ეკლესიის დანიშნულებაა, განაცალკეოს ადამიანი ბოროტისაგან
ეკლესიის არსიც ისაა, რომ განაცალკეოს ადამიანი ბოროტისაგან, შეაგრძნობინოს მას თავის თავში ხატება ღვთისა, რომელიც მოწოდებულია სულიწმიდის სავანედ, ღვთის ხატად ქმნისათვის.
ადამიანი სუფთა ფურცელი არ არის, რომელზეც ამა თუ იმ კულტურისათვის სასურველ ნიშნებს დაწერ. მას შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს მისთვის მიუღებელი სოციალური თუ კულტურული სისტემების ძლიერ ზეგავლენასაც კი
ადამიანს აქვს მონიჭებული თავისუფალი ნება, სიკეთისა და ბოროტების ქმნის სრული შესაძლებლობა, არჩევანის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უფლის ხელში უბრალო მანქანა, იარაღი იქნებოდა.
პიროვნება უფლისგან მოწოდებულია იცხოვროს მთელი სისავსით, განამრავლოს სულიერი ღირებულებანი, სრულყოს თავისი ყოფის მატერიალური მხარე, დაამყაროს კეთილი ურთიერთობა სხვა ადამიანებთან და ხალხებთან სამართლიანობის, ჭეშმარიტებისა და სიყვარულის საფუძველზე".
დღეს, როდესაც მსოფლიოში ათეისტური ტალღა გაძლიერდა და მისი გავლენა ჩვენს ქვეყანაშიც იგრძნობა, თვალნათელი გახდა, როგორ დეგრადირდება ადამიანი უფლის გარეშე, როგორ ადვილად გადაგვარებადია იგი, როგორი უგუნური და თვითგანადგურებისკენ მიდრეკილი ხდება ის.
ჩვენ შემოქმედის თანაზიარნი ვართ! მისნი ვართ! დაცემულნი, ცოდვით დამძიმებულნი, მაგრამ მაინც მისნი! ამიტომაც, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩენს ჩვენდამი; ჩვენ კი რით ვპასუხობთ ამ სიყვარულსა და ნდობას?!
აი, რას წერდნენ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (IVს.) და წმინდა გრიგოლ პალამა (XIVს.): „ადამიანი დიადი სამყაროა მცირე დასახულობაში განცხადებული“, „იგი ყოველივე ქმნილის ერთიანობაა, რომელიც ხილულ სამყაროს აკავშირებს ღმერთთან“. წმინდა წერილი კი ასეთ საოცარ საიდუმლოს გვიმხელს: „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქვენ ყოველნი“ (ფს. 81, 6). „ნუთუ არ იცით, რომ ღმერთის ტაძარნი ხართ, და სული ღმრთისა დამკვიდრებულია თქვენში?“ (I კორ. 3, 16). ე.ი. ჩვენ შემოქმედის თანაზიარნი ვართ! მისნი ვართ! დაცემულნი, ცოდვით დამძიმებულნი, მაგრამ მაინც მისნი! ამიტომაც, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩენს ჩვენდამი; ჩვენ კი რით ვპასუხობთ ამ სიყვარულსა და ნდობას?!
ჩვენ, ჩვენდა გაუცნობიერებლად, განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ ვიმყოფებით, ენით უთქმელი შესაძლებლობისანი ვართ და ჩვენი ამქვეყნად მყოფობა, ბუნებრივია, არ შეიძლება შემთხვევითი და უაზრო იყოს