წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
ჭამისა და სმისაგან დასნეულებული მრავალი უნახავს კაცს, გარნა მარხვისა და მოთმინებისაგან არცა ერთი. მართალია, დასაწყისში შედგომილი მარხვისა დაღონებულია, მოწყენილია, მეტადრე თუ უყვარდა ფრიადი ჭამა და სმა; მაგრამ ამით არ უნდა შეშინდეს. როდესც მიეჩვევა მარხვასა და სული მისი დაიპყრობს და დაიმორჩილებს სხეულსა. მაშინ მიხვდება თვითონაც და დარწმუნდება რა სასარგებლო არის მარხვა.
თემა: მარხვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
მარხვა წმინდა იქნება არა მხოლოდ საჭმლის გამოცვლითა, მოკლებითა, არამედ საქმის გასწორებითა და ყოფა–ქცევის გამოცვლითა. მაშასადამე, ჩვენ ყოველნი ამას უმეტესად უნდა ვცდილობდეთ, რომელ ხასიათი გამოვიცვალოთ და ბუნება ჩვენი ისრე გავამაგროთ და გავაკეთოთ, რომელ არა თუ დიდ მარხვაში, არამედ ყოველთვის ქრისტიანულად და პატიოსნად ვიქცეოდეთ, მაგრამ საჭმლის მოკლებაც საჭირო არის. იგი შეეწევა სულიერსა განღვიძებასა; ვისაც ხორცნი აქვს შენებულნი, გასუქებული და აღვირ უსხმელი, მას ხორციელნი ვნებანი აქვს გამრავლებულნი, ხოლო სული დაძინებული და დაღონებული. ფრიად საჭირო არს აღვირის სხმა და დათრგუნვა ხორცთა. ნურაოდეს ნუ დაიჯერებ, ძმაო ჩემო, რომ გამძღარ სტომაქით შეეძლოს კაცსა ლოცვა, მონანება, ხოლო როდესაც მარხვისაგან ცოტაოდენ მოუძლურდება ხორცი, მაშინ სული თავისუფალი არს და მიილტვის შემოქმედისა თვისისადმი.
თემა: მარხვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
მარხვა ძველ სჯულშიც არა ყოველთვის ნიშანვდა მწუხარებას, არამედ სულიერი კმაყოფილებით და სიხარულით უნდა ყოფილიყო მიღებული. ჩვენცა, ძმანო ქრისტიანენო, არა სულმოკლეობითა და მწუხარებითა, არამედ სულიერითა კმაყოფილებითა და ერთგულებითა შევუდგეთ დღეთა ამათ მარხვისათა, წმინდა ვყოთ მარხვა, ვქადაგოთ მსახურება, შევიკრიბოთ ერი ეკლესიასა შინა და წმინდა ვყოთ ეკლესია.
თემა: მარხვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
დიდი მარხვა არის ჟამი განღვიძებისა ჩვენდა ძილისაგან. მართლა, რაც გინდა დაუდევნელი და უსასო იყოს ქრისტიანე კაცი, არ შეიძლება ცოტაოდენ მაინც არ გაიღვიძოს და არ დაფიქრდეს თავის თავზედ დღეთა შინა დიდისა მარხვისასა.
თემა: დიდი მარხვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
როდესაც შენ, ძმაო ემსახურები გაჭირვებულსა და გლახაკსა, მაშინ თვით ქრისტესა ემსახურები. მრავალგზის გვესმის ჩვენ ეს დიდი ჭეშმარიტება, გარნა მრავლისა თქმისა და სმენისაგან ისე მიეჩვია ჩვენი ყური, რომელ იგი დიდად არაფრად მიგვაჩნია, მაშინ როდესაც ჭეშმარიტისა ქრისტიანისათვის არა რაი არს უტკბილესი იმ აზრისა, რომელ როდესაც იგი ემსახურება გაჭირვებულსა თვისსა მოყვასსა, მაშინ იგი ემსახურება, ავასხებს თვით ქრისტესა.
ჩვენ ყოველნი ვართ ასონი, ანუ წევრნი ქრისტეს გვამისანი; მაშასადამე, ჩვენ ყოველნი ქრისტიანენი შევადგენთ ერთსა გვამსა, ანუ სხეულსა, ესე იგი, ვართ ურთიერთას ასონი. ქრისტე არის ჩვენი თავი, ჩვენ ვართ მისი და ურთიერთის ასონი და სახსარნი.
თემა: ქრისტიანობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
როდესაც შენის ნამეტნავისაგან შენისა მოსამსახურის ხელით გლახაკსა გაუგზავნი მცირე რასმე მოწყალებას, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მაცხოვარი იმას მოითხოვს, რომ შენი ხელით აღასრულო მცნება მოწყალებისა, მოითხოვს მისთვის, რომ, ოდეს შენ პირადად, შენი ხელით ემსახურები გაჭირვებულსა, მაშინ შენ გულიც გაგიკეთდება, მიეჩვევი ღვთის მორჩილებასა, სიმდაბლესა, ჭეშმარიტად და გულითად შეიყვარებ მას, რომელსაც შენი ხელით ემსახურები, და ამ სახით მოწყალებასა შენსა ექნება ორი ნაყოფი: შენს მოყვასს ცხოვრება გაუადვილდება, და შენც თვითონ გული გაგიკეთდება და უმჯობესი შეიქნები.
მაცხოვარი მოითხოვს ჩვენგან საქმესა, და არა მხოლოდ სიტყვასა; მოითხოვს ჩვენგან მოქმედებასა, მოძრაობასა და არა მხოლოდ უქმსა გულის სიტყვასა და უნაყოფოსა გრძნობასა. იქნება შენ, ძმაო, სარწმუნოება და სასოება გაქვს, გარნა ესენი არიან უნაყოფონი, იქნება შენ მრავალი კეთილი განზრახვა გქონდა გულში, გარნა თუ განზრახვა შენი არ აღასრულე, სიტყვა საქმედ არ აქციე, სურვილი სისრულეში არ მოიყვანე, მაშინ შენ ვერ გაერევი მარჯვენით მდგომარეთა და ვერ ცხონდები.
თემა: კეთილი საქმეებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ერთობ საკვირველი არის, ძმანო ჩემნო, რომელ უკანასკნელსა ამას და საშინელსა წამსა, ოდეს ყოველი კაცი თვით პირისაგან ღვთისა გაიგონებს უკანასკნელსა განჩინებასა და შეიტყობს საუკუნესა ხვედრსა თვისსა, მაცხოვარი სხვას არაფერს არ გაახსენებს და არ უქებს მართალთა თვინიერ ამისა, რომელ იგინი იყვნენ მოწყალენი, თუმცა, უეჭველია, რომ მათ სხვანიცა მრავალნი შეამკობდნენ სათნოებანი. ეგრედვე ცოდვილთა სხვა მიზეზს არაფერს ეტყვის, დააყვედრებს მხოლოდ იმას, რომ იგინი იყვნენ უწყალონი, თუმცა, უეჭველია, იგინი სხვათაცა მრავალთა ცოდვათა იქმოდნენ თავიანთ სიცოცხლეში. რაი არს მიზეზი ამისა? ეს მისთვის, ძმანო ჩემნო, რომელ მოწყალება არის ნაყოფი, ცხად მყოფელი ყოველთა სხვათა სათნოებათა, სარწმუნოებისა, სასოებისა, სიყვარულისა. მზგავსადვე უწყალოება არის ნიშანი და ბეჭედი ყოველთა სხვათა ცოდვათა.
რა იქნება ტანჯვა წარწყმედილთა? ამას ვერ წარმოიდგენს გონება კაცისა სრულებით, მხოლოდ არის თქმული, რომელ იგინი იქნებიან ბნელსა გარესკნელისასა, სადაცა ცეცხლი მათი არა დაშრტების, და მატლი მათი არ დაიძინებს.
თემა: ჯოჯოხეთიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი