image

თემა: მადლის დაკარგვა,  ლოცვა,  ლოცვისთვის მომზადება

ყოველთვის აუცილებელია ლოცვისათვის წინასწარი მომზადება?
ლოცვა პირდაპირაც შეიძლება დავიწყოთ, თუ კაცს უეცრად გაუჩნდა ლოცვის სურვილი, თითქოს სულის სიღრმიდან ცხელი ტალღა წამოვიდა და მთლიანად მოიცვა იგი. დავით მეფემ თქვა: "ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო!" (ფს. 41, 2); სხვა ფსალმუნში კი: "პირი შენი, უფალო, მოვიძიო" (ფს. 26, 8). პირი უფლისა მისი გამოუთქმელი მშვენიერების ბრწყინვალებაა. აქაა ღმერთთან განშორების სევდა, მაგრამ სევდა, სასოებით განზავებული, ჩვენ ვიტყოდით, სიყვარულის ტკბილი სევდა და სურვილი საღმრთო მშვენიერების კვლავ ხილვისა - თუნდაც ამ მოუხელთებელმა მშვენიერებამ აჩრდილივით სულ ერთი წამით გაიელვოს.
    ლოცვა შეიძლება მოულოდნელად იშვას, როდესაც უბედურება ისე აფხიზლებს ადამიანს, თითქოს ღრმა ძილში ჩაძირულს ვიღაცამ ხელი ჰკრაო. მწუხარება აღებს მისი გულის კარს ლოცვისათვის, ჩაქუჩის დარტყმებით ამსხვრევს ქვის კუბოდ ქცეულ მის გულს. კაცი ხედავს, რომ ამქვეყნად ყველაფერი არარაობაა და მხოლოდ ღმერთშია ცხონება და სიცოცხლე; რომ წარმავალ და გაქრობის გზაზე შემდგარ სამყაროში ჭეშმარიტად მყოფობს ერთადერთი ღმერთი; ხოლო ამა სოფლის მირაჟებს, აჩრდილებსა და ზმანებებს შორის ჩაუმქრალი და მარადიული მხოლოდ საღმრთო ნათელია.
    ლოცვა შეიძლება გააღვიძოს სინანულის ტკივილმა, განსაკუთრებით - მძიმე დაცემის შემდეგ, როდესაც კაცის თვალწინ ხანძარი ფერფლად აქცევს ყველაფერს, რაც მას წლების მანძილზე უგროვებია. ასეთი ლოცვა მტანჯველია და სულის ტკივილთანაა დაკავშირებული. უფალი დიდხანს არ უბრუნებს სულს ღმერთთან თანაზიარების სიხარულს, ის თითქოს სდუმს. ასეთ შემთხვევაში მოღვაწეობა და დროა საჭირო: ადამიანი ტკივილის გზით უნდა განიკურნოს და შრომისა და მოთმინების გზით უნდა აღდგეს.
    ყველაზე მტანჯველ განსაცდელს, ყველაზე მძიმე დანაკარგს სული მაშინ გრძნობს, როდესაც ჯერ მოიპოვებს ღვთის მადლს, მერე კი კარგავს მას. ჩვენმა წინაპრებმა ცოდვით დაცემის შემდეგ ნათლის შესამოსელი დაკარგეს და საკუთარი სიშიშვლე დაინახეს. ღვთის მადლის მოკლების შემდეგ ადამიანი საკუთარ სულში გრძნობს დამთრგუნველ სიცარიელეს, როგორც წინკარს სიკვდილისა.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
14 ოქტომბერს არის ხსენება: