ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ლოცვა, ღმერთი, წმინდანები
481. ძმამ დიდ ბერს სთხოვა, რომ ელოცა მისთვის. შემინდე, ხშირად გაწუხებ, მაგრამ მრწამს ღვთისა, რომ ის თქვენი ლოცვებით გამაძლიერებს და მომავალში ასე ხშირად აღარ შეგაწუხებთ.
ვინც არსით ღვთის შვილია, ის უეჭველად მის სიკეთეთა სულგრძელების, თვინიერების, კაცთმოყვარების და სიყვარულის მემკვიდრეცაა, იმიტომ რომ, თუ ის ღვთის შვილია, მაშინ ღმერთიცაა, და თუ ღმერთია, ესე იგი უფალიცაა; და თუ ღმერთი ნათელია (1 იოანე 1, 5), მაშინ ისიც მნათობია. ამიტომ, ღმერთს რაიმე თხოვნა რომ ამძიმებდეს და იწყენდეს, მაშინ ეს მათაც დაემართებოდათ. მაგრამ, რაკი მას თხოვნა არ აწუხებს, არამედ პირიქით უხარია, ამიტომ მათაც უნდა უხაროდეთ. ძველი აღთქმა ამბობს: „შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი“ (ლევ. 19, 18). ახალი კი სრულყოფილების გზას გვიჩვენებს და ერთმანეთისათვის თავდადებას გვასწავლის (იოანე 15, 13), როგორც თავად სრულყოფილმა და სრულყოფილის ძემ დასდვა სული ჩვენთვის. ამრიგად წმინდანები, როცა მათ რაიმეს სთხოვენ - ხარობენ, რამეთუ სრულყოფილნი არიან, როგორც მამაი მათი სრულ არს (მათე 5, 48). მაშ, სთხოვეთ მათ, და ისინი დაუზარებლად მოგაწვდიან იმას, რასაც ითხოვთ, რამეთუ ისინი უღონონი და ზარმაცნი როდი არიან, როგორც მე. ილოცეთ, რომ მეც მათ დასში ჩავირიცხო, და მაშინ მეც ვთხოვ ღმერთს, რომ ყველაფერი თქვენი თხოვნისაებრ მოგანიჭოთ, უპირველესად - ზეგარდამო ძალა და სიყვარული მისდამი, რათა მან განამტკიცოს თქვენი გულები მისდამი შიშში და რწმენაში. გქონდეთ უეჭველი სასოება, რომ მისგან წყალობას მიიღებთ, და ის შემძლებელ არს უფროის ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ, გინა თუ ვსცნობთ (ეფ. 3, 20); მას შვენის დიდება უკუნისამდე, ამინ.