image

თემა: ლოცვა

რა არის ლოცვა?
ლოცვა მარადიულობისაკენ გარღვევაა, სულის მიქცევა შემოქმედისკენ, მისტიკური თანაზიარება ღმერთთან, ახალი ცხოვრების დასაწყისი, ღვთაებრივი ნათლის აღქმის უნარი, უხილავი სხივი, თაბორის მთიდან კაცის გულისკენ მიმავალი, სულის ფერისცვალება და ხორცის განსულიერება.
    ლოცვა ყოფიერების საიდუმლოთა ამოხსნაა - იმ კვანძების გახსნა, კაცის გონებას რომ არ ძალუძს; ცოდვის ტყვეობისა და სოფლის ბორკილებისგან განთავისუფლება, საკუთარ გულში ჩაბუდებულ დემონთან ბრძოლა, იმ ბნელი ძალის შეკვრა, რომელიც სულს გულისსიტყვებისა და ვნებების მეშვეობით გარემოიცავს; სულის საუბარი მასთან, ვინც სიტყვაზე მაღლა დგას.
    ლოცვა ყოველი სათნოების წყაროა, ლოცვა ფრთებია, კაცის ცად აღმყვანებელი, ლოცვა სულის მიერ შიშის ძლევა და მოწყინებისაგან განთავისუფლებაა, მარადიული სიხარულის წინასწარგანცდა და ზეციური იერუსალიმის დიდების აჩრდილია. ლოცვა იმ საიდუმლო გალობის ექოა, რომლითაც ანგელოზები ადიდებენ ღმერთს დღედაღამ; ლოცვა მიწის შვილთა კავშირია ზეცის მკვიდრებთან, ესაა მამისეული სახლის ფანჯრიდან გამომავალი სინათლე, შორი გზიდან დაბრუნებულს რომ ეგებება.
    ლოცვისას ადამიანი ფერს იცვლის, ფერს იცვლის სამყაროც მის გარშემო. ლოცვა არის დედა და ასული სიყვარულისა, სიყვარულში კი მყოფობის სავსებაა მოქცეული.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები