ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ლმობიერება, ლოცვა
425. როგორ მოვიპოვო ლოცვის, კითხვის და ფსალმუნთგალობისას გულის ლმობიერება?
ლმობიერება მუდმივი ხსოვნიდან მოდის. ამიტომ, მლოცველმა თავის საქმეები უნდა გაიხსენოს და ახსოვდეს, თუ როგორ დაისჯებიან მსგავს საქმეთა მკეთებლები და ის საშიში ხმაც უნდა ჩაესმოდეს: „წარვედით ჩემგან წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა” და ა.შ. (მათე 25, 41). ხსოვნაში ცალ-ცალკე, თითოეული ცოდვის გახსენებას არ ვგულისხმობ, რათა მტერმა ზოგჯერ მათი გახსენებითც არ დაგვატყვევოს, არამედ საკმარისია გვახსოვდეს, რომ ცოდვილები და დამნაშავეები ვართ. და თუ ამის შემდეგაც გაგრძელდება უგრძნობლობა, ნუ ვიეჭვიანებთ, რამეთუ ხშირად ასეთი დაყოვნება ღვთისგანაა ადამიანის გამოსაცდელად, თუ როგორ დაითმენს ის ამ სიცივეს. ხოლო კითხვისა და ფსალმუნთგალობის დროს გულის ლმობიერება იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ აღაგზნებს ადამიანი თaვის გონებას წარმოთქმული სიტყვების მოსასმენად, რათა მათში ჩადებული ძალა მიიღოს სულში: კეთილისაგან - სიკეთისადმი მოშურნეობის ძალა, ხოლო სადაც ბოროტების ზღვევაზეა ლაპარაკი - ბოროტების მქმნელთათვის განკუთვნილი სასჯელისაგან თავის დაღწევის ძალა. იქნები რა ასეთ ფიქრებში, თუ კვლავ შეგინარჩუნდება ნახსენები უგრძნობლობა, არ მოუძლურდე, რამეთუ მოწყალე, გულუხვი და სულგრძელია ღმერთი, რომელიც ჩვენს გულმოდგინებას არ უგულებელყოფს. ყოველთვის გახსოვდეს მეფსალმუნე, რომელიც ამბობს: „თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე” და ა.შ. (ფს. 39, 1), ივარჯიშებ რა ამაში, სასოება გქონდეს, რომ მალე მოგიხილავს ღვთის წყალობა.