სხვა მოძღვარი - სხვა თემა
 

შემოქმედი თავის ქმნილებაში.

ბუნებისკენ მიმართულ ყოველ მზერას ძალუძს დაარწმუნოს გული და გონება, რომ სამყაროს შექმნა ბრმა შემთხვევის ბრალი როდი იყო. „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყაროი“ (ფს. 18, 1). ამის განმსწავლელ მაგალითს წმიდა დიდმოწამე ბარბარე წარმოგვიდგენს.
    ეს მართალი მოწამე ილიოპოლის მდიდარი და ცნობილი ჩინოსნის ასული იყო, რომელიც კერპთაყვანისმცემლობაში იშვა. მისი მამა, დიოსკორე, ქვრივი იყო და ცხოვრების ერთადერთ ნუგეშს ბარბარეში ჰპოვებდა. ქალიშვილი კი რამდენადაც მშვენიერი იყო, იმდენადვე კეთილგონიერიც. ის სახლის კოშკივით ამაღლებულ, განცალკევებულ ნაწილში ცხოვრობდა, საიდანაც შესანიშნავი მიდამო მოჩანდა. ბარბარე არც მორთვა-მოკაზმვით იყო დაკავებული და არც თამაშებით, რაც ესოდენ დამახასიათებელია ახალგაზრდული ასაკისთვის. მისი საყვარელი საქმიანობა ბუნებით ტკბობა იყო.
    შესაძლოა, თავდაპირველად მას ყვავილების სილამაზე, კეთილსურნელება და სინაზე ანუგეშებდა. ის კი, ვინც მისწრაფების ძალა უწყის, არ გაიკვირვებს, თუ მშვენიერი ქალწული მშვენიერი მიწიდან ზეცის მშვენებამდე ამაღლდა და ბოლოს ჰაერის მოვლენების შესახებ დაიწყო ფიქრი. ის ხედავდა დიდებულ მზეს, წყნარ მთვარეს, ურიცხვ ვარსკვლავს და ვერ ხვდებოდა, ვინ მიმოაბნია ისინი ცის აუწერელ სივრცეში? ესმოდა ქუხილი და არ იცოდა, ვისი ბაგეები საუბრობდა ესოდენი ძალით, რომელიც ყველა ქმნილებას შიშის ზარს გვრიდა?.. მას ყრმობიდანვე უმტკიცებდნენ, რომ ყველაფერს მისი სამშობლოს ღმერთები ქმნიდნენ; მაგრამ ბარბარემ ისიც იცოდა, რომ მათ გამოხატავდნენ სუსტი კაცთა მოდგმის მსგავსად; იცოდა, რომ ისინი ხშირად სცოდავდნენ.
    -მამაჩემის ღმერთები, - ხშირად ამბობდა ის, - უკანონოდ იქცევიან; როგორ შეძლებდნენ ისინი დაეფუძნებინათ; როგორ დაამკვიდრებდნენ სამყაროს საყოველთაო კანონს?
    მისი გონება ერთი აზრიდან მეორეზე გადადიოდა, თან ეჭვები არ სცილდებოდა. ის წარმოიდგენდა ღმერთს, სამყაროს შემოქმედს, ხან ერთი, ხან მეორე სახით; მაგრამ მთელი მისი წარმატება მხოლოდ ი0მით ამოიწურებოდა, რომ ერთი ცდომილებიდან მუდამ მეორეში გადადიოდა; საკუთარ უძლურებას გრძნობდა და ამას ვერაფერს შველოდა. ცნობისმოყვარეობით ანთებულს, მისი დაკმაყოფილება ბრძენ ადამიანებთან სურდა; მაგრამ განმარტოებული ცხოვრება უდგენდა იმ ზღვარს, რომლის გადალახვაც მართალ ქალწულს არ ძალუძდა.
    მაგრამ ღმერთი მოწყალეა! სული წმიდა ჭვრეტს ადამიანის გულს ზეციური ჭეშმარიტების მისაღებად, თუ ის ცეცხლოვანი სწრაფვით ცდილობს მის მიღწევას. სული წმიდამ განანათლა ყრმა ქალწულის სული და მან წამოიძახა:
    -უნდა არსებობდეს ღმერთი, რომელმაც ყოველივე შექმნა და მთელ სამყაროს განაგებს! მაგრამ არ მინდა ვიფიქრო, რომ ის მამაჩემის ღმერთებს ჰგავს!
    ეს ფიქრები იმდენად მოიცავდა ბრძენ ბარბარეს, რომ მას ყოველივე ამქვეყნიური , გადაავიწყდა, გარდა შემოქმედისა და მისი ქმნილებისა; და რაოდენ შეძრწუნდა, როდესაც მამამ ცნობილი სასიძოები წარუდგინა ასარჩევად, რომელნიც დიდი ხანია, მის გულსა და ხელს ეძიებდნენ! ქალწული ცრემლებად დაიღვარა და მამას გადაწყვეტილად განუცხადა, რომ ქალწულებრივ ცხოვრებასთან გამოთხოვებას სიკვდილი ერჩია.
    ღმერთი, რომელიც მუდამ ხელს უწყობს ჩვენ ცხონებას, ყველა გარემოებას ჩვენ სასარგებლოდ აწყობს. მალე ბარბარეს მამა გარკვეული დროით სხვა ადგილას უნდა წასულიყო. გათხოვების მიმართ ასულის უგრძნობელობით შეძრულმა მამამ თავისი არყოფნისას შვილს სრული თავისუფლება მისცა, დრო მეგობრებთან ერთად გაეტარებინა; იმ იმედით, რომ ბარბარე საცოლეთა ჩუმ სიხარულს და მეუღლეთა ბედნიერებას ნახავდა, აზრს შეცვლიდა და გულს კეთილშობილთა შორის ყველაზე ღირსეულ ახალგაზრდას უბოძებდა. ბარბარეს მეგობრებს შორის იყო რამდნენიმე ქალწული, რომლებიც ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ თავიანთ რწმენას მალავდნენ, რადგან დევნილების ეშინოდათ, რომელიც მაშინ რომის სახელმწიფოში ყველგან მძვინვარებდა. სწორედ მათგან მოისმინა ბარბარემ ქრისტე მაცხოვრის შესახებ და მას შემდეგ დღედაღამ მათთან იყო: სწავლობდა ყველაფერს, რისი სწავლებაც მათ შეეძლოთ. მაგრამ მის სრულყოფილ წარმატებას განსაკუთრებულმა შემთხვევამ შეუწყო ხელი: ილიოპოლში ჩავიდა ერთი ალექსანდრიელი მღვდელი, სახელად კუპცა. ენითაუწერელი იყო მართალი ქალწულის სიხარული, როდესაც პირველად მასთან საუბრის შესაძლებლობა მიეცა. მას შემდეგ ბერის ღვთივსათნო განსწავლანი მისი გულის ერთადერთი საგანი გახდა. მაშინ შეიცნო მან არსებობა და ყოფიერება იმისა, ვისაც ადრე მხოლოდ შორიდან, თითქოს რაღაც გარკვეულ ბურანში უჭვრეტდა: შეიცნო ხორცშესხმა, ნებაყოფლობითი ვნება და საფლავიდან აღდგომა ქრისტე მაცხოვრისა, კრავისა, რომელმან იტვირთა ცოდვანი სოფლისანი; შეიცნო სათნოებანი, რომელიც ქრისტიანის სულს განასხვავებს; მაშინ მან წყლითა და სულით ნათელ-იღო.
    ვერც მამის გულისშემძვრელმა დარწმუნებებმა და ვერც მხეცურმა სიბრაზემ, ვერც ცეცხლმა და ფოლადმა ვერ შეძლო შეერყია მასში ზეციური სასიძოსადმი სიყვარული; მისმა მოწამეობრივმა სიკვდილმა კი დაადასტურა სახარებისეული სიტყვების ჭეშმარიტება: ძმა ძმას მისცემს სასიკვდინედ და მამა - შვილს
image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები