თემა: მრწამსი

1364.როგორ იკითხება სარწმუნოების სიმბოლოს მეოთხე წევრი?
იკითხება ასე: ,, და ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატეს ზე, და ივნო და დაეფლა".
1365.თვისი ნებით და ადამიანებისადმი სიყვარულით ივნო უფალმა იესო ქრისტემ, თუ ვნება მისი იძულებით იყო?
უფალმა იესო ქრისტემ კეთილინება და ადამიანებისადმი სიყვარულით ევნო.
1366.საიდან ვუწყით, რომ უფალი იესო ქრისტე თვისი ნებით ევნო?
ვუწყით შემდეგი წყაროებიდან:
    1. მან ბრძანა, რომ ,,მე დავსდებ სულსა ჩემსა. მე დავსდებ მას თავით ჩემით" ე.ი. ნებაყოფლობით (ინ.10,17-18).
    2. მიუხედავად იმისა, რომ მან უწყოდა საკუთარი ჯვარცმის შესახებ და შეეძლო მისგან თავის დახსნა, წარდგა ვნებათა პირისპირ (მთ.20,18-19; 26,2);
    3. როდესაც მღვდელმთავრის მსახურები მივიდნენ გეთსიმანიის ბაღში მის შესაპყრობად, თვით ჰკითხა მათ ,,ვის ეძიებთ?" მათ პასუხზე, რომ იესო ნაზარეველს ეძიებდნენ, უპასუხა: ,,მე ვარ!" - და ნება მისცა შეეპყროთ და შეეკრად იგი (ინ.18,3-13);
    4. როდესაც პეტრე მოციქულს სურდა დაეცვა იგი თავის მახვილით, უფალმა იესო ქრისტემ უბრძანა ჩაეგო მახვილი ქარქაშში და უთხრა: ,,სასუმელი, რომელი მომცა მე მამამან, არა შევსუაა იგი?" (ინ.18,11).
1367.იყო თუ არა წინასწარმეტყველება ძველ აღთქმაში აღთქმული მესიის მიერ ნებაყოფლობით თავისშეწირვის და ვნების შესახებ?
დიახ, იყო, უმთავრესად, ესაისა წინასწარმეტყველის მიერ, რომელმაც დაწერა:
    1. რომ მესია გვემული და მოწყული იქნება ჩვენისა ცოდვების და უსჯულოებისათვის (ეს.53,5);
    2. რომ არ აღაღებს ის თავის ბაგეს, და მიიყვანს მას, ვითარცა ცხოვარს დასაკლავად, და ნებსით თვისით შესწირავს თავს (ეს.53,7);
    3. რომ სულსა თვისსა დასდებ ჩვენისა ცოდვებისთვის (ეს.53,10).
1368.ბრძანა უფალმა იესო ქრისტემ თავის თავზე, რომ ის აღთქმული მესიაა?
დიახ, ბრძანა სამარიტელ დედაკაცთან საუბრის დროს. სიტყვებზე: ,,ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქვიან ქრისტე" იესომ უპასუხა: ,,მე ვარ, რომელი გეტყვი შენ" (ინ.4,25-26).
1369.ამბობდა უფალი იესო ქრისტე, რომ მისი ვნება ნაწინასწარმეტყველები იყო წინასწარმეტყველთა მიერ?
როდესაც უკანასკნელად აღვიდა იერუსალიმად, მან თავად ბრძანა, რომ მისი ვნება ნაწინასწარმეტყველები იყო წინასწარმეტყველთა მიერ.
1370.რომელი სიტყვებით გამოხატა ეს უფალმა იესო ქრისტემ?
გამოხატა შემდეგი სიტყვებით: ,,აჰა, ესერა აღვალთ იერუსალიმად, და აღესრულნენ ყოველნი წერილნი წინასწარმეტყველთანი ძესა ზედა კაცისასა; რამეთუ მიეცეს ხელთა წარმართთასა, და ეკიცხევდნენ მას, და იგინოს, და ჰნერწყუვიდეს და ტანჯონ და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს" (ლკ.18,31-33).
1371.საიდან ვიცით, რომ უფალმა იესო ქრისტემ ჩვენი სიყვარულისთვის შესწირა თავი მსხვერპლად?
ეს ვიცით მისივე გამონათქვამიდან, რამეთუ მან ბრძანა:
    1. ,,მე ვარ მწყემსი კეთილი:მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის" (ინ.10,11);
    2. ,, ვითარცა შემიყუარა მე მამამან, მეცა შეგიყუარენ თქუენ" და ,,უფროის ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადვის მეგობართა თვისთათვის" (ინ.15,9-13);
    3. აგრეთვე, იოანე მოციქულმა უფალ იესო ქრისტეს შესახებ ბრძანა: ,,ამით ვცნათ სიყვარული მისი, რამეთუ მან სული თვისი ჩვენთვის დადვა" (1ინ.3,16).
1372.ვინ იყო პილატე პონტოელი?
ის იყო მთავარი იუდეველთა ანუ ებრაელთა ქვეყანაში, რომელიც იმ დროს რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.
1373.რატომ მოიხსენება სარწმუნოების სიმბოლოში პილატე პონტოელი?
იმიტომ, რომ მან განუსაჯა უფალ იესო ქრისტეს ჯვარზე სიკვდილი.
1374.რატომ განუსაჯა პონტოელმა პილატემ უფალ იესო ქრისტეს ჯვარცმით სიკვდილი?
მან ებრაელი მღვდელმთავრისა და მწიგნობრების დაჟინებული მოთხოვნითა და მათი მუქარით შეწუხებულმა გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად განაცხადა, ვერ ჰპოვა მასში დანაშაული (ინ.18,38).
1375.რატომ სძულდათ ებრაელ მღვდელმთავრებს და მწიგნობართ უფალი იესო ქრისტე?
იმიტომ,
    1. რომ, ის ამხელდა მათ ღმრთის ნების წინააღმდეგ მოქმედებებში (მთ.23),
    2. რომ, ხალხმა მათ ზურგი აქცია და გაჰყვა უფალ იესო ქრისტეს (ლკ.21,38; 22,2; ინ.11,45-48; 12,11).
1376.რაში ადანაშაულებდნენ უფალ იესო ქრისტეს ებრაელი მღვდელმთავრები და მწიგნობარნი?
ადანაშაულებდნენ იმაში:
    1. რომ ის თავის თავს ძე ღმრთისას უწოდებდა და თავს ღმერთად რაცხავდა, რაშიც ისინი ღმრთის გმობას ხედავდნენ, ეს კი უსამართლობა იყო, რამეთუ ის ნამდვილად არის ძე ღმრთისა და ღმერთი ჭეშმარიტი (მთ.26,63-65; ლკ.22,70; ინ.10,33; 19,7);
    2. რომ მან თავი იუდეველთა მეფედ გამოაცხადა, (ინ.18,33; 19,12), რაც ცხადი სიცრუე იყო, რამეთუ უფალი იესო ქრისტე ბრძანებდა, რომ ,,მეუფება ჩემი არა არს ამიერ სოფლით" (ინ.18,36);
    3.რომ ის კრძალავს რომის იმპერატორისთვის ხარკის გადახდას (ლკ.23,2), იესო ქრისტემ კი პირიქით განაცხადა: ,,მიეცით კეისრისა კეისარსა და ღმრთისა ღმერთსა" (მთ.22,16-21).
1377.როგორი იყო უფალ იესო ქრისტეს ვნება?
მისი ვნება იყო ხორციელი და სულიერი.
1378.რაში მდგომარეობა უფალ იესო ქრისტეს ხორციელი ვნება?
ხორციელი ვნება მდგომარეობდა იმაში, რომ:
    1. შეიპყრეს და შეკრეს (ინ.18,12);
    2.სცეს ებრაელთა მღვდელმთავარ ანნას სახლში და პილატე პონტოელის სასახლეში (ლკ.22,63; მკ.15,19-20; ინ.18,22);
    3. შოლტით სცემეს და თავზე ეკლის გვირგვინი დაადგეს (მთ.27,26,29,30; მკ.15,17; ინ.19,2-3);
    4. მძიმე ჯვარი მიჰქონდა თხემის ადგილისკენ, რომელსაც ებრაულად ჰქვია გოლგოთა (ინ.19,17);
    5. ის მიამსჭვალეს ჯვარზე და აღსასრულამდე ითქმის უმძიმეს ტკივილებს.
1379.ვითარ ევნო უფალი იესო ქრისტე სულიერად?
სულიერად ევნო, რამეთუ:
    1. მოციქულმა იუდამ გასცა (ლკ.22,48);
    2. პეტრე მოციქულმა უარყო (ლკ.22,56-60);
    3. მოციქულთა და მოწაფეთა დიდი ნაწილი გაიქცა, იგი დატოვეს მისივე სიტყვების თანახმად: ,,დავსცე მწყემსი, და განიბნინემ ცხოვარნი სამწყსოისა მისისანი" (მთ.26,31);
    4. დასცინოდნენ და აგინებდნენ, როცა ასამართლებდნენ და მაშინაც, როცა ჯვარზე იყო გაკრული (ლკ.22,63; მკ.15,20; ლკ.23,35);
    5. მიათვალეს ავაზაკებს, რომელთა შორისაც ჯვარს აცვეს (მკ.15,27-28);
    6. უწყოდა, რომ მრავალნი დარჩებიან მის მიმართ გულგრილნი და საუკუნოდ დაიღუპებიან თავიანთ ურწმუნოებასა და ცოდვაში.
1380.ვინ შეეწია უფალ იესო ქრისტეს ჯვრის ზიდვაში?
შეეწია სიმონ კვირინელი (ლკ.23,26).
1381.ვინ სტიროდა უფალ იესო ქრისტეს, როდესაც თვისი ჯვარი მოჰქონდა ჯვარცმის ადგილისკენ?
მაშინ მრავალი იერუსალიმელი დედაკაცი სტიროდა და გოდებდა მისთვის (ლკ.23,27).
1382.რა უთხრა უფალმა იესო ქრისტემ დედაკაცებს, რომელნიც სტიროდნენ მისთვის?
მან უთხრა: ,,ასულნო იერუსალიმისანო, ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ თავთა თქუენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა" (ლკ.23,28).
1383.სად და კვირის რომელ დღეს აცვეს ჯვარს უფალი იესო ქრისტე?
ჯვარს აცვეს იერუსალიმთან ახლოს, გოლგოთის მთაზე,სადაც საერთოდ იყო დასჯის ადგილი, პარასკევ დღეს.
1384.რას ნიშნავს სიტყვა გოლგოთა?
სიტყვა გოლგოთა ნიშნავს ,,თხემის ადგილს".
1385.რატომ ერქვა იმ ადგილს ,,თხემის ადგილი"?
იმიტომ, რომ იქ ძალიან ბევრი თავის ქალა და ძვლები ეყარა დასჯილებისა, რომლებსაც, თუკი არ იყვნენ ებრაელები, არ მარხავდნენ, არამედ მათ გვამებს მხეცებს უტოვებდნენ საჭმელად.
1386.რას აკეთებდნენ უფალ იესო ქრისტეს მტრები, როდესაც ის ჯვარზე იყო გაკრული და საშინლად იტანჯებოდა?
ისინი დასცინოდნენ და გმობდნენ ღმერთს.
1387.რით უპასუხა ჯვარცმულმა მაცხოვარმა ტვის მაგინებელ მტრებს?
მაცხოვარი მხურვალედ ლოცულობდა მათთვის: ,,მამაო, მიუტევე ამათ, რამთუ არა იციან, რასა იქმან" (ლკ.23,34).
1388.რას იქმოდნენ უფალ იესო ქრისტესთან თანა ჯვარცმული ავაზაკები?
ერთი, მისგან მარცხით ჯვარცმული ,,ჰგმობდა მას და იტყოდა: შენ თუ ხარ ქრისტე, იხსენ თავი შენი და ჩვენცა", მარჯვენით გაკრულმა ავაზაკმა ,,შეჰრისხა მას და ეტყოდა: არცაღა გეშინის შენ ღმრთისა" და სთხოვდა იესოს: ,,მომიხსენე მე, უფალო ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა" (ლკ.23,39-42).
1389.რა უპასუხა უფალმა იესო ქრისტემ კეთილგონიერ ავაზაკს?
მან უპასუხა: ,,ამენ გეტყვი შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა" (ლკ.23,43).
1390.რა მოხდა მაშინ, როდესაც უფალი იესო ქრისტე ჯვარზე აღესრულებოდა?
მაშინ მზე დაბნელდა, ბნელმა მოიცვა ყოველი ქვეყანა, და მიწა იძრა, და იესრუსალიმის ტაძრის კრეტსაბმელი ორად განიპო (ლკ.23,45; მთ.27,51).
1391.ვის ჩააბარა ჯვარცმულმა მაცხოვარმა ყოვლადწმიდა დედა თვისი?
თავის საყვარელ მოციქულს იოანეს; ისინი იდგნენ ჯვართან მარიამ მაგდალინელთან და მაცხოვრის სხვა კეთილმსახურ მოწაფეებთან ერთად.
1392.რა სიტყვებით ჩააბარა უფალმა იესო ქრისტემ ყოვლადწმიდა დედა თვისი მზრუნველობისთვის იოანე მოციქულს?
ჩააბარა სიტყვებით: ,,აჰა, დედაი შენი!"-და დედას მიმართა ,,დედაკაცო, აჰა ძე შენი!" - რის შემდეგაც წმიდა იოანემ თავისთან წაიყვანა იგი.
1393.რა წარმოსთქვა დიდი ხმით ჯვარცმულმა უფალმა იესო ქრისტემ უშუალოდ სიკვდილის წინ?
უშუალოდ სიკვდილის წინ მან წარმოსთქვა: ,,აღსრულებულ არს"... ხოლო შემდეგ ,,ხმა-ყო, ხმითა დიდითა და თქუა: მამაო, ხელთა შენთა შევჰვედრეს სულსა ჩემსა და ესე რა თქუა, მიიდრიკა თავი და განუტევა სული". (ინ.19,30; ლკ.23,46)
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები