რითი დავიწყოთ ლოცვა? - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
რითი დავიწყოთ ლოცვა? - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ცოდვებისა და ვნებების გამო ჩვენ ღმერთი უარვყავით; მაგრამ მან, თავად სიყვარულმა, კი არ უარგვყო ჩვენ, არამედ აიღო ჩვენი ცოდვები, ცხონების გზა გვიჩვენა და დაკარგული სამოთხე დაგვიბრუნა.
მადლობა უთხარი ღმერთს სიტყვის ნიჭისთვის და ლოცვის ნიჭისთვის, რომლებიც ყოველ არსს შორის ერთადერთს - ადამიანს მიეცა.
იფიქრე იმაზე, რომ ღმერთი, რომელიც ყოველივეშია და ყოველივეს განაგებს, ისმენს შენს ლოცვას, უფრო სწორად, შენი სულის ხმას; რომ ის, ვინც შექმნა მთელი სამყარო, შენ ისე გიგდებს ყურს, თითქოს ამქვეყნად მხოლოდ თქვენ ორნი არსებობდეთ.
უფალმა იტვირთა შენი ცოდვები, შენ კი მისი მცნებების შესრულება უნდა იტვირთო, რომლებსაც ღვთის მადლი მსუბუქ ტვირთად და ტკბილ უღლად აქცევს. უფალი განიჭებს ცხონებას, გაძლევს რა ცხონების საშუალებას, მაგრამ არ გართმევს თავისუფალ ნებას, შენ კი ამ ნებას ცოდვების გასამრავლებლად იყენებ! დღევანდელი დღე და დღევანდელი ლოცვა უფალმა ცხონებისათვის მოგცა, ეს დღე იქნება უკანასკნელიც აღმოჩნდეს შენთვის, ეს ლოცვა კი - შენი ცხოვრების დასასრული - წიგნის ბოლო გვერდივით... და თუ დღეს უგულებელყოფ ლოცვას, ღვთის მადლი მიგატოვებს და მაშინ ლოცვა აღარ მოგინდება: მისი არსებობაც კი დაგავიწყდება.
წარმოიდგინე, რომ შენ ხარ სასიკვდილოდ მსჯავრდადებული ტუსაღი, რომელიც დილეგშია ჩაგდებული და სასჯელს მოელის. სიკვდილი გარდაუვალი ჩანს. და ამ დროს ერთ-ერთი შენი მეგობარი ჩუმად მოუახლოვდა შენს ხაროს, თოკი ჩამოგიგდო და ჩაგჩურჩულა: "სასწრაფოდ ჩაეჭიდე ამ თოკს, ხელი არ გაუშვა და მე ამოგიყვანო".
ცოდვილი უხილავად უკვე ამ ცხოვრებაში იმყოფება დილეგში, რომელშიც თვითონ ჩაიგდო თავი ცოდვების გამო. ლოცვა ის მხსნელი თოკია, რომელსაც მას შეუძლია ჩაეჭიდოს და თავისუფლება მოიპოვოს. ადამიანი ისე უნდა ლოცულობდეს, თითქოს დაძაბული ყურადღებით ებღაუჭებაო არა თოკს, არამედ ლოცვის სიტყვებს; ხელით კი არა, გულით უნდა იჭერდეს ამ სიტყვებს. იგი გონებით უნდა შეუერთდეს ლოცვას, მისმა სულმა უნდა მოიცვას ლოცვა და, იმავე დროს, ლოცვის მეშვეობით იპოვოს თავისი სული.
|
|