ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: განსაცდელები, ეკლესია, ლოცვა, ღმერთზე მინდობა
833. მისივე თხოვნა დიდი ბერისადმი: მეუფეო! მე არ ვეწინააღმდეგები იმას, რასაც შენ მიბრძანებ; მაგრამ ილოცე ჩემთვის, რომ ღმერთი შემეწიოს და დამიფაროს წინააღმდგომი განსაცდელებისაგან.
ვიცი, რომ არაფერს წარმოვადგენ და არც ისეთი ლოცვა მაქვს, როგორიც ღმერთს უნდა; მაგრამ, საერთოდ, ის ვინც ვინმესგან ლოცვას ითხოვს, მან თავისი მცირედი შრომაც უნდა შეურთოს მის ლოცვას, რამეთუ დაწერილია: "ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად" (იაკ. 5, 16), ანუ, ვინც ლოცვას ითხოვს, ის უნდა შეეწიოს ლოცვას. ასე რომ, თქვენმა ანგელოზმა უნდა იცოდეს, რომ ღმერთმა წმინდანთა ლოცვებით არაერთხელ დაგიფარათ და გიფარავთ. მაგრამ დაუკვირდი იმას, როგორ ლოცულობს შენზე დიაკონი, როდესაც მოციქულის სიტყვებს წარმოთქვამს: "ურცხვენელად წარმართებად სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა" (2 ტიმ. 2, 15) და შენც ურცხვენელად წარმართე. ნუ შეგრცხვება ძლიერი ადამიანისა, არც არავის სათნო ეყო და ღვთისა და ადამიანების წინაშე მადლს მიიღებ. ასევე, ადამიანურად ნუ ბრძნობ, რამეთუ ყველანაირი ადამიანური საქმე, რომელიც ღვთისნიერად არ აღესრულება, საზიზღრობაა ღვთის წინაშე. დაე, ნურავის გაანაწყენებს შენი ეკლესია, არამედ, დაე, ის ყოველგვარი სამართლიანობის ნიმუში იყოს და ღმერთი იქნება შენში და შენ ღმერთში. ის კი ყოველგვარი ბოროტებისაგან და მტრის ყველა მახეებისაგან დაგიფარავს. უფალი ჩვენი იესო ქრსიტე იყოს შენს სულთან, ამინ.
834. მანვე, უგულებელყო რა ეკლესიის ზოგიერთი უფლება, ნაცნობ პირებთან კაცთმოთნეობის გამო, ღვთის დაშვებით, განსაცდელს გადაეცა და დამწუხრებულმა, შეკითხვა გაუგზავნა იმავე დიდ ბერს.
მან შემდეგი პასუხი გასცა: ისე უბრალოდ, ღვთის ნების გარეშე, ეს ღალატი არ მოხდებოდა, ამიტომ გამოვიკვლიოთ ჩვენი გული, ღვთის რომელი მცნება დავარღვიეთ და მივხვდებით, რატომ აღმოვჩნდით განსაცდელში.
835. მისივე თხოვნა: ვიცი, წმინდა მამაო, რომ მე ზიანი მივაყენე ჩემს სულსაც და ღვთის წმინდა ეკლესიასაც. ის მრავალი რთული საქმეებით დამძიმდა. მისი მოწინააღმდეგენი მრავალრიცხოვანნი და ძლიერნი არიან. მე რომ მათი შეწინააღმდეგება მოვინდომო, ამას ზიანი მოჰყვება და, ადამიანურად თუ ვიმსჯელებთ, გამოსწორების შესაძლებლობას ვერ ვხედავ, თუმცა "ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ" (მარკ. 10, 27). ამიტომ, გევედრები მეუფეო, ითხოვე ჩემთვის შენდობა, დამეხმარე მე და მას (ეკლესიას), და თუ გსურს, ეს მწუხარება სიკეთედ შემიცვალე, რამეთუ შენ ეს შეგიძლია.
თუკი ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ (მარკ. 10, 27) და ჩვენ ასე გვრწამს, მაშინ ჩვენი ძალისაებრ მივენდოთ მას და ის ჩვენს მოწინააღმდეგეებს გაანადგურებს. რამეთუ "უფალმან განაქარვნის ზრახვანი წარმართთანი და შეურაცხ-ჰყვნის გულის სიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ჰყვნის ზრახვანი მთავართანი" (ფსალ. 32, 10-11). განამტკიცე ჭეშმარიტება, იღვაწე მისთვის და ღმერთი დაგიცავს მისი მოწინააღმდეგეებისგან. ისინი შენ ხორციელად გეწინააღმდეგებიან, ხოლო შენ სულიერად აღუდექი წინ; ანუ ყოველი საქმისათვის ღვთისგან ლოცვა-ვედრებით ითხოვე შეწევნა. თამამად ამხილე, შერისხენ და ნუგეშინის-ეც (2 ტიმ. 4, 2), როგორც სულიერ მოძღვარს შეეფერება. ნუ შეუშინდები მათ. ისინი, ვინც ჩვენსკენ არიან, ბევრად აღემატებიან მათ, ვინც იმათკენაა (4 მეფ. 6, 16). ისინი ეშმაკთან და მათსავით ვნებიან ადამიანებთან იმყოფებიან, ჩვენ კი ღმერთთან და მის წმინდანებთან ვართ. ჩვენ ღვთის იმედი გვაქვს, რომელიც ამბობს: "არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ" (ებრ. 13, 5) და "იგი შემძლებელ არს უფროის ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ, გინა თუ ვსცნობთ" (ეფეს. 3, 20); და აღსრულდება ჩვენზე: "ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოებაი მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა" (ფს. 145, 5), ხოლო იმათ ადამიანების იმედი აქვთ, "რომელთა თანა არა არს ცხორებაი" (ფსალ. 145, 3). ასე რომ, მცირედი უსიამოვნება თუ შეგვემთხვევა, არაფრად ჩავაგდოთ ის, ადამიანის ნუ შეგვრცხვება და ნუ დავუთმობთ მას, რამეთუ სხვაგვარად ღმერთს ვარისხებთ; არამედ მტკიცედ დავდგეთ ჭეშმარიტების მხარეს და მოწინააღმდეგეები არ დააყოვნებენ შენს ფერხთით დაცემას; და განდიდდება ღმერთი, რომელიც ყოველთვის იდიდება თავის მონების მიერ. დაე, წმინდანები ღვთისადმი თავიანთი ლოცვებით თქვენი თანამებრძოლები იყვნენ. ურცხვენელად წარმართე, როგორც მოისმინე, ჭეშმარიტების სიტყვა, ვითარცა ღვთის ეპისკოპოსმა და ადამიანები შენს წინაშე, როგორც ღვთის ჭეშმარიტი მონის წინაშე, შიშით, ძრწოლით და სიყვარულით დაეცემიან. რამეთუ ღვთის მოშიშნი საშიშნი არიან ადამიანებისთვის, ისევე როგორც მისი ანგელოზები ეშმაკებისთვის. მაშ, ნუ შეშინდები, რამეთუ შენთანაა ღმერთი და მისი მადლი. მიიღე მაღლიდან ძალა, რომელიც წმინდა მოციქულებმა ჩვენი ღმერთის, ქრისტეს მადლით მიიღეს და მისი მადლი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შენთან იქნება. მოგესალმები წმინდა ამბორით, მოგესალმები სულიწმინდით და გთხოვ, ილოცე ჩემთვის, ღვთის გულისათვის.