image

თემა: განსაცდელები

710. თუ დევნა დაიწყო, როგორ მოვიქცე, დავრჩე თუ განვერიდო?
ჰკითხე სულიერ მამებს და როგორც ისინი გეტყვიან, ისე მოიქეცი; შენს მსჯელობას კი ნუ გაჰყვები, რათა უგუნურებამ უბედურება არ შეგამთხვიოს.
711. მაგრამ თუ საჭიროების დროს ვერ ვნახავ იმ მამებს, რომლებსაც სრულიად ვენდობი და რომელთაც ვკითხავ ამის შესახებ, მაშინ როგორ მოვიქცე: დავრჩე, რწმენის მოღალატედ რომ არ გამოჩნდე, თუ წავიდე? რადგან, მეშინია რწმენის შეცვლა არ მაიძულონ.
დადექი სალოცავად, გულის სიღრმიდან კაცთმოყვარე ღმერთს შეევედრე და შეღაღადე: „მეუფეო, შემიწყალე შენი სიკეთის გულისთვის, არ დაუშვა შენი ნებიდან ჩემი გადახრა და მოსალოდნელი განსაცდელის ჟამს ნუ დამღუპავ“. ეს სამჯერ აღასრულე, ისევე როგორც მაცხოვარმა მისი გაცემის ჟამს და თუ ამის შემდეგ შენში უეჭველ გულმოდგინებას შეიგრძნობ, რომ დარჩე და ღვთის მადლის დახმარებით მოსალოდნელი უბედურებები თვით სიკვდილამდე დაითმინო, მაშინ დარჩი. ხოლო, თუ გულში შიშს იგრძნობ, მაშინ წადი და ნუ იფიქრებ, რომ ასე რწმენას ღალატობ. რმერთი არ ითხოვს ჩვენგან იმას, რაც ჩვენს ძალებს აღემატება. რამეთუ, როდესაც შენში შიშს იგრძნობ და დარჩები, მაშინ შესაძლოა შემდგომში ვეღარ გაუძლო შენზე მოწეულ ჭირსა და წამებას, ჭეშმარიტების მოღალატე გახდე და საკუთარი თავი სამუდამო ტანჯვისთვის გაწირო.
712. თუ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, ამ განსაცდელში აღმოვჩნდები, მაშინ როგორ მოვიქცე?
მთელი შენი საზრუნავი კაცთმოყვარე ღმერთს მიანდე და თქვი: „მეუფეო! მე არ ჩამიგდია თავი განსაცდელში, იმ იმედით, თითქოსდა შევძლებდი მის დათმენას, არამედ უნებურად შევხვდი მას. ამიტომ, შენი სიკეთით და წმინდანების ლოცვით, არ დაუშვა, რომ წმინდა სარწმუნოებას ვუღალატო.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები