ხოლო რაც შეეხება იმას, რის გამოც მწერდით, კარგი იქნება, რომ კაცი არ გაეკაროს ქალს; მაგრამ სიძვის

ხოლო რაც შეეხება იმას, რის გამოც მწერდით, კარგი იქნება, რომ კაცი არ გაეკაროს ქალს;
    მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს თავისი ქმარი.
    ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს, და ასევე ცოლი - ქმარს.
    ცოლი კი არ არის საკუთარი სხეულის უფალი, არამედ ქმარი; ასევე ქმარიც როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ ცოლი.
    ნუ განეშორებით ერთმანეთს, თუ არა დროებით, ურთიერთშეთანხმებით, რათა ლოცვისა და მარხვისათვის მოიცალოთ; შემდეგ კი კვლავ დაუბრუნდით ერთიმეორეს, რათა სატანამ არ გაცდუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო.
    თუმცა ამას გეუბნებით როგორც ნებართვას და არა როგორც ბრძანებას.
    რადგანაც მსურს, რომ ყველა კაცი ჩემსავით იყოს. მაგრამ თვითოეულს თავისი მადლი აქვს ღმერთისაგან, ზოგს ასე, ზოგს ისე.
    უქორწინებელთა და ქვრივთა მიმართ კი ვიტყვი: უჯობთ, თუ ისე იქნებიან, როგორც მე ვარ.
    მაგრამ თუ თავს ვერ შეიკავებენ, დე, იქორწინონ, ვინაიდან ქორწინება სჯობს გახელებას.
    ხოლო დაქორწინებულთ მე კი არ ვუბრძანებ, არამედ უფალი: ცოლი ნუ გაეყრება ქმარს.
    მაგრამ, თუ გაეყრება, აღარ გათხოვდეს, ანდა შეურიგდეს ქმარს; და ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს.
    ხოლო დანარჩენთ მე ვეუბნები, და არა უფალი: თუ რომელიმე ძმას ჰყავს ურწმუნო ცოლი, და ქალი თანახმაა იცხოვროს მასთან, არ უნდა მიატოვოს იგი.
    და ცოლს, რომელსაც ჰყავს ურწმუნო ქმარი, და კაცი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას.
    ვინაიდან, ურწმუნო ქმარი მორწმუნე ცოლისაგან განიწმიდება, და ურწმუნო ცოლი - მორწმუნე ქმრისაგან. თორემ თქვენი შვილებიც არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან.
    ხოლო თუ ურწმუნოს გაყრა სურს, დე, გაეყაროს. ამ შემთხვევაში არც ძმა და არც და შეკრულნი არ არიან; ვინაიდან მშვიდობისთვის გვიხმო უფალმა.
    რა იცი, ქალო, იხსნი თუ არა ქმარს? ან შენ რა იცი, კაცო, იხსნი თუ არა ცოლს.
    თ. 6-7
 
თემატური კითხვები
0