ჩვენს დროში განსაკუთრებით ზეიმობს ამპარტავნება, რადგან მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ ადამიანი თავის თავზე შეყვარებული და თავდაჯერებული გახადა. მას კიდევ უფრო გაუმყარდა ილუზია იმისა, თითქოს, საკუთარ ძალებზე დაყრდნობით ყველაფერი შეუძლია გააკეთოს და, აქედან გამომდინარე, შემოქმედის ადგილიც დაიკავოს.
ამა თუ იმ პიროვნებას ან საზოგადოებას, მორწმუნედაც რომ მიიჩნევდეს თავს, შეიძლება საფრთხე ორი უკიდურესობიდან დაემუქროს. პირველი – ეს არის ფანატიზმის, კარჩაკეტილობის, იზოლაციისა და თვითდაჯერებულობის მდგომარეობა, მეორე კი, პირიქით, მომდინარეობს თავისუფლების უგუნური გაგებიდან, ზედმეტი ლიბერალიზმისა და ყველაფრის ნებადართულობის პრინციპიდან.
ნუ გამოიგონებ აღტაცებულ მდგომარეობას, ნუ მისცემ გასაქანს ნერვებს, ნუ აღაგზნებ შენს თავს ნივთიერი, სისხლის დუღილით გამოწვეული ცეცხლით. ღმერთისთვის სათნო მსხვერპლია მხოლოდ გული დამდაბლებული და სული შემუსვრილი. რისხვით უარყოფს ღმერთი თავდაჯერებით, საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენით შეპყრობილი ადამიანის მიერ შეწირულ მსხვერპლს, თუნდაც ეს განსაკუთრებული მსხვერპლი იყოს.
ცნობილი ფილოსოფოსის ვლადიმერ სოლოვიოვის სტატიაში "ცხოვრების სულიერი საფუძვლები" წერია: "ჩვენ ცოდვის სამ მთავარ სახეს ვიცნობთ: მგრძნობელობითს - ხორციელ ცოდვას ანუ ავხორცობას, რომლის საწყისი ფორმა შობს ცოდვას, ხოლო ჩადენილი ცოდვა - სიკვდილს. შემდეგ მოდის ბუნებითი ცოდვა - თავდაჯერებულობა ანუ თვითგანდიდება. მას თან სდევს ცდომილება, შეცდომისას კი სიჯიუტე სათავეა ტყუილისა და სიცრუისა. და ბოლოს ჩვენი სულისმიერი ცოდვა - ძალაუფლების მოყვარება, რასაც ძალმომრეობამდე მივყავართ. ძალმომრეობა კი მთავრდება მკვლელობით. ასეთია გზა ცოდვისა".
ჩვენი ცხოვრება მრავალ უმნიშვნელოვანეს მხარეს მოიცავს. მათ შორის ერთ-ერთი მთავარია ადამიანთა შორის ურთიერთობის საკითხი. თანამედროვე კაცი იმითაცაა განსხვავებული, რომ ზედმეტად თვითდაჯერებულია, არ ერიდება სიცრუეს, შეურაცხყოფას და, ამავე დროს, მკაცრია სხვათა მიმართ. ჩვენ არაერთხელ ვართ მომსწრენი იმისა, თუ არგუმენტირებული საწინააღმდეგო პოზიციის მიუხედავად თავის აზრს ჯიუტად როგორ ამტკიცებს ესა თუ ის პიროვნება და მხოლოდ საკუთარ თავს მიიჩნევს ჭეშმარიტების მქადაგებლად. ბოროტი სულის მიერ შეპყრობილი და ამპარტავნების ცოდვით მოცული ასეთი ადამიანი უარყოფს სხვათა ყველა მოსაზრებას და მტრობისა და შეურიგებლობის ცოდვაში ეფლობა. ასეთს უფალი ტოვებს და განერიდება, რადგან სძაგს ულმობელი გული.
თანამედროვე ჩვენი ყოფა იმდენად დამძიმდა, რომ უარყოფითმა მუხტმა მთელი მსოფლიო მოიცვა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევებით გათამამებულმა ადამიანმა დაივიწყა ღმერთი და თავისი შესაძლებლობების უსაზღვრობა დაიჯერა. წარმოიშვა უკიდურესი ამპარტავნება, თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა, რის საფუძველზეც მოხდა ცნობიერების განშორება რწმენასა და სულიერ ფასეულობებთან. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მხოლოდ მეცნიერულ-ტექნიკური წინსვლის ხარისხი იქცა ერისა თუ სახელმწიფოს კულტურული დონის განმსაზღვრელად; ამასთან, სულიერებისა და ზნეობრიობის უგულვებელყოფის ხარჯზე განხორციელდა ადამიანის ეგოისტური მომხმარებლური შესაძლებლობების უკონტროლო ზრდა. რა თქმა უნდა, ტექნიკური პროგრესი თავისთავად დადებითი მოვლენაა, მაგრამ ცუდია ის, რომ საზოგადოებამ არ მოინდომა სულიერი ღირებულებების შენარჩუნება, რათა მათ შორის ბალანსი არ დარღვეულიყო.
393. როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ყოველივე კეთილად წარიმართოს?
უფრო მეტი სიმდაბლე და ნაკლები ფიქრები საკუთარ თავზე, უფრო მეტი სასოება ღმერთზე და ნაკლები თვითდაჯერებულობა, უფრო მეტი შემოკრება აზრებისა და ნაკლები გონებაგაფანტულობა და ყოველივე კეთილად წარიმართება.