თემა: ეკლესია,  მრწამსი

1468.როგორ იკითხება სარწმუნოების სიმბოლოს მეცხრე წევრი?
იკითხება ასე: ,,(მრწამს) ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია".
1469.რას ვაღიარებთ სარწმუნოების სიმბოლოს მეცხრე წევრით?
ვაღიარებთ, რომ უფალმა იესო ქრისტემ ეკლესია დააარსა ადამიანთა განსანათლებლად და სახსნელად.
1470.რა არის ეკლესია?
ეკლესია არის ღმერთისგან დადგენილი ადამიანთა საზოგადოება:
    1. რომელთაც სწამღ, რომ უფალი იესო ქრისტე არის მხოლოდშობილი ძე ღმრთისა, რომელმაც კაცობრიობის ადამიანური სხეული და სული შეიმოსა;
    2. აღიარებენ უფალ იესო ქრისტეს საკუთარ და საზოგადო თავად;
    3. უფალ იესო ქრისტესთან ერთად თანაზიარნი არიან სარწმუნოების, სასოების, სიყვარულის და წმიდა საიდუმლოებათა;
    4. აღიარებენ საეკლესიო განჩინებას, რომელიც უფალ იესო ქრისტეს მიერ დადგენილი და დაცულია კანონიერად დადგენილ ეპისკოპოსტა მიერ.
1471.რას ნიშნავს სიტყვა ,,ეკლესია"?
სიტყვა ,,ეკლესია" წარმოსდგება ბერძნული სიტყვა ,,კირიაკე"-დან და ნიშნავს საღმრთო საზოგადოებას, ე.ი. უფლისა და ღმერთის იესო ქრისტეს საზოგადოებას.
1472.როგორ იწოდებიან ეკლესიის წევრები?
ეკლესიის წევრები იწოდებიან ქრისტიანებად.
1473.რას ნიშნავს სიტყვა ,,ქრისტიანი"?
სიტყვა ,,ქრისტიანი" წარმოსდგება სიტყვა ,,ქრისტე" - სგან და ნიშნავს ქრისტეს მოწაფეს ანუ მიმდევარს.
1474.როდის წარმოიშვა წოდება ,,ქრისტიანი"?
წოდება ,,ქრისტიანი" აღმოცენდა ჯერ კიდევ წმიდა მოციქულთა ხანიდან, კერძოდ კი ქალაქ ანტიოქიაში, სადაც უფალ იესო ქრისტეს მორწმუნეებმა პირველად უწოდეს თავიანთ თავს ქრისტიანები" (საქ.11,26).
1475.ვინ მიეკუთნება მიწიერ ეკლესიას და ვინ-ზეციურ ეკლესიას?
მიწიერ ეკლესიას მიეკუთნებიან ის ქრისტიანნი, ვინც მიწაზე ცხოვრობს, ხოლო ზეციურ ეკლესიას-ანგელოზები და ის ქრისტიანნი, რომელნიც მიიცვალნენ ღმრთის მადლით.
1476.არსებობს ურთიერთკავშირი და ერთობა მიწიერ და ზეციურ ეკლესიებს შორის?
არსებობს იმდენად, რამდენადაც მათ ერთი თავი ჰყავთ - უფალი იესო ქრისტე.
1477.როგორ აღესრულება კავშირი მიწიერ და ზეციურ ეკლესიათა შორის?
კავშირი აღესრულება ურთიერთ სიყვარულით, ურთიერთ ლოცვითა და ვედრებით.
1478.რას ვუწოდებთ მიწიერ და ზეციურ ეკლესიების წევრების ლოცვით კავშირს?
ლოცვით კავშირს ვუწოდებთ ,,წმინდანთა კავშირს".
1479.ვინ ითვლება მართლმადიდებელ ქრისტიანად?
მართლმადიდებელ ქრისტიანად ითვლება ის, ვინც კანონის მიხედვით იქნა მონათლული და სწორად სწამს ის, რაც ღმერთმა გამოგვიცხადა, და როგორც ეს არის გადმოცემული წმიდა გადმოცემებსა და წმიდა წერილში.
1480.რა არის ეკლესიის ამოცანა?
ეკლესიის ამოცანაა:
    1. უვნებლად დაიმარხოს ძველი ქრისტიანული გარდმოცემა,
    2. სწორად განმარტოს წმიდა წერილი და უქადაგოს ყველა ხალხებს,
    3. ღმრთის სიტყვის ქადაგებით, ღმრთის მსახურებით, წმიდა საიდუმლოებების აღსრულებით და ქრისტიანული წესრიგით ადამიანთა წარმართვა სულიერი სრულყოფილებისა და წმიდა ცხოვრებისაკენ.
1481.რას უწოდებს პავლე მოციქული ეკლესიას?
უწოდებს ქრისტეს სხეულს, ეკლესიის ცალკეულ წევრებს კი ქრისტეს სხეულის ნაწილებს (ეფ.1,22-23; Iკორ.12,27).
1482.რას ნიშნავს რწმენა ეკლესიის მიმართ?
ნიშნავს:
    1. მისდამი კუთვნილებას,
    2. მისდამი მოკრძალებულ პატივისცემას,
    3. ხელმძღვანელობას მისი განწესებით, იმის ურყევი რწმენით, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე მასთან მუდმივ ერთობაშია, ვითარცა თავი მისი.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები