ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: მრისხანება
წერილი. თქვენ ავად ხართ; მე კი თქვენი მდგომარეობა სხვაგვარად მესმოდა; ამიტომ ვაპირებდი ყველაზე მკაცრი საყვედური მეთქვა თქვენთვის N-ის მიმართ გაფიცხებისა და გაბრაზებისათვის. ახლა კი ვხედავ, რომ ეს ყველაფერი ავადმყოფობის შედებად გაღიზიანებული ნერვების ბრალია. დაე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა განგამტკიცოთ! მხოლოდ ცნობისათვის გეტყვით, რომ ამგვარი აფეთქებები საკმაოდ არასათანადო ფორმაა. ეს არის ჭეშმარიტად ნათლის ანგელოზად გარდაქმნილი სატანა. გარეგნულად სამართლიანობის გრძნობის მეტი არაფერი ჩანს. გული ისე დუღს, თითქოს მზად არის სიმართლისათვის დანაზე წამოეგოს, ენა კი სხვის მიერ დარღვეულ და დავიწყებულ სიმართლეს ღაღადებს. ეს სხვა კი, რომელმაც გაბედა მისი დარღვევა, არარაობად და ბოროტგანმზრახველადაც კი გვეჩვენება. და ჩვენს მიერ გამართული სასამართლო ჩვენს თვალში იმდენად სამართლიანი ჩანს, მთელი სამყაროც რომ ესწრებოდეს, ისიც კი ჩვენ განგვამართლებდა. ხედავთ, როგორი ნათელი და კანონიერია ყველაფერი! მაგრამ ასეა მართლაც, სინამდვილეში? საქმის არსს თუ ჩავწვდებით, მუდამ აღმოჩნდება, რომ დარღვეული სიმართლის შეგრძნებას ყოველთვის საფუძვლად უდევს შეურაცხყოფილი თავმოყვარეობა, ჩვენი ღირსების დამცირება, ანდა მისთვის შესაფერისი პატივის შესატყვისი ფასის არ მიგება. სიმართლისადმი მოშურნეობის ცეცხლი სრულიადაც არ ანთია იმისთვის, რომ ძვირფასია სიმართლე, არამედ იმიტომ, რომ ვიღაცამ გაბედა დაერღვია იგი ჩვენთან მიმართებაში. სხვასთან მიმართებაში რომ ყოფილიყო, კიდევ ასატანი იქნებოდა, იქნებ კბილებს შორისაც გამოგეცრათ: ბოდიში, ცუდად გამომივიდაო. შეიგნეთ, რომ ყვირილი სიმართლისათვის მხოლოდ გარეგნულია, შიგნით კი - ომი მიმდინარებს "მე"-ს დამკვიდრებისთვის! აი, მაშინ დაინახავთ, ვინ არის ანგელოზის სამოსში! ეს ყველაფერი გაგახსენეთ მე ყოველი შემთხვევისათვის! თქვენი სული საკმაოდ ბრძენია. კარგ მდგომარეობაშია იგი თუ ცუდში, მისი სიმშვიდით ან აფორიაქებით მჟღავნდება. თუ თქენი სული აფორიაქებულია, რაზედაც უნდა ბრაზობდეს იგი, არ დაუჯეროთ მას იმ წუთებში: ყველაფერს იტყუება, რასაც ამბობს. სატანა აწვდის იმ დროს აზრებს, რა თქმა უნდა, არამაცხოვნებელს; სული კი, საწყალი, იმ დროს მთელ ძალებს ფიტავს. გულისწყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნის (იაკ. 1,20). ღვთიური კი ყველაფერი წყნარი, მშვიდობიანი და ტკბილია, სულშიც ამ სიტყბოს ტოვებს, გარშემოც უხვად აფრქვევს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ თითქოს გლანძღავს კიდეც. ამ შემთხვევაშიც სითბოა, უფრო მეტიც, მხურვალებაა, ოღონდ სხვაგვარი: ჩუმი, მოალერსე