დამუნჯებული ფილოსოფოსი

დამუნჯებული ფილოსოფოსი

ღვთის დიდად სათნომყოფელი ალექსანდრე, რომელსაც მეოთხე საუკუნეში ღირსეულად ეკავა კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტი, იძულებული იყო, გამკლავებოდა არა მარტო არიოზის მიმდევრებს, მგლებივით რომ ემტერებოდნენ ქრისტეს ჭეშმარიტ სამწყსოს, არამედ ელინური სიბრძნის წინაშეც ყოველთვის მზად ჰქონდა სიტყვის მისაგებელი.
    ერთხელაც წარმართმა თანამემამულეებმა ქვეყნის საერთო ხელისუფალს შეახსენეს, რომ ალექსანდრემ ძველი, მამაპაპისეული სარწმუნოება დაუტევა და სანაცვლოდ მიიღო სრულიად ახალი, უცნობი აღმსარებლობა, რასაც შეუძლია, ზიანი მოუტანოს სამეფოს კეთილდღეობას. ამას გარდა, ისინი სთხოვდნენ მეფეს, მღვდელმთავართან დისპუტის მოწყობის ნება დაერთო, მათთვის უაღრესად საჭირბოროტო საკითხზე, თუ რომელი სარწმუნოებაა უმჯობესი - ძველი თუ ახალი? რაზეც მიიღეს კიდეც მეფის უზენაესი თანხმობა.
    ქრისტეს რჯულის ერთგული აღმსარებელი ალექსანდრე, თუმცა კი არ იყო ღრმად განსწავლული ელინურ ღვთისმეტყველებაში, მაგრამ სულიწმინდის მადლს მიენდო და დათანხმდა პაექრობაში მონაწილეობაზე.
    შეიკრიბნენ ფილოსოფოსები და მათი მხარდამჭერნი და თანამოაზრენი, ყველა, ვინც მტრობდა სახარებისეულ რწმენას. როდესაც წმინდა ალექსანდრემ დაინახა, რომ უზომოდ დიდი იყო მოწინააღმდეგეთა რიცხვი, დაითანხმა ისინი, რათა თავიანთ შორის ყველაზე ბრძენი და ენამჭევრი ამოერჩიათ, რომელთანაც გასწევდა პაექრობას. არგუმენტაცია სავსებით ლოგიკური იყო - შეუძლებელია, ერთბაშად უპასუხოს კაცმა ათას ადამიანს. ელინებმა თავიანთი რიგებიდან აირჩიეს მთელ საბერძნეთში სახელგანთქმული ბრძენი, ხოლო დანარჩენები გაფაციცებულნი მოემზადნენ მოპაექრის მხარდასაჭერად, რათა გაჭირვების შემთხვევაში დახმარებოდნენ მეგობარ წარმართ-ფილოსოფოსს.
    უწმინდესმა პატრიარქმა თავისი საუბარი დაიწყო შემდეგი სიტყვებით: „უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ შენ მდუმარებას!“ ბრძენს მყისიერად წაერთვა ენა და ერთი სიტყვის თქმაც კი ვერ მოახერხა. ამის მხილველი ფილოსოფოსების მთელი კრებული შეძრწუნებულ და სირცხვილეულ იქნა. ზოგმა მათგანმა დატოვა საასპარეზო, სხვანი ქრისტეს რწმენაზე მოიქცნენ. დამუნჯებული წარმართი ბრძენი ფეხებში ჩაუვარდა მღვდელმთავარს და ხელის თითებით ანიშნებდა მას სახარების რწმენის სიდიადესა და სიწმინდეს. ამ საქციელისათვის ქრისტეს სარწმუნოების დამცველმა მღვდელმთავარმა მეტყველების უნარი დაუბრუნა ფილოსოფოსს და მანაც, რიგი თანამემამულე წარმართების დარად, ნათელ-იღო. ამ სასწაულის მომსწრე ყოველი ქრისტიანი ადიდებდა უფალს.
 
თემატური კითხვები
6