image

თემა: მორჩილება

ღმერთის ნების შეცნობის და ამ ნებისადმი მთლიანად მინდობის საკითხი მჭიდრო კავშირში იმყოფება მორჩილების საკითხთან, რომელსაც ბერი სილუანი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა არა მხოლოდ თითოეული ბერის და არა მხოლოდ თითოეული ქრისტიანის პირად ცხოვრებაში, არამედ "ეკლესიის სხეულის" მთლიან ცხოვრებაში.
    ბერ სილუანს მოსწავლეები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, არ ჰყავდა, არც სამასწავლებლო კათედრაზე მჯდარა არც თვითონ ყოფილა მოსწავლე რომელიმე განსაზღვრული ბერისა, მაგრამ საერთო გადმოცემების ნაკადში იზრდებოდა ისე, როგორც ბევრი ათონელი მონაზონი. იმყოფებოდა ტაძარში განუწყვეტლივ ღვთისმსახურებაზე, ისმენდა და კითხულობდა ღვთის სიტყვას, წმინდანთა თხზულებებს, წმინდა მამათა ნაწერებს, საუბრობდა წმიდა მთის სხვა მოღვაწეებთანაც, მკაცრად იცავდა მარხვას, მორჩილი იყო იღუმენისა, მღვდლისა, სულიერი მამისა და უფროსებისა სამუშაოზე. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობდა იგი შინაგან სულიერ მორჩილებას იღუმენისა და სულიერი მამის მიმართ, თვლიდა ამას ეკლესიის საიდუმლოებად და დიდ წყალობად. მიმართავდა რა სულიერ მამას, ამავე დროს იგი ლოცულობდა, რათა უფალს შეეწყალებინა იგი და გაეხსნა მისთვის თავისი ნება და გზა ხსნისაკენ ამ სულიერი მამის მეშვეობით. იცოდა რა, რომ პირველი აზრი, რომელიც იბადება სულში ლოცვის შემდეგ, არის მითითება ზემოდან, იგი იჭერდა თავისი სულიერი მამის პირველ სიტყვას, მის პირველ "გარკვეულ აზრს" და შემდეგ აღარ აგრძელებდა საუბარს. აი, ამაშია სიბრძნე და საიდუმლო ჭეშმარიტი მორჩილებისა, რომლის მიზანია შეცნობა და შესრულება ღვთის ნებისა და არა ადამიანურისა.
    ასეთი სულიერი მორჩილება წინააღმდეგობის გაუწევლად და არა მხოლოდ გამოხატული წინააღმდეგობის, არამედ შინაგანი, გამომხატავი წინააღმდეგობის გაუწევლობა არის საერთოდ ერთადერთი პირობა ცოცხალი გადმოცემის მისაღებად, ასათვისებლად. ეკლესიის ცოცხალი გადმოცემები, რომლებიც თაობიდან თაობაში მომდინარეობს საუკუნეების განმავლობაში, ერთ-ერთი სასიცოცხლო და ამავე დროს უფაქიზესი მხარე იყო ბერ სილუანის ცხოვრებაში. იქ სადაც მოსწავლის მხრიდან მასწავლებელს არ ხვდება არავითარი წინააღმდეგობა, ამ უკანასკნელის სული რწმენისა და მორჩილების შესახებ პასუხში ადვილად იხსნება... და იხსნება შეიძლება ბოლომდეც, მაგრამ როგორც კი შემოდის სულ მცირე წინააღმდეგობა სულიერი მამის წინააღმდეგ, მაშინვე წყდება ძაფი სუფთა გადმოცემებისა და იკეტება სული მასწავლებლისა. ამაოდ ფიქრობენ ბევრნი, რომ "სულიერი მამა" ისეთივე არასრულქმნილი ადამიანია, რომ მას თუ ყველაფერი ვითარება არ აუხსენი, ისე ვერ გაიგებს, რომ შეიძლება იგი "ადვილად შეცდეს", ამიტომს საჭიროა "შეუსწორო" მას, წინააღმდეგნი და "გამომასწორებელნი" სულიერი მამისა თავს მასზე მაღლა აყენებენ და უკვე მოსწავლეებად აღარ ითვლებიან. - დიახ, არავინაა სრულქმნილი, და არაა ადამიანი, რომელიც გაბედავს ასწავლის როგორც "ქრისტეს ხელისუფლების" მქონე რანდენადაც საგანი სწავლებისა "არაა ადამიანისაგან", "ხოლო გაუწყებთ თქვენ ძმანო, სახარება მას, რომელი იგი გეხარა ჩემ მიერ, რამეთუ არაა კაცობრივ. და რამეთუ არცა რამე კაცისა მიერ მივიღე იგი გინა ვისწავე, არამედ გამოცხადებითა იესო ქრისტესითა". (გალ.1.11-12). არამედ "ღარიბულ ჭურჭელში" ინახება სულიწმიდის საჩუქარი, ძვირფასი საგანძური, არა მხოლოდ ძვირფასი, არამედ თავისი ხასიათით "გაუხსნელი" და მხოლოდ ის,რომელიც მიდის არა ყალბი, არამედ ჭეშმარიტი და სრული მორჩილების გზით, მხოლოდ ის შეაღწევს ამ საიდუმლოს საცავში.
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები