
ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: განსაცდელები, მონაზვნობა, მონაზონთათვის
496. აბბა, ღვთის გულისათვის, ჩემი უსირცხვილობა და უგუნურება შემინდე და მრავალ ცოდვებში ჩავარდნილს შემეწიე. თუკი მას, ვისაც ღვთის წინაშე ერთი ცოდვა ჩაუდენია, დიდი სინანული მოეთხოვება, მაშინ მე რა ვიღონო, ცოდვებთან თანაშეზრდილმა? მე, ყველანაირი საშუალებით, განუწყვეტლივ ვარისხებდი ღმერთს; ეს რომ მან შემინდოს, ამისთვის თქვენს ლოცვებს ვსაჭიროებ. ვიცი, ამ გზის შესწავლა დაუცადებლად მომეთხოვება მე, რომელსაც მრავალი თავგადასავლების (ბრძოლებისა და მკვლელობების) და ბოროტების შემდეგ, ღვთის უდიდესი წყალობით აქ მოსვლა მეღირსა. ამიტომ, ჩემო ღირსო მამაო, გთხოვ, ჩემს მიმართ წყალობა გამოიჩინე, როგორც საჭიროდ მიგაჩნია, ისე დამარიგე და ილოცე ჩემთვის, რომ ის შენი წმინდა მცნებები დავიცვა, რომელთა აღსრულებასაც მიბრძანებ.
ძმაო! რადგან შენ ჩვენთვის ჯვარცმულს მიეახლე, ამიტომ აიღე შენი ჯვარი და შეუდექი მას, და „მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი“ (ფსალ. 54, 23); „რომელი-იგი შემძლებელ არს უფროის ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ, გინა თუ ვსცნობთ“ (ეფეს. 3, 20); „რამეთუ იგი იღუწის ჩვენთვის“ (1 პეტ. 5, 7). ასე რომ, ნუ შეშინდები და შეგეწევა ქრისტე. ოღონდ შვილო, გონებაში საღმრთო წერილის ის სიტყვა და მზადყოფნა ჩაიბეჭდე, რომელიც შემდეგ სიტყვებშია მითითებული: „შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი“ (ზირ. 2, 1), და იცოდე, გამოუცდელი ადამიანი ყველაფერში უხმარია და „ნეტარ არს კაცი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქმნეს“ (იაკ. 1, 12) და სხვ. ამას, ძმაო, შესაშინებლად არ გეუბნები, არამედ მსურს რომ ამ გზაზე შენი გული ღვთისადმი შიშში განმტკიცდეს. რამეთუ ყველა წმიდანიც მრავალი განსაცდელითა და ჭირით წარემატა და ღვთის მადლით სათნო ეყვნენ ღმერთს. არ შეშინდე და არ მოუძლურდე. გვრწამს, რომ წმინდანთა ლოცვებით ღმერთია შენი დამსხმელი, მომრწყველი და აღმაორძინებელი (1 კორ. 3, 7), ამინ.