ფსალმუნში ვკითხულობთ: ლოცვაი მისი ცოდვად შეერაცხენ მას (ფსალმ. 108, 7). რომელი ლოცვა შეერაცხება კაცს
ფსალმუნში ვკითხულობთ: „ლოცვაი მისი ცოდვად შეერაცხენ მას“ (ფსალმ. 108, 7). რომელი ლოცვა შეერაცხება კაცს ცოდვად?
ლოცვა ცოდვად შეირაცხება, როდესაც კაცი იმ ლოცვის ძალის იმედით რაღაც ღვთის ნების საწინააღმდეგოს ითხოვს. ამის მაგალითსაც მოვიყვან: VI მსოფლიო კრებაზე არქიმანდრიტმა პოლიქრონიოსმა მონოთელიტური წვალების ჭეშმარიტების დასადასტურებლად კადნიერად მოისურვა მკვდრის აღდგინება. მამები დათანხმდნენ. დასაკრძალად მომზადებული მიცვალებულის გვამი მოიტანეს დარბაზში, სადაც კრება იმართებოდა. პოლიქრონიოსი დაიხარა და დიდხანს ჩასჩურჩულებდა რაღაცას ყურში მიცვალებულს, მაგრამ იგი არ გაცოცხლებულა. მაშინ პოლიქრონიოსი სამარცხვინოდ გააძევეს კრებიდან.
ლოცვა ცოდვად შეირაცხება, როდესაც კაცი თავს წირავს არა მოვალეობის გამო, ანდა "მეგობართა თვისთათვის" (ინ. 15, 13), არამედ იმიტომ, რომ არასწორი წარმოდგენა აქვს თავისი განსაკუთრებულობისა და ღმერთთან სიახლოვის შესახებ. სატანა ასე განსცდიდა მაცხოვარს: "უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაი, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ ანგელოსთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის, და ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი" (მთ. 4, 6). მაგრამ იესომ მიუგო: "კუალად წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი" (მთ. 4, 7). ეს ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს. ამპარტავანი მლოცველი, თავისი კადნიერების გამო ღვთისაგან მიტოვებული, ანგელოზების კი არა, თავისი მტრების, ეშმაკების ხელში აღმოჩნდება.
ცოდვილი ლოცვის კიდევ ერთი სახეა ერთობლივი ლოცვა მწვალებლებთან ან მათთან, ვინც ეკლესიისგან განკვეთილია.
|
|