ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ერესი, სექტანტების ლიტერატურის კითხვა
611. ჭეშმარიტად, ჩემო მამაო, თქვენ ხართ ბრმების წინამძღოლნი და ბნელში მყოფთათვის ქრსიტესმიერი სინათლე, და თქვენი მეშვეობითაა ჩვენთვის ჭეშმარიტება გაცხადებული. მამათა ცხოვრებიდან ვიცით, რომ იყო ერთი ბერი, რომელიც თავისი უბრალოების გამო ამბობდა, პური, რომელსაც ვეზიარებით, არ არის ქრისტეს ჭეშმარიტი ხორცი, არამედ მხოლოდ მისი სახეაო. ამის თაობაზე მას ღვთისადმი რომ არ ელოცა, ჭეშმარიტებას ვერ შეიცნობდა. ასევე სხვა დიდი ბერი ფიქრობდა, მელქისედეკი ქრისტეაო; და როდესაც მან ამის შესახებ ღვთისადმი ილოცა, ღმერთმა ჭეშმარიტება გაუცხადა მას. ღვთის გულისათვის, შემინდე ჩემო მამაო, რამეთუ შეკითხვას ისეთ საკითხზე გიბედავ, რომელიც ჩემს შესაძლებლობებს აღემატება. ვინაიდან ღმერთმა შენი სიწმინდით ჭეშმარიტების უცდომელ გზაზე სვლისათვის დაგვმოძღვრა, ამიტომ გთხოვ სრულიად აგვიხსნა ჩვენ ეს, რომ ჩვენი გონება და უძლური გული ასეთი გამოკვლევებისაგან წმინდა დარჩეს. რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ასეთ მამებს არასწორი აზრები ჰქონდათ, თუმცა კი მათ არ უთხოვიათ ამის გაცნობიერება; მაგრამ უსასყიდლოდ რატომ არ მიეცათ მათ ის, იმ ზიანის თავიდან ასაცილებლად, რომელსაც შემდგომში წამკითხველები იწვნევდნენ? მიუხედავად ამისა, ისინი არც მართალ რწმენაში და არც სათნოებებში არ შებრკოლებულან, მაგრამ ჩემნაირი სუსტები და ზარმაცები, რომელთაც დაუეჭვებლად სწამთ მათი, ადვილად დაზიანდებიან, რამეთუ არ იციან თქვენი ნათქვამი, რომ წმინდანებიც ვერ წვდებოდნენ ყველა საიდუმლოს და რომ მათ იმ შეხედულებების სამართლიანობაზე რწმუნების მისაღებად, ღვთისადმი არ ულოციათ. თანაუგრძნე ჩემს უძლურებას და ესეც ამიხსენი, ჩემო გულმოწყალეო მამაო!
ჩემო შვილო! ასეთი მამები ღმერთმა არ დატოვა გაურვევლობაში იმიტომ, რომ ვინმეს გაურკვევლობაში ტოვებს ის, ვისაც გზის შესახებ ეკითხებიან, ის კი ჭეშმარიტებას არ ლაპარაკობს. ხოლო წმინდანებს ღმრთისათვის არ უკითხავთ, რათა მისგან შეეტყოთ ჭეშმარიტება. თუ ამბობ, ღმერთი თავის მადლით რატომ არ აღუდგა მათ წინ, რათა სარგებელი მიეღოთ იმათ, ვინც შემდგომში წაიკითხავდა მათ ნაწერებსო, მაშინ იგივე ნებისმიერ ცოდვილზე შეგიძლია თქვა: რატომ არ შეეწინააღმდეგა მას ღმერთი თავის მადლით, როცა იცოდა, რომ ის თავის ცოდვებით მრავალს აცდუნებდა და დააზიანებდა; ასეთ შემთხვევაში ადამიანური ცხოვრებაც თავისუფალი აღარ იქნება, არამედ ძალადობას დაექვემდებარება. ვის შეუძლია ღმერთს შეეწინააღმდეგოს, თუკი მან ყოველი ადამიანის საცხოვნებლად ასეთი გზა აირჩია? მაშ რა, განა წერილში ისეთ გამონათქვამებს არ ვხვდებით, რომელზეც უმეცრები და ისინიც ბრკოლდებიან, ვინც წერილის სულიერ აზრს ვერ აცნობიერებენ? ამიტომ, ის კი არ უნდა ვთქვათ, თუ რატომ არ გაუცხადა ღმერთმა ყველას წერილის სულიერი მნიშვნელობა, რათა ადამიანები არ დაზიანებულიყვნენ, არამედ დავინახოთ ის, რომ მან სხვადასხვა დროში მცხოვრებ წმინდანებს შრომა დააკისრა, რათა მათ აეხსნათ ის, რაც საჭირო იყო. სწორედ ამისთვის არიან დადგენილნი მოძღვრები და განმმარტებლები, როგორც ამას მოციქული ამბობს (1 კორ. 12, 28; 30). ნუ ვარდები გაურკვევლობაში იმ მამების გამო, რომლებზეც მეკითხები: მათ რომ ღვთისათვის ეკითხათ, საკითხში გაერკვეოდნენ, რამეთუ მან თქვა: „ყოველი, რომელი ითხოვდეს, მოიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოვოს“ (მათე 7, 8). ჩვენ ღმერთმა ცხოვრების გზა წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მეშვეობით გაგვიცხადა, თუმცა კი თითოეული მათგანი კერძოდ საუბრობდა და ღმერთიც განსაკუთრებით ერთი მათგანის მეშვეობით არ გვაუწყებდა ყველაფერს, არამედ რასაც ერთი გამოტოვებდა, ღვთის ნებით იმას მეორე ამბობდა. ისევე ექცეოდა ღმერთი იმ წმინდანებსაც, რომლებიც მათ შემდგომ ცხოვრობდნენ. რაზედაც ერთნი საეჭვოდ ლაპარაკობდნენ, იმას შემდგომნი განმარტავენ, რათა ყოველთვის იდიდებოდეს ღმერთი მისი წმინდანების მეშვეობით, რამეთუ ისაა პირველთა და უკანასკნელთა ღმერთი. მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.