წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
მაგალითსა და საქმესა კაცისასა უმეტესი მოქმედება აქვს სულსა ზედა ჩვენსა, ვიდრე სიტყვიერსა დარიგებასა და შეგონებასა. სიტყვა კაცისა ესოდენ ვერ მიიზიდავს და ვერ განაღვიძებს სულსა ჩვენსა, რაოდენ წარმოდგენა ცხოვრებისა წმიდათა კაცთასა. მათ თვით საქმით აღასრულეს მცნება ღვთისა, ამათ მოიყვანეს არსებაში სჯული ქრისტესი, ამათ მოგვცეს ჩვენ ცხოველი ხატი სათნოებისა და გვაჩვენეს, თუ ვითარ ჯერ არს დაწყობა ცხოვრებისა მსგავსად სახარებისა. აჰა მიზეზი, რომლისთვისცა წმიდამან ეკლესიამან დააწესა ხსენება წმიდათა და ხშირად შეგვკრებს ჩვენ სმენად მათისა ცხოვრებისა და მათთა საქმეთა.
„ყოველსა, რასაცა იქმოდეთ, – გვასწავებს მოციქული პავლე – სიტყვით, გინა საქმით, ყოველსავე სახელითა უფლისა იესო ქრისტესითა, მადლობდით ღმერთსა და მამასა მის მიერ“. ანუ კვალად იგივე მოციქული სწერს: „ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა და ნუ ვითარცა კაცთასა“ (კოლ. 3. 14, 20). ერთი სიტყვით, ვინც იქცევა სიმართლით, გულწრფელად, ვისაც ღმერთი ახსოვს და აქვს სინიდისი, იგი არის ღვთისმსახური და ღვთის მონა, გარნა ვინც არის უმართლო, ცუდის ხასიათისა, მცონარე, მეშფოთე, მოძულე, იგი ემონება მამონასა და არა ღმერთსა.
როდესაც შენ, ძმაო ჩემო, მოგებისათვის სიცრუეს იტყვი, მოატყუებ ვისმე, მიითვისებ, რაც შენ არ გეკუთვნოდა, ცხად არს, რომელ შენ დაარღვიე მცნება ღვთისა, უღალატე ღმერთსა და დაემონე მამონასა.
თემა: სიცრუეავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
უფალი არ მოითხოვს შენგან, რომ დაუტევო ყოველი ზრუნვა და ფიქრი სოფლიური; სხვა არს ზრუნვა და ფიქრი ხორციელისა ცხოვრებისათვის და სხვა არს მონება სოფლისა. უფალი მოითხოვს შენგან არ დაემონო სოფელსა ანუ მამონასა ისრეთ, ვითარცა ღმერთსა. უფალი და ბატონი შენი იყოს მხოლოდ ღმერთი, თაყვანისცემა შენი და პატივისცემა ეკუთვნოდეს მხოლოდ ღმერთსა.
ვინც არის მეძიებელი ღვთის სასუფევლისა, ის აღარ იქმნება სულმოკლე მსასოებელი ღვთის შეწევნისა. იგი მუშაობს, ჰსცდილობს და რასაც ღმერთი მისცემს, მით არის კმაყოფილი და ჰმადლობს ღმერთსა. სიღარიბე, ნაკლულევანება, მწუხარება მას არ შთააგდებს სასოწარკვეთილებასა შინა, მისთვის, რომელ მის გულში მარადის მომდინარეობს წყარო მშვიდობისა და ნუგეშისა, ესე იგი, სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი.
რისთვის სთქვა უფალმან: „ ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“? ანუ რა სახით შეიძლება, რომელ ოდესცა კაცი გულსმოდგინედ ეძებს სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისა, მაშინ ამ სოფლის ცხოვრებაც გაუადვილდება მას და შეიქმნება უჯობესი? დიდი და მიუცილებელი კავშირი არის, ძმანო, ორთა ამა საგანთა შორის: პირველად, ეს უეჭველია, და ყოველმან კაცმან იცის, რომელ კაცის ამ ქვეყანაზედ კმაყოფილება და კეთილმდგომარეობა დამოკიდებული არს თვით მის ჭკუაზედ, შრომაზედ და მეცადინეობაზედ; გარნა კაცის შრომა და მეცადინეობა არაოდეს არ იქმნება ნაყოფიერ და სასარგებლო, უკეთუ იმ კაცს არა აქვს გულში ღვთის სასუფეველი, ესე იგი არა აქვს დამშვიდებული, კეთილი და მართალი ხასიათი. გარეგანი წარმატება და ნაყოფიერება კაცის შრომისა ყოველთვის დამოკიდებული არის შინაგანსა მისსა თვისებასა ზედა. კაცის ბედნირების დამარღვეველი მიზეზი არის ცოდვა, ვნება, უსამართლობა. როგორ შეიძლება, რომ ის კაცი იყოს წარმატებული და ბედნიერი, რომელსაც თვითონაც ცუდი ხასიათი აქვს და ჰსცხოვრებს კაცთა შორის, ცუდის ხასიათისა მექონეთა?
სასუფეველსა ღვთისასა უნდა ვეძებდეთ აგრეთვე გარეშე ჩვენსა, საქმეთა შინა ჩვენსა და მოყვასთა ჩვენთასა. ცოდვა და მადლი, სიმართლე და სიცრუე არიან თითქმის არეულნი და გადაბმულნი ურთიერთა შორის; ცხოვრება ადამიანისა ბრუნავს, ვითარცა ურმის თვალი, და მასთანავე ბრუნავენ და იძვრიან ქვეყანაზედ ცოდვა და მადლი. შენზედ არის დამოკიდებული, ძმაო, რომელ კერძოს აღირჩევ და ვის ემსახურები. უკეთუ გსურს შეძიენება ღვთის სასუფეველისა, ყოველ საქმეში აღმოირჩიე მართალი კერძო. სადაცა ხედავ მადლსა, იქ იყოს გული და სული და ხელიცა შენი. შეეწიე განძლიერებასა ღვთის სიმართლისასა კაცთა შორის; იცოდე, რომელ თუ გაძლიერდა იგი მოყვასთა შორის შენთა და მახლობელთა, შენთვისცა დაშთება ესე სასარგებლოდ.