეთეს და გონიერებას? დღემდე - არავის.
ქრისტიანობა თავისი უბრალოებით და უჩვეულობით სუსტი და უძლური ჩანდა, მაგრამ მან ბრძოლაში გამოიწვია ძველი სამყარო. ქრისტიანობამ უშუალოდ ადამიანის გულს მიმართა და იგი ისეთ სულიერ და ზნეობრივ სიმაღლეზე აიყვანა, რომლის მსგავსი ძველ რელიგიებს და ფილოსოფიას ვერც კი წარმოედგინათ.
ადამიანთა გულების დაპყრობისათვის საჭირო იყო არა მტკიცებანი, არამედ მადლიან ცხოვრებასთან ზიარება, არა დარწმუნება, არამედ ქრისტიანობის ჩვენება, რამეთუ მოციქული პავლეს სიტყვებით: არა სიტყვითა არს სასუფეველი ღმრთისაი, არამედ ძალითა (I კორ. 4,20).
ჩვენს დროში სამყარო სწრაფად იცვლის სახეს. ახლა წელიწადი მთელი ეპოქაა. ეს ჩვენი ეკლესიის ცხოვრებაშიც შეიმჩნევა. იგრძნობა მისწრაფება მთელი მსოფლიოს ქრისტიანთა ურთიერთგაგებისა და დაახლოებისაკენ, რაც ხელს უწყობს ხალხთა და სახელმწიფოთა ურთიერთგაგებას, ქრისტიანთა დაახლოება იწვევს იმას, რომ მტრობა და უნდობლობა წარსულს ბარდება, ისპობა ფსიქოლოგიური და სხვა წინააღმდეგობანი. ჩვენი მიზანია ადამიანური ურთიერთობების - პირადი, ოჯახური, საზოგადოებრივი, საერთაშორისო ურთიერთობების ქრისტიანულ პრინციპებზე დაფუძნება, დამყარება. ეს საერთო ქრისტიანული საქმე, ქრისტიანთა გამაერთიანებელი და დედამიწაზე მშვიდობის, თავისუფლებისა და სამართლიანობის დამყარების განმაპირობებელი საქმე უნდა გახდეს.
რაი-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული (2 კორ. 5,17) - ამბობს მოციქული პავლე. აღდგენა ადამიანში "ხატისა ღვთისა", გარდაქმნა ადამიანისა ნამდვილ ღვთისნიერ ქმნილებად - ესაა მიზანი ქრისტეს შობისა, ესაა მიზანი ახალი აღთქმისა.
დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14). რა შეიძლება იყოს კაცთათვის უფრო სანატრელი, ვიდრე "ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ" და სათნოება კაცთა? მხოლოდ განხორციელებული უფლის დედამიწაზე მობრძანებას შეეძლო ადამიანებისათვის მოენიჭებინა ეს სიკეთე.
იესო ქრისტე ბეთლემში იშვა, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ის უნდა იშვას ყოველი ადამიანის გულში, და არა მარტო იშვას, არამედ მუდამ იმყოფებოდეს მასთან. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩვენთვის მისაწვდომი ის ზეციური მადლი, რომელიც დედამიწაზე საუკუნეთუწინარესმა ლოგოსმა მოგვიტანა - მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან.
იესო ქრისტემ გვიბოძა შინაგანი განახლების და სულიერი ზრდის უნარი. მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მთელი ჩვენი ცხოვრება, ყოველი ჩვენი მოძრაობა დაფუძნებულია რწმენაზე, რწმენაზე, რომლითაც განმსჭვალულია ჩვენი გული და რომელიც წმიდას ყოფს ჩვენს გულს. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა (ფს. 50). ქრისტეს დაბადებით სამყარო ზემიწიერს, ზექვეყნიურს ეზიარა. შენ ვერასდროს ვერ შეიტყობ ამას, თუ სასწაულთმოქმედი ბარძიმიდან თავად არ შესვი ის მაცოცხლებელი მადლი, რომელიც სულიერ წყურვილს კლავს. შესვი და აღარასდროს არ მოგწყურდება, შესვი და შენს წინაშე წარმოჩნდება მანამდე უხილავი და უცნობი ახალი სამყარო, სულიერი სამყარო, რომელიც თავისი მადლიანი სხივებით ათბობს და ანათებს დედამიწას.
იესო ქრისტე და ქრისტიანობა სამყაროში არამიწიერი გზით შემოვიდა. მაცხოვარმა თავისი განკაცებით მიმართა არა მხოლოდ ადამიანის გულს, არამედ გონებასაც. სახარებამ დაიმორჩილა ადამიანის ნებისყოფა, მისცა კაცობრიობას ახალი სიცოცხლე. მოციქული პავლეს სიტყვებით, სახარებისეული ჭეშმარიტება კაცობრიობას წარუდგა არა ადამიანური სიბრძნის დამაჯერებელი სიტყვებით, არამედ "მოვლინებითა სულისა და ძალისა". სულმა და ძალამ დაიპყრო მსოფლიო. მოვედინ სუფევაი შენი! იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. ასეთია ჩვენი ლოცვა, ასეთია ჩვენი სურვილი.
დღეს ჩვენ შევსთხოვთ უფალს ჩვენი რწმენისა და სიყვარულის გაძლიერებას, სულიერ და მატერიალურ ფასეულობათა სიუხვეს, სიკეთის გამრავლებას და ბოროტების აღმოფხვრას, ჩვენი სამოციქულო ეკლესიისა და ჩვენი ხალხის ნათელ მომავალს.
ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რომ მსოფლიოში აღარ იყოს ომი, შიმშილი და უსამართლობა.
ლოცვითა და მფარველობითა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და ღვთისა და მამულისათვის თავდადებულ ყოველთა წმიდათა, უფალმან განწმიდოს და გარდაქმნას ჩვენი შინაგანი სამყარო, რათა ჩვენი გულები და აზრები წმიდა ძღვნის სახით მიმართულ იქნას ახალშობილი ყრმისადმი.
განვლო ოცმა საუკუნემ, მაგრამ შობის ღამე მორწმუნე გულისათვის ისევე დაუვიწყარი და მომნუსხველია. ბაგა, ახალშობილი ყრმა დედასთან და მართალ იოსებთან ერთად, მწყემსები, მოგვები თავიანთი ძღვნით, გამოქვაბულს დაჰნათის ვარსკვლავი, ყოველივე ეს დღესაც მახლობელი და მშობლიურია ჩვენთვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ბრწყინვალე დღესასწაულს, ჩვენი სულიერი დაბადების და განახლების დღესასწაულს - ქრისტეს შობას. მარად გვემახსოვრება ჩვენი დიდებული წინაპრები, რომელთაც ახასიათებდათ ღრმა რწმენა და სიყვარული, შთაგონებული და შემოქმედებითი აზროვნება და თავდავიწყებული ძიება. დაე, ეს წელი მთელი მსოფლიოსათვის, ყველა ჩვენგანისათვის, ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი ღვთივდაცული ერისათვის მშვიდობის, კეთილდღეობის და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს.
აღორძინდებოდეთ მადლითა და მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესითა. მისი დიდებაჲ აწ და დღეთა მათ საუკუნეთაჲსა. ამინ (2 პეტრე 3,18).

ქრისტეშობა
1979/1980
თბილისი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II წმიდა სინოდის წევრებს - ღვთივგანბრძნობილ

image
image თემა: შობა
ავტორი: ილია II

როგორი კავშირი არსებობს ახალ და ძველ აღთქმებს შორის?
ძველი აღთქმა განამზადებს ადამიანებს ახალი აღთქმის მისაღებად, ხოლო ახალი აღთქმა არის აღსრულება და დასრულება ძველი აღთქმისა.
განმარტება:
I. ქრისტიანებს ბევრი რამ შემორჩათ ზეპირი გარდმოცემიდან, მაგალითად ის, რომ გამოვისახოთ პირჯვარი, ლოცვის ჟამს ვიდგეთ პირით აღმოსავლეთისაკენ, საიდანაც აღმოხდება მზე, როგორ ვეზიაროთ წმიდა საიდუმლოთ, რომელი სიტყვებით მივმართოთ ღმერთს, რათა მან აკურთხოს და გარდასახოს შესაწირავი პური და ღვინო, როგორ იკურთხოს წყალი და სხვა. Aმიტომ შეახსენებდა წმიდა მოციქული პავლე ქრისტიანთ თესალონიკში: "ძმანო, მტკიცეთ დექით და შეიკრძალეთ მოძღურება ესე, რომელიცა გისწავლიეს გინა სიტყვითა, გინა წიგნითა ჩუენითა" (2 თეს. 2,15). ის, რასაც პავლე მოციქული ასწავლიდა ქადაგებებში, ეს იყო ზეპირი გარდმოცემა. ხოლო რასაც ასწავლიდა ეპისტოლეებით, ეს არის ეპისტოლარული სწავლება და წმიდა წერილის ნაწილს შეადგენს. ის, რომ ქრისტიანული სარწმუნოება ძირითადად ზეპირი გარდმოცემის საფუძველზე ვრცელდებოდა, სრულიად გასაგებია. Pავლე მოციქულის ეპისტოლეში ნათქვამია: "რაი-იგი გესმა ჩემგან მრავლითა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა,რომელნი შემდზლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად" (2 ტიმ. 2,2). თითქმის ოცი წლის მანძილზე უფალ იესო ქრისტეს ამაღლებიდან, ეკლესიას არა ჰქონდა არც ერთი წიგნი ახალი აღთქმისა და იძულებული იყო ესარგებლა მხოლოდ ზეპირი გარდმოცემით, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი მოქმედებდა, აღასრულებდა ღმრთისმსახურებას, იღწვოდა და განეფინებოდა ყოველგან, ეყრდნობოდა ზეპირ გარდმოცემას, იმარხავდა მას, როგორც ზეციურ საუნჯეს. ჭმიდა ზეპირი გარდმოცემის შესახებ ფრიად დამაჯერებლად წერს წმიდა მამა ბასილი დიდი 91_ე კანონში.
II. 1. დაბადება, - მასში მოთხრობილია ქვეყნიერებისა და ადამიანის შექმნის, პირველქმნი ადამიანთა ცხოვრების, ცოდვით დაცემის, მათ შთამომავალთა ცხოვრებისა და შრომის შესახებ, აგრეთვე იოსების ეგვიპტეში აღსრულების შესახებ (შემოკლებით დაბ).
2. წიგნი გამოსვლათა, - მასში აღწერილია ებრაელთა მძიმე ცხვრება ეგვიპტეში, მოსეს წინამძღოლობით, მითი სვლა უდაბნოში აღთქმია ფიცთა მიღება სინას მთაზე და კარვის შენება (გამ).
3. წიგნი ლევიტელთა, - მასში ჩაწერილია ძველი აღთქმის მგვდელთმსახურთა და ლევიტელთა ღმრთისმსახურების წესები და საყოფაცხოვრებო და სამოქალაქო კანონები (ლევ).
4. რიცხვთა, - მასში ებრაელი ხალხის საყოველთაო აღწერა, რომლის დროსაც, ლევიტელთა გარდა, 603 550 მოზრდილი მამაკაცი დაითვალეს; შემდეგ ზედმიწევნით არის აღწერილი ლევიტელტა მოვალეობანი, მოთხრობილია ხალხია დრტვინვა მოსეს წინააღმდეგ და აარონის სიკვდილი (რიცხვ).
5. მეორე სჯულისა, - მასში, მოსე სიკვდილის წინ, კიდევ ერტხელ, მოკლედ, უმეორებს ებრაელ ხალხს სჯულს, რომელიც გმერტმა მოსცა მათ, მადლობას სწირავს და აკურთხებს ხალხს; ბოლოს აღწერილია მოსეს აღსასრული და მისი დაკრძალვა. (მსაჯ).
6. წიგნი ისუსი, ძისა ნავესი – მასში მოთხრობილია აღთქმის მიწებთან მისვლისა და ისრაელის თორმეტ ტომს შორის მისი განყოპის შესახებ (ის, ნავ. )
6. წიგნი ისუსი, ძისა ნავესი – მასში მოთხრობილია აღთქმის მიწებთან მისვლისა და ისრაელის თორმეტ ტომს შორის მისი განყოპის შესახებ (ის, ნავ. )
8. წიგნი რუთისა, - მასში მოთხრობილია ვინმე რუთის ამბავი, რომელიც იყო მეფე დავითის დიდი ბებია.
9-12. ორი წიგნი სამოელისა და ორი წიგნი მეფეთა, - რომლებშიც მოთხრობილია ებრაელთა ცხოვრება, როდესაც მათ მართავდნენ მეფენი, და განსაკუთრებით აღწერილია იერუსალიმი დიდებული ტაძრის მშენებლობა (სამ. Dდა მეფ.).
13-14. ორი წიგნი ნეშტთა, - რომლებიც ავსებს მეფეთა წიგნებს (ნეშ.).
15-16. წიგნები ეზრასი და ნეემიასი, - მათში მოთხრობილია ებრაელთა დაბრუნების შესახებ ბაბილონის ტყვეობიდან, ახალი ტაძრის მშენებლობისა და იერუსალიმის აღდგენის შესახებ (ეზრდ. და ნეემ).
17. წიგნი ესთერისა, - მასში მოთხრობილია ღმრთის მოყვარე და მხნე ებრაელი დედაკაცის შესახებ, რომელმაც ერი თვისი იხსნა დაღუპვისაგან სპარსეთის მეფის, ართაქსერქსის მეფობის ჟამს (ესთ).
18. წიგნი იობისა, - მასში მოთხრობილია მართალ იობის ღმრთივსათნო ცხოვრების შესახებ, რომელმაც უდიდესი მწუხარების და ვაების ჟამს დაიმარხა მტკიცე რწმენა ღმრთისადმი, გამოაჩინა უდიდესი მოთმინება და სიბრძნე (იობ).
19. ფსალმუნთა წიგნი, - რომელიც შეიცავს 150 სულიერ საგალობელს ანუ ფსალმუნს, რომელთა უდიდესი უმრავლესობა ეკუთვნის წმ. Mეფე დავითს (ფს).
20. იგავნი სოლომონისა, - რომელიც შეიცავს მეფე სოლომონის ბრძნულ გამონათქვამებს და რჩევებს, ამ ქვეყნად მართალი ცხოვრების წარმართვისათვის (იგ. შოლ).
21. ეკლესიასტე, - რომელშიც მეფე სოლომონი ქადაგებს ცხოვრების საზრისის შესახებ და მიგვითითებს, რომ ბედნიერია მხოლოდ ის, ვინც ისწრაფვის არა მატერიალური კეთილდღეობისაკენ, არამედ ღმრთის მცნებათა აღსრულებისაკენ (ეკლ.)
22. ქება ქებათა, - სოლომონისა, რომელშიც იგი წინასწარმეტყველურად მოგვითხრობს ქრისტეს წმიდა სიყვარულის შესახებ ეკლესიის მიმართ, სიძისა და სასძლოს სიყვარულის მაგალითზე.
23. წიგნი წინასწარმეტყველ ესაიასი, - მასში წინასწარმეტყველი მრავალ რასმე წინასწარმეტყველებს მაცხოვრის ცხოვრებიდან. ღამდენიმე მოვლენა მისი ცხოვრებიდან ისეთი ზედმიწევნულებით არის აღწერილი, თითქოს იგი საკუთარი თვალით ჭვრეტდა ყოველივეს. ის ამბობს აგრეთვე, რომ მხსნელი იშვება ქალწულისაგან. Aმის გამო წინასწარმეტყველ ესაიას ძველი აღთქმის მახარებელს უწოდებენ (ეს).
24. წიგნი წინასწარმეტყველ იერემიასი, - მასში მოყანილია მრავალი წინასწარმეტყველება ებრაელი ანუ ისრაელი ერის მომავლისა და მაცხოვრის შესახებ. (იერ).
25. წიგნი წინასწარმეტყველ ეზეკიელისა, - ასევე შეიცავს მრავალ წინასწარმეტყველებას (ეზ).
26. წიგნი წინასწარმეტყველ დანიელისა, - რომელშიც აღწერილია მისი ცხოვრება ბაბილონის ტყვეობაში, აგრეთვე გამოთქმულია წინასწარმეტყველება მაცხოვრის შობის შესახებ (დან.).
27-38. თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთა წიგნნი: ოსიასი (ოს), იოელისა (იოელ), ამოსისა (ამოს), აბდიასი (აბდ), იონასი (იონ), მიქეასი (მიქ), ნაომისა (ნაომ), ამბაკუმისა (ამბ), სოფონიასი (სოფონ), ანგეასი (ანგ), ზაქარიასი (ზაქ), და მალაქიასი (მალაქ). Aმ წიგნებშიც მრავალი წინასწარმეტყველებაა გამოთქმული მესიის – მაცხოვრის შესახებ. მაგალითად: წინასწარმეტყველ მიქეამ იწინასწარლეტყველა, რომ მაცხოვარი იშვებოდა ბეთლემში (5,2), წინასწარმეტყველმა ზაქარიამ იწინასწარმეტყველა მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში (9,9) და მისი ვნება (13,7), წინასწარმეტყველმა მალაქიამ გამოთქვა, რომ მესიას ეყოლებოდა წინამორბედი, - წმინდა იოანე ნათლისმცემელი (3,1).
III. პირველ ხუთ წიგნს ახალი აღთქმისა ეწოდება ასევე მოსეს პირველი ხუთწიგნეული, სჯულდებითნი ანუ აღთქმის წიგნები. ზოგიერთ გამოცემაში სამოელის პირველ წიგნს უწოდებენ პირველ წიგნს მეფეთა, სამოელის მეორე წიგნს – მეფეთა მეორე წიგნს. ასსეტ შემთხვევაში მეფეთა პირველ წიგნს ეწოდება მესამე წიგნი მეფეთა, ხოლო მეფეთა მეორე წიგნს მეორე წიგნი მეფეთა. წინასწარმეტყველთ – ესაიას, იერემიას, ეზაკიასა და დანიელს ეწოდებათ დიდი წინასწარმეტყველნი.
IV. მარლთმადიდებელი ეკლესია ძველი აღთქმის ხსენებულ წიგნებს უწოდებს მემკვიდრეობას, რომელიც მიიღო ძველ აღთქმისეული ებრაელთა ეკლესიისაგან, რამეთუ ებრაელ ერს ერწმუნა ღმრთის სიტყვა, რომელიც ამბობს ამის შესახებ პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში (3,1-2), ხოლო ახალი აღთქმის ეკლესიამ მიიღო ეს წიგნები ებრაელთაგან.წმიდა წერილი ზოგიერთ გამოცემაში შეიცავს აგრეთვე შემდეგ წიგნებს: ა) წიგნი ტობიასი, ბ) წიგნი ესთერისა, გ) სიბრძნე სოლომონისა, დ)წიგნი ისუსი ძისა ზირაქისა, ე)წინასწარმეტყველ ბარუქისა, ვ) სამი წიგნი მაკაბელთა, ზ) მესამე წიგნი ეზრასი. მარლთმადიდებელი ეკლესიის მიერ დაშვებულია მათი კითხვა, ისევე როგორც სხვა რელიგიური წიგნებისა, მაგრამ მა თარ მიაკუთვნებს წმიდა წერილის კანონიკურ წიგნებს.
V. ახალი აღთქმა შეიცავს 27 წიგნს, კერძოდ: ა) სახარებებს: 1. მათესი (მთ.) 2. მარკოზისი (მკ.) 3. ლუკასი (ლკ.) 4. იოანესი (ინ.) ბ) 5. წმიდა მოციქულთა საქმეებს (საქ). გ) წმიდა მოციქულ პავლეს 14 ეპისტოლეს: 6. რომაელთა მიმართ (რომ.) 7. კორინთელთა მიმართ I (I. კორ.) 8. კორინთელთა მიმართ II (II. კორ) 9. გალატელთა მიმართ (გალ.) 10. ეფესელთა მიმართ (ეფ.) 11. ფილიპელთა მიმართ (ფლპ.) 12. კოლოსელთა მიმართ (კოლ.) 13. თესალონიკელთა მიმართ I (I. თეს.) 14. თესალონიკელთა მიმართ II (II. თეს.) 15. ტიმოთეს მიმართ I (I. ტიმ.) 16. ტიმოთეს მიმართ II (II. ტიმ.) 17. ტიტეს მიმართ (ტიტ.) 18. ფილიმონის მიმართ (ფილ.) 19. ებრაელთა მიმართ (ებ.) დ) 7 ეპისტოლეს სხვა მოციქულთაგან, კერძოდ: 20. იაკობ მოციქულისა (იაკ.) 21. პეტრე მოციქულისა I (I პეტ.) 22. პეტრე მოციქულისა II (II პეტ.) 23. იოანე მოციქულისა I (I ინ.) 24. იოანე მოციქულისა II (II ინ.) 25. იოანე მოციქულისა III (III ინ.) 26. მოციქულ იუდასი (იუდ.) ე) 27. აპოკალიფსი ანუ გამოცხადება წმიდა მოციქულისა იოანესი (გამოცხ.)
VI. სახარებაში აღწერილია უფალ იესო ქრისტეს მოსვლა ამ ქვეყნად, მისი ცხოვრება, ქადაგება, ღვაწლი და ვნება, აგრეთვე ყოველივე ის, რაც მან თავს იდვა ჩვენისა ცხონებისათვის. სიტყვა "ევანგელე" – ბერძნულია და "ხარებას" ნიშნავს, რამეთუ ქრისტეს მოძღვრება – არის შერიგება ადამიანისა ღმერთთან და საუკუნო ნეტარება, - არის უდიდესი ნუგეში. პირველი სამი სახარება დაწერილია 50-დან 70 წლამდე ქრისტეს შობიდან, ხოლო იოანეს სახარება დაიწერა დაახლოებით 90 წელს.
VII. მოციქულთა საქმეებში მოთხრობილია მოციქულებზე სული წმიდის მოფენის, ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებაში მათი ღვაწლის და მოწამეობის შესახებ, რომლის გემოს ხილვაც მოუხდათ მოციქულებრივი ღვაწლის აღსრულებისა. პირველმოწამეთა – სტეფანესა და იაკობის, მოციქულთა კრებისა და პირველ ქრისტიანთა ცხოვრების შესახებ. მოციქულთა საქმენი დაიწერა დაახლოებით 64 წელს.
VIII. ეპისტოლეები – აის წერილები, რომლებსაც წმ. Mოციქულები სხვადასხვა, მათ მიერ დაარსებულ სამწყსოებს სწერდნენ. წერილებში ისინი განმარტავენ ქრისტიანულ სარწმუნოებას და მიუთითებენ ადამიანებს, როგორ მოაწყონ თავიანთი და სამწყსოს ცხოვრება, სარწმუნოებასტან თანხმობით.
IX. აპოკალიფსში აღწერილია ხილვა, რომელიც მიეცა წმ. მოციქულ იოანეს, ეკლესიის მომავალზე, ანტიქრისტეს საქმიანობა, მისი წარწყმედა და ქვეყბიერების აღსასრული.
X. წმიდა წერილს აგრეთვე ეწოდება ბიბლია. სიტყვა "ბიბლია" – ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს წიგნს. თავისი მნიშვნელობით ის განსაკუთრებული წიგნია, იგი შეიცავს ღმერთის განცხადებას. Bიბლია თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი. ღამდენადაც წმიდა წერილში მოთხრობილია მარადიული სიცოცხლის შესახებ, მას სიცოცხლის წიგნსაც უწოდებენ.
XI. წმიდა წერილი ყოველ ქრისტიანს უნდა ჰქონდეს. Aდამიანები გარდაიქმნებოდნენ, ყოველ ოჯახში ყოველდღე რომ იკითხებოდეს ბიბლია თუნდაც რამდენიმე წუთის მანმავლობაში, თუნდაც კვირა დგეს ან დღესასწაულზე. ყურადღებათა და კეთილკრძალულებით კითხვა წმიდა წერილისა აკეთილშობილებს ადამიანს, რამეთუ ამ დროს მას თვით ღმერთი ეზრახება.
XII. ძველი აღთქმის წიგნები დაიწერა ებრაულად და ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე ითარგმნდა ბერძნულად. Aახალი აღთქმის წიგნებიდან მხოლოდ ორი წიგნი დაიწერა ებრაულად: სახარება მათესი და პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა მიმართ.
XIII. წმიდა წერილი ლათინურად ითარგმნდა მხოლოდ II საუკუნეში. შლავურად ითარგმნა 862-885 წ.წ. ჭმ. Kირილესა და მეთოდეს მიერ. შავარაუდოა, რომ ქართულად სახარება თარგმნეს ქართლის მოქცევისტანავე (337). Iაკობ ხუცესის "შუშანიკის წამებაში" დადასტურებულია სახარების ("ევანგელე") არსებობა. V-VI სს.-ის პალიმფსესტები სახარების ფრაგმენტებს შეიცავენ. Gიორგი მთაწმინდელის ცნობით, არსებულა ხანმეტური და საბაწმიდური რედაქციები. შახარების უძველესი ქართული დათარიღებული ხელნაწერია ადიშის ოთხთავი (897). X ს-ით თარიღდება ურბნისის (906), ოპიზის (913), ჯრუჭის (936), პარხლის (973) ოთხთავები. შემდეგ სახარება თარგმნეს ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელებმა, იოანე ჭინჭიმელმა. Gიორგი მთაწმინდელის თარგმანმა კანონიკური უფლება მოიპოვა ქართული ეკლესიის პრაქტიკაში და საყოველთაოდ იყო გავრცელებული. დასავლეთ ევროპის სხვა ენებზე სახარება XII-XV ასწლეულებში ითარგმნა.
XIV. წმიდა წერილის ყოველი წიგნი დაყოფილია თავებად, ყოველი თავი მუხლებად. როდესაც რომელიმე მუხლზე მიუთითებენ, სარგებლობენ შემოკლებით. Mაგ. თუკი ფსალმუნებიდან მოხმობილია სიტყვები "ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა", რომელიც მე-19 ფსალმუნის პირველ მუხლშია ჩაწერილი, აღინიშნება ასე: ფს. 19,1; თუკი ჩაწერილია 1 კორ. 11,25 – ეს ნიშნავს: პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, თავი 11, მუხლი 25.
ძველი აღთქმა განამზადებს ადამიანებს ახალი


სინანულისათვის

"შეინანეთ და გრწმენინ სახარებისა! შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა" (მარკ. 1, 15). ესაა ღმერთკაცის ქადაგების პირველი სიტყვები. უფალი დღემდე გვიმეორებს ამ სიტყვებს სახარების მეშვეობით.
როდესაც მეტისმეტად მომრავლდა ცოდვა, მაშინ ზეცით ყოვლადძლიერი მკურნალი მოგვევლინა. იგი მოვიდა ჩვენი დევნულების, გვემისა და ვაების ქვეყანაში, რომლის ყველა სატანჯველი ჯოჯოხეთის საუკუნო ტანჯვათა წინამავალია, და გვახარა ხსნა, სასოება, კურნება ყოველთა კაცთა, გამონაკლისის გარეშე. შეინანეთ!
სინანულის ძალა ღმერთის ძალაზეა დაფუძნებული: მკურნალიც ყოვლადძლიერია და მის მიერ მოვლენილი კურნებაც. დედამიწაზე ქადაგების ჟამს უფალი განკურნებისაკენ მოუწოდებდა ყველას, ვინც ცოდვით იყო სნეული. ღმერთს არავითარი ცოდვა არ მიუჩნევია უკურნებლად და დღესაც ყველას მოუწოდებს, აღუთქვამს და მიჰმადლის კიდეც ყოველი ცოდვის მიტევებას, ყოველი სალმობის კურნებას.
ჰეი, სტუმარნო ამა სოფლისანო! თქვენ, ვისაც გიზიდავთ ფართო გზა, ამქვეყნიური ზრუნვის, შექცევისა და მხიარულების შეუნელებელი ხმაურით სავსე; თქვენ, ვინც ამ გზით ყველასათვის ცნობილი და ყველასაგან დავიწყებული აღსასრულის – პირქუში კუბოსა და კიდევ უფრო პირქუში მარადისობისკენ მიექანებით – შეჩერდით! ჩამოიბერტყეთ ამა სოფლის ხიბლი, მუდამ თავის მონობაში რომ გამყოფებთ! ისმინეთ, რას გამცნებთ მაცხოვარი, ჯეროვანი ყურადღება მიაგეთ მის სიტყვებს: "შეინანეთ და გრწმენინ სახარებისა! შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა".
სტუმარნო ამა სოფლისანო, შეისმინეთ ეს მთავარი, მხსნელი შეგონება, თორემ ისე მიაღწევთ საფლავს, ხრწნილებისა და მარადისობის კარიბჭეს, რომ სწორ წარმოდგენას ვერც მარადისობაზე შეიქმნით და ვერც საკუთარ მოვალეობებზე ამ მარადისობაში შებიჯების წინ – მხოლოდ სამართლიან სასჯელს მოიმკით თქვენი ცოდვების გამო. ცოდვათა შორის კი უმძიმესია მაცხოვრის სიტყვების არად ჩაგდება, ანუ მაცხოვრის შეურაცხყოფა. შეინანეთ!
ცრუა და მაცთური ამსოფლიური ცხოვრების გზა: ახლად მოსულს იგი უსასრულო ასპარეზად ეჩვენება, რომელიც სინამდვილე ჰგონია, იმას კი, ვინც უკვე გალია ეს გზა, ფუჭი ზმანებებით მოფენილ უმოკლეს ბილიკად. შეინანეთ!
სახელიც, სიმდიდრეცა და სხვა წარმავალი უპირატესობებიც, რომელთა მოხვეჭასაც დაბრმავებულმა ცოდვილმა მთელი ამსოფლიური ცხოვრება, სულისა და ხორცის ყველა ძალა შეალია, უნდა დატოვოს მან იმ წუთებში, როდესაც სულს იძულებით შემოაძარცვავენ სამოსს – სხეულს – და ანგელოზები წარადგენენ ღმრთის სამსჯავროზე: კაცთათვის უცნობ და კაცთაგან დავიწყებულ სამსჯავროზე. შეინანეთ!
ძმებო, სახარების შუქზე მიუკერძოებლად დავუკვირდეთ ჩვენს ცხოვრებას – არარაობაა იგი! ყველა მის სიკეთეს გვტაცებს სიკვდილი, ხშირად კი სიკვდილზე ადრეც ვკარგავთ სხვადასხვა მოულოდნელ გარემოებათა გამო. ეს ხრწნადი, მსწრაფლწარმავალი სიკეთეები არც კი არიან ღირსნი, რომ სახელად სიკეთეს ვუწოდებდეთ – მათ უფრო ტყუილის, ობობას ქსელის სახელი შეჰფერით. ამ ქსელში გაბმულნი და შიგ გახლართულნი აკლდებიან ზეციურ, ჭეშმარიტ, წარუვალ სიკეთეებს, რომელთაც გვანიჭებს ქრისტეს სარწმუნოება, ქრისტეს შედგომა და სახარების მიხედვით ცხოვრების საიდუმლო გზა. შეინანეთ!
რა მწარედა ვართ დაბრმავებულნი! რა ნათლად ჩანს ამ დაბრმავებით ჩვენი დაცემა! ვხედავთ ჩვენს ძმათა სიკვდილს, ვიცით, რომ ჩვენც უცილობლად – და ვინ იცის, იქნებ ძალიან მალეც – მოგველის იგი, რამეთუ კაცთაგან არავინ დარჩენილა სამუდამოდ მიწის პირზე. იმასაც ვხედავთ, რომ ბევრს სიკვდილამდეც უმუხთლებს ხოლმე ცრუ სოფელი და ყოველდღიური სიკვდილის მსგავს სატანჯველში ვარდება. და ასეთი აშკარა გამოცდილების მიუხედავად მაინც ისე მიველტვით წარმავალ სიკეთეებს, როგორც რაღაც უცვალებელსა და მარადიულს. მხოლოდ მათზეა მიჯაჭვული ჩვენი გული! ღმერთი დაგვავიწყდა! დაგვავიწყდა დიადი და თანაც სასტიკი მარადისობა. შეინანეთ!
გვიმტყუნებს, ძმებო უცილობლად გვიმტყუნებს ყველა წარმავალი სიკეთე: მდიდარს – სიმდიდრე, სახელოვანს – სახელი, ჭაბუკს – სიჭაბუკე, ბრძენს – სიბრძნე. ერთადერთი, მარადიული, უმთავრესი სიკეთის მოხვეჭა ხელეწიფება კაცს: ესაა ჭეშმარიტი შეცნობა ღმრთისა, მასთან შერიგება და შეერთება, რასაც ქრისტე გვანიჭებს. მაგრამ უზენაეს სიკეთეთა მოსაპოვებლად აუცილებელია დავუტეოთ ცოდვილი ცხოვრება და მოვიძაგოთ იგი. შეინანეთ!
შეინანეთ! და რას ნიშნავს სინანული? ეს ნიშნავს შევინანოთ ჩვენი ცოდვები და მეტად აღარ ვცოდოთ – ასე უპასუხა ამ კითხვას პიმენ დიდმა. ამ გზით მრავალი ცოდვილი წმინდანად იქცა და მრავალმა უსჯულომ მართალის სახელი დაიმკვიდრა.
შეინანეთ! მოიკვეთეთ არა მარტო აშკარა ცოდვა – კაცისკვლა, პარვა, მრუშობა, ცილისწამება, ტყუილი, არამედ განაგდეთ დამღუპველი შექცევა, ხორციელი ტკბობა, არაწმინდა ოცნებები, უსჯულო ზრახვები: შეინანეთ ყველაფერი, უკლებლივ ყველაფერი, რასაც სახარება გვიკრძალავს, გულწრფელი სინანულის ცრემლში განბანეთ უწინდელი ცოდვილი ცხოვრება.
სასოწარკვეთილი და სულიერ დახსნილებას მიცემული ნუ იტყვი: "მძიმე ცოდვებში ჩავვარდი, ამდენი ხნის ცოდვილი ცხოვრებით ბოროტი ჩვევები შევიძინე, ისინი თითქოს ბუნებრივ თვისებებად მექცნენ, ამიტომ ჩემთვის უკვე აღარ არსებობს სინანული" (მაკარი დიდი, საუბარი მე-7, თავი მე-2). ამ უიმედო გულისსიტყვებს ჩაგძახის შენი ცხონების მტერი, რომელსაც შენ ჯერ კიდევ ვერ ხედავ და არ იცნობ. ეშმაკმა იცის სინანულის ძალა, შიშობს, იმან არ გამოსტაცოს შენი თავი კლანჭებიდან და ცდილობს გაგიტყუოს ჭეშმარიტი გზიდან, ამისთვის ღმერთის ყოვლადძლიერ წამალს – სინანულს – უძლურებას სწამებს.
სინანულის დამწესებელი შენი შემოქმედია, რომელმაც არაფრისაგან შეგქმნა. მით უფრო ძალუძს კვალვ აღგაშენოს, ძალუძს შეცვალოს შენი გული: ცოდვის მოყვარე გული ღმერთის მოყვარედ აქციოს; გრძნობადი, ხორციელი, ბოროტი ზრახვებით სავსე, ვნებებს დამონებული გული კი განწმინდოს და განასპეტაკოს.
ძმებო, გულისხმავყოთ ღმრთის გამოუთქმელი სიყვარული კაცთა დაცემული მოდგმისადმი! უფალი განკაცდა, რათა თავს ედო კაცთა წილხვედრი სასჯელი და თავისი ჯვარცმით გამოეხსნა დამნაშავენი. რამ მოიყვანა იგი აქ, მიწაზე, ჩვენი დევნულების მხარეში? ჩვენმა სიმართლემ? არა! იმ უბადრუკმა ყოფამ, ჩვენი ცოდვილი ცხოვრების გამო რომ ჩავცვივდით.
გავმხნევდეთ, ცოდვილნო! ჩვენთვის, სწორედ ჩვენთვის აღასრულა უფალმა დიადი საქმე თავისი განკაცებისა, ჩვენს სნეულებებს მოხედა მიუწვდომელი მოწყალებით. დავუტევოთ მერყეობა! დავუტევოთ სასოწარკვეთილება და ეჭვები! შევიმოსოთ სარწმუნოება, გულმოდგინება, მადლიერება და შევუდგეთ სინანულს, ხოლო სინანულის მეშვეობით ღმერთს შევურიგდეთ. "და უშჯულომან უკუეთუ მოაქციოს ყოველთაგან უშჯულოებათა, რომელნი ქმნნა, და დაიცვნეს ყოველნი მცნებანი ჩემნი, და ყოს მსჯავრი და სიმართლე და წყალობა, ცხოვნებით ცხოვნდეს და არა მოკუდეს. ყოველნი უსამართლოებანი მისნი, რომელნი ქმნნა, ცხოვნდეს" (ეზეკ. 1, 21-22). ამას ამცნებს უფალი ცოდვილებს თავისი დიდი წინასწარმეტყველის პირით.
ჩვენი სუსტი ძალების შესაბამისად მივემსგავსოთ უფლის დიდ სიყვარულს ჩვენდამი, რამდენადაც ეს ძალუძს მისი ხელით შექმნილ, დაცემულ ადამიანს: შევინანოთ! შევინანოთ არა მარტო სიტყვით, არა მარტო ხანმოკლე, უმნიშვნელო ცრემლით, არა მარტო გარეგნული მონაწილეობით საეკლესიო ღმრთის მსახურებაში და საეკლესიო წესების შესრულებით, რასაც ფარისევლები სჯერდებოდნენ, არამედ ცრემლსა და გარეგნულ ღმრთისმოსაობასთან ერთად ვყოთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა: ცოდვილი ცხოვრება დავუტეოთ და სახარების მცნებებს მივდიოთ.
"რაისათვის მოსწყდებით, სახლო ისრაელისაო" (ეზეკ. 18, 33)? რისთვის მოსწყდებით მარადიული სიკვდილით, ქრისტიანებო, თქვენი ცოდვების გამო? რისთვის ავსებთ ჯოჯოხეთის ჯურღმულს, თითქოს ქრისტეს ეკლესიაში არც კი არსებობდეს ყოვლისშემძლე სინანული? ეს უსასრულოდ კეთილი ნიჭი მიეცა "სახლსა ისრაელისასა" – ქრისტიანებს, და ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ცოდვის მიუხედავად ერთნაირი ძალით მოქმედებს: განწმენდს ყველა ცოდვას, აცხოვნებს ყოველს, ვინც ღმერთს შეუვრდება, თუნდაც ეს მისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მოხდეს.
"რაისათვის მოსწყდებით, სახლო ისრაელისაო"?P ქრისტიანები იმიტომ კვდებიან მარადიული სიკვდილით, რომ მთელი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე ერთადერთი რამით არიან გართულნი: ნათლისღებისას დადებულ აღთქმებს არღვევენ, ცოდვებს ემონებიან, არად აგდებენ უფლის სიტყვებს, რომელიც მათ სინანულისაკენ მოუწოდებს. თვით სიკვდილის წინაც კი, უკანასკნელ წუთებში, ვერ ახერხებენ სინანულის ყოვლისშემძლე ძალის გამოყენებას! ვერ ახერხებენ, რამეთუ არავითარი წარმოდგენა არა აქვთ ქრისტიანობაზე, ან თუ აქვთ, ერთობ ნაკლული და უთავბოლო, რომელსაც სრული უმეცრების სახელი უფრო შეჰფერის, ვიდრე რაიმე ცოდნისა.
"ცხოველ ვარ მე", - ამბობს უფალი, თითქოს იძულებულია, ამით დაარწმუნოს ურწმუნონი და გულისხმა შთაბეროს უგულისხმოებს, - "არა მინებს მე სიკვდილი უთნოისა (ბოროტი კაცისა), ვითარ მოქცევაი მისი გზისაგან მისისა და ცხოვრება მისი" (ეზეკ. 33, 11). "რაისათვის მოსწყდებით, სახლო ისრაელისაო"?
იცოდა ღმერთმა კაცთა უძლურება, იცოდა, რომ ისინი ნათლისღების შემდეგაც განაგრძობდნენ ცოდვილ ცხოვრებას, და ამიტომ დააწესა თავის ეკლესიაში სინანულის საიდუმლო, რომელიც აღხოცს ნათლისღების შემდეგ ჩადენილ ცოდვებს. სინანული თან უნდა ახლდეს ქრისტეს რწმენას, წინ უნდა უძღოდეს ნათლისღებას, ხოლო მის შემდეგ უნდა განაქარვოს ქრისტეს რწმენას შედგომილი და ნათელღებული კაცის ცოდვები.
როდესაც ადამიანები იერუსალიმიდან და მთელი იუდეიდან მოდიოდნენ იოანესთან, რათა იორდანეში ნათელ-ეღოთ, ისინი თავიანთ ცოდვებსაც აღიარებდნენ მის წინაშე. იოანე კიბისაღმწერელი (თავი მე-4) ამბობს, ეს იმიტომ კი არ ხდებოდა, რომ იოანე ნათლისმცემელს მათი ცოდვების ცოდნა რამეში სჭირდებოდა, არამედ იმიტომ, რომ სინანულის სიმტკიცისათვის ცოდვების მონანიებასთან ერთად მათი აღიარებაც საჭირო იყოო.
იმავე წმ. მამის თქმით, - რომელმაც იცის, რომ მოვალეა აღიაროს თავისი ცოდვები, ეს ცოდნა აღვირს ასხამს, ეხმარება, რომ აღარ გაიმეოროს ისინი; და პირიქით, აუღიარებელი ცოდვები სიბნელეში ჩადენილ საქმიანობებს ჰგვანან – მათ გამეორებას არაფერი უდგას წინ.
ცოდვების აღიარებით ირღვევა მათთან კავშირი. ცოდვების მოძულება ჭეშმარიტი სინანულის ნიშანია, ღმრთის სათნო ცხოვრების წესის არჩევის ნიშანი. თუ ცოდვების ჩადენას მიეჩვიე, მათ აღიარებასაც მოუხშირე და მალე გათავისუფლდები ცოდვათა ტყვეობისგან, მაშინ კი მსუბუქად და სიხარულით შეუდგები უფალ იესო ქრისტეს.
ვინც ნიადაგ ღალატობს თავის მეგობრებს, იმას მეგობრები მტრებად უხდებიან და შორდებიან, როგორც მოღალატეს, მათი დაღუპვის მოსურნეს. ასევე, ვინც აღიარებს თავის ცოდვებს, იმას ტოვებენ ეშმაკები, რამეთუ დაცემული ბუნების სიამაყეს ეფუძნებიან და ვერ უძლებენ მხილებას, შერცხვენას.
ვინც განზრახ, შეგნებულად სცოდავს იმის იმედით, რომ მერე მოინანიებს, ის თვით ღმერთის მიმართ იქცევა მზაკვრულად. განზრახ და შეგნებულად მცოდველს უცაბედი სიკვდილი ეწევა და არ ეძლევა ის დრო, რომელიც შესანანებლად ჰქონდა განსაზღვრული.
აღსარების საიდუმლოთი აღიხოცება ყოველი ცოდვა, ჩადენილი სიტყვით, საქმით, გულისხმისყოფით. იმისათვის, რომ გულიდან ამოიძირკვოს დიდი ხნის ფესვგადგმული ცოდვილი ჩვევები, დროა საჭირო, საჭიროა მუდმივი სინანული. მუდმივი სინანული კი ნიშნავს გულის მუდმივ შემუსვრილებას, მუდმივ ბრძოლას გულისთქმებთან და გრძნობებთან, რომლებიც გულში ჩაბუდებული ცოდვილი ვნებების გამოვლინებას წარმოადგენენ, ხორციელი გრძნობებისა და მუცლის დათრგუნვას, სიმდაბლით ლოცვას და ხშირ აღსარებას.
ძმებო! ნებსითი ცოდვით დავკარგეთ წმინდა უმანკოება, რომლისთვისაც უცხო იყო არა მარტო ცოდვა, არამედ ბოროტის ცნობაც. ამ უმანკოების სულიერი ნათლით მოვედით სოფლად, შემოქმედის ხელით ქმნილნი, ჩვენ კი ის უმანკოებაც დავკარგეთ, ნათლისღებით განახლების შემდეგ რომ მოგვენიჭა, და ჩვენი შესამოსელი, მხსნელის მიერ განსპეტაკებული, ცხოვრების გზაზე ათასგვარი ცოდვით შევბღალეთ. ერთიღა დაგვრჩა განსაბანად – წყალი სინანულისა. და რა მოგველის, თუ განწმენდის ამ გზასაც უგულებელვყოფთ? წარვუდგებით უფალს ცოდვით შერყვნილი სულებით, რისხვით მოხედავს ღმერთი შებილწულ სულს და ჯოჯოხეთის ცეცხლს განუჩინებს სასჯელად.
"განიბანენით", - ეუბნება ღმერთი ცოდვილებს, - "წმიდა იქმნენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქუენთა წინაშე თუალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქუენთა და მოვედით და შევიტყუნეთ (მოდით და ვისაუბროთ)" (ეს. 1, 16-18). რითი მთავრდება ღმერთის ეს სამსჯავრო, სინანულის სამსჯავრო, რომლისკენაც ღმერთი ნიადაგ მოუწოდებს ცოდვილს მისი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე? თუ კაცი აღიარებს ცოდვებს, თავს-იდებს გულწრფელ სინანულს და ცოდვილ ცხოვრებას დაუტევებს, მაშინ ღმერთი თავის სამსჯავროზე ასეთ განჩინებას გამოიტანს: "უკუეთუ იყვნენ ცოდვანი თქუენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო, ხოლო უკუეთუ იყვნენ, ვითარცა ძოწეულნი მეწამულნი, ვითარცა მატყლი გავასპეტაკო" (იქვე).
და თუკი ქრისტიანი შეურაცხყოფს ღმერთის ამ უკანასკნელ, მრავალმოწყალე გაფრთხილებას, მაშინ ეუწყოს მისგან საბოლოო წარწყმედა: "ხოლო უკუეთუ არა გინდესთ, არცა ისმინოთ ჩემი, მახვილმან შეგჭამნესთ თქუენ, რამეთუ პირი უფლისა იტყოდა ამათ" (იქვე, 20), ამინ. შეინანეთ და გრწმენინ სახარებისა! , რამეთუ


საშობაო ეპისტოლე - 1981

ღვთივკურთხეულ შვილთა მიმართ საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი და სამოციქულო ეკლესიისათა, მკვიდრთა საქართველოისა და მცხოვრებთა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ

სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა,
და სოფელმან იგი ვერ იცნა (იოანე 1,10)

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ღვთივრჩეულნო მღვდელმთავარნო, სამღვდელო დასო, ბერნო და მონოზონნო, ჩვენი ეკლესიის ღირსეულნო შვილნო, უცხოობაში მყოფნო მამულიშვილნო!
ისევ გადაიშალა ჟამთა ბრუნვის ერთი ფურცელი, ასევ ინათა ვარსკვლავმა ბეთლემის თავზე და მოვიდა დიდებული დღე, ქრისტეს შობისა. ანგელოზთა გუნდნი ისევ მოაფენენ ჩვენს ნაცნობ ჰანგებს ცასა და ქვეყანას: დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14). მინდა მოგაგონოთ ამ ნათლით მოსილ დღეს, რომ ოქროს სასახლეებსა და ბროლით ანაგებ კოშკებს მადლი და სითბო არასოდეს მოუფენიათ ჩვენი მიწისთვის, ბეთლემის მადლი და საოცრება კი იხილეს ჩვენმა წინაპრებმა თავისი თვალით, და იმავ მადლს ვხედავთ დღესაც ჩვენი გონებით... იშვა ბეთლემში ის, ვისთანაც ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია (ინ. 1,4-5). დიახ, სწორედ ბეთლემში, მწყემსის გამოქვაბულში ნაშობმა სიტყვამ, ე.ი. ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩვენმა მოუტანა კაცობრიობას ის სასოება და სიხარული გულისა, და ნათელი გონებისა, რომელიც ყოვლად მოწყალე მაღალი ღვთისაგან მზადდებოდა ადამიანისათვის მთელი წინამდებარე ათასწლეულების მანძილზე. ის უნდა მოსულიყო... ის მოდიოდა... ღვთის განგება ამზადებდა მის ჩვენთან მოსვლას.., და იშვა იგი ქალწულისაგან, როგორც იყო განგება ღვთისა...
... რომ შევიცნოთ და შევისისხლხორცოთ ეს უდიდესი საიდუმლო, ამისათვის სარწმუნოებაზე დაფუძნებული ცოდნა უნდა შევსძინოთ ჩვენს გულს, ჩვენს გონებას, იმდაგვარად უნდა ავმაღლდეთ, რომ მაღალ დონეზე სუფევდეს ჩვენში სარწმუნოება და ცოდნა...
სარწმუნოება უნდა ანათებდეს ჩვენს შინაგან სამყაროს და შინაგანი სამყაროც მზად უნდა იყოს, რომ შეიცნოს, თუ საიდან მოდის ეს ნათელი, და მიიღოს იგი... მაშასადამე, სარწმუნოების ნათელს გულმა და გონებამ თავისი ნათელი უნდა დაახვედროს, ამ ორი ნათელის შერწყმით ამაღლდება სულიერად ადამიანი, და ამ გზით იგი ღვთისაგან ბოძებული მაღალი გონებით იხილავს ღმერთს: ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ (მთ. 5,8).
ამ უნათლეს დღეს ჩვენ ვულოცავთ ჩვენს სამწყსოს შობას უფლისას და ვუსურვებთ, რომ ისე ამაღლებულიყოს ქრისტეს მოყვარულ ჩვენს მშრომელ ხალხში ცოდნა და მასთან სარწმუნოება, რომ ერის სულიერ თვალს ჭეშმარიტად დაენახოს და გაეგოს, თუ რა დიდია ბეთლემი, გოლგოთა და ამაღლების მთა...
ადამიანის, ოჯახის, საზოგადოებისა და დღევანდელი კაცობრიობის ცხოვრებას მრავალგვარი თავისებურება ახასიათებს, ერთერთი იმათგან არის ის, რომ მეცნიერება და ხელოვნება კაცობრიობის არსებობის მუდამ განუყოფელი ნაწილი იყო. მაგრამ დღევანდელმა ცივილიზებულმა ინდუსტრიულმა გონებამ არ უნდა დაივიწყოს, რომ ბეთლემის გამოქვაბულში შობილმა ჭეშმარიტებამ, ხორცშესხმულმა ღმერთმა ჩვენმა, იესო ქრისტემ, პირველმა მოჰფინა ნათელი მეცნიერების წინსვლას, ხოლო ხელოვნების ისტორია ქვეყნის შექმნის დღიდან იწყება და პირველი მიუწვდომელი ხელოვანი ღმერთია თავად... თავი და თავი ის არის, რომ მეცნიერება და ხელოვნება უნდა ემსახურებოდეს იმ ღვთიურ მადლსა და სიკეთეს, რომელიც ნერგავს ხალხთა შორის პროგრესს, სიხარულს, რწმენას, სიყვარულსა და ურღვევ მეგობრობას.
ყოველმა მეცნიერმა უნდა იცოდეს, რა შედეგი მოჰყვება მის მეცნიერულ კვლევა-ძიებებს, რას მოუტანს მისი ნაღვაწი ხალხებს: სიკეთეს თუ დაღუპვას. ა. ეინშტეინი ამის შესახებ წერდა: "როდესაც მე თავი მეცნიერებას მივუძღვენი, ვხელმძღვანელობდი არა ისეთი გარეგნული მოტივებით, როგორიცაა ფულის მოპოვება, ან საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება და არც იმით (უკიდურეს შემთხვევეაში, არა მხოლოდ იმით), რასაც ხშირად სპორტად თვლიან, ან ტვინის ვარჯიშად, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. არამედ, როგორც მეცნიერებისაკენ მიდრეკილისათვის, ჩემთვის ძირითადს ერთი საკითხი წარმოადგენს - რა სურს, ან რა მიზანს ისახავს ის მეცნიერება, რომელსაც მე თავი მივუძღვენი? რამდენადაა მისი ძირითადი შედეგები დაკავშირებული ჭეშმარიტებასთან". (ტ.IV, 27-28). ხელოვნება კი, ღვთისაგან მონიჭებული ის სიკეთეა, რომელიც მთლიანად ეხება ადამიანთა არა ხორციელ ბუნებას, არამედ მის სულიერ სამყაროს. რამდენადაც მეტად მაღლდება ჩვენი სულიერი სამყარო, იმდენად მეტად ვუახლოვდებით ოცი საუკუნის წინანდელ ბეთლემს და ვმაღლდებით იმისაკენ, ვინც წარმოუდგენლად მაღლა დგას მეცნიერებასა და ხელოვნებაზე.
ჩვენ ვულოცავთ ჩვენს სიცოცხლის უნარიან ერს შობას უფლისას და ვუსურვებთ ბრწყინვალე გზით მიმავალ მეცნიერებს, მწერლებს, პოეტებსა და ხელოვნების სიყვარულით შთაგონებულ შემოქმედებს, რომ ქრისტეს ნათელი და ჭეშმარიტება გაძღოლოდეთ მათ თავიანთი დიდი მოღვაწეობის სახელოვან გზაზე, ჩვენი სამშობლოსა და მისი შვილების საკეთილდღეოდ.
არ შეგვიძლია დავივიწყოთ, რომ ჩვენმა კაცთმოყვარე ერმა მძიმე ტანჯვა გამოიარა... როგორც კუნძულს მღვრიე ტალღები დიდი მდინარისა, ისე მუდმივად გვადგა ირგვლივ ურიცხვი მტერი... ჩვენი წალეკვა უნდოდა სიბნელისა და ურწმუნოების მძვინვარე ტალღებს... ჩვენი ერი ზღაპრული ძალითა და ენერგიით ებრძოდა მუდამ მტერთა ურდოებს... პირველყოვლისა, ჩვენს ხალხს სწყუროდა არა მხოლოდ თავის გადარჩენა, არამედ გადარჩენა იმ დიდი მადლისა, რომელიც ქრისტეს წმიდა კვართს, მოციქულთა აქ მობრძანებას და ღვთისმშობლის მიერ ქალწული ნინოსთვის ბოძებულ ვაზის ჯვარს შემოჰყვა ჩვენში. ჩვენმა ეროვნულმა სულმა ქრისტიანობის მიღების შემდეგ ისე შეიყვარა მხოლოდშობილი ძე ღვთისა, რომ დაუნანებლად ვსწირავდით თავს ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის გადასარჩენად... და ჩვენ შევინარჩუნეთ ქრისტიანობა საქართველოში, და მისი მადლით შევინარჩუნეთ თვითმყოფადობა და ეროვნული ჩვენი სიცოცხლე.
ცნობილია, რომ ყველა ხალხი, რომელმაც კი ქრისტიანობა მიიღო და შეიყვარა, სულიერი კულტურის აყვავების გზას დაადგა. ქართველ ხალხს კი ქრისტიანულმა მადლმა გაცილებით მეტი მოუტანა, ვიდრე სულიერი კულტურის აყვავებაა. ქრისტიანობის გარეშე ჩვენ, როგორც თვითმყოფადი ერი, ვერ ვიარსებებდით, მოვკვდებოდით... უფრო სწორად, დაახრჩობდა მღვრიე ტალღები ჩვენს ლამაზ კუნძულს... მოგვსპობდა ის გარემოცვა, ის ურჩხული, სისხლით დამთვრალი, ვერ აიტანდა ჩვენს სულსა და ქრისტიანობას... მაშასადამე, ქრისტიანობამ მოგვანიჭა გადარჩენა, შეგვინარჩუნა ეროვნული სიცოცხლე და თავისუფლება.
ქრისტიანობამ შეძლო მიეცა მისი მიმდევარი ყველა ხალხისათვის წინსვლისა და აყვავების დიდი უნარი, არა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იგი კარგად ჩამოყალიბებულ იდეებსა და იდეალებს წარმოადგენდა, არამედ იმ ღვთიური მადლისა და განგებულების შედეგად, რომელიც ღვთის ნებით უნდა მოჰყოლოდა ქრისტიანობას... და მას მოჰყვა იგი, მოჰყვა ნათელი დიდი "ნათლისაგან ჭეშმარიტისა".
ქრისტიანული ნათელი ბეთლემში იშვა და ამ ნათელმა ქართველ ერს მისცა ნათლის ისეთი კერები, როგორიც იყვნენ: სინას მთა და წმიდა ათონი, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი და ბულგარეთის პეტრიწონი, გელათისა და იყალთოს აკადემია და სხვა.
თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლებდა ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი...
ხმალს არ აგებდა ქარქაშში ქართველი კაცი, ხმალი მზად ჰქონდა მუდამ მებრძოლს, და მკლავიც მზად ჰქონდა ბრძოლისა და შრომა-გარჯისათვის... თუ არა ქრისტიანული მადლი, ვინ დაბადებდა ისეთ გმირებს, როგორებიც იყვნენ: თორნიკე ერისთავი, დავით და კონსტანტინე, შალვა, ბიძინა და ელიზბარი, მღვდელი თევდორე. მაშასადამე, ქრისტიანობამ მოუტანა საქართველოს ბევრი რამ კარგი და სასახელო. ჩვენ ვულოცავთ ჩვენს საყვარელ ერს ამ ბრწყინვალე დღეს ქრისტეს შობისას და ვუსურვებთ, რომ კვლავაც ქრისტიანული გზითა და აზრით ეტარებინოს თავისი მარად აღმავალი სული და მისწრაფება... ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენს ეროვნულ ერთიანობაში, ერისა და ეკლესიის ერთიანობაშია სარწმუნოების, სასოებისა და სიყვარულის წყარო, და მხოლოდ ასეთ ერთიანობას შეუძლია უზრუნველყოს ჩვენი დიდი მომავალი.
ქრისტიანობის მადლით ძალმოსილი შვილები ჩვენი ერისა იღვწოდნენ ჩვენი ენის, ჩვენი მწერლობის, ჩვენი ფილოსოფიური აზროვნებისა და მეცნიერების წინსვლისა და აყვავებისათვის. ჩვენი ერის დიდი შვილები უპირველესად იღვწოდნენ თავიანთი სულიერი ამაღლებისა და განწმენდისათვის, რათა ამის შემდეგ ქრისტეს მადლით ძალმოსილნი უდიდეს მეცნიერულ, ფილოსოფიურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას შესდგომოდნენ.
ჩვენი მხნე, სიცოცხლისა და თავისუფლების წყურვილით აღვსილი ხალხი, საუკუნეების მანძილზე აყალიბებდა ჩვენს დიდებულ უნიკალურ ენას. ამ ენაზე შეიქმნა უძველესი ჩვენი მწერლობა, ამ ენაზე დაიწერა "წამებაი წმიდისა შუშანიკისა", მთელს მსოფლიოში უსაჩინოესი "ვეფხისტყაოსანი" და ბევრი სხვა. ამ ენაზე მეტყველებდნენ გელათისა და იყალთოს აკადემიებში, ეს ენა ჟღერდა სინას მთაზე, წმიდა ათონზე და იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. ამ ენაზე ქმნიან თავიანთ შრომებს ჩვენი ბრძენი მეცნიერები ჩვენს სახელოვან მეცნიერებათა აკადემიაში, და ჩვენს კურთხეულ უნივერსიტეტსა და ინსტიტუტებში. ქართველ ხალხს ღრმად აქვს შეგნებული, რომ "რა ენა წარხდეს, ერიც დაეცეს, ჩირქი მოეცხოს ტაძარსა წმიდას" (გრიგოლ ორბელიანი). ამიტომ უყვართ თავისი ენა საქართველოს გულკეთილ შვილებს.
ჩვენ ვულოცავთ შობას უფლისას ჩვენს ღვთივგანბრძნობილ მეცნიერებს, მწერლებს, პოეტებს, ხელოვნების სიყვარულით შთაგონებულ შემოქმედებს და ვუსურვებთ, რომ მომავალშიც არ დაეზოგოთ გონიერება და ენერგია ჩვენი ერის სრულყოფისათვის, ჩვენი უძველესი მწერლობისა და ზეგარდმო მადლით ამაღლებული პოეზიის კიდევ მეტად ამაღლებისათვის, მეცნიერების წინსვლისა და ტექნიკური პროგრესისათვის.
ამ დიდებულ დღეს მე არ შემიძლია გვერდი ავუარო და არ შევეხო სამშობლოს სიყვარულის საკითხს. სამშობლო ადამიანის სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია, უსამშობლო ადამიანი სულით ღატაკია და საცოდავი, სამშობლოს სიყვარულით მწიფდება და ყალიბდება ადამიანის სულიერი სამყარო, მისი მისწრაფებანი და ფილოსოფიური შეხედულებანი, მისი გულწრფელობა და სიყვარული სხვა ერებისადმი... ვისაც არ უყვარს თავისი თავი, ის ხომ ვერც სხვას შეიყვარებს... და ვისაც არ უყვარს თავისი სამშობლო, ის როგორ იგრძნობს ცარიელ გულში სხვათა სამშობლოს სიყვარულს?! ამიტომ ბრძანა რაფიელ ერისთავმა: "სამშობლო - დედის ძუძუჲ არ გაიცვლების სხვაზედა", და "როგორც უფალი, სამშობლოც, - ერთია ქვეყანაზედა".
სამშობლოს გულმხურვალე სიყვარული იმაზე მიუთითებს ადამიანს, რომ უყვარს რა თავისი სამშობლო, ის უნდა იდგეს საერთო საკაცობრიო სიყვარულის სიმაღლეზე; ამაში მდგომარეობს ქრისტიანული სიკეთის ნათელი... ეგოიზმის ყოველგვარი გამოვლინება, რა საკითხში და რა საქმეშიც არ უნდა იყოს იგი, უცხოა და მიუღებელი ქრისტიანობისათვის. ამიტომ, სამშობლოს სიყვარული შოვინისტურ გრძნობათა ნაყოფი კი არ უნდა იყოს, არამედ ნაყოფი იმ მარად უჭკნობი ხისა, რომელსაც ქრისტიანობა ეწოდება.
ჩვენ ხშირად ვმსჯელობთ ეკონომიკური განვითარების პრობლემებზე. ალბათ უკვე დადგა დრო, როდესაც უნდა შეიცვალოს ჩვენი თვალსაზრისი, დადგა დრო, როდესაც ეკონომიკურ კონცეფციებთან ერთად უნდა ვიფიქროთ ადამიანის სულიერსა და კულტურული განვითარების დონეზე, ეკონომიკურ კეთილდღეობას არ მოაქვს ბედნიერება. ნივთები, რომლებიც სულ უფრო და უფრო ავსებენ ჩვენს ყოფას, კარგავენ თავიანთ ღირებულებას. უპრეცედენტო, მატერიალური განვითარება წარმოშობს უპრეცედენტო სიმახინჯეებს, ეგოიზმს, უნიათობას და სულიერ სიცარიელეს. დღეს, როდესაც ასეთი თავგამოდებით ვზრუნავთ სხეულზე და ვივიწყებთ სულს, შეძენისა და მოხვეჭის ორომტრიალში გართულთ გვავიწყდება, რომ ამ დროს ერთდროულად ვკარგავთ სულსაც და ხორცსაც.
თესალონიკის მთავარეპისკოპოსი წმიდა გრიგოლ პალამა ამბობს, ადამიანი რეალურად კვდება იმ მომენტში, როცა კარგავს ღვთის მადლს და ეზიარება ცოდვას. სულის სიცოცხლე, - ამბობს იგივე მამა, შესაძლებელია ღმერთთან კავშირში, ისევე როგორც ჩვენი ხორცის სიცოცხლე შესაძლებელია მხოლოდ სულთან კავშირში.
ქრისტესმიერ ჩემო შვილებო!
საყვარელო ქართველო ხალხო!
წუთი წუთს მისდევს, საათს საათი, დღეებს დღეები ენაცვლებიან, ერთი წლის ნაცვლად მეორე დგება და იფურცლებიან ამდაგვარად უთვალავი საუკუნენი... მარადიულობისათვის, რომლის შვილებიც ჩვენ გახლავართ, ეს ყოველივე არარას ნიშნავს... ჩვენს რთულ ეპოქას, დამძიმებულს ტყვიითა და წამლით, მშვიდობა უნდა და სიყვარული... ჩვენს სამშობლოსაც, საქართველოს, შრომისა და სიყვარულის მარად ერთგულ ხალხს, მშვიდობა უნდა.
ჩვენ შევსთხოვთ ქრისტეს შობის ცხოველმყოფელ მადლს, რომ მშვიდობა ყოფილიყოს მთელს ქვეყანაზე. შრომის სუფევა გვირგვინია და უშრეტი წყარო ადამიანთა ამქვეყნიური ბედნიერების. ჩვენ შევსთხოვთ უფალს, ამ დღეს შობილს, რომ მისი მადლითა და მოწყალებით, შრომისმოყვარე ქართველ ხალხს კვლავაც ჰქონოდეს საშუალება მშვიდობიანი შრომისა მამულის ასაყვავებლად.
ჩვენ შევსთხოვთ ღვთისმშობელ დედას, რომ მისი წმიდა საფარველის ქვეშ ყოფილიყოს მარად საქართველო, ქართველი ხალხი და მთელი ქვეყანა.
ეს ნათლით სავსე ქრისტეს შობის დღე გვაძლევს რწმენას და სასოებას, ჩემო ტკბილო ქართველო ხალხო, რომ ჩვენ მუდამ ერთად ვიქნებით, რომ ჩვენ ვიქნებით ერთი სამწყსო და გვეყოლება ერთი მწყემსი - უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
უფალმან ძალი ერსა თჳსსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თჳსი მშვიდობით (ფს. 28,2).
ქრისტეს შობა
1980/81 წწ. ქ. თბილისი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ღვთივკურთხეულ შვილთა მიმართ საქართველოს წმიდა

image
image თემა: შობა
ავტორი: ილია II

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3