თემა: მრწამსი

1429.როგორ იკითხება სარწმუნოების სიმბოლოს მეექვსე წევრი?
იკითხება ასე: ,,და ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა".
1430.როდის ამაღლდა ზეცად უფალი იესო ქრისტე?
ამაღლდა მკვდრეთით აღდგომიდან მეორმოცე დღეს (მკ.16,19; ლკ.24,51; საქ.1,2).
1431.უფალი იესო ქრისტე, როგორც ადამიანი, ისე ამაღლდა ზეცად?
უფალი იესო ქრისტე ზეცად ამაღლდა არა ღმრთიური ბუნებით, რამეთუ ვითარცა ღმერთი ის მარად ჰგიებდა და ჰგიებს ამ ჟამადაც ცათა შინა, არამედ თვისი ადამიანური ხორცით.
1432.რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის უფალ იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებას?
უფალ იესო ქრისტეს ზეცად ამაღლება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რამეთუ
    1. ეს არის მისი განდიდების სრული გამოხატულება და ჩვენი ხსნის საქმეთა დაგვირგვინება,
    2. თვისი ამაღლებით უფალმა იესო ქრისტემ განგვიღო ბჭენი ზეცისანი, რათა იმ დიდების თანაზიარნი ვყოფილიყავით, რომელიც მან მოიპოვა ადამიანებისთვის.
1433.როგორ უნდა გავიგოთ სიტყვები: ,,და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა"?
სიტყვები გვმართებს გულისხმავყოთ მოსწავებითა და სულიერად: ეს ნიშნავს, რომ ზეცად ამაღლებული უფალი იესო ქრისტე უფლობს ქვეყნიერებასა ზედა, აქვს თანაბარი ძლიერება და დიდება მამისა და სულისა წმიდისა თანა.
    განმარტება:
    I. ,,ესე ვითარი გვივის ჩუენ მღვდელ-მოძღუარი, რომელი დაჯდა მარჯვენით საყდართა დიდებისათა ზეცათა შინა" (ებ.8,1).
    II. ,,რომელი გარდამოხდა, იგივე არს, რომელი ამაღლდა ზედა ყოველთა ცათა, რაითა აღავსნეს ყოველნი" (ეფ.4,10).
1434.როგორ იკითხება სარწმუნოების სიმბოლოს მეშვიდე წევრი?
იკითხება ასე: ,,და კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ".
1435.როდის მოვა უფალი იესო ქრისტე ცოცხალთა და მკვდართა განსასჯელად?
მოვა უკანასკნელ დღეს, ე.ი. ქვეყნიერების აღსასრულს (მთ.25-30).
1436.როგორ მოვა უფალი იესო ქრისტე უკანასკნელ სამსჯავროზე?
მოვა დიდებითა თვისითა, ვითარცა ზეციური მეუფე, ანგელოზებით გარემოცული.
1437.როგორი იქნება უფალ იესო ქრისტეს უკანასკნელი სამსჯავრო?
იქნება სამართლიანი და საყოველთაო, ამასთანავე სიკეთის მქნელთათვის - სასიხარულო, ცოდვილთათვის - მრისხანე.
1438.ყოველ ადამიანს განსჯის უფალი იესო ქრისტე უკანასკნელ სამსჯავროზე?
განსჯის ყოველ ადამიანს უკლებლივ (მთ.25,32).
1439.რა იქნება უფალ იესო ქრისტეს განსჯის საგანი?
განსჯის საგანი იქნება:
    1. თითოეული ადამიანის ყოველი ნამოქმედარი, კარგიც და ავიც, რომელიც ჩაუდენია მას მიწიერი ცხოვრების განმავლობაში (მთ.16,27);
    2. ყოველი ჩვენი სიტყვა, ფარული ზრახვები და სურვილები (მთ.12,37; მთ.12,36; Iკორ.4,5).
1440.რატომ განსჯის უფალი იესო ქრისტე ყოველ ადამიანს?
განსჯის,
    1. რათა მთელს კაცობრიობას აჩვენოს მის მიერ ძლევა თვისი ბოროტისა და თვის ღმრთიური ძლიერება და დიდება;
    2. რათა თითოეულ ადამიანს მიაგოს საქმეთა მათთაებრ, იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიყენა მან თვისი მიწიერი სიცოცხლის ჟამი და სხვა ყოველივე, რაც უფალ ღმერთისგან მიიღო.
1441.რა დაემართებათ ადამიანებს საშინელი სამსჯავროს შემდეგ?
მართალნი სრული თანაზიარნი შეიქმნებიან სამარადისო ნეტარებისა და დიდებისა, ხოლო ცოდვილნი საუკუნოდ იქმნებიან უფალ ღმერთისგან განდევნილნი (მთ.25,46).
1442.ვუწყით როდის დადგება სამყაროს აღსასრული?
არ ვუწყით, რადგანაც უფალმა იესო ქრისტემ არ გაგვიმხილა; ამიტომ ჩვენ გვმართებს ისე ვიცხოვროთ, რომ მუდამ მზად ვიყოთ უფლის სამსჯავროზე წარსადგომად (მთ.24,36; 25,13).
1443.რას ნიშნავს სიტყვები: ,,რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ"?
ეს ნიშნავს, რომ ხელმწიფება და დიდება უფალ იესო ქრისტესი სამარადისოდ გაგრძელდება (Iტიმ.6,15-16; გამოცხ.17,14).
1444.განსჯის უფალი ღმრთი ადამიანებს ქვეყბიერების აღსასრულამდე?
განსჯის, კერძოდ სიკვდილისთანავე, თითოეულს ცალ-ცალკე და პირად-პირადად (ლკ.16,19-31).
1445.რა ემართება ადამიანს სიკვდილის შემდეგ?
სიკვდილის შემდეგ ადამიანის სხეული გაიხსწნება, სული კი ღმრთის სამსჯავროზე წარსდგება.
1446.სრულად მიენიჭებათ ჯილდო ადამიანებს, ანდა სრულ სასჯელს მიიღებენ მეყვსეულად, ღმრთის კერძო სამსჯავროს შემდეგ?
სრულ ჯილდოს ან სრულ სასჯელს ადამიანები მეყვსეულად, კერძო სამსჯავროს შემდეგ არ მიიღებენ, არამედ უკანასკნელი სამსჯავროს შემდეგ, რამეთუ ჯილდოს თანაზიარიც და სასჯელისაც სამართლიანობის მიხედვით, სულიც უნდა იყოს და ხორციც, ეს კი მოხდება საყოველთაო აღდგომის შემდგომ.
    განმარტება:
    I. მეორედ მოსვლის შესახებ უფალმა იესო ქრისტემ ბრძანა: ,,რაჟამს მოვიდეს ძე კაცისა დიდებითა თვისითა და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს სატდართა დიდებისა თვისისათა" (მთ.25,31).
    II. ასევე ბრძანებდა უკანასკნელი სამსჯავროს შესახებ უფალი იესო ქრისტე და მისი სიტყვები ზედმიწევნითაა ჩაწერილი მათეს სახარებაში (25,31-46). ამასთან, შეგვახსენებდა, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებით მართალნი საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებენ, ხოლო ცოდვილნი საუკუნო სატანჯველს.
    III. პავლე მოციქული წერს ,,რამეთუ ჩვენ ყოვლნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა, რაითა მიიღოს კაცად-კაცადმან ხორცთა ამათგან, რა ცა-იგი ქმნა გინა თუ კეთილი, გინა თუ ბოროტი" (IIკორ.5,10). შემდეგ პავლე მოციქული ამბობს, რომ უფალმა იესო ქრისტემ მეორედ მოსვლით: ,,განანათლოს დაფარული იგი ბნელისა" (Iკორ.4,5).
     IV. პირველად უფალი იესო ქრისტე ქვეყნად მოვიდა, ვითარცა უპოვარი ყრმა; მეორედ იგი მოვა დიდებითა თვისითა.
    V. თუმცა უფალმა იესო ქრისტემ არ გამოგვიცხადა სამყაროს აღსასრულის ჟამი, მაგრამ მიგვითითა, რომ ამ აღსასრულს წინ უსწრებს: ადამიანთა შორის რწმენისა და სიყვარულის მოკლება, ცოდვისა და საცთურის გამრავლება, აგრეთვე გამოჩენა ადამიანისა, რომელიც თავს ქრისტედ გამოაცხადებს, სინამდვილეში კი ის იქნება ქრისტეს მტერი ანუ ანტიქრისტე (ქრისტეს წინააღმდგომი), რისთვისაც მს მიეზღვება და განადგურდება უფალ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლით (IIთეს.2,3-8). სამყაროს აღსასრული არ დადგება იმაზე ადრე, ვიდრე ყველა ხალხები არ განათლდებიან ქრისტეს სახარებით (მთ.24,14).
    VI. ქრისტეს ხელმწიფება შედგება სამი ნაწილისგან:
    1. მთელი ქვეყნიერება,
    2. მორწმუნენი დედამიწაზე,
    3. მართალნი ზეცაში.
    უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოველთა უფალია. პავლე მოციქული უწოდებს მას ,,მხოლოსა ძლიერსა მეუფესა მეუფეთასა და უფალსა უფლებათასა, რომლისა არს პატივი და ძალი საუკუნოი" (Iტიმ.6,15-16).
    VII. უფალ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა საყოველთაო განსჯისთვის იქნება მისი მკვდრეთით აღდგომისა და დიდებით ზეცად ამაღლების დაგვირგვინება და ნიში მის მიერ ბოროტების სრული ძლევისა და სიკეთის საბოლოო გამარჯვებისა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები